„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5993-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240000000.05.001.019863
5993-IIს
29/05/2020
ვებგვერდი, 10/06/2020
240000000.05.001.019863
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო. ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას კონკრეტულ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად.“.

2. მე-14 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით რეალიზაცია და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები უნდა განათავსოს სასამართლოს ან/და ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილმა საწარმომ – საწარმოს ანგარიშზე. სახელმწიფოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო უფლებამოსილია საწარმოს ანგარიშზე განთავსებული თანხები საწარმოს ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად გამოიყენოს. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს საწარმოს ქონების ნატურით გაყოფის გზით განაწილება, ისინი ვალდებული არიან საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან საწარმოს ქონების ნატურით გაყოფამდე საკუთარი ხარჯებით, ერთ-ერთი პარტნიორისათვის მიბარების გზით შეინარჩუნონ ქონება პირველადი სახით. სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხების ან მიბარებული ქონების პარტნიორთა შორის განაწილებამდე ამ თანხების ან ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრი ვალდებულებების ვადაზე ადრე შესრულება.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესს, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, − აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის ლიკვიდაციასა და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციაზე, რომლებიც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილმა შესაბამისმა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული იმ საწარმოს ლიკვიდაციის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 მაისი 2020 წ.

N5993-IIს