დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5647-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 300310000.05.001.016590 |
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები
1. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.
2. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი აწარმოოს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
3. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/ სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ასლი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ელექტრონულ ასლებს და მათ ამონაბეჭდებს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.
5. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობაში ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატში, ასევე უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.“.
2. მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა და ინფორმაციისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით;“.
3. 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა მონაცემებისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 27 დეკემბერი.
№5647–რს
დოკუმენტის კომენტარები