„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3481
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/07/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 27/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.170.020.05.001.002.366
  • Word
3481
18/07/2006
სსმ, 30, 27/07/2006
010.170.020.05.001.002.366
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესაძლებელია გამოიყენონ მსოფლიო ბანკისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები.“.

 

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

1. შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის თავმჯდომარესაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და მათ შესაბამისად შემუშავებული სააგენტოს დებულება.

3. სააგენტოს სტრუქტურას და დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

5. სააგენტო ფინანსდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით.

6. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

გ) სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდიკური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის;

დ) განხორციელებული შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება და სრულყოფა;

ე) შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;

ვ) პოტენციურ მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება (პოტენციურ მიმწოდებელთა რეესტრი იქმნება შემსყიდველთა საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით და იგი არავის არ ანიჭებს უპირატესობას);

ზ) თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა;

თ) შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ანგარიშგებითი ინფორმაციის გამოქვეყნება, სპეციალური პერიოდული ბიულეტენის გამოცემა;

ი) შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის ადმინისტრაციული წესით განხილვა;

კ) შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა.“.

 

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო

1. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებისაგან (საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

2. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო:

ა) თავის სხდომებზე განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტების პროექტებს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებს;

ბ) შესყიდვებთან დაკავშირებით ითვალისწინებს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და თავის სხდომებზე სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, დაუბრკოლებლად წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები;

გ) თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვს შესყიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას და ამოწმებს მის სისწორეს.

3. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეთვალყურეო საბჭოში არსებული ინფორმაციის საიდუმლოობის დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს დებულებით.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააგენტოს წარუდგინოს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშები ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილ ვადებში;“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების წესი უნდა შეესაბამებოდეს „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონს, გარდა იმ საწარმოს მიერ განხორციელებული შესყიდვებისა, რომლის საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფასთა კოტირება შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს იმ საქონლის ან მომსახურების (გარდა ინტელექტუალური მომსახურებისა) შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 50. 000 ლარზე, აგრეთვე იმ სამუშაოს შესყიდვისათვის, რომლის სავარაუდო ღირებულება ნაკლებია 120. 000 ლარზე.“;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურებს ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირი (პირები).“.

7. მე-12 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სატენდერო დოკუმენტაციის გატანის წესი, ვადა, ადგილი და ენა;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სატენდერო კომისია ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 20 კალენდარული დღისა.“.

8. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

„თავი IV

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

    მუხლი 21. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები და მათი გადასინჯვის წესი

1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა.

3. ხელშეკრულების შესრულების გარანტირების მექანიზმი ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება;

ბ) ხელშეკრულების საერთო ღირებულება საქონლის ან მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 200. 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 1. 000. 000 ლარს.

4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების აუცილებელ პირობებსა და გარანტირების მექანიზმისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესს განსაზღვრავს შესაბამისი ნორმატიული აქტი.

5. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისათვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

10. 22-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. 2. 000. 000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობითი ფორმით წარუდგენს საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ახორციელებს მონიტორინგს შესყიდვის პროცესში ისეთი პრინციპების დაცვაზე, როგორიცაა საჯაროობა, სამართლიანობა და არადისკრიმინაციულობა, დადგენილი პროცედურების ზუსტად შესრულება და ანგარიშგება, ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა, რაციონალური და თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.“.

11. 23-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ და პრეტენდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სააგენტოში საჩივრის შეტანა შეუძლიათ აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჩივართან დაკავშირებით შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება მათ არ დააკმაყოფილებთ.“;

ბ) მე-11 და მე12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში საჩივრის შეტანის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვა საჩივრის განხილვის პროცედურების შესაბამისი ვადით. შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან სააგენტოს გადაწყვეტილებით შესყიდვის შეჩერების ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მისი საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

12. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველ, პრეტენდენტ და მიმწოდებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივრონ სასამართლო წესით.“.

12. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მოქმედება 2007 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოების მიერ იმ ქონების სარეაბილიტაციოდ ან შესაკეთებლად განსახორციელებელ შესყიდვებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, გადაცემასთან, დისპეტჩერიზაციასთან, განაწილებასთან, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან, განაწილებასთან, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 18 ივლისი.

№3481_რს