დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"მეწარმეთა შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 535 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 1-2, 22/01/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.000.000.05.001.000.185 |
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., №21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის მთელ ტექსტში სიტყვები „აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში” შეიცვალოს სიტყვით „ლარი”.
2. 1.2 მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სამეწარმეო საქმიანობად არ ჩაითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა“.
3. 2.4 მუხლს სიტყვის „პარტნიორია“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ხუთასზე მეტი თანამშრომელი“.
4. 3.3. მუხლში სიტყვა „ექსპერტმა“ შეიცვალოს სიტყვით „აუდიტორმა“.
5. 3.4 მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კომანდიტური საზოგადოების კომანდიტები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები, სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი აქციონერები, კოოპერატივის დამფუძნებელი წევრები შესატანის საბოლოო შეტანამდე საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ 3.2 მუხლის მიხედვით.“.
6. 5.4.1 მუხლის „ვ” ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები: „ხოლო, თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, სასამართლოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები)“.
7. 5.4.3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს სიტყვის „დირექტორის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: „ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის“.
8. კანონიდან ამოღებულ იქნეს 5.5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი.
9. 5.6 მუხლს დაემატოს შემდეგი წინადადება: „პარტნიორების შეცვლა სააქციო საზოგადოებებში არ მოითხოვს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას“.
10. 5.9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასამართლო ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად და სასამართლო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.“.
11. კანონის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება
13.1. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები თანაბრად ვრცელდება ყველა საწარმოზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მცირე საწარმოთა მიმართ სხვა წესებია დადგენილი. ბუღალტრული ანგარიშგების გამარტივებული წესები გამოიყენება იმ მცირე საწარმოთა მიმართ (გარდა სააქციო საზოგადოებებისა), რომელთაც სრულ შტატში ჰყავთ არა უმეტეს 10 თანამშრომლისა და სამეურნეო წლის ამონაგები არ აღემატება 40 ათას ლარს.
13.1.1. ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ბუღალტრული აღრიცხვა უნდა იყოს სწორი, სრულყოფილი, გასაგები, ორმაგი აღრიცხვის სისტემაზე აგებული, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურასა და წინა წლის შესაბამის მაჩვენებლებთან. შეფასება უნდა შეესაბამებოდეს წინდახედული მეწარმის, აგრეთვე მინიმალური შეფასების და მოგება-ზარალის მუხლის იმპარიტეტის პრინციპებს.
13.1.2. მცირე საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვა უნდა იყოს სწორი, სრულყოფილი, გასაგები, უწყვეტად დაკავშირებული ანგარიშების ნომენკლატურასთან. ასეთი საწარმო საინვენტარიზაციო აღწერილობის საფუძველზე შეადგენს ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალს და სამეურნეო წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშს.
13.2. ხელმძღვანელები ვალდებული არიან საწარმოს საქმიანობის დაწყებისა და ყოველი სამეურნეო წლის დამთავრებისას საინვენტარიზაციო აღწერილობაში შეიტანონ მონაცემები მიწის ნაკვეთების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ნაღდი ფულის ოდენობის, ძირითადი საშუალებებისა და ყველა სხვა მატერიალურ ფასეულობათა შესახებ. ამასთან, ცალკეული მატერიალური ფასეულობები ასახული უნდა იყოს მინიმალური შეფასების პრინციპის შესაბამისად და გაკეთდეს ქონებისა და ვალდებულებების თანაფარდობათა გამომხატველი ჯამი (ბალანსი), ხოლო მცირე საწარმოებში – ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი.
სამეურნეო წლის დამთავრებისას საინვენტარიზაციო აღწერილობის შესადგენად აუცილებელი არ არის სრული ინვენტარიზაციის ჩატარება, თუ ბუღალტრული აღრიცხვა სრული ინვენტარიზაციის გარეშეც უზრუნველყოფს ქონებრივი შემადგენლობის დადგენას მათი სახეობების, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით.
საინვენტარიზაციო აღწერილობის შედგენისას მატერიალურ ფასეულობათა შემადგენლობა მათი სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს მათემატიკურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით შერჩევითი შემოწმების საფუძველზე. ეს პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო პრინციპებს. ამ გზით შედგენილი საინვენტარიზაციო აღწერილობის საინფორმაციო ღირებულება უნდა უთანაბრდებოდეს სრული ინვენტარიზაციის საინფორმაციო ღირებულებას.
სამეურნეო წლის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება არ არის აუცილებელი, თუ საწარმომ თავისი ქონებისა და ვალდებულებების სრული ან შერჩევითი შემოწმება ჩაატარა სამეურნეო წლის დასასრულამდე სამი თვის განმავლობაში და ამასთან საბუღალტრო აღრიცხვით უზრუნველყოფილი იქნება სამეურნეო წლის ბოლოსათვის ქონებისა და ვალდებულებების რეალური მდგომარეობის დადგენა.
სამეურნეო წლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
13.3. ხელმძღვანელები ვალდებული არიან 10 წლის განმავლობაში შეინახონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) საბუღალტრო წიგნები, საინვენტარიზაციო აღწერილობა, ბალანსი, ასევე მათი გაგებისათვის აუცილებელი ინსტრუქციები და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტები;
ბ) მიღებული და გაგზავნილი საქმიანი კორესპონდენცია;
გ) საბუღალტრო წიგნში ჩანაწერების დამადასტურებელი ბუღალტრული დოკუმენტები.
13.4. საზოგადოების ხელმძღვანელებმა სამეურნეო წლის დამთავრებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა შეადგინონ წლიური ანგარიშგება (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში), აგრეთვე საქმიანობის ანგარიში; მცირე საწარმოების ხელმძღვანელებმა უნდა შეადგინონ ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი და შემოსავალ-გასავლის ანგარიში. წლიურ ანგარიშგებას ხელს აწერენ ხელმძღვანელები თარიღის მითითებით.
13.5. დავის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია საკუთარი ინიციატივით ან რომელიმე მხარის განცხადების საფუძველზე მოითხოვოს ერთ-ერთი მოდავე მხარის საბუღალტრო წიგნები. თუ დავის დროს წარმოდგენილი იქნება საბუღალტრო წიგნები, მაშინ მხარეთა თანდასწრებით შეიძლება მათი შინაარსის გაცნობა, თუ ისინი დავის საგანს შეეხება. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაკეთდეს მათი ამონაწერი. წიგნების სხვა მონაცემები სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სისწორის შესამოწმებლად. ქონებრივი დავის დროს, კერძოდ მემკვიდრეობის, საზოგადოების გაყოფის საქმეებზე სასამართლოს შეუძლია მოითხოვოს ყველა წიგნის წარდგენა მათი სრული შინაარსის გაცნობის მიზნით. ის, ვისაც შეუძლია საჭირო დოკუმენტების წარდგენა ვიდეო, აუდიო ან სხვაგვარი ტექნიკური საშუალებების მეშვეობით, ვალდებულია საკუთარი ხარჯებით წარმოადგინოს ის ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აუცილებელია დოკუმენტების წასაკითხად; აუცილებლობის შემთხვევში უნდა დაბეჭდოს ეს დოკუმენტები ან ამ ტექნიკური საშუალებების გარეშე წარადგინოს მათი ისეთი რეპროდუქცია, რომლის წაკითხვაც შესაძლებელი იქნება.
13.6. წლიური ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშის სტრუქტურისა და მონაცემთა შინაარსის წესები მოცემულია კანონის დანართში და ამ კანონის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია.“.
12. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე აბზაცი: „ფილიალის რეგისტრაციისას სასამართლოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საწარმოს მმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილება ფილიალის შექმნის შესახებ;
ბ) ფილიალის საქმიანობის მოკლე აღწერა;
გ) საწარმოს წესდების ასლი;
დ) გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისთვის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;
ე) საწარმოს რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა.“.
13. მე-17 მუხლის სათაურს სიტყვის „და“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „სხვა“.
17.3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სულ ცოტა“, ხოლო სიტყვები „ორმოცდაათი პროცენტი“ შეიცვალოს სიტყვებით „ორმოცდაათ პროცენტზე მეტი“.
17.4 მუხლში სიტყვები „სულ ცოტა სამოცდათხუთმეტი პროცენტი“ შეიცვალოს სიტყვით „სამოცდათხუთმეტ პროცენტზე მეტი“;
17.7 მუხლის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თუ ეს მონაწილეობა გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, გადამეტებული ნაწილი ამოღებულ უნდა იქნეს 3.3 მუხლის მეორე აბზაცით გათვალისწინებული წესით.“.
14. 44-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.“.
15. 45.1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ ცოტა ორი ათას ლარს.“.
16. 51.1 მუხლის მეორე წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საწესდებო კაპიტალის მინიმალური ნომინალური ღირებულება უნდა შეადგენდეს თხუთმეტიათას ლარს, ხოლო ერთი აქციის ნომინალური ღირებულება – ერთ ლარს ან მის მრავალჯერადს.“.
17. 52.2 მუხლში სიტყვები „მე-2 წინადადების შესაბამისად“ უნდა შეიცვალოს სიტყვებით „მე-3 წინადადების შესაბამისად“.
18. 53.4 მუხლში სიტყვები „ან მათ გათავისუფლებას საქმიანობიდან” უნდა შეიცვალოს სიტყვებით „ან მათი ანგარიშის დამტკიცებას“.
19. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი I
1. წლიური ბალანსის სტრუქტურა
1.1. წლიურ ბალანსში გამოყოფენ შემდეგ მუხლებს (მეურნეობის ცალკეული დარგისათვის შეიძლება დადგინდეს სხვაგვარი სტრუქტურა, რომელიც ამ დანართში მოცემული სტრუქტურის ტოლფასი იქნება), ამასთან შესაძლებელია წლიური ბალანსის შემდგომი სტრუქტურული სრულყოფა:
აქტივში
ა) საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ჯერ კიდევ შეუტანელი შესატანები, მათ შორის შესატანები, რომელთა შეტანის ვადა დამდგარია.
ბ) ძირითადი კაპიტალი
1. ძირითადი საშუალებები
1.1. მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობებით.
1.2. მიწის ნაკვეთები შენობა-ნაგებობები.
1.3. შენობა-ნაგებობები სხვისი მიწის ნაკვეთზე.
1.4. მანქანები, დანადგარები, მოწყობილობა და სატრანსპორტო საშუალებები.
1.5. საწარმოო და სასამსახურო ინვენტარი.
1.6. სხვა ძირითადი საშუალებები.
1.7. დაუმთავრებელი კაპიტალური დაბანდებანი.
2. არამატერიალური აქტივები
2.1 კონცესიები, ინტელექტუალური საკუთრება და ლიცენზიები.
2.2. ფირმის ღირებულება (გუდვილი).
2.3. სხვა არამატერიალური აქტივები.
3. ფინანსური დაბანდებანი
3.1. მონაწილეობა სხვა საზოგადოებაში.
3.2 ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.
3.3. ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული სესხები, მათ შორის მიწის გირავნობით უზრუნველყოფილი.
გ) საბრუნავი საშუალებები
1. საწარმოო მარაგები.
1.1. ნედლეული და მასალები.
1.2. დაუმთავრებელი წარმოება.
1.3. მზა პროდუქცია, საქონელი.
2. სხვა საბრუნავი საშუალებები
2.1. მომწოდებლებსა და მოიჯარეებზე გაცემული ავანსები.
2.2. მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები.
2.3. მიღებული თამასუქები.
2.4. ჩეკები.
2.5. ნაღდი ფული სალაროში.
2.6. ფულადი საშუალებები საბანკო ანგარიშებზე.
2.7. მოკლევადიანი ფინანსური დაბანდებანი.
2.8. მოთხოვნები მეკავშირე (შვილობილი და სხვა) საწარმოების მიმართ.
2.9. საწარმოს ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო ორგანოების წევრებზე გაცემული კრედიტებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები.
2.10. საწარმოს პარტნიორებზე გაცემული კრედიტებიდან წარმოქმნილი მოთხოვნები.
2.11. სხვა საბრუნავი აქტივები.
დ) მომავალი პერიოდის ხარჯები
პასივში
ა) საკუთარი კაპიტალი
1. კაპიტალი.
2. რეზერვები.
3. მიზნობრივი დაფინანსება.
4. გასული წლების გაუნაწილებელი მოგება.
5. გასული წლების დაუფარავი ზარალი.
6. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი).
ბ) ანარიცხები
1. საპენსიო უზრუნველყოფის ანარიცხები.
2. სხვა ანარიცხები.
გ) მოზიდული კაპიტალი და დანარჩენი პასივები
1. ვალდებულებები ბანკების წინაშე.
1.1. გრძელვადიანი ვალდებულებები.
1.2. მოკლევადიანი ვალდებულებები, მათ შორის მიწის გირავნობით უზრუნველყოფილი.
2. სესხები
2.1. გრძელვადიანი სესხები.
2.2. მოკლევადიანი სესხები.
3. მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოშობილი ვალდებულებები.
4. ვალდებულებები თამასუქების მიხედვით.
5. მიღებული ავანსები.
6. ვალდებულებები მეკავშირე (შვილობილი და სხვა) საწარმოების წინაშე.
7. ვალდებულებები პარტნიორების წინაშე.
8. ვალდებულებები მუშა-მოსამსახურეების წინაშე.
9. ვალდებულებები ბიუჯეტთან.
10. სხვა ვალდებულებები.
დ) მომავალი პერიოდის შემოსავლები
1.2 თუ მეწარმეს არა აქვს რომელიმე მუხლში გათვალისწინებული მონაცემები, მაშინ ეს მუხლი ბალანსში არ აისახება.
1.3 თუ რომელიმე მუხლში გაერთიანებულია რამდენიმე მუხლის მონაცემები, მაშინ გასაგები და ნათელი წლიური ბალანსის შესადგენად საჭიროა ამის აღნიშვნა საქმიანობის შესახებ ანგარიშში. მოთხოვნები და ვალდებულებები მეკავშირე საწარმოების მიმართ, როგორც წესი, ცალკე უნდა იქნეს წარმოდგენილი; თუ ისინი სხვა მუხლებშია გაერთიანებული, მაშინ ამის შესახებ უნდა მიეთითოს საქმიანობის ანგარიშში.
1.4 ჩამოწერები, ანარიცხები და რეზერვები წლიური ბალანსის შედგენის დროს უკვე გათვალისწინებული უნდა იყოს. ასეთივე წესი მოქმედებს კანონის ან საზოგადოების წესდების შესაბამისად, ან დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს მიერ რეზერვების შექმნისა და გახარჯვის შემთხვევაში. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება ან დაუფარავი ზარალი ბალანსში აისახება ცალკე.
1.5 რადგანაც ბალანსის პასივში არ აისახება, ამიტომ საქმიანობის შესახებ ანგარიშში სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი:
ა) თამასუქების გადაცემისა და გადაყვანის (გადაპირების) პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვალდებულებები;
ბ) საგარანტიო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
გ) სხვისი ვალდებულებებისათვის გარანტიების მიცემიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა;
ეს ვალდებულებები მაშინაც უნდა აღინიშნოს, როცა მათ უპირისპირდება ეკვივალენტური უკუმოთხოვნები. თუ არსებობს ვალდებულება ან პასუხისმგებლობა მეკავშირე საწარმოების მიმართ, მაშინ იგი ცალკე გამოიყოფა.
2. ნორმები წლიური ბალანსის ცალკეული მუხლების შესახებ
2.1 ძირითადი კაპიტალის შემადგენლობაში უნდა აისახოს მხოლოდ ის საშუალებები, რომლებიც საწარმოს საქმიანობისათვის ხანგრძლივად გამოიყენება. მათი სამეურნეო წლის განმავლობაში შემოსვლა, გასვლა, ჩამოწერები, სხვა ანგარიშებზე გადატანა უნდა აისახოს საქმიანობის შესახებ ანგარიშში.
2.2 მონაწილეობად ითვლება წილი საზოგადოებაში, რომლის ნომინალური ღირებულება აღემატება ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალის მეოთხედ ნაწილს.
2.3 საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ცალკე უნდა იყოს ასახული მონაწილეობის ან ყველა სახეობის აქციის მთელი ნომინალური ღირებულება.
2.4 რეზერვების ასახვისას საქმიანობის შესახებ ანგარიშში ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი თანხა, რომელიც რეზერვებში იქნა მიმართული წინა წლის და სამეურნეო წლის მოგებიდან; ასევე თანხა, რომელიც დაიხარჯა სამეურნეო წელს.
2.5 ანარიცხები შეიძლება შეიქმნას მოსალოდნელი ხარჯებისათვის და დაუმთავრებელი გარიგებებიდან მოსალოდნელი ზარალისათვის. გარდა ამისა, ანარიცხები შეიძლება შეიქმნას:
ა) სამეურნეო წელს განუხორციელებელი რემონტის, დასუფთავების, კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის, რომელიც მომდევნო წელს უნდა შესრულდეს;
ბ) გარანტიებისათვის, რომლებიც სამართლებრივი ვალდებულებების გარეშე წარმოიშვება. მუხლში „საპენსიო ანარიცხები“ აისახება ანარიცხები მიმდინარე პენსიებისათვის და პენსიების მოთხოვნის უფლებისათვის.
ანარიცხები მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით ცალ-ცალკე უნდა იყოს წარმოდგენილი. ანარიცხები არ შეიძლება შეიქმნას სხვა მიზნებისათვის.
2.6 მოთხოვნები არ შეიძლება გადაიფაროს ვალდებულებებით, გადაუხდელი მომსახურება – ავანსით, ხოლო უფლებები მიწის ნაკვეთზე – მიწის ნაკვეთის ვალდებულებითი დატვირთვით.
არ შეიძლება რეზერვები, ფასშესწორებები და ანარიცხები აისახოს ვალდებულებებად.
2.7 ხარჯებისა და შემოსავლების გამმიჯნავი მუხლები აისახება:
ა) აქტივში – „მომავალი პერიოდის ხარჯების“ სახით – ბალანსის შედგენის თარიღის წინა პერიოდის გასავლები, რომლებიც მომდევნო პერიოდის დანახარჯებს წარმოადგენენ;
ბ) პასივში – „მომავალი პერიოდის შემოსავლების“ სახით – ბალანსის შედგენის თარიღამდე მიღებული თანხები, რომლებიც მომდევნო პერიოდის შემოსავლებს წარმოადგენენ.
3. ძირითადი კაპიტალის ობიექტების ღირებულების ასახვა
3.1 ძირითადი კაპიტალის ობიექტები შემოსავალში აიღება შეძენის ან წარმოებაზე გაწეული ხარჯების თანხით.
ძირითადი საშუალებები ბალანსში უნდა აისახოს მათ შეძენაზე ან წარმოებაზე გაწეული ხარჯების თანხით დარიცხული ცვეთის და ფასშესწორების გათვალისწინებით.
3.2 წარმოების ხარჯებში, სხვა ხარჯებთან ერთად, შეიძლება შეტანილ იქნეს მოხმარებული ძირითადი საშუალებების ცვეთა და ღირებულების სხვაგვარი შემცირება, აგრეთვე წარმოებისა და მმართველობის ხარჯების ის ნაწილი, რომელიც წარმოების პერიოდს ეკუთვნის. გასაღების ხარჯები არ ითვლება წარმოებისა და მმართველობის ხარჯებად.
3.3. არამატერიალური აქტივების ობიექტები ბალანსში შეიძლება აისახოს მხოლოდ მაშინ, როცა ისინი შეძენილია სასყიდლით.
3.4 საზოგადოების დაარსებისა და კაპიტალის პირველადი დაგროვების ხარჯები არ შეიძლება აქტივის მუხლად იქნეს ასახული. საწარმოს ამოქმედების ხარჯები შეიძლება აისახოს ნაგებობებისა და მოწყობილობების მშენებლობაზე გაწეული ხარჯების სახით. ეს თანხა უნდა გამოიყოს ცალკე და ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს დაიფაროს სულ ცოტა ერთი მეხუთედით ჩამოწერის გზით.
3.5 საწარმოს ან ფირმის ღირებულების გამოსახვისათვის, როგორც წესი, აქტივის ცალკე მუხლი გათვალისწინებული არ არის. თუ საწარმოს შეძენისათვის გაწეული საზღაური აღემატება შეძენის მომენტისათვის ამ საწარმოს ცალკეული ქონებრივი ობიექტების ღირებულებას, მაშინ ეს განსხვავება უნდა აისახოს საწარმოს ძირითადი კაპიტალის განაყოფში, როგორც „ფირმის ღირებულება“. თანხა აისახება ცალკე და ყოველ მომდევნო სამეურნეო წელს სულ ცოტა ერთი მეხუთედით უნდა დაიფაროს ჩამოწერის (ცვეთის) გზით.
4. ჩამოწერები და ფასშესწორებები
4.1 ძირითადი კაპიტალის იმ ობიექტებისათვის, რომელთა გამოყენების ვადა შეზღუდულია, შეძენის ან წარმოების ხარჯები უნდა შემცირდეს გეგმაზომიერი ჩამოწერებით (ცვეთა) ან ფასშესწორებებით. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისი ჩამოწერის მეთოდების გამოყენებით, ცვეთის გეგმამ შეძენის და წარმოების ხარჯები უნდა გაანაწილოს იმ სავარაუდო სამეურნეო წლებზე, რომელთა განმავლობაში შეიძლება ობიექტის გამოყენება.
4.2 ძირითად კაპიტალის ობიექტების მიმართ, მიუხედავად იმისა, შეზღუდულია თუ არა მათი გამოყენების ვადა, შეიძლება განხორციელდეს არაგეგმური ჩამოწერები და ფასშესწორებები, რათა ობიექტები აისახოს:
ა) უფრო დაბალი ღირებულებით, რომელიც მათ აქვთ ბალანსის შედგენის თარიღისათვის, ან
ბ) უფრო დაბალი ღირებულებით, რომელიც დასაშვებია მოგებიდან გადასახადით დაბეგვრის საფუძვლებიდან გამომდინარე.
ისინი უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, როდესაც სავარაუდოა ამ ობიექტებზე დაბალი ფასების ხანგრძლივად შენარჩუნება. ეს დაბალი ღირებულება შეიძლება შენარჩუნდეს მაშინაც, როცა არაგეგმური ჩამოწერებისა და ფასშესწორებების საფუძველი უკვე აღარ არსებობს.
5. საბრუნავ საშუალებათა ღირებულების ასახვა
5.1 საბრუნავი საშუალებები უნდა აისახოს შეძენის ან წარმოების ხარჯებით. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების გათვალისწინებით ერთგვაროვანი მარაგის ღირებულების დადგენისას შეიძლება დაშვებულ იქნეს, რომ პირველად ან ბოლოს შეძენილი ან წარმოებული საგნები გამოყენებული ან გასხვისებული იქნება პირველ რიგში ან სხვა თანამიმდევრობით.
5.2 თუ ბალანსის შედგენის თარიღისათვის შეძენის ან საწარმოების ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე საბირჟო ან საბაზრო ფასი, მაშინ საბრუნავი საშუალებები ბალანსში უნდა აისახოს მათ შორის უფრო დაბალი ფასით. თუ საბირჟო ან საბაზრო ფასი არ არის განსაზღვრული, ხოლო შეძენის ან წარმოების ხარჯები აღემატება იმ ღირებულებას, რომელიც საგნებს აქვთ ბალანსის შედგენის თარიღისათვის, მაშინ ბალანსში უნდა აისახოს ეს ღირებულება.
საბრუნავი საშუალებები შეიძლება აისახოს უფრო დაბალი ღირებულებით, თუ ასეთი ასახვა:
ა) გონივრული კომერციული შეფასების თვალსაზრისით, აუცილებელია უახლოეს მომავალში ფასების მოსალოდნელი მერყეობის გამო, ამ საგნებზე ფასების შეცვლის თავიდან ასაცილებლად, ან
ბ) დასაშვებია მოგებიდან გადასახადით დაბეგვრის საფუძვლებიდან გამომდინარე. უფრო დაბალი ღირებულების შენარჩუნება შეიძლება მაშინაც, როცა საამისო საფუძველი უკვე აღარ არსებობს.
6. პასივის მუხლების ასახვა
6.1 საზოგადოების კაპიტალი უნდა აისახოს ნომინალური ღირებულებით.
6.2 ვალდებულებები უნდა აისახოს მათი უკან დასაბრუნებელი თანხით, ხოლო საპენსიო ვალდებულებები – მათი ფაქტობრივი ღირებულებით.
6.3 თუ ვალდებულებების ან სესხების უკან დასაბრუნებელი თანხა უფრო მეტია, ვიდრე მიღებული თანხა, მაშინ სხვაობა შეიძლება აისახოს აქტივში მომავალი პერიოდის ხარჯებში. იგი ცალკე აღინიშნება. თანხა შეიძლება დაიფაროს გეგმაზომიერი ჩამოწერების მეშვეობით, რომელიც გადანაწილდება მთელ პერიოდზე.
6.4 ანარიცხები უნდა შეიქმნას მხოლოდ გონივრული კომერციული შეფასებით აუცილებელი ოდენობით.
7. მოგებისა და ზარალის ანგარიშის სტრუქტურა
7.1 მოგებისა და ზარალის ანგარიშში, თუ მეურნეობის მოცემული დარგისათვის დადგენილი არ არის სხვაგვარი სტრუქტურა, რიგითობის მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუხლები (ამასთან შესაძლებელია წარმოდგენილი სტრუქტურის სრულყოფა):
ა) ერთობლივ ხარჯთა მეთოდის გამოყენებისას:
1. პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგები;
2. მზა პროდუქციის და დაუმთავრებელი წარმოების ნაშთების ზრდა ან შემცირება;
3. სხვა კაპიტალიზებული საკუთარი სამუშაო;
4. წარმოებული პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მთლიანი მოცულობა;
5. ნედლეულისა და მასალების ხარჯი;
6. დაქვემდებარებული საწარმოებიდან კუთვნილი შემოსავლები;
7. სხვა საწარმოებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლები;
8. სხვა ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები;
9. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური შემოსავლები;
10. ძირითადი კაპიტალის ობიექტების გაყიდვიდან და აფასებიდან მიღებული მოგება;
11. საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების შემცირებიდან მიღებული შემოსავლები;
12. შემოსავლები მოსალოდნელი ხარჯების დასაფარავად შექმნილი ანარიცხების გამოუყენებელი თანხებიდან;
13. საკუთარ თავზე აღებული სხვისი ზარალის შემცირებიდან მიღებული შემოსავლები;
14. სხვა შემოსავლები;
15. ხელფასები და გასამრჯელოები;
16. სოციალური გადასახდელები;
17. მოხუცებულთა უზრუნველყოფისა და თანადგომის ხარჯები;
18. მატერიალური და არამატერიალური ძირითადი კაპიტალის ობიექტების ღირებულების ჩამოწერები და ფასშესწორებები;
19. ფინანსური დაბანდებების ჩამოწერები და ფასშესწორებები;
20. სხვა საბრუნავი საშუალებების გასვლით ან ჩამოწერებით მიღებული ზარალი და მოთხოვნათა ფასშესწორება;
21. ძირითადი კაპიტალის ობიექტების გასვლის (ჩამოწერის, რეალიზაციის) შედეგად მიღებული ზარალი;
22. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური ხარჯები;
23. საკუთარ თავზე სხვისი ზარალის აღებით გამოწვეული ხარჯები;
24. სხვა ხარჯები;
25. მოგება (ზარალი) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან;
26. გაუთვალისწინებელი შემოსავლები;
27. გაუთვალისწინებელი ხარჯები;
28. სამეურნეო წლის მოგება (ზარალი);
29. კონცერნში გადასარიცხი მოგება;
30. მოგებიდან გადასახადი;
31. წლიური წმინდა მოგება;
32. მიმართულია რეზერვებში და სხვა მიზნით;
33. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი);
ბ) რეალიზებულ პროდუქციაზე გაწეულ ხარჯთა (საბრუნავ ხარჯთა) მეთოდის გამოყენებისას:
1. პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) რეალიზაციიდან ამონაგები;
2. რეალიზებულ პროდუქციაზე (სამუშაოებზე, მომსახურებაზე) გაწეული ძირითადი ხარჯები;
3. შედეგი რეალიზაციიდან;
4. კომერციული ხარჯები;
5. მმართველობის ხარჯები;
6. სხვა საწარმოო შემოსავლები;
7. სხვა საწარმოო ხარჯები;
8. სხვა საწარმოებში მონაწილეობიდან მიღებული შემოსავლები;
9. სხვა ფინანსური დაბანდებებიდან მიღებული შემოსავლები;
10. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური შემოსავლები;
11. ფინანსური დაბანდებების ჩამოწერები;
12. სხვადასხვა პროცენტები და ანალოგიური ხარჯები;
13. მოგება (ზარალი) ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობიდან;
14. გაუთვალისწინებელი შემოსავლები;
15. გაუთვალისწინებელი ხარჯები;
16. სამეურნეო წლის მოგება (ზარალი);
17. კონცერნში გადასარიცხი მოგება;
18. მოგებიდან გადასახადი;
19. წლიური წმინდა მოგება;
20. მიმართულია რეზერვებში და სხვა მიზნით;
21. სამეურნეო წლის გაუნაწილებელი მოგება (დაუფარავი ზარალი).
7.2 თუ საწარმოს არ წარმოექმნება რომელიმე მუხლში გათვალისწინებული შემოსავლები ან ხარჯები, მაშინ ამ მუხლების ასახვა აუცილებელი არ არის.
7.3 თუ შემოსავლები და ხარჯები სხვა მუხლებშია მოცემული, ვიდრე ანალოგიური შემოსავლები და ხარჯები გასული სამეურნეო წლის მოგებისა და ზარალის ანგარიშში, მაშინ ამის თაობაზე უნდა აღინიშნოს საქმიანობის შესახებ ანგარიშში თანხების მითითებით.
7.4 საზოგადოების პარტნიორებზე გასანაწილებელი თანხები (დივიდენდები, წილი მოგებიდან) შესაბამისი წყაროების მითითებით სამეურნეო საქმიანობის შესახებ ანგარიშში უნდა აისახოს ცალკე.
8. ნორმები მოგებისა და ზარალის ანგარიშის ცალკეული მუხლების შესახებ
8.1 მოგებისა და ზარალის ანგარიშის 7.1.ა)1. და 7.1.ბ)1. მუხლებში აისახება შემოსავლები, რომლებიც მიიღება საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობისათვის დამახასიათებელი ტიპიური პროდუქციისა და საქონლის გაყიდვიდან ან სარგებლობაში გადაცემიდან, მომსახურების გაწევიდან, გადასახადებისა და ამონაგების შესწორებათა გამოკლებით.
8.2 7.1.ა)2. მუხლში მითითებულ ქონებრივ ცვლილებად ითვლება, როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი ცვლილება. ამასთან, ღირებულებათა განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის ჩამოწერები, რომლებიც არ აღემატება საწარმოსათვის დადგენილ გეგმურ ჩამოწერებს.
არაგეგმური ჩამოწერები, აგრეთვე ჩამოწერები, რომლებიც გონივრული კომერციული შეფასებით აუცილებელია უახლოეს მომავალში ფასების მერყეობით გამოწვეული ფასცვლილებების თავიდან ასაცილებლად, ცალკე უნდა იქნეს ასახული ან მითითებული საქმიანობის შესახებ ანგარიშში.
საწარმოთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოგების ან მისი ნაწილის მიღებასთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები უნდა აისახოს ცალკე დასახელებით.
„გაუთვალისწინებელი შემოსავლების“ და „გაუთვალისწინებელი ხარჯების“ მუხლებში უნდა აისახოს ის შემოსავლები და ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობასთან. ისინი სახეობებისა და ოდენობის მიხედვით უნდა გაიშიფროს საქმიანობის შესახებ ანგარიშში, თუ კი მათ საწარმოს საქმიანობის შეფასებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე იმ შემოსავლებსა და ხარჯებზე, რომლებიც მიეკუთვნება გასულ სამეურნეო წლებს.
8.3 შემოსავალს, რომელიც მიღებულია მოგების მთლიანად ან ნაწილობრივი გადაცემის შესახებ საწარმოებს შორის დადებული ხელშეკრულებიდან, აკლდება თანხა, რომელიც ეკუთვნის გადამცემი საწარმოს დანარჩენ პარტნიორებს. თუ ეს თანხა მოგების ოდენობას აღემატება, მაშინ ეს ნამატი აისახება სხვისი ზარალის საკუთარ თავზე აღებით გამოწვეულ ხარჯებში. ამ შემოსავლებიდან სხვა თანხების გამოქვითვა დაუშვებელია.
8.4 გადასახადების სახით უნდა აისახოს ის თანხები, რომლებიც უნდა გადაიხადოს საწარმომ, როგორც ბეგარავალდებულმა პირმა.
9. საპენსიო გადასახდელების ასახვა
წლიურ ანგარიშგებაში უნდა გაიშიფროს სამეურნეო წელს გადახდილი, მათ შორის იურიდიულად დამოუკიდებელი სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებში გადარიცხული საპენსიო გადასახდელების თანხა და მომდევნო ხუთი სამეურნეო წლის განმავლობაში ყოველწლიურად სავარაუდო გადასახდელი თანხები მათი პროცენტული გამოსახულებით.
10. ანგარიში სამეურნეო საქმიანობის შესახებ
10.1 სამეურნეო საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საზოგადოების სამეურნეო საქმიანობის მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში უნდა აღინიშნოს აგრეთვე განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები, რომლებიც მოხდა სამეურნეო წლის დამთავრების შემდეგ.
10.2 საქმიანობის შესახებ ანგარიშში მოცემული უნდა იყოს ასევე განმარტებები წლიური ანგარიშგების შესახებ. ამასთან, შეფასებისა და ჩამოწერის მეთოდები იმდენად სრულყოფილად უნდა იქნეს აღწერილი, რომ შესაძლებელი იყოს საზოგადოების ქონებრივ და ფინანსურ მდგომარეობაზე სრული წარმოდგენის შექმნა. ამ მეთოდების დეტალური აღწერა აუცილებელი არ არის, თუ ისინი ბოლო სამი წლის განმავლობაში არ შეცვლილა და აღწერილი იყო წინა წლების ანგარიშში. ამასთან, საქმიანობის შესახებ ანგარიშში დახასიათებული უნდა იყოს ის განსხვავებები, რომლებიც ხელს უშლიან წინა წლის წლიური ანგარიშგების შედარებას ბოლო წლიურ ანგარიშგებასთან. კერძოდ, შეფასებისა და ჩამოწერის, მათ შორის არაგეგმური ჩამოწერისა და ფასშესწორების მეთოდების მნიშვნელოვანი ცვლილებები. დაწვრილებითი მონაცემების მოტანა აუცილებელი არ არის, თუ შეფასებისა და ჩამოწერის, მათ შორის არაგეგმური ჩამოწერის ან ფასშესწორების, მეთოდების შეცვლის შედეგად წარმოშობილი დამატებითი წლიური მოგება ან წლიური ზარალი არ აღემატება იმ თანხის ათ პროცენტს, რომელიც აღნიშნული ცვლილებების გარეშე უნდა ყოფილიყო მიღებული.
10.3 საქმიანობის შესახებ ყოველი ანგარიში უნდა შეიცავდეს:
ა) მონაცემებს ძირითადი და დამატებითი შენატანების შესახებ, რომლებიც რომელიმე პარტნიორმა ივალდებულა დამფუძნებლის ან აქციონერის უფლებით, ანდა საწესდებო კაპიტალის გასაზრდელად აქციების გაცემისას თავისი საზოგადოებისათვის ან დამოუკიდებელი საწარმოსათვის, ან იმ საწარმოსათვის, უპირველესი უფლების გამოყენებით, რომლის წილთა უმრავლესობას საზოგადოება ფლობს.
თუ სამეურნეო წელს მოხდა ამგვარი წილის გასხვისება, მაშინ იგი უნდა აღინიშნოს და მიეთითოს მიღებული შემოსავლის ოდენობა და მისი გამოყენების გზები;
ბ) სამეურნეო წელს საწესდებო კაპიტალის გაზრდისას მიღებულ წილებს;
გ) ნებადართულ კაპიტალს;
დ) საზოგადოების არაწევრთა უფლებას მოგების ან ლიკვიდაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილზე, სამეურნეო წელს წარმოშობილი უფლებების მითითებით;
ე) პასუხისმგებლობრივ ურთიერთობებს, რომლებიც წლიურ ბალანსში არ ასახულა, მათ შორის საკუთარი ვალდებულებებისათვის გაცემულ გარანტიებს;
ვ) ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო ორგანოს ან მსგავსი ორგანოების წევრთა მთელ შემოსავლებს (ხელფასებს, მოგების წილებს, ხარჯების კომპენსაციებს, სადაზღვევო თანხებს, პროვიზიას და ნებისმიერი სხვა სახის შემოსავლებს) ცალ-ცალკე თითოეული ორგანოს მიხედვით. მთელ შემოსავლებს მიეკუთვნება აგრეთვე შემოსავლები, რომლებიც კი არ გაიცემა, არამედ გარდაიქმნება სხვა სახის მოთხოვნებად ან გამოიყენება სხვა მოთხოვნების გასადიდებლად. მოცემული სამეურნეო წლის შემოსავლების გარდა, აისახება აგრეთვე ის შემოსავლები, რომლებიც მიიღეს მოცემულ სამეურნეო წელს, მაგრამ აქამდე არც ერთ ანგარიშში არ ყოფილა აღნიშნული. თუ საზოგადოების დირექტორები დამატებით შემოსავალს იღებენ საზოგადოების მეკავშირე საწარმოებიდან მათი კანონიერი წარმომადგენლის ან მოსამსახურის როლში საქმიანობისათვის, მაშინ ეს შემოსავლები უნდა აისახება ცალკე;
ზ) ყოფილი დირექტორების და მათი ოჯახის წევრების მთელ შემოსავალს (საბოლოო ანგარიშსწორებას, პენსიებს, დახმარებას მარჩენალის დაკარგვის გამო და სხვა ანალოგიურ შემოსავალს). თუ დირექტორები და მათი ოჯახის წევრები კომპენსაციებს ან პენსიებს იღებენ აგრეთვე მეკავშირე საწარმოებიდან, მაშინ ეს შემოსავლები ცალკე უნდა აისახოს;
თ) სამართლებრივ და კომერციულ ურთიერთობებს ქვეყნის შიგნით განლაგებულ მეკავშირე საწარმოებთან, აგრეთვე ამ საწარმოების სამეურნეო საქმიანობას, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საზოგადოების მდგომარეობაზე;
ი) სხვის მონაწილეობას საზოგადოებაში, რომლის შესახებაც მას ეცნობა, ამასთან უნდა მიეთითოს, თუ ვის ეკუთვნის ეს წილი და აღემატება თუ არა იგი საზოგადოების ყველა წილის მეოთხედ ნაწილს, ან არის თუ არა ის აქციების უმრავლესობის მფლობელი.
10.4 ანგარიში უნდა შეესაბამებოდეს კეთილსინდისიერი და სარწმუნო ანგარიშგების პრინციპებს. ანგარიში მზადდება იმ ზომით, რამდენადაც იგი შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესებს. ანგარიშში არ არის საჭირო დაწვრილებითი დეტალების აღწერა, თუ გონივრული კომერციული შეფასების თანახმად, ამ ცნობების აღნიშვნას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს საზოგადოებას ან მის მეკავშირე საწარმოს. თუ რომელიმე მონაცემი არ არის შეტანილი კომერციული საიდუმლოების დაცვის მიზნით, მაშინ საქმიანობის ანგარიშში, სადაც ეს მონაცემები უნდა იყოს ასახული, შესაბამისი ნორმების მინიშნებით უნდა მიეთითოს, რომ ამ მონაცემების მიმართ გამოყენებულია საიდუმლოების დაცვის წესები.
10.5 საქმიანობის შესახებ ანგარიშში უნდა იყოს საზოგადოების დირექტორებისა და სამეთვალყურეო ორგანოთა ყველა წევრის, აგრეთვე სამეურნეო წელს და მის შემდეგ გასული წევრების გვარი და სახელი სრულად. საჭიროა აგრეთვე მიეთითოს სამეთვალყურეო ორგანოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და საზოგადოების გამგეობის, თუ ასეთი არსებობს, თავმჯდომარის ვინაობა.
11. შემოწმების საგანი და მოცულობა
11.1 წლიური ანგარიშგება, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა შემოწმდეს საზოგადოებისაგან დამოუკიდებელი ერთი ან რამდენიმე აუდიტორის მიერ (დასკვნითი შემოწმება). ასეთი შემოწმების გარეშე წლიური ანგარიშგების მიღება დაუშვებელია.
11.2 წლიური ანგარიშგების შემოწმებით უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა წლიური ანგარიშგებისადმი კანონისა და წესდების მოთხოვნები და საქმიანობის შესახებ ანგარიშში მოტანილი მონაცემები ხომ არ შექმნის მცდარ წარმოდგენას საზოგადოებაში არსებულ საქმის ვითარებაზე.
11.3 თუ საზოგადოების დირექტორები შემოწმების შედეგებზე დასკვნის შედგენის შემდეგ შეცვლიან წლიურ ანგარიშგებას, მაშინ აუდიტორებმა ხელახლა უნდა შეამოწმონ წლიური ანგარიშგება.
11.4 აუდიტორებს ირჩევენ პარტნიორები ხმების უბრალო უმრავლესობით.
12. შემოკლებული ანგარიშგება მცირე საწარმოსათვის
მცირე საწარმოებს შეუძლიათ ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშის ნაცვლად ინვენტარიზაციის საფუძველზე შეადგინონ ქონებისა და ვალდებულებების ჩამონათვალი და შემოსავალ-გასავლის ანგარიში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.“.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 13 დეკემბერი.
№535–Iს
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა იურდიულმა პირებმა ბუღალტრული ანგარიშგების წარმოება ამ კანონით გათვალისწინებული ფორმებით განახორციელონ 1997 წლის II კვარტალიდან.
3. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლი გავრცელდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში 1997 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ ვალდებულებებზეც.
4. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ კანონის მე-16 და მე-17 მუხლები არ ვრცელდება 1997 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საზოგადოებებზე.
5. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს:
I. უზრუნველყოს, რომ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ:
შეიმუშაოს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საწარმოთა სასამართლოებში რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურა.
უზრუნველყოს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მითითებული ყველა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება საწარმოთა რგისტრაციის მოსაკრებლიდან შემოსული თანხების ხარჯზე.
ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 1997 წლის 1 აპრილამდე:
შეიმუშაოს შესაბამისი ინსტრუქცია ბუღალტრული ანგარიშგების მოცულობისა და ფორმების შესახებ;
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულრებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
გააუქმოს სქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1993 წლის 11 იანვრის №12-03 წერილი ,,საწარმოების, გაერთიანებებისა და ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმებისა და მეთოდების შესახებ“.
II. ამ დადგენილების მე-5 პუნქტის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის პირველი აბზაცით გათვალისწინებული ინსტრუქციის დამტკიცების დღიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 4 სექტემბრის №888 დადგენილება ,,საქართველოს რესპუბლიკაში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს №565 დადგენილება ,,პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლონისა და და ფინანსური შედეგების ფორმორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
6. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს, მათ შორის ბანკებს, ფონდებს და სადაზღვევო კომპანიებს ნება დაერთოთ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 23 დეკემბრის №933 და 1995 წლის 16 მაისის №263 დადგენილების შესაბამისად ძირითადი საშუალებების (ფონდების) აფასების სპეცფონდებში აღრიცხული თანხები მიმართონ თავიანთ საწედებო კაპიტალში.
7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-9 პუნქტი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია.
თბილისი, 1996 წლის 13 დეკემბერი
№536–Iს.
დოკუმენტის კომენტარები