ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ

ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 1/12/1404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 26/12/2019
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016470
1/12/1404
26/12/2019
ვებგვერდი, 03/01/2020
000000000.00.000.016470
ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №1/12/1404

2019 წლის 26 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით:

ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების, 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი“ კონსტიტუციურობა;

ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 (2019 წლის 23 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-8 (2019 წლის 15 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – ნანა სეფაშვილი, ია რეხვიაშვილი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარმომადგენლები – დიანა კვარაცხელია, ნინო პეტრიაშვილი; სპეციალისტები – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციული-ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კაპანაძე და იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტი მამუკა ინაშვილი.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1404) მომართეს ნანა სეფაშვილმა და ია რეხვიაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2019 წლის პირველ მარტს. №1404 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 9 და 10 ოქტომბერს.

2. №1404 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ისინი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც სადავო რეგულაცია არ შეხებიათ და დღემდე სარგებლობენ უვადო პირადობის მოწმობებით. მოსარჩელე მხარემ ასევე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნორმებთან დაკავშირებით და მოითხოვა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების, 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების – „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი“, №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მე-2 პუნქტის, №118 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 (2019 წლის 23 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია), მე-8 (2019 წლის 15 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-9 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობა.

4. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამავე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა. ამავე კანონის 203 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით. ხოლო ამავე კანონის 204 მუხლის პირველი პუნქტი კი ადგენს პასპორტის მოქმედების ვადას.

5. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც „№98 ბრძანებით დამტკიცებული წესი“) მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს რეგისტრაციის მიზნით ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებას. ამავე წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული პირის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შესაძლებელია, წარდგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ამავე წესის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოებს. ხოლო ამავე ბრძანების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს, მათ შორის, 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. აღნიშნული წესის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პასპორტი შეიძლება გასცენ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისაგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. ამავე წესის 58-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები კი განსაზღვრავს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემთხვევებს.

6. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები (შემდგომში ასევე მოხსენიებულია როგორც „№118 ბრძანებით დამტკიცებული დებულება“) არეგულირებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ განსახორციელებელ უფლებამოსილებებს.

7. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი განამტკიცებს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები, განსაზღვრულია აღნიშნული თავისუფლებების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები და დადგენილია, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა რწმენის, აღმსარებლობის ან სინდისის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ნანა სეფაშვილმა, რომლის პირადობის მოწმობასაც გაუვიდა მოქმედების ვადა, მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და მოითხოვა პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა, ისევე როგორც საერთო სასამართლოებმა, მოსარჩელეს განუმარტეს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, შეეძლო მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება.

9. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი ანტიქრისტეს ბეჭდისკენ მიმავალი გზაა, რის გამოც მათი ფლობა ეწინააღმდეგება მართლმადიდებელთა რწმენის თავისუფლებას. კერძოდ, მოსარჩელეთა მითითებით, წმინდა წერილები აფრთხილებს მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არ მიიღონ ელექტრონული დოკუმენტები, ვინაიდან მათი საშუალებით ხდება ადამიანების ტოტალური კონტროლი, რაც უშუალოდ უკავშირდება ბიბლიურ წინასწარმეტყველებას აპოკალიფსის შესახებ.

10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები, თავიანთი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობაზე. ამავდროულად, სადავო ნორმებით დადგენილი უალტერნატივო წესის გამო, ისინი ვერ სარგებლობენ სხვაგვარი დოკუმენტით, რის გამოც რჩებიან სოციალური ცხოვრებისგან სრულად იზოლირებულნი. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო რეგულაციით, სახელმწიფო მათ ავალდებულებს საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ მოქმედებას, რაც არღვევს მათ კონსტიტუციურ უფლებებს.

11. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ელექტრონული დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს (ჩიპი), რომელიც წაკითხვადია დისტანციურად და იძლევა მისი მფლობელის კონტროლის საშუალებას. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ელექტრონულ დოკუმენტებზე განთავსებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება მესამე პირებისთვის ე. წ. წამკითხველების დახმარებით. აღნიშნულის გამო კი იზრდება ელექტრონულ მატარებელზე არსებული მონაცემების შეცვლის, წაშლის და მასში ანტიქრისტიანული სიმბოლოების შეყვანის საფრთხე, რაც არღვევს მართლმადიდებელ ქრისტიანთა რელიგიურ თავისუფლებას.

12. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ბიომეტრიული ფოტოსურათი ჩვეულებრივი ფოტოსურათისგან განსხვავებით, პირის შესახებ მეტი ინფორმაციის შემცველია, რისი წარდგენის იძულებაც ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფალ ნებას. ამავდროულად, ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებას, კანონისგან დამოუკიდებლად, შესაბამისი კანონიერი საფუძვლის გარეშე განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრის ბრძანება. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ გააჩნიათ რელიგიური წინააღმდეგობა ბიომეტრიული ფოტოსურათის გადამღებ ჯიხურებთან მიმართებით, ვინაიდან არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნულ ჯიხურებში მოხდება ადამიანების დანომვრა და მათ ტვინზე ლაზერით მანიპულაციების განხორციელება.

13. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათთვის წამების ტოლფასი მორალური სატანჯველია იძულება, გადადგან ნაბიჯი საკუთარი რწმენის წინააღმდეგ და დათანხმდნენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას. მეორე მხრივ, მოსარჩელეები, ელექტრონული დოკუმენტების უალტერნატივო წესის შემოღების გამო, რჩებიან პირადობის მოწმობის გარეშე, რის გამოც ფაქტობრივად წართმეული აქვთ კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. ამავდროულად, მოსარჩელე ნანა სეფაშვილს პირადობის მოწმობის არქონის გამო ეზღუდება მიმოსვლის თავისუფლება. იგი ქვეყნის ტერიტორიაზე გადასაადგილებლად ვერ სარგებლობს რიგი სატრანსპორტო საშუალებებით, მაგალითად თვითმფრინავით.

14. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ის გარემოება, რომ ელექტრონული დოკუმენტები წარმოადგენს პირის პირადი მონაცემების დაცვის მაღალტექნოლოგიურ, თანამედროვე და გაუყალბებელ დოკუმენტებს, არ შეიძლება გახდეს მოქალაქეთა რწმენისა და სხვა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის თვითკმარი საფუძველი. ამავდროულად, მოსარჩელეთა მითითებით, პირადობის მოწმობის მიზანია პიროვნების მოქალაქეობის, ვინაობისა და საცხოვრებელი ადგილის დადასტურება, რაც არაელექტრონული დოკუმენტებითაც არის შესაძლებელი.

15. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე იმ ნორმების შეჩერების თაობაზე, რომლებიც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისთვის კრძალავს არაელექტრონული დოკუმენტების გაცემას. მოსარჩელე ნანა სეფაშვილის მითითებით, პირადობის მოწმობის უქონლობის გამო იგი მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებები, მათ შორის, პროფესიული საქმიანობა. ამასთან, პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღება მოსარჩელეებისთვის დიდი სულიერი სატანჯველია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით მათ გამოუსწორებელი ზიანი ადგებათ.

16. პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით გარანტირებულ უფლებებს შორის. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული. უფრო მეტიც, მოპასუხის განცხადებით, სადავო ნორმების რეგულირება სცდება აღნიშნული კონსტიტუციური უფლებებით დაცულ სფეროს.

17. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით, ვინაიდან იმ პირებმა, რომლებთან მიმართებითაც მოსარჩელეები ითხოვენ დისკრიმინაციის დადგენას, უვადო პირადობის მოწმობით სარგებლობის უფლება 2011 წლამდე მოქმედი ნორმის საფუძველზე მიიღეს. შესაბამისად, დიფერენცირების ფაქტი განაპირობა იმ ნორმამ, რომელიც დღეს აღარ მოქმედებს. ამავდროულად, მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ უვადო პირადობის მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, ნებისმიერ პირზე გაიცემა ელექტრონული პირადობის მოწმობა და, შესაბამისად, ისინიც მოექცევიან მოსარჩელეთა თანაბარ მდგომარეობაში.

18. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა უფლებებს ზღუდავს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის შემთხვევებს და მასში არ მოიაზრებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს. შესაბამისად, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა პრობლემა არ მომდინარეობს სადავო კანონიდან.

19. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელეებმა ელექტრონულ დოკუმენტებთან მიმართებით საკმარისი დამაჯერებლობით ვერ დაასაბუთეს რელიგიური წინააღმდეგობის არსებობა. მოპასუხე მხარე მიუთითებს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაზე, სადაც ნათქვამია, რომ ID ბარათები არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს. მოპასუხის განცხადებით, ვინაიდან მართლმადიდებლური სწავლება არ მოითხოვს მოსარჩელისაგან ID ბარათზე უარის თქმას, სადავოდ გამხდარი ნორმები არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის დარღვევად.

20. პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ელექტრონული დოკუმენტების შემოღება მიზნად ისახავს მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას და სახელმწიფოში უსაფრთხო სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას. მოპასუხე მხარის განცხადებით, ID ბარათები აღჭურვილია დაცვის სხვადასხვა ფუნქციით, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტის გაყალბებისგან დაცვას. ამავდროულად, სახელმწიფომ იმ პირებს, რომლებიც უკვე სარგებლობდნენ უვადო პირადობის მოწმობებით, არ გაუუქმა აღნიშნული დოკუმენტები და ამით არ შეუქმნა დაბრკოლებები მათ.

21. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ პირადობის მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე (ჩიპზე) დატანილია იგივე ინფორმაცია, რასაც დოკუმენტი ვიზუალურად შეიცავს. ამასთან, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სხვადასხვა ფუნქციის დამატება პირადობის ელექტრონული მოწმობისათვის ხორციელდება მხოლოდ მისი მფლობელის ნებართვით. ამასთან, ელექტრონული პირადობის მოწმობა არ შეიცავს იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი, არაელექტრონული პირადობის მოწმობა.

22. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დიანა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ საკმარისი დამაჯერებლობით ვერ დაასაბუთა რელიგიური წინააღმდეგობის არსებობა ელექტრონულ დოკუმენტებთან მიმართებით. მისი მითითებით, მოსარჩელეებს მართლმადიდებლური რელიგია არ ავალდებულებს, უარი თქვან ID ბარათებზე. ამავდროულად, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეების შიში ელექტრონული დოკუმენტების ჩიპებთან დაკავშირებით ირაციონალურია, ვინაიდან ისინი საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას აღნიშნული მოწყობილობის მახასიათებლების შესახებ.

23. სპეციალისტ მამუკა ინაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გასცეს გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცული უნიფიცირებული დოკუმენტები. შესაბამისად, მისი მითითებით, უნდა გამოირიცხოს, სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე, სხვაგვარი დოკუმენტების გაცემის შესაძლებლობა.

24. სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტმა მიხეილ კაპანაძემ აღნიშნა, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობა შედგება მასალისაგან, რომელიც უზრუნველყოფს მისი მთლიანობის დაცვას. იგი აღჭურვილია დაცვის სხვადასხვა საშუალებებით და გაყალბებისაგან მაქსიმალურად დაცული დოკუმენტია. ამავდროულად, სპეციალისტის განცხადებით, ჩიპი არის დოკუმენტის ყველაზე ძლიერი დამცავი ნიშანი იმ თვალსაზრისით, რომ იგი არის ყველაზე ძნელად გაყალბებადი და, ამავდროულად, ყველაზე მარტივად გადამოწმებადი.

25. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა, არაელექტრონული პირადობის მოწმობისგან განსხვავებით, მინიმუმამდე დაიყვანს არა მხოლოდ პირადობის მოწმობის, არამედ ამ უკანასკნელით წარმოებული ნებისმიერი სამართალურთიერთობის გაყალბების შესაძლებლობას. სპეციალისტის მითითებით, პირადობის არაელექტრონულ მოწმობას დაცვის იგივე ან თუნდაც მიახლოებული საშუალებები არ გააჩნია, რის გამოც ხშირი იყო ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტები.

26. სპეციალისტის მითითებით, დოკუმენტის ჩიპზე იწერება ინფორმაციის მხოლოდ აუცილებელი მინიმუმი, რაც საჭიროა ადამიანის ფიზიკურ და ელექტრონულ სივრცეში იდენტიფიკაციისთვის. კერძოდ, ჩიპზე დატანილია პირის ძირითადი პერსონალური მონაცემები, რაც გრავირებულია პირადობის მოწმობის ზემოდან და მათი მოცულობა მკაცრად არის კანონით განსაზღვრული. ამავდროულად, ID ბარათს გააჩნია ავთენტიფიკაციისა და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისთვის საჭირო სერტიფიკატები, შესაბამისი გასაღებები და არასანქცირებული წვდომისგან დამცავი კოდები.

27. სპეციალისტის განმარტებით, დოკუმენტის ელექტრონულ მატარებელზე დისტანციურად წვდომის განხორციელება, რაზეც მოსარჩელეები აპელირებენ, შეუძლებელია, ვინაიდან მოწმობა პასიურია და მას არ შეუძლია კომუნიკაციის წამოწყება. ამავდროულად, ჩიპზე არსებული მონაცემების ამოკითხვას კრიპტოგრაფიული გასაღებების ან ავთენტიფიკაციის PIN კოდის ცოდნა ესაჭიროება.

28. სპეციალისტის მითითებით, ბიომეტრიული ფოტოსურათი, ჩვეულებრივი ფოტოსურათისგან განსხვავებით, არის უფრო მაღალი გარჩევადობის და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს დოკუმენტის მფლობელის იდენტიფიკაციას. ამავდროულად, სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ფოტოს გადასაღებ ჯიხურებში არ არის გამოყენებული რაიმე ლაზერული სისტემა, რაზეც მოსარჩელეები აპელირებენ. სპეციალისტი ასევე მიუთითებს, რომ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში მოსარჩელეებს აქვთ შესაძლებლობა, ფოტოჯიხურში შესვლის გარეშე, ჩვეულებრივი კამერის წინ გადაიღონ ფოტოსურათი და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაციის მისაღებად.

29. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლისა და სპეციალისტ მიხეილ კაპანაძის განცხადებით, სადავო ნორმები არ უნდა შეჩერდეს, ვინაიდან ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის ბლანკებს სახელმწიფო შეზღუდული რაოდენობით ფლობს. შესაბამისად, შეიქმნება რეალური საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო ვერ დააკმაყოფილებს მოქალაქეთა მოთხოვნას პირადობის მოწმობის გაცემაზე, რაც არსებით პრობლემებს შექმნის როგორც მოქალაქეებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.

2. №1404 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობას. „„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №396 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი 2019 წლის 15 მაისიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ხოლო „„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №444 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი 2019 წლის 23 სექტემბრიდან ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ნორმის ახლებურად ჩამოყალიბება ძველი ნორმის ძალადაკარგულად ცნობას თავისთავად გულისხმობს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-4). შესაბამისად, დასახელებული ნორმები ძალადაკარგულია.

4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებმა ძალა დაკარგეს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას.

5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1404 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების მე-2 მუხლის მე-7 (2019 წლის 23 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-8 (2019 წლის 15 მაისამდე მოქმედი რედაქცია) პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით.

 

2. შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის

6. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

7. მოსარჩელე მხარე ეჭვქვეშ აყენებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოპყრობით გამოწვეულმა დისკომფორტმა განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ წამებად, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობად/სასჯელად. ამასთან, „მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-180).

8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მათთვის წამების ტოლფასი მორალური სატანჯველია იძულება, გადადგან ნაბიჯი საკუთარი რწმენის წინააღმდეგ და დათანხმდნენ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას. მეორე მხრივ, მოსარჩელეები, ელექტრონული დოკუმენტების უალტერნატივო წესის შემოღების გამო, რჩებიან პირადობის მოწმობის გარეშე, რის გამოც ფაქტობრივად წართმეული აქვთ კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა. ამასთან, მათი მტკიცებით, მოსარჩელე ნანა სეფაშვილი პირადობის მოწმობის არქონის გამო ვერ სარგებლობს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით, ვერ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას და ყოველდღიურად განიცდის ტანჯვას.

9. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე რომელიმე ძირითადი უფლების შეზღუდვის დასაბუთება თავისთავად არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად. ამისათვის აუცილებელია, დასაბუთდეს, რომ ნორმით გათვალისწინებული წესი განსაკუთრებული ინტენსივობის უფლებაშემზღუდველი ეფექტით იწვევდეს არაადამიანურ, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს. ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი ღონისძიება, გარკვეული სახით, იწვევს დისკომფორტს და შესაძლოა, არასასიამოვნო იყოს მისი ადრესატებისათვის, თუმცა შეზღუდვა რომ წამებად, ღირსების შემლახველ, არაადამიანურ მოპყრობად ან სასჯელად იქნეს განხილული, საჭიროა, წარმოდგენილი იყოს დამატებითი არგუმენტაცია შეზღუდვით გამოწვეული მოპყრობით გამოწვეული ტანჯვის, დისკომფორტის განსაკუთრებული სიმძიმის თაობაზე.

10. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება რწმენის თავისუფლების შეზღუდვას, აგრეთვე უკავშირდება პირადობის დამადასტურებელი/სამგზავრო დოკუმენტების არქონით გამოწვეულ დისკომფორტს. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომლითაც წარმოჩნდებოდა შეზღუდვის განსაკუთრებული, იმდენად მძიმე ინტენსივობა, რომ იგი გათანაბრებული ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ მოპყრობასთან ან სასჯელთან. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის.

11. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი №1404 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ და მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების, 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებისა და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

 

3. შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულ უფლებას შორის

12. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული უფლება იცავს პიროვნების ავტონომიურობას, პირის თავისუფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, მისი პირადი გონებრივი და ფიზიკური სფერო, სხვებისგან ჩაურევლად, პირადი გადაწყვეტილებით დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა სხვა პირებთან და გარესამყაროსთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

13. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი იცავს ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის მნიშვნელოვან ისეთ უფლებრივ კომპონენტებს, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა მუხლებით დაცულ სფეროში. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების ესა თუ ის უფლებრივი კომპონენტი დაცულია სპეციალური კონსტიტუციური დებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი უნდა შეაფასოს არა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან, არამედ – იმ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით, რომელიც მოცემული უფლებრივი კომპონენტის კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს ადგენს (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ისინი რელიგიური შეხედულების გამო უარს აცხადებენ ელექტრონული მატარებლის შემცველი დოკუმენტების აღებაზე. მათი განმარტებით, სადავო ნორმებით იზღუდება პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ვინაიდან, პიროვნების თავისუფალი ნება რწმენის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია. სადავო რეგულაციით სახელმწიფომ მოსარჩელეებს წაართვა არჩევანის უფლება, ისარგებლონ მათთვის მისაღები დოკუმენტებით. ამავდროულად, მოსარჩელე ნანა სეფაშვილს პირადობის მოწმობის უქონლობის გამო ერღვევა მთელი რიგი უფლებები, მათ შორის საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება.

15. მოსარჩელეთა არგუმენტაცია მიემართება თავისუფლებას, არჩევანი გააკეთონ საკუთარი რელიგიური შეხედულებების მიხედვით და იძულებას, ისარგებლონ იმ დოკუმენტებით, რომელთა ფლობაც, მათივე მტკიცებით, მათ რწმენას ეწინააღმდეგება. თუ მოსარჩელეები რელიგიური შეხედულებების მიუხედავად მაინც ისარგებლებენ პირადობის ელექტრონული მოწმობითა და ბიომეტრიული პასპორტით, მათ აღარ შეეზღუდებათ მთელი რიგი უფლებები, მათ შორის ის უფლებებიც, რომლებიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან. შესაბამისად, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ რწმენის თავისუფლების შეზღუდვას. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თვალნათელს გახდიდა, თუ პირის რწმენის თავისუფლების საწინააღმდეგოდ მოქმედების იძულების გარდა, რით ვლინდება მოსარჩელეთა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვა. რწმენის თავისუფლების კონტექსტში სადავო ნორმების კონსტიტუციურობა შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართების თაობაზე სათანადო არგუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1404 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ და მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების, 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებისა და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

4. შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის

17. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის თავისუფლება დაცულია“.

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „ადამიანის თავისუფლება“ არ მოიცავს თავისუფლების ყველა ასპექტს, როგორც ეს ამ ტერმინის სიტყვასიტყვით წაკითხვის შემდეგ შეიძლება წარმოჩნდეს. იგი გულისხმობს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას, მის უფლებას, თავისუფლად გადაადგილდეს ფიზიკურად, თავისი ნების შესაბამისად, იმყოფებოდეს ან არ იმყოფებოდეს რომელიმე ადგილზე (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის №2/1/415 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თავისუფლების უფლებასთან შინაარსობრივი მიმართება არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმით იზღუდება პირის ფიზიკური თავისუფლება.

19. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას პირადობის მოწმობის არქონის გამო ეზღუდება ქვეყნის ტერიტორიაზე რიგი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შესაძლებლობა. სადავო ნორმები აწესრიგებს პასპორტისა და პირადობის მოწმობის გაცემის წესს, ამავდროულად, განსაზღვრავს აღნიშნული დოკუმენტების გამცემ ორგანოებსა და მათ უფლებამოსილებებს. ხსენებული ნორმები არ არეგულირებს ადამიანის ფიზიკურ გადაადგილებას, თავისუფლებას ან მასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. შესაბამისად, სადავო ნორმებს არ გააჩნია შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლით დაცულ თავისუფლების უფლებასთან (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის №2/10/604 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თენგიზი ლატარია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-23).

20. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1404 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ და მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების, 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებისა და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

5. ბიომეტრიულ მონაცემებთან დაკავშირებული არგუმენტაცია

21. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 203 მუხლის მე-2 პუნქტის, 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით.

22. დასახელებული სადავო ნორმებით დადგენილია, რომ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეიძლება გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი). ამავდროულად, ნორმები ადგენს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემის გამონაკლის შემთხვევებს და ამგვარი პასპორტის მოქმედების მაქსიმალურ ვადას.

23. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები იმპერატიულად მოითხოვს პირისგან პასპორტის ასაღებად ბიომეტრიული მონაცემების გაცემას. მოსარჩელეების მითითებით, ბიომეტრიულ მონაცემებში არ იგულისხმება მხოლოდ ფოტოსურათი, არამედ ისეთი მონაცემებიც, როგორიც არის თითის ანაბეჭდი და სახის წერტილოვანი გამოსახულება. სადავო რეგულაციით კი მოსარჩელეები იძულებულები არიან, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გასცენ ბიომეტრიული მონაცემები, რაც ეწინააღმდეგება მათ რწმენის თავისუფლებას და თანასწორობის უფლებას.

24. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 203 მუხლის 21 პუნქტი განსაზღვრავს ბიომეტრიულ პასპორტზე დატანილ რეკვიზიტებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიომეტრიულ პასპორტს უნდა ჰქონდეს მონაცემთა მატარებელი (ჩიპი), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად შეიცავს პასპორტის მფლობელის სახის გამოსახულებას, თითის ანაბეჭდებსა და ხელმოწერის ნიმუშს. სხდომაზე მოწვეული სპეციალისტის განმარტებით, სხვა მონაცემების მსგავსად, ბიომეტრიული მონაცემის დანიშნულება, პირის იდენტიფიკაციაა. ამავდროულად, ბიომეტრიული მონაცემი თავისი უნიკალური და მუდმივი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაზე ზუსტად ახდენს პირის იდენტიფიცირებას.

25. სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელეები აპელირებენ მონაცემთა ელექტრონული მატარებლიდან, ჩიპიდან ინფორმაციის დისტანციურად მოხსნის შესაძლებლობაზე. მოსარჩელე მხარემ არაერთხელ მიუთითა, რომ ელექტრონული მატარებელი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მესამე პირებმა წვდომა განახორციელონ აღნიშნულ მოწყობილობაზე, წაშალონ ან შეცვალონ მასზე არსებული ინფორმაცია და მასში, მისი რწმენით ანტიქრისტიანული სიმბოლოები დაამატონ. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელეთათვის პრობლემურია ელექტრონული მატარებლის შემცველი დოკუმენტი, პასპორტი და მის ელექტრონულ მატარებელზე შესაბამისი, მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების დატანა. მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს, თუ როგორ შეიძლება პირის რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდეს ცალკე აღებული ის გარემოება, რომ პირის იდენტიფიცირება უკეთ ხდება ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე.

26. ამრიგად, მოსარჩელეთა არგუმენტაცია რელიგიურ გრძნობებთან წინააღმდეგობისა და წარმოდგენილი ნორმების არაკონსტიტუციურობის შესახებ უკავშირდება არა კონკრეტულად რომელიმე მონაცემის (მათ შორის, ბიომეტრიული მონაცემების) პასპორტზე დატანას, არამედ აღნიშნული მონაცემების ელექტრონული მატარებლის (ჩიპი) შემცველ დოკუმენტზე განთავსებას. სადავო ნორმები არ აწესრიგებს ელექტრონული მატარებლის შემცველობის მქონე პასპორტის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ ადგენს, რომ ბიომეტრიული მონაცემები აუცილებლად ელექტრონულ მატარებელზე უნდა განთავსდეს. ნორმებით განისაზღვრება პასპორტზე ბიომეტრიული მონაცემების არსებობის აუცილებლობა და ის საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც შესაძლებელია, პასპორტი გაიცეს ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე. შესაბამისად, არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება დასახელებულ სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით და მე-16 მუხლით გარანტირებულ უფლებებს შორის.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1404 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი, 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

6. ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენასთან დაკავშირებული არგუმენტაცია

28. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმებით მოწესრიგებულია პირადობის მოწმობის გაცემისას, აგრეთვე პირის რეგისტრაციისას ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები.

29. კერძოდ, №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის მიზნით, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი. ამავე წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენის შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული პირის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, ხოლო 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენას ადგენს პირადობის მოწმობის გაცემის წინაპირობად.

30. მოსარჩელე მხარის მითითებით, მისთვის პრობლემურია ის ფაქტი, რომ ბიომეტრიული ფოტოსურათი უფრო კარგად ასახავს პირის სახის მახასიათებლებს, ვიდრე ჩვეულებრივი ფოტოსურათი, თუმცა იგი არ ასაბუთებს, რატომ ზღუდავს მის კონსტიტუციურ უფლებებს ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულება. მოსარჩელეები, ამ მხრივ, აღნიშნავენ, რომ ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებას კანონისგან დამოუკიდებლად ადგენს სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რაც მოსარჩელეთა მხრიდან მისი არაკონსტიტუციურობის მოთხოვნის საფუძველი გახდა. კერძოდ, მოსარჩელეთა მტკიცებით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებში მითითებულია ის რეკვიზიტები, რომლებიც დაიტანება პირადობის მოწმობაზე. ხსენებული ნორმის შესაბამისად, პირმა უნდა წარმოადგინოს ფოტოსურათი, თუმცა იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის სადავო ნორმებით დაწესდა ბიომეტრიული ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულება.

31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის წარმოჩენისკენ მიმართული არგუმენტაცია თვისობრივად განსხვავდება კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასაბუთებისგან. შესაბამისად, კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე მითითება ვერ გამოდგება უფლების შეზღუდვის დასაბუთების თვითკმარ საფუძვლად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის №1/9/1343 განჩინება საქმეზე, „სს ტრანსსერვისი“ და ლევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-14). ამგვარად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია სადავო ნორმების კანონთან შეუსაბამობის თაობაზე, ვერ იქნება განხილული სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე წარმოდგენილ დასაბუთებად.

32. მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ მათ რელიგიური წინააღმდეგობა აქვთ ბიომეტრიული ფოტოს გადამღებ ჯიხურებში ფოტოს გადაღებასთან, ვინაიდან მათი მტკიცებით, აღნიშნულ ჯიხურებში ხდება ადამიანების დანომვრა და ტვინზე მანიპულაციების განხორციელება. უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმები არ აწესრიგებს პირადობის მოწმობის გაცემის/რეგისტრაციისათვის წარსადგენი ბიომეტრიული ფოტოების გადაღებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, მოსარჩელეს არ მიუთითებია არც სხვა ნორმატიულ აქტებზე ან ადმინისტრაციული ორგანოების/სასამართლოს პრაქტიკაზე, საიდანაც წარმოჩნდებოდა, რომ სადავო ნორმების მიხედვით, მხოლოდ რომელიმე განსაზღვრულ ფოტოჯიხურებში გადაღებული ფოტოების წარდგენა დაიშვება. სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტმა მიხეილ კაპანაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრებში პირებს საშუალება აქვთ, ფოტოჯიხურში შესვლის გარეშე, ჩვეულებრივი კამერის წინ გადაიღონ ფოტოსურათი. შესაბამისად, სპეციალისტის მითითებით, მოსარჩელეებს შესაძლებლობა აქვთ, არ ისარგებლონ ფოტოჯიხურებით. შესაბამისად, მოსარჩელეთა არც ეს არგუმენტაციაა საფუძვლიანი.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1404 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

7. პირადობის მოწმობის გამცემი ორგანოების უფლებამოსილება

34. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით.

35. აღნიშნული სადავო ნორმები განსაზღვრავენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოებს და არეგულირებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ განსახორციელებელ უფლებამოსილებებს, მათ შორის, ადგენენ აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის უფლებამოსილებას.

36. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ დღეს სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ სამსახურს აქვს მინიჭებული ელექტრონული პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის უფლებამოსილება. შესაბამისად, ტერიტორიული სამსახურები, კანონმდებლობით განსაზღვრული ობიექტური გარემოებების არსებობის გარდა, არ გასცემენ სხვაგვარ დოკუმენტებს. აშკარაა, რომ მოსარჩელეებისთვის პრობლემურია ელექტრონული პირადობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის უალტერნატივო წესის არსებობა და არა კონკრეტული ტერიტორიული სამსახურისთვის აღნიშნული დოკუმენტების გაცემის უფლებამოსილების მინიჭება. შესაბამისად, აღნიშნული ნორმები საერთოდ არ განსაზღვრავს, თუ რომელი სახის პირადობის მოწმობა/პასპორტი უნდა გაიცეს ან რა შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება სადავო ნორმების შინაარსის არასწორ აღქმას.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1404 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

8. პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა

38. მოსარჩელე ითხოვს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.

39. აღნიშნული სადავო ნორმა განსაზღვრავს პირადობის მოწმობის ვადას. კერძოდ, ხსენებული ნორმის მიხედვით, პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, გაიცემა 6 თვემდე ვადით. ხოლო ამავე კანონის შესაბამისად, პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა 10 წლის ვადით.

40. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „რწმენის თავისუფლება, თავისი ყველაზე საწყისი გაგებით, გულისხმობს, სახელმწიფოსგან ჩარევის გარეშე, ამა თუ იმ რწმენის გაზიარებას, არჩევას, საკუთარი თავის მისდამი მიკუთვნებას (პოზიტიური თავისუფლება) ან უარყოფას, შეცვლას (ნეგატიური თავისუფლება), ანუ ადამიანის აზროვნების შინაგანი სფეროს დაცვას. ამ დონეზე რწმენის თავისუფლების დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან შეიძლება გამოიხატოს ადამიანზე იდეოლოგიური, ფსიქოლოგიური და მორალური ზემოქმედებით, დაშინებით, იძულებით უარი თქვას კონკრეტულ რწმენაზე, შეიცვალოს ის (და გაიზიაროს რომელიმე სხვა რწმენა). [ამასთანავე] რწმენის თავისუფლება მოიცავს მისი გამოვლენის – რწმენის შესაბამისად ცხოვრების წარმართვის უფლებასაც (მოქმედების სფერო)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის N1/1/477 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12,13).

41. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მის რელიგიურ შეხედულებას ეწინააღმდეგება ელექტრონული მატარებლის, ჩიპის შემცველი პირადობის მოწმობის მიღება. ამავდროულად, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ სარწმუნო არგუმენტაცია იმის შესახებ, რა კავშირშია არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის 6-თვიანი ვადა მათ რწმენის თავისუფლებასთან. შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებულ უფლებას შორის.

42. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1404 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

9. ცალკეული ნორმების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არგუმენტაციის არარსებობა

43. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს იუსტიციის მინისტრის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით, თუმცა მოსარჩელე მხარეს არ მოუყვანია არცერთი არგუმენტი, რომელიც შინაარსობრივად ხსენებულ ნორმებთან იქნებოდა დაკავშირებული.

44. შესაბამისად, №1404 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

10. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება

45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1404 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

11. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება

46. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია, გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები.

 

11.1. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების წინაპირობები

47. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე აღნიშნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ან/და საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ნორმის მოქმედებით გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევის საფრთხე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას ... საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ... კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია, ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-31-35).

48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

49. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა შეიძლება იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდეს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას შეუძლია, მოახდინოს მოსარჩელე მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილება, მისი პრევენცია. სადავო ნორმის შეჩერება საფუძველს მოკლებული შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ შეჩერების შედეგად შეუძლებელი იქნება ფაქტობრივი სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).

50. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

51. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ. კერძოდ, უნდა დადგინდეს შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხეს და შესაძლებელია თუ არა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გზით ამგვარი საფრთხის თავიდან აცილება, აგრეთვე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, სხვა პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხეც.

 

11.2. გამოუსწორებელი შედეგი

52. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების იმ ნორმატიული შინაარსის შეჩერებას, რომელიც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისთვის ზღუდავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის მიღების შესაძლებლობას. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი არიან კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირები და თავიანთი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, უარს აცხადებენ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობაზე. ამავდროულად, სადავო ნორმებით დადგენილი უალტერნატივო წესის გამო, მოსარჩელე ნანა სეფაშვილი, რომლის პირადობის მოწმობასაც გაუვიდა მოქმედების ვადა, რჩება სოციალური ცხოვრებისგან სრულად იზოლირებული, მათ შორის, იგი ვერ ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით მათ გამოუსწორებელი ზიანი ადგებათ.

53. როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე გაიცემა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში. აღნიშნული ობიექტური გარემოებების ჩამონათვალს კი განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი და მასში არ მოიაზრება შემთხვევა, როდესაც პირი რწმენის მოტივით უარს აცხადებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი პირადობის მოწმობის აღებაზე. კერძოდ, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი; დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. შესაბამისად, პირებს, რომლებიც რწმენის მოტივით უარს აცხადებენ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი დოკუმენტის მიღებაზე, ეზღუდებათ უფლება, რელიგიურ წინააღმდეგობაზე მითითებით მოითხოვონ არაელექტრონული პირადობის მოწმობის მიღება.

54. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამავე კანონის 111 მუხლის მიხედვით, პირის იდენტიფიცირებისთვის, მისი პირადობის დასადასტურებლად აუცილებელია, მასზე გაცემული იყოს პირადობის მოწმობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირადობის მოწმობის გარეშე პირი ვერ მონაწილეობს ან შეფერხებით მონაწილეობს ნებისმიერ კერძო ან საჯარო სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელში მონაწილეობისთვისაც პიროვნების იდენტიფიცირებაა საჭირო. მაგალითად არჩევნებში მონაწილეობა, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გარიგების დადება, დასაქმება, განათლება, სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, რიგი სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობა, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებთან ურთიერთობა, სამედიცინო მომსახურების მიღება და ა.შ.

55. ამრიგად, საკმაოდ ფართოა იმ ურთიერთობათა წრე, რომელთა სარგებლობისთვისაც საჭიროა პირის იდენტიფიცირება. პირი, რომელიც რწმენის მოტივით უარს აცხადებს ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტამდე არსებითად მოკლებულია შესაძლებლობას, სრულყოფილად ისარგებლოს ყოველდღიური ყოფითი ცხოვრებისთვის საჭირო აუცილებელი სერვისებით და სრულყოფილად განახორციელოს მთელი რიგი კანონითა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. რწმენის თავისუფლების ამგვარ შეზღუდვას ეფექტი აქვს იმდენად ყოვლისმომცველ და მნიშვნელოვან ურთიერთობათა სპექტრზე, რომ სადავო ნორმების განგრძობადი მოქმედებით, მისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც.

56. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედება იწვევს მოსარჩელის უფლებების მიმართ გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხეს.

 

11.3. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით გამოუსწორებელი შედეგის აღმოფხვრის შესაძლებლობა

57. როგორც აღინიშნა, მოქმედი კანონმდებლობა, ზოგადად, არ გამორიცხავს პირადობის მოწმობის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შესაძლებლობას. შესაბამისად, მოქმედი სისტემა ცალკეულ შემთხვევაში ითვალისწინებს არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს შესაბამისი ინსტიტუციური და ადმინისტრაციული რესურსი, რომ გასცეს ასეთი ტიპის პირადობის მოწმობები.

58. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადება და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ზღუდავს პირის შესაძლებლობას, რწმენის მოტივით უარი თქვას ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე და მოითხოვოს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

59. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში აღარ იმოქმედებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი იმ პირებისათვის, რომლებიც რწმენის მოტივით უარს აცხადებენ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველი დოკუმენტების აღებაზე. შესაბამისად, პირები შეძლებენ არაელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებას და არ მიადგებათ გამოუსწორებელი ზიანი. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება იქნება გამოუსწორებელი შედეგის აღმოფხვრის ეფექტიანი საშუალება.

 

11.4. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით მესამე პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხე

60. მოპასუხე მხარე სადავო რეგულაციის შემოღების მიზნად ასახელებს მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას, აგრეთვე სახელმწიფოში უსაფრთხო სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას. კერძოდ, იგი აღნიშნავს, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობა აღჭურვილია გაყალბებისგან დაცვის ეფექტური საშუალებებით. ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაყალბების რისკები მაღალია და სახელმწიფო ობიექტური გარემოებების მიღმა ვერ დაუშვებს ამგვარი დოკუმენტების გაცემას. მოპასუხე მხარის განცხადებით, შესაძლებელია, რწმენის მოტივით არაელექტრონული პირადობის მოწმობის მიღების პირთა რაოდენობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ შეზღუდული რესურსების პირობებში ვერც კი შეძლოს ყველა მათგანის ინტერესის დაკმაყოფილება და მოუწიოს არაგონივრული ხარჯების გაღება. ამავდროულად, მოპასუხე აღნიშნავს, რომ რთული იქნება პირის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ფაქტის დადგენაც.

61. მოპასუხე მხარე აპელირებს არაელექტრონული დოკუმენტის გაყალბების მაღალ რისკებზე, თუმცა მას არ წარმოუდგენია მყარი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ ამგვარი რისკის დაზღვევა მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით ხდება და, ობიექტურად, არ არსებობს გონივრული შესაძლებლობა, რომ გაყალბებისგან დაცვის მინიმალური სტანდარტების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამზადდეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხდომაზე მოწვეულ სპეციალისტებს არ წარმოუდგენიათ კონკრეტული ფაქტები ან რაიმე სტატისტიკა, რომელიც სასამართლოს ნათლად დაანახვებდა პირადობის არაელექტრონული მოწმობის გაყალბების საფრთხის გარდაუვალობასა და გაყალბების ფაქტების მასშტაბურობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ამგვარი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობას, თუმცა განსახილველ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის ფორმატში ეს არ მომხდარა.

62. არაელექტრონული პირადობის მოწმობის არასანდოობის კონტექსტში ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოების მხედველობაში მიღება, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უკავშირდება რომელიმე კონკრეტული ფორმით ან მასალით დამზადებულ პირადობის მოწმობას. არსებული სასარჩელო მოთხოვნისა და ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმგვარი პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე, რომელიც არ შეიცავს ელექტრონულ მატარებელს. შესაბამისად, თეორიულად შესაძლებელია, შენარჩუნდეს დღეს მოქმედი ელექტრონული პირადობის მოწმობის ფორმა, გაყალბებისაგან დაცვის არსებული უსაფრთხოების მახასიათებლები (მათ შორის, მასალა, ბეჭდვის ტიპი, ჰოლოგრამა და ა. შ.), თუმცა იგი გაიცეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის გარეშე.

63. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავს პირადობის მოწმობის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში ცალკეულ პირებს უფლება აქვთ, ისარგებლონ არაელექტრონული პირადობის მოწმობით. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, დღეს სახელმწიფოში 330000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს უვადო არაელექტრონული პირადობის მოწმობით.

64. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ უფრო არადამაჯერებელი ხდება წარმოდგენილი მტკიცება არაელექტრონული დოკუმენტების არასანდოობის და მათი გაცემის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანების საფრთხის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ არაელექტრონული პირადობის მოწმობა ვერ უზრუნველყოფს სანდოობისა და გაყალბებისგან დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, არაგონივრული იქნებოდა სახელმწიფოს მიდგომა, ერთი მხრივ, ცალკეულ შემთხვევაში ასეთი დოკუმენტების გაცემისა და, მეორე მხრივ, დიდი რაოდენობის მოქალაქეებისათვის ასეთი დოკუმენტების შენარჩუნების პირობებში.

65. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს ადმინისტრაციული ხასიათის სირთულეებზე, რასაც შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში. უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული ხასიათის სირთულეები არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის საფუძველი. მოპასუხეს არ მიუთითებია რაიმე ისეთ ადმინისტრაციულ სირთულეზე, რომელიც შესაძლებელია, გამხდარიყო მოსარჩელის მიმართ გამოუსწორებელი ზიანის საფრთხის აცილების საპირწონე ინტერესი.

66. მოპასუხე ასევე მიუთითებდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის დადგენის შეუძლებლობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამისი გარემოებების ანალიზის შედეგად შესაძლებელია იმის დადგენა, აქვს თუ არა პირს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ კეთილსინდისიერი, რწმენით ნაკარნახევი წინააღმდეგობა. ამის მაგალითები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაშიც მოიძებნება. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენდა იმ პირთა მიმართ, რომლებიც, რწმენის თავისუფლების მოტივით, უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე. ანალოგიურად, ყოველ კონკრეტულ საქმეზე შესაძლებელია დადგინდეს, აცხადებს თუ არა პირი ელექტრონული შემცველობის მქონე პირადობის მოწმობის აღებაზე უარს რწმენის გამო.

67. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც ზღუდავს ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის მოტივით უარს აცხადებენ ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღებაზე.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10, მე-11, 121, მე-13 და მე-16 პუნქტების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

 

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1404 კონსტიტუციური სარჩელი („ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:

ა.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“ და მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას;

ა.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით:

ბ.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას;

ბ.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1404 კონსტიტუციური სარჩელი („ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-12 მუხლთან და მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:

ა.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების, 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი“ კონსტიტუციურობას;

ა.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების და მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას;

ა.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას.

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით:

ბ.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი“ კონსტიტუციურობას;

ბ.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას;

ბ.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას.

გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით:

გ.ა) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით“, 203 მუხლის მე-2 პუნქტისა და 204 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი“ კონსტიტუციურობას;

გ.ბ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, 27-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას;

გ.გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას.

3. შეწყდეს საქმე №1404 კონსტიტუციურ სარჩელზე („ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 (2019 წლის 23 სექტემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მე-8 პუნქტების (2019 წლის 15 მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-12 მუხლთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-16 მუხლთან მიმართებით.

4. ამ საოქმო ჩანაწერის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას პირებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღებაზე.

5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8. საოქმო ჩანაწერი დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე