დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მეწარმეთა შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 577 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტი |
მიღების თარიღი | 28/10/1994 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს რესპუბლიკის კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 28/10/1994 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.000.000.05.001.000.087 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (28/10/1994 - 13/06/1996)
საქართველოს რესპუბლიკის კანონი
მეწარმეთა შესახებ
I. ზოგადი ნაწილი
მუხლი 1. გამოყენების სფერო
1.1. ეს კანონი აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს. სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
1.2. სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო და სანოტარო, სააუდიტო, სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა; სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო წარმოებები შეიძლება არსებობდეს 2.1 მუხლში გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, თუ მათი მფლობელი რეგისტრაციაში გატარდება. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.
მუხლი 2. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები. მათი დაფუძნება
2.1. საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური საწარმო, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს) ან კოოპერატივი.
2.2. ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობებში იგი გამოდის თავისი სახელით.
2.3. საწარმო შეიძლება შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის (სახელმწიფო) ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მიერ არა მხოლოდ ამ კანონის 2.1 მუხლით გათვალისწინებული ფორმით, არამედ შეიძლება იმართებოდეს უშუალოდ ამ ორგანოთა მიერ (სახაზინო საწარმო). ასეთი საწარმო შეადგენს სამეწარმეო მიზნებისათვის განკუთვნილ სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების განცალკევებულ ქონებას. ამასთან, ეს საწარმო არის იურიდიული პირი და ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელწოდებით, რომლითაც იგი შეიტანება სამეწარმეო რეესტრში. მათ მიმართ გამოიყენება 1–10, 13, 14.6 და 14.7, 15–19 მუხლები. სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებით შეიძლება სახაზინო საწარმოს რეორგანიზაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოებებად ამ კანონის 5.4.3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, თუკი საწარმო სამეწარმეო რეესტრში უკვე რეგისტრირებულია.
2.4. საწარმო, გარდა კოოპერატივისა, რომელშიც ორმოცდაათზე მეტი პარტნიორია, უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით.
2.5. საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. საწარმო, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, გარდა 2.3 მუხლში გათვალისწინებული საწარმოსი.
თუ რეგისტრაციამდე საზოგადოების სახელით რაიმე მოქმედება განხორციელდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგაც.
2.6. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის და სააქციო საზოგადოებები, კოოპერატივები და 2.3 მუხლში გათვალისწინებული საწარმოები წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.
ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს როგორც ფიზიკური პირი.
2.7. საზოგადოების წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. წესდებას ხელს აწერენ საზოგადოების მონაწილენი – პარტნიორები. ხელმოწერა რწმუნებულის მეშვეობით დაიშვება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის შექმნის დოკუმენტები უნდა შეიცავდეს მე-5 მუხლში მოცემულ სარეგისტრაციო პირობებს. საზოგადოების წესდება შეიძლება შეიცავდეს დამატებით წესებს მხოლოდ მაშინ, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული ან არ ხელყოფს სამართლებრივ და ეკონომიკურ ურთიერთობებს და არ ცვლის სამეწარმეო საზოგადოებათა ფორმების შესახებ კანონით გათვალისწინებულ დებულებებს.
მუხლი 3. პასუხისმგებლობა. შესატანი. ცვლილებები საწესდებო კაპიტალში. თანასწორუფლებიანობა. ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის უფლებები
3.1. ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის პირადად აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე.
3.2. სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები და კომანდიტური საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები) საზოგადოების ვალდებულებებზე კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებზე პასუხს აგებს უშუალოდ, მთლიანად, პირდაპირ, შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით. პარტნიორებს შორის სხვაგვარი შეთანხმება ბათილია მესამე პირისათვის.
3.3. საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას, შესატანი შეიძლება დათქმულ იქნეს და შესრულდეს ნებისმიერი ვალუტით. საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით. შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აგრეთვე სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტების სახით, რომლებიც შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის საზოგადოებებში უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა (არაფულადი შესატანის შეფასება). შეტანაზე ვალდებული პარტნიორი საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს არაფულადი შესატანის იმ ღირებულებისათვის, რაც ამ ობიექტს რეგისტრაციის მომენტში ჰქონდა; თუ ობიექტის ღირებულება დათქმულ თანხაზე ნაკლებია, მაშინ იგი უნდა შეივსოს ფულით; თუ არაფულადი შესატანის ღირებულება აღემატება დათქმულ თანხას, ზედმეტი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია.
შესატანის უკან დაბრუნება კომანდიტურ, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ამისთვის საჭიროა ცვლილების შეტანა საზოგადოების წესდებაში. საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებულ უნდა იქნეს სამეწარმეო რეესტრში.
3.4. პარტნიორები, რომელთაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათი შესატანის მოცულობით, შესატანის საბოლოო შეტანამდე საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ 3.2 მუხლის მიხედვით. შესატანის შეტანა არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისაგან, თუ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმები ბოროტად იქნა გამოყენებული. ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, უწინარეს ყოვლისა, საზოგადოების ქონების შერევა სხვა ქონებასთან ან საწარმოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი კაპიტალის არასრული ფორმირება.
2.3 მუხლში გათვალისწინებული საწარმოები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ თავისი განცალკავებული ქონებით. თუ კრედიტორი ვერ დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს საწარმოს ქონებიდან, მისი მოთხოვნები კმაყოფილდება შესაბამისი სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ (სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის საწარმოს სუბსიდიური პასუხისმგებლობა).
3.5. შესატანის ნახევარი შეტანილ უნდა იქნეს წესდების ხელმოწერისთანავე, თუ წესდება უფრო მეტის შეტანას არ ითვალისწინებს.
თუ პარტნიორმა გადააცილა შესატანის შეტანის ვადა, ყოველ პარტნიორს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს მას ამ თანხის გადახდა დამატებითი ვადის მითითებით და გააფრთხილოს იგი საზოგადოებიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ. დამატებითი ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა ერთ თვეს.
ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ პარტნიორი, რომელმაც გააჭიანურა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც. ამის შესახებ მას განემარტება წერილობით.
შესატანის შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალზე დანარჩენი პარტნიორები პასუხს აგებენ სოლიდარულად. გარიცხული პარტნიორის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება, ხოლო არაფულადი შესატანის შემთხვევაში იგი შეიცვლება შესაბამისი ფულადი თანხით. პარტნიორის შეუსრულებელი შესატანი უნაწილდებათ სხვა პარტნიორებს, რომელთაც შეაქვთ თავიანთი წილის შესაბამისად.
3.6. საზოგადოების კაპიტალი 3.3 მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად შემცირების შემდეგ კვლავ უნდა შეივსოს კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობამდე. თუ შემცირება მოხდება შესატანის დაბრუნების ან შეუტანელი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, მაშინ თითოეულ პარტნიორზე დარჩენილი შესატანის თანხა არ შეიძლება იყოს ორმოცდაათ აშშ დოლარის ეკვივალენტზე ნაკლები ეროვნული ვალუტით. საწესდებო კაპიტალის შემცირება იმ შესატანების უკან დაბრუნების გზით იმ შესატანების მიმართ, რომლებიც პარტნიორების პასუხისმგებლობის მოცულობას განსაზღვრავენ, შეიძლება განხორციელდეს საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან თორმეტი თვის შემდეგ. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება 57.2 მუხლის ნორმები ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ.
თუ რომელიმე პარტნიორს შესატანი უკან დაუბრუნდება საწესდებო კაპიტალის რეგისტრირებული შემცირების გარეშე, კრედიტორებისთვის ეს დაბრუნებად არ მიიჩნევა. პარტნიორი ვალდებულია საზოგადოებას დაუბრუნოს მიღებული თანხა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ პარტნიორი გახარჯავს ფულს საზოგადოების სალაროდან და ზარალის შედეგად მისი წილი კაპიტალი შემცირდება გადახდილ შესატანთან შედარებით.
3.7. საზოგადოების უარი ამ კანონით გათვალისწინებულ შესატანებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე ბათილია.
3.8. თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ეს კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს პირადი პასუხისმგებლობისა და კაპიტალის კვოტასთან დაკავშირებით. ანდა, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ სხვაგვარი მოწესრიგება არ იქნება შემოთავაზებული.
3.9. ყოველ პარტნიორს აქვს წლიური ანგარიშის ასლისა და საზოგადოების ყველა პუბლიკაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე და ამ მიზნით გაეცნოს საზოგადოების საბუღალტრო წიგნებს უშუალოდ ან დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით და საზოგადოების ორგანოებს მოსთხოვოს განმარტებები წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ოღონდ ამ ანგარიშის დამტკიცებამდე. თუ აღმოჩნდება, რომ ანგარიში არასწორადაა შედგენილი, ამ ანგარიშის შემოწმების ხარჯები ეკისრება საზოგადოებას. კონტროლისა და შემოწმების ეს უფლებები შეიძლება მხოლოდ ამ კანონით შეიზღუდოს, გაფართოება კი შესაძლებელია საზოგადოების წესდებით ან სხვა კანონით.
მუხლი 4. სამეწარმეო რეესტრი
4.1. საწარმოს რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერით.
4.2. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ფაქტები ჩაიწერება რეესტრის ფორმულარებში. რეესტრის ფორმულარი მოცემულია ამ კანონის დანართში.
4.3. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს სასამართლო აქვეყნებს ოფიციალურ რესპუბლიკურ გაზეთში და წერილობით ატყობინებს სტატისტიკის სამსახურის ადგილობრივ ორგანოს. ჩანაწერი ქვეყნდება მთლიანად, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
4.4. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრს და მიიღოს რეესტრის ამონაწერები.
მუხლი 5. რეგისტრაციის პირობები
5.1. რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს ერთ-ერთ პარტნიორს, თუ განცხადება რეგისტრაციაზე შესრულებულია მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა განცხადება ამ მოთხოვნებს.
5.2. ინდივიდუალური მეწარმე ან პარტნიორები, ისევე როგორც წარმომადგენლობითი და სამეთვალყურეო ორგანოს შესაძლო წევრები, ვალდებული არიან ხელი მოაწერონ საზოგადოების განცხადებას რეგისტრაციის შესახებ. ინდივიდუალური მეწარმე და პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებული არიან სასამართლოში დატოვონ ხელმოწერის ის ნიმუში, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ.
სამეწარმეო რეესტრში შეიტანება ასევე 2.3 მუხლით გათვალისწინებული საწარმოები; უნდა აღინიშნოს მათი წარმომადგენლობითი და სამეთვალყურეო ორგანოების წევრთა სახელი, გვარი, დაბადების წელი და ადგილი, პროფესია და მისამართი. მათ უნდა დატოვონ ასევე ხელმოწერის ის ნიმუშები, რომელთაც ისინი საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ.
განცხადება რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, სასამართლოში დატოვებული ზუსტი ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები წარმოდგენილი უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით.
განცხადება შეიტანება სასამართლოში ინდივიდუალური მეწარმის ან საზოგადოების იურიდიული მისამართის მიხედვით.
5.3. თუ საზოგადოების შექმნის მიზნით წარდგენილია არასწორი მონაცემები ან დაფუძნების ხარჯების გამო საზოგადოებას ზარალი მიადგა, მაშინ პარტნიორები, ისევე როგორც საზოგადოების დირექტორები, როგორც სოლიდარული მოვალეები, ვალდებული არიან გადაიხადონ შეუტანელი გადასახდელები, აანაზღაურონ დაფუძნების ხარჯების გადაუხდელობით გამოწვეული, აგრეთვე ამ დროს წარმოშობილი სხვა ზარალი.
5.4. განცხადება უნდა შეიცავდეს:
5.4.1. ყველა საწარმოსათვის:
ა) საფირმო სახელწოდებას (ფირმას);
ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;
გ) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);
დ) საქმიანობის საგანს;
ე) მონაცემებს სამეურნეო წლის დასაწყისისა და დამთავრების შესახებ;
ვ) ინდივიდუალური მეწარმის ან ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის (კოოპერატივის შემთხვევაში – არანაკლებ ორის) სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, პროფესიას და საცხოვრებელ ადგილს;
ზ) წარმომადგენლობის უფლებამოსილებას.
5.4.2. კომანდიტური საზოგადოებისათვის, 5.4.1 მუხლში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა და წარმოდგენილ იქნეს საბუთი, უკვე ვინ რამდენი შეიტანა.
5.4.3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის, 5.4.1 მუხლში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა:
ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შესატანის შესახებ;
ბ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა, შესაბამისად წილი;
გ) ყოველი დირექტორის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;
დ) დოკუმენტი დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს (თუკი ასეთი არსებობს) წევრების დანიშვნის შესახებ.
5.5. საზოგადოების განცხადებას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:
ა) საზოგადოების წესდება;
ბ) არაფულადი შესატანით დაფუძნებისას – შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი;
გ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის – შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ცნობა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათ მიმართ არ ყოფილა გამოყენებული სასჯელი ქონებრივი დანაშაულისათვის;
დ) შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის – დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წევრების დანიშვნის შესახებ.
5.6. 5.4 მუხლითა და 5.2 მუხლის მე-2 აბზაცით გავთალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.
5.7. გაკოტრების შემთხვევაში ან საზოგადოების წესდებაში სასამართლოს მიერ არსებითი ხარვეზების დადგენისას, სასამართლო ვალდებულია მოახდინოს საზოგადოების ლიკვიდაციის რეგისტრაცია და მიუთითოს საფუძველი.
5.8. თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, რეგისტრაცია უქმდება, თუკი ეს ხარვეზი სამი თვის ვადაში არ იქნება გამოსწორებული. რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს აგრეთვე საზოგადოების ნებისმიერი პარტნიორის ან ნებისმიერი მესამე პირის სარჩელის საფუძველზე.
რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო განიხილება როგორც უშეცდომოდ რეგისტრირებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს არ ეწინააღმდეგება ცალკეული პირების ან საზოგადოების არსებით ინტერესებს და 5.8 მუხლში აღნიშნულ პირებს არ განუცხადებიათ ამის შესახებ.
5.9. სასამართლო ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს არ ეცნობა უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად.
მუხლი 6. საფირმო სახელწოდება (ფირმა)
6.1. საფირმო სახელწოდება, ანუ ფირმა არის სახელი, რომლითაც საქმიანობს საწარმო.
6.2. ინდივიდუალური მეწარმე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და გვარს. დამატებები დაიშვება 6.6 მუხლის პირობების დაცვით.
6.3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთ-ერთი პარტნიორის გვარს და სახელს (ან გვარს) „სპს“-ის დამატებით ან ყველა პარტნიორის გვარსა და სახელს (ან გვარს).
6.4. კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს არანაკლებ ერთი პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის (კომპლემენტარის) გვარსა და სახელს (ან გვარს) „კს“-ის დამატებით.
6.5. პარტნიორთა სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებას, კოოპერატივს და 2.3 მუხლით გათვალისწინებულ საწარმოებს შეუძლიათ საფირმო სახელწოდება შეარჩიონ მათი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან ეს სახელწოდება შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი უნდა შეიცავდეს აღნიშვნას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“, ანდა დამატებას „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან „შპს“, ანდა „რეგისტრირებული კოოპერატივი“ ან „რკ“
6.6. საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთოდეს რაიმე ისეთი დამატება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი, ანდა გამოიწვიოს შეცდომა ან გაუგებრობა საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის, ანდა პარტნიორთა ურთიერთობების გამო.
6.7. საფირმო სახელწოდებას დაერთვება დამატებები, თუ ეს საჭიროა სხვა ფორმებისაგან განსასხვავებლად.
6.8. საწარმოს შემძენს შეუძლია გამოიყენოს ადრინდელი საფირმო სახელწოდება სამემკვიდრეო ურთიერთობის აღმნიშვნელი დამატების დართვით ან უამისოდ, თუკი ადრინდელი მფლობელი, მისი მემკვიდრეები ან საზოგადოების კანონიერი წარმომადგენლები თანახმა არიან.
მუხლი 7. რეესტრის საჯარობა
7.1. ვიდრე რეესტრში ჩასაწერი ფაქტები არ იქნება რეგისტრირებული და გამოქვეყნებული, დაუშვებელია მათი გამოყენება მესამე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს მონაცემები მათთვის ცნობილი იყო.
7.2. თუ ფაქტები რეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია, დასაშვებია მათი გამოყენება მესამე პირის მიმართ.
7.3. თუ რეგისტრაციისათვის აუცილებელი ფაქტები არასწორადაა რეგისტრირებული ან გამოქვეყნებული, მესამე პირს შეუძლია იმ პირთან ურთიერთობაში, რომლის საქმეშიც იყო ეს ფაქტები რეგისტრირებული, დაეყრდნოს რეგისტრირებულ ან გამოქვეყნებულ მონაცემებს, თუ იგი ენდობოდა მათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მან იცოდა ამ უზუსტობის შესახებ.
7.4. ამ წესების მიხედვით, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულ ფილიალთან საქმიან ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ რეგისტრაციასა და გამოქვეყნებას, რომელიც განხორციელებულია ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით.
მუხლი 8. პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ საწარმოში, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში სხვა საწარმოს შეძენის დროს
8.1. ვინც სხვა ინდივიდუალური საწარმო შეიძინა და უძღვება მას ადრინდელი საფირმო სახელწოდებით სამემკვიდრეო ურთიერთობის აღმნიშვნელი დამატების დართვით ან უამისოდ, პასუხს აგებს ადრინდელი მფლობელის საწარმოს საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის.
სხვაგვარ შეთანხმებას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირისათვის, თუ ეს შეთანხმება შეძენის მომენტში რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და გამოქვეყნებულია, ან ამის შესახებ ეცნობა მესამე პირს და თუ შეძენის ფასის კალკულაციაში ვალები არაა გათვალისწინებული.
პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს, თუ საწარმო შეადგენდა გამსხვისებლის თითქმის მთელ ქონებას და ამის შესახებ იცოდა შემძენმა, ან მას ეს უნდა სცოდნოდა, თუ საქმიანი ურთიერთობებისათვის საჭირო წინდახედულობას გამოიჩენდა.
8.2. თუ ვინმე პარტნიორად შედის ინდივიდუალურ საწარმოში, ამის შედეგად შექმნილი საზოგადოებაც აგებს პასუხს ადრინდელი მფლობელის ყველა იმ ვალდებულებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მის მიერ დადებული გარიგებიდან. ამ წესის საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია მესამე პირისათვის.
8.3. ინდივიდუალური საწარმოს გამსხვისებელი პასუხს აგებს საწარმოს გადაცემის მომენტში არსებული ყველა ვალდებულებისათვის, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობებისას – იმ ვალდებულებებისათვის, რომლებიც წარმოიშვა მათ საფუძვლად არსებული გარიგების მოშლამდე ან გასხვისების შემდეგ მოშლის პირველ შესაძლო ვადამდე.
8.4. თუ სამკვიდრო ქონებას მიკუთვნებული ინდივიდუალური საწარმოს საქმიანობას აგრძელებენ მემკვიდრეები, ისინი პასუხს აგებენ სამკვიდროს დამტოვებლის იმ ვალდებულებებისათვის, რომლებიც წარმოიშობა საწარმოს საქმიანობიდან, თუ სამკვიდროს მიღებიდან სამი თვის განმავლობაში არ გააჩერებენ საწარმოს და ადრინდელი საფირმო სახელწოდების გამოყენებით გააგრძელებენ მის საქმიანობას სამემკვიდრეო ურთიერთობის აღმნიშვნელი დამატების დართვით ან უამისოდ.
8.5. 8.1–8.4 მუხლების წესები მოქმედებს, შესაბამისად, სპს-ის პარტნიორებისა და კს-ის პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორების მიმართ.
მუხლი 9. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა. საკონსულტაციო საბჭო
9.1. საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს.
9.2. ხელმძღვანელობით საქმიანობად მიიჩნევა მოქმედება, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზანს.
9.3. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთი პარტნიორის ან დირექტორის მიერ საზოგადოების ერთპიროვნულად მართვის უფლებამოსილებას, მაგრამ აგრეთვე აწესებდეს, რომ ორი დირექტორი მხოლოდ ერთობლივად შეიძლება გაუძღვეს საზოგადოებას, ანდა ყველა დირექტორი ვალდებული იყოს ერთად გასწიონ ხელმძღვანელობა.
გარდა ამისა, ამ კანონის შესაბამისად, შესაძლოა საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილება შეიზღუდოს სამეთვალყურეო ორგანოების ან საზოგადოების კრების აუცილებელი თანხმობის დაწესებით. ხელმძღვანელობის უფლებამოსილების ეს წესი შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საზოგადოების შინაგანაწესით.
9.4. 9.1 მუხლში აღნიშნული პირები საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირთან სამართლებრივ ურთიერთობაში. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.
საზოგადოების წესდებით უნდა განისაზღვროს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები ერთპიროვნულად იმოქმედებენ თუ ერთობლივად. იგი შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირები ერთპიროვნულად იმოქმედებენ, სხვებთან თუ პროკურისტებთან ერთად. წარმომადგენლობის სახე და წესი აღინიშნება სამეწარმეო რეესტრში.
9.5. თუ გარიგების კონტრაგენტისათვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმომადგენელ საზოგადოებას შეუძლია ხელშეკრულების დადებიდან თვრამეტი თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობა.
იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ საზოგადოებას, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით.
9.6. 9.1 მუხლში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება პარტნიორების თანხმობის გარეშე მისდიონ იმავე საქმიანობას, რასაც მისდევს საზოგადოება ან მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის ან დირექტორის სახით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს დირექტორებს. ასეთ საქმიანობაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ (კონკურენციის აკრძალვა).
კონკურენციის აკრძალვის წესების დარღვევისას დამრღვევი ვალდებულია უკან დააბრუნოს ამ საქმიანობით მიღებული სიკეთე, დათმოს გასამრჯელოს მიღების მოთხოვნები და აანაზღაუროს ზარალი. ამ უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ დანარჩენი პარტნიორები, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – სამეთვალყურეო საბჭო.
9.7. 9.1 მუხლში დასახელებული პირები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ ნამდვილი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, წარმოშობილი ზარალისათვის პარტნიორების წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. საზოგადოების ხელმძღვანელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ არ დაურღვევიათ თავიანთი მოვალეობა.
საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ეს წესი არ მოქმედებს, თუ ანაზღაურებისათვის ვალდებული პირი გადახდისუუნაროა, ანდა გაკოტრების თავიდან აცილების ან საბანკროტო წარმოების შეწყვეტის მიზნით მოურიგდება თავის კრედიტორებს. თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.
9.8. დირექტორებს, რწმუნებულებს ან სამეწარმეო საქმიანობისათვის ნაწილობრივ უფლებამოსილ პირებს არ შეიძლება მიეცეთ კრედიტი საზოგადოების იმ ქონებიდან, რომელიც აუცილებელია საწესდებო კაპიტალის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. კრედიტი, რომელიც მაინც გაიცა, ყოველგვარი სხვაგვარი შეთანხმების მიუხედავად, მაშინვე უნდა დაბრუნდეს.
9.9. კომანდიტურ საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში ხელმძღვანელობისათვის კონსულტაციების გაწევის მიზნით შეიძლება შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც არა აქვს გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილება. დირექტორები და კომპლემენტარები არ შეიძლება იყვნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
მუხლი 10. გენერალური სავაჭრო მინდობილობა (პროკურა) და იურიდიული მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილება
10.1. 9.1 მუხლში დასახელებულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი ორნი ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა).
10.2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიულ მოქმედებათა განხორციელებისას უნდა შეესაბამებოდეს მინდობილობის შინაარსს. მინდობილობის შეწყვეტისათვის აუცილებელია დოკუმეტის გაუქმება ან მისი ძალადაკარგულად აღიარება. ძალადაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ რესპუბლიკურ გაზეთში.
10.3. თუ მინდობილობა რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, იგი წარმოადგენს გენერალურ სავაჭრო მინდობილობას (პროკურა).
პროკურა იძლევა უფლებამოსილებას სასამართლოსა და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა იმ სახის საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან.
მიწის ნაკვეთების გასხვისების ან ვალდებულებებით მათი დატვირთვის უფლებამოსილება პროკურისტს აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს უფლებამოსილება სპეციალურად მიეცემა.
პროკურის მოცულობის შეზღუდვა ბათილია მესამე პირისათვის. ეს წესი შეეხება, კერძოდ, შეზღუდვას, რომ პროკურა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაზღვრული გარიგებებისა თუ გარიგებათა განსაზღვრული სახეებისათვის, ან მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას, ან განსაზღვრული დროისათვის, ანდა ცალკეულ ადგილებში.
პროკურის შემოფარგვლას ერთი ან რამდენიმე ფილიალით მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირისათვის, თუ ფილიალებს მართავენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით. ამ წესის თანახმად, საფირმო სახელწოდებათა ურთიერთგანსხვავებულობა იმითაც გამოისახება, რომ „ფილიალს“ დაერთვება დამატება, რომელშიც აღინიშნება ფილიალის საფირმო სახელწოდება.
10.4. პროკურისტი და სავაჭრო წარმომადგენელი ხელმოწერისას საფირმო სახელწოდებას დაურთავენ თავიანთ სახელს და გვარს და პროკურორის ან სავაჭრო მინდობილობის აღმნიშვნელ დამატებას.
10.5. პროკურა და სავაჭრო მინდობილობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ხელყოფის გარეშე.
მუხლი 11. სავაჭრო წარმომადგენელი და დამოუკიდებელი მოვაჭრე. კომისიონერი
11.1. სავაჭრო წარმომადგენლად, ამ კანონის მიხედვით, მიიჩნევა პირი, რომელიც საქონლის, უფლებებისა და მომსახურების რეალიზაციის ურთიერთობებში შუამავლობს ან დებს გარიგებებს სხვა საწარმოს სახელითა და ხარჯით ისე, რომ თვითონ არ არის დასაქმებული ამ საწარმოში.
ამ კანონის მიხედვით სავაჭრო წარმომადგენლად მიიჩნევა აგრეთვე დამოუკიდებელი მოვაჭრე, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელითა და ხარჯით, თუმცა უპირატესად იმყოფება სხვა საწარმოს სავაჭრო ორგანიზაციის შემადგენლობაში ისე, რომ მოზიდული მუდმივი კლიენტურა სხვა საწარმოს განეკუთვნება და ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ ეს კლიენტურა მას რჩება.
პირი, რომელიც საქონლის ან უფლებების რეალიზაციის ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით, ოღონდ სხვისი ხარჯით, ამ კანონის მიხედვით არის კომისიონერი.
11.2. სავაჭრო წარმომადგენლები და კომისიონერები ანგარიშვალდებულნი არიან იმ საწარმოს წინაშე, რომლისთვისაც ისინი მოქმედებენ: ვალდებულნი არიან შეთანხმებულ ვადებში, ხოლო თუ შეთანხმება არ არსებობს – ყოველი კვარტალის ბოლოს, კერძოდ კვარტალის დამთავრებიდან ათი დღის ვადაში, წერილობით წარუდგინონ საწარმოს ცნობები ყოველი შესრულებული საქმის შესახებ და პროვიზიის (მომსახურების საზღაური) ან კომისიის (კომისიონერის საზღაური) ანგარიში.
პროვიზიის გადახდის მოთხოვნა წარმოიშობა საწარმოს მიერ გარიგების შესრულების მომენტიდან და იგი გადახდილ უნდა იქნეს იმავე თვის ბოლოს. იგივე წესი მოქმედებს, აგრეთვე, როცა კომისიონერი ვალდებულია გადაუხადოს საწარმოს მიღებული შემოსავალი კომისიის ხარჯების გამოკლებით. პროვიზიის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როცა საწარმო არ ასრულებს ან ისე არ ასრულებს გარიგებას, როგორც იყო შეთანხმებული. მაგრამ ეს უფლება ისპობა, როცა გარიგება არ სრულდება არა საწარმოს, არამედ გარიგების მეორე მხარის მიზეზით. თუ დადგინდა, რომ გარიგების მეორე მხარე ვერ ასრულებს ვალდებულებას, მაშინ ისპობა პროვიზიის მოთხოვნის უფლება. მიღებული თანხები უკან უნდა დაბრუნდეს.
საწარმო გადასახდელ პროვიზიებს იხდის ყოველთვიურად.
ანგარიშსწორებისას შეიძლება მოითხოვონ ყველა იმ გარიგების საბუღალტრო ამონაწერი, რომლისთვისაც გათვალისწინებულია პროვიზია; გარდა ამისა, შეიძლება მოითხოვონ ცნობები იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც არსებითია პროვიზიის მოთხოვნის, გადახდის ვადისა და პროვიზიის გამოსათვლელად.
დაუშვებელია აღნიშნული წესებისაგან გადახვევა სავაჭრო წარმომადგენლის ან კომისიონერის საზიანოდ.
11.3. თუ პროვიზიის ან კომისიის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ საქმიანობის ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებული ნორმა მიიჩნევა შეთანხმებულად.
11.4. პროვიზია გამოითვლება იმ თანხიდან, რომელიც უნდა გადაიხადოს გარიგების მხარემ. ფულით გადახდისას ფასდათმობები უნდა გამოიქვითოს; იგივე წესი მოქმედებს ფულადი მიმოქცევის, ფრახტის, შეფუთვის, ბაჟისა და გადასახადების დამატებითი ხარჯებისათვის, თუ ეს დამატებითი ხარჯები არ უნდა გაიღოს მესამე პირმა.
სარგებლობის დათმობისა და სარგებლობის ვადიანი ხელშეკრულებების დროს პროვიზია გამოითვლება ხელშეკრულების თანხიდან ხელშეკრულების ვადის შესაბამისად. უვადო ხელშეკრულების დროს პროვიზია გამოითვლება ყოველთვის ხელშეკრულების თანხიდან და ექვემდებარება ანაზღაურებას იმ დრომდე, ვიდრე გარიგების მხარეს შეუძლია მოშალოს ეს გარიგება.
დაზღვევისას პროვიზია გამოითვლება დაზღვეული თანხიდან. თუ ასეთი თანხა არ არსებობს, მაშინ პროვიზია გამოითვლება სადაზღვევო შესატანიდან; ეს წესი მოქმედებს აგრეთვე არსებული მუდმივი კლიენტურის შენარჩუნებისათვის ზრუნვის პროვიზიის მიმართ.
11.5. კომისიონერი გარიგების შესრულებისათვის პასუხს აგებს საწარმოს წინაშე, თუ კომისიის განხორციელებამდე არ დაუსახელა მას ხელშეკრულების მხარეები. თუ კომისიონერი არ მოქმედებს საწარმოს მითითებების შესაბამისად და მას არ ჰქონდა უფლება შეცვლილი გარემოებებიდან გამომდინარე გადაეხვია თავისი უფლებამოსილებისათვის, მაშინ იგი ვალდებულია აუნაზღაუროს საწარმოს ამგვარი მოქმედებით მიყენებული ზარალი.
კომისიონერი პასუხს აგებს მისთვის მიბარებული ქონების დანაკლისისა და დაზიანებისათვის, თუ ისინი არაა გამოწვეული იმ გარემოებებით, რომელთა აღკვეთა შეუძლებელი იყო ჩვეულებრივი სავაჭრო საწარმოს კეთილსინდისიერი მოქმედებით.
11.6. თუ სავაჭრო წარმომადგენლები ან კომისიონერები წინასწარ წერილობით ივალდებულებენ, რომ თავდებად დადგებიან გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისათვის, მაშინ მათ შეუძლიათ მოითხოვონ სპეციალური გასამრჯელო – ვალდებულების შესრულებისათვის თავდებად ყოფნის პროვიზია (სათავდებო პროვიზია). ვალდებულება შეიძლება აღებულ იქნეს მხოლოდ კონკრეტული გარიგებისათვის ან ასეთი გარიგებისათვის კონკრეტულ მხარეებთან. სათავდებო პროვიზიის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა გარიგების დადებისთანავე.
11.7. სავაჭრო წარმომადგენელსა და კომისიონერს საწარმოს თანხმობის გარეშე არა აქვთ უფლება სხვაგვარად იმოქმედონ საწარმოს საქმიანობის სფეროში ანდა პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიიღონ მონაწილეობა რომელიმე კონკურენტ საწარმოში (კონკურენციის აკრძალვა), გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმე ეხება წმინდა ფინანსურ მონაწილეობას არა უმეტეს ხუთი პროცენტისა. თანხმობა რომელიმე კონკურენტ საწარმოში მონაწილეობისათვის გაცემულად ითვლება, თუ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას საწარმოსათვის ცნობილი იყო ამ მონაწილეობის ფაქტი.
თუ სავაჭრო წარმომადგენელი ან კომისიონერი დაარღვევს ამ ვალდებულებას, საწარმოს შეუძლია მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება; გარდა ამისა, მას შეუძლია სავაჭრო წარმომადგენელს ან კომისიონერს მოსთხოვოს, რომ კონკურენტი საწარმოსათვის დადებული გარიგებები გადასცეს საწარმოს, ამ გარიგებიდან გამომდინარე სარგებელი კი უკან დააბრუნოს ან უარი თქვას ამ სარგებლის მოთხოვნაზე.
თუ შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ კონკურენციის აკრძალვა გრძელდება სახელშეკრულებო ურთიერთობების დამთავრების შემდეგაც, აკრძალვას მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, თუ საწარმო ამისათვის იხდის კომპენსაციას, რომელიც გამოიანგარიშება 11.9 მუხლის მესამე და მეოთხე წინადადებების შესაბამისად. ასეთი შეთანხმება დაიშვება არა უმეტეს ერთი წლის ვადით.
11.8. ხელშეკრულება სავაჭრო წარმომადგენელთან ან კომისიონერთან იდება ერთი წლის ვადით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე ერთ-ერთი მხარე არ განაცხადებს ხელშეკრულების მოშლის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება გრძელდება კიდევ ერთი წლით. გადამწყვეტია ხელშეკრულების მხარის შესაძლებლობა, გაეცნოს განცხადებას ხელშეკრულების მოშლის შესახებ.
სახელშეკრულებო ურთიერთობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა შესაძლებელია, თუკი არსებობს საამისო მნიშვნელოვანი გარემოებები.
11.9. სავაჭრო წარმომადგენელს შეუძლია სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ საწარმოს მოსთხოვოს შესაბამისი კომპენსაცია, თუ
ა) სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ სხვა საწარმოს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს იმ ახალ კლიენტებთან საქმიან კავშირში, რომლებიც მოიზიდა სავაჭრო წარმომადგენელმა;
ბ) სავაჭრო წარმომადგენელი სახელშეკურულებო ურთიერთობის შეწყვეტის გამო კარგავს იმ პროვიზიის მოთხოვნის უფლებას, რომელიც ექნებოდა მის მიერ მოზიდულ კლიენტებთან უკვე დადებული ან მომავალში გასაფორმებელი გარიგებების გაგრძელებისას.
ახალი კლიენტის მოზიდვას უთანაბრდება სავაჭრო წარმომადგენლის მიერ კლიენტთან საქმიანი კავშირის ისე გაფართოება, რომ იგი ეკონომიკური თვალსაზრისით დიდ მოგებას იძლევა.
კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს სავაჭრო წარმომადგენლის მიერ უკანასკნელი ხუთი წლის საქმიანობისას გამოანგარიშებული წლიური პროვიზიის ან სხვა წლიური გასამრჯელოს საშუალო ოდენობას; უფრო ხანმოკლე სახელშეკრულებო ურთიერთობისას იგი გამოიანგარიშება საქმიანობის მთელი პეროიდის გასამრჯელოს სასუალო ოდენობიდან. დაუშვებელია კომპენსაციის მოთხოვნაზე უარი ან მისი წინასწარ დაკმაყოფილება ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
მოთხოვნა არ არსებობს თუ:
ა) სავაჭრო წარმომადგენელმა მოშალა ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამისათვის საბაბი მისცა საწარმოს მოქმედებამ ან სავაჭრო წარმომადგენლის მიერ თავისი საქმიანობის გაგრძელება ასაკის ან ავადმყოფობის გამო შეუძლებელია, ან
ბ) სხვა საწარმომ შეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა და შეწყვეტის მნიშვნელოვან საფუძველს შეადგენს სავაჭრო წარმომადგენლის ბრალეული მოქმედება, ან
გ) საწარმოსა და სავაჭრო წარმომადგენელს შორის შეთანხმების საფუძველზე სავაჭრო წარმომადგენლის ნაცვლად სახელშეკრულებო ურთიერთობაში შედის მესამე პირი; შეთანხმება არ შეიძლება დაიდოს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტამდე.
კომპენსაციის მოთხოვნის უფლება უნდა გამოიყენონ ხელშეკრულების შეწყვეტიდან ერთი წლის ვადაში.
მუხლი 12. სავაჭრო მაკლერი
12.1. სავაჭრო მაკლერის უფლება-მოვალეობები აქვს იმ პირს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის სახით სხვა პირთათვის კისრულობს საქონლის ან ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის, დაზღვევის, ტვირთის გადაზიდვის, გემების ქირავნობის ხელშეკრულებათა დადების ან სავაჭრო საქმიანობის სხვა საგნების შუამავლობას ისე, რომ ეს მათგან არა აქვს ხელშეკრულებით მუდმივად დავალებული. ზემოთ ჩამოთვლილ გარიგებათა გარდა, სხვა გარიგებების, კერძოდ, უძრავი ნივთების გამო გარიგების შუამავლობის მიმართ, არ გამოიყენება ამ მუხლის წესები, მაშინაც კი, როცა შუამავლობა ხორციელდება სავაჭრო მაკლერის მეშვეობით.
12.2. სავაჭრო მაკლერმა გარიგების დადების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს მხარეებს მის მიერ ხელმოწერილი დასკვნითი აქტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს მხარეების, გარიგების საგნისა და პირობების, განსაკუთრებით, საქონლისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვისას, მათი სახეობისა და რაოდენობის, ასევე ფასისა და გარიგების საბოლოო შესრულების დროის შესახებ, თუკი მხარეებმა მას ეს არ აუკრძალეს ან საქონლის სახეობის ადგილობრივი მოხმარების გათვალისწინებით, იგი გათავისუფლებული არ არის ამ მოვალეობისაგან.
იმ გარიგებებში, რომლებიც დაუყოვნებლივ არ სრულდება, დასკვნით აქტს ხელს აწერენ მხარეები და ყოველ მათგანს გადაეცემა ხელმოწერილი დასკვნითი აქტი. თუ მხარე უარს განაცხადებს დასკვნითი აქტის მიღებაზე ან მის ხელმოწერაზე, სავაჭრო მაკლერმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სხვა მხარეებს.
12.3. თუ ერთ-ერთი მხარე მიიღებს დასკვნით აქტს, რომელშიც სავაჭრო მაკლერი არ ასახელებს მეორე მხარეს, დასახელებული მხარე გარიგებით დაკავშირებული ხდება იმ მხარესთან, რომელიც დამატებით დასახელდება, თუ მის წინააღმდეგ არ იქნა შეტანილი დასაბუთებული პრეტენზია.
ხელშეკრულების სხვა მხარის დასახელება უნდა მოხდეს ჩვეულებრივ მიღებულ ვადებში, ხოლო თუ ასეთი ვადები არ არსებობს – გარემოებების შესატყვის ვადებში.
თუ მხარე არ დასახელდება ან დასახელებული პირების წინააღმდეგ უნდა იქნეს შეტანილი დასაბუთებული პრეტენზია, ხელშეკრულების მხარეს უფლება აქვს სავაჭრო მაკლერს მოსთხოვოს პასუხი გარიგების შესრულებაზე. პრეტენზია არ მიიღება, თუ მხარე სავაჭრო მაკლერის მოთხოვნაზე დაუყონებლივ არ განაცხადებს, მოითხოვს თუ არა იგი შესრულებას.
12.4. სინჯის აღების გზით საქონლის გაყიდვისას სავაჭრო მაკლერი ვალდებულია ყოველი მხარისათვის გადასაცემად შეინახოს მისი შუამავლობით გაყიდული საქონლის სინჯი, ვიდრე საქონელი მის ხარისხზე პრეტენზიის გარეშე არ იქნება მიღებული შემძენის მიერ ან გარიგება სხვაგვარად არ იქნება შესრულებული, თუ მას მხარეები ან საქონლის მოხმარების ადგილობრივი წესები ასეთი მოვალეობისაგან არ ათავისუფლებენ. სავაჭრო მაკლერმა უნდა აღნიშნოს სინჯი სპეციალური ნიშნით.
12.5. სავაჭრო მაკლერს არა აქვს უფლება მიიღოს მისი მეშვეობით კონტრაგენტებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი გადასახადი ან სხვა რაიმე სარგებელი.
12.6. სავაჭრო მაკლერი პასუხს აგებს ორივე მხარის წინაშე თავისი ბრალით გამოწვეული ზარალისათვის.
12.7. თუკი მხარეები არ შეთანხმებულან იმაზე, თუ ვინ უნდა აუნაზღაუროს მაკლერს გაწეული შრომა, მაშინ განსხვავებული ადგილობრივი წესების უქონლობისას ყოველი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მისაცემი თანხის ნახევარი.
12.8. სავაჭრო მაკლერი ვალდებულია აწარმოოს დღიური და ყოველდღიურად ჩაწეროს მასში ყველა დადებული გარიგება. ჩანაწერები უნდა გაკეთდეს ქრონოლოგიური წესით; ჩანაწერი უნდა შეიცავდეს 12.2 მუხლის პირველ წინადადებაში აღნიშნულ მონაცემებს და სავაჭრო მაკლერმა ხელი უნდა მოაწეროს ყოველდღიურ ჩანაწერს.
სავაჭრო წიგნების წარმოებისა და შენახვის წესები გამოიყენება სავაჭრო მაკლერის დღიურისათვისაც.
12.9. სავაჭრო მაკლერი ვალდებულია მხარეთა მოთხოვნით ნებისმიერ დროს მისცეს მათ ამონაწერები დღიურიდან, რომლებიც ხელმოწერილია მის მიერ და შეიცავს ყოველივეს, რაც ჩაწერილია საშუამავლო საქმიანობის შედეგად დადებული გარიგებების შესახებ.
მუხლი 13. საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება
13.1. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები მცირე საწარმოებში განსხვავდება დანარჩენ საწარმოებში მოქმედი საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წესებისაგან. საბუღალტრო აღრიცხვის გამარტივებული წესები გამოიყენება იმ მცირე საწარმოთა მიმართ, რომელთაც სრულ შტატში ჰყავთ არა უმეტეს ოცი თანამშრომლისა. სრულ შტატად ითვლება რვასაათიანი სამუშაო დრო.
საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები თანაბრად გამოიყენება ყველა საწარმოს მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცირე საწარმოთა მიმართ სხვა წესებია დადგენილი.
13.1.1. ხელმძღვანელები პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ საწარმოს საბუღალტრო საქმეები და აღრიცხვა წარმოებდეს საქართველოს რესპუბლიკაში მოქმედი საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების კანონმდებლობის შესაბამისად. საბუღალტრო საქმე უნდა იყოს სრულყოფილი, სწორი, გასაგები, ორმაგი საბუღალტრო აღრიცხვის სისტემაზე აგებული, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურასა და შესაბამისი წინა წლის მაჩვენებლებთან. შეფასება უნდა შეესაბამებოდეს წინდახედული მეწარმის პრინციპებს, აგრეთვე მინიმალური შეფასების პრინციპსა და მოგება-ზარალის მუხლის იმპარიტეტის პრინციპს.
13.1.2. მცირე საწარმოში საბუღალტრო აღრიცხვა უნდა იყოს სწორი, სრულყოფილი, გასაგები, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურასთან. ასეთ საწარმოს უნდა ჰქონდეს საინვენტარიზაციო ნუსხა, რათა განისაზღვროს ქონებრივი მდგომარეობა და წლიური ანგარიშის ფორმით შედგეს შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
13.2. ხელმძღვანელები ვალდებული არიან თავიანთი საქმიანობის დაწყებისა და ყოველი სამეურნეო წლის დამთავრებისას საინვენტარიზაციო ნუსხაში შეიტანონ მონაცემები მიწის ნაკვეთების, მოთხოვნებისა და ვალების, ნაღდი ფულის ოდენობის და ყველა სხვა მატერიალურ ფასეულობათა შესახებ. ამასთან, უნდა მიეთითოს ცალკეული მატერიალური ფასეულობის ღირებულება მინიმალური შეფასების პრინციპის შესაბამისად და გაკეთდეს ქონებისა და ვალების თანაფარდობის გამომხატველი ჯამი (ბალანსი, ხოლო მცირე საწარმოების მიმართ – ქონებრივი მდგომარეობა).
სამეურნეო წლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს თორმეტ თვეს. საინვენტარიზაციო ნუსხის შედგენისას მატერიალურ ფასეულობათა მდგომარეობა შეიძლება განისაზღვროს მათი სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით, აღიარებული მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდების საშუალებით შერჩევითი შემოწმებების საფუძველზე. ეს პროცესი უნდა შეესაბამებოდეს სათანადო საბუღალტრო წარმოების აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს. ამ გზით შედგენილი საინვენტარიზაციო ნუსხის საინფორმაციო ღირებულება უნდა უთანაბრდებოდეს მატერიალური ინვენტარიზაციის საფუძველზე შედგენილი საინვენტარიზაციო ნუსხის საინფორმაციო ღირებულებას.
სამეურნეო წლის დამთავრებისათვის საინვენტარიზაციო ნუსხის შედგენისას აუცილებელი არ არის ფასეულობათა მატერიალური ინვენტარიზაციის ჩატარება, თუ სათანადო საბუღალტრო აღრიცხვა მატერიალური ინვენტარიზაციის გარეშეც უზრუნველყოფს მატერიალურ ფასეულობათა არსებობის დადგენას მათი სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით. სამეურნეო წლის ბოლოს მატერიალური ფასეულობები არ საჭიროებენ საინვენტარიზაციო ნუსხაში ჩაწერას, თუ
ა) საზოგადოებამ ეს საგნები მათი სახეობის, რაოდენობის და ღირებულების შესაბამისად ნივთობრივი ინვენტარიზაციით ან სხვა საიმედო ხერხით ჩაწერა სპეციალური ინვენტარის იმ ნუსხაში, რომელიც შედგენილია სამეურნეო წლის ბოლომდე სამი თვის ან წლის დასასრულიდან ორი თვის განმავლობაში ერთ-ერთი დღის მდგომარეობით
და
ბ) სპეციალური ინვენტარის ნუსხის საფუძველზე სათანადო საბუღალტრო აღრიცხვის ჩატარების გზით უზრუნველყოფილი იქნება სამეურნეო წლის ბოლოსათვის რეალურად არსებულ მატერიალურ ფასეულობათა სათანადოდ შეფასება.
13.3. ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ათი წლის განმავლობაში შეინახონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო ნუსხა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი სამუშაო ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;
ბ) მიღებული და გაგზავნილი საქმიანი კორესპონდენცია;
გ) ცნობები მიმდინარე საბუღალტრო წიგნებში ჩანაწერების შესახებ (საბუღალტრო დოკუმენტები).
13.4. საზოგადოების ხელმძღვანელებმა სამეურნეო წლის პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა შეადგინონ გასული სამეურნეო წლის წლიური ბალანსი, ანგარიში მოგება-ზარალის შესახებ (წლიური ანგარიში), ასევე საქმიანობის ანგარიში და უნდა წარმოადგინონ დასკვნითი ანგარიში; მცირე საწარმოების ხელმძღვანელებმა თავიანთი ანგარიში (ქონებრივი მდგომარეობა და შემოსავალ-გასავლის ანგარიში) უნდა შეიტანონ საწარმოს დოკუმენტებში. წლიური ანგარიში დგება ეროვნული ვალუტით და ხელმძღვანელებმა უნდა მოაწერონ ხელი თარიღის მითითებით.
13.5. დავის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს ერთ-ერთი მოდავე მხარის საბუღალტრო წიგნები საკუთარი ინიციატივით ან რომელიმე მხარის განცხადების საფუძველზე. თუ დავის დროს წარმოდგენილია საბუღალტრო წიგნები, მაშინ მხარეთა მონაწილეობით შეიძლება მათი შინაარსის გაცნობა, თუ ისინი დავის საგანს შეეხება. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაწერი. წიგნების სხვა მონაცემები სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია საბუღალტრო აღრიცხვის სისწორის შესამოწმებლად. ქონებრივი დავის დროს, კერძოდ, მემკვიდრეობის, საზოგადოების გაყოფის საქმეებზე სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს ყველა წიგნის წარდგენა მათი სრული შინაარსის გაცნობის მიზნით. ვისაც შეუძლია საჭირო დოკუმენტების წარდგენა ვიდეო-აუდიო ან სხვაგვარი ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, იგი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით წარმოდგინოს ის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აუცილებელია დოკუმენტების წასაკითხად; აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაბეჭდოს ეს დოკუმენტები ან ამ ტექნიკური საშუალებების გარეშეც წარმოადგინოს მათი ისეთი რეპროდუქცია, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია.
13.6. წესები წლიური ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშის სტრუქტურისა და ცნებათა შინაარსის შესახებ წარმოადგენენ კანონის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს და მოცემულია ამ კანონის დანართში.
მუხლი 14. ხანგრძლივობა, ლიკვიდაცია, გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა ნატურით
14.1. საზოგადოება შეიძლება შეიქმნას განსაზღვრული და განუსაზღვრელი ვადით. თუ საზოგადოების წესდებაში არაა მითითებული ხანგრძლივობა, საზოგადოება ითვლება განუსაზღვრელი ვადით შექმნილად.
14.1.1. სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კომანდიტურ საზოგადოებაში ნებადართულია პარტნიორის მიერ საზოგადოებიდან გასვლა სამეურნეო წლის ბოლომდე თორმეტი თვით ადრე განცხადების საფუძველზე, თუ წესდება უფრო გრძელ ვადას არ ითვალისწინებს. გასვლის განცხადება, როგორც წესი, იწვევს მხოლოდ განმცხადებელი პარტნიორის გასვლას საზოგადოებიდან, თუკი საზოგადოების წესდება არ ითვალისწინებს საზოგადოების ლიკვიდაციას. საზოგადოება ექვემდებარება ლიკვიდაციას, თუ საზოგადოებიდან გასვლას მოისურვებენ ხმათა ორმოცდაათ პროცენტზე მეტის მფლობელი პარტნიორები.
14.1.2. შპს-სა და სს-ში დაუშვებელია საზოგადოების დაშლა ერთი პარტნიორის მიერ. ლიკვიდაცია მოხდება, თუ ამას გადაწყვეტენ ორმოცდაათ პროცენტზე მეტი ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის მფლობელები.
14.1.3. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან სააქციო საზოგადოება გადახდისუუნარო გახდება, დირექტორებმა, ბრალეული გაჭიანურების გარეშე, მაგრამ არა უგვიანეს სამი კვირისა გადახდისუუნარობის დადგომის დღიდან, უნდა განაცხადონ საბანკროტო საქმის აღძვრის შესახებ; ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როცა ქონება უკვე ვეღარ ფარავს ვალებს. არ მიიჩნევა განაცხადის ბრალეულ გაჭიანურებად, თუ დირექტორები საბანკროტო საქმის აღძვრას ეპყრობიან კომერსანტის კეთილსინდისიერებითა და გულისხმიერებით.
დირექტორები ვალდებულნი არიან საზოგადოებას აუნაზღაურონ ის ხარჯები, რომლებიც გაღებულია საზოგადოების გადახდისუუნარობის დადგომის ან დავალიანების დადგენის შემდეგ. ეს წესი არ მოქმედებს იმ ხარჯების მიმართ, რომლებიც გაღებული იყო გადახდისუუნარობის დადგომის შემდეგ, თუ დირექტორი მოქმედებდა ნამდვილი კომერსანტის კეთილსინდისიერებითა და გულისხმიერებით. ზარალის ანაზღაურების მიმართ გამოიყენება 9.6 მუხლის წესები.
14.2. ლიკვიდაციას აწარმოებენ 9.1 მუხლში დასახელებული პირები ერთობლივი ხელმოწერით. რომელიმე მონაწილის შუამდგომლობით, თუ საამისო მნიშვნელოვანი საფუძვლები არსებობს, ლიკვიდაციის განმახორციელებელი პირები (ლიკვიდატორები) შეიძლება დაინიშნონ იმ სასამართლოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოებას აქვს ადგილსამყოფელი; ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია ლიკვიდატორებად დანიშნოს ის პირებიც, რომლებიც არ არიან დირექტორები.
ლიკვიდატორებმა დანიშვნისთანავე უნდა შეადგინონ ბალანსი. საწარმოს საბუღალტრო წიგნებიდან ან სხვა წყაროებიდან ცნობილ კრედიტორებს საზოგადოების ლიკვიდაციის შესახებ უნდა აცნობონ სპეციალური შეტყობინებით, ხოლო უცნობ კრედიტორებსა და იმ კრედიტორებს, რომელთა საცხოვრებელი ადგილი უცნობია, საჯარო განცხადებით, და მოიწვიონ ისინი მათი პრეტენზიების განცხადებისათვის.
ლიკვიდატორები მოვალენი არიან დაამთავრონ მიმდინარე საქმეები, განახორციელონ აქტივები და შეასრულონ საზოგადოების ვალდებულებები, თუ ბალანსიდან დავალიანება არ გამომდინარეობს. დავალიანების დადგენისთანავე ისინი მოვალენი არიან ამის თაობაზე აცნობონ სასამართლოს, რომელმაც უნდა აღძრას საბანკროტო საქმე. ლიკვიდატორები წარმოადგენენ საზოგადოებას ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ გარიგებებში, შეუძლიათ წარმართონ ამასთან დაკავშირებული პროცესები, დაამთავრონ საარბიტრაჟო საქმეები ან მორიგებით დაასრულონ დავები, ხოლო თუ საჭიროა, ჩაერთონ ახალ გარიგებებშიც. მათ შეუძლიათ აგრეთვე თავისუფლად გაყიდონ აქტივები. გრძელვადიანი ლიკვიდაციის დროს მათ ყოველწლიურად უნდა შეადგინონ შუალედური ბალანსები. საზოგადოება პასუხს აგებს ლიკვიდატორის მიერ თავის საქმიან მოვალეობათა შესრულებისას უნებართვო მოქმედებებით მიყენებული ზიანისათვის. ლიკვიდატორების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 9.7 მუხლით.
14.3. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება, ვალების დაფარვის შემდეგ, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესს არ ითვალისწინებს, ნაწილდება პარტნიორებს შორის მათ მიერ გაღებული თანხებისა და მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად. განაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთი წლის გასვლის შემდეგ. ეს ვადა იანგარიშება იმ დღიდან, როცა მოვალეები მესამედ იქნენ პუბლიკაციის მეშვეობით გამოძახებული. განაწილება შეიძლება მოახდინოს სასამართლომ ერთი წლის ვადის გასვლამდეც, თუკი არსებული ვითარებიდან გამომდინარე ეს საფრთხეს არ უქმნის კრედიტორებს.
თუ ცნობილი კრედიტორები არ განაცხადებენ თავიანთ მოთხოვნებს, მათი მოთხოვნების ღირებულება სასამართლოსგან დეპონირდება. ამგვარადვე უნდა იქნეს დეპონირებული საზოგადოების სადავო ვალდებულებებისა და იმ ვალდებულებების შესაბამისი ღირებულება, რომელთა შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, თუკი კრედიტორებისათვის არ არის წარდგენილი თანაბრადღირებული გარანტია ან საზოგადოების ქონების განაწილება არ შეჩერდება ამ ვალდებულებათა შესრულებამდე.
წესები საზოგადოების ფულის გახარჯვის შესახებ არ გამოიყენება ლიკვიდაციის პერიოდში.
თუ საზოგადოების ქონების განაწილებისას წარმოიშობა დავა პარტნიორებს შორის, ლიკვიდატორებმა უნდა შეწყვიტონ განაწილება დავის კანონიერად გადაწყვეტამდე.
14.4. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი ფორმის საზოგადოება გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საზოგადოებად წილობრივი ურთიერთობებისა და საზოგადოების საქმიანობის საგნის შენარჩუნებით. გარდაქმნა დაიშვება მხოლოდ სამეურნეო წლის დამთავრებიდან ექვსი თვის ვადაში ახალი სამეურნეო წლის დასაწყისის გათვალისწინებით. გარდაქმნის ბალანსში აქტივები შეიტანება ძველი საბალანსო ან საბაზრო ღირებულებით.
საბაზრო ღირებულებას ამოწმებენ დამოუკიდებელი ექსპერტები. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის გარდაქმნისათვის აუცილებელია ხმების საერთო რაოდენობის უბრალო უმრავლესობა, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.
14.5. საზოგადოებებსა და ინდივიდუალურ საწარმოს შეუძლიათ გაერთიანდნენ (შერწყმა). სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭიროა ხმების საერთო რაოდენობის უბრალო უმრავლესობა, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საზოგადოება უერთდება მეორეს თუ ორივე საზოგადოება ერთიანდება ერთ ახალ საზოგადოებად. თუ შერწყმის დროს მოხდება გადახვევები საბალანსო ღირებულებებიდან, შერწყმის ბალანსში ღირებულება უნდა დაზუსტდეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ საწესდებო კაპიტალში მათი წილის პრინციპებით. საზოგადოება, რომელმაც ძველი საზოგადოება მიიერთა, ან ახლად შექმნილი საზოგადოება, წარმოადგენენ ადრინდელი საზოგადოების (საზოგადოებების) უფლებამონაცვლეს.
14.6. საწარმო, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე საწარმო ერთეულია, შეიძლება დაიყოს მის შემადგენლობაში მყოფ საწარმოებად და მათ გააგრძელონ საქმიანობა როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა საკუთარი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით (გაყოფა ნატურით). შემადგენლობაში მყოფი საწარმო წარმოადგენს საწარმოო-ორგანიზაციულად განცალკევებულ ერთეულს, რომელსაც აქვს საკუთარი საქმიანობის სფერო. ნატურით გაყოფა დაიშვება საბალანსო ღირებულებით. თუ დადგინდა უფრო მაღალი ღირებულება, იგი უნდა შემოწმდეს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ. ნატურით გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ადრინდელი პარტნიორები ნატურით გაყოფილ საწარმოში მონაწილეობდნენ სხვადასხვა წილობრივ საფუძველზე.
14.7. შერწყმა და ნატურით გაყოფა დაიშვება მხოლოდ წლიური ანგარიშის შედგენის დღისათვის და ამ დღიდან ექვსთვიანი უკუქცევითი ძალით.
მუხლი 15. ხანდაზმულობა. გასაჩივრების ვადები
15.1. ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ვადა არის ხუთი წელი მათი წარმოშობიდან, საზოგადოების ლიკვიდაციიდან ან პარტნიორის გასვლიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს.
15.2. დაუშვებელია პარტნიორთა კრების, საერთო კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის გასვლის შემდეგ.
მუხლი 16. ფილიალები
საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალები, რომლებიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენენ. ფილიალის შექმნის შესახებ ეცნობება საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს, რომელიც რეგისტრაციისათვის საბუთებს უგზავნის ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს.
კანონით დადგენილი ხელმოწერები შესანახად უნდა გაკეთდეს ფილიალის მარეგისტრირებელ სასამართლოში.
მუხლი 17. კონცერნები და მეკავშირე საწარმოები
17.1. კონცერნი წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ ერთი საწარმო სხვა საწარმოში მონაწილეობს ოცდახუთ პროცენტზე მეტი წილით. კონცერნი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. მას აქვს მხოლოდ ამ მუხლში გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
17.2. თუ ერთი საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოში მდებარე სხვა საწარმოს წილის სულ ცოტა ხუთი პროცენტი, მაშინ ხუთი პროცენტის მფლობელმა საწარმომ დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ მეორე საწარმოს. თუ საწარმოს ხელში აღმოჩნდება წილთა უმრავლესობა, ამ საწარმომ (ძირითადი საწარმო) ამის შესახებ ასევე დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე საწარმოს (არაძირითადი საწარმო). შეტყობინების მოვალეობა წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც, როცა წილი აღარ შეადგენს იმ ოდენობას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია შეტყობინების მოვალეობა. საწარმოს რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ აბზაცის შესაბამისად, შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს წილის სიდიდის დამადასტურებელი საბუთი.
17.3. თუ საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოში მდებარე სხვა საწარმოს წილთა სულ ცოტა ორმოცდაათი პროცენტი, მაშინ ძირითად საწარმოს ეკისრება შემდეგი მოვალეობები:
ა) აანაზღაუროს არაძირითადი საწარმოს წლიური ზარალი;
ბ) აანაზღაუროს არაძირითადი საწარმოს ქონებრივი დანაკლისები, რომლებიც წარმოიშვა ძირითადი საწარმოს გარიგებებიდან ან სხვა ღონისძიებებიდან, და გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია გარეშე პარტნიორებისთვის;
გ) შეადგინოს საკონცერნო ბალანსი არაძირითადი საწარმოს წლიურ ბალანსთან გაერთიანებით;
დ) განაცხადოს არაძირითად საწარმოში მონაწილეობა სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისათვის.
17.4. თუ ერთი საწარმოს ხელში აღმოჩნდება საქართველოში მდებარე სხვა საწარმოს წილთა სულ ცოტა სამოცდათხუთმეტი პროცენტი, ძირითადი საწარმო პასუხს აგებს არაძირითადი საწარმოს ან მესამე პირის წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც გამოწვეულია გარიგებებით ან სხვა ღონისძიებებით.
საწარმოსთან ერთად პასუხს აგებენ 9.1 მუხლში დასახელებული პირები, როგორც სოლიდარული მოვალენი. პასუხისმგებლობა არ დგება, თუ დამოუკიდებელი საწარმოს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელიც ამგვარადვე იმოქმედებდა. 9.7 მუხლი გამოიყენება შესაბამისად.
ამგვარადვე აგებენ პასუხს კრედიტორების წინაშე საწარმო და მისი კანონიერი წარმომადგენლები სხვა საწარმოში სულ ცოტა სამოცდათხუთმეტპროცენტიანი მონაწილეობისას ამ საწარმოს ვალდებულებებისათვის. აღნიშნული ვალდებულებებისთვის საწარმო სოლიდარულად აგებს პასუხს იმ საწარმოსთან ერთად, რომლის წილთა სამოცდათხუთმეტი პროცენტიც მას ეკუთვნის.
17.5. ამ მუხლის მიხედვით, უმრავლესობის მოსაპოვებლად უნდა გაერთიანდეს ძირითადი საწარმოს არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობა. 17.2–17.4 მუხლების მიხედვით მონაწილეთა უმრავლესობას უთანაბრდება, თუ ხელშეკრულების ძალით რამდენიმე საწარმო ერთიანდება და, ამგვარად, არაძირითად საწარმოში ხმების ნახევარზე მეტს მოაგროვებენ.
17.6. ხელშეკრულება, რომლითაც ერთი საწარმოს ორგანოები ემორჩილებიან სხვა საწარმოს ნებას, ბათილია.
17.7. დაუშვებელია რომელიმე საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ხუთ პროცენტზე მეტი ორმხრივი წილობრივი მონაწილეობა. თუ ეს მონაწილეობა არსებობს სამ თვეზე მეტ ხანს, გადამეტებული ნაწილი ამოღებულ უნდა იქნეს 3.8 მუხლის წესების შესაბამისად.
მუხლი 18. გამოქვეყნება და კონფიდენციალობა
18.1. საწარმო აქვეყნებს ამ კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და ფაქტებს, კერძოდ, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს, 17.2 მუხლის მიხედვით, ინფორმაციას წილობრივი მონაწილეობისა და პარტნიორთა კრებების შესახებ. სხვა ინფორმაციისა და ფაქტების გამოსაქვეყნებლად აუცილებელია სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი თანხმობა, თუ ეს საბჭო არსებობს, ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება როგორც მთლიანად, ასევე ცალკეულ შემთხვევებში.
18.2. სხვა შემთხვევებში საზოგადოების ორგანოების სხდომათა შინაარსი და შედეგები კონფიდენციალურია, თუკი ეს შედეგები არ ექვემდებარება გამოქვეყნებას, ან თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. კონფიდენციალობა არ გამოიყენება სააქციო საზოგადოების საერთო კრების მიმართ და რეგისტრირებული კოოპერატივის წევრთა საერთო კრების მიმართ. გარდა ამისა, ზოგადად ან ცალკეულ შემთხვევებში საზოგადოების ორგანოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება კონფიდენციალობის გაუქმების შესახებ.
მუხლი 19. სხვა წესები: სანოტარო ფორმა, საქმიანი წერილის ბლანკის მონაცემები. ექსპერტების დანიშვნა
19.1. ყველა შეთანხმება, რომლითაც იქმნება ან უქმდება საწარმო, აგრეთვე ყოველგვარი ცვლილება მათში, მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას. ბათილია გარიგება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
19.2. საზოგადოების ყველა საქმიან წერილზე, რომლებიც გაეგზავნებათ ადრესატებს, უნდა მიეთითოს საზოგადოების სამართლებრივი ფორმა და ადგილსამყოფელი, საზოგადოების ადგილსამყოფლის მიხედვით სარეგისტრაციო ორგანო და რეგისტრაციის ნომერი. გარდა ამისა, მითითებული უნდა იყოს საზოგადოების საწესდებო კაპიტალი.
სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კოოპერატივის საქმიან წერილებზე აგრეთვე უნდა აღინიშნოს ყველა დირექტორი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც გვარისა და სახელის მითითებით. ასევე მიეთითება დირექტორატის თავმჯდომარე.
19.3. ამ კანონში აღნიშნულ „დამოუკიდებელ ექსპერტად“ მიიჩნევა სააუდიტო საზოგადოების პირი ან აუდიტორი, რომელსაც სხელმწიფოსაგან აქვს უფლებამოსილება, შეამოწმოს საწარმოთა საბუღალტრო საქმე და ანგარიშიანობა ზოგადად და საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების თანახმად. ამასთან, ეს პირი ან საზოგადოება ეკონომიკურად და პიროვნულად დამოუკიდებელი უნდა იყოს შესამოწმებელი საწარმოსაგან ან მის თანამდებობის პირთაგან. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ დანიშნონ ასეთი პირი ან საზოგადოება, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საწარმოს ადგილსამყოფლის ან შემოწმების ადგილის მიხედვით არსებული სასამართლო.
II. კერძო ნაწილი
თავი პირველი
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
მუხლი 20. ცნება
20.1. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით, ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას და პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები – უშუალოდ, პირდაპირ, მთელ ვალდებულებებზე, შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით.
20.2. პარტნიორები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები.
მუხლი 21. პარტნიორის შეგებებული მოთხოვნა
21.1. თუ რომელიმე პარტნიორს საზოგადოების ვალდებულებათა გამო წარედგინება პრეტენზია, მაშინ ამ პარტნიორს შეუძლია წარდგენილი პრეტენზიის წინააღმდეგ წარმოადგინოს მხოლოდ ის შეგებებული მოთხოვნა, რომლის უფლებაც საზოგადოებას ან პირადად მას აქვს ამ პრეტენზიის საწინააღმდეგოდ.
21.2. პარტნიორს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე, სანამ საზოგადოება უფლებამოსილია იდავოს გარიგებაზე, რომელიც საფუძვლად უდევს საზოგადოების ვალდებულებას.
21.3. იგივე უფლება აქვს პარტნიორს მანამ, სანამ კრედიტორის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს საზოგადოების დრომოსული საპირისპირო მოთხოვნის შესრულებით (შემხვედრი ფულადი მოთხოვნების ურთიერთჩათვლა).
21.4. იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს პარტნიორის ქონებაზე იძულებითი გადახდევინების მიქცევა, კრედიტორი უფლებამოსილია მოიპოვოს საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ აღმასრულებელ დოკუმენტთან ერთად ასეთივე დოკუმენტი პარტნიორების მიმართაც.
მუხლი 22. პარტნიორთა კრება
22.1. იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მნიშვნელობაც სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, იღებს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრება.
22.2. ყოველ პარტნიორს შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით. წერილი უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. მოწვევის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორებს შეუძლიათ დამატებათა შეტანა დღის წესრიგში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება პარტნიორთა უმრავლესობა. თუ კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმდაგვარადვე და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვის კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება პარტნიორთა უმრავლესობა.
22.3. საზოგადოების კრების მონაწილენი თავიანთი წრიდან ხმების უბრალო უმრავლესობით ირჩევენ თავმჯდომარეს. კრებაზე ყოველ პარტნიორს აქვს თითო ხმა. თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს. საზოგადოების კრების გადაწყვეტილების მიღებისთანავე თავმჯდომარე ადგენს და ხელს აწერს ოქმს.
22.4. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას უმრავლესობის მიერ, თუ ეს კანონი არ ადგენს გადაწყვეტილებათა ერთხმად მიღებას და თუ გადაწყვეტილება ერთ-ერთ პარტნიორს არ აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში ან არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.
მუხლი 23. საზოგადოების ხელმძღვანელობა
თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ყველა პარტნიორი უფლებამოსილია გაუძღვეს საწარმოო საქმეებს, რომლებსაც ისინი საჭიროებისამებრ ცალ-ცალკე განახორციელებენ, თუკი ცალკეულ შემთხვევაში რომელიმე პარტნიორი ამის წინააღმდეგი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელობის ეს ფორმა არ გამოიყენება.
მუხლი 24. პარტნიორის კონტროლის უფლება
იმ პარტნიორსაც, რომელიც არ მონაწილეობს საზოგადოების ხელმძღვანელობაში, შეუძლია პირადად გაეცნოს საზოგადოების საქმეებს და ამ მიზნით შეამოწმოს საზოგადოების წიგნები და საბუთები. მას უფლება აქვს მოსთხოვოს სხვა პარტნიორებს საზოგადოების მიმართ არსებულ მოვალეობათა შესრულება და ამ შესრულების გამო საკუთარი სახელით წარადგინოს სარჩელი.
მუხლი 25. მოგება და ზარალი
25.1. ყოველი სამეურნეო წლის ბოლოს ბალანსის საფუძველზე დგინდება წლიური მოგება ან ზარალი და გამოითვლება მასში ყოველი პარტნიორის წილი.
25.2. ერთ-ერთი პარტნიორის წილი მოგება მიემატება მისსავე წილ კაპიტალს; პარტნიორის ზიარი ზარალი და სამეურნეო წლის განმავლობაში წილი კაპიტალიდან გახარჯული ფული, ჩამოიწერება მოგებიდან.
მუხლი 26. მოგებისა და ზარალის განაწილება
26.1. ყოველ პარტნიორს წლიური მოგებიდან ეკუთვნის, უწინარეს ყოვლისა, წილი თავისი წილი კაპიტალის ოთხი პროცენტის ოდენობით. თუ წლიური მოგება ამისათვის საკმარისი არ არის, მაშინ წილი განისაზღვრება, შესაბამისად, უფრო დაბალი პროცენტით.
26.2. 26.1 მუხლის მიხედვით, პარტნიორის წილი მოგების დაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება პარტნიორის მიერ შესრულებული სამუშაო, რომელიც მან სამეურნეო წლის განმავლობაში შესატანის სახით შეასრულა, ამ სამუშაოს შესრულებიდან გასული დროის გათვალისწინებით. თუ პარტნიორმა სამეურნეო წლის განმავლობაში გახარჯა ფული თავისი წილი კაპიტალიდან, მაშინ მხედველობაში მიიღება გახარჯული თანხა გახარჯვამდე გასული დროის პროპორციულად.
26.3. წლიური წილი მოგების ის ნაწილი, რომელიც აღემატება 26.1 და 26.2 მუხლების მიხედვით გამოსაანგარიშებელ წილ მოგებათა თანხას, და სამეურნეო წლის ზარალი, განაწილდება პარტნიორთა შორის და მიემატება მათ წილ კაპიტალს, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა წესებსაც.
მუხლი 27. ფულის გახარჯვა პარტნიორის მიერ
27.1. პარტნიორს უფლება აქვს საზოგადოების სალაროდან საკუთარი ხარჯებისათვის გამოიტანოს ბოლო სამეურნეო წელს მისთვის დადგენილი წილი კაპიტალის ოთხ პროცენტამდე ოდენობის თანხა და, თუ ეს საზოგადოებას აშკარად ზიანს არ აყენებს, მოითხოვოს ბოლო წლის მოგებიდან თავისი წილი მოგების გამოტანა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს ზემოხსენებულ თანხას. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს განსხვავებულ წესებს, კერძოდ, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებას ფულის გახარჯვის თაობაზე.
27.2. სხვა შემთხვევაში პარტნიორს არა აქვს უფლება დანარჩენი პარტნიორების თანხმობის გარეშე მოაკლოს თანხა თავის წილ კაპიტალს.
მუხლი 28. ლიკვიდაციის საფუძვლები
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ლიკვიდირებული იქნება:
ა) იმ ვადის გასვლისას, რა ვადითაც იგი შეიქმნა;
ბ) პარტნიორთა გადაწყვეტილებით;
გ) საზოგადოების საბანკროტო წარმოების გახსნით;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მუხლი 29. ლიკვიდაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით
29.1. ერთ-ერთი პარტნიორის განცხადების საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს განსაზღვრული ვადით შექმნილი საზოგადოება ვადაზე ადრე ან უვადოთ შექმნილი საზოგადოება, თუკი არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.
29.2. მნიშვნელოვან საფუძვლად, კერძოდ, ჩაითვლება, თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია საზოგადოების წესდებით მასზე დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ ამგვარი მოვალეობის შესრულება შეუძლებელი ხდება.
29.3. შეთანხმება, რომლითაც პარტნიორს ერთმევა ან, ამ ნორმების საწინააღმდეგოდ, ეზღუდება საზოგადოების ლიკვიდაციის მოთხოვნის უფლება, ბათილია.
მუხლი 30. წილი კაპიტალის გასხვისება
პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი წილიკაპიტალი, თუ ყველა დანარჩენი პარტნიორი წინასწარ განაცხადებს თანხმობას ან, თუ საზოგადოების წესდებით დაშვებულია გასხვისება. წილიკაპიტალის დათმობისას საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება. საბუთი უნდა შეიცავდეს სხვა პარტნიორების თანხმობასაც. უამისოდ დათმობის ხელშეკრულება ბათილია.
მუხლი 31. ერთ-ერთი პარტნიორის გასვლა ან გაკოტრება
31.1. თუ ერთ-ერთი პარტნიორი გამოთქვამს საზოგადოებიდან გასვლის სურვილს, ან მის ქონებაზე იხსნება საბანკროტო წარმოება, მაშინ იგი საზოგადოებიდან გადის ამ ფაქტის ძალაში შესვლის მომენტიდან.
31.2. თუ პარტნიორი საზოგადოების წინაშე მასზე დაკისრებულ არსებით მოვალეობას დაარღვევს განზრახ ან უხეში გაუფრხილებლობით, თუ ამგვარი მოვალეობის შესრულება მისთვის შეუძლებელი ხდება ან არსებობს სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი საფუძველი, მაშინ სასამართლომ სხვა პარტნიორების მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება გამოიტანოს გადაწყვეტილება საზოგადოებიდან ამ პარტნიორის გარიცხვის შესახებ.
მუხლი 32. ურთიერთობანი საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის შემდეგ
32.1. საზოგადოებიდან პარტნიორის გასვლის ან მისი გარიცხვის შემთხვევაში მისი წილი საზოგადოების ქონებაში დაემატება სხვა დანარჩენ პარტნიორებს.
32.2. ეს პარტნიორები ვალდებულნი არიან საზოგადოებიდან გამსვლელი ან გარიცხული პარტნიორი გაათავისუფლონ საზოგადოების ვალებისაგან და გადაუხადონ ის, რასაც იგი საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში მიიღებდა. საზოგადოებიდან გამსვლელ ან გარიცხულ პარტნიორს არა აქვს გარანტიის მოთხოვნის უფლება.
32.3. საზოგადოების ქონების ღირებულება უნდა შეფასდეს იმ დღისათვის, როცა საზოგადოებიდან გასვლა ძალაში შედის, იხსნება საბანკროტო წარმოება ან შეიტანება სარჩელი გარიცხვის შესახებ. მოთხოვნა უნდა შესრულდეს გამოყოფის ბალანსის წარდგენისას.
მუხლი 33. პარტნიორის გარდაცვალება
33.1. უმემკვიდროდ დარჩენილი პარტნიორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი წილი დაემატება სხვა დანარჩენ პარტნიორებს.
33.2. თუ 33.1 მუხლის თანახმად, პარტნიორს ჰყავს მემკვიდრეები, მაშინ ყოველ მემკვიდრეს შეუძლია საზოგადოებაში დარჩეს იმისდა მიხედვით, მიენიჭება თუ არა მას კომანდიტის სტატუსი და ჩაითვლება თუ არა სამკვიდროს დამტოვებლის საწევრო შესატანიდან მისი კუთვნილი წილი საკომანდიტო შენატანად. თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, მაშინ ამ კომანდიტის წილი მოგება ასევე განისაზღვრება სამკვიდროს დამტოვებლის საწევრო შესატანიდან მემკვიდრის კუთვნილი წილის მიხედვით.
33.3. თუ დანარჩენი პარტნიორები არ მიიღებენ მემკვიდრისაგან შესაბამის განცხადებას, მაშინ მემკვიდრე უფლებამოსილია განაცხადოს საზოგადოებიდან თავისი გასვლის შესახებ დათქმულ ვადაზე ადრე.
33.4. მემკვიდრემ განცხადება შეიძლება გააკეთოს სამი თვის ვადაში იმ მომენტიდან, როცა მან მიიღო მემკვიდრეობა. თუ მემკვიდრე არ შედის საზოგადოებაში სოლიდარულად პასუხისმგებელი პარტნიორის სახით, მაშინ იგი პასუხს აგებს მისი სტატუსის გარკვევამდე წარმოშობილ საზოგადოების ვალებზე იმ წესების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ საანდერძო დანაკისრისათვის მემკვიდრის პასუხისმგებლობას.
33.5. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს შეუძლია გახდეს პარტნიორი. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებაში შემსვლელი (ან შემსვლელები) სპეციალური უფლებამოსილების ძალით იღებს პარტნიორის სტატუსს. იგი (ისინი) ვალდებულია სხვა მემკვიდრეებს გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. საზოგადოების წესდება შეიძლება არ ითვალისწინებდეს კომპენსაციის ვალდებულებას.
თავი მეორე
კომანდიტური საზოგადოება
მუხლი 34. ცნება
34.1 საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე პირი ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას, არის კომანდიტური საზოგადოება, თუ ერთი ან რამდენიმე პარტნიორის პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე განსაზღვრული საგარანტიო თანხის გადახდით შემოიფარგლება (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების პასუხიმგებლობა შეზღუდული არ არის (პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები – კომპლემენტარები).
34.2 კომანდიტური საზოგადოების მიმართ ზოგადი ნაწილის წესებთან ერთად გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესაბამისი წესები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
34.3 პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები (კომპლემენტარები) შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები.
მუხლი 35. კონკურენციის აკრძალვა
კონკურენციის აკრძალვა არ ვრცელდება კომანდიტებზე, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
მუხლი 36. კომანდიტის კონტროლის უფლება
36.1. კომანდიტს უფლება აქვს მოითხოვოს წლიური ანგარიშის ასლი და საზოგადოების წიგნებისა და საბუთების გაცნობით შეამოწმოს წლიური ანგარიშის სისწორე.
36.2. მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი კომანდიტის განცხადების საფუძველზე ნებისმიერ დროს მოითხოვოს საბალანსო და წლიური ანგარიშის მონაცემების, სხვა მსგავსი ინფორმაციის, საზოგადოების წიგნებისა და საბუთების წარდგენა.
მუხლი 37. საზოგადოების ხელმძღვანელობა
37.1. კომანდიტები არ მონაწილეობენ საზოგადოების ხელმძღვანელობაში; მათ არ შეუძლიათ გამოვიდნენ ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორების მიერ განხორციელებული მოქმედების წინააღმდეგ. თუ მოქმედება სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, საჭიროა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.
37.2. თუ ერთ-ერთ კომანდიტს ხელშეკრულებით მინიჭებული აქვს უფლებამოსილება განახორციელოს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებანი, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი მინდობილობის ფარგლებს, იგი პასუხს აგებს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორი.
მუხლი 38. მოგება და ზარალი
38.1. 25-ე მუხლის წესები მოგება-ზარალის დაანგარიშების შესახებ ვრცელდება კომანდიტების მიმართაც.
38.2. კომანდიტი ზარალის მოზიარეა მხოლოდ თავისი წილი კაპიტალისა და ჯერ კიდევ გადაუხდელი შესატანის ოდენობით.
38.3. კომანდიტის წილი მოგება დაერიცხება მის წილ კაპიტალს, ვიდრე ეს უკანასკნელი არ მიაღწევს შესატანის დათქმულ ოდენობას.
მუხლი 39. მოგებისა და ზარალის განაწილება
39.1. პარტნიორთა წილი წლიურ მოგებაში განისაზღვრება ამ კანონის 26.1 და 26.2 მუხლებით, თუ მოგება არ აღემატება წილი კაპიტალის ოთხ პროცენტს.
39.2. სამეურნეო წილის მოგება ან ზარალი, რომელიც აღემატება ამ თანხას, პროპორციულად ნაწილდება პარტნიორებს შორის, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. განაწილების პროპორციულობის დასადგენად, კერძოდ, მხედველობაში მიიღება კომანდიტის წილი კაპიტალი, ასევე მათი სამართლებრივი მდგომარეობა.
მუხლი 40. კომანდიტის მიერ მოგების გამოყენება
40.1. ამ კანონის 27-ე მუხლი კომანდიტების მიმართ არ გამოიყენება.
40.2. კომანდიტს აქვს მხოლოდ კუთვნილი მოგების მიღების მოთხოვნის უფლება. მას არ შეუძლია ამ მოგების მოთხოვნა, ვიდრე მისი წილი კაპიტალი ზარალის შედეგად ან ანგარიშსწორების გამო შესატანის დათქმულ თანხაზე ნაკლებია.
40.3. კომანდიტი ვალდებული არ არის დააბრუნოს მიღებული მოგება შემდგომი ზარალის გამო.
მუხლი 41. კომანდიტის პასუხისმგებლობა
41.1. კომანდიტის საგარანტიო თანხა საზოგადოების კრედიტორების მიმართ განისაზღვრება სამეწარმეო რეესტრში მითითებული თანხის ოდენობით, თუ ეს თანხა უკვე შეტანილია. სხვა შემთხვევაში გამოიყენება 3.3 – 3.5 მუხლები.
41.2. სამეწარმეო რეესტრში მოცემული საგარანტიო თანხის არარეგისტრირებულ მომატებას კრედიტორები შეიძლება დაეყრდნონ მხოლოდ მაშინ, თუ მომატება საქმიან ურთიერთობებში მიღებული წესით გახდება ცნობილი, ან საზოგადოება ამის შესახებ კრედიტორებს სხვა გზით შეატყობინებს.
41.3. კომანდიტი ვალდებული არ არის უკან დააბრუნოს ის თანხა, რომელსაც იგი კეთილსინდისიერად და სათანადოდ შედგენილი ბალანსის საფუძველზე მოგების სახით მიიღებს. სხვა შემთხვევებში გამოიყენება 3.6 მუხლი.
მუხლი 42. პასუხისმგებლობა კომ ანდიტად შესვლის დროს
უკვე არსებულ საზოგადოებაში კომანდიტად შემსვლელი პირის პასუხისმგებლობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 41-ე მუხლი.
მუხლი 43. კომანდიტის წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა
43.1. კომანდიტის წილი შეიძლება გასხვისდეს ან გადაეცეს მემკვიდრეობით სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
43.2. წილის დათმობისთვის საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება.
თავი მესამე
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
მუხლი 44. ცნება
საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა საზოგადოების კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, ხოლო პარტნიორების პასუხისმგებლობა საწესდებო კაპიტალში მისი წილის ოდენობით, არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ასეთი საზოგადოების დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.
მუხლი 45. საწესდებო კაპიტალი. შესატანი
45.1. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ ცოტა ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნული ვალუტით.
45.2. შესატანის ოდენობა თითოეული პარტნიორისათვის შეიძლება განსხვავებულად განისაზღვროს, მაგრამ იგი ათზე უნაშთოდ უნდა იყოფოდეს.
მუხლი 46. პარტნიორის უფლება-მოვალეობანი
46.1. პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება და მემკვიდრეობით გადაცემა.
46.2. თუ პარტნიორი თავდაპირველი წილის მისამატებლად შეიძენს სხვა წილს, თითოეული წილი ინარჩუნებს თავის დამოუკიდებლობას.
46.3. პარტნიორის მიერ წილის დათმობა მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებას. სანოტარო დამოწმებაა ასევე საჭირო შეთანხმებისათვის, რომლითაც წარმოიშობა პარტნიორის ვალდებულება წილის გასხვისების შესახებ.
46.4. საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს წილის გადაცემის სხვა პირობებიც, კერძოდ, გასხვისებისათვის აუცილებელი გახდეს საზოგადოების ნებართვა ან პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.
46.5. წილის ნაწილობრივი გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ნებართვით. ნებართვაში უნდა აღინიშნოს შემძენის პიროვნება და თანხა, რომელიც შეესაბამება დაუნაწევრებელი შესატანის გაყოფის შედეგად წარმოშობილ თითოეულ წილს. 45.2 მუხლის წესები შესატანის თანხის შესახებ შესაბამისად გამოიყენება წილის გაყოფის მიმართ.
46.6. დაუშვებელია საკუთარი წილის შეძენა.
46.7. საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პარტნიორთა მიერ შესატანის გარდა დამატებითი შესატანების გადახდაც. დამატებითი შესატანები წილის პროპორციული უნდა იყოს.
საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული იმ გადასახდელის გაზრდა, რომელიც ეკისრება პარტნიორს, დაიშვება მხოლოდ დანარჩენი პარტნიორების თანხმობით.
46.8. პარტნიორები, რომელთა წილი ერთად შეადგენს საწესდებო კაპიტალის მეოცედ ნაწილს, უფლებამოსილი არიან მოითხოვონ კრების მოწვევა ამ კრების მიზნისა და საფუძვლების მითითებით. თუ ამ მოთხოვნას არ გამოეხმაურებიან, ან საერთოდ არ არსებობენ ის პირები, ვის მიმართაც არის ეს მოთხოვნა გათვალისწინებული, მაშინ პარტნიორებს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლიათ თვითონ მოიწვიონ იგი. კრება გადაწყვეტს მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის საკითხს.
46.9. პარტნიორები აკონტროლებენ საზოგადოების ხელმძღვანელობას.
46.10. დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
დირექტორებს შეუძლიათ უარი თქვან ამგვარი ინფორმაციის გაცემასა და წიგნებისა და ჩანაწერების გაცნობაზე, თუ ეს ინფორმაცია პარტნიორმა შეიძლება საზოგადოების საწინააღმდეგო მიზნებისათვის გამოიყენოს და ამით საზოგადოებას ან მის მეკავშირე საწარმოს უარყოფითი შედეგები მოუტანოს. უარი საჭიროებს პარტნიორთა გადაწყვეტილებას.
დირექტორების მიერ ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, თუ მას განცხადებით მიმართეს. განცხადებით მიმართვის უფლება აქვს პარტნიორს, რომელსაც უარი ეთქვა ინფორმაციის მიცემაზე და წიგნებისა თუ ჩანაწერების გაცნობაზე.
მუხლი 47. პარტნიორთა კრება
47.1. პარტნიორთა კრება ტარდება, სულ ცოტა, წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას წლიური შედეგების შესახებ, თუ პარტნიორებმა არ ისარგებლეს 47.7 მუხლში გათვალისწინებული უფლებით. დირექტორებმა უნდა მოიწვიონ საზოგადოების კრება, თუ საზოგადოების ინტერესები ამას მოითხოვს, ანდა თუ პარტნიორები მოითხოვენ კრების ჩატარებას 46.8 მუხლის შესაბამისად.
47.2. საზოგადოების წესდების შეცვლა შეიძლება მხოლოდ პარტნიორთა გადაწყვეტილებით. ასეთ გადაწყვეტილებას სჭირდება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა და სანოტარო წესით დამოწმება.
47. 3. თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს ყველა საკითხზე, კერძოდ:
ა) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა;
ბ) წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე, საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;
გ) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა;
დ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;
ე) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ვ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს;
ზ) სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ ოდენობას;
თ) იმ სესხისა და კრედიტის უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას;
ი) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების განსაზღვრა;
კ) პროკურის გაცემა და გაუქმება;
ლ) იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას გააჩნია დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე დირექტორის ანდა პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს;
მ) წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;
ნ) შესატანების გადახდის მოთხოვნა;
ო) დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება;
პ) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან შრომის ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშის დამტკიცება.
47.4. ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას, თუ საზოგადოების წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ პარტნიორთა კრება საზოგადოების ხელმძღვანელობას აძლევს ცალკეულ დავალებებს ამ ხელმძღვანელობის კომპეტენციის ფარგლებში.
47.5. დირექტორებს შეუძლიათ მოიწვიონ საზოგადოების კრება ყველა პარტნიორისათვის ერთი კვირით ადრე გაგზავნილი დაზღვეული წერილით, რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. წერილის მიღებიდან სამი დღის ვადაში პარტნიორს შეუძლია ცვლილებები შეიტანოს დღის წესრიგში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასში მონაწილეობენ ის პარტნიორები, რომლებსაც აქვთ ხმების უმრავლესობა. თუ კრება გადაწყვეტილებაუნარიანი არ არის, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე დღის წესრიგით კვლავ მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც, თუ არ გამოცხადდება პარტნიორთა უმრავლესობა.
47.6. კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წლიური ბალანსიდან ან წლის განმავლობაში შედგენილი ბალანსიდან ირკვევა, რომ საზოგადოებამ შეიძლება კაპიტალის ნახევარი დაკარგოს.
47.7. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს.
47.8. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის, ანდა თუ არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.
47.9. საზოგადოების კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომელზედაც აუცილებელია თავმჯდომარის ხელმოწერა.
მუხლი 48. სამეთვალყურეო საბჭო
საზოგადოების წესდებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის წესები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ.
მუხლი 49. დირექტორები
49.1. ამ კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საზოგადოების ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრებათ დირექტორებს.
49.2. დირექტორებმა თავიანთი ამოცანები უნდა შეასრულონ ჩვეულებრივი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. შესაბამისად გამოიყენება მუხლი 9.7.
მუხლი 50. წლიური შედეგები
პარტნიორებს აქვთ წლიური გაუნაწილებელი მოგების მიღების უფლება ნაშთის ჩათვლით და ზარალის გამოკლებით, თუ კანონით ან საზოგადოების წესდებით ანდა პარტნიორთა გადაწყვეტილებით დაშვებულია ამ თანხის განაწილება პარტნიორებს შორის.
შედეგების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორებს შეუძლიათ თანხა მოგებიდან ანარიცხებში ჩარიცხონ ან წარმოადგინონ როგორც მოგება, თუ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წლიური წმინდა მოგების განაწილება ხდება წილის პროპორციულად. შესაბამისად გამოიყენება 57.2 მუხლი.
თავი მეოთხე
სააქციო საზოგადოება
მუხლი 51. ცნება. საზოგადოების წიგნი
51.1. სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომელსაც აქვს აქციებად დაყოფილი საწესდებო კაპიტალი. საწესდებო კაპიტალის მინიმალური ნომინალური ღირებულება შეესაბამება ათი ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნული ვალუტით, ხოლო ერთი აქციის ნომინალური ღირებულება არის ერთი აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით ან მისი მრავალჯერადი.
51.2. სააქციო საზოგადოებამ უნდა აწარმოოს საზოგადოების ყველა დოკუმენტის აღრიცხვა (საზოგადოების წიგნი), რომელშიც აისახება საზოგადოების წესდება, აღირიცხება რეგისტრაციისათვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია და ყოველი აქცია. თუ აქციები გაცემულია სააქციო ბარათის სახით, მაშინ საზოგადოების წიგნში უნდა აღინიშნოს გაცემის თარიღი, ნომინალური ღირებულება და სააქციო ბარათის ნომერი. თუ არ არის საქციო ბარათები გაცემული, მაშინ საზოგადოების წიგნში გაკეთებული რეგისტრაცია ცვლის სააქციო ბარათს. ამ შემთხვევებში აქციები სახელობით აქციებად უნდა გაიცეს.
საზოგადოების წიგნში განხორციელებულ ყოველ რეგისტრაციას ხელს უნდა აწერდეს ყველა დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
მუხლი 52. აქციათა სახეები. ფასიანი ქაღალდების კაპიტალის სხვა ფორმები
52.1 ჩვეულებრივი აქციები შეიძლება გაიცეს როგორც წარმომდგენის, ასევე სახელობითი აქციების სახით. სახელობითი აქციები შეიძლება გადაცემულ იქნან სააქციო ბარათზე ინდოსამენტის მეშვეობით ან, თუკი ბარათები არ არის გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებისა და საზოგადოების წიგნში რეგისტრაციის მეშვეობით. გაცემული ჩვეულებრივი აქციების უმცირესი ნომინალური ღირებულება უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში ერთ ხმას საერთო კრებაზე.
52.2. ყველა ჩვეულებრივი აქციის საერთო ნომინალური ღირებულების ოდენობამდე შეიძლება გაიცეს შეღავათიანი (პრივილეგირებული) აქციები, რომლებშიც განსაზღრულია ჩვეულებრივ აქციებზე უფრო ადრე და უფრო მაღალი დივიდენდების მიღება, მაგრამ ისინი არ იძლევიან ხმის უფლებას საერთო კრებაზე; მიუხედავად ამისა, 52.1 მუხლის მე-2 წინადადების შესაბამისად, ნომინალური ღირებულების აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას, თუკი – გასულ სამეურნეო წლებშიც – აქციონერს არ გამოუყენებია თავისი შეღავათიანი უფლებები. შეღავათიანი აქციები შეიძლება გაიცეს მხოლოდ წარმომდგენზე აქციებად.
52.3. სახელობითი აქციების გადაცემა სხვა პირზე შეიძლება დამოკიდებული იქნეს საზოგადოების თანხმობაზე. საზოგადოების წესდებასა და სააქციო ბარათში ან საზოგადოების წიგნში რეგისტრაციისას უნდა აღინიშნოს ამგვარი თანხმობის აუცილებლობის შესახებ. თანხმობა გაიცემა, თუ საზოგადოების არსებით ინტერესებს საფრთხე არ ემუქრება. საზოგადოების წესდება შეიძლება დაწვრილებით აწესრიგებდეს თანხმობასთან დაკავშირებულ საკითხებს. თანხმობას იძლევიან დირექტორები სამეთვალყურეო საბჭოს ნებართვით.
52.4. სააქციო საზოგადოებას შეუძლია, ეროვნული ბანკის თანხმობით, საწესდებო კაპიტალის შესაქმნელად წარმომდგენისა და სახელობითი ფასიანი ქაღალდების სახით ასევე გამოუშვას ობლიგაციები, კონვერსიული სესხის ობლიგაციები შემდგომში მათი აქციებად გარდაქმნის უფლებით და ოფციური სესხი შემდგომში წარმომდგენის ან სახელობითი აქციების მიღების უფლებით. თუ ამ ფასიან ქაღალდებზე უფლებები მითითებულია არა სააქციო ბარათში, არამედ რეგისტრირებულია მხოლოდ საზოგადოების წიგნში, მაშინ შეიძლება ეს უფლებები დაფიქსირდეს მათი მფლობელის სახელზე.
52.5. საზოგადაების აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები გაიცემა, სულ ცოტა, ნომინალურ თანხად. ნომინალურზე მეტი ღირებულებით გაცემის შემთხვევაში ღირებულებიდან გაცემის ხარჯების გამოკლების შემდეგ, ნამატი თანხა რჩება და იგი მიემატება სარეზერვო ფონდებს. იგივე წესი მოქმედებს, შესაბამისად, არაფულადი შენატანების დროსაც, რომელთა თანხა აღემატება ნომინალურ ღირებულებას.
მუხლი 53. აქციონერთა უფლებები და მოვალეობანი
53.1. აქციონერთა მთავარი მოვალეობაა გადაიხადონ შესატანი განსაზღვრული აქციის მისაღებად. საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა მოვალეობებს, რომლებიც შესაბამისი აქციონერების თანხმობას საჭიროებენ.
53.2. აქციონერების წილი მოგებაში განისაზღვრება აქციის ნომინალური ღირებულების შესაბამისად შეღავათიანი უფლებების გათვალისწინებით. სხვა ფასიანი ქაღალდების კაპიტალიდან გამომდინარე ვალდებულებები პირველ რიგში უნდა შესრულდნენ. შესატანები, რომლებიც სრულად არ არის შეტანილი, მონაწილეობენ მოგების განაწილებაში შესატანის სიდიდის პროპორციულად. შესატანები, რომლებიც სამეურნეო წლის განმავლობაშია შეტანილი, მონაწილეობს შეტანის დღიდან მოგების სამას სამოცდამეხუთედის პროპორციულად, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
53.3. ჩვეულებრივ, აქციონერები თავიანთ უფლებებს (ხმის უფლება, ინფორმაციის მიღების უფლება, კონტროლის უფლება, რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის, ასევე საერთო კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (მუხლი 15.2) ახორციელებენ საერთო კრებაზე.
53.3.1. აქციონერს უფლება აქვს საერთო კრებაზე დღის წესრიგის თითოეული პუნქტის გამო მოსთხოვოს განმარტებები დირექტორებსა და სამეთვალყურო საბჭოს და გამოთქვას თავისი აზრი. თუ მოთხოვნა წერილობით იქნა დაყენებული საერთო კრებამდე ათი დღით ადრე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ან განიხილონ დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად. ინფორმაციის გაცემაზე უარი შეიძლება მხოლოდ საწარმოს არსებითი ინტერესების საფუძველზე.
53.3.2. საწესდებო კაპიტალის ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ სამეურნეო მოქმედებების ან მთლიანად წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ადგილი აქვს დარღვევებს. თუ საერთო კრება არ დააკმაყოფილებს ამგვარ მოთხოვნას, მაშინ გადაწყვეტილება სპეციალური შემოწმების ჩატარების შესახებ შეიძლება მიიღოს იმ სასმართლომ, რომლის ტერიტორიაზეც აქვს საზოგადოებას ადგილსამყოფელი.
53.3.3. საწესდებო კაპიტალის ხუთი პროცენტის მფლობელ აქციონერებს უფლება აქვთ მოითხოვონ საწარმოს ინტერესების შესაბამისად რიგგარეშე კრების ჩატარება. მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული. თუ დირექტორები კრებას მოთხოვნიდან ოცი დღის განმავლობაში არ მოიწვევენ, აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ იმ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც საზოგადოებას აქვს ადგილსამყოფელი.
53.4. აქციონერებს შეუძლიათ თავიანთი ხმის უფლება გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოსალოდნელი გადაწყვეტილება ეხება მათთან გარიგების დადებას ან მათ გათავისუფლებას საქმიანობიდან.
მუხლი 54. საერთო კრება
54.1. ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან ორი თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზეც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ან 53.3.3 მუხლის შესაბამისად, აქციონერთა მოთხოვნით.
54.2. საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების წიგნში შეტანილ უკანასკნელ იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე ოცი დღის ვადაში დირექტორების მიერ ბეჭდვით ორგანოში გამოცხადებით ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნით. მოწვევასთან ერთად უნდა გამოცხადდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და საეთვაოყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილებების მისაღებად; შესაძლო ცვლილებები საზოგადოების წესდებაში უნდა გამოცხადდეს ასევე წინასწარ.
54.3. აქციონერმა თავისი აქციის წარდგენით, ან თუ აქცია არაა გაცემული, სხვა მოწმობის საფუძველზე უნდა დაამტკიცოს თავისი უფლება მიიღოს მონაწილეობა კრების მუშაობაში და ხმის უფლება. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე. დამატების სახით წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს აქციის შენახვას ნოტარიუსთან ან რომელიმე ბანკში, რომლებმაც ამ აქციონერს უნდა მისცენ შესაბამისი საბუთი, რომელიც საზოგადოებაში რჩება.
54.4. საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას – ერთ-ერთი დირექტორი. კრების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმს ადგენს ნოტარიუსი.
54.5. საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის მფლობელთა სულ ცოტა ნახევარი. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სულ ცოტა, რვა დღეში, იგივე დღის წესრიგით მოიწვევა ახალი კრება, რომელიც გამოცხადებული ან წარმოდგენილი კაპიტალ-კვოტის მიუხედავად, მაინც გადაწყვეტილებაუნარიანია.
54.6. საერთო კრება უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს საზოგადოების წესდება, კერძოდ, საწესდებო კაპიტალი, საფირმო სახელწოდება, საზოგადოების საქმიანობის საგანი და გადაწყვიტოს მისი ლიკვიდაციის საკითხი;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილებები ბირჟაზე აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების შესახებ;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება სხვა საზოგადოებებთან შერწყმის შესახებ;
დ) მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება საწესდებო კაპიტალის მომატების დროს (მუხლი 59), აგრეთვე მუხლი 52.4-ის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისას;
ე) მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორების წინადადება მოგების გამოყენების შესახებ ან, როცა ეს ორგანოები ვერ იძლევიან ერთიან წინადადებას, მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების გამოყენების შესახებ;
ვ) აირჩიოს აქციონერთა წარმომადგენლები სამეთვალყურეო საბჭოში;
ზ) დაამტკიცოს დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;
თ) გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი;
ი) აირჩიოს აუდიტორი და სპეციალური კონტროლიორი;
კ) მიიღოს გადაწყვეტილებები სამეთვალყურო საბჭოსა და დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, ამ პროცესისათვის წარმომადგენლის დანიშვნის ჩათვლით;
ლ) მიიღოს გადაწყვეტილებები ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებენ სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორები.
54.7. 54.6 მუხლში გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა უფლების მქონე დამსწრე კაპიტალის შესაბამისი აქციების მფლობელთა ორმოცდაათ პროცენტზე მეტი.
მუხლი 55. სამეთვალყურეო საბჭო
55.1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება, სულ ცოტა, სამი, არა უმეტეს ოცდაერთი წევრისაგან, ამასთან წევრთა რაოდენობა სამზე გაყოფადი უნდა იყოს. წევრთა ორი მესამედი აირჩევა საერთო კრების მიერ, ხოლო ერთი მესამედი შეიძლება აირჩეს მუშა-მოსამსახურეთგან (მუშა-მოსამსახურეთგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევის წესი განისაზღვრება სპეციალური საარჩევნო დებულებით, რომელსაც იღებს საერთო კრება).
55.2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრი საერთო კრების მიერ აირჩევა ოთხი წლის ვადით, მაგრამ უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგ მორიგი საერთო კრების მოწვევამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას. ყოველ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს. თუ წევრის გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში არ აირჩა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მაშინ სასამართლოს, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზე მდებარეობს საზოგადოება, შეუძლია ერთ-ერთი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორის განაცხადით დანიშნოს ახალი წევრი.
55.3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს დირექტორი. მას, როგორც აქციონერთა წარმომადგენელს, უნდა ჰქონდეს სამეურნეო საქმიანობის გამოცდილება.
55.4. სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს და მოადგილეს. თუ ვერ მოხერხდება გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ერთ-ერთი წევრის ან დირექტორების განაცხადის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზეც მდებარეობს საზოგადოება.
55.5. თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მოადგილე) იწვევს სხდომებს, განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი.
55.6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა რვა დღით ადრე და სავარაუდო დღის წესრიგითურთ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი ერთი სხვა წევრით.
55.7. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია წევრთა ნახევარზე მეტი. თუ სამეთვლყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას – მოადგილეს) შეუძლია, სულ ცოტა, სამი დღის ვადაში მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გამოცხადებულ წევრთა რაოდენობის მიუხედავად გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება.
სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს გამოცხადებულ ან წარმოდგენილ წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. შესაბამისად, გამოიყენება მუხლი 53.5.
55.8. სამეთვლყურეო საბჭოს ამოცანები და კომპეტენცია:
ა) სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს დირექტორების საქმიანობას;
ბ) სამეთვლყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორებისაგან საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, მეკავშირე საწარმოებთან ურთიერთობის ჩათვლით;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს საზოგადოების საბუღალტრო წიგნები, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების სალარო და ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა და მას შეუძლია ეს დაავალოს ცალკეულ წევრებს ან გასაზღვრულ ექსპერტებს;
დ) სამეთვალყურეო საბჭო იწვევს საერთო კრებას, თუ ამას საზოგადოების აუცილებლობა მოითხოვს;
ე) სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს წლიური ანგარიშებს, მოგების განაწილების წინადადებას და ინფორმაციას მდგომარეობის შესახებ და ამის თაობაზე მოახსენებს საერთო კრებას; ცნობაში სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიუთითოს, თუ როგორ და რა მოცულობით შეამოწმა მან საზოგადოების ხელმძღვანელობა გასული სამეურნეო წლის განმავლობაში, წლიური ანგარიშისა და საქმიანობის ანგარიშის თუ რომელი ნაწილი შეამოწმა და გამოიწვიეს თუ არა ამ შემოწმებებმა საბოლოო შედეგების არსებითი ცვლილებები;
ვ) დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა, ასევე მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა;
ზ) სამეთვალყურო საბჭო უფლებამოსილია, დირექტორებთან გარიგებების შესრულებისას წარმოადგინოს საზოგადოება და გამოვიდეს საერთო კრების მიერ მიღებული სადავო სამართლებრივი საკითხების წინააღმდეგ. სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია, თუ საკითხი შეეხება მისი წევრის პასუხისმგებლობას, საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე ან მის საპირისპიროდ დირექტორების წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი;
თ) დირექტორების ფუნქციები არ შეიძლება გადაეცეს საეთვალყურეო საბჭოს.
55.9. მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი საქმიანობა:
ა) კაპიტალდაბანდებათა შეძენა და გასხვისება, ისევე როგორც საწარმოების გასხვისება და საქმიანობის შეჩერება;
ბ) უძრავი ქონების და უძრავი ქონებრივის მსგავსი უფლებების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
გ) ფილიალების შექმნა და მისი ლიკვიდაცია;
დ) წლიური ბიუჯეტის, როგორც საგეგმო ბალანსის და მოგება-ზარლის გეგმის, ასევე ინვესტიციების გეგმის შედგენა, გრძელვადიანი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეფასება;
ე) ინვესტიციები, რომელთა შესყიდვის ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის საბალანსო თანხის ათ პროცენტს;
ვ) სესხების და კრედიტების აღება, რომლებიც აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას;
ზ) სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, თუ ისინი არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას. ამგვარი უზრუნველყოფა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების მიმართ დაუშვებელია;
თ) სამეურნეო დარგებისა და წარმოების სახეების წამოწყება და შეწყვეტა;
ი) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა;
კ) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებისა და სხვა მსგავს ურთიერთობებში მონაწილეობისა და პენსიის გაცემის უზრუნველყოფის პრინციპების განსაზღვრა;
ლ) სავაჭრო წარმომადგენლების (პროკურისტების) დანიშვნა და გამოწვევა.
55.10. სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობისათვის გამოიყენება მუხლი 56.4.
მუხლი 56. დირექტორები
56.1. საზოგადოების ხელმძღვნელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ დირექტორებს.
56.2. დირექტორთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სამეთვალყურე საბჭოს მიერ დადგენილი შინაგანაწესით. თუ არ არსებობს ასეთი შინაგანაწესი, მაშინ გამოიყენება ხელმძღვანელობის ზოგადი უფლებამოსილებანი.
56.3. სააქციო საზოგადოებას სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში წარმოადგენენ დირექტორები.
იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა რამდენიმე დირექტორი, და წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, დირექტორები მხოლოდ ერთობლივად დებენ გარიგებებს და ასრულებენ ხელმოწერებს. ცალკეულ დირექტორს შეიძლება მიენიჭოს ზოგი გარიგების დადების ან განსაზღვრული სახის საქმიანობის გაძღოლის უფლებამოსილება. საზოგადოების მიმართ ნების გამომჟღავნების გამოსახატავად საკმარისია ნების გამომჟღავნება ერთი დირექტორის მიმართ.
თუ სახეზეა რამდენიმე დირექტორი, მაშინ წესდება შეიძლება აგრეთვე ითვალისწინებდეს, რომ ერთ რომელიმე მათგანს დამოუკიდებლად ან ერთ-ერთ სავაჭრო წარმომადგენელთან ერთად მიენიჭოს საზოგადოების წარმომადგენლობის უფლებამოსილება, მაგრამ, ამავე დროს, შესაძლებელი უნდა იყოს, რომ დირექტორებს სავაჭრო წარმომადგენლობის გარეშეც შეეძლოთ წარმოადგინონ საზოგადოება.
56.4. დირექტორებმა კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ უნდა შეასრულონ დაკისრებული ამოცანები. თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, ვალდებულია აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი, დირექტორები კი პასუხს აგებენ სოლიდარულად. თუ დადგენილია ზიანის ფაქტი, მაშინ დირექტორებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი კეთილსინდისიერად და გულისხმიერებით უძღვებიან საქმეს. საზოგადოებას არ შეუძლია უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. ეს მოთხოვნა შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებისაგან არ მიუღიათ მათი მოთხოვნების კომპენსაცია.
მუხლი 57. წლიური ანგარიში და მოგების გამოყენება. ქონების მოვლის ვალდებულება
57.1. დირექტორები ადგენენ წლიურ ანგარიშს და სამეურნეო მდგომარეობის ანგარიშს, ასევე მოგების განაწილების წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოზე წარსადგენად. თუ მოგების განაწილების გეგმა არ იქნება მიღებული და დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ვერ თანხმდებიან მოგების განაწილების თაობაზე, მაშინ საერთო წმინდა მოგების განაწილების შესახებ შეიძლება მოხსენდეს საერთო კრებას.
საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება მთელი წმინდა მოგება დარჩეს საწარმოში და გათვალისწინებულ იქნეს ახალი ანგარიშის დროს.
57.2. არ შეიძლება მიეცეთ აქციონერებს სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების დივიდენდებისა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აქციონერი, რომელმაც ეს საზღაური მიიღო, ვალდებულია უკან დააბრუნოს იგი ან ფულადი სახით აანაზღაუროს წარმოშობილი ქონებრივი ზარალი. დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ამ პრინციპის დარღვევისათვის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად. საერთო კრებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე. ეს უფლება შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებიდან არ მიუღიათ მათი მოთხოვნების კომპენსაცია.
მუხლი 58. რევიზია
58.1. მორიგი საერთო კრება ყოველწლიურად სამეთვალყურეო საბჭოს წინადადებით ირჩევს აუდიტორს, რომელიც საზოგადოებისაგან, მისი დირექტორებისაგან და მათი აქციონერებისაგან სამართლებრივად და ეკონომიურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.
58.2. რევიზია მოიცავს ანგარიშგების, წლიური ანგარიშის და საქმის წარმოების პრაქტიკის შემოწმებას. ყოველგვარი საგანგებო შემთხვევის შესახებ, განსაკუთრებით, სხვა საწარმოებთან საქმიანი ურთიერთობების თაობაზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოთ აქციონერებს. ჩვეულებრივი წლიური ანგარიში უნდა შემოწმდეს რევიზიის აქტით. რევიზიის აქტიდან უნდა ჩანდეს, რომ სავალდებულო რევიზია ჩატარებულია საზოგადოების წიგნებისა და ჩანაწერების საფუძველზე, ასევე დირექტორების მიერ გაცემული განმარტებებისა და მტკიცებულებების, წლიური ანგარიშისა და სამეურნეო საქმიანობის ანგარიშის საფუძველზე, თუ ამ უკანასკნელში გამოხატულია წლიური ანგარიში, რომელიც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ წესებს. აუდიტორებმა რევიზიის აქტში უნდა მიუთითონ შემოწმების ადგილი და დღე.
58.3. რევიზიის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას გამოიყენება მუხლი 56.4.
მუხლი 59. კაპიტალის შეძენის ღონისძიებები. კაპიტალის გაზრდა საზოგადოების სახსრებიდან
59.1. გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ უნდა განსაზღვრავდეს ნომინალურ თანხას, შესაძლოდ მაღალი გასავლის თანხას, ფასიანი ქაღალდების დაყოფას, აქციების სახეს და მომატების ვადებს. არაფულადი შენატანისას დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შესრულებული შეფასების დასკვნა უნდა წარედგინოს სამეწარმეო რეესტრში საჯარო შემოწმებისათვის.
59.2. საერთო კრებას შეუძლია მოახდინოს კაპიტალის გაზრდა ნებადართული კაპიტალის ფორმით, ე.ი. დირექტორები უფლებამოსილი არიან სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით მომავალი ხუთი სამეურნეო წლის განმავლობაში საზოგადოების საწესდებო კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ გაზარდონ გადაწყვეტილებაში მითითებულ თანხამდე ახალი აქციების გამოცემის გზით. გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს, შეეხება თუ არა და რა მოცულობით შეეხება გაზრდა შეღავათიან ან ჩვეულებრივ აქციებს და წარმომდგენის თუ სახელობით აქციებს.
59.3. 52.4 მუხლის შესაბამისად, კაპიტალის შეძენის ღონისძიებათა შესახებ გადაწყვეტილება, 59.2 მუხლის წინაპირობების არსებობისას, შეიძლება ასევე ნებადართული კაპიტალის სახით იქნას მიღებული.
59.4. 52.4 მუხლის მიხედვით, მუშა-მოსამსახურეებზე აქციების გასაცემად, კაპიტალის შეძენის ღონისძიებათა განსახორციელებლად, ასევე საზოგადოებების შერწყმის გამო საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება პირობითი კაპიტალის დაშვების შესახებ. გადაწყვეტილება უნდა განსაზღვრავდეს პირობის დადგომის დროს და მისი გამოყენების წინაპირობებს ისე, რომ ამ პირობების დადგომა არ იყოს დამოკიდებული დირექტორებზე ან სამეთვალყურეო საბჭოზე. გარდა ამისა, გადაწყვეტილება უნდა განსაზღვრავდეს გასაცემი აქციების სახეს.
59.5. ნებადართული კაპიტალი შეიძლება დაშვებულ იქნას შესაბამისი ჩვეულებრივი ან შეღავათიანი აქციების ნახევრამდე ოდენობით, ხოლო პირობითი კაპიტალი მხოლოდ 52.4 მუხლით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების თანხის ან არა უმეტეს საწესდებო კაპიტალის საერთო თანხის ოდენობამდე.
59.6. კაპიტალის მომატების საკითხი შეიძლება ისე გადაწყდეს, რომ სარეზერვო ფონდები გარდაიქმნას საწესდებო კაპიტალად. ამ შემთხვევაში დაუშვებელია აქციონერის მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლების აკრძალვა.
59.7. სააქციო კაპიტალის მომატების ან 55.1 მუხლით განსაზღვრული კაპიტალის შეძენის ღონისძიებების მეშვეობით კაპიტალის შეძენის ყველა შემთხვევაში აქციონერებს აქვთ აქციების უპირატესი შეძენის უფლება ერთმანეთის მიმართ ნომინალური თანხით, რაც განისაზღვრება გაზრდილი კაპიტალის ღირებულების შესაბამისად. თუ გაიცემა ჩვეულებრივი ან შეღავათიანი აქციები ან აქციონერებს მიენიჭებათ 55.1 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, უპირატესი მიღების უფლება აქვთ მხოლოდ ჩვეულებრივ ან შეღავათიან აქციონერებს. ამ წესიდან გამონაკლისების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საერთო კრება 54.6 და 54.7 მუხლების შესაბამისად.
თავი მეხუთე
კოოპერატივი
მუხლი 60. ცნება
60.1. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.
კოოპერატივებს მიეკუთვნება:
ა) ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის;
ბ) სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები:
გ) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები);
დ) მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები (სამომხმარებლო კოოპერატივები);
ე) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები.
60.2. კოოპერატივის წევრს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს სხვა კოოპერატივში, თუ ეს უკანასკნელი მოწოდებულია ემსახუროს პირველი კოოპერატივის წევრთა შემოსავლის მიღების ან მათი მეურნების განვითარების ხელშეწყობას.
60.3. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.
მუხლი 61. პაი. კოოპერატივში გაწევრიანება
61.1. კოოპერატივის წევრის მინიმალური პაის ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებლების მიერ. ყოველი პაი უნაშთოდ უნდა იყოფოდეს ორმოცდაათზე. კოოპერატივის ერთ წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი.
61.2. სამეწარმეო რეესტრში კოოპერატივის რეგისტრაციის შემდეგ კოპერატივში წევრად მისაღებად აუცილებელია შესვლის მსურველის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება კოოპერატივში შესვლის თაობაზე.
მსურველი პირის მიღებისას კოოპერატივის გამგეობამ განცხადება უნდა გადასცეს სამეწარმეო რეესტრს კოოპერატივის წევრის სიაში ჩასაწერად. წევრობა წარმოიშობა განცხადების საფუძველზე რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
61.3. განცხადება არაორაზროვნად უნდა ასახავდეს კოოპერატივის წევრის ვალდებულებას, რომ იგი კანონისა და წესდების შესაბამისად შეიტანს დადგენილ შესატანს (პაის). თუ წესდებით განსაზღვრულია, რომ კოოპერატივის წევრებმა შეუზღუდავად ან შეზღუდულად საგარანტიო თანხის ოდენობით დამატებითი შესატანები უნდა შეიტანონ, მაშინ განცხადებაში უნდა აღინიშნოს, რომ კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად წევრად შემსვლელები გადაიხდიან დამატებით შესატანს შეუზღუდავად ან წესდებაში დათქმულ საგარანტიო თანხამდე ოდენობით.
მუხლი 62. წევრის გასვლა კოოპერატივიდან
62.1. ყოველ წევრს აქვს კოოპერატივიდან გასვლის უფლება ამის შესახებ განცხადების საფუძველზე. გასვლა დაიშვება მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოს. განცხადება გასვლის შესახებ უნდა გაკეთდეს წერილობით გასვლამდე, სულ ცოტა, სამი თვით ადრე. წესდებით შეიძლება დადგინდეს უფრო ხანგრძლივი ვადა, ოღონდ არა უმეტეს ხუთი წლისა.
62.2. თუ წესდებაში შეიტანება ისეთი ცვლილება, რომელიც არსებითად ცვლის საწარმოს საქმიანობის საგანს, მაშინ კოოპერატივიდან გასვლა შეუძლია:
ა) საერთო კრების მონაწილე კოოპერატივის ყოველ წევრს, თუ მან უთანხმოება გადაწყვეტილების მიმართ ოქმში შეიტანა, ან თუ ოქმში მისი ჩაწერა უარყოფილ იქნა;
ბ) საერთო კრებაზე გამოუცხადებელ კოოპერატივის ყოველ წევრს, თუ იგი უსამართლოდ არ იქნა დაშვებული კრებაზე, ან თუ კრება არ იყო ჯეროვნად მოწვეული, ანდა თუ გადაწყვეტილების საგანი სათანადოდ არ იქნა გამოცხადებული.
62.3. 62.2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში კოოპერატივიდან გასვლა ფორმდება წერილობით. განცხადება შეიძლება მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, მაგრამ გასვლა ფორმდება სამეურნეო წლის ბოლოს.
62.4. კოოპერატივის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოოპერატივიდან სხვა კოოპერატივში წევრობის გამო, თუ ეს კოოპერატივი იმავე სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს და იმავე სახის საქმიანობას ეწევა. გარიცხვა მოხდება სამეურნეო წლის ბოლოს გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე. წესდებით შეიძლება განისაზღვროს კოოპერატივიდან გარიცხვის სხვა საფუძვლებიც.
62.5. გამგეობა მოვალეა, სამეწარმეო რეესტრს წარუდგინოს ინფორმაცია კოოპერატივის წევრის გასვლის თაობაზე, სულ ცოტა ექვსი კვირით ადრე იმ სამეურნეო წლის ბოლომდე, რომლის დამთავრებამდეც ხდება გასვლა. მანვე უნდა გადასცეს წერილობითი საბუთი, რომ გასვლა მოხდა დროულად.
62.6. კოოპერატივის წევრთა სიაში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შეტანილი ის დასაბუთებული მიზეზი, რამაც გამოიწვია კოოპერატივის წევრის გასვლა. კოოპერატივის წევრი კოოპერატივიდან გასულად ითვლება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
62.7. გამსვლელთან საბოლოო ანგარიშსწორება ხდება ბალანსის საფუძველზე გასვლის დღისათვის. თუ კოოპერატივიდან გასვლა ხდება სამეურნეო წლის მანძილზე, მაშინ საფუძვლად აიღება ბოლო ბალანსი. კოოპერატივის წევრის აქტივები უნდა ანაზღაურდეს გასვლიდან ექვსი თვის განმავლობაში; კოოპერატივის რეზერვებისა და სხვა ქონების მიმართ მას, თანახმად ამ მუხლის მე-3 აბზაცისა, არა აქვს მოთხოვნის უფლება.
თუ ვალების დასაფარავად საკმარისი არ არის მთელი ქონება რეზერვებისა და აქტივების ჩათვლით, მაშინ კოოპერატივიდან გასულმა წევრმა კოოპერატივს უნდა გადაუხადოს თავისი წილი ფულადი თანხიდან. ეს წილი დაიანგარიშება კოოპერატივის წევრთა რაოდენობის მიხედვით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ კოოპერატივის წევრებს, რომლებმაც პაი სრულად გადაიხადეს, გასვლის შემთხვევაში მიეცეთ პაის უკუმოთხოვნის უფლება ამ მიზნით წლიური ნაშთის საფუძველზე შექმნილი რეზერვიდან. ეს მოთხოვნა შეიძლება დამოკიდებული იყოს კოოპერატივის წევრად ყოფნის სტაჟზე ან შეიძლება წესდება სხვა პირობებსა და მოთხოვნის შეზღუდვებს ითვალისწინებდეს.
62.8. კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს სამეურნეო წლის განმავლობაშიც მისი პაი წერილობით შეთანხმებით გადასცეს სხვა პირს და ამით გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე, თუკი პრედენდენტი მის მაგივრად ხდება ან უკვე არის კოოპერატივის წევრი. წესდება შეიძლება კრძალავდეს ან დამატებით პირობებს უყენებდეს ამგვარ გადაცემას. გამგეობამ ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სამეწარმეო რეესტრს.
პაის გადაცემა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს სიაში შეტანილი გამსხვისებელ წევრთან. გასვლის თარიღად ითვლება რეგისტრაციის დღე.
62.9. კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას წევრობა გადადის მის მემკვიდრეებზე. წევრობა მთავრდება იმ სამეურნეო წლის დასრულებით, როცა მოხდა სამკვიდროს გახსნა. რამდენიმე მემკვიდრეს შეუძლია საერთო კრებაზე ხმის უფლება განახორციელონ ერთი საერთო წარმომადგენლის მეშვეობით.
წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კოოპერატივის წევრი გახდება მისი მემკვიდრე. წესდებით წევრობის გაგრძელება შეიძლება დამოკიდებული გახდეს უფლებამონაცვლის პიროვნულ ფაქტორებზე. რამდენიმე მემკვიდრის მიერ მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში შეიძლება ასევე იყოს გათვალისწინებული, რომ წევრობა შეწყდება, თუ იგი არ გადაეცემა ერთ-ერთ მემკვიდრეს წესდებით გათვალიწინებულ ვადებში.
გამგეობამ კოოპერატივის წევრთა სიაში რეგისტრაციისთვის დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს სამეწარმეო რეესტრს შეტყობინება კოოპერატივის წევრის გარდაცვალების შესახებ.
მუხლი 63. საერთო კრება
63.1. კოოპერატივის წევრები თავიანთ უფლებებს კოოპერატივის საქმეების გამო ახორციელებენ საერთო კრებაზე, თუ კანონი სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
63.2. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ კანონით ან წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების უფრო მეტი რაოდენობა ან სხვა დამატებითი მოთხოვნები. არჩევნებისათვის წესდებამ შეიძლება გაითვალისწინოს გამონაკლისი წესი.
63.3. ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს რამდენიმე ხმის უფლების მიცემას. იგი უნდა დაუწესდეს მხოლოდ იმ წევრებს, რომლებიც განსაკუთრებით უწყობენ ხელს კოოპერატივების საქმიანობის განვითარებას. რამდენიმე ხმის უფლების მიცემის პირობები წესდებით უნდა იქნეს დადგენილი. სამ ხმაზე მეტი უფლების მიცემა დაუშვებელია.
63.4. წევრმა პირადად უნდა განახორციელოს თავისი ხმის უფლება. არაქმედუნარიანი ან შეზღუდულ ქმედუნარიანი ფიზიკური პირების ხმის უფლებას, აგრეთვე იურიდიულ პირთა ხმის უფლებას განახორციელებს მათი კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობისა და კომანდიტურ საზოგადოებათა ხმის უფლებას ახორციელებს წარმომადგენლობაზე საამისოდ უფლებამოსილი პირი.
წევრმა ან მისმა წარმომადგენელმა შეიძლება გასცეს მინდობილობა კენჭისყრაზე. მინდობილობა გაიცემა წერილობით. რწმუნებულს აქვს უფლება შეცვალოს არა უმეტეს ორი წევრისა. რწმუნებულისათვის წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პიროვნულ წინაპირობებსაც, კერძოდ გამოირიცხოს იმ პირთა უფლებამოსილება, რომლებიც საქმიანობის სახით შესთავაზებენ ხმის უფლების განხორციელებას, ან საერთოდ გამორიცხოს წარმომადგენლობა რწმუნებულების გზით.
63.5. არავის არა აქვს უფლება თავისთვის ან სხვა პირისათვის განახორციელოს ხმის უფლება, თუ არსებობს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მოსმენილ იქნეს მისი ან მისი წარმომადგენლის ანგარიში, ან უნდა გათავისუფლდეს ვალდებულებებისაგან, ან რომ კოოპერატივმა პრეტენზიები უნდა წამოაყენოს მისი ან შემცვლელი წევრის მიმართ.
63.6. საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან ამ კანონით სხვა პირებიც არ არიან საამისოდ უფლებამოსილნი.
საერთო კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც, თუ ამას კოოპერატივის ინტერესები მოითხოვს.
63.7. საერთო კრება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წევრთა მეათედი ან წესდებაში საამისოდ აღნიშნული უფრო მცირე ნაწილი მათ მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მოითხოვს კრების მოწვევას კონკრეტული მიზნის მითითებით.
თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ სასამართლოს, რომლის ტერიტორიაზეც აქვს კოოპერატივს იურიდიული მისამართი, შეუძლია საერთო კრების მოწვევის ან დღის წესრიგის გამოცხადების უფლებამოსილება მიანიჭოს იმ წევრებს, რომლებმაც წამოაყენეს მოთხოვნა. კრების მოწვევაზე ან გამოცხადებაზე სასამართლოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილება უნდა გამოქვეყნდეს.
63.8. საერთო კრება მოიწვევა, სულ ცოტა, სამი კვირის ვადაში საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ოფიციალურ ანდა წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით.
საერთო კრების დღის წესრიგი გამოცხადდება კრების მოწვევისას. იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც არ გამოცხადდება კრებამდე 3 დღით ადრე, გადაწყვეტილებები არ მიიღება. გამონაკლისია გადაწყვეტილებები კრების წარმართვის, აგრეთვე საგანგებო საერთო კრების მოწვევის შესახებ.
63.9. საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ და თავმჯდომარის დადგენილებას გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის მიმართ სხვა განცხადებების შესახებ.
ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები და ერთვის კრების მოწვევის მასალები.
ყოველ წევრს უნდა მიეცეს უფლება გაეცნოს საოქმო ჩანაწერს. ოქმი უნდა ინახებოდეს კოოპერატივში და ეცნობოს სამეწარმეო რეესტრს.
63.10. საერთო კრება ამტკიცებს წლიურ ბალანსს. იგი იღებს გადაწყვეტილებას წლიური მოგების გამოყენების, ან წლიური დანაკლისის დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილებას გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცების შესახებ. საერთო კრება უნდა ჩატარდეს სამეურნეო წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
წლიური ბალანსი, მოხსენება მდგომარეობის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება კრების ჩატარებამდე უნდა გამოიკრას, სულ ცოტა, ერთი კვირით ადრე კოოპერატივის ოფისში ან გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა რომელიმე ადგილას, რათა წევრებს შეეძლოთ გაეცნონ მათ. ყოველ წევრს აქვს უფლება საკუთარი ხარჯით მოითხოვოს წლიური ბალანსის, მდგომარეობის ამსახველი მოხსენებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები.
63.11. მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის ან ვადიანი კოოპერატივისათვის ვადის გაგრძელების თაობაზე, ამასთან, გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული.
ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილე ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში სხვა რამ არ იქნება მითითებული):
ა) საქმიანობის საგნის შეცვლა;
ბ) პაის გაზრდა;
გ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;
დ) დამატებითი შესატანის გადახდის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება;
ე) კოოპერატივიდან გასვლის ვადის გაგრძელება 2 წელზე მეტი ვადით;
ვ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის დაწესება ან გაფართოება;
ზ) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება;
თ) პაის დაყოფა.
წესდების იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევრის მოვალეობა კოოპერატივის მოწყობილობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების ანდა სამსახურის შემოღების შესახებ, საჭიროა ხმების ცხრა მეათედის უმრავლესობა. წესდება შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფელის მიხედვით სამეწარმეო რეესტრში შეტყობინებამდე გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს.
მუხლი 64. წარმომადგენელთა კრება
64.1. თუ კოოპერატივის წევრთა რაოდენობა ხუთასზე მეტია, საერთო კრების ნაცვლად მოიწვევა წარმომადგენელთა კრება. თუ წევრთა რაოდენობა ორასზე მეტია, შეიძლება წესდებამ განსაზღვროს, რომ საერთო კრების ნაცვლად ჩატარდეს წარმომადგენელთა კრება.
64.2. წარმომადგენლად შეიძლება არჩეულ იქნეს ყოველი ფიზიკური ქმედუნარიანი პირი, რომელიც კოოპერატივის წევრია, ოღონდ არ არის არც გამგეობაში და არც სამეთვალყურეო საბჭოში.
64.3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ ცოტა ორმოცდაათი წარმომადგენლისაგან, რომლებსაც ირჩევენ კოოპერატივის წევრები. წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება თავიანთი უფლებამოსილება სხვა პირებს გადასცენ. მათ არც რამდენიმე ხმის უფლება აქვთ.
64.4. წარმომადგენლები აირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით; არჩევნებისას წევრთა წარმომადგენლობისათვის შესაბამისად გამოიყენება 63.4 მუხლი. პირი წარმომადგენლად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ოთხ წელზე მეტი ვადით.
წესდებამ უნდა განსაზღვროს:
ა) რამდენ წევრზე მოდის ერთი წარმომადგენელი;
ბ) წარმომადგენლობის დრო.
სხვა უფრო დაწვრილებითი დებულებები არჩევნების წესის შესახებ, შედეგების განსაზღვრის ჩათვლით, შეიძლება ჩამოყალიბდეს გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ერთობლივად მიღებულ საარჩევნო დებულებაში. ამისათვის საჭიროა საერთო კრების თანხმობა. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს ერთხმად.
64.5. ყოველი წარმომადგენლისათვის უნდა არჩეულ იქნეს თითო სათადარიგო პირი. თუ წარმომადგენელი განთავისუფლდება ვადის დამთავრებამდე, მაშინ მას შეცვლის სათადარიგო პირი. ეს პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ წარმომადგენელთან ერთად, წარმომადგენელთა არჩევნებისათვის დადგენილი წესებით უფლებამოსილებების იმავე ვადით.
64.6. არჩეულ წარმომადგენელთა და არჩეულ სათადარიგო პირთა სია ორი კვირა უნდა იყოს გამოკრული კოოპერატივის ოფისში, რათა წევრები გაეცნონ მას. ამის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ოფიციალურ ან წესდებით განსაზღვრულ გაზეთში. სიის გამოკვრის ვადა იწყება გამოქვეყნების დღიდან. ყოველ წევრს მისი მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს სიის ასლი.
მუხლი 65. სამეთვალყურეო საბჭო
65.1. კოოპერატივს აქვს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება საერთო კრების მიერ დამსწრე ხმების უბრალო უმრავლესობით არჩეული არანაკლებ 3 და არ უმეტეს 15 წევრისაგან. წევრთა რაოდენობა განისაზღვრება წესდებით.
საერთო კრების გადაწყვეტილებით წევრებს უფლება აქვთ საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე მიიღონ განსაზღვრული გასამრჯელო.
კრებამ შეიძლება გააუქმოს საბჭოს წევრობა საარჩევნო ვადის გასვლამდე. გადაწყვეტილებას სჭირდება დამსწრეთა ხმების სამი მეოთხედი.
65.2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება იმავდროულად იყვნენ გამგეობის წევრები ან მათი მოადგილეები, ან სხვაგვარად წარმართონ კოოპერატივის საქმეები.
გამგეობიდან გასული წევრები მათი ანგარიშის დამტკიცებამდე არ შეიძლება არჩეულ იქნენ სამეთვალყურეო საბჭოში.
65.3. სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას თავისი საქმეების წარმოებაში მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს გამგეობისაგან ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, მდგომარეობის ანგარიში და წინადადებები წლიური მოგების განაწილების შესახებ. შემოწმების შედეგები მან უნდა მოახსენოს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.
სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მოიწვიოს საერთო კრება, თუ ეს აუცილებელია კოოპერატივის ინტერესებისათვის.
სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება თავიანთი ფუნქციების შესრულება გადააბარონ სხვა პირებს.
65.4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულებების დადებისას და წარმართოს პროცესები კოოპერატივის წევრების წინააღმდეგ, თუ ამას დაადგენს საერთო კრება.
სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა სჭირდება ყოველ კრედიტს, რომელიც მიეცემა გამგეობის რომელიმე წევრს. იგივე წესი მოქმედებს კრედიტის გაცემის შემთხვევაში გამგეობის წევრის დადგომისას თავდებად.
მუხლი 66. გამგეობა. დირექტორები
66.1. კოოპერატივის გამგეობა შედგება არანაკლებ ორი დირექტორისაგან (გამგეობის წევრები). დირექტორები შეიძლება არ იყვნენ კოოპერატივის წევრები. წესდება შეიძლება სხვა პირობებსაც ითვალისწინებდეს.
66.2. დირექტორებს ირჩევენ 4 სამეურნეო წლის ვადით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
66.3. სხვა დანარჩენ შემთხვევებში გამოიყენება მუხლი 9.
მუხლი 67. წლიური ანგარიში
კოოპერატივის წლიური ანგარიშის შემოწმებისას შესაბამისად გამოიყენება მუხლი 58.
მუხლი 68. მოგებისა და ზარალის განაწილება
წლიური ანგარიშის დამტკიცებისას კოოპერატივის წევრებისათვის გათვალისწინებული სამეურნეო წლის მოგება ან ზარალი უნაწილდებათ კოოპერატივის წევრებს. პირველი სამეურნეო წლისათვის განაწილება ხდება მათ მიერ შესრულებული შენატანების პროპორციულად, ყოველი მომდევნო წლისათვის კი – მოგების მიმატებით და ზარალის ჩამოწერის გზით წინა სამეურნეო წლის ბოლოსათვის არსებული პაის საერთო თანხის პროპორციულად. მოგების მიმატება გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული პაის ოდენობა.
წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს მოგებისა და ზარალის განაწილების სხვა წესებს. სანამ არ მიიღწევა (ზარალის გამო შემცირებული) პაის ოდენობა, მოგება არ განაწილდება.
წესდება ან საერთო კრების დადგენილება შეიძლება ითვალისწინებდეს, რომ მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ დაერიცხოს რეზერვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის
სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
28 ოქტომბერი, 1994 წელი.
№577–Iს.
დანართი №1
1. წლიური ბალანსის სტრუქტურა
1.1 წლიურ ბალანსში გამოყოფენ შემდეგ მუხლებს, თუ მრეწველობის მოცემული დარგი არ იყენებს წლიური ბალანსის სხვაგვარ სტრუქტურას, რომელიც ამ დანართში აღნიშნული სტრუქტურის ტოლფასია; ამასთან, არსებობს წლიური ბალანსის შემდგომი სტრუქტურული დაყოფის შესაძლებლობა:
აქტივები:
ა) საზოგადოების (ფირმის) საწესდებო კაპიტალის გადაუხდელი დაბანდებანი; მათ შორის ისინი, რომლებიც გადახდას ექვემდებარება;
ბ) ძირითადი საშუალებები (საზოგადოების ძირითადი კაპიტალი).
1. ნაგებობანი და მოწყობილობა:
1.1 საზოგადოების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც იგი იყენებს საწარმოო მიზნით და საწარმოო ნაგებობებიანი მიწის საკუთრების უფლება.
1.2 საზოგადოების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც იგი იყენებს არასაწარმოო მიზნით და საცხოვრებელი ნაგებობებიანი მიწის საკუთრების უფლება.
1.3 საზოგადოების მიწის ნაკვეთები და უნაგებობო მიწის საკუთრების უფლება.
1.4 საზოგადოების არაკუთვნილ მიწის ნაკვეთებზე არსებული ნაგებობანი, რომლებიც არ აკმაყოფილებს ამ დანართის 1.1 და 1.2 პუნქტებს.
1.5 მანქანები და მოწყობილობა.
1.6 კანტორისა და საქარხნო ინვენტარი.
1.7 აწყობის სტადიაში არსებული მანქანები და მოწყობილობა.
2. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები:
2.1 კონცესიები, ინტელექტუალური საკუთრება და ლიცენზიები.
2.2 ფირმის ღირებულება.
3. ფინანსური დაბანდებანი:
3.1 ინვესტირება სხვა საზოგადოებებში.
3.2 ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
3.3 გრძელვადიანი ფინანსური დაბანდებანი;
სესხები სულ ცოტა ერთი წლის ვადით, მათ შორის:
– მეკავშირე საზოგადოებებს
– საზოგადოების პარტნოირებს
– იპოთეკური უფლებით უზრუნველყოფილი.
გ) საბრუნავი საშუალებები
1. მარაგი
1.1. ნედლეული, დამხმარე და საწარმოო მასალები.
1.2. ნახევარფაბრიკატები.
1.3. მზა ნაწარმი, საქონელი.
2. სხვა საბრუნავი საშუალებები
2.1. შეტანილი ბე.
2.2. მიწოდებისა და მომსახურების მოთხოვნები.
2.3. თამასუქები.
2.4. ჩეკები.
2.5. ნაღდი ფული სალაროში, ეროვნული ბანკების ანგარიშებზე არსებული თანხები.
2.6. სხვა ბანკების ანგარიშებზე არსებული თანხები.
2.7. სხვა ფასიანი ქაღალდები.
2.8. მოთხოვნები მეკავშირე („შვილობილ“ და სხვ.) საზოგადოებებისადმი.
2.9. მოთხოვნები საზოგადოების მმართველობის ორგანოების და სამეთვალყურეო საბჭოს (საზოგადოების საქმიანობის ზედამხედველობისა და კონტროლის ორგანოს) წევრთა კრედიტების მიხედვით.
2.10. მოთხოვნები საზოგადოების პარტნიორებისადმი.
2.11. სხვა მოთხოვნები.
2.12. სხვა მასალები და არამატერიალური ფასეულობანი.
დ) მომიჯნავე საანგარიშო პერიოდებს შორის ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის გამაცალკევებელი მუხლები.
პასივი.
ა) საკუთარი კაპიტალი.
1. საწესდებო კაპიტალი.
2. სარეზერვო ფონდები.
2.1 კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდები.
2.2 ნებაყოფლობით შექმნილი სარეზერვო ფონდები.
3. მიზნობრივი ფინანსური ასიგნებანი (ფარული მონაწილეობა სხვა საზოგადოებათა საქმიანობაში).
4. მომდევნო სამეურნეო წელიწადში მოგების ან ზარალის გადატანა:
– გაუნაწილებელი მოგება
– დაუფარავი ზარალი.
5. წლიური ნამეტიწლიური ზარალი.
ბ) ანარიცხები
1. ანარიცხები სოციალური საჭიროებისათვის
1.1. საპენსიო ანარიცხები
1.2. სხვა ანარიცხები
გ) მოზიდული კაპიტალი (ნასესხები თანხები)
1. სესხები
1.1. გრძელვადიანი სესხები
1.2. მოკლევადიანი სესხები.
2. ვალდებულებანი საკრედიტო ინსტიტუტების წინაშე
2.1 გრძელვადიანი ვალდებულებანი, მათ შორის იპოთეკური უფლებით უზრუნველყოფილი
2.2 მოკლევადიანი ვალდებულებანი, მათ შორის იპოთეკური უფლებით უზრუნველყოფილი
3. მიწოდებისა და მომსახურების ვალდებულებანი
4. სათამასუქო ვალდებულებანი
5. ვალდებულებანი საზოგადოების პარტნიორების წინაშე
6. მიღებული შესატანი (ბე)
7. ვალდებულებანი მეკავშირე („შვილობილი“ და სხვა) საზოგადოებების წინაშე.
8. სხვა ვალდებულებანი
დ) მომიჯნავე საანგარიშო პერიოდებს შორის ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვის გამაცალკევებელი მუხლები.
1. თუ რომელიმე მუხლის მიხედვით საზოგადოებას მონაცემები არა აქვს, მაშინ ამ მუხლის გამოყოფა (ასახვა) წლიურ ბალანსში აუცილებელი არ არის.
2. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მახასიათებელი იმავდროულად წლიური ბალანსის რამდენიმე მუხლს ეხება, მაშინ აუცილებელია მუხლს, სადაც ასახულია ეს მახასიათებელი, გავუკეთოთ შენიშვნა, რომ იგი ეხება აგრეთვე წლიური ბალანსის სხვა მუხლებსაც, თუ ეს საჭიროა თვალსაჩინო და მკაფიო წლიური ბალანსის შესადგენად. მოთხოვნები და ვალდებულებანი მეკავშირე საზოგადოებების მიმართ აისახება წლიური ბალანსის ცალკეულ მუხლებში; თუ ისინი ასახულია სხვა მუხლებშიც, მაშინ ამ ორმაგი როლის აღნიშვნა აუცილებელია.
3. წლიურ ბალანსში უნდა აისახოს საამორტიზაციო ანარიცხები, სხვა ანარიცხები, გადასახდელების შეწყვეტა და კრედიტების შეჩერება, აგრეთვე განსაკუთრებული მუხლები, რომლებშიც ნაჩვენებია რეზერვების წილი. იგივე ეხება ღია რეზერვებიდან მატერიალური ან ფინანსური სახსრების ამოღებას, აგრეთვე ღია რეზერვებიდან სახსრების ამოღების შეჩერებას, რომელიც ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის და საზოგადოების წესდების შესაბამისად ან დირექტორთა საბჭოს და სამეთვალყურეო საბჭოს (საზოგადოების საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანოს) გადაწყვეტილებით. მარცხენა მხარის (აქტივების) მუხლების სიჭარბე მარჯვენასთან (პასივები) შედარებით – საბალანსო მოგება ან მარჯვენა მხარის (პასივების) მუხლების სიჭარბე მარცხენასთან (აქტივები) შედარებით – საბალანსო ზარალი – უნდა იყოს გამოცალკევებული და სრული მოცულობით ასახული წლიური ბალანსის ბოლოს.
წლიურ ბალანსში გამოყოფილი და სრული მოცულობით უნდა იყოს ასახული შემდეგი პუნქტები, თუ ისინი ასახული არ არის პასივში:
ა) თამასუქების გადაცემის და გადატანის ვალდებულება.
ბ) თამასუქებისა და ჩეკების თავდებობის, გარანტირებული უზრუნველყოფის ვალდებულებანი.
გ) გარანტირებული ხელშეკრულების თავდებობა.
დ) პასუხისმგებლობა სხვა ვალდებულებათა გარანტიების მიცემისათვის.
ე) კრედიტორსა და მოვალეს შორის გრძელვადიანი სამართლებრივი ურთიერთობის ვალდებულებანი, რომლებიც ფასდება ვალის დაფარვის შემდგომი პერიოდის დანახარჯების მიხედვით.
ეს ვალდებულებანი ან პასუხისმგებლობა წლიურ ბალანსში უნდა აისახოს იმ შემთხვევაში, თუ მათ უპირისპირდება ტოლფასოვანი რეგრესული სავალო ვალდებულება. მეკავშირე საზოგადოების წინაშე ვალდებულების და პასუხისმგებლობის არსებობის შემთხვევაში იგი უნდა აისახოს ცალკე პუნქტად თანხის მითითებით.
2. მითითებანი წლიური ბალანსის ცალკეული მუხლების გამო
2.1. მუხლში „ძირითადი საშუალებები (საზოგადოების ძირითადი კაპიტალი)’’ უნდა აისახოს მხოლოდ ის საგნები, რომლებიც წლიური ბალანსის გაანგარიშების დღისათვის საწარმოს საქმიანობაში ხანგრძლივი სარგებლობის საგნებს წარმოადგენს: ფულადი სახსრების მოდენა და უკუდენა, დარიცხვები ანგარიშებზე, ფინანსური წლის საამორტიზაციო ანარიცხების, აგრეთვე სახსრების გადარიცხვები წლიურ ბალანსში უნდა აისახოს ცალკე პუნქტებად მუხლში „ძირითადი საშუალებები (საზოგადოების ძირითადი კაპიტალი)“.
სხვა საზოგადოების საქმიანობაში მონაწილეობად ითვლება ამ საზოგადოებაში დაბანდებანი, რომელთა ნომინალური თანხა მისი საკუთარი კაპიტალის მეოთხედს აღწევს.
2.3. მუხლში „საკუთარი კაპიტალი“ ცალკე უნდა აისახოს სხვა საზოგადოებათა საქმიანობაში ყოველგვარი მონაწილეობის წილთა საერთო თანხა ან ყველა ტიპის აქციები.
2.4. მუხლში „ღია რეზერვები“ ცალკე უნდა გამოიყოს:
ა) თანხები, რომელთა გადახდაც გასული წლის საბალანსო მოგებიდან შეწყვიტა საზოგადოების პარტნიორთა კრებამ.
ბ) თანხები, რომელთა გადახდაც წლიური მოგებიდან შეწყდა საფინანსო წელს.
გ) საფინანსო წლისათვის ნასესხები თანხები.
2.5. სარეზერვო ფონდში ანარიცხები შეიძლება განხორციელდეს გაურკვეველ დავალიანებათა და დაუმთავრებელ გარიგებათა შესაძლო დანაკარგების დასაფარავად. ამას გარდა, სარეზერვო ფონდში ანარიცხები შეიძლება განხორციელდეს:
ა) მოწყობილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნების, ნარჩენების უტილიზაციის, მიმდინარე რემონტის ან ნაგვის გატანისათვის საჭირო იმ ხარჯების დასაფარავად, რომლებიც მოცემულ სამეურნეო წელს არ გაუღიათ, მაგრამ აუცილებელი იქნება მომდევნო სამეურნეო წელს.
ბ) სამართლებრივი ვალდებულებების გარეშე გაცემული გარანტიების დასაფარავად. ეს ანარიცხები სარეზერვო ფონდში უნდა აისახოს ცალკე მათი მიზნების ზუსტი აღწერით. სხვა მიზნებისათვის ანარიცხები სარეზერვო ფონდში აკრძალულია. მუხლში „საპენსიო ფონდის ანარიცხები“ აისახება ანარიცხები მიმდინარე პენსიების გასაცემად და იმ პენსიების მიხედვით, რომლებიც მომავალში გაიცემა.
2.6. დაუშვებელია დავალიანების გაანგარიშება ვალდებულებებთან ერთად; მომსახურებისა, რომლის ანგარიშსწორება არ მომხდარა, – ავანსთან; იპოთეკური უფლებებისა – მიწის ნაკვეთების საგნობრივ დატვირთვასთან.
2.7. მუხლებში, რომლებიც აცალკევებენ ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვას მომიჯნავე საანგარიშო პერიოდებს შორის, აისახება:
ა) აქტივებში – შემოსავლები წლიური ბალანსის დაანგარიშების დღემდე, თუ ისინი შეესაბამება ამ დღის შემდეგ დროის გარკვეულ შუალედში გაწეულ ხარჯებს.
ბ) პასივებში – შემოსავლები წლიური ბალანსის დაანგარიშების დღემდე, თუ ისინი შეესაბამება ამ დღის შემდეგ დროის გარკვეულ შუალედში მიღებულ შემოსავლებს.
3. საწარმოს ძირითადი კაპიტალის საგნების ღირებულების შეფასება.
3.1. საწარმოს ძირითადი კაპიტალის საგნების ღირებულება განისაზღვრება როგორც მათი შეძენის ან ნაწარმოების ხარჯები, საამორტიზაციო ანარიცხების ან საბალანსო ღირებულების კორექტირების გამოკლებით. შემოსავლები აისახება მუხლში „შეძენისა და წარმოების ხარჯები“.
3.2. წარმოების ხარჯების გაანგარიშებისას, შეიძლება შესაბამისი მოცულობით გათვალისწინებულ იქნეს საამორტიზაციო ანარიცხები და სხვა პირობები, რომლებიც ამცირებენ ღირებულებას, აგრეთვე საწარმოო და სამმართველო ხარჯების შესაბამისი ნაწილები, თუ ისინი წარმოების პერიოდს ეხება; პროდუქციის რეალიზაციის ხარჯები არ ითვლება საწარმოო და სამმართველო ხარჯებად.
3.3. ინტელექტულური საკუთრების ობიექტებისათვის აქტივების მუხლი შეიძლება აისახოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ობიექტები გარკვეულ საფასურად არის შეძენილი.
3.4. აქტივების ცალკე მუხლად არ შეიძლება გამოიყოს საზოგადოების შექმნის და კაპიტალის პირველადი დაგროვების ხარჯები. საწარმოს ამოქმედების ხარჯები შეიძლება აისახოს ნაგებობებისა და მოწყობილობის სახით ქონების ხარჯებში. ეს თანხა უნდა აისახოს განცალკავებით და ყოველ მომდევნო საფინანსო წელს უნდა დაიფაროს მისი სულ ცოტა 1–3 ნაწილი ამორტიზაციის გზით.
3.5. საწარმოს ან ფირმის ღირებულების ასახვისათვის, როგორც წესი, აქტივების ცალკე მუხლი გათვალისწინებული არ არის. მაგრამ თუ საწარმოს ქირა მისი გადაცემის დროს აღემატება გადაცემის მომენტში ამ საწარმოს ქონების ცალკეული საგნების ღირებულებას, მაშინ ეს განსხვავება უნდა აისახოს საწარმოს ძირითადი კაპიტალის მუხლში „ფირმის ღირებულება“. ეს თანხა უნდა აისახოს განცალკავებით და ყოველ მომდევნო საფინანსო წელს უნდა დაიფაროს მისი სულ ცოტა 1–5 ნაწილი ამორტიზაციის გზით.
4. საამორტიზაციო ანარიცხები; საბალანსო ღირებულების კორექტირება
4.1. ძირითადი კაპიტალის იმ საგნების შეძენის ან წარმოების ხარჯები, რომელთა გამოყენება დროით შემოიფარგლება, უნდა შემცირდეს საამორტიზაციო ანარიცხების ან კორექტირებული საბალანსო ღირებულების გეგმური ოდენობით. გეგმა შეძენის ან წარმოების ხარჯებს უნდა ანაწილებდეს საამორტიზაციო ანარიცხების პრინციპით საფინანსო წლების მიხედვით, რომელთა განმავლობაში წინასწარ იგეგმება შესაბამისი საგნების გამოყენება საბუღალტრო აღრიცხვის სწორად წარმართვისათვის.
4.2. მიუხედავად საგნების შეზღუდული დროით გამოყენებისა, დასაშვებია ძირითადი კაპიტალის საგნების არაგეგმური საამორტიზაციო ანარიცხები ან საბალანსო ღირებულების კორექტირება:
ა) უფრო დაბალ ღირებულებასთან იმ ღირებულებასთან შედარებით, რომელიც საგანზე დადგენილია წლიური ბალანსის დაანგარიშების დღისათვის ან
ბ) უფრო დაბალ ღირებულებასთან, რომელიც დასაშვებად მიიჩნევა შემოსავლისა და მოგების გადასახადის გადახდევინების დროს. ეს საამორტიზაციო ანარიცხები ხორციელდება საბალანსო ღირებულების შესაძლო ხანგრძლივი შემცირების დროს. დაბალი ღირებულების შენარჩუნება დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როცა არავითარი საფუძველი აღარ არის არაგეგმური საამორტიზაციო ანარიცხებისა და საბალანსო ღირებულების კორექტირებისათვის.
5. საბრუნავი კაპიტალის საგნების ღირებულების შეფასება
5.1. საბრუნავი კაპიტალის საგნების შეფასება შეძენის ან წარმოების ხარჯების მიმართ ხდება მაშინ, თუ დაუშვებელია ღირებულების უფრო დაბალი შეფასება. თუ ეს შეესაბამება საბუღალტრო აღრიცხვის სწორად წარმართვის პრინციპებს, მაშინ მარაგის ერთგვაროვანი საგნების ღირებულების შესაფასებლად დასაშვებია ის, რომ თავდაპირველად ან შემდგომში შეძენილი ან წარმოებული საგნები გამოყენებული იყო ან გაიყიდა პირველ რიგში ან გარკვეული თანამიმდევრობით.
5.2. თუ შეძენის ან წარმოების ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე წლიური ბალანსის დაანგარიშების დღისათვის არსებული ღირებულება გამომდინარე საბირჟო ან საბაზრო ფასებიდან, მაშინ საგნები ფასდება ყველაზე დაბალი ღირებულებით. თუ საბირჟო ან საბაზრო ფასის დადგენა შეუძლებელია და შეძენის ან წარმოების ხარჯები აღემატება წლიური ბალანსის დაანგარიშების დღისათვის არსებულ ღირებულებას, მაშინ საგნები ფასდება წლიური ბალანსის დაანგარიშების დღისათვის არსებული ღირებულებით.
საბრუნავი კაპიტალის საგნები შეიძლება უფრო დაბალი ღირებულებით შეფასდეს იმ შემთხვევაში, თუ უფრო დაბალი ღირებულება:
ა) აუცილებელია გონივრული კომერციული შეფასების დროს ღირებულებითი მერყეობის გამო მომავალში ამ საგნების ღირებულების შეცვლის თავიდან აცილებისათვის, ან
ბ) დასაშვებია შემოსავლისა და მოგების გადასახადის გადახდევინების დასაბუთების დროს.
ღირებულების უფრო დაბალი შეფასება შეიძლება აგრეთვე იმ შემთხვევებშიც, როცა ამის საჭიროება აღარ არის.
6. პასივის მუხლების შეფასება
6.1. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი ფასდება ნომინალური ღირებულებით.
6.2. ვალდებულება ფასდება მათი დაფარვის თანხით, საპენსიო გასაცემლების ვალდებულება ფასდება მათი ფაქტობრივი ღირებულების მიხედვით.
6.3. თუ ვალდებულებებისა და სესხების დაფარვის თანხები აღემატება ხარჯების საერთო თანხას, მაშინ ეს განსხვავება შეიძლება აისახოს აქტივების მუხლებში, რომლებიც აცალკევებენ მომიჯნავე საანგარიშო პერიოდებს შორის ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვას. ეს თანხა უნდა აისახოს ცალკე და დაიფაროს მოქმედების მთელ ვადაზე გადანაწილებული ყოველწლიური გეგმაზომიერი საამორტიზაციო ანარიცხების გზით.
6.4. ანარიცხები სარეზერვო ფონდში გამოიანგარიშება იმ თანხის ფარგლებში, რომელიც საჭიროა გონივრული კომერციული შეფასების თანახმად.
7. მოგებისა და ზარალის გაანგარიშების სტრუქტურა
7.1. მოგებისა და ზარალის გაანგარიშებაში გამოყოფენ შემდეგ მუხლებს, რომელიც ლაგდება საფეხურების ფორმით, თუ მრეწველობის მოცემული დარგი არ იყენებს მოგებისა და ზარალის გაანგარიშების სხვა სტრუქტურას, რომელიც ამ დანართში მოცემული სტრუქტურის ტოლფასია და არსებობს მოგებისა და ზარალის გაანგარიშების შემდგომი სტრუქტურული სრულყოფის შესაძლებლობა:
1. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი.
2. საწყობში მზა პროდუქციის და ნახევარფაბრიკატების რაოდენობის ზრდა ან შემცირება.
3. სხვა საკუთარი პროდუქცია.
4. პროდუქციის გამოშვების მთლიანი მოცულობა, სრული წარმადობა.
5. ნედლეულის, დამხმარე და საწარმოო მასალების ხარჯები.
6. მთლიანი შემოსავალი/მთლიანი ხარჯები.
7. მოგების ანარიცხებიდან მიღებული შემოსავალი.
8. სხვა საზოგადოებათა საქმიანობაში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავალი.
9. სხვა ფინანსური დაბანდებიდან მიღებული შემოსავალი.
10. სხვა პროცენტები და მსგავსი შემოსავლები.
11. ძირითადი საშუალებების საგნების რეალიზაციით და ძირითადი საშუალებების საგნების საბალანსო ღირებულების ზრდით მიღებული შემოსავალი.
12. სავალო ვალდებულებათა მიმართ საბალანსო ღირებულების მთლიანი კორექტირების შემცირებით მიღებული შემოსავალი.
13. სარეზერვო ფონდში ანარიცხების შეწყვეტით მიღებული შემოსავალი.
14. სხვა შემოსავლები, მათ შორის გაუთვალისწინებელი.
15. საკუთარ თავზე აღებული ზარალის შემცირებიდან მიღებული შემოსავალი.
16. ხელფასი.
17. სოციალური ანარიცხები.
18. მოხუცებულობის გამო დახმარების და ხელშემწყობი დახმარების ხარჯები (ახალგაზრდა ოჯახებს, ბავშვის დაბადებისას და სხვ.).
19. საამორტიზაციო ანარიცხები და ინვესტირებულ კაპიტალზე დაფუძნებული მატერიალური და არამატერიალური ფასიანი ქაღალდების საბალანსო ღირებულების კორექტირება.
20. საამორტიზაციო ანარიცხები და ფინანსურ დაბანდებათა საბალანსო ღირებულების კორექტირება, იმ თანხის გარდა, რომელიც მთლიანი კორექტირების დროს სავალო ვალდებულებებს მიეკუთვნება.
21. საბრუნავი კაპიტალის საგნების ღირებულების შემცირების ან დაკარგვის (რეალიზაციის), მარაგის გარდა (აქტივების მხარე. გ 2), და საბალანსო ღირებულების მთლიანი კორექტირების დროს მათი სავალო ვალდებულებებისათვის მიკუთვნების შედეგად მიღებული ზარალი.
22. საწარმოს ძირითადი კაპიტალის საგნების დაკარგვის (რეალიზაციის) შედეგად მიღებული ზარალი.
23. პროცენტები და ანალოგიური ხარჯები.
24. დანაკარგები საკუთარ თავზე აღებული ზარალის გამო.
25. სხვა დანაკარგები.
26. გადასახადების გადახდისაგან მიღებული მოგება.
27. კონცერნის მოგების ანარიცხები.
28. გადასახადები.
29. წლიური ნამეტი/წლიური დეფიციტი.
30. წინა წლიდან გადმოტანილი მოგება და ზარალი.
31. ღია რეზერვებიდან ამოღება:
ა) კანონმდებლობით გათვალისწინებულილი რეზერვებიდან
ბ) თავისუფალი რეზერვებიდან
32. წლიური ნამეტიდან ღია რეზერვებში გადატანა:
ა) კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეზერვებში
ბ) თავისუფალ რეზერვებში
33. საბალანსო მოგება/საბალანსო ზარალი.
7.2. თუ რომელიმე მუხლით საზოგადოებას ხარჯები ან შემოსავლები არა აქვს, მაშინ სავალდებულო არ არის მოგების გაანგარიშებაში ამ მუხლის გამოყოფა.
7.3. იმ შემთხვევაში, თუ ხარჯები და შემოსავლები ასახულია რომელიმე სხვა მუხლში, წინა სამეურნეო წლის მოგებისა და ზარალის გაანგარიშებაში ანალოგიურ ხარჯებთან და შემოსავლებთან შედარებით, მაშინ ამის აღნიშვნა მოგებისა და ზარალის გაანგარიშებაში აუცილებელია მათი თანხების მითითებით.
8. მითითებანი მოგებისა და ზარალის გაანგარიშების ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით
8.1.პროდუქციის გასაღებიდან ამონაგებად ითვლება ამონაგები, რომელიც მიღებულია საწარმოს ნორმალური სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქციისა და საქონლის გაყიდვიდან და სარგებლობაში გადაცემიდან, აგრეთვე ამონაგები საწარმოს ნორმალური სამეურნეო საქმიანობისათვის საჭირო მომსახურების შეთავაზებიდან, ბრუნვის გადასახადის და ამონაგების შემცირების გამოკლებით.
8.2. მარაგის ოდენობის შეცვლისას გასათვალისწინებელია როგორც მათი რაოდენობის, ასევე მათი ღირებულების შეცვლა; საამორტიზაციო ანარიცხებად აქ ჩაითვლება ის ანარიცხები, რომლებიც არ აღემატება მოცემული საწარმოსათვის ჩვეულებრივ ანარიცხებს.
არაგეგმური საამორტიზაციო ანარიცხები და საამორტიზაციო ანარიცხები, რომლებსაც გონივრული კომერციული შეფასების თანახმად, ცნობენ საჭიროდ, რათა მომავალში თავიდან აიცილონ ღირებულებითი მერყეობის გამო ქონებრივი საგნების ღირებულების შეფასების შეცვლა, აისახება ცალკე ან აღინიშნება დანართში.
მოგება და ხარჯები ზარალის საკუთარ თავზე აღების გამო, აგრეთვე ერთობლივი მოგების ან მოგების სრული ან ნაწილობრივი ანარიცხების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ან გაცემული მოგება, ასევე ცალკე უნდა აისახოს შესაბამისი აღნიშვნით.
მუხლებში „გაუთვალისწინებელი შემოსავლები“ და „გაუთვალისწინებელი ხარჯები“ აისახება შემოსავლები და ხარჯები, რომლებიც საზოგადოებამ მიიღო ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის გარეთ. ეს მუხლები განიმარტება დანართში, რომელიც ეხება გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და შემოსავლების თანხებსა და სახეობებს, თუ აღნიშნულ თანხებს არსებითი მნიშვნელობა აქვს შემოსავლების დონის შეფასებისათვის. ეს ვრცელდება აგრეთვე შემოსავლებსა და ხარჯებზე, რომლებიც სხვა საფინანსო წელს განეკუთვნება.
8.3. მოგებას, რომელიც მიღებულია მოგების მთლიანად ან ნაწილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებიდან, აკლდება თანხა, რომელიც ეკუთვნით პარტნიორებს, რომლებიც, ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებაში არ შედიან. თუ ეს თანხა მოგების ოდენობას აღემატება, მაშინ ეს ნამეტი აისახება საკუთარ თავზე აღებული ზარალის ხარჯებში. ამ მოგებიდან სხვა თანხების გამოქვითვა დაუშვებელია.
8.4. გადასახადებში აისახება ის თანხები, რომლებსაც საზოგადოება იხდის როგორც გადასახადის გადამხდელი.
9. საპენსიო გასაცემლების აღნიშვნა
წლიურ ბალანში უნდა აისახოს საპენსიო ანარიცხების თანხა მოცემულ სამეურნეო წელს, მათ შორის სოციალური დახმარების იურიდიული დამოუკიდებელი სალაროებისათვის გადახდილი თანხები და ამ თანხების პროცენტული განაკვეთები, რომლებიც მოსალოდნელია მომდევნო ხუთი სამეურნეო წლის განმავლობაში.
10. საზოგადოების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის შინაარსი
10.1. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის მიმდინარეობა და მისი ეკონომიკური მდგომარეობა. მასში აგრეთვე უნდა აღინიშნოს ის მოვლენები, რომლებიც სამეურნეო წლის დამთავრების შემდეგ მოხდა და განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ საწარმოსათვის.
10.2. ამას გარდა, წლიურ ანგარიშში აღინიშნება წლიური ბალანსის განმარტებანი. ამასთან, ღირებულების შეფასების და საამორტიზაციო ანარიცხების განხორციელების მეთოდები იმდენად დაწვრილებით უნდა აისახოს, რამდენადაც ეს საჭიროა საზოგადოების ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის თაობაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად. დასაშვებია აგრეთვე ამ მეთოდების დამოწმება უფრო ადრინდელი სამეურნეო წლის ანგარიშში, თუ ამ ანგარიშს წინ უსწრებდა არა უმეტეს სამი სამეურნეო წლისა. ამას გარდა, ყოველწლიურ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს განსხვავებანი მოცემულ სამეურნეო წლის შედგენილ წლიურ ბალანსსა და გასული სამეურნეო წლის დამლევს შედგენილ წლიურ ბალანსს შორის, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ბოლო წლიურ ბალანსთან შედარებაზე, კერძოდ, ღირებულების შეფასების და საამორტიზაციო ანარიცხების განხორციელების, მათ შორის არაგეგმური საამორტიზაციო ანარიცხების განხორციელების და საბალანსო ღირებულების კორექტირების მეთოდების მნიშვნელოვანი ცვლილებები. აქ დაწვრილებითი მონაცემების მოყვანა სავალდებულო არ არის. თუ ღირებულების შეფასების და საამორტიზაციო ანარიცხების განხორციელების, მათ შორის არაგეგმური საამორტიზაციო ანარიცხების განხორციელების და საბალანსო ღირებულების კორექტირების მეთოდების შეცვლის შედეგად წარმოიშვა დამატებითი წლიური მოგება, ან წლიური დეფიციტი, რომელიც ზრდის ან ამცირებს თანხას, რომლის მიღებაც შეიძლებოდა უამცვლილებებოდ 10 პროცენტზე მეტად, მაშინ აუცილებელია წლიურ ანგარიშში აღინიშნოს ეს განსხვავება, თუ მისი სიდიდე საზოგადოების კაპიტალის 0.5 პროცენტს არ აღემატება.
10.3. საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშში აღინიშნება შემდეგი მონაცემები:
ა) არსებული და შეტანილი ანაბრები, რომლებიც იკისრა პარტნიორმა საზოგადოების ან საზოგადოებაზე დამოკიდებული საწარმოს ან იმ საწარმოს ხარჯზე, რომლის მეტი წილი საზოგადოებას ეკუთვნის, სადაც იგი დამფუძვნებლის ან აქციების მფლობელის როლში გამოდის, ან ახალი აქციების შესაძენად აქციონერის უფლების განხორციელების ან კაპიტალის გაზრდისას მათი გაცვლის დროს; თუ სამეურნეო წელს ამგვარი კაპიტალდაბანდებანი მოხდა, მაშინ ის უნდა აღინიშნოს და მიეთითოს მიღებული შემოსავლის ოდენობა და მათი გამოყენების გზები.
ბ) კაპიტალდაბანდებანი (ინვესტიციები), რომლებიც ამოღებულია მოცემულ სამეურნეო წელს კაპიტალის ზრდის დროს.
გ) აქციების გამოშვების ხარჯზე გაზრდილი სააქციო კაპიტალი.
დ) სააქციო საზოგადოების არაწევრთა უფლება მოგების ნაწილზე ან მისი ლიკვიდაციით მიღებული შემოსავლის ნაწილზე, ან სამეურნეო წელს წარმოშობილი ანალოგიური უფლებები.
ე) ბალანსში აღუნიშნავი პასუხისმგებლობრივი ურთიერთობანი, მათ შორის საკუთარი ვალდებულებების გარანტიის მიცემა.
ვ) გამგეობის და საზოგადოების საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ორგანოების ან სხვა ანალოგიური ორგანოების წევრთა მთლიანი შემოსავალი (ხელფასი, მოგებაში მონაწილეობა, ხარჯების ანაზღაურება, სადაზღვეო შენატანები, საკომისიო გასამრჯელო და ნებისმიერი ტიპის სხვა დამატებითი შემოსავალი). საერთო შემოსავალს მიეკუთვნება აგრეთვე შემოსავლები, რომლებიც კი არ ეძლევათ, არამედ გარდაიქმნება სხვა ტიპის მოთხოვნად ან გამოიყენება სხვა მოთხოვნათა გაზრდისათვის. მოცემულ სამეურნეო წელს შემოსავლების გარდა, აღინიშნება აგრეთვე სხვა შემოსავლები, რომლებიც მიიღეს მოცემულ სამეურნეო წელს, მაგრამ აქამდე აღნიშნული არ ყოფილა არც ერთ წლიურ ანგარიშში. თუ საზოგადოების დირექტორები იღებენ დამატებით შემოსავალს მოცემული საზოგადოების მეკავშირე სხვა საწარმოებიდან საზოგადოების სასარგებლოდ მუშაობისათვის ან მეკავშირე საზოგადოების კანონიერი წარმომადგენლის ან მოსამსახურის როლში საქმიანობისათვის, მაშინ ეს შემოსავლები ცალკე უნდა აისახოს.
ზ) ყოფილი დირექტორების და მათი ოჯახის წევრების საერთო შემოსავალი (კომპენსაციები), მოხუცებულობის და ნამსახურობის პენსიები, დახმარება მარჩენალის დაკარგვის გამო და სხვა ანალოგიური შემოსავალი). თუ ყოფილი დირექტორები და მათი ოჯახის წევრები კომპენსაციებს და მოხუცებულობის ან ნამსახურობის პენსიას მეკავშირე საწარმოდანაც იღებენ, მაშინ ეს შემოსავლები ცალკე უნდა აისახოს.
თ) სამართლებრივი და კომერციული ურთიერთობა იმავე ქვეყანაში განლაგებულ მეკავშირე საზოგადოებებთან. აგრეთვე უნდა აღიწეროს ამ საზოგადოებათა საქმიანობა, რომელმაც შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაში არსებულ ვითარებაზე.
ი) რომელიმე საზოგადოების საქმეებში მონაწილეობა; ამასთან უნდა აისახოს ის, თუ ვის ეკუთვნის ეს მონაწილეობა და აღემატება თუ არა იგი საზოგადოების ყველა პაის მეოთხედ ნაწილს ან არის თუ არა მოცემული საზოგადოება აქციების პაკეტის ძირითადი მფლობელი.
10.4. ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს კეთილსინდისიერი და სარწმუნო ანგარიშების პრინციპებს. ანგარიში მზადდება იმ ზომით, რამდენადაც ეს შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს. ანგარიშის მომზადებისას საჭირო არ არის რაიმე დაწვრილებითი ცნობების აღნიშვნა, თუ გონივრული კომერციული შეთანხმების თანახმად, ამ ცნობების აღნიშვნას შეუძლია სერიოზული ზარალი მიაყენოს საზოგადოებას ან მის მეკავშირე საწარმოს. თუ ამ მონაცემების აღნიშვნა შეუძლებელია კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით, მაშინ წლიურ ანგარიშში იმ ნორმით, სადაც ეს მონაცემები უნდა იყოს მითითებული, აღინიშნება, რომ იმ ცნობების მიმართ, რომლებიც ამ ნორმით უნდა იყოს მოყვანილი, არსებობს შემზღუდავი, დაცვითი პირობები.
10.5. წლიურ ანგარიშში უნდა დასახელეს საზოგადოების ყველა დირექტორთაგან და მეთვალყურეთა საბჭოს წევრთაგან თუნდაც ერთის გვარი და სახელი, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ისინი სამეურნეო წლის განმავლობაში ან შემდგომ გავიდნენ საზოგადოების საქმეთა მმართველობის შემადგენლობიდან. საჭიროა აგრეთვე აღინიშნოს მეთვალყურეთა საბჭოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და საზოგადოების გამგეობის შესაძლო თავმჯდომარის ვინაობა.
11. შემოწმების საგანი და მოცულობა
11.1. წლიური ბალანსი უნდა შემოწმდეს საბუღალტრო აღრიცხვის და საზოგადოების საქმიანობის წლიური ანგარიშის გამოყენებით ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი კომპეტენტური ექსპერტის მიერ (საბოლოო შემოწმება). თუ ასეთი შემოწმება არ მომხდარა, მაშინ წლიური ბალანსის მიღება გამორიცხულია.
11.2. წლიური ბალანსის შემოწმების მიზანია იმის კონტროლი, თუ როგორ არის დაცული კანონმდებლობისა და წესდების დებულებანი, ხომ არ ქმნის წლიურ ანგარიშში მოყვანილი მონაცემები არასწორ წარმოდგენას საზოგადოებაში არსებულ საქმის ვითარებაზე.
11.3. თუ წლიურ ბალანსში ან საზოგადოების საქმიანობის წლიურ ანგარიშში საზოგადოების დირექტორებს ცვლილებებები შეაქვთ მას შემდეგ, რაც ექსპერტებმა შეადგინეს შემოწმების შედეგების დასკვნითი აქტი, მაშინ ექსპერტებმა ხელმეორედ უნდა შეამოწმონ წლიური ბალანსი და საზოგადოების საქმიანობის წლიური ანგარიში, თუ ამას შეტანილი ცვლილებები მოითხოვს.
11.4. ექსპერტებს ირჩევენ საზოგადოების პარტნიორები ხმების უბრალო უმრავლესობით.
12. შეზღუდული ანგარიშგება მცირე საწარმოთათვის
12.1. მცირე საწარმოებს შეუძლიათ ბალანსის ნაცვლად წარადგინონ ქონების აღწერა საინვენტარო ნუსხის საფუძველზე, რომელიც ამ დანართის 1.1 პუნქტისაგან განსხვავებით შეიცავს შემდეგ პოზიციებს:
ა) ძირითადი საშუალებები;
1. ნაგებობანი და მოწყობილობა
1.1. მიწის ნაკვეთები და საწარმოო ნაგებობებიანი მიწის საკუთრების უფლება;
1.2. მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელ ნაგებობებიანი მიწის საკუთრების უფლება;
1.3 მიწის ნაკვეთები და უნაგებობო მიწის საკუთრების უფლება;
1.4 ნაგებობანი საზოგადოების არაკუთვნილ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ დანართის 1.1 და 1.2 პუნქტებს;
1.5. მანქანები და მოწყობილობა;
1.6. კანტორისა და საქარხნო ინვენტარი;
1.7. აწყობის სტადიაში არსებული მანქანები და მოწყობილობა;
2. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები
2.1. კონცესიები, ინტელექტუალური საკუთრება და ლიცენზიები.
2.2. ფირმის ღირებულება;
3. საფინანსო დაბანდებანი:
3.1. ინვესტირება სხვა საზოგადოებებში;
3.2. ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები;
3.3. გრძელვადიანი საფინანსო დაბანდებანი:
სესხები სულ ცოტა 1 წლის მოქმედების ვადით, მათ შორის:
– შეუღლებულ საწარმოებს,
–საზოგადოების პარტნიორებს,
–იპოთეკური უფლებით უზრუნველყოფილი.
ბ) საბრუნავი საშუალებები
1. ნედლეული, დამხმარე და საწარმოო მასალები
2. ნახევარფაბრიკატები.
3. მზა ნაწარმი, საქონელი.
4. თამასუქები.
5. ჩეკები.
6. ნაღდი ფული სალაროში, ეროვნული ბანკების ანგარიშზე არსებული სახსრები.
7. სხვა ბანკების ანგარიშზე არსებული სახსრები.
8. სხვა მატერიალური და არამატერიალური ფასეულობანი.
გ) ვალდებულება სულ ცოტა 1 წლის მოქმედების ვადით
1. სესხები, მათ შორის იპოთეკური უფლებით უზრუნველყოფილი.
2. ვალდებულებანი საკრედიტო ინსტიტუტების წინაშე, მათ შორის იპოთეკური უფლებით უზრუნველყოფილი.
3. სხვა ვალდებულებანი, მათ შორის იპოთეკური უფლებით უზრუნველყოფილი.
დ) სხვა ვალდებულებანი
1. ვალდებულებანი საკრედიტო ინსტიტუტების წინაშე, თუ ისინი ასახული არ არის გ. პუნქტში
2. სხვა ვალდებულებანი.
12.2. მოგებისა და ზარალის (ამ დანართის 7.1. პუნქტი) განგარიშების ნაცვლად, მცირე საწარმოებს შეუძლიათ შეადგინონ მხოლოდ შენატანებისა და შემოსავლების გაანგარიშება, რომელიც შეიცავს შემდეგ პოზიციებს:
1. პროდუქციის გასაღებიდან მიღებული შემოსავალი.
2. საწყობში მზა პროდუქციის ან ნახევარფაბრიკატების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება
3. ნედლეულის, დამხმარე და საწარმოო მასალების ხარჯები
4. მთლიანი შემოსავალი/მთლიანი ხარჯები
5. სხვა საწარმოების საქმიანობაში მონაწილეობით მიღებული შემოსავალი
6. სხვა საფინანსო დაბანდებებით მიღებული შემოსავალი
7. სხვა პროცენტები და მსგავსი შემოსავლები
8. ძირითადი საშუალებების საგნების რეალიზაციით და ძირითადი საშუალებების საგნების საბალანსო ღირებულების ზრდით მიღებული შემოსავლები
9. სხვა შემოსავლები
10. ხელფასი
11. სოციალური ანარიცხები
12. მოხუცებულობის და ხელშემწყობი დახმარების (ახალგაზრდა ოჯახებს, ბავშვის დაბადების დროს და ა.შ. ) ხარჯები
13. საამორტიზაციო ანარიცხები და ინვესტირებულ კაპიტალზე დაფუძნებული მატერიალური და არამატერიალური ფასიანი ქაღალდების საბალანსო ღირებულების კორექტირება
14. საამორტიზაციო ანარიცხები და ფინანსურ დაბანდებათა საბალანსო ღირებულების კორექტირება
15. საზოგადოების ძირითადი კაპიტალის საგნების დაკარგვით (რეალიზაციით) მიღებული ზარალი
16. პროცენტები და ანალოგიური ხარჯები
17. სხვა დანაკარგები
18. მოგება გადასახადების გადახდამდე
19. გადასახადები
20. წლიური ნამეტი/წლიური დეფიციტი.
12.3. მითითებანი საპენსიო თანხების გაცემის, საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის წლიური ანგარიშების და შემოწმების აღნიშვნის შესახებ მცირე საწარმოებს არ ეხებათ.
დ ა ნ ა რ თ ი II
სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)
ინდივიდუალური მეწარმისათვის
რიგითი ნომერი | თარიღი | მფლობელის სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პრფესია, მისამართი | საზოგადოებისსაქმიანობის საგანი | სავაჭრო წარმომადგენლები (პროკურისტები) |
|
|
|
|
|
სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)
სოლიდური პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის
რიგითი ნომერი | თარიღი | პარტნიორების სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პრფესია, მისამართი | წარმომადგენლობა პარტნიორების მიერ | სავაჭრო წარმომადგენლები |
|
|
|
|
|
სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)
კომანდიტური საზოგადოებისათვის
რიგითი ნომერი | თარიღი | კომანდიტისტების სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, მისამართი და მათი საგარანტიო შესატანი; აუცილებელია როგორც კომანდიტისტის აღნიშვნა | წარმომადგენლობა კომპლემენტარების მიერ | სავაჭრო წარმომადგენლები (პროკურისტები) |
|
|
|
|
|
სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)
შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოებისათვის
რიგითი ნომერი | თარიღი | შეტანის მქონე პარტნიორების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია, მისამართი | დირექტორების სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, მისამართი | სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, თუ არსებობს სამეთვალყურეო საბჭო | საზოგადოების საქმიანობის საგანი და საერთო კაპიტალი | წარმომადგენლობა დირექტორების მიერ | სავაჭრო წარმომადგენლები (პროკურისტები) |
|
|
|
|
|
|
|
|
სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)
სააქციო საზოგადოებისათვის
რიგითი ნომერი | თარიღი | საქმიანობის საგანი და კაპიტალი | აქციათა სახეები, აქციათა დაყოფა | დირექტორების სახელი დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, მისამართი | სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია, მისამართი | წარმომადგენლობა დირექტორების მიერ | სავაჭრო წარმომადგენლები (პროკურისტები) |
|
|
|
|
|
|
|
|
სარეგისტრაციო ბარათი (ნიმუში)
რეგისტრირებული კოოპერატივებისათვის
რიგითი ნომერი | თარიღი | საქმიანობის საგანი და კაპიტალი | დირექტორების სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, მისამართი | სამეთვალყურეო საბჭოს წევრების სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია, მისამართი თუ არსებობს სამეთვალყურეო საბჭო | წარმომადგენლობა დირექტორების მიერ | პროკურისტები |
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს რესპუბლიკის კანონი ,,მეწარმეთა შესახებ“ ამოქმედდეს 1995 წლის 1 მარტიდან.
2. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებლივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე.
3. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 იანვრამდე გარდაიქმნებიან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ამ კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად ექვემდებარებიან სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას.
4. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები.
5. სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების შემთხვევაში გამოიყენაბა მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციულ-სამარათლებრივი ფორმები.
6. ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
1. ,,სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონი;
2. ,,პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 აბზაცის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტები, მე-3–5 აბზაცები;
3. ,,უცხოური ინვესტიციების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის მე-10–26-ე მუხლები;
4. ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპულიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი;
5. ,,საქართველოს რესპუბლიკის ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის მე-2 მუხლი, მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-14–18 მუხლები;
6. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 7 აგვისტოს დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში სამეურნეო ამხანაგობათა შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ;
7. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 სექტემბრის №891 დადგენილება „სახელმწიფო საწარმოთა შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“კ;
8. ,,ფასიანი ქაღალდების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 31 აგვისტოს №876 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-3–13 პუნქტები;
9. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 12 სექტემბრის №990 დადგენილება ,,ინდივიდუალური მეწარმეობისა და ინდივიდუალური საწარმოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
10. საქართველოს რესპუბლიკოს მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 8 მარტის №183 დადგენილება ,,ადგილობრივი (მუნიციპალური) საწარმოს შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
11. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 27 აპრილის №336 დადგენილება ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
7. ძალადაკარგულად ჩაიათვალოს ყველა სხვა კანონქვემდებარე აქტი ან მათი ცალკეული ნორმები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონს.
8. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა 1995 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის შედგენისას გაითვალისწინოს სასამართლოებში საწარმოთა რეგისტრაციისათვის მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის ხარჯები.
9. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში მითითებული ყველა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება დაევალოს რესპუბლიკურ გაზეთებს ,,საქართველოს რესპუბლიკას“ და ,,სვობოდნაია გრუზიას“.
10. საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონის 5.5 მუხლის ,,ე“ პუნქტში მითითებული საინფორმაციო ცენტრის მიერ ცნობის დროულად და უსასყიდლოდ გაცემა.
საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე ვახტანგ რჩეულიშვილი.
თბილისი, 28 ოქტომბერი, 1994 წელი
დოკუმენტის კომენტარები