დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4397-XVIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/09/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/09/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.102351 |
|
„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.02.2023, სარეგისტრაციო კოდი: 040090000.05.001.020812) XIV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XIV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 97. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები 2027 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. აღნიშნული კანონი და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2027 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, მათ დასრულებამდე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 98. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2027 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო შესყიდვების სააგენტო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება. 2. 2027 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს ეწოდოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. ამ თარიღის დადგომამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცება. ამ კანონის ამოქმედება არ იწვევს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არჩეული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრის/წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. 3. საქართველოს მთავრობამ 2027 წლის 1 იანვრამდე: ა) მიიღოს ამ კანონის 53-ე მუხლის მე-14 პუნქტით, 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 73-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 74-ე მუხლით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ბ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანო/ორგანოები; გ) შექმნას ამ კანონის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, დაამტკიცოს მისი დებულება და დანიშნოს მისი ხელმძღვანელი. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ 2027 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ამ კანონის მუხლებთან დაკავშირებული, ამავე კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი/აქტები. ამასთანავე, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2027 წლის 1 იანვრამდე შექმნას ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული/გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან მისადაგებული ელექტრონული სისტემა. 5. შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2027 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, თავის სტრუქტურაში/საშტატო ნუსხაში საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის/პირის განსაზღვრისთვის განახორციელოს სათანადო ღონისძიებები. მუხლი 99. ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული/ განსახორციელებელი შესყიდვები 1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2027 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ საჯარო შესყიდვებზე. 2. 2027 წლის 1 იანვრამდე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს და დასრულდეს 2027 წლის 1 იანვრამდე მოქმედი კანონმდებლობით. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 ნოემბრისა შესაბამის სისტემაში წარადგინოს ამ კანონის მე-100 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმების შესაბამისად შედგენილი წლიური გეგმა. ამ გეგმაში უნდა აისახოს 2027 წლის 1 იანვრიდან გამოსაცხადებელი საჯარო შესყიდვები, აგრეთვე ინფორმაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2026 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამოსაცხადებელი, 2027 წლის საჯარო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის/შესყიდვების შესახებ. მუხლი 100. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−96-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−მე-15 მუხლები, მე-16 მუხლის მე-2−მე-11 პუნქტები და მე-17–96-ე მუხლები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2029 წლის 1 იანვრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 5 სექტემბერი 2024 წ. N4397-XVIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები