ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1775
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 18/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.310.000.05.001.001.914
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1775
24/06/2005
სსმ, 40, 18/07/2005
300.310.000.05.001.001.914
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღებით! თქვენ ეცნობით არა საბოლოო რედაქციას. საბოლოო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (09/12/2005 - 25/05/2006)

საქართველოს კანონი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

კარი I . ზოგადი დებულებანი

თავი I. კანონის რეგულირების სფერო. ტერმინთა განმარტება

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს.

2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.

    მუხლი 2. ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პრინციპები

1. საქმიანობის ან ქმედების სახელმწიფო რეგულირება ლიცენზიით ან ნებართვით ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა ან ქმედება უშუალოდ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხეს ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის სფეროებს. სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუ ლიცენზიის ან ნებართვის გაცემით რეალურად შესაძლებელია აღნიშნული საფრთხის შემცირება ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით საქმიანობის ან ქმედების ლიცენზიით ან ნებართვით რეგულირების მიზანი და ძირითადი პრინციპებია:

ა) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;

ბ) ადამიანის საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა;

გ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა.

3. საქმიანობა ან ქმედება, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საზოგადოებრივ რისკს, სახელმწიფოს მიერ თავისუფლდება რეგულირებისაგან ან რეგულირდება მხოლოდ ნაწილობრივ.

4. შესაძლებელია უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ლიცენზია ან ნებართვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ან კანონით აღიარებული იქნეს და მიენიჭოს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორიც აქვს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას ან ნებართვას.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება:

ა.ა) სარგებლობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რესურსებით სარგებლობის უფლება. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით და უკავშირდება ობიექტს. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაყოს სარგებლობის ლიცენზია ან/და მთლიანად ან ნაწილი გადასცეს სხვა პირს, მათ შორის, მემკვიდრეობით;

ა.ბ) საქმიანობის ლიცენზია – ლიცენზიის სახეობა, რომლითაც პირს ენიჭება ამ კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება. საქმიანობის ლიცენზია გაიცემა მაძიებლის მიერ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ და უკავშირდება სუბიექტს. საქმიანობის ლიცენზიის მემკვიდრეობით ან სხვა სახით გადაცემა დაუშვებელია;

ბ) გენერალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია ერთიანი ზოგადი ლიცენზიის საფუძველზე განახორციელოს მსგავსი ტიპის საქმიანობები და ვალდებული არ არის ცალ-ცალკე მოიპოვოს თითოეული საქმიანობის ლიცენზია;

გ) სპეციალური ლიცენზია – უფლება, როდესაც პირს შეუძლია განახორციელოს რომელიმე ვიწრო საქმიანობა ლიცენზირებადი საქმიანობის ზოგადი სახეობიდან და ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ სპეციალური სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს სპეციალური ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა ისე, რომ არ მოიპოვოს საქმიანობათა უფრო ფართო წრის მარეგულირებელი ლიცენზია;

დ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ე) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. შესაძლებელია ნებართვის გადაცემა სხვა პირისთვის, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან ნებართვა არსობრივად არ არის დაკავშირებული მის მფლობელთან;

ვ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;

ზ) ლიცენზიის მაძიებელი – ლიცენზიის მიღების მსურველი პირი;

თ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი;

ი) ლიცენზიის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას;

კ) ნებართვის გამცემი – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას;

ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონმდებლობის თანახმად ვალდებულია დაადგინოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო და სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებები. დადგენის პროცედურაზე ვრცელდება ამ კანონით ლიცენზიისა და ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესები და პრინციპები;

მ) ერთი სარკმლის პრინციპი – ადმინისტრაციული წარმოების წესი, როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებას. დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადასტურება დაკავშირებული უნდა იყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. ამ პირობების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს ლიცენზიის ან ნებართვის მიღების მიზანს;

ნ) სალიცენზიო რეესტრი (სახელმწიფო, უწყებრივი) – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;

ო) სანებართვო რეესტრი (სახელმწიფო, უწყებრივი) – მონაცემთა სისტემური ერთობლიობა ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების თაობაზე;

პ) ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება;

ჟ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება, ან სხვა ნებართვის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება;

რ) სალიცენზიო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელსაც ლიცენზიის მაძიებელი იხდის კანონით დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სალიცენზიო მოსაკრებლით გაითვალისწინება ლიცენზიის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები;

ს) სანებართვო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის. სანებართვო მოსაკრებლით გაითვალისწინება ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები;

ტ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

უ) სალიცენზიო პირობები – კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად და ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას;

ფ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;

ქ) მშენებლობის ნებართვა – განსხვავებული იერარქიული ნებართვა, რომელიც ნებართვის მაძიებელთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა; II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ სტადიებზე ვრცელდება ამ კანონით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული წესები და პრინციპები. (ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე განიხილება, როგორც არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეიძლება განხილული იქნეს, როგორც არქიტექტურული პროექტი).

    მუხლი 4. დამატებითი ლიცენზიისა და ნებართვის შემოღების დაუშვებლობა

1. ლიცენზირებადი საქმიანობის და სანებართვო ქმედების სფეროების ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს განსაზღვრავს ეს კანონი. დაუშვებელია სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტით ლიცენზიისა და ნებართვის შემოღება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საქმიანობასა და ქმედებაზე.

2. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისეთი ვალდებულების შემოღება, რომელიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე ან ქმედებაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის დაწესებას ან რაიმე სახით ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის აუცილებლობას.

    მუხლი 5. ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება სალიცენზიო და სანებართვო სფეროებში

1. ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოები დგინდება კანონით ან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

2. ამ კანონით დადგენილ საქმიანობასა და ქმედებაზე ლიცენზიასა და ნებართვას, როგორც წესი, გასცემენ სახელმწიფოს ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებები. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი სამთავრობო დაწესებულების დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საქმიანობის ან ქმედების სფეროებსა და სახეებში ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცეს ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის დაწესებულებებს.

კარი II . ლიცენზიის გაცემა

თავი II. ლიცენზიის სახეები

    მუხლი 6. საქმიანობის ლიცენზიის სახეები

1. ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზია.

2. ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზია.

3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია.

4. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციის ლიცენზია.

5. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების,

რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების გადამუშავების ლიცენზია.

6. ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების,

რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირების ლიცენზია.

7. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, რომლებიც დაკავშირებულია

ბირთვულ და რადიაციულ ობიექტებთან, ბირთვულ მასალებთან, რადიაციულ ნივთიერებებთან, მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან და რადიაქტიურ ნარჩენებთან, წარმოების ლიცენზია.

8. ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების გამოყენების ლიცენზია.

9. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზია.

10. კონკრეტული სახეობის იარაღის წარმოების გენერალური ლიცენზია:

ა) კონკრეტული სახეობის იარაღის შეკეთების სპეციალური ლიცენზია.

11. კონკრეტული სახეობის იარაღით ვაჭრობის ლიცენზია.

12. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია.

13. კერძო მაუწყებლობის ლიცენზია.

14. სათემო მაუწყებლობის ლიცენზია.

15. ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია.

16. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია.

17. ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია.

18. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია.

19. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.

20. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია.

21. ნავთობის გადამუშავების ლიცენზია.

22. ბუნებრივი გაზის დამუშავების ლიცენზია.

23. ნავთობის ტრანსპორტირების ლიცენზია.

24. ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

25. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის, გარდა

დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობისა, ლიცენზია.

26. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.

27. მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.

28. უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია.

29. სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია.

30. დაზღვევის ლიცენზია (არა სიცოცხლისა).

31. გადაზღვევის ლიცენზია.

32. საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზია.

33. საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზია.

34. საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

35. არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია.

36. ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია.

37. საბროკერო საქმიანობის ლიცენზია.

38. საფონდო ბირჟის ლიცენზია.

39. ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზია.

40. აქტივების მმართველის საქმიანობის ლიცენზია.

41. სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზია.

42. აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობის ლიცენზია.

43. კლინიკური იმუნოლოგიის და ალერგიულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა კლინიკური იმუნოლოგიის და ალერგიულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა კლინიკური იმუნოლოგიის და ალერგიულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია.

44. ანგიოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ანგიოლოგიური საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ანგიოლოგიური საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

45. განსაკუთრებით საშიშ ინფექციებზე საქმიანობის ლიცენზია.

46. სტაციონარული გინეკოლოგიური საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა გინეკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა გინეკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

გ) გინეკოლოგიური ამბოლატორიული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

47. ენდოკრინულ ავადმყოფობათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ენდოკრინულ ავადმყოფობათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ენდოკრინულ ავადმყოფობათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია.

48. თერაპიული სტაციონარული საქმიანობის ლიცენზია.

49. ინფექციურ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ლიცენზია:

ა.ა) ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა ამბულატორიული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ინფექციურ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ლიცენზია:

ბ.ა) მოზრდილთა ინფექციურ სნეულებათა ამბულატორიული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია.

50. კარდიორევმატოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა კარდიორევმატოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა კარდიორევმატოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

51. კარდიოქირურგიული სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა კარდიოქირურგიული სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა კარდიოქირურგიული სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

52. კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

53. კომბუსტიოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა კომბუსტიოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა კომბუსტიოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

54. კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ლიცენზია.

55. კრიტიკული მედიცინის სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა კრიტიკული მედიცინის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა კრიტიკული მედიცინის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

56. სამეანო სტაციონარული საქმიანობის ლიცენზია.

57. ნარკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ნარკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ნარკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

58. ნერვულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ნერვულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ნერვულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია.

59. ნეიროქირურგიული სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ნეიროქირურგიული სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ნეიროქირურგიული სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

60. ნეონატოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.

61. ნეფროლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ნეფროლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა.ა) ბავშვთა ნეფროლოგიური ამბულატორიული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ნეფროლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ბ.ა) მოზრდილთა ნეფროლოგიური ამბულატორიული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

62. ონკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ონკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა.ა) ბავშვთა ონკოლოგიური ამბულატორიული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ონკოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ბ.ა) მოზრდილთა ონკოლოგიური ამბულატორიული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

63. ორგანოების და ქსოვილების აღების, შენახვის, გადანერგვის ლიცენზია.

64. ოტორინოლარინგოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ოტორინოლარინგოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ოტორინოლარინგოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

65. ოფთალმოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ოფთალმოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ოფთალმოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

66. პედიატრიული სტაციონარული საქმიანობის ლიცენზია.

67. პროქტოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა პროქტოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა პროქტოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

68. რადიოლოგიური სტაციონარული საქმიანობის ლიცენზია:

ა) ბავშვთა რადიოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია;

ა.ა) ბავშვთა რადიოლოგიური ამბულატორიული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა რადიოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ბ.ა) მოზრდილთა რადიოლოგიური ამბულატორიული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

69. რადიოლოგიური დიაგნოსტიკის ლიცენზია.

70. რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის ლიცენზია.

71. პარაზიტულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა პარაზიტულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა პარაზიტულ სნეულებათა სტაციონარული მკურნალობის სპეციალური ლიცენზია.

72. სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ლიცენზია.

73. საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.

74. ქირურგიული სტომატოლოგიის სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ქირურგიული სტომატოლოგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

75. ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

76. უროლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა უროლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა უროლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

77. ფთიზიატრიული სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ფთიზიატრიული სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა.ა) ბავშვთა ფთიზიატრიული ამბულატორიული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ფთიზიატრიული სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ბ.ა) მოზრდილთა ფთიზიატრიული ამბულატორიული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

78. ფსიქიატრიული სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

79. გულმკერდის ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა გულმკერდის ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა გულმკერდის ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

80. ზოგადი ქირურგიის სტაციონარული დახმარების საქმიანობის ლიცენზია:

ა) ბავშვთა ზოგადი ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ზოგადი ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

81. პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

82. სისხლძარღვთა ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა სისხლძარღვთა ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა სისხლძარღვთა ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

83. ჩირქოვანი ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ჩირქოვანი ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ჩირქოვანი ქირურგიის სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

84. ჰემატოლოგიური სტაციონარული საქმიანობის გენერალური ლიცენზია:

ა) ბავშვთა ჰემატოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია;

ბ) მოზრდილთა ჰემატოლოგიური სტაციონარული საქმიანობის სპეციალური ლიცენზია.

    მუხლი 7. სარგებლობის ლიცენზიის სახეები

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.

2. მიწისქვეშა სივრცის გამოყენების ლიცენზია.

3. ნავთობისა და გაზის მოპოვების ლიცენზია.

4. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია:

ა) ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია;

ბ) სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია.

5. თევზჭერის ლიცენზია.

6. რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ლიცენზია (თუ შეზღუდვა შეთანხმებულ ხაზებზე ფრენების სიხშირეებზე დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებით).

7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია;

8. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია.

თავი III. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი

    მუხლი 8. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესი

საქმიანობის ლიცენზია, როგორც წესი, გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით, ამ კანონის VII თავით დადგენილი წესით, გარდა კანონით ზუსტად განსაზღვრული საქმიანობის ლიცენზიის სახეობებისა, რომლებიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით.

    მუხლი 9. საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ საქმიანობის ლიცენზიის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

4. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.

5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სალიცენზიო პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით.

6. თუ ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღებას და იმავე ლიცენზირებული საქმიანობის სფეროში აქვს ლიცენზია, ლიცენზიის გამცემი არ იკვლევს იმ სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ლიცენზიის გაცემისას.

7. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან.

8. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სალიცენზიო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ლიცენზიის გაცემის საფუძველია.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ლიცენზიის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ლიცენზიის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.

11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 25 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 27 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გამცემს.

12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ლიცენზიის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ლიცენზიის გამცემი.

13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სალიცენზიო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

14. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა.

15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

16. თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ლიცენზიის გამცემს ფილიალის მიერ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ლიცენზიის გაცემას.

    მუხლი 10. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

1. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაიცემა მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული საქმიანობის ლიცენზიის სახეები.

2. დაუშვებელია ლიცენზიის გამცემის მიერ ლიცენზიის გაცემა იმ ადმინისტრაციული წარმოების სახით, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს კანონი, ან კონკრეტული ლიცენზიის გაცემის კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოების სახის შეცვლა სხვა ადმინისტრაციული წარმოებით.

3. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად.

4. ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

5. ლიცენზიის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების შესაბამისობას ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან.

6. განცხადების წარმოებაში მიღების შემდეგ ლიცენზიის გამცემი დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისთვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ.

7. განცხადების საჯარო გაცნობისათვის წარდგენიდან 20 დღის განმავლობაში ნებისმიერი პირი უფლებამოსილია წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრებები.

8. ლიცენზიის გამცემი წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 7 დღისა მართავს ზეპირ მოსმენას.

9. ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ლიცენზიის მაძიებელს.

10. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ლიცენზიის სახეებისათვის მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

11. დაუშვებელია ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემის ვადის გაგრძელება, თუ ლიცენზიის მაძიებელს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში არ ეცნობება ლიცენზიის გაცემის ვადის გაგრძელების თაობაზე.

12. თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ლიცენზიის გაცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს.

13. თუ კონკრეტული ლიცენზიის სახე, რომლის გაცემის ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შესაძლებელია, ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ საქმიანობით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი 3 თვე, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ლიცენზიის გაცემის ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელების შესახებ. თუ ზემოაღნიშნული პირობები არსებობს და ცნობილი გახდება ლიცენზიის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ლიცენზიის გაცემის ვადის 6 თვემდე გაგრძელების შესახებ.

14. ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის გაზიარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. ლიცენზიის გამცემი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ვალდებულია საქართველოს მთავრობას დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში და ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს.

15. ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების 3 ან 6 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვადის 2 თვემდე გაგრძელების შესახებ.

16. ამ მუხლის მე-10, მე-13 და მე-14 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა.

17. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება.

18. ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია ლიცენზიის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სალიცენზიო მოწმობა. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სალიცენზიო მოწმობა.

    მუხლი 11. საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

ლიცენზიის გამცემი არ გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ;

ბ) ლიცენზიის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს.

    მუხლი 12. საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის გასაჩივრება

ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

    მუხლი 13. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები

ლიცენზიის გამცემი:

ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს;

გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე;

დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა, საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.

    მუხლი 14. სალიცენზიო მოწმობის ფორმა

სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება კანონით ან/და ლიცენზიის გამცემის ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.

    მუხლი 15. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი (მისი წარმომადგენელი) ლიცენზიის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ლიცენზიის გამცემი გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შესატანად.

3. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 16. საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა.

2. ლიცენზიის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სალიცენზიო საქმიანობა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სალიცენზიო მოწმობა.

5. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით.

თავი IV. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

    მუხლი 17. სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

5. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას.

    მუხლი 18. სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესი

1. სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით.

2. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება.

3. განცხადების ან თავისი ინიციატივის საფუძველზე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტია.

4. სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დგინდება:

ა) მოთხოვნები კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

ბ) დამატებითი სალიცენზიიო პირობები ლიცენზიის მაძიებლისთვის.

დამატებითი სალიცენზიო პირობები დგინდება კანონით.

5. ლიცენზიის გამცემმა სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტისათვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დაადგინოს სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.

6. თუ სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული რესურსით სარგებლობა და ამ სარგებლობისათვის დადგენილი სალიცენზიო პირობები და მოთხოვნები თავისი არსით მოიცავს სხვა ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას/ქმედებას და შესაბამის დამატებით პირობებს, აღნიშნული რესურსით სარგებლობისათვის არ არის აუცილებელი ამ ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვება.

7. აუქციონის წესით კონკრეტული რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა სარგებლობისათვის დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის წამოდგენის საფუძველზე.

8. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები.

9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის დამატებით გამოყენებული იქნეს სხვა საშუალებებიც.

10. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;

ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;

გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

ზ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

11. სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის, რომელზედაც გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, რაოდენობას, მოცულობასა და სარგებლობის წესს განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი.

12. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი.

    მუხლი 19. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ადგენს ლიცენზიის გამცემი.

2. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.

3. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის უვადოდ გაცემა. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის თვისება და სარგებლობის ტექნოლოგიური ხასიათი.

    მუხლი 20. სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები

1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს.

2. ლიცენზიის მფლობელი მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ვალდებულია შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც 3 დღის ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს შესაბამის სალიცენზიო მოწმობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულების ლიცენზიის გამცემის მიერ შეუსრულებლობა არ აბრკოლებს ლიცენზიის მიმღებისათვის შესაბამისი სარგებლობის განხორციელებას.

4. ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა, მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.

5. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობებთან და სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა-დაზიანებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის III თავით დადგენილი წესით.

თავი V. კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე. ლიცენზიის გაუქმება

    მუხლი 21. კონტროლი სალიცენზიო პირობების შესრულებაზე

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას აკონტროლებს ლიცენზიის გამცემი. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ლიცენზიის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.

2. ლიცენზიის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება.

4. თუ წარმოდგენილი ანგარიშგებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის ფაქტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიმართოს ლიცენზიის მფლობელს და მოითხოვოს სალიცენზიო პირობების გონივრულ ვადაში დაცვის შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია.

5. ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული მოთხოვნის შეუსრულებლობა კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

6. ლიცენზიის გამცემი სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სალიცენზიო პირობების შემოწმებით. ლიცენზიის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დაცვასთან.

7. ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია. ლიცენზიის გამცემი შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

8. ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით შერჩევითი შემოწმების განხორციელებაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.

9. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ლიცენზიის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში.

10. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის გამცემს სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

    მუხლი 22. პასუხისმგებლობა სალიცენზიო პირობების დარღვევისათვის. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის.

2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ლიცენზიის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის.

3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ.

5. ლიცენზიის გამცემმა ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.

6. ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

7. ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა;

გ) კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა.

8. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

9. გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ლიცენზიის გაუქმების თაობაზე.

10. სალიცენზიო მოწმობა ლიცენზიის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

11. პასუხისმგებლობა, ლიცენზიის გაუქმების სახით, გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას და ლიცენზიის გამცემი დაასაბუთებს, რომ ლიცენზიის გაუქმება არ გამოიწვევს უფრო მეტ ზიანს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედება.

12. თუ ლიცენზიის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ლიცენზიის მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით ლიცენზირებადი საქმიანობის გაგრძელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სალიცენზიო პირობების შესრულება.

13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სალიცენზიო პირობების შესრულება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება სალიცენზიო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ლიცენზიის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.

14. კანონით გათვალისწინებულ ლიცენზიათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სალიცენზიო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ლიცენზიის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზირებადი საქმიანობის განსახორციელებლად და სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ლიცენზიის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

15. შესაძლებელია ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებული იქნეს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ ლიცენზიის გამცემისათვის წინასწარ ცნობილია, რომ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

16. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელის ხარჯით სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება ლიცენზირებად საქმიანობას. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, სპეციალური მმართველის მიერ განხორციელებული საქმიანობის ყოველთვიურ ანგარიშს ამტკიცებს სასამართლო.

17. სპეციალური მმართველი შესასრულებელი სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით ინიშნება განსაზღვრული ვადით. თუ დადგენილ ვადაში ვერ შესრულდა სალიცენზიო პირობები, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.

18. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სპეციალური მმართველის მოთხოვნისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას ლიცენზირებად საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები. ლიცენზიის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. სპეციალური მმართველის ან თვით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ.

20. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის, სპეციალური მმართველის ანაზღაურება, ხორციელდება ლიცენზიის მფლობელის ხარჯით.

21. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები, ლიცენზირებადი საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებით დარეგულირდეს ლიცენზიის გამცემის ან მისი ზემდგომი (მაკონტროლებელი) ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.

22. თუ ლიცენზიის მფლობელს აქვს გენერალური ლიცენზია და ვერ აკმაყოფილებს მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელ სალიცენზიო პირობებს, იგი უფლებამოსილია განახორციელოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საქმიანობები. ვიწრო საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა არ შეიძლება იყოს გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელების აკრძალვის საფუძველი.

23. გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ მსგავსი ტიპის საქმიანობებიდან რომელიმე ვიწრო სპეციალური საქმიანობის მარეგულირებელი სალიცენზიო პირობების დარღვევით განხორციელება გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ მუხლით დადგენილი წესით.

24. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობებისა და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი და მათი დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კანონის 21-ე და 22-ე მუხლებით დადგენილი წესით.

25. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობებისა და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სარგებლობის ლიცენზიის გაუქმების უფლებამოსილება აქვს სასამართლოს ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე.

    მუხლი 23. ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში

ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ლიცენზიის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

კარი III . ნებართვის გაცემა

თავი VI. ნებართვის სახეები

    მუხლი 24. ნებართვის სახეები

1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა.

2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა.

3. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა.

4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.

5. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა.

6. ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა.

7. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით).

8. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა.

9. ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების ან რადიაქტიური ნარჩენების შეძენის ნებართვა.

10. ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.

11. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის ან ფაუნის სახეობების წარმომადგენლის (წარმომადგენლების) იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.

12. ნადირობის ნებართვა.

13. იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა.

14. იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.

15. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენის ნებართვა.

16. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა.

17. იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.

18. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა.

19. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა.

20. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვა.

21. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვა.

22. იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა.

23. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა.

24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების, მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიქტების მშენებლობის ნებართვა.

25. საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციის ნებართვა.

26. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.

27. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა.

28. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა.

29. საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.

30. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.

31. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.

32. უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტების საქმიანობის ნებართვა.

33. საბაჟო საწყობის (ღია, ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა.

34. დროებითი შენახვის საწყობის (ღია, ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა.

35. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა.

36. საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვა.

37. სამორინეს მოწყობის ნებართვა.

38. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა.

39. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.

40. ლოტოს მოწყობის ნებართვა.

41. ბინგოს მოწყობის ნებართვა.

42. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა.

43. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა.

44. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა.

45. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვა.

46. I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვა.

47. II ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვა.

48. სააფთიაქო პუნქტის მოწყობის ნებართვა.

49. არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა.

50. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვა.

51. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა.

52. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრ ის კანონი № 2236 - სსმ I, 54 , 20 . 12 .200 5 წ., მუხ. 356

თავი VII. ნებართვის მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემის წესი

    მუხლი 25. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით.

2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ ნებართვის რომელი სახის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი, და თანდართული საბუთების ნუსხას.

3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

4. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.

5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.

6. თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს კონკრეტულ ქმედებაზე ნებართვის მიღებას და მსგავსი ტიპის ქმედებაზე აქვს ნებართვა, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადგინდა წინა ნებართვის გაცემისას.

7. ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურება უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ხორციელდება ცალკე ადმინისტრაციული წარმოებით.

8. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია არ წარმოადგინოს დამატებითი სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომლებიც გაიცემა სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ნებართვის გაცემის საფუძველია.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისა და წარმოდგენის მიზნით ნებართვის გამცემი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 84-ე მუხლით დადგენილი წესით, განცხადების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისთანავე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს გადასცემს განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლები მიაწოდოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

10. სხვა ადმინისტრაციული ორგანო მონაწილეობს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში და ვალდებულია შესაბამისი წესით დაადგინოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების წარმოდგენა ნებართვის მაძიებელს არ ევალება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დასაბუთებული უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე.

11. სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის არ არის საკმარისი აღნიშნული ვადა, სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს ვადის გაგრძელება. სხვა ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვალდებულია განცხადების ნებართვის გამცემისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 17 დღისა წარუდგინოს გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს.

12. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის ნებართვის გამცემის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილ ზიანზე პასუხისმგებელია ნებართვის გამცემი.

13. თუ დადგენილ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელდა ფაქტობრივი გარემოების შესაბამისი წესით დადასტურება ან დასაბუთებული უარი მის დადასტურებაზე, კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი სანებართვო პირობები დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.

14. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის მაძიებლისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების წარმოდგენის მოთხოვნა.

15. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში.

16. თუ ნებართვით გათვალისწინებულ ქმედებას ახორციელებს იურიდიული პირი, აღნიშნული ქმედების განხორციელების უფლებამოსილება აქვს ამ იურიდიული პირის ფილიალსაც. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ფილიალის მიერ სანებართვო ქმედების განხორციელებისათვის წინასწარ აცნობოს ნებართვის გამცემს ფილიალის მიერ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შესახებ. დაუშვებელია ნებართვის გამცემის მიერ ისეთი დამატებითი პირობის ან რეჟიმის დაწესება, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის ფილიალისათვის ცალკე ნებართვის გაცემას. თუ იურიდიული პირი ან ფილიალი განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც რეგულირდება ნებართვით და აღნიშნულს არ ითვალისწინებს მათ მიერ მოპოვებული ნებართვა, საჭიროა ამ იურიდიული პირის მიერ შესაბამისი ნებართვის მოპოვება.

    მუხლი 26. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი

1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, ხოლო II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით. მშენებლობის ნებართვა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიები უნდა განხორციელდეს 60 დღის განმავლობაში. თუ II და III სტადიების ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს ერთი და იგივე ადმინისტრაციული ორგანო, ნებართვის მაძიებლის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია აღნიშნული სტადიების გაერთიანება ერთ ადმინისტრაციულ წარმოებად.

3. ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტია და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

4. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ნებართვის სახეებისათვის მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

5. დაუშვებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად ნებართვის გაცემის ვადის გაგრძელება, თუ ნებართვის მაძიებელს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში არ ეცნობება ნებართვის გაცემის ვადის გაგრძელების თაობაზე.

6. თუ კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ნებართვის გაცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში, ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ვადის დამატებით 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. ნებართვის გამცემი ვალდებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის მაძიებელს.

7. თუ კონკრეტული ნებართვის სახე, რომლის გაცემის ვადის გაგრძელება ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შესაძლებელია, ხასიათდება ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, ეხება სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების ფართო წრეს და ამ ქმედებით გათვალისწინებულ გარემოებათა დასადგენად არ არის საკმარისი 3 თვე, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელების შესახებ. თუ ზემოაღნიშნული პირობები არსებობს და ცნობილი გახდება ნებართვის გამცემისათვის განცხადების წარდგენისას, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს მთავრობას ნებართვის გაცემის ვადის 6 თვემდე გაგრძელების შესახებ.

8. ნებართვის გამცემის დასაბუთებული შუმადგომლობის გაზიარების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის ვადის 3 თვით გაგრძელების შესახებ. ნებართვის გამცემი ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას ვალდებულია საქართველოს მთავრობას დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში და ვადის გაგრძელების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის მაძიებელს.

9. ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების 3 ან 6 თვემდე გაგრძელების შემთხვევაში ნებართვის გამცემი უფლებამოსილია სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების ვადის 2 თვემდე გაგრძელების შესახებ.

10. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 20 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ნებართვა გაცემულად ჩაითვლება.

11. ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს სანებართვო მოწმობა. ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს სანებართვო მოწმობა.

    მუხლი 27. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები

ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ:

ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ნებართვის მაძიებლის მიერ;

ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს.

    მუხლი 28. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება

ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

    მუხლი 29. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები

ნებართვის გამცემი:

ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება ან აუქმებს მას;

ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;

გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს იმ ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების თაობაზე, რომელიც გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით;

დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, აგრეთვე ინფორმაციას იმ ნებართვის თაობაზე, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან/და პირად საიდუმლოებას – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას;

ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.

    მუხლი 30. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება კანონით ან/და ნებართვის გამცემის ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.

    მუხლი 31. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

1. სანებართვო მოწმობის (გარდა კვოტების ფარგლებში გაცემული საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი გადაზიდვის ნებართვისა) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.

2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სანებართვო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შესატანად.

3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს.

4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 32. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

1. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის მიღებამდე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება.

2. ნებართვის გამცემის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადაში ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.

3. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.

5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გაგრძელდება, თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები კანონმდებლობით არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითართან ერთად.

6. ნებართვა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით შეიძლება დადგინდეს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.

თავი VIII. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე. ნებართვის გაუქმება

    მუხლი 33. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე

1. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები.

2. ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.

3. ნებართვის გამცემი სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შემოწმებით. ნებართვის გამცემს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დაცვასთან.

4. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტია. ნებართვის გამცემი შერჩევითი შემოწმების განხორციელებისას ვალდებულია ნებართვის მფლობელს წარუდგინოს აღნიშნული ადმინისტრაციული აქტი.

5. ნებართვის გამცემის გადაწყვეტილებით შერჩევითი შემოწმების განხორციელებაში შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ სხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა.

6. ნებართვის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში.

7. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნებართვის გამცემს სანებართვო პირობების შერულების კონტროლის განხორციელება შეუძლია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

    მუხლი 34. პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

1. ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.

2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის.

3. გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.

4. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.

5. ნებართვის გამცემმა ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა დაასაბუთოს პასუხისმგებლობის ამ ფორმის გამოყენების აუცილებლობა.

6. ნებართვის გაუქმება ნიშნავს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადებას.

7. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის:

ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა;

გ) კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა.

8. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი ვალდებულია ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

9. გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნებართვის გაუქმების თაობაზე.

10. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

11. სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

12. თუ ნებართვის გაუქმებამ უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს, ვიდრე ნებართვის მოქმედების გაგრძელებამ, ან არსობრივად შეუძლებელია მისი მოქმედების შეჩერება, ნებართვის გამცემი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნებართვის მფლობელისათვის მის მიერ დადგენილი პირობების დაცვით სანებართვო ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი სანებართვო პირობების შესრულება.

13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის მფლობელის მიერ არ იქნება უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებართვის მფლობელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად მიიღოს გადაწყვეტილება სანებართვო პირობების შესრულების თვითონ ან მესამე პირთა მეშვეობით, ნებართვის მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ.

14. კანონით გათვალისწინებულ ნებართვათა სახეების შემთხვევაში, როდესაც სანებართვო პირობების შესრულება შეუძლებელია ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესით, ნებართვის გამცემის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სანებართვო ქმედების განსახორციელებლად და სანებართვო პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. თუ დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი, ნებართვის გამცემი დასაბუთებული გადაწყვეტილებით ნიშნავს სპეციალურ მმართველს და დაუყოვნებლივ წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად.

15. შესაძლებელია ამ მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტებით დადგენილი წესი გამოყენებულ იქნეს ნებართვის მფლობელის დაჯარიმების მიუხედავად, თუ ნებართვის გამცემისათვის წინასწარ ცნობილია, რომ ნებართვის მფლობელის მიმართ ჯარიმის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სანებართვო პირობების შესრულებას. ნებართვის გამცემი ვალდებულია დაასაბუთოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

16. სპეციალური მმართველი უფლებამოსილია ნებართვის მფლობელის ხარჯით სალიცენზიო პირობების შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს ყველა ღონისძიება, რომელიც უკავშირდება სანებართვო ქმედებას. თუ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი, სპეციალური მმართველის მიერ განხორციელებულ ქმედებათა ყოველთვიურ ანგარიშს ამტკიცებს სასამართლო.

17. სპეციალური მმართველი შესასრულებელი სანებართვო პირობების გათვალისწინებით ინიშნება განსაზღვრული ვადით. თუ დადგენილ ვადაში ვერ შესრულდა სანებართვო პირობები, სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს აღნიშნული ვადა.

18. ნებართვის მფლობელი ვალდებულია სპეციალური მმართველის მოთხოვნისას დაუყოვნებლივ მიაწოდოს მას სანებართვო ქმედებასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია ან მატერიალური საშუალებები. ნებართვის მფლობელის მიერ აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობა ან სპეციალური მმართველისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. სპეციალური მმართველის ან თვით ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური მართვის გაუქმების შესახებ.

20. ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფისაკენ, მათ შორის, სპეციალური მმართველის ანაზღაურება, ხორციელდება ნებართვის მფლობელის ხარჯით.

21. სპეციალური მმართველის უფლებამოსილების, საქმიანობისა და ანაზღაურების საკითხები, სანებართვო ქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელია დამატებით დარეგულირდეს ნებართვის გამცემის ან მისი ზემდგომი (მაკონტროლებელი) ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით.

    მუხლი 35. ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში

ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

კარი IV . სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პასუხისმგებლობა

თავი IX. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

    მუხლი 36. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი ორი სახისაა:

ა) უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი;

ბ) სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი.

2. უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი.

3. ლიცენზიის/ნებართვის გამცემს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში.

4. უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება:

ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის;

ბ) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ;

გ) ლიცენზიის/ნებართვის სახე (სახეები);

დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი.

5. ლიცენზიის ან/და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით ნებართვის გამცემი ვალდებულია:

ა) ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეტანილი მონაცემები შეტანიდან 10 დღის განმავლობაში აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს;

ბ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის და მისი გაუქმების თაობაზე;

გ) ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვებს ნებართვის გამცემი აქვეყნებს საჯაროდ.

6. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი არის ლიცენზიების/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის და მათი გაუქმების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზა.

7. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

8. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე აღინიშნება ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა.

9. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ამ რეესტრის მონაცემების საჯაროობა.

10. ლიცენზიის/ნებართვის შესახებ მონაცემები სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეიტანება სარეგისტრაციო ჩანაწერის სახით, რაც არ გულისხმობს წინა ჩანაწერში რაიმე ცვლილების შეტანის შესაძლებლობას.

11. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან/ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია.

თავი X. პასუხისმგებლობა

    მუხლი 37. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

1. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადგენილ ვადებში ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობა ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიუღებლობა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობაზე გადაყვანას 6 თვის ვადით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.

4. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემის მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-18 პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის დაუყოვნებლივ გაცემაზე უარის თქმა გამოიწვევს ბრალეული თანამდებობის პირის გაფრთხილებას. აღნიშნული სამართალდარღვევის 3 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ამ თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლებას.

5. დაუშვებელია თანამდებობის პირის დანიშვნა იმავე თანამდებობაზე, რომლიდანაც გათავისუფლდა ამ მუხლში მითითებული საფუძვლებით. ასევე დაუშვებელია ამ პირის დანიშვნა გათავისუფლებული თანამდებობის შინაარსისა და ფუნქციის მქონე სხვა თანამდებობაზე.

კარი V . გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

თავი XI. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 38. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების სამართლებრივი სტატუსი

1. თუ კონკრეტული საქმიანობა ან ქმედება, რომელზედაც გაიცემოდა ლიცენზია ან ნებართვა, ამ კანონით აღარ რეგულირდება, არავის აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ამ საქმიანობის ან ქმედების განხორციელებისათვის ლიცენზია ან ნებართვა.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე იმ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაცემული ლიცენზია ან ნებართვა, რომელიც ამ კანონით რეგულირდება, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.

3. თუ კონკრეტულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე გაიცემოდა ლიცენზია და ამ კანონის ამოქმედებიდან გაიცემა ნებართვა, ან პირიქით, ისე, რომ არსებითად არ შეცვლილა სალიცენზიო ან სანებართვო პირობები, ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სალიცენზიო ან სანებართვო მოწმობის გაცემა. ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი ვალდებულია დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი მოწმობა.

    მუხლი 39. სარგებლობის ლიცენზიების გარდამავალი რეგულირება

1. ამ კანონის ამოქმედებამდე კონკრეტულ საქმიანობაზე გაცემული ლიცენზია, რომელზედაც ამ კანონის თანახმად გაიცემა სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი ვადის განმავლობაში.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 40. ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოებისა და გაცემის წესის გარდამავალი რეგულირება

1. საკანონმდებლო აქტებში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე ლიცენზიებისა და ნებართვების გამცემი ორგანოები, გაცემის წესი და პირობები ამ კანონის შესაბამისად დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. თუ საქმიანობის ან ქმედების სალიცენზიო ან სანებართვო პირობები განისაზღვრება საკანონმდებლო აქტით, ლიცენზია ან ნებართვა გაიცემა ამ საკანონმდებლო აქტით დადგენილ პირობათა დაკმაყოფილების შემთხვევაში.

3. თუ ამ კანონით განისაზღვრა ისეთი ლიცენზიის ან ნებართვის სახე, რომლის დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობები არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო აქტით, ამ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებამდე სალიცენზიო ან სანებართვო პირობები დგინდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

    მუხლი 41. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ 2005 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტები.

2. საქართველოს მთავრობამ 2006 წლის 1 იანვრისათვის წარმოადგინოს სურსათის მწარმოებელი საწარმოების რეგულირების გამარტივებული წესები და პირობები.

    მუხლი 42. პროფესიულ საქმიანობათა რეგულირების სისტემის განსაზღვრა

1. პროფესიული საქმიანობა რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.

2. 2005 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პროფესიული საქმიანობის რეგულირება შემდეგი ძირითადი პრინციპების მიხედვით:

ა) პროფესიული საქმიანობების სრული თვითრეგულირება – (ჩვეულებითი რეგულირება) არაარსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის;

ბ) ნაწილობრივი თვითრეგულირება – არსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის;

გ) სახელმწიფო რეგულირება – მაღალი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის.

თავი XII. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 43. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 29 სექტემბრის №472 ბრძანებულება.

    მუხლი 44. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი

 

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1775-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 200 5 წლის 9 დეკემბრ ის კანონი № 2236 - სსმ I,  № 54 , 20 . 12 .200 5 წ., მუხ. 356

 

 

 

78. 19/04/2019 - საქართველოს კანონი - 4523-IIს - ვებგვერდი, 24/04/2019 77. 26/12/2018 - საქართველოს კანონი - 4144-რს - ვებგვერდი, 31/12/2018 76. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4080-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 75. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4081-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 74. 31/10/2018 - საქართველოს კანონი - 3571-Iს - ვებგვერდი, 20/11/2018 73. 20/07/2018 - საქართველოს კანონი - 3218-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 72. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3306-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 71. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2628-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 70. 04/05/2018 - საქართველოს კანონი - 2262-IIს - ვებგვერდი, 24/05/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 69. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1931-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 68. 07/12/2017 - საქართველოს კანონი - 1706-რს - ვებგვერდი, 14/12/2017 67. 28/06/2017 - საქართველოს კანონი - 1111-IIს - ვებგვერდი, 10/07/2017 66. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 895-IIს - ვებგვერდი, 21/06/2017 65. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 856-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 64. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 643-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 63. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 486-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 62. 13/04/2016 - საქართველოს კანონი - 4950-IIს - ვებგვერდი, 26/04/2016 61. 11/11/2015 - საქართველოს კანონი - 4490-Iს - ვებგვერდი, 24/11/2015 60. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3704-IIს - ვებგვერდი, 30/06/2015 59. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3371-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 58. 18/09/2014 - საქართველოს კანონი - 2658-Iს - ვებგვერდი, 02/10/2014 57. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2472-IIს - ვებგვერდი, 12/06/2014 56. 14/05/2014 - საქართველოს კანონი - 2425-IIს - ვებგვერდი, 27/05/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 20/02/2014 - საქართველოს კანონი - 2040-IIს - ვებგვერდი, 27/02/2014 54. 05/02/2014 - საქართველოს კანონი - 1975-IIს - ვებგვერდი, 19/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 53. 29/11/2013 - საქართველოს კანონი - 1684-Iს - ვებგვერდი, 16/12/2013 52. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1076-Iს - ვებგვერდი, 25/09/2013 51. 22/06/2012 - საქართველოს კანონი - 6545-Iს - ვებგვერდი, 04/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 50. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 49. 24/04/2012 - საქართველოს კანონი - 6054-Iს - ვებგვერდი, 27/04/2012 48. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5957-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 47. 27/03/2012 - საქართველოს კანონი - 5941-Iს - ვებგვერდი, 03/04/2012 46. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5854-Iს - ვებგვერდი, 28/03/2012 45. 20/03/2012 - საქართველოს კანონი - 5913-რს - ვებგვერდი, 23/03/2012 44. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5651-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 43. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5647-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 42. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5547-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 41. 09/12/2011 - საქართველოს კანონი - 5450-IIს - ვებგვერდი, 111222017, 22/12/2011 40. 08/11/2011 - საქართველოს კანონი - 5247-IIს - ვებგვერდი, 111122014, 22/11/2011 39. 11/10/2011 - საქართველოს კანონი - 5093-IIს - ვებგვერდი, 111103005, 03/11/2011 38. 13/10/2011 - საქართველოს კანონი - 5121-IIს - ვებგვერდი, 111019015, 19/10/2011 37. 21/06/2011 - საქართველოს კანონი - 4867-რს - ვებგვერდი, 110706011, 06/07/2011 36. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4936-რს - ვებგვერდი, 110630021, 30/06/2011 35. 17/05/2011 - საქართველოს კანონი - 4681-Iს - ვებგვერდი, 110601013, 01/06/2011 34. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4527-Iს - ვებგვერდი, 110502025, 02/05/2011 33. 22/02/2011 - საქართველოს კანონი - 4214-Iს - ვებგვერდი, 110310019, 10/03/2011 32. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4045-რს - სსმ, 75, 27/12/2010 31. 12/11/2010 - საქართველოს კანონი - 3806 - სსმ, 66, 03/12/2010 30. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3735-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 29. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3532 - სსმ, 47, 05/08/2010 28. 21/07/2010 - საქართველოს კანონი - 3550 - სსმ, 46, 04/08/2010 27. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3288 - სსმ, 38, 16/07/2010 26. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3284 - სსმ, 37, 14/07/2010 25. 08/04/2010 - საქართველოს კანონი - 2912 - სსმ, 20, 19/04/2010 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 24. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2176 - სსმ, 42, 10/12/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1972 - სსმ, 35, 19/11/2009 22. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1983 - სსმ, 32, 06/11/2009 21. 24/09/2009 - საქართველოს კანონი - 1694 - სსმ, 29, 12/10/2009 20. 10/08/2009 - საქართველოს კანონი - 1589 - სსმ, 26, 27/08/2009 19. 12/06/2009 - საქართველოს კანონი - 1177 - სსმ, 12, 29/06/2009 18. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1140 - სსმ, 8, 08/04/2009 17. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 874 - სსმ, 41, 30/12/2008 16. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 823 - სსმ, 41, 30/12/2008 15. 05/12/2008 - საქართველოს კანონი - 628 - სსმ, 36, 12/12/2008 14. 21/11/2008 - საქართველოს კანონი - 537 - სსმ, 34, 04/12/2008 13. 19/03/2008 - საქართველოს კანონი - 5947 - სსმ, 8, 28/03/2008 12. 14/03/2008 - საქართველოს კანონი - 5921 - სსმ, 7, 26/03/2008 11. 14/12/2007 - საქართველოს კანონი - 5606 - სსმ, 47, 26/12/2007 10. 08/05/2007 - საქართველოს კანონი - 4715 - სსმ, 18, 22/05/2007 9. 28/03/2007 - საქართველოს კანონი - 4532 - სსმ, 15, 23/04/2007 8. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4233 - სსმ, 50, 30/12/2006 7. 25/07/2006 - საქართველოს კანონი - 3533 - სსმ, 37, 07/08/2006 6. 24/07/2006 - საქართველოს კანონი - 3495 - სსმ, 35, 03/08/2006 5. 30/06/2006 - საქართველოს კანონი - 3427 - სსმ, 25, 13/07/2006 4. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3380 - სსმ, 26, 14/07/2006 3. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3186 - სსმ, 17, 30/05/2006 2. 25/05/2006 - საქართველოს კანონი - 3176 - სსმ, 17, 30/05/2006 1. 09/12/2005 - საქართველოს კანონი - 2236 - სსმ, 54, 20/12/2005
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.