„მეწარმეთა შესახებ“ საქართევლოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეწარმეთა შესახებ“ საქართევლოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1781
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 18/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.001.920
  • Word
1781
24/06/2005
სსმ, 40, 18/07/2005
240.000.000.05.001.001.920
„მეწარმეთა შესახებ“ საქართევლოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) 3.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.3. საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას შესატანი შეიძლება დათქმული იქნეს და შესრულდეს ნებისმიერი ვალუტით. საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მინიმალური საწესდებო კაპიტალის ფორმირებისას შესატანი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ფულადი სახით. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ფორმირებისას შესატანი შეიძლება წარმოდგენილი იქნეს აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი ობიექტების სახით, გარდა სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისა. არაფულადი შესატანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა. არამატერიალური ქონებრივი ობიექტები, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა შეიძლება გადაცემული იქნეს საზოგადოებისათვის; იგი არ აისახება საწესდებო კაპიტალში, მაგრამ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პარტნიორთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას. შეტანაზე ვალდებული პარტნიორი საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს არაფულადი შესატანის იმ ღირებულებისათვის, რომელიც ამ ობიექტს რეგისტრაციის მომენტში ჰქონდა; თუ ობიექტის ღირებულება დათქმულ თანხაზე ნაკლებია, მაშინ იგი უნდა შეივსოს ფულით; თუ არაფულადი შესატანის ღირებულება აღემატება დათქმულ თანხას, ზედმეტი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია.

შესატანის უკან დაბრუნება კომანდიტურ, შეზღუდული პასუხისმგებლობის, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ამისთვის საჭიროა ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში. საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებული უნდა იქნეს სამეწარმეო რეესტრში“;

ბ) 3.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.5. შესატანის ნახევარი შეტანილი უნდა იქნეს საწარმოს რეგისტრაციის მომენტისათვის, თუ წესდება უფრო მეტის შეტანას არ ითვალისწინებს.

პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცალკე ხელშეკრულებით, რომელიც მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას, განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შესატანის განხორციელების ვადები და შესაბამისი წილი.

თუ პარტნიორმა გადააცილა შესატანის შეტანის ვადას, ყოველ პარტნიორს შეუძლია წერილობით მოსთხოვოს მას ამ თანხის გადახდა დამატებითი ვადის მითითებით და გააფრთხილოს იგი საზოგადოებიდან შესაძლო გარიცხვის შესახებ. დამატებით ვადას განსაზღვრავენ პარტნიორები.

ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ პარტნიორი, რომელმაც გააჭიანურა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი მხარეთა შეთანხმებით. ამის შესახებ მას განემარტება წერილობით.

გარიცხული პარტნიორის პასუხისმგებლობა ძალაში რჩება, ხოლო არაფულადი შესატანის შემთხვევაში იგი იცვლება შესაბამისი ფულადი თანხით. თუ დამფუძნებელი პარტნიორების მიერ შესატანის შეუტანლობის გამო არ შეივსება ამ ფორმის საწარმოსათვის დაწესებული მინიმალური საწესდებო კაპიტალი, შეუსრულებელი შესატანი ნაწილდება სხვა დამფუძნებელ პარტნიორებს შორის, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის 3.2 პუნქტში დასახელებული საზოგადოებების პარტნიორებისა, მათ წილთა პროპორციულად.“;

გ) 3.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.6. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი ამ კანონის მე-3 მუხლის 3.3 პუნქტის მე-2 აბზაცის თანახმად შემცირების შემდეგ კვლავ უნდა შეივსოს კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობამდე. თუ შემცირება მოხდება შენატანის დაბრუნების ან შეუტანელი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, მაშინ თითოეულ პარტნიორზე დარჩენილი შესატანის თანხა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები.

საწესდებო კაპიტალის შემცირება შესატანების უკან დაბრუნებით იმ შესატანების მიმართ, რომლებიც პარტნიორების პასუხისმგებლობის მოცულობას განსაზღვრავს, შეიძლება განხორციელდეს საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი პარტნიორთა შეთანხმებით. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 57-ე მუხლის 57.2 პუნქტის ნორმები ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. თუ რომელიმე პარტნიორს შენატანი უკან დაუბრუნდება საწესდებო კაპიტალის რეგისტრირებული შემცირების გარეშე, კრედიტორისათვის ეს დაბრუნებად არ მიიჩნევა. პარტნიორი ვალდებულია საზოგადოებას დაუბრუნოს მიღებული თანხა.“;

დ) 3.8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.8. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით, საზოგადოების წესდებით ან/და წესდებით განსაზღვრულ შემთხვევაში პარტნიორთა ცალკე ხელშეკრულებით, რომელიც მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას, სხვა რამ არ არის დადგენილი.

პარტნიორთა შეთანხმებით შესაძლებელია წესდებაში ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცალკე ხელშეკრულებით, მათ მიერ განხორციელებული შენატანებისგან დამოუკიდებლად განისაზღვროს განსხვავებული უფლება-მოვალეობები.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საწარმოს რეგისტრაცია

4.1. საწარმოს რეგისტრაციას ახდენს საგადასახადო ორგანო საწარმოს ადგილსამყოფლის მიხედვით.

4.2. საწარმოს რეგისტრაცია ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით.

4.3. სამეწარმეო რეესტრის ფორმულარი მოცემულია ამ კანონის დანართში.

4.4. სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს რეესტრის ამონაწერები.

4.5. ერთიან სამეწარმეო რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

4.6. სამეწარმეო რეესტრის წარმოების წესი და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

4.7. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს საგადასახადო ორგანო აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ხოლო საწარმოს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ასლს უგზავნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სტატისტიკის დეპარტამენტს თვეში ერთხელ, არა უგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა. სააქციო საზოგადოებასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების ასლს საგადასახადო ორგანო იმავე ვადაში უგზავნის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) რეგისტრაციის პირობები

5.1. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) რეგისტრაცია ხდება ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე.

5.2. განცხადება შეიტანება საგადასახადო ორგანოში საზოგადოების ადგილსამყოფლის მიხედვით.

5.3. განცხადება უნდა შეიცავდეს:

5.3.1. ყველა საწარმოსათვის:

ა) საფირმო სახელწოდებას (ფირმას);

ბ) ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას;

გ) ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

დ) მონაცემებს სამეურნეო წლის დასაწყისისა და დამთავრების შესახებ;

ე) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და ადგილს, საცხოვრებელ ადგილს; თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);

ვ) წარმომადგენლობის უფლებამოსილებას.

5.3.2. კომანდიტური საზოგადოებისათვის, ამ კანონის მე-5 მუხლის 5.3.1 პუნქტში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა და წარმოდგენილი იქნეს საბუთი ფაქტობრივად განხორციელებული შენატანის შესახებ.

5.3.3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისათვის, ამ კანონის მე-5 მუხლის 5.3.1 პუნქტში მოცემულის გარდა, დამატებით საჭიროა მიეთითოს:

ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ;

ბ) ყოველი დირექტორის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი.

5.4. განცხადებას რეგისტრაციის შესახებ ხელს აწერენ პარტნიორები.

5.5. განცხადებას თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები:

ა) საზოგადოების წესდება (5 ეგზემპლარი);

ბ) არაფულადი შესატანით დაფუძნებისას – შესატანის შეფასების დამადასტურებელი საბუთი;

გ) შეზღუდული პასუხისმგებლობისა და სააქციო საზოგადოებებისათვის დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას მისი წევრების დანიშვნის შესახებ;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.6. პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებული არიან წარადგინონ ხელმოწერის ის ნიმუში, რომელსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ.

5.7. სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარსადგენი განცხადება, ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას (დადასტურებას).“.

4. 51და 52 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 51. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის წესი და პირობები

51.1. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით საგადასახადო ორგანოში გზავნის ან უშუალოდ წარადგენს ანკეტას 2 ეგზემპლარად.

51.2. ანკეტის შესავსებად პირს უფლება აქვს გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ანკეტა ან ანკეტის ასლი. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში დაუბრკოლებლად მიიღოს ანკეტა, აგრეთვე თავისუფლად და უნებართვოდ გადაიღოს ანკეტის ასლი.

51.3. ანკეტის ორივე ეგზემპლარი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

51.4. შევსებული ანკეტა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საფირმო სახელწოდებას;

ბ) ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს და პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერს;

გ) ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.

51.5. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ინდივიდუალური საწარმო რეგისტრაციაში გაატაროს ანკეტის წარდგენიდან 1 დღის ვადაში. დაუშვებელია ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა რაიმე სხვა დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა. თუ ამ ვადაში განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, ინდივიდუალური საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. საგადასახადო ორგანო ვალდებულია რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოს მიანიჭოს სარეგისტრაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი ცნობა.

51.6. თუ საგადასახადო ორგანოში პირის მიერ წარდგენილი ანკეტა აკმაყოფილებს ამ მუხლის მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო მას უსვამს ბეჭედს და მიუთითებს რეგისტრაციის თარიღს და სარეგისტრაციო ნომერს, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს.

51.7. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) ანკეტა არ არის წარდგენილი 2 ეგზემპლარად;

ბ) ანკეტის თითოეული ეგზემპლარი არ არის დამოწმებული სანოტარო წესით.

51.8. სამეწარმეო რეესტრში შეიტანება:

ა) ამ კანონის მე-5 მუხლის 51.4 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი.

51.9. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციისათვის არ გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი.

    მუხლი 52. რეგისტრაციის ვადა

52.1. საგადასახადო ორგანო ვალდებულია საწარმო (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) რეგისტრაციაში გაატაროს განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

52.2. თუ 3 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება ხარვეზის ან მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა და გადასახადის გადამხდელის მოწმობა.

52.3. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ამ კანონის 51 მუხლით.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 53–57 მუხლები:

    „მუხლი 53. რეგისტრაციის წესი

53.1. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) რეგისტრაცია ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანით.

53.2. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება საწარმოს გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე აყვანა, საწარმოს ენიჭება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი და გადაეცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა.

53.3. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ამ კანონის 51 მუხლით.

    მუხლი 54. უარი საწარმოს რეგისტრაციაზე

54.1. საწარმოს (ინდივიდუალური საწარმოს გარდა) რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) განცხადება საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე არ შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლის 5.3 პუნქტში მითითებულ მონაცემებს;

ბ) განცხადება საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილია პარტნიორების ხელმოწერების გარეშე;

გ) არ არის წარმოდგენილი ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საწარმოს წარმომადგენლები გამოიყენებენ საქმიან ურთიერთობებში;

დ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის დამოწმებული სანოტარო წესით;

ე) საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას არ ერთვის საზოგადოების წესდება;

ვ) არაფულადი შესატანით საწარმოს დაფუძნებისას არ არის წარმოდგენილი შესატანის დადგენილი წესით შეფასების დამადასტურებელი საბუთი;

ზ) არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

თ) განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

54.2. კომანდიტურ საზოგადოებას რეგისტრაციაზე უარი (ამ მუხლის 54.1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა) შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე განცხადებაში არ არის მითითებული ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის ოდენობა;

ბ) არ არის წარმოდგენილი ყოველი კომანდიტის მიერ შესრულებული შესატანის დამადასტურებელი საბუთი.

54.3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივს რეგისტრაციაზე უარი (ამ მუხლის 54.1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა) შეიძლება ეთქვათ, თუ:

ა) მათ არ გააჩნიათ საწესდებო კაპიტალის კანონით დადგენილი ოდენობა;

ბ) არ არის წარმოდგენილი ყოველი პარტნიორის მიერ შესრულებული შესატანის დამადასტურებელი საბუთი;

გ) არ არის განსაზღვრული ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა და შესაბამისი წილი;

დ) არ არის მითითებული ყოველი დირექტორის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის ამ კანონით დადგენილი მონაცემები და არ არის წარმოდგენილი მათი დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

54.4. ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები განისაზღვრება ამ კანონის 51 მუხლით.

54.5. საგადასახადო ორგანოს უარი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე ან/და საზოგადოების რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

54.6. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია.

    მუხლი 55. ხარვეზის შევსების ვადა

55.1. თუ განცხადება არ შეესაბამება ამ კანონის მე-5 მუხლის 5.3 პუნქტის მოთხოვნებს ან/და არ ერთვის იმავე მუხლის 5.5 და 5.6 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, საგადასახადო ორგანო ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მისცემს მას 15-დღიან ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ ამ ვადაში განმცხადებელი შეავსებს ხარვეზს, საგადასახადო ორგანო ხარვეზის შევსებიდან 2 დღის განმავლობაში ატარებს საზოგადოებას რეგისტრაციაში. ხარვეზის შევსებისათვის ამ პუნქტში აღნიშნული ვადის განმეორებით მიცემა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში განცხადების შეტანის ვადა აითვლება თავიდან.

55.2. თუ საზოგადოების შექმნის მიზნით წარდგენილია არასწორი მონაცემები ან დაფუძნების ხარჯების გამო საზოგადოებას ზარალი მიადგა, მაშინ პარტნიორები, ისევე როგორც საზოგადოების დირექტორები, როგორც სოლიდარული მოვალეები, ვალდებული არიან გადაიხადონ შეუტანელი გადასახდელები, აანაზღაურონ დაფუძნების ხარჯების გადაუხდელობით გამოწვეული, აგრეთვე ამ დროს წარმოშობილი სხვა ზიანი.

    მუხლი 56. ცვლილებების და ლიკვიდაციის რეგისტრაცია

56.1. ამ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება ასევე საჭიროებს რეგისტრაციას.

56.2. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი რეგისტრაციის შემდეგ.

56.3. პარტნიორების შეცვლა სააქციო საზოგადოებებში არ მოითხოვს რეგისტრაციას.

56.4. ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება დირექტორს (დირექტორებს).

56.5. ლიკვიდაციის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია ამოშალოს საწარმო სამეწარმეო რეესტრიდან.

    მუხლი 57. რეგისტრაციის გაუქმება

57.1. თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზების გამოსწორებისათვის ეძლევა 3 თვის ვადა. თუ ხარვეზები ამ ვადაში არ იქნება გამოსწორებული, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს. ამისათვის საგადასახადო ორგანომ ან საზოგადოების ნებისმიერმა პარტნიორმა ხარვეზების გამოსასწორებლად დადგენილი 3-თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად. რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

57.2. რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) 9.6 და 9.7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9.6. ამ კანონის მე-9 მუხლის 9.1 პუნქტში დასახელებულ პირებს არა აქვთ უფლება პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე საქმიანობა, რასაც ეწევა საზოგადოება, ან მიიღონ მონაწილეობა მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორის ან დირექტორის სახით. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო საზოგადოებებსა და კოოპერატივებში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს დირექტორებს. ასეთ საქმიანობაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ მოუთხოვიათ (ინტერესთა კონფლიქტი).

თუ ამ კანონის მე-9 მუხლის 9.1 პუნქტში დასახელებული პირების მიერ ინტერესთა კონფლიქტის წესების დარღვევისას საზოგადოებას მიადგა ზიანი, დამრღვევი ვალდებულია დათმოს ამ საზოგადოებიდან გასამრჯელოს მიღების მოთხოვნის უფლება და აანაზღაუროს ზიანი. ამ პირების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს სააქციო საზოგადოებაში საწესდებო კაპიტალის 5%-ის მქონე აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს, ხოლო ყველა დანარჩენ საზოგადოებაში – თითოეულ პარტნიორს.

9.7. ამ კანონის მე-9 მუხლის 9.1 პუნქტში დასახელებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, წარმოშობილი ზიანისთვის სოლიდარულად აგებენ პასუხს საზოგადოების წინაშე. ზემოხსენებულმა პირებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ არ დაურღვევიათ თავისი მოვალეობა.

საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. ეს წესი არ მოქმედებს, თუ ამ კანონის მე-9 მუხლის 9.1 პუნქტში მითითებული პირი გადახდისუუნაროა ანდა ასეთზე საზოგადოება შეუთანხმდება თავის კრედიტორს. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

ამ კანონის მე-9 მუხლის 9.1 პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო.

საზოგადოების წესდებით ან პარტნიორთა ცალკე ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. შესაძლებელია ამ ვალდებულებისათვის გათვალისწინებული იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს წესდება ან პარტნიორთა ცალკე ხელშეკრულება.“;

ბ) 9.8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 9.81 პუნქტი:

„9.81. დირექტორებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ურთიერთობებზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი.“.

7. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტორული საქმიანობა

ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტორული საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

8. 45-ე მუხლის 45.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„45.1. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 200 ლარს.“.

9. 46-ე მუხლის:

ა) 46.8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„46.8. პარტნიორები, რომელთა წილი ერთად შეადგენს საწესდებო კაპიტალის მეათედს, უფლებამოსილი არიან მოითხოვონ კრების მოწვევა ამ კრების მიზნისა და საფუძვლების მითითებით. თუ ამ მოთხოვნას არ გამოეხმაურებიან ან უარს იტყვიან კრების მოწვევაზე, ან საერთოდ არ არსებობენ ის პირები, ვისთვისაც არის ეს მოთხოვნა გათვალისწინებული, მაშინ პარტნიორებს, საქმის გარემოებიდან გამომდინარე, შეუძლიათ თვითონ მოიწვიონ იგი. კრება გადაწყვეტს მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდის საკითხს.“;

ბ) 46.10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46.11 და 46.12 პუნქტები:

„46.11. საზოგადოების წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა ცალკე ხელშეკრულებით შესაძლებელია ამ კანონით დადგენილი წესისაგან განსხვავებულად ჩამოყალიბდეს პარტნიორთა წილიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები.

46.12. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დომინანტმა პარტნიორმა განზრახ გამოიყენა თავისი დომინანტური მდგომარეობა ამ საზოგადოების საზიანოდ, მან დანარჩენ პარტნიორებს უნდა გადაუხადოს შესაბამისი კომპენსაცია. დომინანტად ითვლება პარტნიორი ან ერთად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ პრაქტიკული შესაძლებლობა, გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინონ პარტნიორთა კრების კენჭისყრის შედეგზე.“.

10. 47-ე მუხლის:

ა) 47.3 პუნქტის:

ა.ა) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან სასამსახურო ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება;“;

ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) აირჩიოს აუდიტორი და სპეციალური კონტროლიორი (სააქციო საზოგადოების ანალოგიურად).“;

ბ) 47.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„47.7. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.“;

გ) 47.9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 47.10 პუნქტი:

„47.10. კრების თავჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს პარტნიორთა საერთო კრება.“.

11. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 48. სამეთვალყურეო საბჭო

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებაში შეიძლება გათვალისწინებული იყოს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის წესები სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შესახებ.“.

12. 52-ე მუხლის 52.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52.1. სააქციო საზოგადოება გასცემს ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციებს მხოლოდ სახელობითი ფორმით. ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ წესდებით ან/და ემისიის პროსპექტით გათვალისწინებულია განსხვავებული კლასის აქციათა გამოშვება. ერთი კლასის აქციათა მფლობელებს თანასწორი უფლებები აქვთ. ჩვეულებრივი აქციის მფლობელის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია დივიდენდების ან ლიკვიდირებული საზოგადოების ქონების განაწილებასთან, განხორციელდება მხოლოდ პრივილეგირებული აქციების მფლობელთა ანალოგიური უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ. დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება ბათილია.“.

13. 531 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აქციების გამოსყიდვა არ დაიშვება:

ა) თუ გამოსყიდვის შედეგად საზოგადოების საკუთარი კაპიტალი ამ კანონის 51-ე მუხლის 51.1 პუნქტით განსაზღვრულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალზე ნაკლები გახდება;

ბ) თუ აქციების გამოსყიდვისთვის გადასახდელი თანხა აღემატება საკუთარი კაპიტალის 25%-ს;

გ) საწესდებო კაპიტალის სრულად შევსებამდე;

დ) თუ გამოსყიდვის მომენტში საწარმო აკმაყოფილებს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის პირობებს, ან ასეთი პირობები შეიძლება წარმოიშვას აქციათა გამოსყიდვის შედეგად.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. გარდა ამ მუხლის პირველი–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული აქციონერთა მოთხოვნის საფუძველზე განხორციელებული გამოსყიდვისა, საზოგადოებას უფლება აქვს საფონდო ბაზარზე შეიძინოს და შემდგომში გაყიდოს საკუთარი აქციები (სახაზინო აქციები). სახაზინო აქციების რაოდენობა არც ერთ მომენტში არ უნდა აღემატებოდეს განთავსებული აქციების 25%-ს, თუ წესდებით უფრო მცირე ზღვარი არ არის გათვალისწინებული. ხმის დათვლის, დივიდენდის განაწილების, ლიკვიდაციის დროს და აქციების ფლობიდან გამომდინარე სხვა უფლებების რეალიზაციის მიზნებისთვის (შემთხვევებში) საზოგადოების მფლობელობაში არსებული სახაზინო აქციები მხედველობაში არ მიიღება. იგივე წესი ვრცელდება შვილობილი საწარმოს კუთვნილ აქციებზე.“.

14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 532 და 533 მუხლები:

     „მუხლი 532. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება

1. თუ აქციონერი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის მიზნებისთვის „მყიდველი“) შეიძენს აქციათა პაკეტს, რის შედეგადაც აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 1/2-ზე მეტს, იგი ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 45 დღისა ვალდებულია განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი აქციის სამართლიან ფასად გამოსყიდვის თაობაზე, ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებულ აქციათა რაოდენობა შესაბამის ზღვარზე დაბლა. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ:

ა) ამ მუხლის ამოქმედების მომენტში მყიდველს უკვე ეკუთვნოდა სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 1/2-ზე მეტი;

ბ) სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 1/2-ზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომელშიც ის ყველა დარჩენილი აქციის სამართლიან ფასად გამოსყიდვას სთავაზობდა სხვა აქციონერებს.

2. სამართლიანი ფასი უნდა დაადგინოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ან საბროკერო კომპანიამ, თუ ეს პროცედურა სპეციალურად არ არის განსაზღვრული საზოგადოების წესდებით. სამართლიანი ფასი არ უნდა იყოს ნაკლები იმ ყველაზე მაღალ ფასზე, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა აქციონერმა ბოლო 12 თვის განმავლობაში გადაიხადა ამ საზოგადოების აქციაში. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს გამოსყიდვის ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება გამოსყიდვის დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, გამოსასყიდ აქციათა სამართლიანი ფასის დასადგენად გამოყენებული მეთოდი და ამის საფუძველზე განსაზღვრული აქციათა ფასი. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. დამოუკიდებელი ექსპერტი ან საბროკერო კომპანია მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან მიაყენა აქციონერს გაყიდვის მომენტისთვის დაუდევრობით ან განზრახ არასწორი შეფასების შედეგად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატენდერო შეთავაზების დასრულებამდე მყიდველს არა აქვს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი, 50%-ზე მეტი ხმების საერთო კრებაზე გამოყენების უფლება.

    მუხლი 533. აქციათა სავალდებულო მიყიდვა

1. თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის „მყიდველს“) უფლება აქვს გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები ამ კანონის 532 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიან ფასად, ხოლო დანარჩენ აქციონერებს რჩებათ აქციათა სანაცვლოდ სამართლიანი ფასის მიღების უფლება. ამ მიზნით მყიდველი:

ა) ამ კანონის 54-ე მუხლის 54.2 პუნქტით გათვალისწინებულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა გამოსყიდვის გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. განცხადება უნდა მოიცავდეს:

ა.ა) ინფორმაციას გამოსყიდვის პირობებისა და პროცედურების შესახებ;

ა.ბ) რეესტრის მწარმოებელი პირის (ამ მუხლის მიზნებისთვის „რეგისტრატორის“) მისამართს, სადაც შესაძლებელია ამ კანონის 532 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ანგარიშის გაცნობა;

ა.გ) თარიღს, რომლის (სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი) მდგომარეობით არსებულ აქციათა ბენეფიციარ მესაკუთრეთაგან მოხდება მყიდველის მიერ აქციათა გამოსყიდვა („გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი“). განცხადების გამოქვეყნებიდან გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღამდე დარჩენილი უნდა იყოს სულ მცირე 10 დღე;

ბ) გამოქვეყნების დღეს წარუდგენს რეგისტრატორს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას და ამ კანონის 532 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ანგარიშს;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გამოსყიდვის რეესტრში აღრიცხულ ყველა აქციონერს დაზღვეული წერილით გაუგზავნის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას;

დ) ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვისთვის საჭირო თანხას განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი იმავდროულად გადასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გამოსყიდვის რეესტრს;

ე) განმეორებით აქვეყნებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას ამ კანონის 54-ე მუხლის 54.2 პუნქტით გათვალისწინებულ ბეჭდვით ორგანოში პირველი განცხადების გამოქვეყნებიდან არა უადრეს 30 და არა უგვიანეს 45 დღისა.

2. რეგისტრატორი გამოსყიდვის თარიღამდე არა უგვიანეს 5 დღისა ყველა ნომინალურ მფლობელს ატყობინებს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან გამოსყიდვის პროცედურის დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. ნომინალური მფლობელები გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან 7 დღის ვადაში მათთან რეგისტრირებულ ყველა აქციას აბრუნებენ ნომინალური მფლობელობიდან. რეგისტრატორი ადგენს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით ყველა რეგისტრირებული მფლობელის სიას, მათი ვინაობის, მისამართის და მათ მფლობელობაში არსებულ აქციათა ოდენობის მითითებით („გამოსყიდვის რეესტრს“) და მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განხორციელებულ ქმედებათა დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე განახორციელებს ყველა აქციის გადაფორმებას მყიდველის სახელზე. რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. აქციონერს, რომელიც არ არის თანახმა გაყიდოს თავისი აქციები დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის მიერ დადგენილ ფასად, გამოსყიდვის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან 90 დღის ვადაში შეუძლია მიმართოს სასამართლოს აქციათა განსხვავებული ფასის დადგენის მოთხოვნით. თუ სასამართლო დაადგენს უფრო მაღალ ფასს, ყველა დანარჩენი აქციის გამოსყიდვა ამ ფასად უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციათა გამოსყიდვა ხორციელდება დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის მიერ დადგენილ ფასად. თუ გამოსასყიდი აქციის მესაკუთრე აყოვნებს შესრულების მიღებას, ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მის მიმართ წარმოქმნილი ვალდებულება შეიძლება შეწყდეს დეპონირებით.

4. თუ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შემდეგ აქციათა რაოდენობა 50-ზე ნაკლები აღმოჩნდება, ასეთი საზოგადოება შეიძლება გარდაიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად კრედიტორთა სავალდებულო შეტყობინების გარეშე.“.

15. 54-ე მუხლის:

ა) 54.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54.1. ყოველწლიურად, წლიური ბალანსის შედგენიდან 2 თვის ვადაში ტარდება მორიგი საერთო კრება, რომელზედაც განიხილება წლიური შედეგები და დღის წესრიგის სხვა შესაძლო საკითხები. სხვა შემთხვევებში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს ან საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის (აქციონერების) მიერ ან ამ კანონის 53-ე მუხლის 53.3 პუნქტის 53.3.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, აქციონერების მოთხოვნით. სამეთვალყურეო საბჭო ადგენს საერთო კრების სააღრიცხვო დღეს, რომელიც არ შეიძლება იყოს კრების მოწვევამდე 45 დღეზე ადრე და კრების მოწვევის გამოცხადების თარიღზე გვიან. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისთვის.“;

ბ) 54.1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 54.11 პუნქტი:

„54.11. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, თუ საწესდებო კაპიტალის 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი მიიღებს გადაწყვეტილებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. ამ შემთხვევაში დანარჩენ აქციონერებს ეგზავნებათ შეტყობინება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. თუ ამ პუნქტში აღნიშნულ აქციათა ოდენობას ფლობს ერთ აქციონერზე მეტი, აქციონერთა საერთო კრების ჩატარება სავალდებულოა.“;

გ) 54.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54.2. საერთო კრება მოიწვევა საზოგადოების წიგნში შეტანილ უკანასკნელ იურიდიულ მისამართზე ან საქართველოს ტერიტორიის ნებისმიერ სხვა ადგილზე 20 დღის ვადაში დირექტორების მიერ ბეჭდვით ორგანოში გამოცხადებით ან აქციონერებისათვის მოსაწვევის გაგზავნით. მოწვევასთან ერთად უნდა გამოცხადდეს დღის წესრიგი და დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად; შესაძლო ცვლილებები საზოგადოების წესდებაში უნდა გამოცხადდეს იმავდროულად. სააქციო საზოგადოების საერთო კრების დღის წესრიგთან ერთად შესაძლოა გამოცხადდეს დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციები გადაწყვეტილების მისაღებად. კრების მოწვევის შეტყობინებას უნდა დაერთოს აგრეთვე იმ პროცედურის აღწერა, რომლის მიხედვითაც კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება.

საზოგადოების აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელებს საერთო კრებაზე მოსაწვევი ეგზავნებათ დაზღვეული წერილით. ანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაში საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია განსაზღვრავს, თუ 1%-ზე ნაკლები როგორი წილის მფლობელს უნდა გაეგზავნოს მოსაწვევი ფოსტით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია განსაზღვრავს აგრეთვე იმ ბეჭდვით ორგანოს, რომელშიც შეიძლება შეტყობინების გამოქვეყნება.“;

დ) 54.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54.4. საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნისას – მოადგილე, მოადგილის არყოფნისას კი – ერთ-ერთი დირექტორი. კრების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმს ადგენს ნოტარიუსი. მათი არყოფნისას კრების თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით ირჩევს საერთო კრება.“;

ე) 54.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54.6. საერთო კრება უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს საზოგადოების წესდება, მათ შორის, საწესდებო კაპიტალი, საფირმო სახელწოდება, შეიტანოს სხვა ცვლილებები საზოგადოების წესდებაში, გადაწყვიტოს მისი ლიკვიდაციის საკითხი;

ბ) მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის, გაყოფის ან გარდაქმნის შესახებ;

გ) მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება საწესდებო კაპიტალის მომატების დროს (59-ე მუხლი), აგრეთვე ამ კანონის 52-ე მუხლის 52.4 პუნქტის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისას;

დ) მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორების წინადადება მოგების გამოყენების შესახებ, ხოლო როცა ეს ორგანოები ვერ იძლევიან ერთიან წინადადებას, მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების გამოყენების შესახებ;

ე) აირჩიოს აქციონერთა წარმომადგენლობა სამეთვალყურეო საბჭოში ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან;

ვ) დაამტკიცოს დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;

ზ) გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი და დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ამ კანონის 54-ე მუხლის 54.6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შემუშავებული პრინციპები;

თ) აირჩიოს აუდიტორი და სპეციალური კონტროლიორი;

ი) მიიღოს გადაწყვეტილებები სამეთვალყურო საბჭოსა და დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, ამ პროცესისათვის წარმომადგენლის დანიშვნის ჩათვლით;

კ) მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების, გაცვლის (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ, რომელთა ღირებულება შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გარდა ისეთი გარიგებებისა, რომლებიც წარმოადგენს ჩვეულ საწარმოო საქმიანობას.

ყველა სხვა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო ან დირექტორი (დირექტორები).“.

16. 55-ე მუხლის:

ა) 55.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„55.1. სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 21 წევრისგან. საწესდებო კაპიტალის არანაკლებ 20%-ის მფლობელს (მფლობელებს) უფლება აქვს (აქვთ) სამეთვალყურეო საბჭოში ჰყავდეს (ჰყავდეთ) სულ მცირე 1 წარმომადგენელი, თუ ეს შესაძლებელია.“;

ბ) 55.1 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 55.11 და 55.12 ქვეპუნქტები:

„55.11. იმ საზოგადოებაში, სადაც სახელმწიფო წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 3 და არა უმეტეს 7 წევრის შემადგენლობით ირჩევს საერთო კრება.

55.12. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საზოგადოებაში სახელმწიფოს წარმომადგენელი სამეთვალყურეო საბჭოში შესაძლებელია იყოს საჯარო მოხელე. ასეთ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, რომლებიც იმავდროულად არიან საჯარო მოხელეები, მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ სათანადო ანაზღაურების გარეშე და მათი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობად.“;

გ) 55.2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„55.2. სამეთვალყურეო საბჭოს ყოველ წევრს საერთო კრება ირჩევს 1 წლის ვადით, თუ წესდებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უგრძელდება ვადის გასვლის შემდეგ მორიგი საერთო კრების მოწვევამდე. ვადამდე გადარჩევა შესაძლებელია საერთო კრების მიერ ნებისმიერ დროს. ყოველ წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს. თუ წევრის გასვლიდან 6 თვის განმავლობაში არ აირჩა სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი, მაშინ სასამართლოს, რომლის იურისდიქციის ტერიტორიაზედაც მდებარეობს საზოგადოება, შეუძლია ერთ-ერთი აქციონერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ან დირექტორის განაცხადით დანიშნოს ახალი წევრი, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

დ) 55.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„55.7. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე ნახევარი. თუ სამეთვალყურეო საბჭო არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, თავმჯდომარეს (მისი არყოფნისას – მის მოადგილეს) შეუძლია არა უგვიანეს 8 დღისა მოიწვიოს ახალი სხდომა, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 25%-ისა. თუ სამეთვალყურეო საბჭო კვლავ არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ სამეთვალყურეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება და თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მისი მოადგილე) იწვევს საერთო კრებას.“;

ე) 55.8 პუნქტის:

ე.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დირექტორების დანიშვნა და ნებისმიერ დროს გამოწვევა, ასევე მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა;“;

ე.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) იმ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფო ფლობს საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს, დირექტორების დანიშვნა და მათი გამოწვევა სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეუთანხმოს საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტის მფლობელ აქციონერს. სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება;“;

ვ) 55.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„55.9. მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი საქმიანობა:

ა) საწარმოთა 50%-ზე მეტი წილის შეძენა და გასხვისება;

ბ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;

გ) წლიური ბიუჯეტისა და გრძელვადიანი ვალდებულებების მიღება;

დ) სესხებისა და კრედიტების აღება, რომლებიც აღემატება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ ოდენობას;

ე) სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, თუ ისინი არ მიეკუთვნება ჩვეულებრივ სამეურნეო საქმიანობას. ამგვარი უზრუნველყოფა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და დირექტორების მიმართ დაუშვებელია;

ვ) ახალი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაწყება ან არსებული სახის საქმიანობის შეწყვეტა;

ზ) სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების დადგენა;

თ) სავაჭრო წარმომადგენლების (პროკურისტების) დანიშვნა და გამოწვევა;

ი) გადაწყვეტილების მიღება საზოგადოების აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვების შესახებ, თუ ამგვარი დაშვება საზოგადოებას აკისრებს კანონით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებს;

კ) ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და მსგავს ურთიერთობებში მონაწილეობის განსაზღვრა, მათი საპენსიო უზრუნველყოფის პრინციპების დადგენა და აქციონერთა კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენა;

ლ) საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების ან გაცვლის (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რომელთა ღირებულება შეადგენს საზოგადოების ქონების საბალანსო ღირებულების 10%-ს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს არ შეეხება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას;

მ) გადაწყვეტილების მიღება იმ საკითხზე, რომელიც კანონით არ განეკუთვნება საერთო კრებისა და დირექტორის კომპეტენციას.“;

ზ) 55.10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 55.11 პუნქტი:

„55.11. ამ მუხლის 55.9 პუნქტის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოს მიერ თანხმობის გაუცემლობის შესახებ ინფორმაცია შეტანილი უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების წლიურ ანგარიშში.“.

17. მე-60 მუხლის 60.2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 62-ე მუხლის:

ა) 62.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„62.1. ყოველ წევრს აქვს კოოპერატივიდან გასვლის უფლება ამის შესახებ განცხადების საფუძველზე. გასვლა დაიშვება მხოლოდ სამეურნეო წლის ბოლოს. გასვლის შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს წერილობით, გასვლამდე სულ ცოტა 3 თვით ადრე. წესდებით შეიძლება დადგინდეს უფრო ხანგრძლივი ვადა, მაგრამ არა უმეტეს 1 წლისა.“;

ბ) 62.4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

19. 63-ე მუხლის:

ა) 63.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„63.3. ყოველ წევრს აქვს თითო ხმა. წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა ცალკე ხელშეკრულებით შესაძლებელია დადგინდეს ხმათა განსხვავებული გადანაწილება.“;

ბ) 63.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„63.4. წევრს უფლება აქვს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს თავისი ხმის უფლება. არაქმედუნარიანი ან შეზღუდულქმედუნარიანი ფიზიკური პირების ხმის უფლებას, აგრეთვე იურიდიულ პირთა ხმის უფლებას ახორციელებს მათი კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი, ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობისა და კომანდიტურ საზოგადოებათა ხმის უფლებას ახორციელებს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. ფიზიკურ პირთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.“;

გ) 63.6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„63.6. საერთო კრებას იწვევს გამგეობა, თუ წესდებით ან კანონით სხვა პირებიც არ არიან საამისოდ უფლებამოსილი. საერთო კრება, გარდა წესდებითა და ამ კანონით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოწვეული უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც.“;

დ) 63.9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„63.9. საერთო კრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უნდა შედგეს ოქმი. იგი უნდა შეიცავდეს კრების ჩატარების ადგილსა და დღეს, კრების თავმჯდომარის სახელსა და გვარს, აგრეთვე მითითებას კენჭისყრის სახეობისა და შედეგების შესახებ და თავმჯდომარის დადგენილებას გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის მიმართ სხვა განცხადებების შესახებ.

ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები და ერთვის კრების მოწვევის მასალები. ყოველ წევრს უნდა მიეცეს უფლება, გაეცნოს საოქმო ჩანაწერს. ოქმი ინახება კოოპერატივში.“;

ე) 63.10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„63.10. საერთო კრება ამტკიცებს წლიურ ბალანსს. იგი იღებს გადაწყვეტილებას წლიური მოგების გამოყენების ან წლიური დანაკლისის დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გადაწყვეტილებას გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცების შესახებ. საერთო კრება უნდა ჩატარდეს სამეურნეო წლის დამთავრებიდან 3 თვის განმავლობაში.

წლიური ბალანსი, მდგომარეობის შესახებ მოხსენება და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენება კრების ჩატარებამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე უნდა გამოიკრას კოოპერატივის ოფისში ან გამგეობის მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილას, რათა წევრებს შეეძლოთ გაეცნონ მათ. ყოველ წევრს აქვს უფლება, საკუთარი ხარჯით მოითხოვოს წლიური ბალანსის, მდგომარეობის შესახებ მოხსენებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოხსენების ასლები.“;

ვ) 63.11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„63.11. მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ამასთანავე, გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული. ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში სხვა რამ არ იქნება მითითებული):

ა) პაის გაზრდა;

ბ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;

გ) დამატებით შესატანის გადახდის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება;

დ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;

ე) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება;

ვ) პაის დაყოფა;

წესდების იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევრის მოვალეობა კოოპერატივის მოწყობილობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების ანდა სამსახურის შემოღების შესახებ, საჭიროა ხმების 9/10-ის უმრავლესობა. წესდება შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფლის მიხედვით სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციამდე გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს.“.

20. 64-ე მუხლის 64.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„64.3. წარმომადგენელთა კრება შედგება სულ ცოტა 50 წარმომადგენლისაგან, რომლებსაც ირჩევენ კოოპერატივის წევრები. წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება, თავიანთი უფლებამოსილება სხვა პირებს გადასცენ.“.

21. 65-ე მუხლის 65.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„65.3. სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას თავისი საქმეების წარმოებაში მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით იღებს ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ. მას შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს გამგეობისაგან ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა შეამოწმოს წლიური ბალანსი, მდგომარეობის შესახებ ანგარიში და წინადადებები წლიური მოგების განაწილების შესახებ. შემოწმების შედეგები მან უნდა მოახსენოს საერთო კრებას წლიური ბალანსის დამტკიცებამდე.

სამეთვალყურეო საბჭომ კანონით დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს საერთო კრება.

სამეთვალყურეო საბჭოს სხვა ფუნქციები შეიძლება განისაზღვროს წესდებით. საბჭოს წევრებს არა აქვთ უფლება, თავიანთი ფუნქციების შესრულება გადააბარონ სხვა პირებს.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა საწარმოთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნორმებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საწარმოთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდეს და, შესაბამისად, საწარმოთა რეგისტრაცია საგადასახადო ორგანოებმა განახორციელონ 2005 წლის 1 სექტემბრიდან.

2. საერთო სასამართლოებმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა 2005 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ საზოგადოებების სამეწარმეო რეესტრისა და საარქივო მასალების საერთო სასამართლოებიდან საგადასახადო ორგანოებში გადატანა.

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 24 ივნისი.

№1781–რს