დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 164 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025799 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (12/03/2020 - 19/02/2020)
საქართველოოს მთავრობის
განკარგულება №164
2020 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“.
2. დაევალოს:
ა) შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყონ ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან), სათანადო ასიგნებების გამოყოფა.
3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
5. განკარგულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულების მე-4 პუნქტი ოპერატიული რეაგირების გეგმით განსაზღვრული ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელი თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ძალაში შევიდეს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა
მუხლი 1. დანიშნულება/ზოგადი ნაწილი
1. ახალი კორონავირუსით 2019-nCov გამოწვეული დაავადების (შემდგომში − კორონავირუსი ) შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის 2019-nCov დაავადების წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირების ღონისძიებებსა და შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს.
2. გეგმაში გაწერილი ქმედებები შეიძლება, შესრულდეს სრულად ან ნაწილობრივ, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესაბამისად.
3. გეგმა მოიცავს კორონავირუსის დაავადების შემთხვევაზე რეაგირების შემდეგ ღონისძიებებს: დაავადების აღმოჩენა, იდენტიფიცირება , დადასტურება და საფრთხის შეფასება; ლაბორატორიული ტესტირება; რეაგირებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შეტყობინება; ეპიდკვლევა/საპასუხო ქმედება; კორონავირუსის დაავადებასთან დაკავშირებული საფრთხის, შედეგების ლიკვიდაციას/შერბილებასა და მდგომარეობიდან გამოსვლასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
მუხლი 2. მიზანი
1. გეგმის მიზანია, უზრუნველყოს კორონავირუსის დაავადების წინააღმდეგ სახელმწიფოს მზადყოფნა როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების კუთხით.
2. გეგმა განკუთვნილია სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებების საქმიანობის წარმართვისა თვის და აღწერს აუცილებელ მოსამზადებელ ღონისძიებებს ადრეული რეაგირების კოორდინირებისათვის.
მუხლი 3. ამოცანები
კორონავირუსის დაავადებაზე ოპერატიული რეაგირებისა და მზადყოფნის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანებია:
ა) კორონავირუსის დაავადების შემოტანის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხეებისათვის შესაბამისად (პროპორციულად) მომზადება;
ბ) უცხოეთიდან კორონავირუსის დაავადების საქართველოში შემოტანისა და ადგილობრივი გადაცემის შემთხვევაში, შედეგების აღკვეთისთვის ან შემცირებისთვის ზომების მიღება;
გ) კორონავირუსის დაავადების ეპიდაფეთ ქების გავრცელების შეჩერების, შენელების, შეზღუდვისა და ანგარიშგების საერთაშორისო ვალდებულებების (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, შემდგომში − ჯანმო ) შესასრულებლად ძალისხმევის ხელშეწყობა;
დ) ეპიდზედამხედველობისა და დიაგნოსტიკური კვლევებ ის ფუნქციების გაძლიერება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისათვის;
ე) კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობისა და დახმარების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება, მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე;
ვ) საზოგადოებისა და მედიის ჩართულობისა და სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.
მუხლი 4. ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები
ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (შემდგომში − ეროვნული ცენტრი) და სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად, უზრუნველყოფს:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების კოორდინაციას ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით;
ბ) ექსპერტების ჩართულობით, შემთხვევათა მართვის პროტოკოლის შემუშავებასა და განახლებას ;
გ) სკრინინგის პროტოკოლის შემუშავებასა და განახლებას;
დ) სკრინინგის განხორციელებას კომპეტენციის ფარგლებში;
ე ) კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიზნით (მ. შ., ლაბორატორიული დიაგნოსტიკა), შემთხვევებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელებას ;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო/დადებითი ნიმუშების გადაგზავნას ჯანმოს რეფერალურ ლაბორატორიაში კონფირმაციისა და დამატებითი კვლევებისათვის;
ზ) შემთხვევათა შემდგომ დაუყოვნებელ ევაკუაციას;
თ) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევის მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირებასა და რეფერალის მექანიზმის ამოქმედებას;
ი) სამედიცინო პერსონალს, ეპიდემიოლოგებსა და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, ჯანმოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით;
კ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ინფექციის კონტროლის ზომების გამკაცრებას ;
ლ) შესაძლო შემთხვევის გამოვლენისთანავე, საქართველოს მთავრობის დაუყოვნებლივ ინფორმირებას, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ ამოქმედების მიზნით.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) საგანგებო მდგომარეობის დროს ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირებასა და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას;
ბ) პაციენტების ტრანსპორტირებისას, სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობაში დახმარებას;
გ) კორონავირუსის დაავადების კერის იზოლაციასა და საკარანტინო ღონისძიებებს;
დ) საზოგადოებრივი წესრიგი სა და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:
ა ) კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას „ სამახსოვროს“ დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში ;
ბ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრთა მართვას:
ბ.ა) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;
ბ.ბ) სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;
ბ.გ) სკრინინგის დროს გამოვლენილი შემთხვევების დაუყოვნებლივ, ადგილზე იზოლაციას;
გ) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ეროვნული ცენტრისათვის.
4. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის დროებით აკრძალვას.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს :
ა) კორონავირუსის გავრცელების არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას „სამახსოვროს“ დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას, შემოსვლის მახასიათებლების (მაგ.: რეისის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობა, თანამგზავრები), საკონტაქტო ინფორმაციისა და გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის მითითებით.
6. ეთხოვოს სსიპ − საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:
ა) ტურისტთა და მოგზაურთა ინფორმირება კორონავირუსის გადაცემის რისკებისა და საჭირო ქმედებების შესახებ;
ბ) სკრინინგის ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართვა უწყებებს შორის შეთანხმებული პროტოკოლის ფარგლებში;
გ) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია, გადახედილ იქნეს ეპიდსიტუაციის რისკების გათვალისწინებით, სამინისტროს მითითების შესაბამისად.
8. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) შესაბამისი საელჩოების ინფორმირებას მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში ავადობასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას;
გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირებას კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევების შესახებ.
9. ამ დანართით გათვალისწინებული უწყებები, ურთიერთკოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფენ მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.
დოკუმენტის კომენტარები