სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6730-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.019947
6730-რს
02/07/2020
ვებგვერდი, 16/07/2020
040090000.05.001.019947
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო​2) საჩივრის წარდგენის საფასური – მომჩივნის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოსთვის საჩივრის წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ოდენობის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის:                         

ა) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის 33 პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს;“;

ბ) „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი:

„ბ2) ამ კანონის 101 მუხლის 34 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში არ დადოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისა;“.

4. 10მუხლის:

ა) 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება − თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას შემსყიდველი ორგანიზაცია სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უთანხმებს. ამ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მიმართვა საჯაროა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოხატვა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების აღნიშნულ მოსაზრებებს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთვის შეთანხმების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

ბ) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:

„34. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით გამოაქვეყნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შექმნილ შესაბამის მოდულში.“.

5. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

დავის განმხილველი ორგანოები და დავის განხილვა

მუხლი 23. დავის განმხილველი ორგანოები

1. სახელმწიფო შესყიდვებთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავა შესაძლებელია განიხილოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭომ (შემდგომ – საბჭო) ან სასამართლომ.

2. ამ თავით დადგენილია სახელმწიფო შესყიდვებთან და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დავის საბჭოს მიერ განხილვის წესი.

მუხლი 23 1. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრების უფლება

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.

2. შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის (შემდგომ – უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია) საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული გადაწყვეტილება/ქმედება ამ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში.

მუხლი 23 2. საბჭო

1. საბჭო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია დავების ამავე კანონის შესაბამისად, სწრაფად, ეფექტიანად და სამართლიანად გადაწყვეტა.

2. საბჭო განცალკევებულია ყველა ორგანოსგან/პირისგან, თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია საბჭოზე ან საბჭოს წევრზე ზემოქმედება მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენის მიზნით.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. საბჭოს რეგლამენტს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

5. საბჭოს თავმჯდომარე არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მარტისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სააგენტოს წარუდგენს საბჭოს გასული წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. ამ ინფორმაციაში მიეთითება სტატისტიკური მონაცემები და ანალიზი, ძირითადი ტენდენციები, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − წინადადებები სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება საბჭოს ვებგვერდზე.

მუხლი 23 3. საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

1. საბჭო შედგება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 5 წლის ვადით დანიშნული 5 წევრისგან. ერთი და იგივე პირი საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ორჯერ. საბჭოს წევრი სახელმწიფო მოსამსახურეა.

2. საბჭოს წევრად შესაძლებელია დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება/უმაღლესი ეკონომიკური განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. ამასთანავე, საბჭოს წევრთა არანაკლებ ნახევარს უნდა ჰქონდეს ამ პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება.

3. არ შეიძლება საბჭოს წევრი:

ა) დასაქმებული იყოს სხვა საჯარო დაწესებულებაში ან/და კერძო დაწესებულებაში;

ბ) ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, პედაგოგიური საქმიანობისა ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა;

გ) კონსულტაციას უწევდეს შემსყიდველ ორგანიზაციას, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს;

დ) იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

4. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქმნის შესარჩევ კომისიას, რომელშიც სხვა წევრებთან ერთად შედიან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეები.

5. საბჭოს წევრობის კანდიდატთა ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში შერჩევის მიზნით შესარჩევი კომისია აცხადებს  საჯარო კონკურსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საბჭოს წევრობის კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა კონკურსის გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღის ვადა.

6. განაცხადების მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 20 დღისა შესარჩევი კომისია იმ პირთაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს წევრობისთვის ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეარჩევს საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორჯერ მეტ კანდიდატს. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში შესარჩევმა კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით. საბჭოს წევრობის კანდიდატთა შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მათ რეპუტაციას, პროფესიულ ცოდნასა და აქტივობას და სამუშაო გამოცდილებას.

7. თუ შესარჩევი კომისია საბჭოს წევრობის კანდიდატებს ვერ შეარჩევს, იგი არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

8. შესარჩევი კომისია შერჩეულ საბჭოს წევრობის კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 10 დღის ვადაში ნიშნავს საბჭოს წევრს/წევრებს ან უარს ამბობს მის/მათ დანიშვნაზე. ამ, უკანასკნელ შემთხვევაში შესარჩევი კომისია არაუგვიანეს 5 დღისა ხელახლა აცხადებს კონკურსს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

9. საბჭოს წევრმა უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღიდან უნდა დატოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი თანამდებობა ან შეწყვიტოს იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობა.

10. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ვადის გასვლისას, თუ იგი ხელახლა არ დაინიშნა თანამდებობაზე ისე, რომ შენარჩუნდეს მისი უფლებამოსილების უწყვეტობა. დაუშვებელია საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) პირადი განცხადების წარდგენა;

ბ) გარდაცვალება;

გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ვ) სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ზ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან იმავე პუნქტით განსაზღვრული შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;

თ) ბოლო 12 თვეში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უფლებამოსილების განუხორციელებლობა და სამედიცინო დასკვნის არსებობა, რომლითაც დასტურდება, რომ საბჭოს წევრი მომავალშიც ვერ შეძლებს უფლებამოსილების განხორციელებას.

11. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის მიერ განცხადების საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენისთანავე. საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება მის მიერ განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე;

ბ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი გარემოების დადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურების მომენტიდან;

გ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ზ“ ან „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტიდან.

12. საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ან მისი შეწყვეტის საფუძვლის/საფუძვლების წარმოშობის თაობაზე. თუ საბჭოს თავმჯდომარეს შეუწყდა უფლებამოსილება ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი/საფუძვლები წარმოიშვა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაბამის ინფორმაციას აწვდის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

13. პირს, რომელსაც შეუწყდა საბჭოს წევრის უფლებამოსილება, შეუძლია მისი შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში.

14. საბჭოს წევრის შერჩევის პროცესი უნდა დაიწყოს საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 60 დღისა და არაუგვიანეს 40 დღისა, ხოლო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 დღისა. საბჭოს ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საბჭოს წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ საბჭოს წინამორბედ წევრს უკვე შეუწყდა უფლებამოსილება, საბჭოს ახლად დანიშნული წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დანიშვნისთანავე დაიწყებს.

მუხლი 23 4. საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

1. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარე:

ა) ნიშნავს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საბჭოს სხდომებს;

ბ) წარმოადგენს საბჭოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობებში;

გ) ხელს აწერს საბჭოს კორესპონდენციას;

დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საბჭოს აპარატს;

ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) თავმჯდომარის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნისას ან უფლებამოსილების შეწყვეტისას. ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან. შესაბამისი კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს სულ ცოტა 2 წევრს. კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საბჭოს თავმჯდომარედ, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ შეიძლება აირჩეს საბჭოს მხოლოდ ის წევრი, რომელსაც აქვს ამ კანონის 233 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული იურიდიული განათლება.

4. საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე არჩეულად ითვლება მისი, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე საბჭოს აღნიშნულ წევრს უწყდება, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება, მიუხედავად იმისა, კვლავ დაინიშნება თუ არა იგი საბჭოს წევრად.

5. საბჭოს თავმჯდომარეს, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, შესაბამისად, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება პირადი განცხადებით – განცხადების საბჭოსთვის წარდგენისთანავე.

6. საბჭოს ახალი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევნები იმართება, შესაბამისად, საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის ან საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 დღისა.

მუხლი 23 5. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა

1. საბჭოს წევრს ეძლევა შრომის ანაზღაურება. საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით, ხოლო საბჭოს სხვა წევრის თანამდებობრივი სარგო – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ტოლფასი ოდენობით.

2. საბჭო ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კონკურენციის სააგენტოსთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს ფუნქციების შესრულებას და მის დამოუკიდებლობას.

3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის წარდგინებით, სამართლებრივი აქტებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.

4. საბჭოს აპარატი:

ა) წარმართავს დავების განხილვის მომზადების შინაუწყებრივ პროცედურებს;

ბ) ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს;

გ) ადგენს საბჭოს სხდომათა ოქმებს;

დ) აწარმოებს საბჭოს კორესპონდენციასა და შინაუწყებრივ დოკუმენტაციას;

ე) ასრულებს ამ კანონით, საბჭოს რეგლამენტითა და საბჭოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე.

6. საბჭოს აპარატის თანამშრომლები შეირჩევიან კონკურსით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კონკურსის ჩასატარებლად შექმნილ საკონკურსო კომისიაში მონაწილეობენ აგრეთვე საბჭოს წევრები.

7. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება კონკურენციის სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი წესით. საბჭოს აპარატის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით.

8. კონკურენციის სააგენტო საბჭოს და საბჭოს აპარატს უზრუნველყოფს საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.

მუხლი 23 6. საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული

1. საბჭოს საქმიანობის ეფექტიანად და საჯაროდ წარმართვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფუნქციონირებს საბჭოსთვის განკუთვნილი სპეციალური ელექტრონული მოდული (შემდგომ – ელექტრონული მოდული).

2. ელექტრონულ მოდულში ქვეყნდება საბჭოსთვის წარდგენილი საჩივრები, მათთვის დართული დოკუმენტები, საჩივრებზე საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული სხვა მასალები, აგრეთვე ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

3. საბჭო/საბჭოს აპარატი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეტყობინებას/ინფორმაციას აგზავნის ელექტრონული მოდულის მეშვეობით, რაც ითვლება შესაბამისი პირისთვის შეტყობინების/ინფორმაციის ჩაბარებად.

4. საბჭო/საბჭოს აპარატი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების/ინფორმაციის გასაგზავნად გამოიყენოს აგრეთვე კომუნიკაციის სხვა საშუალებები (ფოსტა, ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება)), რაც ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად.

5. ელექტრონულ მოდულში არსებული ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ პერსონალური მონაცემებისა, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებას არ ექვემდებარება.

6. ელექტრონული მოდული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ნაწილია. ელექტრონული მოდულის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სააგენტო. სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების შესასრულებლად საბჭოს წევრებს/საბჭოს აპარატის შესაბამის თანამშრომლებს აღნიშნულ სისტემაზე ხელი შეუფერხებლად მიუწვდებოდეთ. ელექტრონულ მოდულს ავითარებს და მასში სათანადო ცვლილებები შეაქვს სააგენტოს საბჭოს მიმართვის ან თანხმობის საფუძველზე. საბჭო ვალდებულია საბჭოს რეგლამენტის ან მასში შესატანი ცვლილების პროექტის ის ნაწილი, რომლის მიღებაც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში/ელექტრონულ მოდულში სათანადო ცვლილების შეტანას საჭიროებს, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენამდე სააგენტოს შეუთანხმოს.

მუხლი 23 7. გადაწყვეტილების/ქმედების საბჭოში გასაჩივრება

1. შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს:

ა) როგორც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, ისე პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება:

ა.ა) გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სატენდერო/საკონკურსო განცხადებასთან და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან;

ა.ბ) ნებისმიერ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მიღებულია/განხორციელებულია სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე;

ა.გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ პუნქტის „ა.ა“ ან „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება;

ბ) მხოლოდ პრეტენდენტს, თუ საჩივარი ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ მიღებულ/განხორციელებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ ექცევა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად მიმწოდებლის სტატუსით რეგისტრირებულ პირს – გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებისას შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს და საჩივარი ეხება გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრდება, თუ საჩივარი ეხება:

ა) ამ კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა და მეთოდის შერჩევას;

ბ) გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას თუ შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია;

გ) საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში − სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის შეჩერებას.

3. შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს შემდეგ ვადებში:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება − სატენდერო/საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებამდე;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო ქმედება – ამ ქმედების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 დღისა, მაგრამ მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შედეგად ხელშეკრულების დადებამდე;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება − აღნიშნული გადაწყვეტილების სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

4. საბჭოს საჩივარი ელექტრონულად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარედგინება. საჩივრის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით.

5. საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა საბჭო განიხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს, თუ:

ა) იგი არაუფლებამოსილმა პირმა წარადგინა;

ბ) მისი წარდგენის ვადა გავიდა ან საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვის დროისთვის უკვე დადებულია ხელშეკრულება;

გ) იგი არ ეხება შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებას/ქმედებას;

დ) შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილება/ქმედება, ამ კანონის შესაბამისად, საბჭოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

ე) დავის საგანი არ არსებობს;

ვ) საბჭოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ზ) არსებობს საბჭოს გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

თ) მასში მითითებული საკითხი სასამართლოს განსჯადია;

ი) სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

6. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ კანონითა და საბჭოს რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი, საბჭო მომჩივანს აძლევს 1 სამუშაო დღის ვადას საჩივრის დასაზუსტებლად. თუ მომჩივანი არ დააზუსტებს საჩივარს, საჩივარი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ავტომატურად დაუშვებლად იქნება ცნობილი (რაც უთანაბრდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას). თუ მომჩივანი დაზუსტებულ საჩივარს წარადგენს, საბჭო დაზუსტებული საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა განიხილავს საჩივრის დასაშვებობის საკითხს. თუ მომჩივანი არასრულყოფილად დააზუსტებს საჩივარს, იგი დაუშვებლად იქნება ცნობილი.

7. საბჭო საჩივარს დაუშვებლად ცნობს იმ შემთხვევაშიც, თუ საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძვლის არსებობა მისი დასაშვებად ცნობის შემდეგ გაირკვევა.

8. საჩივრის დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში.

9. გასაჩივრებული სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე ავტომატურად ჩერდება. სახელმწიფო შესყიდვის პროცესი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ ჩერდება. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია/სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ვალდებულია არ მიიღოს გადაწყვეტილება ან არ განახორციელოს ქმედება გასაჩივრებულ სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრის განხილვის ვადაში. შემსყიდველი ორგანიზაცია/სატენდერო კომისია/უფლებამოსილი ორგანო/შესარჩევი კომისია ასევე ვალდებულია იმავე საკითხზე არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს გამოცხადებული ხელახალი სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები (არსებობის შემთხვევაში). შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შესყიდვა გადაუდებელი აუცილებლობის არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის პროცედურები ჩერდება აგრეთვე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველისთვის/პრეტენდენტისთვის/ შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველისთვის/შერჩევის პროცესის მონაწილისთვის. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იწვევს გამარტივებული შესყიდვის პროცედურების შეჩერებას, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის პროცედურისა.

10. მომჩივანს უფლება აქვს, საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს საჩივარი. ამ შემთხვევაში საჩივარი აღარ განიხილება. მომჩივნის მიერ საჩივრის გამოხმობის შესახებ ინფორმაცია არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში.

მუხლი 238. საჩივრის წარდგენის საფასური

1. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური. საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობაა:

ა) სახელმწიფო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა) დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში – გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არაუმეტეს 500 ლარისა;

ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრის შემთხვევაში – ამ პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 ლარისა და არაუმეტეს 150 000 ლარისა.

2. საჩივრის წარდგენის საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება ამ კანონის 237 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.

3. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება.

4. თუ მომჩივანმა გამოიხმო საჩივარი, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება:

ა) სრული ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომის გამართვამდე;

ბ) ნახევარი ოდენობით − თუ საჩივარი გამოხმობილია საბჭოს სხდომაზე ან მისი გამართვის შემდეგ.

5. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით.

მუხლი 239. საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

1. საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ესწრება, საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.

3. საბჭო საჩივარს იხილავს ღია სხდომაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბჭოს სხდომაზე იმართება ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც საბჭო უსმენს მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში).

4. საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის დღესა და საათს საბჭოს აპარატის წარდგინებით ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. ეს ინფორმაცია ელექტრონული მოდულის მეშვეობით ეცნობებათ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში). დადგენილი წესით მოწვეულ მხარეთა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.

5. საბჭოს სხდომას ხსნის, წარმართავს და ასრულებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომაზე ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

6. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი.

7. საბჭოს წევრი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. ამ შემთხვევაში საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამასთანავე, საბჭოს წევრის აცილების საფუძვლის არსებობისას მხარესა და დაინტერესებულ პირს უფლება აქვთ, საბჭოს სხდომის დასრულებამდე წერილობით წარადგინონ შუამდგომლობა საბჭოს წევრის აცილების შესახებ. საბჭოს წევრის აცილების საკითხს მის დაუსწრებლად წყვეტენ საბჭოს სხვა წევრები ხმების უმრავლესობით. საბჭოს სხვა წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საბჭოს წევრი აცილებულად ითვლება.

8. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა აისახება საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს სხდომის მდივანი.

9. საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით.

მუხლი 23 10. საბჭოს გადაწყვეტილება

1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 239 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

2. საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გადაწყვეტილების მიღების მიზნით იმართება თათბირი, რომელშიც საბჭოს წევრები მონაწილეობენ. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან. საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება ამ გადაწყვეტილებას.

4. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე საბჭოს წევრი.

5. თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრება, ეს აღინიშნება გადაწყვეტილებაში.

6. საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

7. საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ან ქმედების განხორციელებისას და საჩივარში აღნიშნული არ არის.

8. საბჭო უფლებამოსილია საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად:

ა) საჩივარი სრულად დააკმაყოფილოს;

ბ) საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილოს;

გ) საჩივარი არ დააკმაყოფილოს.

9. საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია:

ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე მიუთითოს და შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება მოსთხოვოს;

ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება მოსთხოვოს;

გ) შესყიდვის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

10. საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შედგებოდეს შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან.

11. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და მხარისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად ითვლება.

12. საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა. მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

13. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში – სააგენტოს, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან მისი შესრულების შეფერხების შესახებ.

14. საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას სახელმწიფო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ჩაიდინა გადაცდომა.

მუხლი 23 11. გადაწყვეტილების/ქმედების სასამართლოში გასაჩივრების უფლება

1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს, შერჩევის პროცესში მონაწილეობის მსურველს ან შერჩევის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, შესაბამისად, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის/უფლებამოსილი ორგანოს/შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება პირდაპირ სასამართლოში გაასაჩივროს.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მის საჩივართან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

3.  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება შეუძლია აგრეთვე სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ იგი, როგორც ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანო, მიიჩნევს, რომ საბჭომ არსებითად არასწორად განმარტა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა. ამ შემთხვევაში სააგენტოს სარჩელი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სწორი განმარტების დადგენას და არა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებული საქმის გარემოებების განხილვა-შეფასებას. გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას.

4. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება/ქმედება სასამართლოში გაასაჩივროს. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას, თუ ეს გადაწყვეტილება ეხება შავი სიის ან თეთრი სიის წარმოებას ან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ  სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სააგენტოსთვის შეთანხმებას.“.

მუხლი 2

1. 2021 წლის 1 იანვრამდე:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომ – საბჭო)  ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 233 მუხლით განსაზღვრული წესით დაკომპლექტების მიზნით;

ბ) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად უზრუნველყოს:

ბ.ა) საბჭოს რეგლამენტის დამტკიცება;

ბ.ბ) საბჭოს აპარატის დებულებისა და სტრუქტურის განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტების დამტკიცება.

2. 2021 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) თავმჯდომარემ ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად:

ა) გამოსცეს საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრის შესახებ სამართლებრივი აქტები;

ბ) დააკომპლექტოს საბჭოს აპარატი.

3. კონკურენციის სააგენტომ საბჭოს და საბჭოს აპარატს გამოუყოს ამ კანონით გათვალისწინებული, შეუფერხებელი საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს მთავრობის მიერ საბჭოს რეგლამენტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 15 დღისა განახორციელოს სათანადო ცვლილებები სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

მუხლი 3

1. ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად დაკომპლექტებულმა საბჭომ განიხილოს ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედების შემდეგ წარდგენილი საჩივრები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

2. ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებისთანავე მის ამოქმედებამდე არსებულ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ დავების განხილვის საბჭოს უწყდება უფლებამოსილება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

3. ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე წარდგენილ საჩივრებს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავების განხილვის საბჭო.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოპასუხედ გამოდის საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავების განხილვის საბჭოს წევრს/წევრებს შეუწყდება/შეუწყდებათ უფლებამოსილება, რის გამოც დავების განხილვის საბჭო ვერ შეძლებს საჩივრების განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას, მისი შემადგენლობა შეივსება ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად, მაგრამ დავების განხილვის საბჭოს ახალი წევრის უფლებამოსილება, ნაცვლად 1 წლისა, განისაზღვრება ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების შესრულებამდე.

მუხლი 4. ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დავების განხილვის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი ნორმატიული აქტები ინარჩუნებს ძალას ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში, მათ დასრულებამდე.

მუხლი 5

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-4 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-4 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

2 ივლისი 2020 წ.

N6730-რს