დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1945-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.018757 |
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის ტექნიკური უზრუნველყოფა;“. 2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ2) ხელშეკრულების დადებამდე მისი გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა ამ კანონითა და კანონქვემდებარე აქტით დადგენილი წესით;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მისი საფუძველი აცნობოს სააგენტოს და ყველა პრეტენდენტს. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები.“. 3. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი მუხლი 23. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო 1. ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის ჩატარებისას წარმოშობილი დავის სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტის მიზნით ამ კანონის საფუძველზე იქმნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომელიც არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. საბჭოს თავმჯდომარეობს სააგენტოს თავმჯდომარე, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. საბჭოს შემადგენლობაში პარიტეტის პრინციპის საფუძველზე შედის სააგენტოს 3 წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი პროფილის 3 წარმომადგენელი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (მათი ოდენობა აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში) შეადგენს ან აღემატება მათ, საბჭოს შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირებისა, შედის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობს მისი ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით. საბჭოს ერთი და იგივე წევრი მის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. 4. საბჭოს წევრებად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების მიერ წარმომადგენელთა არჩევის წესი, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ორგანოების მიერ წარმომადგენელთა დასახელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. აღნიშნული პირები საბჭოს წევრებად ინიშნებიან 1 წლის ვადით. სააგენტოს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ამ პირთა საბჭოს წევრებად არჩევის/დასახელების პროცესში, გარდა მისი ტექნიკური უზრუნველყოფისა. 5. საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტით. საბჭოს საქმიანობას ტექნიკურად უზრუნველყოფს სააგენტო. მუხლი 231. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების და დავის განხილვის წესი 1. ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები. 3. შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ პრეტენზია შეეხება: ა) სახელმწიფო შესყიდვის საშუალების ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შერჩევას; ბ) სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეწყვეტის შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 4. საბჭოსთვის საჩივრის წარდგენის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები ჩერდება ავტომატურად, საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე, ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შეჩერების პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 5. საბჭოსთვის წარსადგენ საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. საბჭოსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსების წესი, საჩივრის წარდგენის ვადა და პირობები (გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული შემთხვევისა) დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარდგენილ საჩივარს საბჭო არ განიხილავს. საბჭოს საჩივარი წარედგინება ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 6. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად, გარდა სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებისა, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 7. საბჭო იღებს დასაბუთებულ წერილობით გადაწყვეტილებას და არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აქვეყნებს მას სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რაც გადაწყვეტილების ოფიციალურ გაცნობად ითვლება. 8. თუ საბჭო საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს საჩივარს, იგი უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) სახელმწიფო შესყიდვის მონაწილის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი. მუხლი 232. გადაწყვეტილების/ქმედების შემსყიდველ ორგანიზაციაში გასაჩივრების და დავის განხილვის წესი 1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით გაასაჩივროს შემსყიდველ ორგანიზაციაში. 2. საჩივრის შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წარდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერების შესახებ ინფორმაცია უნდა განათავსოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია იღებს დასაბუთებულ წერილობით გადაწყვეტილებას და საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს მას მომჩივანს. შემსყიდველი ორგანიზაცია აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქვეყნებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. მუხლი 233. გადაწყვეტილების/ქმედების სასამართლოში გასაჩივრება 1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. 2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში მიღებული სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში. 3. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, მის საჩივართან დაკავშირებული საბჭოს ან შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში. 4. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. მუხლი 234. ზარალის ანაზღაურება იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც ამ თავით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას.“. მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
|
ქუთაისი, 23 დეკემბერი 2017 წ. N1945-რს |
დოკუმენტის კომენტარები