საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 323
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.000.153
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
323
27/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
010.130.000.05.001.000.153
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/06/2002 - 24/06/2004)

საქართველოს კანონი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.

2. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

თავი II

რეგისტრაცია და რეგისტრაციის მოხსნა

    მუხლი 2

1. საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა შესახებ მონაცემების დადგენის, აგრეთვე მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით დაწესებულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაცია.

2. საქართველოში მცხოვრებ უცხოელად ამ კანონის თანახმად ჩაითვლება საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი.

3. რეგისტრაცია ან რეგისტრაციის არქონა არ შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის, მათ შორის საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვის საფუძველი ან მათი განხორციელების პირობა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო, ნებისმიერი სხვა დაწესებულება ან იურიდიული პირი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურების მიზნით მოითხოვოს მხოლოდ რეგისტრაციის მოწმობის ან მისი ასლის წარდგენა, რომელიც არ საჭიროებს სანოტარო წესით დადასტურებას.

5. სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ სამსახურში მიღებისას, იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებისას ან სხვა მიზნით პირისათვის საცხოვრებელი ადგილიდან ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია.

საქართველოს 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონი №579-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.112

    მუხლი 3

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ გააჩნიათ რამდენიმე საცხოვრებელი – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. პირის საცხოვრებელ ადგილად ამ კანონის თანახმად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს.

3. 16 წლამდე ასაკის პირები, აგრეთვე მეურვეობის და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. მათი დამოუკიდებლად რეგისტრაციაში გატარება დასაშვებია მხოლოდ ზემოთ ხსენებულ პირთა წერილობითი თანხმობით.

    მუხლი 4

1. საცხოვრებელი ადგილის სამ თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია ათ დღეში, ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნების დაცვით, აცნობოს ამის შესახებ ახალ საცხოვრებელ ადგილას შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ხუთ დღეში გაატარებს მას რეგისტრაციაში.

2. რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია პირის რეგისტრაციაში გატარებიდან სამ დღეში აცნობოს ამის შესახებ ორგანოს, სადაც პირი იყო რეგისტრირებული. მან უნდა მოხსნას პირი რეგისტრაციიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი დღის ვადაში.

3. წინასწარი პატიმრობის, სასჯელის მოხდის ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო სამ თვეზე მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას პირი ვალდებული არ არის გაიაროს რეგისტრაცია. ამ შემთხვევაში შესაბამისი ორგანო ვალდებულია პირის ადგილსამყოფელი აცნობოს ორგანოს, სადაც პირი არის რეგისტრირებული.

4. (ამოღებულია).

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

    მუხლი 5

1. რეგისტრაციისათვის პირი ვალდებულია წარადგინოს განცხადება, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, რაც ნიშნავს საცხოვრისის მესაკუთრის ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საცხოვრისის დამქირავებლის წერილობით თანხმობას შესაბამისად საკუთრების ქირავნობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ან სანოტარო წესით დამოწმების გარეშე.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს პირის სახელი, გვარი, ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და განცხადების წარდგენის თარიღი.

2. პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება.

პირი, რომელიც რეგისტრაციაში გატარებულია მისამართის მითითების გარეშე, ვალდებულია სამ თვეში ერთხელ გამოცხადდეს შინაგან საქმეთა იმ ორგანოში, სადაც იგი რეგისტრირებულია.

    მუხლი 6

დაუშვებელია იმ პირისათვის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა, რომელიც წარადგენს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 7.

1. საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ შინაგან საქმეთა ორგანოები.

2. საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას აწარმოებენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობანი ან საკონსულო დაწესებულებანი.

    მუხლი 8

რეგისტრაციისას ყოველ პირზე ივსება სარეგისტრაციო ბარათი, რომელშიც აღინიშნება პირის სახელი, გვარი, სქესი, მისამართი (თუ პირი მიუთითებს მისამართს), დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი, მოქალაქეობა და წინა საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი და შევსების თარიღი.

    მუხლი 9.  

რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია პირის რეგისტრაციაში გატარებიდან ან მოხსნიდან ათი დღის განმავლობაში აცნობოს შესაბამის სამხედრო კოიმისარიატს რეგისტრაციაში გატარების თარიღი და ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნისას – რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი.

    მუხლი 10.

გარდაცვლილი ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას გარდაცვალების მოწმობის წარდგენის ან მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებიდან წერილობითი ინფორმაციის მიღებისას.

მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია გარდაცვალების ფაქტის რეგისტრაციიდან ხუთი დღის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს.

თავი III

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი

    მუხლი 11

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

ბ) ბინადრობის მოწმობა.

    მუხლი 12

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას და მის ვინაობას.

2. ბინადრობის მოწმობა ადასტურებს საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ვინაობას.

    მუხლი 13

1. საქართველოში მცხოვრებ პირთა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებს შინაგან საქმეთა ორგანო.

სხვა სახელმწიფოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის შევსებას, გაცემას და შეცვლას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

2. რეგისტრაციის ორგანო პირადობის (ბინადრობის) მოწმობას გასცემს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან ათი დღის განმავლობაში.

პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შეჩერდება წარდგენილ დოკუმენტებში ყალბი ან არაზუსტი მონაცემების აღმოჩენისას.

    მუხლი 14

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრთვე აფხაზურ ენაზე.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას აძლევენ 16 წლის ასაკს მიღწეულ მოქალაქეს.

3. პირადობის მოწმობის რეკვიზიტებია:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;   

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას შესაბამისი შინაგან საქმეთა განყოფილების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ბეჭედი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ი) შესაბამისი შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის, დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა;

კ) რელიეფური ბეჭედი;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღი;

მ) მოწმობის მოქმედების ვადა;

ნ)მისამართი.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

    მუხლი 15

ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტებია:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას შესაბამისი შინაგან საქმეთა განყოფილების ბეჭედი;

ზ) პირადი ხელმოწერა;

თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ი) შესაბამისი შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის ხელმოწერა;

კ) რელიეფური ბეჭედი;

ლ) მოწმობის გაცემის თარიღი;

მ) მოქალაქეობა;

მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით.

    მუხლი 16

პირადობის მოწმობის მისაღებად ან შესაცვლელად პირი ვალდებულია წარადგინოს დაბადების მოწმობა, ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, – აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 17

ბინადრობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისად უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი საბუთი, ფოტოსურათი და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი.

    მუხლი 18

1. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია შეცვალოს პირადობის მოწმობა 25 და 45 წლის ასაკის მიღწევისას,და საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას ხოლო საქართველოში მცხოვრები უცხოელი – მოწმობაში მითითებული ვადის გასვლისას.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლა ხდება აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის ან გვარის შეცვლისას;

ბ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

გ) ხმარებისათვის უვარგისობის ან დაკარგვისას.

საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

    მუხლი 19

1. პირი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, ვალდებულია ჩააბაროს პირადობის მოწმობა შინაგან საქმეთა შესაბამის ორგანოს.

2. უცხოელი მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც აღარ ცხოვრობს საქართველოში, ვალდებულია ჩააბაროს ბინადრობის მოწმობა შინაგან საქმეთა შესაბამის ორგანოს.

3. გარდაცვლილი პირის, აგრეთვე ნაპოვნი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა ჩაბარდეს შინაგან საქმეთა შესაბამის ორგანოს.

    მუხლი 20

1. აკრძალულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ჩამორთმევა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აგრეთვე მოწმობის დატოვება გირაოდ.

2. რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურებისათვის საჭირო შტამპებისა და ბლანკების ფორმასა და ზომას ადგენს და ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 21

რეგისტრაციაში გატარებისას და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღებისას პირი არ იხდის სახელმწიფო ბაჟს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 22

1. ამ კანონების მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. რეგისტრაციის არქონისათვის არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც აცნობებს რეგისტრაციისათვის პასუხისმგებელ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ და შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 27 ივნისი.

№323-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2000 წლის 27 ოქტომბრის კანონი №579-სსმI, №39, 10.11.2000წ., მუხ.112

2.საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94

56. 17/09/2024 - საქართველოს კანონი - 4443-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/10/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 07/03/2024 - საქართველოს კანონი - 4083-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/03/2024 54. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4024-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 53. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3529-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 52. 30/03/2021 - საქართველოს კანონი - 421-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/04/2021 51. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6997-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 50. 10/06/2020 - საქართველოს კანონი - 6055-IIს - ვებგვერდი, 19/06/2020 49. 04/06/2020 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/1404 - ვებგვერდი, 08/06/2020 48. 22/05/2020 - საქართველოს კანონი - 5926-სს - ვებგვერდი, 28/05/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 47. 26/12/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/12/1404 - ვებგვერდი, 03/01/2020 46. 22/02/2019 - საქართველოს კანონი - 4318-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 45. 26/12/2018 - საქართველოს კანონი - 4137-რს - ვებგვერდი, 10/01/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 44. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3101-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 43. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2637-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 42. 06/06/2018 - საქართველოს კანონი - 2473-რს - ვებგვერდი, 21/06/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 41. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1264-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 40. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 957-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 39. 04/05/2017 - საქართველოს კანონი - 778-IIს - ვებგვერდი, 25/05/2017 38. 21/04/2017 - საქართველოს კანონი - 648-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 37. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 505-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 36. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 51-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 35. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5448-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 34. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5378-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 33. 04/03/2016 - საქართველოს კანონი - 4845-IIს - ვებგვერდი, 22/03/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3938-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3701-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 30. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3390-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 29. 29/07/2014 - საქართველოს კანონი - 2560-რს - ვებგვერდი, 08/08/2014 28. 29/05/2014 - საქართველოს კანონი - 2480-IIს - ვებგვერდი, 29/05/2014 27. 05/03/2014 - საქართველოს კანონი - 2051-IIს - ვებგვერდი, 17/03/2014 26. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1265-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6317-Iს - ვებგვერდი, 19/06/2012 24. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6301-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 23. 16/03/2012 - საქართველოს კანონი - 5852-Iს - ვებგვერდი, 29/03/2012 22. 28/12/2011 - საქართველოს კანონი - 5664-რს - ვებგვერდი, 12/01/2012 21. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5563 - ვებგვერდი, 111228059, 28/12/2011 20. 06/12/2011 - საქართველოს კანონი - 5371-IIს - ვებგვერდი, 111220010, 20/12/2011 19. 01/07/2011 - საქართველოს კანონი - 4986-რს - ვებგვერდი, 110715023, 15/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 24/06/2011 - საქართველოს კანონი - 4937-რს - ვებგვერდი, 110714015, 14/07/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 15/12/2010 - საქართველოს კანონი - 4049-რს - სსმ, 76, 29/12/2010 16. 15/10/2010 - საქართველოს კანონი - 3716-IIს - სსმ, 57, 25/10/2010 15. 01/10/2010 - საქართველოს კანონი - 3653-IIს - სსმ, 53, 11/10/2010 14. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 13. 06/07/2010 - საქართველოს კანონი - 3355 - სსმ, 41, 21/07/2010 12. 01/12/2009 - საქართველოს კანონი - 2213 - სსმ, 42, 10/12/2009 11. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1926 - სსმ, 35, 19/11/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 11/07/2009 - საქართველოს კანონი - 1391 - სსმ, 21, 03/08/2009 9. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 806 - სსმ, 40, 29/12/2008 8. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 5973 - სსმ, 9, 04/04/2008 7. 22/11/2007 - საქართველოს კანონი - 5487 - სსმ, 42, 06/12/2007 6. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2629 - სსმ, 3, 16/01/2006 5. 24/06/2005 - საქართველოს კანონი - 1772 - სსმ, 39, 16/07/2005 4. 06/04/2005 - საქართველოს კანონი - 1231 - სსმ, 18, 27/04/2005 3. 24/06/2004 - საქართველოს კანონი - 181 - სსმ, 19, 15/07/2004 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 21/06/2002 - საქართველოს კანონი - 1569 - სსმ, 21, 12/07/2002 1. 27/10/2000 - საქართველოს კანონი - 579 - სსმ, 39, 10/11/2000