დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2979 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/04/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 10/05/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.140.000.05.001.004.007 |
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე (პარტნიორთა შეთანხმება (წესდება)).“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციის პირობები
1. საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება;
ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა;
გ) საწარმოს იურიდიული მისამართი;
დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;
ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები შპს-ის პარტნიორთა/კომანდიტთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
ვ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული;
ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – შპს-ის პარტნიორთა/კომანდიტთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებები;
თ) საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი;
ი) პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი;
კ) თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე;
ლ) სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია, – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ.
2. პარტნიორებს უფლება აქვთ, რეესტრში მიუთითონ სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი და მისი უფლებამოსილების ფარგლები, მათ შორის, იზღუდება თუ არა ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილ პირთა უფლებამოსილება, განახორციელონ სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.
3. სარეგისტრაციო განაცხადის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ ან იგი დადგენილი წესით დამოწმებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხელმოწერის დამოწმების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით.
4. თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები), სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ შესაბამისად საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით.
5. საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.
6. საწარმოს რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.
7. თუ საწარმოს საქმიანობა დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან, დისტრიბუციასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოების ობიექტებთან, სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში ამის მითითება სავალდებულოა. ასეთი საწარმოს საქმიანობის რეგისტრაციის დამატებითი პირობები განისაზღვრება ინსტრუქციით, ხოლო საფასური – „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
3. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია
1. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს) ან სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილ პირს. ეს ვალდებულება არ ზღუდავს პარტნიორების უფლებას, რეესტრში რეგისტრირებული გადაწყვეტილების მიღების წესის შესაბამისად უზრუნველყონ საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულის შესახებ პირდაპირ არის მითითებული სარეგისტრაციო განაცხადში.
2. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილებას ხელს აწერს საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ან სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ ცვლილებას წარადგენენ პარტნიორები, მას ხელი უნდა მოაწერონ პარტნიორებმა რეესტრში რეგისტრირებული გადაწყვეტილების მიღების წესის შესაბამისად და იგი დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით. სარეგისტრაციო განაცხადის ცვლილება იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
3. სააქციო საზოგადოებაში პარტნიორების (აქციონერების) და მათი წილობრივი მონაწილეობის ცვლილება არ მოითხოვს წესდებაში ცვლილებებს და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას.
4. რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება ასევე გულისხმობს ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყებისა და შეწყვეტის, ლიკვიდატორის, რეაბილიტაციის მმართველის ან გაკოტრების მმართველის შესახებ ინფორმაციის ასახვას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.“.
4. 53 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოთხოვნა რეგისტრაციის შესახებ ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს;“.
5. 54 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის/ცვლილების რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განცხადებას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. განცხადებაში უნდა მიეთითოს:
ა) განმცხადებლის სახელი;
ბ) ინფორმაცია საწარმოს ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ;
გ) განმცხადებლის პირადი ნომერი;
დ) განცხადების შევსების თარიღი;
ე) განმცხადებლის ხელმოწერა.“.
6. 56 მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული საფასურის გადახდის შემთხვევაში. ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა შეზღუდვის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.“.
8. მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
3. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.
9. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს), შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები).“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საწარმოს რეგისტრაციას აუქმებს მარეგისტრირებელი ორგანო საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე უფლებამოსილი პირის განცხადებისა და უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ საწარმოს გაკოტრების საქმის წარმოების/ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.“;
გ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) 102 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„102. თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მარეგისტრირებელი ორგანო გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ხარვეზის დადგენის შესახებ და საწარმოს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას, რის თაობაზედაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის გამოსწორებამდე რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება ჩერდება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არ გაიცემა.“;
ე) 104 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„104. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია მისი განცხადება, ასევე ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან ქმედუუნაროდ აღიარება. ასეთ შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს მხოლოდ გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ნებისმიერი პირის/ორგანოს მოთხოვნით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით.“;
ვ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. საწარმოს რეორგანიზაციისას სავალდებულოა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შედარების აქტის წარდგენა. თუ შედარების აქტიდან დგინდება საგადასახადო ორგანოს მიმართ საწარმოს დავალიანების არსებობა, ეს არის საწარმოს რეორგანიზაციაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უარის თქმის საფუძველი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საწარმოს რეორგანიზაციით არ მცირდება კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარი ან არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა დავალიანების მქონე საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ.“.
10. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საწარმოები და უცხო ქვეყნის საწარმოთა ფილიალები (მუდმივი დაწესებულებები), რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული არიან, როგორც გადასახადის გადამხდელები, მაგრამ რომლებსაც არა აქვთ გავლილი სახელმწიფო რეგისტრაცია საგადასახადო აღრიცხვის დროისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითვლებიან რეგისტრირებულად და ვალდებული არიან სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეუსაბამონ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მათზე ვრცელდება ამ კანონის მე-14 მუხლის 102 პუნქტით დადგენილი წესები.“.
მუხლი 2
1. კომანდიტური საზოგადოება და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, რომლებმაც განახორციელეს კომანდიტური საზოგადოების მონაცემებში წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაცია, ვალდებული არიან აღნიშნული მონაცემები ამ კანონის პირველი მუხლის ამოქმედებიდან 15 დღის ვადაში გადასცენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. კომანდიტურ საზოგადოებას და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა გადაუცემლობით გამოწვეული ზიანისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა გადაცემა არ ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ცვლილების რეგისტრაციად და მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 27 აპრილი.
№2979–Iს
დოკუმენტის კომენტარები