„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 617-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/04/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.018377
617-IIს
06/04/2017
ვებგვერდი, 21/04/2017
040090000.05.001.018377
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან და სატენდერო/საკონკურსო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;

ბ) „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო1) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“;

გ) „ო1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო2“ ქვეპუნქტი:

„ო2) საჩივრის წარდგენის საფასური – პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის საჩივრის წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ელექტრონული ტენდერი – 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების (გარდა ამ პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ პროცედურებს;“;

ე) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ტ“ და „ტ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარდგენილი ფასი შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით;

1) სტატუსი – კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტული ეტაპი;“;

ზ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) კონკურსი – ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით;“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;“.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ ისინი ერთი წყაროდან ფინანსდება, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისა და ვადების გამოყენებისათვის და სხვა მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით.“;

ბ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესყიდვის ობიექტის (საქონელი, მომსახურება, სამუშაო) განსაზღვრა;“.

5. 101 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით.

2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურებით.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარის და მეტი ღირებულების, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარის და მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვისას სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შეიძლება დადგინდეს ამ კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი ვადები. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისა და ვადების გამოყენებისათვის და სხვა მოთხოვნების შესრულებისათვის თავის არიდების მიზნით.

5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა და ვადების გამოყენებით.“;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 102 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის – საშუალებით.

2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოქვეყნებულად ითვლება. შემსყიდველი ორგანიზაცია საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

8. 121 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზედაც განათავსოს. თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.

2. ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ოფიციალურად გამოქვეყნებულად ითვლება. შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს, ინფორმაციას ხარისხის, ფუნქციონირების, უსაფრთხოების, ზომების, შეფუთვის, ნიშანდებისა და მარკირების, წარმოების მეთოდისა და პროცესის, სიმბოლოების, ტერმინების, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნების შესახებ და სხვა;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო, ევროპის ან საქართველოს სტანდარტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამისი გამოყენებული სტანდარტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმავდროულად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ტერმინი „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“ და სხვა.“;

დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ობიექტისა და სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა. ასეთ შემთხვევაში სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გრძელდება ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით.“.

9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. მოთხოვნები პრეტენდენტებისადმი

შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.“.

10. 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 151. ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი

1. სატენდერო წინადადების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

2. აფიდავიტი, სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები, ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, აგრეთვე სატენდერო წინადადების წარსადგენად განისაზღვრება შემდეგი ვადები:

ა) 150 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 7 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 5 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 2 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად;

ბ) 150 000 ლარის და მეტი ღირებულების ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე;

გ) 300 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად;

დ) 300 000 ლარის და მეტი ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 20 დღე, რომელთაგან სულ მცირე პირველი 15 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 5 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. იმავდროულად, თუ შესასყიდი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, განისაზღვრება არანაკლებ 30 დღე, რომელთაგან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე.

4. ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაუშვებელია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობისათვის განსაზღვრული ვადის შემცირება.

5. პრეტენდენტს უფლება აქვს, სატენდერო წინადადების წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი სატენდერო წინადადების ფასი. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულება შაბათ-კვირას ან უქმე დღეს ემთხვევა, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.

6. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრები აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში.

7. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

8. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

9. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით.“.

11. 161 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – საფასური 5 000 ლარის ოდენობით. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს კონკურსში ან ელექტრონულ ტენდერში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით − კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური.“.

13. 203 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 203. ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა

1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები, სახელმწიფო შესყიდვის აღნიშნული საშუალების თავისებურებათა გათვალისწინებით, შესაძლებელია შეიცავდეს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონით დადგენილი დებულებებისაგან განსხვავებულ დებულებებს.“.

14. 22-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, აგრეთვე ხელშეკრულებისა და ამ კანონის  21-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

15. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით განსახორციელებელ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს კონკურსსა და ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს, მიმწოდებელს შეუძლია სასამართლოში გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ სააგენტო საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს საჩივარს, იგი უფლებამოსილია:

ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მიუთითოს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის დაცვით განხორციელება;

ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მოსთხოვოს მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება;

გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.“;

ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსების წესი, საჩივრის წარდგენის ვადები და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარდგენილ საჩივარს სააგენტო არ განიხილავს.“;

ვ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. სააგენტოსთვის საჩივრის წარდგენისათვის, გარდა სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებისა, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდის და დაბრუნების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი:

„მუხლი 241. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ნორმების ამოქმედება

1. ამ კანონის 101 მუხლის 31 პუნქტში, 121 მუხლის პირველ პუნქტში, 15მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებსა და მე-6 პუნქტში მითითებული, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 121 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსების ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 60 დღისა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 აპრილი 2017 წ.

N617-IIს