„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1056-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/11/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.102853
1056-IVმს-XIმპ
12/11/2025
ვებგვერდი, 17/11/2025
040090000.05.001.102853
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის 3​​1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) „შ“−„ც“ ქვეპუნქტები:

„შ) საარბიტრაჟო და მედიაციის მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვებზე;

ჩ) შემდეგი იურიდიული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვებზე:

ჩ.ა) იურისტის/იურიდიული კომპანიის მიერ კლიენტის ინტერესების დაცვა:

ჩ.ა.ა) საქართველოში ან უცხო ქვეყანაში საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის გამოყენების პროცესში, აგრეთვე საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე;

ჩ.ა.ბ) საქართველოს ან უცხო ქვეყნის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოში, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან ინსტიტუტში;

ჩ.ბ) იურიდიული კონსულტაცია, თუ ის ამ პუნქტის „ჩ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი პროცესისთვის მომზადებას უკავშირდება, ან თუ არსებობს აშკარა ნიშანი და დიდი ალბათობა იმისა, რომ საკითხი, რომელსაც იურიდიული კონსულტაცია ეხება, იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად განხილვის საგანი გახდება;

ჩ.გ) დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება და დადასტურება, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზაცია;

ჩ.დ) სასამართლოს მიერ ან კანონით დანიშნული წარმომადგენლისა და მეურვის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურება, რომლის მიზანია სასამართლოს ან კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობით სპეციალური ამოცანების შესრულება;

ჩ.ე) საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა სახის იურიდიული მომსახურება;

ც) უცხო ქვეყანაში შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად საარბიტრაჟო წარმოების, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის გამოყენების პროცესში საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციის ან დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმის წინაშე, აგრეთვე უცხო ქვეყნის სასამართლოში, ადმინისტრაციულ ან სამართალდამცავ ორგანოში, საერთაშორისო სასამართლოში, ტრიბუნალში ან ინსტიტუტში მოწმის, ექსპერტის ან/და თარჯიმნის მონაწილეობასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე;“;

ბ) „ძ“ ქვეპუნქტი:

„ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოსგან (შემდგომ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო) ამ კანონის 206 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვებზე.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასა და სატენდერო/საკონკურსო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით;“;

ბ) „მ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ​2) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, რომელთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, აგრეთვე მისი გაცემისა და წარდგენის წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ ქვეპუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით;“;

გ) „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო​1) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომლის ოდენობაა 100 ლარი. კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;

დ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) ცენტრალიზებული შესყიდვა – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ ამ კანონის III1 თავით განსაზღვრულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;“;

ე) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს მიერ განხორციელებული პროცედურა, რომლის მიზანია შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა ან/და იმ შესყიდვის განხორციელება, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების დეტალური წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით;“.

3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა საკითხები (მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხი) განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„მუხლი 81. ბაზრის კვლევა

1. შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია რჩევის მისაღებად დამოუკიდებელ ექსპერტს, ორგანიზაციას ან/და პოტენციურ მიმწოდებელს მიმართოს, აგრეთვე შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ბაზრის კვლევის განხორციელების პერიოდში მიღებული რჩევებისა და ინფორმაციის გამოყენებით არ დაირღვეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კანონის მიზნები.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს აგრეთვე ბაზრის პირველადი კვლევა წლიური გეგმის შესამუშავებლად.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო კონსოლიდირებული ტენდერის მოსამზადებლად ახორციელებს ბაზრის კვლევას. აღნიშნული ბაზრის კვლევის განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

5. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა ერთ შესყიდვად განიხილება, თუ ისინი ერთი წყაროდან ფინანსდება, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისა და ვადების გამოყენებისა და სხვა მოთხოვნების შესრულებისთვის თავის ასარიდებლად.“;

ბ) 31 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების წყაროდან ცალ-ცალკე შესყიდვა, თუ შესყიდვა შესყიდვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხორციელდება.“;

გ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის კვლევის შედეგები;“.

6. 101 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​1. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩასატარებლად ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარის ან მეტი სავარაუდო ღირებულების, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარის ან მეტი სავარაუდო ღირებულების შესყიდვის ობიექტების შესყიდვისას სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს ამ კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი ვადები. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.“.

7. 151 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად განისაზღვრება შემდეგი ვადები:

ა) 150 000 ლარამდე სავარაუდო ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 7 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 5 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 2 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად;

ბ) 150 000 ლარის და მეტი სავარაუდო ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე;

გ) 300 000 ლარამდე სავარაუდო ღირებულების სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად;

დ) 300 000 ლარის და მეტი სავარაუდო ღირებულების სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 20 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 15 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 5 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე.“.

8. 191 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 191. საფასურის განაკვეთი

1. კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისთვის წესდება საფასური, რომლის ოდენობაა 100 ლარი.

2. კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურისა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე იხდის თანხას არაუმეტეს დასადები ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით. ამ თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდისა და შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

9. 202 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

ცენტრალიზებული შესყიდვა

მუხლი 204. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო

1. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ თავით გათვალისწინებულ საქმიანობას.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულება.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

5. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

6. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ამ თავით განსაზღვრულ ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება;

ბ) ცენტრალიზებული შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა, ხოლო თუ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციას სცილდება – შესაბამისი წინადადების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;

გ) მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებით საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

7. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ფინანსდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;

ბ) მის ანგარიშზე გადახდილი, ამ კანონით გათვალისწინებული საფასურით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

8. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს აქვს ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიში ჰქონდეს აგრეთვე კომერციულ ბანკში.

9. ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ადგენს თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს და მას ყოველი მომდევნო წლის 15 მაისამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ეს ანგარიში ქვეყნდება ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

10. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კონკრეტულ სფეროში ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლება შეიძლება მიენიჭოს აგრეთვე სხვა შემსყიდველ ორგანიზაციას. ამ შემთხვევაში ამ კანონის 206 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება ვრცელდება აღნიშნულ სფეროში მოქმედ შემსყიდველ ორგანიზაციაზე.

11. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული, ამ თავითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისთვის, აგრეთვე მის მიერ ცენტრალიზებული შესყიდვების რაციონალურად განხორციელებისთვის.

მუხლი 205. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი

1. ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი:

ა) აწესრიგებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) გამოსცემს განკარგულებებს შიდაორგანიზაციულ საკითხებზე;

გ) თვალყურს ადევნებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას, დადგენილი წესით აკონტროლებს ამ ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანამშრომლებს;

ე) განკარგავს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას;

ვ) საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს გამგებლობისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

ზ) წარმოადგენს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი კანონით დადგენილი წესით აგებს პასუხს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს საქმიანობისთვის.

4. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილეების რაოდენობა და მათი თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობებიდან გათავისუფლების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 206. ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა

1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის ან/და იმ შესყიდვის განხორციელების მიზნით, რომლის ღირებულება შეადგენს ან აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვროს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცენტრალური შემსყიდველი ორგანო უზრუნველყოფს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია საქონელი, სამუშაო ან მომსახურება ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შეისყიდოს.

4. კონსოლიდირებულ ტენდერს ატარებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ხელმძღვანელი. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის მიმართ გამოიყენება ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-6, 71 და მე-8 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ცენტრალიზებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ანაზღაურების გარეშე ან ანაზღაურებით. ამ ანაზღაურების სავალდებულოობა ან/და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. აღნიშნული საქმიანობა  შეიძლება მოიცავდეს:

ა) შესყიდვის დაგეგმვასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევას;

ბ) შესყიდვის შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ და მისივე ხარჯით დაგეგმვასა და განხორციელებას.

6. ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების დეტალური წესი და პირობები, ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში შესაბამისი მონაცემების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების დეტალური წესი და პირობები, აგრეთვე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

მუხლი 207. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადება და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია

1. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადებასა და კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო განცხადების ფორმა და მასში მისათითებელი მონაცემები, ამ განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესები, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.

2. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის სავალდებულოობა, ამ გარანტიის ოდენობა და მისი წარდგენის, ამოქმედებისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა არ მოითხოვება, ხელშეკრულების დადების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს მისი უზრუნველყოფის სხვა საშუალება/საშუალებები.“.

11. 21-ე მუხლის:

ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. თუ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შესყიდვის ობიექტია ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება მისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, საქონლის ერთეულის ფასის გამოთვლასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​1. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღვევის მოთხოვნა სავალდებულოა, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს. ამასთანავე, ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში საბანკო გარანტიის მოთხოვნის სავალდებულოობა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი განსხვავებული ზღვარი დგინდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისგან განთავისუფლდეს პრეტენდენტი ან პოტენციური მიმწოდებელი მისი საქმიანი რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ხორციელდება.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხელშეკრულების აუცილებელი პირობები და გარანტიისა და დაზღვევის მოთხოვნის გამოყენების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“;

დ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5​1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.

12. 211 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ცენტრალიზებული შესყიდვის ფარგლებში ამ მუხლით გათვალისწინებული, წინასწარ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.

13. 22-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს, შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, აგრეთვე ხელშეკრულებისა და ამ კანონის 21-ე მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით.“.

14. 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 221. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესყიდვის შემოწმება

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს აუდიტის მეშვეობით.

2. შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მისი მოთხოვნით წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.

3. შესყიდვის მონაწილე ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მისი მოთხოვნით წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.“.

15. 231 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.“.

16. 237 მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს:

ა) როგორც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, ისე პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება:

ა.ა) გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სატენდერო/საკონკურსო განცხადებასა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან;

ა.ბ) ნებისმიერ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მიღებულია/განხორციელებულია სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე;

ა.გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ბ) მხოლოდ პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ საჩივარი ეხება:

ა) ამ კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებისა და მეთოდის შერჩევას;

ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას − თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია;

გ) საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში − სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებას.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს შემდეგ ვადებში:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება − სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო ქმედება – მისი განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების დადებამდე;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა საბჭო განიხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს, თუ:

ა) იგი არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა;

ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა ან საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის ხელშეკრულება უკვე დადებულია;

გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება, ამ კანონის შესაბამისად, საბჭოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

ე) დავის საგანი არ არსებობს;

ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია;

ი) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება. სახელმწიფო შესყიდვის პროცესი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ ჩერდება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება აგრეთვე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილისთვის. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იწვევს გამარტივებული შესყიდვის პროცედურების შეჩერებას, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა.“.

17. 2311 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს, შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის/შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება პირდაპირ სასამართლოში გაასაჩივროს.“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი:

„მუხლი 242. გამოქვეყნების საფასურის ან/და საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის გადახდის დროებითი წესი

2026 წლის 1 ივნისამდე:

ა) გამოქვეყნების საფასური არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისთვის სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომლის ოდენობაა 100 ლარი. კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;

ბ) კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში წესდება საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა 100 ლარი, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა 5 000 ლარი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფასური. საფასურის გადახდისა და შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად 2026 წლის 1 ივნისამდე:

ა) დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სტრუქტურა და დებულება და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს მისი ხელმძღვანელი;

ბ) განსაზღვროს ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების დეტალური წესი და პირობები, მათ შორის, კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების დეტალური წესი და პირობები, აგრეთვე მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტი და განსაზღვროს ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხის ოდენობა და მისი გადახდისა და დაბრუნების წესები.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 81 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა 2026 წლის 1 იანვრამდე;

ბ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-5−მე-7 და მე-18 პუნქტებთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა 2026 წლის 1 იანვრამდე;

გ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-2, მე-3 და მე-8−მე-17 პუნქტებთან დაკავშირებული სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა 2026 წლის 1 ივნისამდე;

დ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ამ კანონთან და მის შესაბამისად მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის/აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობა ამ პუნქტითა და ამ კანონის მე-3 მუხლით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.

3. 2026 წლის 1 ივნისამდე:

ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განხორციელდეს რეორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) მიღებულ/გამოცემულ, კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე;

გ) მიღებულ/გამოცემულ, კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა 2026 წლის 1 ივნისამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, მათ დასრულებამდე, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) გამოცხადებული/ჩატარებული კონსოლიდირებული ტენდერიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების დასრულებამდე;

ე) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებული, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები) გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. 2026 წლის 1 ივნისიდან:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მისი ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში;

გ) შეწყდეს შრომითი ურთიერთობები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტში დასაქმებულ პირებთან. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცენტრალიზებული შესყიდვების დეპარტამენტში დასაქმებულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე;

დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონსოლიდირებულ ტენდერებთან მიმართებით:

დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილებების მიღების/ქმედებების განხორციელების საჭიროების არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს/ქმედებებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ამ კანონით ან/და მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით;

დ.ბ) სასამართლოში წარდგენილ, კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებულ სარჩელებთან მიმართებით მოპასუხეა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სათანადო ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-2−მე-18 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 81 მუხლი (გარდა მე-4 პუნქტისა) და ამ კანონის პირველი მუხლის მე-5−მე-7 და მე-18 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტი და ამ კანონის პირველი მუხლის მე-8−მე-17 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის (გარდა მე-4 პუნქტისა) და ამ კანონის პირველი მუხლის მე-5−მე-7 და მე-18 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან გამოცხადებულ შესყიდვებზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 81 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-8−მე-17 პუნქტების მოქმედება – 2026 წლის 1 ივნისიდან გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებზე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ნოემბერი 2025 წ.

N1056-IVმს-XIმპ