„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1974
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 19/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.001.003.717
  • Word
1974
03/11/2009
სსმ, 35, 19/11/2009
240.140.000.05.001.003.717
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა; სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო წარმოებები შეიძლება არსებობდეს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით, თუ მოხდება მათი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია. რეგისტრაცია სავალდებულოა, თუ წარმოებაში მუდმივად დასაქმებულია მფლობელის ოჯახის არაწევრი ხუთი პირი მაინც.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. მეწარმე სუბიექტები და მათი დაფუძნება

1. მეწარმე სუბიექტები არიან: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი.

2. ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ამ კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. თუ რეგისტრაციამდე მეწარმე სუბიექტის სახელით რაიმე მოქმედება შესრულდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და საწარმოს დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც.

3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება და კოოპერატივი არიან იურიდიული პირის სტატუსის მქონე საწარმოები (კომპანიები). ამ კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი.“.

3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-4–51 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 4. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია

1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა.

2. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).

3. მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.

4. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია ხორციელდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით, რომელზე გაგზავნის შემდეგაც წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად) (იურიდიული მისამართი).

5. საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. 2010 წლის 1 იანვრიდან ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.

7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია).

    მუხლი 5. საწარმოს რეგისტრაციის პირობები

1. დაინტერესებული პირი საწარმოს რეგისტრაციის შესახებ განცხადებას წარუდგენს მარეგის-ტრირებელ ორგანოს.

2. საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული წესდება (პარტნიორთა შეთანხმება), რომელშიც სავალდებულო წესით უნდა მიეთითოს:

ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება;

ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა;

გ) საწარმოს იურიდიული მისამართი;

დ) საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;

ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ და წილებისა და მოგების პარტნიორთა შორის განაწილების წესი;

ვ) ყველა იმ შეზღუდვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შეეხება წარმო-მადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;

ზ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – აღნიშვნა, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული.

3. საწარმოს რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო განცხადებასთან, წესდებასთან (პარტნიორთა შეთანხმებასთან) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტი, რომელშიც მიეთითება საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი. თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს, უნდა მიეთითოს, ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე. დოკუმენტს ხელს აწერენ საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები, რაც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო, თუ საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ. რეგისტრაციისათვის ასევე წარდგენილი უნდა იქნეს ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში (ნიმუშები), რომელსაც ის სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენებს. ხელმოწერის ნიმუში უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან ხელმოწერა უნდა შესრულდეს მარეგისტრირებელ ორგანოში.

4. თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ შესაბამისად საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით.

5. საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.

6. რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.

    მუხლი 51. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების რეგისტრაცია

1. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს). ეს ვალდებულება არ ზღუდავს პარტნიორის (პარტნიორების) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან სხვა დაინტერესებული პირების უფლებამოსილებას, უზრუნველყონ ცვლილების რეგისტრაცია.

2. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული წესდება (პარტნიორთა შეთანხმება) ცვლილების გათვალისწინებით. საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ მონაცემების ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს მარეგისტრირებელ ორგანოში. საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის საწარმოს წესდების წარდგენა სავალდებულო არ არის.

3. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილება ძალაშია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.“.

5. 52 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 53 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არ არის გადახდილი მომსახურების საფასური.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მარეგისტრი-რებელი ორგანო განმცხადებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აძლევს 30-დღიან ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ აღმოიფხვრება, მარეგის-ტრირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.“;

გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება სარეგის-ტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, გარდა მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა.

3. მარეგისტრირებელი ორგანოს უარი საწარმოს რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციაზე უარის თქმის მიმართ.“.

7. 54 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია

1. ფიზიკური პირი ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განცხადებას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) განმცხადებლის სახელი;

ბ) განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მისამართი;

გ) განმცხადებლის პირადი ნომერი;

დ) განცხადების შევსების თარიღი;

ე) განმცხადებლის ხელმოწერა.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციისას მან უნდა წარადგინოს სარეგისტრაციო განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილის ეკვივალენტურ მონაცემებს.

3. სარეგისტრაციო განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო განცხადების ფორმა ან მისი ასლი ნებისმიერ მატარებელზე.“.

8. 55 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 56 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 56. ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების რეგისტრაცია

1. ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის სახელს;

ბ) განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მი-სამართს;

გ) განცხადების შევსების თარიღს;

დ) განმცხადებლის ხელმოწერას.

2. ინდივიდუალური მეწარმის სარეგისტრაციო მონაცემთა ცვლილება ძალაშია მარეგისტრირებელ ორგანოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.“.

10. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს „სპს“-ის დამატებით. კომანდიტური საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი სრული პარტნიორის სახელს „კს“-ის დამატებით. თუ სპს-ში ან კს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები, მისი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას ამ მუხლში აღნიშნული შესაბამისი დამატებით.“.

11. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საჯაროობა

1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს ამონაწერი რეესტრიდან. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, პირის მოთხოვნისთანავე.

2. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.“.

12. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები მეწარმე სუბიექტები არიან მესამე პირთან სამართლებრივ ურთიერთობაში, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წარმომადგენლობის სახე და წესი (ინფორმაცია უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ) აღინიშნება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. რეესტრში მითითებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირთან ურთიერთობაში არ შეიძლება შეიზღუდოს.“.

13. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი (პროკურისტი) რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. პროკურა იძლევა უფლებამოსილებას, სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან. მიწის ნაკვეთის გასხვისების ან ვალდებულებებით დატვირთვის უფლებამოსილება პროკურისტს აქვს მხოლოდ მაშინ, როცა მას ეს უფლებამოსილება სპეციალურად მიეცემა. პროკურის მოცულობის შეზღუდვა ბათილია მესამე პირისათვის. ეს წესი შეეხება, კერძოდ, შეზღუდვას, რომ პროკურა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ განსაზღვრული გარიგებებისა და გარიგებათა განსაზღვრული სახეებისათვის, ან მხოლოდ გარკვეულ გარემოებათა არსებობისას, ან განსაზღვრული დროისათვის, ანდა ცალკეულ ადგილში. პროკურის შემოფარგვლას ერთი ან რამდენიმე ფილიალით მხოლოდ მაშინ აქვს ძალა მესამე პირისათვის, თუ ფილიალები იმართება სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით. ამ წესის თანახმად, საფირმო სახელწოდებათა განსხვავებულობა იმითაც გამოისახება, რომ „ფილიალს“ დაერთვება დამატება, რომელშიც აღინიშნება ფილიალის საფირმო სახელწოდება.“.

14. მე-14 მუხლის:

ა) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან, რის თაობაზედაც მარეგისტრირებელი ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს საგადასახადო ორგანოს.

4. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად მარეგის-ტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია, სადაც მიეთითება საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციისთანავე საწარმოს პარტნიორებმა საწარმოს ყველა ცნობილ კრედიტორს უნდა გაუგზავნონ წერილობითი შეტყობინება ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს კრედიტორთა დაკმაყოფილების ვადები. საწარმოს ქონების რეალიზაციის დაწყებამდე საწარმო (ლიკვიდატორი) ვალდებულია ნებისმიერ პირს მოთხოვნისთანავე მიაწოდოს საწარმოს ცნობილ კრედიტორთა დაზუსტებული სია. საწარმოს შეუძლია აღნიშნული დაზუსტებული სია გამოაქვეყნოს პერიოდულ გამოცემაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებაში.

5. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 90-ე დღისა საწარმომ (ლიკვიდატორმა) უნდა დაიწყოს ამ საწარმოს ქონების რეალიზაცია საბაზრო ფასით ან აუქციონის წესით და ამგვარი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები განათავსოს სასამართლოს ან ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. თუ პარტნიორებმა გადაწყვიტეს ქონების ნატურით გაყოფის გზით განაწილება, ისინი ვალდებული არიან ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ნატურით გაყოფამდე საკუთარი ხარჯებით შეინარჩუნონ ქონება პირველადი სახით ერთ-ერთი პარტნიორისათვის მიბარების გზით. დეპოზიტზე განთავსებული თანხების ან მიბარებული ქონების პარტნიორთა შორის განაწილებამდე აღნიშნული თანხების ან ქონების განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ კრედიტორთა დაკმაყოფილების მიზნით. ლიკვიდაციის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ლიკვიდაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან, საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრ ვალდებულებათა ვადაზე ადრე შესრულება.“;

ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საწარმოს ლიკვიდაციის რეგისტრაციას და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი პირის მიერ საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე განცხადებისა და საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის საფუძველზე.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. აღნიშნული 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

ე) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101–104 პუნქტები:

„101. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი უნდა დასრულდეს საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 4 თვისა.

102. თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას, მარეგისტრირებელი ორგანო ხარვეზის გამოსასწორებლად აძლევს ხარვეზის აღმოჩენიდან 30-დღიან ვადას, რის თაობაზედაც მიეთითება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ხარვეზის გამოსწორების ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში აისახება შენიშვნა საწარმოსათვის ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ.

103. თუ ამ მუხლის 102 პუნქტით განსაზღვრული ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოსწორდა ან შეუძლებელია მისი გამოსწორება, მარეგისტრირებელი ორგანო მიმართავს სასამართლოს რეგისტრირებული საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-3–მე-6 და მე-8 პუნქტებით დადგენილ პროცედურებს.

104. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადება ან ქმედუუნაროდ აღიარება. ასეთ შემთხვევაში რეგისტრაცია წარმოებს მხოლოდ გარდაცვალების ან გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ნებისმიერი პირის/ორგანოს მოთხოვნით ან მარეგისტრირებელი ორგანოს ინიციატივით.“;

ვ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. პარტნიორთა მიერ მიღებულ საწარმოს რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რეგისტრაციისა და შეტყობინების წესები. სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას, რომლის დროსაც საწარმოს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება ამ პუნქტში აღნიშნული გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები, ხოლო კრედიტორებს არ წარმოეშობათ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ მიიჩნევა კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარის შემცირებად.

15. შეტყობინების მიღებიდან რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე კრედიტორები უფლებამოსილი არიან, საწარმოს მოსთხოვონ ნაკისრ ვალდებულებათა ვადაზე ადრე შესრულება.“;

ზ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16–მე-19 პუნქტები:

„16. საწარმოს რეორგანიზაცია არის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის საფუძველი.

17. საწარმოების გაერთიანებისა და დაყოფის რეგისტრაცია ხორციელდება საწარმოს რეგისტრაციისათვის ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით.

18. საწარმოს რეორგანიზაციისას სავალდებულოა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შედარების აქტის წარდგენა. თუ შედარების აქტიდან დგინდება საგადასახადო ორგანოს მიმართ საწარმოს დავალიანების არსებობა, ეს არის საწარმოს რეორგანიზაციაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უარის თქმის საფუძველი.

19. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესი წყდება.“.

15. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოს შეუძლია დააარსოს ფილიალი, რომელიც არ არის იურიდიული პირი. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს ფილიალი რეგისტრაციას არ ექვემდებარება.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტების წარდგენისთანავე მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალი (მუდმივი დაწესებულება) გაატაროს რეგისტრაციაში.“.

16. მე-19–192 მუხლები ამოღებულ იქნეს.

17. 47-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

19. 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კოოპერატივის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს სამეურნეო წლის განმავლობაშიც თავისი პაი წერილობითი შეთანხმებით გადასცეს სხვა პირს და ამით გამოვიდეს კოოპერატივიდან საბოლოო ანგარიშსწორების გარეშე, თუ პრეტენდენტი მის მაგივრად ხდება ან უკვე არის კოოპერატივის წევრი. წესდება (პარტნიორთა შეთანხმება) შეიძლება კრძალავდეს ან დამატებით პირობებს უდგენდეს ამგვარ გადაცემას. გამგეობამ ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

პაის გადაცემა დაუყოვნებლივ უნდა იქნეს სიაში შეტანილი გამსხვისებელ წევრთან. გასვლის თარიღად ითვლება რეგისტრაციის დღე.“.

20. 63-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. მხოლოდ საერთო კრებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) ცვლილებების შეტანის თაობაზე, ამასთანავე, გადაწყვეტილება სანოტარო წესით უნდა დამოწმდეს. ქვემოთ მოცემული ცვლილებების შესატანად საჭიროა კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობა (თუ წესდებაში (პარტნიორთა შეთანხმებაში) სხვა რამ არ არის მითითებული):

ა) პაის გაზრდა;

ბ) რამდენიმე სავალდებულო პაით მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;

გ) დამატებითი შესატანის შეტანის მოვალეობის შემოღება ან გაფართოება;

დ) რეზერვებში გამსვლელ წევრთა მონაწილეობის შემოღება ან გაფართოება;

ე) რამდენიმე ხმის უფლების დაწესება ან გაფართოება;

ვ) პაის დაყოფა;

წესდების (პარტნიორთა შეთანხმების) იმ ცვლილებისათვის, რომლითაც შემოღებული ან გაფართოებულია წევრის მოვალეობა კოოპერატივის მოწყობილობების ან სხვა საქმიანობის გამოყენების ანდა სამსახურის შემოღების შესახებ, საჭიროა ხმების 9/10-ის უმრავლესობა. წესდება (პარტნიორთა შეთანხმება) შეიძლება სხვა მოთხოვნებსაც ითვალისწინებდეს. კოოპერატივის ადგილსამყოფლის მიხედვით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციამდე გადაწყვეტილებას ძალა არა აქვს.“.

    მუხლი 2

1. 2010 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სამეწარმეო რეესტრის და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრისა და მასთან დაცული შესაბამისი მონაცემების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.

2. ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2010 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ მათთან არსებული მონაცემთა ბაზების ერთმანეთისათვის ხელმისაწვდომობა.

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და დამოუკიდებელი რეგისტრატორი, რომლებმაც განახორციელეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მონაცემებში წილობრივი მონაწილეობის ცვლილების რეგისტრაცია, ვალდებული არიან ეს მონაცემები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადასცენ 2009 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო 2009 წლის 1 დეკემბრის შემდეგ რეგისტრირებული მონაცემები – 2010 წლის 1 იანვრამდე (ქრონოლოგიური თანამიმდევრობით). შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას და დამოუკიდებელ რეგისტრატორს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა წარუდგენლობით გამოწვეული ზიანისათვის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა წარდგენა არ ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ცვლილების რეგისტრაციად და მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.

5. 2010 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სამეწარმეო ამხანაგობის წევრებმა 2011 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყონ სამეწარმეო ამხანაგობის ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმით. ხელახალ რეგისტრაციამდე სამეწარმეო ამხანაგობის მიმართ გამოიყენება ამ კანონის 2010 წლის 1 იანვრამდე არსებული ნორმები.

6. თუ სამეწარმეო ამხანაგობა არ გაივლის ხელახალ რეგისტრაციას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით, მარეგისტრირებელი ორგანო მიმართავს სასამართლოს სამეწარმეო ამხანაგობის ლიკვიდაციის მიზნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 103 პუნქტით დადგენილი წესით.

7. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქარ-თველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება.

    მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-5–მე-6 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის მე-5–მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 3 ნოემბერი.

№1974–IIს