დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 694 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/04/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025827 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №694
2020 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:
„მუხლი 5. გარდამავალი დებულება უცხოელებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით
1. ამ გეგმის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 30 ივნისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
ა) თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
ბ) თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
გ) თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
დ) თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება უკანონოდ და მასზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იგი წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის.“.
2. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2020 წლის 14 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დოკუმენტის კომენტარები