დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 164 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 28/01/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.025799 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (26/02/2020 - 02/03/2020)
საქართველოოს მთავრობის
განკარგულება №164
2020 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“.
2. დაევალოთ:
ა) შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:
ა.ა) 2020 წლის 1 მარტამდე შეიმუშაონ და დაამტკიცონ საკუთარი სპეციალური ოპერატიული გეგმები, შესაბამისი ფინანსური გათვლებით;
ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საკუთარი ასიგნებებიდან უზრუნველყონ ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება;
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის/სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსის საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან), სათანადო ასიგნებების გამოყოფა.
3. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების საერთო კოორდინაცია განახორციელოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.
31. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, შეასრულოს სამდივნოს ფუნქცია (ინფორმაციის მოგროვება/ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უწყებებისათვის წარდგენა).
4. ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
5. განკარგულება, გარდა მე-4 პუნქტისა, ძალაშია ხელმოწერისთანავე.
6. განკარგულების მე-4 პუნქტი ოპერატიული რეაგირების გეგმით განსაზღვრული ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელი თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის ძალაში შევიდეს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
დანართი
„ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა
მუხლი 1. დანიშნულება/ზოგადი ნაწილი
1. ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების (შემდგომში − კორონავირუსი) შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის (COVID-19) დაავადების წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე რეაგირების ღონისძიებებსა და შესაბამისი სტრუქტურების პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს.
2. გეგმაში აღწერილი ქმედებები შეიძლება, შესრულდეს სრულად ან ნაწილობრივ, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში და საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის წესის შესაბამისად.
3. გეგმა მოიცავს კორონავირუსის დაავადების შემთხვევაზე რეაგირების შემდეგ ღონისძიებებს: დაავადების აღმოჩენა, იდენტიფიკაცია, დადასტურება და საფრთხის შეფასება; ლაბორატორიული ტესტირება; რეაგირებაზე პასუხისმგებელი ორგანოების შეტყობინება; ეპიდკვლევა/საპასუხო ქმედება; კორონავირუსის დაავადებასთან დაკავშირებული საფრთხის, შედეგების ლიკვიდაციასა/შერბილებასა და მდგომარეობიდან გამოსვლასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.
მუხლი 2. მიზანი
1. გეგმის მიზანია, უზრუნველყოს კორონავირუსის დაავადების წინააღმდეგ სახელმწიფოს მზადყოფნა, როგორც პრევენციული ღონისძიებების, ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების კუთხით.
2. გეგმა განკუთვნილია სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებების საქმიანობის წარმართვისათვის და აღწერს აუცილებელ მოსამზადებელ ღონისძიებებს ადრეული რეაგირების კოორდინირებისათვის.
მუხლი 3. ამოცანები
კორონავირუსის დაავადებაზე ოპერატიული რეაგირებისა და მზადყოფნის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ამოცანებია:
ა) კორონავირუსის დაავადების შემოტანის შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხეებისათვის შესაბამისად (პროპორციულად) მომზადება;
ბ) უცხოეთიდან კორონავირუსის დაავადების საქართველოში შემოტანისა და ადგილობრივი გადაცემის შემთხვევაში, შედეგების აღკვეთისთვის ან შემცირებისთვის ზომების მიღება;
გ) კორონავირუსის დაავადების ეპიდაფეთქების გავრცელების შეჩერების, შენელების, შეზღუდვისა და ანგარიშგების საერთაშორისო ვალდებულებების (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) შესასრულებლად ძალისხმევის ხელშეწყობა;
დ) ეპიდზედამხედველობისა და კვლევის ფუნქციების გაძლიერება, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისათვის;
ე) კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დახმარების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვის სისტემების ორგანიზება, ზოგადად, მოსახლეობისთვის აუცილებელი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შეწყვეტის გარეშე;
ვ) საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის, ასევე სწორად ინფორმირების უწყვეტი უზრუნველყოფა.
მუხლი 4. ძირითადი ვალდებულებები და უფლებამოსილებები
ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების მიზნით:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (შემდგომში − ეროვნული ცენტრი) და სსიპ − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან ერთად, უზრუნველყოფს:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნებისთვის, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელების კოორდინაციას ყველა შესაბამის სამთავრობო უწყებასთან თანამშრომლობით;
ბ) ექსპერტების ჩართულობით, შემთხვევათა მართვის პროტოკოლის შემუშავებას;
გ) სკრინინგის პროტოკოლის შემუშავებას;
დ) სკრინინგის განხორციელებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ე) კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიზნით (მ. შ. ლაბორატორიული დიაგნოსტიკა), შემთხვევებზე ეპიდზედამხედველობის განხორციელებას;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, საეჭვო/დადებითი ნიმუშების გადაგზავნას ჯანმოს რეფერალურ ლაბორატორიაში კონფირმაციისა და დამატებითი კვლევებისათვის;
ზ) შემთხვევათა შემდგომ დაუყოვნებელ ევაკუაციას;
თ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან შემოსული მგზავრების კარანტინს, მათი შემდგომი იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით;
ი) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევის მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების იდენტიფიცირებასა და რეფერალის მექანიზმის ამოქმედებას;
კ) სამედიცინო პერსონალის, ეპიდემიოლოგებისა და სხვა მიზნობრივი ჯგუფების უზრუნველყოფას საჭირო ინფორმაციითა და ტრენინგებით, ჯანმოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით;
ლ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ინფექციის კონტროლის ზომების გამკაცრებას;
მ) შესაძლო შემთხვევის გამოვლენისთანავე, საქართველოს მთავრობის დაუყოვნებლივ ინფორმირებას, „განსაკუთრებით საშიშ პათოგენებსა და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების გეგმის“ ამოქმედების მიზნით.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ყველა აღმკვეთი და რეაგირების ღონისძიების კოორდინირებასა და სამედიცინო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას;
ბ) პაციენტების, ასევე იზოლაციისა და შეზღუდვის მიზნით, მოქალაქეთა ტრანსპორტირებისას სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა ტრანსპორტის გადაადგილებაში დახმარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
გ) საკარანტინო ღონისძიებებს − კორონავირუსის დაავადების კერის იზოლაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
დ) საზოგადოებრივი წესრიგისა და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოების დაცვას.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს:
ა) კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას სამახსოვროს დარიგებას, კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან შემოსული მგზავრების საქართველოში განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას − შემოსვლის მახასიათებლების (მაგ.: რეისის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სახეობა, თანამგზავრები), საკონტაქტო ინფორმაციისა და გავრცელების არეალიდან გამოსვლის თარიღის მითითებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას სამახსოვროს დარიგებას;
ბ) კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი (მათ შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან სამი ძირითადი) გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრთა მართვას;
ბ.ა) მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;
ბ.ბ) სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად;
ბ.გ) ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას ეროვნული ცენტრისათვის.
5. სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების შემოტანის აკრძალვას.
6. ეთხოვოს სსიპ − საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება კორონავირუსის ეპიდაფეთქებისა და ამ ვირუსის ზემოქმედების რისკის შემცირების ღონისძიებების შესახებ.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თავის სისტემაში შემავალი სხვა შესაბამისი სტრუქტურების მეშვეობით, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს:
ა) კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის;
ბ) პირდაპირი საერთაშორისო რეისების დროებითი შეწყვეტა:
ბ.ა) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან;
ბ.ბ) ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან 2020 წლის 23 თებერვლიდან;
ბ.გ) შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც აღნიშნული ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია, გადახედილ იქნეს ეპიდსიტუაციის რისკის გათვალისწინებით, სამინისტროს მითითების შესაბამისად.
8. დაევალოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ (ს/ნ: 404389693):
ა) საკუთარი სახსრებით განახორციელოს თერმოსკანერებისა და შესაბამისი აღჭურვილობის დაუყოვნებლივ შესყიდვა, თანმდევი მონტაჟისა და ინტეგრაციის მომსახურებასთან ერთად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში განთავსების მიზნით;
ბ) ამ პუნქტის შესაბამისად შესყიდული თერმოსკანერების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურისათვის დროებით უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემა, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრების სკრინინგის განხორციელების მიზნით;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ჯამური ღირებულება გადააჭარბებს 75,000 ევროს, დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფის მოთხოვნით.
9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს:
ა) შესაბამისი საელჩოების ინფორმირებას მათი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მათი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი რეგულაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თაობაზე;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტური ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ქვეყანაში ავადობასთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას;
გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირებას კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და ასევე სხვა ქვეყნებში საქართველოს მოაქალაქეებისათვის კორონავირუსის დიაგნოზის დადგენის შემთხვევების შესახებ;
დ) მაღალი რისკის ზონად ნომინირებულ ქვეყნებთან დროებით სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობის განხილვას.
10. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამინისტროსა და ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში შესაბამისი პრევენციული ღონისძიების გატარებას.
11. ამ დანართით გათვალისწინებული უწყებები, ურთიერთკოორდინაციის მიზნით, უზრუნველყოფენ მოპოვებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლას.
დოკუმენტის კომენტარები