„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2163-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 31/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.017364
2163-IIს
21/03/2014
ვებგვერდი, 27/03/2014
040090000.05.001.017364
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად;“;

ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, აგრეთვე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასა და სატენდერო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;

დ) „მ“ და „მ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი);

1) შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი (შემდგომ – თეთრი სია) – თეთრი სია, რომელსაც  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს. თეთრ სიაში რეგისტრირებული კვალიფიციური მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;

ე) „ო“ და „ო1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საფასური – სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც არ ბრუნდება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა;

1) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;

ვ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროცედურა, რომლის დროსაც ვლინდება საუკეთესო სატენდერო წინადადება;“.         

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შესრულების უფლებამოსილების მქონე ორგანოა ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.     

3. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12–მე-14 პუნქტები:

   „12. 2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება.

13. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებით  დამტკიცებული დებულება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე.

14. 2014 წლის 31 მარტიდან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 თებერვლის №166 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდეს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 მარტი 2014 წ.

N2163-IIს