დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1421 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 03/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025847 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1421
2020 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებულ გეგმას დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 მუხლი:
„მუხლი 41. საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების დროებითი წესი
1. თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვება ამ მუხლით განსაზღვრული წესით ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქისათვის, რომელიც ფლობს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამის ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია. ატვირთული დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სისწორეზე პასუხისმგებელია აპლიკანტი.
3. საქართველოს მოქალაქის მიერ შევსებული აპლიკაციის და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შემოწმების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და ამ უწყებების სისტემაში შემავალი დაწესებულებების წარმომადგენლებისაგან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, ამ მუხლის მიზნებისთვის და მხოლოდ შესაბამისი მოცულობით დაამუშავოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაში განთავსებული საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემოწმების შედეგები სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ეცნობება აპლიკანტს, ხოლო აპლიკაციის ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში მართვის ავტომატიზებული სისტემის საშუალებით თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მსურველი საქართველოს მოქალაქის მხოლოდ ამ მუხლის მიზნებისთვის დამუშავებული პერსონალური მონაცემები მიეწოდება ასევე შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს.
6. ამ მუხლით განსაზღვრული პროცესის კოორდინაციასა და საოპერაციო დონეზე მართვას უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები