დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 540 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/03/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025808 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №540
2020 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ მე-4 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ო) თვითიზოლაციის წესების დაცვის კონტროლის გაძლიერების მიზნით, თვითიზოლაციას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიწოდებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის.“;
ბ) მე-2 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ვ) შესაბამისი დანაყოფების მეშვეობით, პირის თვითიზოლაციის ან/და კარანტინში მოთავსების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას საინფორმაციო ბარათების (სამახსოვროს) დარიგებას;
ბ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრთა მართვას:
ბ.ა) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;
ბ.ბ) სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;
ბ.გ) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ეროვნული ცენტრისათვის;
ბ.დ) საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოში ჩამომსვლელი პირებისთვის, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანმოს მიერ განსაზღვრულ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სამხრეთ კორეა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, დანიის სამეფო, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყანა) ან მოემგზავრებიან ასეთი ქვეყნების გავლით, შემდეგი პირობების მოთხოვნას:
ბ.დ.ა) წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში გამომგზავრების ან ტრანზიტული ქვეყნის (ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გარდა) შესაბამისი ლაბორატორიის მიერ;
ბ.დ.ბ) ამ პუნქტის „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლას და შემდეგ სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის პროცედურას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოსვლას, იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს (მათ შორის, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსულს) და შესრულდება შემდეგი პირობები:
გ.ა) საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია;
გ.ბ) სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა სატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას;
გ.გ) განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევის ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ. ამასთან, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის სათანადო დეზინფექცია და თავდაპირველი გამწევის (გამწევი, რომელიც გამოიყენებოდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება;
დ) იმპორტიორების ინფორმირებასა და, საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდაციის მიცემას, რომ ტვირთების ქვეყანაში შემოტანა (შესაძლებლობის შემთხვევაში) განახორციელონ სარკინიგზო ტრანსპორტით;
ე) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, ხოლო სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას მათ დაფიქსირებასა და:
ე.ა) ადგილზევე პირის დაუყოვნებლივ დროებით იზოლაციას და ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე.ბ) თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მის გადაყვანასა და ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.
შენიშვნა: ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში, ამავე პუნქტის „გ.ა“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები ვრცელდება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ავტობუსების ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში.
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ შეზღუდვებს:
ვ.ა ) საჰაერო მიმოსვლის კუთხით:
ვ.ა.ა) აზერბაიჯანიდან და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო სივრცის გამოყენებით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან – 2 კვირის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, ასევე მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;
ვ.ა.ბ) მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის ან/და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და წარმოადგენენ მათ ოჯახის წევრებს), აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, იზღუდება საქართველოდან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაადგილება;
ვ.ა.გ) აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის გავლით საჰაერო გზით მოძრავი ტრანზიტული მგზავრები, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე, არ იზღუდებიან საქართველოდან გასვლაზე;
შენიშვნა: ამ პუნქტის „ვ.ა.ა“ და „ვ.ა.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე, შვილი ან მშობელი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით;
ვ.ბ) სახმელეთო მიმოსვლის კუთხით:
ვ.ბ.ა) აზერბაიჯანიდან და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან სახმელეთო/საკონტროლო გამშვები პუნქტების გავლით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა სხვა ქვეყნიდან – 2 კვირის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;
ვ.ბ.ბ) აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციაში სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის (აზერბაიჯანის ან სომხეთის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეებსა და მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;
ვ.ბ.გ) აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, სომხეთის რესპუბლიკასთან, ან რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება შეუფერხებლად, შესაბამისი წესების და ნორმების თანახმად და პასუხისმგებელი ორგანოების კონტროლის ქვეშ;
ზ) ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა.ა“ და „ვ.ბ.ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები არ ვრცელდება:
ზ.ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
ზ.ბ) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
ზ.გ) ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა.შ.);
ზ.დ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
ზ.ე) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
ზ.ვ) საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
ზ.ზ) ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
ზ.თ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.
შენიშვნა:
1. მესამე ქვეყნებიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტულად მომავალი აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან ორგანიზებულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, შესაბამისი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ.
2. „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების ფარგლებში ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე, შვილი ან მშობელი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით;
თ) ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, დროებითი ღონისძიების სახით, გარკვეული ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანის (ექსპორტი და რეექსპორტი) შეზღუდვას.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები