რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/3/540
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 12/09/2014
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016025
  • Word
2/3/540
12/09/2014
ვებგვერდი, 29/09/2014
000000000.00.000.016025
რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/3/540

2014 წლის 12 სექტემბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ლალი ფაფიაშვილი – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

 დავის საგანი: „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე 221 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 35-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 6 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №540) მიმართეს რუსეთის მოქალაქეებმა – ოგანეს დარბინიანმა, რუდოლფ დარბინიანმა, სუსანნა ჟამკოციანმა და სომხეთის მოქალაქეებმა – ლენა და მილენა ბარსეღიანებმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2012 წლის 9 აგვისტოს. №540 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 28 ივნისს. 2013 წლის 5 ნოემბრის №2/6/540 საოქმო ჩანაწერით №540 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2013 წლის 9 დეკემბერს.

2. №540 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, რომელთა ვაუჩერიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ესენი არიან: საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთა ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების საფუძველზე და უცხოელები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ნაცვალგების პრინციპი. ამავე კანონის 221 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები განსაზღვრავენ უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სტანდარტული ვაუჩერის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურას, რომლის მიხედვითაც, ვაუჩერის მიღების წინა პირობას წარმოადგენს სუბიექტის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე კონკრეტული თანხის შეტანა.

4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეები არიან რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ ახალქალაქში და როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ მოსთხოვეს სწავლის საფასურის გადახდა, ვინაიდან ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ხოლო მათი ზოგადი განათლების მიღების უფლება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით. ასევე არ მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი. ამასვე მოწმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ ერთ-ერთი მოსარჩელის მშობლისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, ვინაიდან სუსანნა ჟამკოციანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, მასზე ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 221 მუხლი. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ისინი ექცევიან სადავო ნორმების რეგულირების სფეროს ქვეშ, მათი კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

5. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები დისკრიმინაციული ხასიათისაა და აწესებენ განსხვავებულ მოპყრობას ეროვნული კუთვნილების, წარმოშობის, ენის და სტატუსის ნიშნებით. კერძოდ, დისკრიმინაციული რეგულირება, რომლის თანახმადაც, უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ, რომელთა ზოგადი განათლების მიღების უფლება არ წესრიგდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით/შეთანხმებით ან არ ხორციელდება ნაცვალგების პრინციპი, მოქმედებს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი.

6. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ უცხოელების ერთ ჯგუფს დააკისრა ზოგადი განათლების მისაღებად თანხის გადახდის ვალდებულება, მაშინ როდესაც ამგვარი ტვირთი არ ეკისრებათ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელთა სხვადასხვა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, რომლებსაც ასევე სურთ ზოგადი განათლების მიღება, რომელიც მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შესაბამისად, მოსარჩელეების მტკიცებით, უცხოელთა ერთი ჯგუფისადმი თანხის გადახდის დაკისრებით, სახელმწიფო ახდენს მათ დიფერენცირებას საქართველოს მოქალაქეებისგან და უცხოელთა სხვა ჯგუფისგან. ასევე მოსარჩელე მხარის მტკიცებით, დიფერენციაციის სუბიექტია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, რომელიც გადის დაწყებით, საბაზო და საშუალო განათლების საფეხურებს.

7. მოსწავლეები ზოგადი განათლების სახელმწიფო დაფინანსების მიზნებისთვის იყოფიან საქართველოს მოქალაქეებად; ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებად; თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოელებად; იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებად ან მოქალაქეობის არმქონე პირებად, რომელთა ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების საფუძველზე, უცხოელები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ნაცვალგების პრინციპი და იმ მოსწავლეებად, რომლებიც ვერც ერთ ზემოთ ხსენებულ კატეგორიაში ვერ ხვდებიან. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება, გარდა სახელმწიფოსთან მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. ამასთან, მოსარჩელე მხარე მოქალაქეობრივ ნიშანს ეროვნულ ნიშანთან აიგივებს.

8. გარდა ამისა, მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სადავო ნორმებით, უთანასწორო მდგომარეობაში ექცევა მხოლოდ იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის ზოგადი განათლების მიღების უფლება არ ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებებით და ასევე არ მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სახეზეა მოქალაქეობრივი კუთვნილების ნიშნით დიფერენციაციის მდგომარეობა, რადგან კანონმდებელი სწორედ განსაზღვრულ სახელმწიფოსთან მოქალაქეობრივი კუთვნილების გამო წყვეტს ზოგადი განათლების დაფინანსების ან მასზე უარის თქმის საკითხს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების არსებობით, ადგილი აქვს მოქალაქეობრივი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციას.

9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, თანამემამულის სტატუსის მქონე პირი ყოველთვის ისარგებლებს საქართველოში უფასო ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობით, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მისი მოქალაქეობის მქონე პირისთვის იმ სახელმწიფოს ისეთივე დაფინანსების სისტემა, როგორიც საქართველოს. ხოლო იგივე მდგომარეობაში მყოფ სხვა პირს, რომელსაც, მაგალითად, აქვს იმავე სახელმწიფოს მოქალაქეობა, რაც გააჩნია თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოელს, ვერ ისარგებლებს უფასო ზოგადი განათლების უფლებით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ აქვს ასეთი წარმომავლობა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმების არსებობით, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ნიშნით დიფერენციაციას, როგორიც არის წარმოშობა.

10. გარდა ამისა, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამემამულის სტატუსის მიღების მეორე პირობას წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული სტატუსის მატარებელი პირის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართულ-კავკასიურ ენებს. შესაბამისად, უცხოელი ბავშვი, რომლის მშობლიური ენაც მიეკუთვნება სხვა ენათა ჯფუფს, მაგრამ იმყოფება ზუსტად იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ქართულ-კავკასიურ ენაზე მოლაპარაკე უცხოელი, ვერ იღებს უფასო განათლებას ენობრივი კუთვნილების გამო. ამგვარად, მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების მოქმედებით, ადგილი აქვს ადამიანების დიფერენცირებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ისეთი ნიშნით, როგორიც არის ენობრივი ნიშანი.

11. მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმებით, ადამიანების განსხვავება ხდება კიდევ ერთი ნიშნით. კერძოდ, გასაჩივრებული დებულებებით, განსხვავება ეფუძნება იმას, აქვს თუ არა მას თანამემამულის სტატუსი. შესაბამისად, თუკი პირს ასეთი სტატუსი აქვს, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, ხოლო თუ არ აქვს, მას ასეთი პრივილეგია არ გააჩნია. ამგვარად, მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმების არსებობით, ადგილი აქვს ადამიანების დიფერენცირებას სტატუსის მიხედვით, რომელიც, მართალია, პირდაპირ მოხსენიებული არ არის კონსტიტუციაში, თუმცა გამომდინარეობს თანასწორობის ძირითადი უფლების სულისკვეთებიდან.

12. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. შესაბამისად, ტერმინი „ყველა” ეხება ყველა ადამიანს, მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისგან დამოუკიდებლად. ამავე მუხლის მე-3 პუქნტი კი არ აკონკრეტებს იმ სუბიექტთა წრეს, ვინც არის უფასო ზოგადი განათლების მიღების ბენეფიციარი. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ამავე პუნქტის მიხედვით, ამ უფლების სუბიექტებად საქართველოს მოქალაქეები განისაზღვრებიან. მოსარჩელეთა მტკიცებით, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ზოგადი განათლების უფლების სუბიექტის კონტექსტში, აღნიშნული პუნქტი წაკითხული უნდა იქნეს ამ მუხლის პირველ პუნქტთან კავშირში, რაც იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა, რომ სახელმწიფო სრულად უნდა აფინანსებდეს როგორც საქართველოს მოქალაქის, ისე უცხოელისა და აპატრიდის ზოგად განათლებას. ამგვარად, მათი აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, ვინაიდან სადავო ნორმებით, უცხოელ მოქალაქეებს უწევთ სტანდარტული ვაუჩერისთვის შესაბამისი თანხის გადახდა.

13. საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელე მხარე დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.

14. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებით დისკრიმინაცია არა ეროვნული, არამედ მოქალაქეობრივი ნიშნით ხდება. ხოლო ვინაიდან „მოქალაქეობა” საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში პირდაპირ არ არის განსაზღვრული (არ მიეკუთვნება კლასიკურ ნიშანს) და დიფერენცირების ხარისხიც არ არის საკმარისად მაღალი, სასამართლომ რაციონალური შეფასების ტესტით უნდა იხელმძღვანელოს. ამასთან ერთად, მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ დიფერენცირება გამოიხატება მხოლოდ ორ ნიშანში, მოქალაქეობაში და სტატუსში.

15. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეები თანამემამულის სტატუსის მისაღებ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, თუმცა ისინი ვერ შეძლებდნენ ამ სტატუსის მიღებას იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ცხოვრობენ, ხოლო ასეთი სტატუსი, კანონმდებლობის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა პირებმა შეიძლება მიიღონ, ვის მიმართაც, შემდგომ, სახელმწიფოს მიერ ხორციელდება ზოგადი განათლების დაფინანსება.

16. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ განათლების უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით, რა თქმა უნდა, აბსოლუტური არ არის და მისი შეზღუდვა გონივრულ ფარგლებში დასაშვებია. მოსარჩელის განმარტებით, ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია გამართლებული იყოს უცხოელთა კონკრეტული ჯგუფისადმი, რომელიც მცირე დროით იმყოფება საქართველოში, მაგალითად, ტურისტული ან სასწავლო ვიზით მყოფი უცხოელები. თუმცა მოსარჩელეების მსგავსი ჯგუფის მიმართ, რომლებიც საქართველოში მუდმივი მაცხოვრებლები არიან, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა გაუმართლებელია.

17. მოსარჩელე მხარემ ყურაღება გაამახვილა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონზე და აღნიშნა, რომ მუდმივი ბინადრობის მოწმობა გაიცემა ისეთ პირზე, რომელმაც საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში კანონიერად იცხოვრა. თავის მხრივ, 6 წელი წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რომ ასეთ პირთა ჯგუფს მჭიდრო კავშირი გააჩნდეს ქვეყანასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მის მარწმუნებლებს გააჩნიათ სრული უფლება, მოითხოვონ, რომ მათი ზოგადი განათლების უფლება ისევე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული სხვა ჯფუფებისთვის.

18. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტა, რომ სოციალურ უფლებებთან მიმართებით, საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების შესადარებელ ჯგუფად განხილვა იმთავითვე არასწორი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხის პოზიციით, შესადარებელ ჯგუფად შეიძლება განვიხილოთ უცხოელები, რომელთა ზოგადი განათლების უფლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ისეთი უცხოელები, რომელთა განათლების დაფინანსებაც სახელმწიფოს მხრიდან არ ხორციელდება. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ასეთ განსხვავებას საფუძვლად მხოლოდ სტატუსი უდევს. ხოლო, ვინაიდან „სტატუსი” საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში პირდაპირ ნახსენები არ არის (არ წარმოადგენს კლასიკურ ნიშანს), სასამართლომ რაციონალური ტესტით უნდა იხელმძღვანელოს დიფერენცირებული მოპყრობის შეფასებისას.

19. საქმის განხილვის არსებით სხდომაზე, მოპასუხემ განმარტა, რომ პირის თანამემამულედ აღიარება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მას, საქართველოს მოქალაქის მსგავსად, საქართველოსთან კავშირი აქვს. ეს კავშირი შეიძლება იყოს წარმომავლობა ან საკუთარი ენის ქართველურ-კავკასიურ ენათა ჯგუფთან კუთვნილება. ასეთ პირებს, მაგალითისთვის, ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. მოპასუხის აზრით, ასეთი მიდგომა ადასტურებს მათ განსაკუთრებულ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან.

20. მოპასუხე მხარის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო, ასეთი განსაკუთრებული სტატუსის მქონე პირებს არ ეპყრობა როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვთ სახელმწიფოსთან. სახელმწიფო, საკუთარი მიდგომით, ცდილობს გარკვეულად ხელი შეუწყოს იმ პირთა დაბრუნებას საქართველოში, რომელთაც უკვე აქვთ გარკვეული კავშირი სახელმწიფოსთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზოგადი განათლების სფეროში გარკვეული შეღავათების დაწესება თამამემამულის სტატუსის მქონე პირთათვის.

21. მოპასუხის განმარტებით, განათლების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. განათლება, როგორც წესი, პროფესიის დაუფლების წინა საფეხურია, ორივე ერთად კი – ცხოვრებაში ინტეგრირების შემადგენელი ნაწილი. განათლების უფლება სოციალური უფლებაა, განათლების სისტემა კი – სოციალური სისტემის განუყოფელი ნაწილი. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ზოგად განათლებას კი, კანონით დადგენილი წესით, სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოპასუხე მხარის მტკიცებით, კონსტიტუციამ მითითება გააკეთა კანონზე, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსების პირობები. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, განათლების უფლება მოიცავს ყველა საფეხურს როგორც დაწყებით, საბაზო, საშუალო, ისე უმაღლეს და პროფესიულ განათლებას. თუმცა კანონით, საქართველოს მოქალაქეები უმაღლესი განათლების მისაღებად ფინანსდებიან მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულებისას, რაც არ შეიძლება აღვიქვათ კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლების შეზღუდვად. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული უფლების რეალიზაციისათვის სასამართლოში ბაჟის დაწესება ამ უფლებით სარგებლობის შემზღუდველია.

22. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა, კონსტიტუციით მისთვის განსაზღვრულ ფარგლებში, კანონით დაადგინა წესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტს და ყველას, მათ შორის, არამოქალაქეებს განუსაზღვრა ზოგადი განათლების მიღების პროცედურები და მისი ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყო მისი მოქალაქეებისა და მასთან განსაკუთრებული კავშირის მქონე პირთა დაფინანსება. რაც შეეხება საერთაშორისო ხელშეკრულებასა და ნაცვალგების პრინციპს, მოპასუხის ხელთარსებული ინფორმაციის თანახმად, არც ერთ სახელმწიფოსთან არ არის ასეთი ხელშეკრულება დადებული და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოში მოქმედებს საქართველოს ზოგადი განათლების დაფინანსების ანალოგიური სისტემა. მომავალში კი საერთაშორისო ხელშეკრულების გაფორმებისას, პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს ფინანსური შესაძლებლობები.

23. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის, ნუგზარ კალანდაძის განმარტებით, 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვაუჩერის გაცემის მოთხოვნით, 467-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა და მის მისაღებად შესაბამისი თანხა გადაიხადეს. აღნიშნული თანხა შეადგენს 117.495 ლარსა და 75 თეთრს.

 

 

II

სამოტივაციო ნაწილი

 

სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით

 

1. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის, აგრეთვე 221 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.

2. „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა ჯგუფს, რომელთა ზოგადი განათლების ვაუჩერი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აღნიშნულ პირთა ჯგუფს წარმოადგენენ: საქართველოს მოქალაქეები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთა ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმებების საფუძველზე და უცხოელები, რომელთა მიმართაც გამოიყენება ნაცვალგების პრინციპი. ამავე კანონის 221 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები განსაზღვრავენ უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სტანდარტული ვაუჩერის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურას, რომლის მიხედვითაც, ვაუჩერის მიღების წინა პირობას წარმოადგენს პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე კონკრეტული თანხის შეტანა.

3. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება”. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება”. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დაცულ განათლების უფლებას, ვინაიდან, მათ, როგორც საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უნდა გააჩნდეთ უფლება, ზოგადი განათლება უსასყიდლოდ მიიღონ.

4. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არსებული დავის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვრცელდება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით დაცული ზოგადი განათლების უფასოდ მიღების უფლება საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე. ხოლო მოსარჩელე პირთა წრის ზოგადი განათლების უფასოდ მიღების უფლების სუბიექტად მიჩნევის შემთხვევაში, სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის პროპორციულობის საკითხს. შესაბამისად, აღნიშნული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მხოლოდ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებთან მიმართებით.

5. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა”. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული დებულების „მიზანია საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიმართ კონსტიტუციური უფლებების გავრცელების ფარგლების განსაზღვრა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს კონსტიტუციური უფლებების მოქმედებას პირთა წრის მიმართ და ადგენს გარანტიას, რომ კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე ვრცელდება საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად, თუ საწინააღმდეგო თვით კონსტიტუციიდან არ გამომდინარეობს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №.3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-93).

6. სახელმწიფოსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს შორის, საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, არსებობს განსაკუთრებულად მჭიდრო კავშირი, რაც მრავალ ასპექტში გამოიხატება. „დემოკრატიული საზოგადოების არსებობა მოითხოვს მისი თითოეული წევრის უფლების პატივისცემას. საზოგადოების წევრებისათვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირი განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუციამ მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა და კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის კონტექსტში მნიშვნელოვნად გაუთანაბრა საქართველოს მოქალაქეებს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის 3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-95). ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით დადგენილი განათლების უფლება საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ თავად კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასა და ადამიანის ძირითად უფლება-თავისუფლებებს ეხება, უფლებათა სუბიექტების განსაზღვრისას სხვადასხვა ტერმინოლოგიას იყენებს. კონსტიტუციის შესაბამის ნორმებში ვხვდებით შემდეგ ფორმულირებებს: „ადამიანი“, „ყველა“, „ყველა ადამიანი“, „ყოველი ადამიანი“, „მოქალაქე“, „საქართველოს მოქალაქენი“, „საქართველოს ყოველი მოქალაქე“. საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც თანამედროვე კონსტიტუციის ზოგადი მოდელი, მიჯნავს უფლებებს, რომლეთა სუბიექტიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, იმ უფლებებისგან, რომლებიც უნივერსალური ბუნებისაა და „ყველაზე“ ვრცელდება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-42).

8. კონსტიტუციის 35-ე მუხლით გარანტირებული განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი ფორმების არჩევის უფლება ეკუთვნის ყველას. ამავე დროს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებს, რომ „ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება”. აშკარაა, რომ განსხვავებით უმაღლესი და პროფესიული განათლებისაგან, კონსტიტუცია ზოგადი განათლების უსასყიდლოდ მიღების უფლებას არ ავიწროვებს მოქალაქეობის ნიშნით. საქართველოს კონსტიტუციაში არც სხვა რაიმე გამონაკლისი გვხვდება საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მიმართ ზოგადი განათლების უფასოდ მიღების შესაძლებლობის დადგენასთან დაკავშირებით.

9. კონსტიტუციის სულისკვეთებას წარმოადგენს ზოგადი განათლების სრულად დაფინანსების უზრუნველყოფა, რომლის რეალიზების წესიც კანონით უნდა განისაზღვროს. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 35-ე მუხლი არ აკონკრეტებს იმ პირთა წრეს, რომელმაც უნდა მიიღოს უფასო ზოგადი განათლება, მაშინ როდესაც სხვა კონსტიტუციურ ნორმებში ხშირად გვხდება რიგი უფლებები, რომლებიც ექსკლუზიურად მოქალაქეებს ეკუთვნით. შესაბამისად, კონსტიტუციის მიზნებისთვის ზოგადი განათლების დაფინანსების სუბიექტებად უცხოელებიც მოიაზრებიან.

10. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის ისტორიული განმარტებაც. საქართველოს კონსტიტუცია, 2006 წლის 27 დეკემბრამდე მდგომარებით, განსაზღვრავდა, რომ მოქალაქეებს უფლება ჰქონდათ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიეღოთ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება. აღნიშნული დანაწესი უფასო ზოგადი განათლების მიღების სუბიექტებს ავიწროვებდა საქართველოს მოქალაქემდე, ხოლო 2006 წლის 27 დეკემბრის ცვლილებებით, სიტყვები „საქართველოს მოქალაქე” უფასო ზოგადი განათლების მიღების კონტექსტიდან ამოღებულ იქნა და ხსენებული წინადადება ჩამოყალიბდა დღეის მდგომარეობით მოქმედი რედაქციით. მაშასადამე, არაორაზროვანია, რომ კონსტიტუციის 35-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების მიზანი და სულისკვეთება იყო, მათ შორის, უფასო ზოგადი განათლების უფლების სუბიექტთა წრის გაფართოება და მათში საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოაზრება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საშუალო განათლების უფასოდ მიღების უფლება თანაბრად ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე.

11. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე კონსტიტუციის 35-ე მუხლით დაცული უფლებრივი სეგმენტის გავრცელება ავტომატურად არ გამორიცხავს საქართველოში არმცხოვრებ უცხოელებს კონსტიტუციის აღნიშნული დებულების დაცული სფეროდან. კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „შინაარსი ამოიწურება იმით, რომ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და აპატრიდებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებები და მოვალეობები აქვთ, გარდა კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ის საერთოდ არ ეხება საქართველოში არმცხოვრები უცხოელებისა და აპატრიდების უფლებრივ მდგომარეობას. ვინაიდან ნორმაში არ არის უშუალო მითითება საქართველოში არმცხოვრები უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების საქართველოს მოქალაქეებთან უფლებრივი გათანაბრების აკრძალვის თაობაზე, ამდენად, ის არ გამორიცხავს კონსტიტუციის სხვა ნორმებით ამ პირების გათანაბრების შესაძლებლობას. ...ამიტომ გადამწყვეტი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ თითოეული კონსტიტუციური უფლება თავად განსაზღვრავს ამ უფლების სუბიექტებს, შესაბამისად, საქართველოში არმცხოვრები უცხოელების კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის საკითხი უნდა გაირკვეს თავად ამ უფლების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური ნორმის (ყოველი კონკრეტული უფლების) ფარგლებში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-7). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია თავად კონსტიტუციის 35-ე მუხლიდან გამომდინარეობდეს საქართველოში არმცხოვრებ უცხოელებზე უფლების გავრცელება. თუმცა სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემული დავის გადაწყვეტა საქართველოში არმცხოვრები უცხოელების განათლების უფლებაზე მსჯელობას არ მოითხოვს. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოში არმცხოვრებ უცხოელებზე კონსტიტუციის 35-ე მუხლით დაცული უფლების გავრცელების საკითხის გადაწყვეტის საჭიროება.

12. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზოგად განათლებას, კანონით დადგენილი წესით, სრულად აფინანსებს სახელმწიფო. ამგვარად, კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სრულად დააფინანსოს ზოგადი განათლება. ამასთანავე, სრულად დაფინანსების წესი განისაზღვრება კანონით. კანონი, რომელიც განსაზღვრავს დაფინანსების ოდენობას, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მატერიალურ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის, საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18).

13. საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, კანონი, რომელიც განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაფინანსების პირობებს, ფორმალური და მატერიალური შინაარსით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. სადავო ნორმა გამორიცხავს მოსარჩელეთა მიერ საშუალო განათლების დაფინანსების მიღების შესაძლებლობას, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით დაცული მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვა, რაც წარმოშობს მისი კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებულობის შემოწმების საჭიროებას.

14. განათლების ძირითადი უფლების დაცული სფეროს განსაზღვრისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია, განიმარტოს თავად განათლების უფლების არსი და მისი მიზნები. კერძოდ, რა სიკეთის დაცვას ემსახურება განათლების უფლება და რამდენად მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს იგი დემოკრატიული სახელწიფოს განვითარებაში.

15. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის. განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების, კონსტიტუციურ რანგში აყვანა ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში. განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და ასევე სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

16. ზოგადი განათლების ძირითადი მიზანია ინდივიდის უნარებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარება, პირისთვის კრიტიკული ანალიზის უნარისა და შეხედულებების ჩამოყალიბება, ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემის გაძლიერება, პირის ეფექტური ინტეგრირება თავისუფალ საზოგადოებაში, ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის გაღვივება ყველა ერს, რასას, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ჯგუფებს შორის.

17. განათლება ხელს უწყობს ინდივიდს, საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, დამოუკიდებლად გაუძღვეს და მოაწყოს საკუთარი ცხოვრება, ჰქონდეს სასურველი სამუშაო ადგილი, შექმნას მატერიალურად უზრუნველყოფილი ოჯახი, თუკი ამის სურვილი ექნება და ა.შ.

18. განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება, იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას. საზოგადოებაში საღი აზრის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელწიფოს ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე, განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს.

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განათლების დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც განათლების სუბიექტისთვის, ისე თავად სახელმწიფოსთვის. განათლების დაფინანსებას ვერ განვიხილავთ როგორც სახელწიფოს მიერ პირისთვის მინიჭებულ პრივილეგიას ან შემწეობას. პირველ რიგში იმიტომ, რომ განათლების უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის, ამავე დროს – განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მთელი ცხოვრების განმავლობაში წაართმევს ადამიანს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას.

20. დღესდღეობით, შესაძლებელია ცალსახად ითქვას, რომ განათლების უფლების რეალიზაცია და საზოგადოებისთვის უფასო ზოგადი განათლების უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას. განათლებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში, მომდევნო პროფესიული ზრდისთვის და გარემოსთან ნორმალურად შეგუების საკითხში.

21. სახელმწიფოს პირდაპირ და უშუალო ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელწიფოს შექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ადეკვატური განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. განათლების უფლების ეფექტური რეალიზება არა მხოლოდ პირის ინდივიდუალურ ინტერესს, არამედ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს. ხოლო ამ უფლების შეზღუდვა კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ინდივიდს, ასევე მთლიანად საზოგადეობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ ზოგადი განათლების დაფინანსების ჭრილში სახელმწიფო თანაბრად უნდა ზრუნავდეს როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე საქართველოში მცხოვრებ უცხოელებზე.

22. მიუხედავად იმისა, რომ უფასო ზოგადი განათლების მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება აბსოლუტური არ არის. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, განათლების უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის.

23. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, უნდა შეაფასოს, თუ რამდენად არის დაცული პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის.

24. ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც უკავშირდება შეზღუდვა. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია.

25. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, უცხოელებისთვის განათლების ძირითადი უფლების შეზღუდვას სახელმწიფო ბიუჯეტის ამოწურვადობა უდევს საფუძვლად. სწორედ ამიტომ უზრუნველყოფს სახელმწიფო მხოლოდ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში ხსენებულ სახელმწიფოსთან განსაკუთრებული კავშირის მქონე პირთა და ამავე პუნქტში ჩამოთვლილ სხვა პირთა ჯგუფების უფასო ზოგად განათლებას.

26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამოწურვადი რესურსების დაზოგვა, ზოგადად, შეიძლება წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს. ყურადსაღებია, რომ სახელწიფოს გააჩნია საკმაოდ ფართო მიხედულების ზღვარი, მაშინ როდესაც საქმე უკავშირდება შეზღუდვად რესურსებს და ეკონომიკური სტრატეგიის დაგეგმარებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამოწურვადი სახელმწიფო რესურსი, როგორიც სახელმწიფო ბიუჯეტია, პირველ რიგში, ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ რეალიზაციას უნდა მოხმარდეს.

27. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ზოგადი განათლების დაფინანსება უბრალო პრივილეგიად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებით როგორც პირი, ისე სახელწიფო სარგებლობს, ანუ განათლების მიღებას გააჩნია გაცილებით უფრო ფართო სოციალური ფუნქცია და, მეორე მხრივ, განათლება კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც პირდაპირ დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით.

28. ნიშანდობლივია, რომ სწავლის საფეხურის ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფოს მიხედულების ზღვარი განათლების დაფინანსების თვალსაზრისით. გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების უფლებასთან მიმართებით თავად კონსტიტუცია ადგენს სპეციალურ სუბიექტს საქართველოს მოქალაქის სახით. ის ფაქტი, რომ კონსტიტუცია განსაზღვრავს დაწყებითი და საბაზო განათლების სავალდებულობას და საშუალო განათლების უსასყიდლოდ მიღების უფლების საყოველთაო ხასიათს, თავისთავად მიუთითებს სახელმწიფოსთვის საქართველოში მცხოვრები უცხოელების ზოგადი განათლების უზრუნველყოფის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

29. დაწყებითი განათლების მიღების დროს პირი სწავლობს ელემენტარულ არითმეტიკას, წერა-კითხვას და სხვა ისეთ უნარებს, რომლებიც ფასდაუდებელია მისი აზროვნების ჩამოყალიბების პროცესსში. იგივე შეიძლება ითქვას მთლიანად საშუალო განათლებაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფოს მიზანია „ცოდნაზე დაფუძნებული“ საზოგადოების შექმნა, საშუალო განათლების როლი ინდივიდის განვითარებაში მნიშვნელოვნად იზრდება. ცხადია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მხოლოდ ელემენტარული ცოდნისა და უნარების ქონა წარმატებული პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, პერსპექტივაში სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას.

30. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირისთვის ასეთი უფლების შეზღუდვას მნიშვნელოვანი რისკები მოჰყვება. განათლების უფლების შეზღუდვა ინდივიდს ხელს უშლის სოციალურ, ეკონომიკურ, ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ სფეროში განვითარებას. წერის და კითხვის არცოდნა შეუფასებელ ზიანს აყენებს ინდივიდს ყოველდღიურ ცხოვრებაში. განათლების მიღების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში ხდება მოზარდის დისკრედიტაცია და უსწავლელობის სტიგმა გაჰყვება მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკით ჩნდება რისკი, რომ წარმოიქმნას ე.წ. „ჩრდილქვეშ მყოფი საზოგადოება”, რომელიც მუდმივად იცხოვრებს ქვეყნის ტერიტორიაზე.

31. ამასთანავე, ვერ დავუშვებთ იმის ვარაუდსაც, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელები საქართველოს ტერიტორიაზე არ გადაწყვეტენ დარჩენას. აქედან გამომდინარე, ზოგადი განათლების შეზღუდვამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს სახელმწიფოსთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება, ერთი მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, მეორე მხრივ კი კრიმინოგენულ მდგომარეობაზე. განათლების უფლების შეზღუდვის გზით რესურსის დაზოგვა ხშირად არათანაზომიერია იმ მოსალოდნელი ხარჯებისა, რომლის გაღებაც სახელმწიფოს მოუწევს აღნიშნული პირების გამო მომავალში.

32. საქმის არსებით განხილვაზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, სახელმწიფომ ზოგადი განათლების დაფინანსებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ქვეყანასთან განსაკუთრებული კავშირის მქონე პირები და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში დასახელებული სხვა პირთა ჯგუფები უზრუნველყო. განათლების უფლებაში ჩარევას შეზღუდული სახელმწიფო რესურსები დაედო საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ განათლების უფლების ჭრილში საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისეთივე მნიშვნელობის მატარებლები არიან, როგორც საქართველოს მოქალაქეები და ის პირთა ჯგუფები, რომლებიც „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში არიან მოხსენიებულნი.

33. საქმეზე მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვაუჩერის გაცემის მოთხოვნით 467-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა და მის მისაღებად შესაბამისი თანხა გადაიხადა. აღნიშნული თანხა შეადგენს 117.495 ლარსა და 75 თეთრს. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული თანხა მძიმე ტვირთად არ შეიძლება დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს, განსაკუთრებით კი, იმ პირობებში, როდესაც საკითხი საზოგადოების განათლების განვითარებას ეხება.

34. მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ის ხელშესახები მიზეზები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მატერიალური რესურსების დაზოგვის ან სხვა რაიმე წონადი ლეგიტიმური ინტერესის გამო, გამართლებული იქნებოდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის ზოგადი განათლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს პარლამენტმა არაპროპორციულად შეზღუდა საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ზოგადი განათლების ძირითადი უფლება. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლით განმტკიცებულ განათლების უფლებას და არაკონსტიტუციურია.

 

სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით

 

36. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს პირის თავისუფლებისა და კანონის წინაშე ყველას თანასწორობის გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”.

37. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამგვარად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე – მიზანს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის  № 1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-4).

38. მოსარჩელე მხარის აზრით, უთანასწორო მოპყრობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო ზოგად განათლებას არ აფინანსებს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთა ზოგადი განათლების მიღების უფლება არ ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმების საფუძველზე, ასევე არ მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი და მათ უწევთ შესაბამისი საფასურის გადახდა. ამდენად, სახეზეა დიფერენცირება ზემოაღნიშნულ პირთა ჯგუფსა და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში ჩამოთვლილ პირთა ჯგუფებს შორის.

39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თანასწორობის მიზანს არ წარმოადგენს ყველა პირისა და პირთა ჯგუფს შორის უნივერსალური თანასწორობის მიღწევა, მათი ერთ სიბრტყეში ნიველირება. კონსტიტუციის Mმე-14 მუხლში დაცული ძირითადი უფლება არსებითად თანასწორი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობის გარანტიაა. „საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანს წარმოადგენს არა პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა, არამედ არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის № 2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ” II-8). „ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის № 1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმების საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელეები განხილული იქნებიან იმ პირთა არსებითად თანასწორებად, რომლებიც „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე იღებენ დაფინანსებას. „ისინი ამა თუ იმ შინაარსით, კრიტერიუმით მსგავს კატეგორიაში ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ, არსებითად თანასწორნი უნდა იყვნენ კონკრეტულ ვითარებასა თუ ურთიერთობებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).

41. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს უთანასწოროდ ეპყრობა. კერძოდ, სადავო ნორმების მიხედვით, სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებისა და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულ სხვა პირთა ჯგუფებს, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირების ზოგადი განათლების დაფინანსებას უზრუნველყოფს, ხოლო მათ ზოგადი განათლების დაფინანსებას – არა.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, წარმოადგენენ თუ არა მოსარჩელეების მსგავსი პირთა ჯგუფი (საქართველოში მცხოვრები უცხოელები, რომელთა ზოგადი განათლების მიღების უფლება არ ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. ასევე ქვეყნებს შორის არ მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი), საქართველოს მოქალაქეები და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში.

43. საკონსტიტუციო სასამართლომ, ამავე გადაწყვეტილებაში, განათლების უფლებაზე მსჯელობისას არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ საქართველოში მცხოვრები უცხოელები საზოგადოების განუყოფელი ნაწილი არიან და უფასო ზოგადი განათლების მიღების საჭიროების მხრივ საქართველოს მოქალაქეებისგან არ განსხვავდებიან. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეები და მოსარჩელეთა მსგავსი პირთა ჯგუფი არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ.

44. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი შესაძლებელია პირმა მიიღოს, თუ ეს უკანასკნელი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა ქართველურ-კავკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. ამავე კანონის მე-3 მუხლის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, „საქართველოდან წარომავლობა” გულისხმობს პირის ან მისი წინაპრის კუთვნილებას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რომელიმე ეთნიკური ჯფუფისადმი და მის მიერ საქართველოს აღიარებას თავის წარმომავლობის ქვეყნად. ამასთანავე, კანონმდებლობის მიხედვით, თანამემამულის სტატუსს პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ეს უკანასკნელი უცხოეთში ცხოვრობს.

45. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის” სტატუსის შეწყვეტის საფუძველია. ამრიგად, პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს და ცხოვრობენ საზღვარგარეთ, წარმოადგენენ ზოგადი განათლების დაფინანსების მიმღებ სუბიექტებს. ხოლო პირები, რომლებიც იმავე კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მაგრამ ცხოვრობენ საქართველოში, დაფინანსებას ვერ იღებენ. ამავე დროს, ცხადია, რომ პირთა აღნიშნული ორი წრე ერთმანეთის არსებითად თანასწორია უფასო ზოგადი განათლების მიღების კონტექსტში.

46.  ამდენად, როგორც დგინდება, სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. შესაბამისად, ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები არ არის ერთგვაროვანი. ნორმა, რომლით დადგენილი დიფერენცირებაც უკავშირდება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს ან/და ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, ექვემდებარება კონსტიტუციურ შემოწმებას „მკაცრი ტესტის” ფარგლებში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-6).

47. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს: ა) უკავშირდება თუ არა დიფერენცირება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს; ბ) ხასიათდება თუ არა დიფერენცირება მაღალი ინტენსივობით.

48. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მისი მოქმედება დაკავშირებულია შესადარებელი ჯგუფების არსებობასთან, ხოლო საცხოვრებელი ადგილის ნიშნით დიფერენცირება კი გულისხმობს განსახლების სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთათვის განსხვავებული უფლებების დადგენას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-8).

49. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც შესაძლებელია აკმაყოფილებდეს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს შორის დიფერენცირების საფუძველია საქართველოში ცხოვრების ფაქტი. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, კანონმდებლობის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსს ვერ მიიღებს. ამისთვის იგი უცხოეთში უნდა ცხოვრობდეს. შესაბამისად, გეოგრაფიული მდებარეობა, უფრო კონკრეტულად კი, საცხოვრებელი ადგილი, არის ორ შესადარებელ ჯგუფს შორის დიფერენცირების საფუძველი, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ, კლასიკურ ნიშანს წარმოადგენს.

50. შესადარებელ ჯგუფებში დიფერენცირების მეორე ნიშნად „მოქალაქეობა” უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ზოგადი განათლების დაფინანსება მიიღონ, ხოლო მოსარჩელის მსგავს პირთა ჯგუფს არა.

51. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2013 წლის 6 აგვისტოს 1/4/535 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია, რომ მოქალაქეობა არ განეკუთვნება იმ კლასიკური ნიშნების ჩამონათვალს, რომელიც გვხვდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში. შესაბამისად, მოქალაქეობის ნიშნით დიფერენცირების ნაწილში სასამართლო მე-14 მუხლში ჩარევას მკაცრი ტესტით შეაფასებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით.

52. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-6).

53. შესაბამისად, იმის დასადგენად, არის თუ არა სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება მაღალი ინტენსივობის, საჭიროა შევადაროთ მოსარჩელეთა და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირთა წრის მიმართ არსებული სამართლებრივი რეჟიმი განათლების დაფინანსების თვალსაზრისით. მოსარჩელეები ზოგადი განათლების დაფინანსებას საერთოდ ვერ იღებენ, მაშინ როდესაც სხვა შესადარებელი ჯგუფისათვის იგი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სადავო ნორმები მკვეთრად აცილებს შესადარებელ ჯგუფებს საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან, შესაბამისად, დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით.

54. ამრიგად, სადავო ნორმების საფუძველზე, სახეზეა დიფერენცირება „საცხოვრებელი ადგილის” და „მოქალაქეობის” ნიშნით. ამავე დროს დიფერენცირება ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, შესაბამისად, სახეზეა კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევის კონსტიტუციურობის მკაცრი ტესტით შეფასების საჭიროება ორივე ნიშანთან მიმართებით. სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, უფლების შეზღუდვის შეფასების მკაცრი ტესტი გულისხმობს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებას. ამასთანავე, ამ ტესტის ფარგლებში „ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის № 1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდე“  II-6).

55. ნიშანდობლივია, რომ მოპასუხეს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის მტკიცებისთვის სახელმწიფოს „დაუძლეველ ინტერესზე” საერთოდ არ მიუთითებია. საქართველოს პარლამენტმა მიუთითა საბიუჯეტო რესურსის დაზოგვის აუცილებლობაზე, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განათლების უფლების მინიჭება გაუმართლებლად მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს ან სხვა რაიმე ინტერესებს დააზიანებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე არ არსებობს „დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესი”, რომელიც გაამართლებდა მოსარჩელე კლასის დიფერენცირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება თანასწორობის ძირითად უფლებას და არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს :

1. დაკმაყოფილდეს №540 კონსტიტუციური სარჩელი (რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 35-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ამავე კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების გავრცელებას საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;

ბ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები საქართველოში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.

 

კოლეგიის წევრები:

ზაზა თავაძე

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი