„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5973
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 04/04/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.05.001.003.180
  • Word
5973
21/03/2008
სსმ, 9, 04/04/2008
010.130.000.05.001.003.180
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

1. საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი 14 წლის ასაკის მიღწევიდან არა უგვიანეს 6 თვისა ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ აქვთ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი – ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

2. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სურვილისამებრ შეუძლიათ ასევე 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მცხოვრებ უცხოელს.

3. 14 წლამდე პირის რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა ხორციელდება ამ პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

4. პირი, რომელსაც დაბადების რეგისტრაციისას მიენიჭება პირადი ნომერი, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან.

5. პირის საცხოვრებელ ადგილად, ამ კანონის თანახმად, მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს.

6. 16 წლამდე პირი, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირები რეგისტრაციას გაივლიან მშობლებთან, მეურვესთან, მზრუნველთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. ასეთ შემთხვევაში მათი რეგისტრაციისათვის საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის. მათი დამოუკიდებლად გატარება რეგისტრაციაში დასაშვებია მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთის წერილობითი თანხმობით.

7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

8. საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაცია შეიძლება გაიაროს მხოლოდ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, ასევე საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელიც რეგისტრირებული არ არის საქართველოში და სურს აიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

10. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ საზღვარგარეთ რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეზე, მისი სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გასცეს პირადობის მოწმობა.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზღვარგარეთ მისამართზე რეგისტრაციისათვის მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის.

12. საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირზე გაიცემა შესაბამისი საკონსულო აღრიცხვის ბარათი, რომელიც ძალაშია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტთან ერთად.

13. საკონსულო აღრიცხვისა და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

14. საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციისა და საკონსულო აღრიცხვის შესახებ ინფორმაციას საკონსულო დეპარტამენტი ყოველი თვის ბოლოს უგზავნის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტოს).

15. პირის რეგისტრაციის, საკონსულო აღრიცხვის, საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და გაცემული დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია აისახება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

    მუხლი 4

1. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად და პირადობის მოწმობის მისაღებად ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში გაატარებს მას რეგისტრაციაში. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე.

2. რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია პირის რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღეში აცნობოს ამის შესახებ იმ ორგანოს, სადაც პირი იყო რეგისტრირებული, ხოლო ამ უკანასკნელმა უნდა მოხსნას პირი რეგისტრაციიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ერთი დღის ვადაში. რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად ითვლება პირის ახალ მისამართზე რეგისტრაციის თარიღი.

3. წინასწარი პატიმრობის ან სასჯელის მოხდის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგილსამყოფლის შესახებ, რაზედაც შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

4. სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურში ყოფნის გამო პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის 3 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგილსამყოფლის შესახებ, რაზედაც შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

5. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია კანონით დადგენილი წესით, პირის რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის მოწმობის მიღების მიზნით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. შესაბამის წერილობით მიმართვასა და განცხადება-ანკეტას უნდა დაერთოს პირის 2 ფოტოსურათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა. თუ დაწესებულების ადმინისტრაციას ასეთი დოკუმენტები არა აქვს, პირის რეგისტრაცია და პირადობის მოწმობის გაცემა შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, მათი არსებობის შემთხვევაში. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება დაწესებულების მისამართი. პირადობის მოწმობა პატიმრობაში მყოფი პირის განთავისუფლებამდე ინახება შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციაში.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირი, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას გაივლის იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. ასეთ შემთხვევაში განცხადება-ანკეტაში მიეთითება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

პირისათვის, რომელიც წარადგენს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, დაუშვებელია რეგისტრაციაზე უარის თქმა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. რეგისტრაციის გავლისას დაუშვებელია აგრეთვე ამ კანონით გაუთვალისწინებელი სხვა დოკუმენტის მოთხოვნა.“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციას, საკონსულო აღრიცხვას, მისი რეგისტრაციიდან და აღრიცხვიდან მოხსნას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.“.

5. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია 14-დან 65 წლამდე მამაკაცის რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში აცნობოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს სამხედრო განყოფილებას რეგისტრაციის თარიღი და ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ხოლო რეგისტრაციიდან მოხსნიდან 10 დღის ვადაში – რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი.

    მუხლი 10

გარდაცვლილი რეგისტრაციიდან მოიხსნება გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად. რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად მიეთითება გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11

1. საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;

ბ) ბინადრობის მოწმობა.

2. ბინადრობის მოწმობა არის მუდმივი და დროებითი.

3. დროებითი ბინადრობის მოწმობა ასევე გაიცემა ლტოლვილად ცნობილ პირზე „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

7. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ლტოლვილად ცნობილ პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობა ადასტურებს მის მოქალაქეობას, ვინაობას, საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ ადგილს და სტატუსს.“.

8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13

1. საქართველოში მცხოვრები პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

2. სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემას და შეცვლას ახორციელებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირადობის (ბინადრობის) მოწმობას გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პირადობის მოწმობას გასცემს 1 თვის ვადაში.

4. გაცემულ დოკუმენტებში შეუსაბამობის არსებობისას ზუსტ მონაცემებად მიიჩნევა დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემები, ხოლო იმ პირთა მიმართ, რომელთა დაბადებაც რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ, – მათ დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები.“.

9. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 20 წლამდე პირებზე გაიცემა 3 წლის ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებზე – 10 წლის ვადით, ხოლო 65 წლის ზევით – უვადოდ.“.

10. მე-15–მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15

1. ბინადრობის მოწმობის რეკვიზიტებია:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) დაბადების წელი, თვე და რიცხვი;

დ) დაბადების ადგილი;

ე) პირადი ნომერი;

ვ) ფოტოსურათი, რომელსაც უნდა დაესვას სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გერბიანი ბეჭედი;

ზ) მოქალაქეობა;

თ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;

ი) პირადი ხელმოწერა;

კ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ლ) რელიეფური ბეჭედი;

მ) მოწმობის გაცემის თარიღი;

ნ) მისამართი;

ო) რეგისტრაციის თარიღი;

პ) მოწმობის მოქმედების ვადა.

2. დროებითი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობისა – 5 წლით.

    მუხლი 16

პირადობის მოწმობის მისაღებად ან შესაცვლელად პირი ვალდებულია წარადგინოს დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ფოტოსურათი, ხოლო თუ წარდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, აგრეთვე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენისათვის საჭირო საბუთი. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება წარდგენილი და გამოყენებულ იქნეს დაბადების მოწმობის ნაცვლად, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 17

1. ბინადრობის მოწმობის მისაღებად პირი ვალდებულია წარადგინოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფოტოსურათები და საქართველოში კანონიერად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ბინადრობის მოწმობის მისაღებად ლტოლვილად ცნობილი პირი ვალდებულია წარადგინოს მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფოტოსურათები.“.

11. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ვალდებულია ჩააბაროს პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია პირის მოქალაქეობრივი მდგომარეობის შესახებ ცვლილების თაობაზე აცნობოს სააგენტოს 10 დღის ვადაში.“.

12. მე-20 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული მონაცემებით სარგებლობის წესი, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით აღნიშნული მონაცემების გაცემისა და გაცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

13. III1 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

14. 201 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) წარმოადგენს მათი პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

12. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის, მოქალაქეობისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებია: დიპლომატიური პასპორტი და სამსახურებრივი პასპორტი.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილად ცნობილ პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.

22. სამგზავრო დოკუმენტი ვარგისია ლტოლვილის გასასვლელად საქართველოდან საზღვარგარეთის ყველა სახელმწიფოში, გარდა თავისი მოქალაქეობის ან ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა, ასევე გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა არ ითვლება უსაფრთხოდ.“;

გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური.

4. სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. საქართველოს მოქალაქის დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივ პასპორტს ასევე გასცემს სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.

6. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

15. 202 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მიღების უფლების მქონე პირთა წრე და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პასპორტს გასცემს დაინტერესებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება – 1 თვის ვადაში.“;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაინტერესებული პირი პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტასთან ერთად წარადგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, ფოტოსურათს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.“;

ვ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71–75 პუნქტები:

„71. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე.

72. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირადობის მოწმობების ნაცვლად წარადგენენ ბინადრობის მოწმობებს.

73. სამსახურებრივი პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად პირი არ წარადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

74. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

75. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია ფოსტის მეშვეობით მიმართოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას და მიიღოს პასპორტი.“;

ზ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე.“;

თ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81–84 პუნქტები:

„81. ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ:

ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;

გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია.

82. 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, თუ იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

83. თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ვერ ხერხდება ორივე კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, მათ მაგივრად შეიძლება წარდგენილ იქნეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა.

84. საზღვარგარეთ მყოფი არასრულწლოვნისათვის (14 წლის ასაკს მიღწეული პირისათვის) პასპორტის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენა სავალდებულო არ არის.“;

ი) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემისა და გაფორმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;

კ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

16. 204 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პასპორტის მოქმედების ვადაა 10 წელი, ხოლო 18 წლამდე პირზე გაცემული პასპორტისა – 3 წელი.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადაა 2 წელი.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს პროკურორის დადგენილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების ღონისძიების გაუქმების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე აღნიშვნა კეთდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

6. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერება გულისხმობს პირის საქართველოდან გასვლის ან საზღვარგარეთ გადაადგილების უფლების შეზღუდვას.“.

17. 205 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა ხდება პირის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით, შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის, გვარის შეცვლისას;

ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას;

გ) ვიზებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;

დ) ხმარებისათვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.“.

18. 207 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 207

1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, 5 წლით, თუ იგი გაცემულია 5 წლის მოქმედების ვადით და მისი მფლობელი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასპორტის მოქმედების ვადას საქართველოში აგრძელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო საზღვარგარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად მისი მფლობელის გამოცხადება არ არის სავალდებულო.“.

19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III2 თავი:

„III2. გარდამავალი დებულება

    მუხლი 209

საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი, რომლებმაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მიაღწიეს 14 წლის ასაკს, ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.“.

   

 

   მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 21 მარტი.

№5973–რს