„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5285
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 27/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.000.000.05.001.003.014
  • Word
5285
11/07/2007
სსმ, 29, 27/07/2007
240.000.000.05.001.003.014
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 532 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ აქციონერი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ აქციონერთა ჯგუფი (ამ მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველი“) შეიძენს აქციათა პაკეტს, რის შედეგადაც აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 1/2-ზე მეტს, იგი ვალდებულია ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 45 დღისა განახორციელოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე, ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებულ აქციათა რაოდენობა 1/2-ზე ქვევით. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ:

ა) სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 1/2-ზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომელშიც ის ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვას სთავაზობდა სხვა აქციონერებს;

ბ) პირი აღნიშნულ აქციებს ფლობს სხვა პირის ან პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვალდებულება ეკისრება პირს ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 1/2-ზე მეტს.

2. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა დაადგინოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ. შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი უნდა იყოს იმ უმაღლესი ფასის ტოლი, რომელიც გამოსყიდვის განმახორციელებელმა აქციონერმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა ამ საზოგადოების აქციაში. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ან საბროკერო კომპანიამ უნდა შეადგინოს ანგარიში, რომელშიც მითითებული იქნება დოკუმენტურად დადასტურებული გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც შეთავაზებული გამოსასყიდი ფასი დადგინდა. დამოუკიდებელი ექსპერტის ან საბროკერო კომპანიის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი. იგი ასევე ვალდებულია მიაწოდოს თავის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია აქციების ყიდვის თაობაზე დამოუკიდებელ ექსპერტს ან საბროკერო კომპანიას. დამოუკიდებელი ექსპერტი ან საბროკერო კომპანია მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან მიაყენა აქციონერს გაყიდვის მომენტისთვის დაუდევრობით ან განზრახ არასწორი შეფასებით.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 534 მუხლი:

     „მუხლი 534. აქციათა სავალდებულო მიყიდვა

1. თუ აქციების შეძენის შედეგად აქციონერს საკუთრებაში აქვს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციათა 95%-ზე მეტი, მაშინ ამ აქციონერს (ამ მუხლის მიზნებისთვის – „მყიდველს“) უფლება აქვს, სამართლიან ფასად გამოისყიდოს სხვა აქციონერთა აქციები.

2. აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგენს სასამართლო აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებით.

3. მყიდველი სასამართლოსადმი მიმართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა ამ კანონის 54-ე მუხლის 54.2 პუნქტით გათვალისწინებულ ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს თავის განცხადებას აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გამოსყიდვის მიზეზების, პირობებისა და პროცედურების შესახებ.

4. რეესტრის მწარმოებელი პირი (ამ მუხლის მიზნებისთვის – „რეგისტრატორი“) სასამართლოს მიერ დადგენილ გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღამდე არა უგვიანეს 5 დღისა ყველა ნომინალურ მფლობელს ატყობინებს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს. გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღიდან აქციათა გამოსყიდვის პროცედურების დასრულებამდე წყდება ამ აქციებთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისა. რეგისტრატორი ადგენს გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღის მდგომარეობით ყველა რეგისტრირებული მფლობელის სიას, მათი ვინაობის, მისამართის და მათ მფლობელობაში არსებულ აქციათა ოდენობის მითითებით („გამოსყიდვის რეესტრს“) და მყიდველის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განხორციელებულ ქმედებათა დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე ყველა აქციას გადააფორმებს მყიდველის სახელზე. რეგისტრატორის ხარჯებს ანაზღაურებს მყიდველი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ბანკში, ცენტრალურ დეპოზიტართან ან საბროკერო კომპანიასთან, რომელსაც მყიდველი გადასცემს გამოსყიდვის რეესტრს.

5. თუ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შემდეგ აქციათა რაოდენობა 50-ზე ნაკლები აღმოჩნდება, სააქციო საზოგადოება შეიძლება გარდაიქმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად კრედიტორთათვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5285–რს