დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"სახელწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4272-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/02/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110302026, 02/03/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.016169 |
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად;“;
ბ) დ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;“;
გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასა და სატენდერო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;
დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) საფასური – სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით ამავე კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც დაბრუნებას არ ექვემდებარება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა;“;
ე) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. სატენდერო კომისია გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 დღისა. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 დღისა;
ს) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“;
ვ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:
„ჩ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების წყაროდან შესყიდვის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით ან/და მოცულობით განხორციელება ან სხვა ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდება.“.
2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი მომართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და კლასიფიკატორში ინტეგრირება;“;
ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს მთავრობა. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებისაგან (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლებისაგან), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.“.
4. მე-9 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ ისინი ფინანსდება ერთი წყაროდან, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით.“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა, და დამატებითი შესყიდვისთვის სახსრები წინასწარვეა გათვალისწინებული იმავე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები:
ა) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით;
ბ) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა.“.
5. 101 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება.“.
6. 191 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საფასურის გადახდის, შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
7. 24-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სააგენტომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი კლასიფიკატორის დანერგვა.“;
ბ) 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:
„82. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით მოაწესრიგოს სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.“;
გ) მე-10 პუნქტის:
გ.ა) „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება;
გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება;
დ) 2011 წლის 1 ნოემბრამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება;“;
გ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება.“;
დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. 2011 წლის 1 აპრილამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთობლივად უზრუნველყონ ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის (ბრძანების) დამტკიცება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 25 თებერვალი.
№4272–Iს
დოკუმენტის კომენტარები