სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • Word
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 22, 18/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.05.001.001812
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1388
20/04/2005
სსმ, 22, 18/05/2005
040.090.000.05.001.001812
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (24/09/2009 - 20/11/2009)

 საქართველოს კანონი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს.

2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.

3. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს შეიმუშავებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

31. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებზე:

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30 27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ152

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67

საქართველს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173

    მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია:

ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფო შესყიდვა (შემდგომში – შესყიდვა) – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა შემდეგი სახსრებით:

ა.ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით;

ა.ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით;

ა.გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით;

ა.დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით;

ა.ე) უცხო სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე საქართველოს არარეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით;

ა.ვ) სახელმწიფო გარანტიით მიღებული საკრედიტო და საინვესტიციო სახსრებით;

ა.ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო;

დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე, ურთიერთშენაცვლებადი შესყიდვის ობიექტები;

ე) ლოტი – ერთი შესყიდვის ფარგლებში გამოცალკევებული შესყიდვის ობიექტი, რომელიც შემდგომ დაყოფას არ ექვემდებარება. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება (ფასთა კოტირების პროცედურებში მონაწილემ – განაცხადი) შეიძლება წარადგინოს მისთვის სასურველ ერთ ან ერთზე მეტ ლოტზე, ხოლო ყოველ ლოტზე ცალ-ცალკე უნდა გამოვლინდეს ერთი გამარჯვებული;

ვ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ზ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგებააშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას;

თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა;

1) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი – პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი;

ი) პრეტენდენტი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც გადაიხადა სატენდერო მოსაკრებელი;

კ) მიმწოდებელი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

ლ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას, ან შეზღუდოს საწარმოს კონკურენტუნარიანობა;

მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრი – რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და რომელშიც აისახება შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც რეესტრში შეტანიდან 2 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ იმავე საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვაში. რეესტრი ხელმისაწვდომია ნებისმიერი შემსყიდველი ორგანიზაციისათვის;

ნ) ფასთა კოტირება – გამარტივებული საშუალება საქონლის, მომსახურებისა და მცირე სახის სამუშაოს შესყიდვისათვის, რომლის დროსაც განმსაზღვრელია ფასის კრიტერიუმი.

2. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3524-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ239

საქართველოს 2006 წლის 26 დეკემბრის კანონი №4095-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ373

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664-სსმI, №50,29.12.2007წ., მუხ438

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67

    მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

1. შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის თავმჯდომარესაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება.

3. სააგენტოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

5. სააგენტო ფინანსდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.

6. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდიკური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;

დ) განხორციელებული შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება და სრულყოფა;

ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;

ვ) პოტენციურ მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება (პოტენციურ მიმწოდებელთა რეესტრი იქმნება შემსყიდველთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით და იგი არავის არ ანიჭებს უპირატესობას);

ზ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა;

თ) შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოქვეყნება, სპეციალური სახელმძღვანელო ბიულეტენის გამოცემა;

ი) შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის ადმინისტრაციული წესით განხილვა;

კ) შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა.

ლ) აწარმოოს შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერი პირების, პრეტენდენტებისა და მიმწოდებლების რეესტრი.

საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2719-სსმI, №7, 20.03.2006წ., მუხ.54

საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი№3423-სსმI, №27,  17.07.2006წ., მუხ223

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30,  27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

 

    მუხლი 5. სააგენტოს თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები

1. სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის;

ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს განკარგულებებს;

გ) აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

დ) თვალყურს ადევნებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს თანამშრომელთა საქმიანობას;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ვ) განკარგავს სააგენტოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას;

ზ) სააგენტოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს მთავრობას დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

2. სააგენტოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით პასუხს აგებს სააგენტოს საქმიანობისთვის.

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72

მუხლი 6. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო

1. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს მთავრობა. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებისაგან (საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

2. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო:

ა) თავის სხდომებზე განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტების პროექტებს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებს;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

გ) თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვს შესყიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას და ამოწმებს მის სისწორეს.

3. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეთვალყურეო საბჭოში არსებული ინფორმაციის საიდუმლოობის დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს დებულებით.

       საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30 27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72

    მუხლი 7. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები

1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია:

ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება);

ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია;

გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეაჩეროს ან შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;

დ) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას პრეტენდენტთა მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;

გ) სააგენტოს წარუდგინოს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშები ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილ ვადებში;

დ) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესყიდვის პროცედურის შეჩერების შემთხვევაში განახორციელოს ეს შესყიდვა მხოლოდ შეჩერებული პროცედურის გაგრძელების მეშვეობით;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და პრეტენდენტებს. ამასთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აგრეთვე აუნაზღაუროს მათ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა სატენდერო მოსაკრებლისა.

21. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პროცედურის შეჩერების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას იმავე ობიექტის შესყიდვის შესახებ, იგი ვალდებულია განახორციელოს ეს შესყიდვა (თუ ის ხორციელდება იმავე წლის ასიგნებებით) შეჩერებული პროცედურის გაგრძელების მეშვეობით. ამისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია შეჩერებულ შესყიდვაში მონაწილე ყველა პირს მიმართავს საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების და სატენდერო მოსაკრებლის ქვითრის წარდგენის წინადადებით.

3. პასუხისმგებლობა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისათვის, შესყიდვების რაციონალური განხორციელებისათვის მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30,  27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

    მუხლი 8. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას:

ა) შესყიდვის მოსამზადებელი სამუშაოები, შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის ჩათვლით;

ბ) სატენდერო კომისიის წევრების, შესყიდვის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სხვა პირების შერჩევა;

გ) ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების, სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადება;

დ) საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება;

ე) ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკების გამართვა;

ვ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა;

ზ) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა.

2. დაუშვებელია, შესყიდვისას მასში მონაწილეობის მსურველმა ან/და მონაწილე პირმა შემსყიდველ ორგანიზაციას (მის ხელმძღვანელს, თანამშრომელს) ან სახელმწიფო მართვის სტრუქტურებს და მათ წარმომადგენლებს მიმართოს თხოვნით შუამდგომლობის შესახებ, ან მოახდინოს მათზე პირდაპირი ან ფარული ზეგავლენა ნებისმიერი გზით, რათა მოიპოვოს მისთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების უფლება.

3. დაუშვებელია, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის მომზადება, განხორციელება ან/და მასზე ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად (ექსპერტად) მოიწვიოს პირი, თუ იგი:

ა) ფიზიკური პირია და არის შესყიდვის მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელის, თანამშრომლის ან უშუალო მონაწილის ახლო ნათესავი;

ბ) ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდა შესყიდვის მონაწილე ორგანიზაციაში;

გ) პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან ასეთი კავშირის დასამყარებლად მოლაპარაკებას აწარმოებს შესყიდვის მონაწილე იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან.

4. დაუშვებელია, შესყიდვაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ შესყიდვის მოსამზადებელ სამუშაოებში.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება:

ა) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მონაწილეებზე;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების თაობაზე მოლაპარაკების მონაწილეებზე.

6. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისას და კონვერტების გახსნისთანავე სატენდერო კომისიის ყველა წევრი, მოწვეული კონსულტანტი (ექსპერტი) და შემსყიდველი ორგანიზაციის ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დაკავშირებულია ამ შესყიდვის განხორციელებასთან, ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ მისი მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაში არ ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.

7. (ამოღებულია).

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

    მუხლი 9. შესყიდვების დაგეგმვა

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30,  27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67

საქართველს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173

 

თავი II

შესყიდვის საშუალებები

    მუხლი 10. შესყიდვის საშუალებები

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით.

2. ფასთა კოტირება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 100.000 ლარზე, აგრეთვე იმ სამუშაოს შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 200.000 ლარზე.

3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუ:

ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 50.000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 100.000 ლარს;

ბ) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა;

გ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ამასთანავე, ასეთ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს;

დ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.

ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება.

ვ) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებითა და კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ადრე შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზებას.

4. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები).

5. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ მუხლით. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ დარჩენილი თანხებით შესყიდვის განხორციელება დასაშვებია ამ მუხლით დადგენილი მონეტარული ზღვრების დაცვით. სამუშაოს შესყიდვისას ხელოვნურ დაყოფად არ ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც შესყიდვის თითოეული ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 200.000 ლარს და ამ ობიექტის შესყიდვა ხორციელდება ტენდერის საშუალებით.

6.(ამოღებულია).

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30,  27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №320-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ161

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

 

 

თავი III

ტენდერი

    მუხლი 11. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი

1. ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის კანდიდატთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისია შეიძლება შედგებოდეს 3 წევრისაგან.

2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის კანდიდატთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც.

3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.

4. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც არის პრეტენდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ხელმძღვანელის ახლო ნათესავი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით არსებული პრეტენდენტი იურიდიული პირის დამფუძნებელი ან წევრი, ანდა წევრი, რომელსაც აქვს წილი პრეტენდენტი იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში.

5. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

51. სატენდერო კომისიის აპარატის წევრებზე, ექსპერტებსა და კონსულტანტებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე.

7. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

8. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3978-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ346

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

    მუხლი 12. განცხადება ტენდერის შესახებ

1. ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს:

ა) სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საინფორმაციო საშუალებაში;

ბ) ვაჭრობის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ ერთ-ერთ ენაზე, უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით, და ამ განცხადებას უგზავნის საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 600.000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 8.000.000 ლარს.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ აქვეყნებენ უცხო ქვეყნების იმ პერიოდულ ან სპეციალიზებულ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით, ან/და ამ დიპლომატიური დაწესებულების ინტერნეტ-გვერდზე.

3. ტენდერის ჩატარებისას, აუცილებლობის შემთხვევაში, სატენდერო კომისია იყენებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გავრცელების დამატებით საშუალებებს. ამასთანავე, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება პირველად უნდა გამოქვეყნდეს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საინფორმაციო საშუალებაში. შესაბამისად, განცხადებით გათვალისწინებული ვადები აითვლება ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საინფორმაციო საშუალებაში ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

4. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) შემსყიდველი ორგანიზაციის რეკვიზიტები;

ბ) შესასყიდი მისაწოდებელი საქონლის სახეობა, რაოდენობა და ხარისხი, მიწოდების ადგილი და ფორმა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების სახეობა და შესრულების ან გაწევის ადგილი, აგრეთვე სხვა მონაცემები, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტის აღწერის მიზნით;

გ) შესასყიდი საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სასურველი ან სავალდებულო ვადები;

დ) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა;

ე) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ვ) სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა;

1) სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა (გამოყენების შემთხვევაში);

ზ) სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთი.

თ) სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე სატენდერო დოკუმენტაციის შემსყიდველ ორგანიზაციაში გაცნობის შესაძლებლობა;

ი) მოთხოვნები, რომლებიც შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭირო ხდება საკვალიფიკაციო მონაცემების ხელახალი დადასტურება, და ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა);

კ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი (მისი არსებობის შემთხვევაში).

5. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას ამტკიცებს სატენდერო კომისია.

6. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 20 კალენდარული დღისა.

7. სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეცვალოს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია (გარდა შესყიდვის ობიექტისა). ეს ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს იმავე საინფორმაციო საშუალებებში, რომლებშიც გამოქვეყნდა ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება.

8. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებაში შეტანილი ცვლილებები უნდა გამოქვეყნდეს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30,  27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

    მუხლი 13. საკვალიფიკაციო მონაცემები

მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისადმი წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი, არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას.

    მუხლი 14. სატენდერო დოკუმენტაცია

1. სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე.

2. პირის მიერ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ (მოსაკრებლის არსებობის შემთხვევაში) სატენდერო კომისია პრეტენდენტის მოთხოვნისთანავე გადასცემს მას სატენდერო დოკუმენტაციას.

3. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პრეტენდენტები შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად;

ბ) ინსტრუქციას პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შედგენის შესახებ;

გ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შეფასების წესებსა და კრიტერიუმებს, ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის მითითებით;

დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის სასურველ ან სავალდებულო ვადებს და ადგილს, აგრეთვე სხვა მონაცემებს, რომელთა მითითებას შემსყიდველი ორგანიზაცია საჭიროდ ჩათვლის შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებით;

ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის ალტერნატიულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, თუ ამას დაუშვებს შემსყიდველი ორგანიზაცია;

ვ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე;

ზ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებს (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა);

თ) მითითებას იმ ვალუტის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება;

ი) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადას, ადგილსა და ენას;

კ) პრეტენდენტების მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას, ხოლო ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში – აგრეთვე პრეტენდენტებთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას;

ლ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების კონვერტების გახსნის დროს, ადგილსა და წესს;

მ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ თანამდებობის პირთა ვინაობას და საკონტაქტო მისამართს, რომელთაც უფლება აქვთ იქონიონ კავშირი პრეტენდენტებთან და მიაწოდონ მათ ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.

ნ) მოთხოვნებს, რომლებიც შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისათვის გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება.

5. სატენდერო კომისია პრეტენდენტის წერილობითი თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით განმარტავს ან/და აზუსტებს სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის პროცედურებთან და ობიექტთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რაც ფორმდება სატენდერო დოკუმენტაციის დამატების სახით და ერთდროულად ეგზავნება ყველა პრეტენდენტს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა. სატენდერო დოკუმენტაციის დამატება არ უნდა ცვლიდეს ამ დოკუმენტაციის შინაარსს.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

    მუხლი 15. პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარდგენისა და განხილვის წესი

1. სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტები იხსნება ერთობლივად, პრეტენდენტთა თანდასწრებით, სატენდერო კომისიის სხდომაზე, სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებისთანავე. კონვერტების გახსნის შემდეგ კომისია ადგენს საკვალიფიკაციო შერჩევის, სატენდერო წინადადებების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადებს.

2. პრეტენდენტებს უფლება აქვთ კონვერტების გახსნამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოითხოვონ ან შეცვალონ სატენდერო წინადადება.

3. კონვერტების გახსნის შემდეგ, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს შერჩევა. შერჩევის მიზანია წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების, სატენდერო წინადადებებისა და თანმხლები დოკუმენტების სატენდერო დოკუმენტაციისა და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი სატენდერო წინადადება შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომლებიც არსებითად არ ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან რომელთა გამოსწორება შესაძლებელია სატენდერო წინადადების შინაარსის შეუცვლელად, გარდა ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნების შემთხვევებისა.

4. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილ მოთხოვნებს, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვებულია მექანიკური შეცდომები, სატენდერო კომისია მიმართავს პრეტენდენტს წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების ან/და სატენდერო წინადადების დაზუსტების მოთხოვნით. სატენდერო კომისიას აგრეთვე შეუძლია თავად შეასწოროს მექანიკური შეცდომები.

მიმართავს პრეტენდენტს სატენდერო წინადადების დაზუსტების მოთხოვნით.

6. სატენდერო წინადადებები შეფასდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით.

7. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ იღებს კომისიის წევრთა მიერ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შეფასების კრიტერიუმების და ამ კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით წარდგენილი წერილობითი დასკვნების საფუძველზე.

8. სატენდერო კომისიის წევრის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ის პრეტენდენტი, რომელსაც კომისიის წევრი ანიჭებს უპირატესობას, აგრეთვე უპირატესობის მინიჭების საფუძვლები.

9. პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასკვნებით მიენიჭება უპირატესობა. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის დასკვნა.

10. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები. ოქმში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სატენდერო წინადადებების განხილვაში მონაწილე პირებისა და პრეტენდენტების შესახებ, აგრეთვე მოკლედ უნდა იყოს აღწერილი პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები.

11. პრეტენდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.

12. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატენდერო წინადადებების წარდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

    მუხლი 16. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება.

2. (ამოღებულია).

3. სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ამ სამუშაოს შესრულებაში მონაწილე საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და მუშამოსამსახურეების არანაკლებ 70% უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

4. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში სატენდერო კომისია მიმართავს ტენდერში მონაწილე დანარჩენ პრეტენდენტებს სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის თაობაზე. თუ არც ერთმა პრეტენდენტმა არ გამოთქვა თანხმობა სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობის მიღებაზე, ტარდება ახალი ტენდერი. თუ სატენდერო წინადადებათა ხელახალ განხილვაში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვა ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა, ხდება მათი სატენდერო წინადადებების ხელახალი განხილვა და შეფასება.

5. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ობიექტური მიზეზებით, ვერ დასრულდა საბიუჯეტო (საფინანსო) წლის ბოლომდე, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გააგრძელოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამ სამუშაოს დასრულებამდე.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30,  27.07.2006წ., მუხ237

    მუხლი 17. ხელახალი ტენდერი

1. თუ ტენდერის გამოცხადების შემდეგ არც ერთი საკვალიფიკაციო მონაცემი ან/და სატენდერო წინადადება არ იქნა წარდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარდგენილი არც ერთი საკვალიფიკაციო მონაცემი ან/და სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის ან/და ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მოთხოვნებს, ან/და სატენდერო წინადადებათა ხელახალი განხილვისა და შეფასების პროცესში ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, სატენდერო კომისია ადგენს ახალ სატენდერო დოკუმენტაციას და ატარებს ხელახალ ტენდერს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს შექმნას ახალი სატენდერო კომისია ან შეცვალოს მისი შემადგენლობა.

    მუხლი 18. ტენდერის მიმდინარეობის დროს მოლაპარაკების გამართვის დაუშვებლობა

სატენდერო კომისიას უფლება არა აქვს გამართოს მოლაპარაკება ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებთან და პრეტენდენტებთან, გარდა ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევისა.

    მუხლი 19. სატენდერო მოსაკრებელი

1. სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის წესდება სატენდერო მოსაკრებელი 200 ლარის ოდენობით.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით, ასევე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციის მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება შემოღებულ იქნეს ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი, რომლის განაკვეთიც არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთს.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

    მუხლი 20. ორეტაპიანი ტენდერი

1. ორეტაპიანი ტენდერი შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ყველა ეკონომიკური და ტექნიკური პირობის წინასწარ განსაზღვრა და შემსყიდველ ორგანიზაციას აუცილებლად მიაჩნია ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტებთან მოლაპარაკება ტექნიკური მაჩვენებლების, ეკონომიკური და სხვა მონაცემების დაზუსტების მიზნით.

2. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე პრეტენდენტები წარადგენენ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს და პირველად სატენდერო წინადადებებს ღირებულების მითითების გარეშე.

3. ორეტაპიანი ტენდერის პირველ ეტაპზე სატენდერო კომისიას უფლება აქვს გამართოს მოლაპარაკებები პრეტენდენტებთან პირველადი სატენდერო წინადადებების ნებისმიერი პირობის დაზუსტების და სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით.

4. პირველადი სატენდერო წინადადების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია ადგენს სატენდერო დოკუმენტაციის საბოლოო ვარიანტს და გადასცემს მას პრეტენდენტს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ.

5. დანარჩენ შემთხვევებში ორეტაპიანი ტენდერის ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონის მე-11–მე-19 მუხლებით დადგენილი წესები.

6. შემსყიდველი ორგანიზაცია ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების დროს მითითებას იმის შესახებ, თუ რომელ ეტაპზეა შესაძლებელი სატენდერო მოსაკრებლის გადახდა, განსაზღვრავს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

თავი IV

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

    მუხლი 21. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით, გარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შემთხვევებისა.

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა.

3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200.000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 1.000.000 ლარს.

4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების აუცილებელ პირობებსა და გარანტირების მექანიზმისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესს განსაზღვრავს შესაბამისი ნორმატიული აქტი.

5. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398- ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

 

თავი V

შესყიდვების მონიტორინგი და კონტროლი

    მუხლი 22. შესყიდვის შესახებ ანგარიში

1. შესყიდვის პროცესი აისახება შესყიდვის შესახებ ანგარიშში, რომლის შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

2. ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების დასკვნები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტით.

3. შესყიდვის შესახებ ანგარიში წარედგინება სააგენტოს შემდეგ ვადებში:

ა) ტენდერის საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას – ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა;

ბ) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას, თუ საქონლის ან მომსახურების ღირებულება აღემატება 100.000 ლარს, ხოლო სამუშაოს შესყიდვის ღირებულება – 200.000 ლარს – ხელშეკრულების დადებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა;

გ) 100.000 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონლის ან მომსახურების, ანდა 200.000 ლარზე ნაკლები სამუშაოს შესყიდვისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა;

დ) ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიში – ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს მომდევნო კვარტალის პირველი თვის 30 რიცხვისა;

ე) (ამოღებულია);

4. შესყიდვის შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო ამ ანგარიშების მოკლე მიმოხილვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა რეგულარულად უნდა გამოაქვეყნონ საინფორმაციო საშუალებებში.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30,  27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

საქართველს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173

 

 მუხლი 221. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ შესყიდვის შემოწმება

1.საქართველოს კონტროლის პალატა შესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის აუდიტის მეშვეობით.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საქართველოს კონტროლის პალატას, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.

3. შესყიდვის მონაწილე ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას, მისი მოთხოვნით, წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1,  15.01.2009წ., მუხ3

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67

თავი VI

შესყიდვებთან დაკავშირებული ქმედების გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი

    მუხლი 23. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ხელშეკრულების დადებამდე შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედებები შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნიათ, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა უფლებები.

2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ გაასაჩივრონ შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედებები სასამართლოში, თუ მიაჩნიათ, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა უფლებები.

3. პრეტენზიის მქონე პირი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა იმ გარემოების შეტყობის ან იმ გადაწყვეტილების მიღების დღიდან, რომელმაც გამოიწვია პრეტენზია. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ინტერესებსაც შეეხება ან შეიძლება შეეხოს წარმოქმნილი დავა.

4. ხელშეკრულების დადებამდე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შესყიდვასთან დაკავშირებული დავის განხილვის მიზნით შეუძლიათ მიმართონ სააგენტოს.

5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველ ორგანიზაციას საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს და შემსყიდველ ორგანიზაციას.

7. თუ სააგენტოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, სააგენტო უფლებამოსილია:

ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება;

ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება;

გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის, აგრეთვე ხელშეკრულების დადების შემდეგ ნებისმიერი საჩივრის განხილვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო წესით.

9. გასაჩივრებას არ ექვემდებარება ქმედება, თუ პრეტენზია ეხება:

ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და უნდა ახლდეს მომჩივნის დასაბუთებული განმარტება იმის შესახებ, რომ მისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იგი მნიშვნელოვნად დაზარალდება. საჩივარი განხილვას არ ექვემდებარება, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ამ კანონის შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ.

11. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვა საჩივრის განხილვის პროცედურების შესაბამისი ვადით. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სააგენტოს გადაწყვეტილებით შესყიდვის შეჩერების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მისი საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

12. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ სასამართლო წესით.

13. ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

 

თავი VII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 24. ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები

1. (ამოღებულია).

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცოს დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ;

21. (ამოღებულია);

22. (ამოღებულია);

23. (ამოღებულია);

3. ამ კანონის მოქმედება 2008 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოების მიერ იმ ქონების სარეაბილიტაციოდ ან შესაკეთებლად განსახორციელებელ შესყიდვებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, გადაცემასთან, დისპეტჩერიზაციასთან, განაწილებასთან, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან, განაწილებასთან, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან.

4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2011 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ237

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4333- სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ3

საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ152

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67

საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1,  15.01.2009წ., მუხ3

საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67

    მუხლი 25. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 52);

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2001 წლის 15 ოქტომბრის №1 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

    მუხლი 26. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1388-Iს

 

1.    საქართველოს 2006 წლის 2 მარტის კანონი №2719-სსმI, №7, 20.03.2006წ.,მუხ.54

2.    საქართველოს 2006 წლის 30 ივნისის კანონი №3423, სსმI, №27, 17.07.2006წ., მუხ223

3.    საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30,  27.07.2006წ., მუხ237

4.    საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3524-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ239

5.    საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3978-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ346

6.    საქართველოს 2006 წლის 26 დეკემბრის კანონი №4095-სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ373

7.    საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4333- სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ3

8.    საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4408-სსმI, №8, 23.03.2007წ., მუხ72

9.    საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5664-სსმI, №50,29.12.2007წ., მუხ438

10.   საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ152

11.  საქართველოს 2008 წლის 7 ოქტომბრის კანონი №320-სსმI, №24, 20.10.2008წ., მუხ161

12.  საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №627-სსმI, №36, 12.12.2008წ., მუხ235

13.    საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1,  15.01.2009წ., მუხ3

14.  საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1133-სსმI, №9, 13.04. 2009წ. მუხ33

15.  საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ67

16.   საქართველს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1690-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.173

85. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3808-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 84. 29/11/2023 - საქართველოს კანონი - 3757-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/12/2023 83. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3606-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/11/2023 82. 23/03/2023 - საქართველოს კანონი - 2664-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/04/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 81. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2549-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 80. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2524-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 79. 28/05/2021 - საქართველოს კანონი - 526-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/05/2021 78. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7133-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 77. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6895-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 76. 02/07/2020 - საქართველოს კანონი - 6730-რს - ვებგვერდი, 16/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 75. 23/06/2020 - საქართველოს კანონი - 6356-IIს - ვებგვერდი, 01/07/2020 74. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5899-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 73. 20/12/2019 - საქართველოს კანონი - 5689-რს - ვებგვერდი, 26/12/2019 72. 29/11/2019 - საქართველოს კანონი - 5425-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 71. 02/10/2019 - საქართველოს კანონი - 5079-Iს - ვებგვერდი, 07/10/2019 70. 18/04/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/655 - ვებგვერდი, 23/04/2019 69. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3898-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 68. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3310-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 67. 29/06/2018 - საქართველოს კანონი - 2759-IIს - ვებგვერდი, 19/07/2018 66. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2275-IIს - ვებგვერდი, 24/05/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 65. 21/02/2018 - საქართველოს კანონი - 1967-IIს - ვებგვერდი, 05/03/2018 64. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1945-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 63. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1687-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 62. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1273-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 61. 15/06/2017 - საქართველოს კანონი - 1015-IIს - ვებგვერდი, 29/06/2017 60. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 645-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 59. 06/04/2017 - საქართველოს კანონი - 617-IIს - ვებგვერდი, 21/04/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 58. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 152-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 57. 23/12/2015 - საქართველოს კანონი - 4707-რს - ვებგვერდი, 29/12/2015 56. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4349-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 55. 24/07/2015 - საქართველოს კანონი - 4104-რს - ვებგვერდი, 04/08/2015 54. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3967-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 53. 04/03/2015 - საქართველოს კანონი - 3133-IIს - ვებგვერდი, 23/03/2015 52. 04/02/2015 - საქართველოს კანონი - 3018-IIს - ვებგვერდი, 16/02/2015 51. 24/12/2014 - საქართველოს კანონი - 2960-რს - ვებგვერდი, 30/12/2014 50. 12/12/2014 - საქართველოს კანონი - 2945-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 49. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2761-Iს - ვებგვერდი, 18/11/2014 48. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2163-IIს - ვებგვერდი, 27/03/2014 47. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2099-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 46. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1285-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 45. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1284-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1255-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 43. 17/05/2013 - საქართველოს კანონი - 611-IIს - ვებგვერდი, 06/06/2013 42. 28/06/2012 - საქართველოს კანონი - 6577-რს - ვებგვერდი, 10/07/2012 41. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6550-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 40. 05/06/2012 - საქართველოს კანონი - 6389-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 39. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6296-Iს - ვებგვერდი, 29/05/2012 38. 30/03/2012 - საქართველოს კანონი - 5975-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 37. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5926-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 36. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5560 - ვებგვერდი, 111228056, 28/12/2011 35. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5559 - ვებგვერდი, 111228055, 28/12/2011 34. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5454-IIს - ვებგვერდი, 111222021, 22/12/2011 33. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5364-IIს - ვებგვერდი, 111206013, 06/12/2011 32. 28/10/2011 - საქართველოს კანონი - 5169-IIს - ვებგვერდი, 111111014, 11/11/2011 31. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5126-IIს - ვებგვერდი, 111027012, 27/10/2011 30. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 5011-რს - ვებგვერდი, 110715013, 15/07/2011 29. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4959-რს - ვებგვერდი, 110711040, 11/07/2011 28. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4950-რს - ვებგვერდი, 110711033, 11/07/2011 27. 05/05/2011 - საქართველოს კანონი - 4632-Iს - ვებგვერდი, 110525008, 25/05/2011 26. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4273-Iს - ვებგვერდი, 110302025, 02/03/2011 25. 25/02/2011 - საქართველოს კანონი - 4272-Iს - ვებგვერდი, 110302026, 02/03/2011 24. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4068-რს - სსმ, 74, 24/12/2010 23. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3767-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 22. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 21. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3164 - სსმ, 39, 19/07/2010 20. 28/06/2010 - საქართველოს კანონი - 3163 - სსმ, 39, 19/07/2010 19. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3353 - სსმ, 35, 12/07/2010 18. 12/03/2010 - საქართველოს კანონი - 2760 - სსმ, 12, 24/03/2010 17. 20/11/2009 - საქართველოს კანონი - 2107 - სსმ, 40, 07/12/2009 16. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1690 - სსმ, 29, 12/10/2009 15. 19/06/2009 - საქართველოს კანონი - 1236 - სსმ, 13, 02/07/2009 14. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1133 - სსმ, 9, 13/04/2009 13. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 882 - სსმ, 1, 15/01/2009 12. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 627 - სსმ, 36, 12/12/2008 11. 07/10/2008 - საქართველოს კანონი - 320 - სსმ, 24, 20/10/2008 10. 26/09/2008 - საქართველოს კანონი - 294 - სსმ, 22, 09/10/2008 9. 28/12/2007 - საქართველოს კანონი - 5664 - სსმ, 438, 29/12/2007 8. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4408 - სსმ, 8, 23/03/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4333 - სსმ, 1, 03/01/2007 6. 27/12/2006 - საქართველოს კანონი - 4095 - სსმ, 49, 29/12/2006 5. 14/12/2006 - საქართველოს კანონი - 3978 - სსმ, 48, 22/12/2006 4. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3524 - სსმ, 30, 27/07/2006 3. 18/07/2006 - საქართველოს კანონი - 3481 - სსმ, 30, 27/07/2006 2. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3423 - სსმ, 27, 17/07/2006 1. 02/03/2006 - საქართველოს კანონი - 2719 - სსმ, 7, 20/03/2006