„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5926-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.016677
  • Word
5926-Iს
27/03/2012
ვებგვერდი, 19/04/2012
040110030.05.001.016677
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ1 ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;“.

2. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით მრავალწლიანი შესყიდვის (გარდა ისეთი უწყვეტი მომსახურების შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება მომდევნო წლის 1 თებერვლამდე) განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმას შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგენს სააგენტოს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების შესყიდვების წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის მომენტისათვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41  პუნქტი:

„41 . თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ პუნქტის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა შესყიდვების წლიურ გეგმაში და შეცვლილი შესყიდვების წლიური გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა.“.

3. 161  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  პუნქტი:

„11 . შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია ამ კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამის ნორმატიულ აქტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 27 მარტი.

№5926- I