საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • Word
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 1047
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 22/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.000.976
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1047
02/08/2001
სსმ, 25, 22/08/2001
010.190.020.04.001.000.976
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/04/2002 - 05/08/2003)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ზოგადი ნაწილი

კარი I

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, არჩევნებში მონაწილეთaა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

    მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ეს კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები და საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არჩევნები – საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევნები;

ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;

გ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების, გამგებლებისა და მერების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;

დ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;

ე) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრები, გამგებელი და მერი;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, არჩეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტად, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად, გამგებლად და მერად;

ზ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;

თ) საარჩევნო სუბიექტი – საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატი, გამგებლობის ან მერობის კანდიდატი, პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ;

ი) საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;

კ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ;

ლ) საარჩევნო ბლოკი – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება;

მ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

ნ) წინასაარჩევნო აგიტაცია – საქართველოს მოქალაქეებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ;

ო) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

პ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;

ჟ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

რ) გამგებლობის კანდიდატი – გამგებლის არჩევნებში პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ს) მერობის კანდიდატი – მერის არჩევნებში პარტიის (საარჩევნო ბლოკის) ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ტ) საერთო არჩევნები – კენჭისყრა, რომელიც იმართება საქართველოს კონსტიტუციით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილ დღეს;

უ) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც ტარდება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში;

ფ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც ტარდება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, გამგებლისა და მერის აურჩევლობის, აგრეთვე საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში;

ქ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომლებიც ტარდება საქართველოს პრეზიდენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში;

ღ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

ყ) ხელახალი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც იმართება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ვერცერთმა პარტიამ, საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო ამომრჩეველთა ხმების დადგენილი რაოდენობა;

შ) არჩევნების მეორე ტური – არჩევნების პირველ ტურში კანდიდატის მიერ ამომრჩეველთა ხმების დადგენილი რაოდენობის მიუღებლობის შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნული არჩევნები;

ჩ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შემოსული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, ხმის მიცემის უფლების მოწმობები, საკონტროლო ფურცლები, რეგისტრაციის ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათი და სხვა დოკუმენტაცია;

ც) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო – სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, საკრებულო.

    მუხლი 4. არჩევნების ძირითადი პრინციპები

საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

    მუხლი 5. საყოველთაო საარჩევნო უფლება

1. საქართველოში არჩევნები საყოველთაოა.

2. აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, განათლებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა.

3. საარჩევნო უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელთა აღსრულების დაწესებულებაში.

    მუხლი 6. თანასწორი საარჩევნო უფლება

1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.

2. ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყოველ ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს.

    მუხლი 7. პირდაპირი საარჩევნო უფლება

1. საქართველოში არჩევნები პირდაპირია.

2. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებს, გამგებელსა და მერს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.

    მუხლი 8. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა

1. საქართველოში არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.

2. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

თავი II

ამომრჩეველთა რეგისტრაცია

    მუხლი 9. ამომრჩეველთა ძირითადი სია

1. ამომრჩეველთა ძირითად სიებს საარჩევნო უბნების მიხედვით ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

2. ამომრჩეველთა ძირითად სიაში შეჰყავთ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც სიის შედგენის მომენტისათვის რეგისტრირებულია შესაბამისი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე.

3. ამომრჩეველი შეჰყავთ ამომრჩეველთა მხოლოდ ერთ სიაში.

4. ამომრჩეველთა ძირითადი სია დგება 3 ცალად. სიის თითოეულ გვერდს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. სიის 2 ცალი ეგზავნება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს 35 დღისა, ხოლო 1 – რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში.

5. ამომრჩეველთა ძირითადი სიები დგება:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში არსებულ, ქალაქის (რაიონის) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც კენჭისყრის დღისათვის უსრულდებათ 18 წელი;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოებში არსებულ, გარდაცვლილ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე;

დ) საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან;

ე) გემის კაპიტნის მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში იმყოფებიან.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელები ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებს საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემენ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა, ხოლო „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირები და დაწესებულებების ხელმძღვანელები – კენჭისყრამდე არა უგვიანეს 7 დღისა. ასეთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 საათისა შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცეს აღნიშნული სია.

    მუხლი 10. ამომრჩეველთა დამატებითი სია

1. ამომრჩეველთა დამატებით სიაში შეჰყავთ:

ა) ამომრჩეველი – ხმის მიცემის უფლების მოწმობის წარდგენის საფუძველზე;

ბ) კენჭისყრის დღეს საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლები;

გ) წინასწარ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები;

დ) სამხედრო ნაწილებში მყოფი ამომრჩევლები;

ე) დევნილის სტატუსის მქონე ამომრჩევლები.

2. ამომრჩეველი, რომელიც შეყვანილი არ არის ამომრჩეველთა სიაში, კენჭისყრის დღეს შეჰყავთ ამომრჩეველთა დამატებით სიაში საქართველოს მოქალაქის პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობების წარდგენის საფუძველზე.

3. ამომრჩეველთა დამატებით სიებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მისი ადგილობრივი დაწესებულებების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;

ბ) სამხედრო ნაწილების მეთაურთა მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;

გ) საავადმყოფოებისა და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც კენჭისყრის დღეს ასეთ დაწესებულებებში იმყოფებიან;

დ) იმ დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიერ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, სადაც ამომრჩევლები კენჭისყრის დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

4. საოლქო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელები გადასცემენ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა, ხოლო „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული პირები და დაწესებულებათა ხელმძღვანელები – კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა. ასეთ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 საათისა შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცეს აღნიშნული სია.

5. იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) საარჩევნო სიებში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები – სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით, ხოლო კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი ამომრჩევლები – გემის მიწერის ნავსადგურის მიხედვით.

    მუხლი 11. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია

1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ძირითადი და დამატებითი სიების საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, ან თუ იგი იმყოფება:

ა) ძნელად მისადგომ ადგილებში;

ბ) იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც არ იქმნება საარჩევნო უბანი;

გ) საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში;

დ) წინასწარ პატიმრობაში.

2. ამომრჩევლის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში გადაყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა ძირითად ან შესაბამის დამატებით სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით.

    მუხლი 12. ხმის მიცემის უფლების მოწმობა

1. თუ ამომრჩეველი ხმას არ აძლევს იმ საარჩევნო უბანში, რომლის ტერიტორიაზეც იგი რეგისტრირებულია, ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნებიდან კენჭისყრის წინა დღის 18 საათამდე ადგილსამყოფლის შეცვლის გამო საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩევლის მიერ წერილობითი განცხადების, საქართველოს მოქალაქის პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობების წარდგენის საფუძველზე გადასცემს მას ხმის მიცემის უფლების მოწმობას, რის შემდეგაც ამომრჩეველი ამოღებული იქნება ამომრჩეველთა სიიდან.

2. ხმის მიცემის უფლების მოწმობის გაცემას/მიღებას და ამომრჩეველთა სიიდან ამოღებას ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი წევრი სიაში ხელმოწერით ადასტურებენ. ამასთან, კომისიის აღნიშნული წევრი მიუთითებს, რომ ამომრჩეველზე გაცემულია ხმის მიცემის უფლების მოწმობა. სიაში შეიტანება ამომრჩევლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები.

3. ამომრჩეველი ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე მონაწილეობს:

ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე;

ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, თუ იგი ხმას აძლევს სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

    მუხლი 13. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის ამ კანონით განსაზღვრული პროცედურა.

2. სასამართლოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საჩივრების დაკმაყოფილების შემთხვევაში საბოლოო სიები ქვეყნდება (იკვრება) კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა.

    მუხლი 14. ამომრჩევლის ბარათი

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:

ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;

ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;

გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;

დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები.

2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველს.

თავი III

საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

    მუხლი 15. საარჩევნო ოლქები

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 85 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, მათ შორის, 10 – ქალაქ თბილისში, ხოლო 75 – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის შესაქმნელი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების რაოდენობას განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

3. ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის იქმნება ერთი საარჩევნო ოლქი.

4. ქალაქებში – ბათუმში, რუსთავში, სოხუმში, ქუთაისსა და ცხინვალში ქალაქის მერის არჩევნებისათვის იქმნება თითო-თითო საარჩევნო ოლქი.

5. გამგებლის არჩევნებისათვის შესაქმნელი საარჩევნო ოლქების რაოდენობას განკარგულებით განსაზღვრავს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

6. საარჩევნო ოლქები იქმნება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 58 დღისა, ხოლო მათი სია ქვეყნდება საარჩევნო ოლქების შექმნიდან 3 დღის ვადაში.

    მუხლი 16. საარჩევნო უბნები

1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 2000 ამომრჩევლისათვის, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა.

3. გამონაკლის შემთხვევაში (ძნელად მისადგომი ადგილები, სამხედრო ნაწილები, კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი გემები და სხვა) საარჩევნო უბანი იქმნება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 5 დღისა.

4. საარჩევნო უბნებს ქმნიან და შექმნილი უბნების საზღვრებს აზუსტებენ საოლქო საარჩევნო კომისიები რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე.

5. კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე, აგრეთვე სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად გემის მიწერის ნავსადგურისა და სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

6. საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებში საარჩევნო უბნები იქმნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. ამავე განკარგულებით ცენტრალური საარჩევნო კომისია წყვეტს ამ უბნების საარჩევნო ოლქისთვის მიკუთვნების საკითხს.

7. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის შექმნიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს.

თავი IV

საარჩევნო ადმინისტრაცია

    მუხლი 17. საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემა

1. არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება შემდეგი საარჩევნო კომისიები:

ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიები.

2. საარჩევნო კომისიები წარმოადგენენ საარჩევნო ადმინისტრაციის ცენტრალიზებულ სისტემას.

    მუხლი 18. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

1. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

2. საარჩევნო კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები არიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არიან სახელმწიფო მოხელეები.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის აპარატის შტატგარეშე მოსამსახურეები.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელი, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურისა, არის სახელმწიფო მოხელე.

6. საარჩევნო კომისიაში შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) მხოლოდ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, გარდა:

ა) პირისა, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებული არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის გათავისუფლებულ იქნა კომისიის წევრობისგან საქართველოს ცენტრალური ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ;

გ) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულ იქნა სასამართლოს მიერ;

დ) საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანოთა წევრებისა;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

თ) მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისა;

ი) პროკურატურის თანამშრომლებისა (გარდა ტექნიკური და დამხმარე პერსონალისა);

კ) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლებისა;

ლ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.

7. ამ კანონით დადგენილი წესით საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის (არჩევის) უფლება აქვს:

ა) საქართველოს პარლამენტს;

ბ) ზემდგომ საარჩევნო კომისიას;

გ) იმ პარტიას (საარჩევნო ბლოკს), რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 7% - იანი ბარიერი;

დ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე 5 პარტიას (საარჩევნო ბლოკს);

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს, ხოლო რაიონში – ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – რაიონის საკრებულოს.

    მუხლი 19. საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი

1. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.

2. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია აღნიშნულის თაობაზე მიუთითოს ხელმოწერის გასწვრივ და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.

    მუხლი 20. საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა

1. საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მისი დანიშვნის (არჩევის) დღიდან და მთავრდება კომისიის ახალი შემადგენლობის პირველი შეკრებისთანავე.

2. საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ინიშნება (ირჩევა) 4 წლის ვადით.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მისი დანიშვნის (არჩევის) დღიდან და მთავრდება კომისიის უფლებამოსილების ამოწურვისთანავე.

4. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის (ვადამდე შეწყვეტის) შემთხვევაში ახალი წევრი ინიშნება (ირჩევა) 10 დღის ვადაში.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის (ვადამდე შეწყვეტის) შემთხვევაში ახალ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი უახლოეს სხდომაზე.

    მუხლი 21. საარჩევნო კომისიის წევრის შეცვლის საფუძვლები და წესი

1. საარჩევნო კომისიის წევრის შეცვლის საფუძველია მისი უფლებამოსილების:

ა) ვადის გასვლა;

ბ) ვადამდე შეწყვეტა.

2. საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობისას;

დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ე) კომისიის ზედიზედ 3 სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას;

ვ) გარდაცვალებისას;

ზ) კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავებისას;

თ) საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის ზემდგომი საარჩევნო კომისიის ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის წევრობისგან გათავისუფლებისას;

ი) დამნიშნავი პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ გამოწვევისას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება ავტომატურად წყდება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის განცხადება უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წარედგინება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა – ზემდგომ საარჩევნო კომისიას და უნდა დაკმაყოფილდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღისა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან კომისიის მდივნის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე წარედგინება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან კომისიის მდივნისა – შესაბამის საარჩევნო კომისიას და უნდა დაკმაყოფილდეს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში.

5. დაუშვებელია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შეცვლა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 7 დღისა, გარდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევისა.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი კომისია განკარგულებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 22. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს ირჩევს შესაბამისი კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. საარჩევნო კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მოთხოვნით მოიწვევა რიგგარეშე სხდომა.

5. სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.

6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

7. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

8. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

9. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

10. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

11. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 2 დღის ვადაში.

12. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთან, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგენილებას იღებს სიითი შემადგენლობის 2/3-ით. დაუშვებელია დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა.

14. საარჩევნო კომისია განკარგულებას იღებს სხდომაზე კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

15. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

16. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის (მომჩივნისთვის) გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას (საჩივარს) და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

17. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება (საჩივარი), თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი.

    მუხლი 23. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ხელფასი.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

    მუხლი 24. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შრომის ანაზღაურება

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნება ხელფასი.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, ბუღალტერსა და იურისტს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში, ხოლო კომისიის სხვა წევრებს – შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ბოლო 15 დღის განმავლობაში არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან ენიშნებათ ხელფასი.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების მთელი დროის განმავლობაში, ხოლო კომისიის სხვა წევრებს – შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ბოლო 15 დღის განმავლობაში არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრებიდან ენიშნებათ ხელფასი.

4. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

5. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არასამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ოდენობით.

    მუხლი 25. საარჩევნო კომისიებისა და მათი თავმჯდომარეების სამართლებრივი აქტები

1. საარჩევნო კომისიებისა და მათი თავმჯდომარეების სამართლებრივი აქტებია:

ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება და განკარგულება;

ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება;

ვ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ხოლო ცენტრალური, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება – ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებას, აგრეთვე ცენტრალური, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების დღიდან.

    მუხლი 26. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მომზადებასა და ჩატარებას, საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას.

    მუხლი 27. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება 7 წევრის შემადგენლობით.

2. საქართველოს პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს ისეთ კოალიციას (ჯგუფს), რომლის შემადგენლობაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 1997 წლის 25 ნოემბრამდე რეგისტრირებული არანაკლებ 10 კავშირი (ასოციაცია) ან/და ფონდი და რომლის საქმიანობის მიზანია დემოკრატიის მშენებლობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობა.

3. კოალიციის (ჯგუფის) ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 საყოველთაო არჩევნების საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგის გამოცდილება.

4. ერთი და იგივე კავშირი (ასოციაცია) და ფონდი შეიძლება შედიოდეს მხოლოდ ერთი კოალიციის (ჯგუფის) შემადგენლობაში.

5. კოალიციის (ჯგუფის) მიერ წარდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა ორმაგი ოდენობის ტოლი.

6. კოალიციის (ჯგუფის) მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს საქართველოს პარლამენტი პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, სახელობითი კენჭისყრით.

7. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატად დაუშვებელია იმ პირის წარდგენა, რომელსაც არჩევნებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში ეკავა ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი თანამდებობა, ან იყო საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, ან რომელიც არჩევნებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო რომელიმე პარტიის წევრი.

8. კოალიცია (ჯგუფი) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე კომისიის წევრობის კანდიდატების სიას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

    მუხლი 28. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

2. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს ირჩევს კომისია თავის წევრთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არჩევიდან 10 დღის ვადაში.

3. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივნის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 29. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას;

ბ) წარმართავს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას;

გ) ამოწმებს საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებათა კანონიერებას, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ცვლის ან/და აუქმებს მათ;

დ) კონტროლს უწევს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტითა და საკომუნიკაციო საშუალებებით, განიხილავს არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

ე) უზრუნველყოფს ამ კანონის შესაბამისად არჩევნებში მონაწილეთა და საარჩევნო სუბიექტების უფლებების თანაბარი განხორციელების შესაძლებლობას;

ვ) უზრუნველყოფს და ხელმძღვანელობს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების დამზადებას, ბიულეტენებითა და კონვერტებით საოლქო საარჩევნო კომისიების მომარაგებას;

ზ) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების თაობაზე, მათ შორის, არჩევნების შედეგების შეჯამების შესახებ;

თ) პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების საბოლოო შედეგებს და გამარჯვებული საარჩევნო სუბიექტების სიას.

ი) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დადგენილებით:

ა) აუცილებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი სპეციალური ჯგუფისთვის ამ კომისიის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ;

ბ) ადგენს არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების განაწილებისა და გამოყენების წესს;

გ) ადგენს საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმებს, საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო კომისიათა ბეჭდების ნიმუშებს;

დ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ კანონის მოთხოვნათა შესრულება, ამტკიცებს საარჩევნო ღონისძიებათა ჩატარების ახალ ვადას და წესს; საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებას არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;

ე) ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მინიჭების ვადებსა და წესს;

ვ) იღებს საარჩევნო კომისიების რეგლამენტებს;

ზ) ადგენს საარჩევნო დოკუმენტაციის შენახვისა და განადგურების ვადასა და წესს;

თ) იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის წესს.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულებით:

ა) ქმნის საარჩევნო ოლქებს და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრულ საკითხთა გადასაწყვეტად ქმნის სპეციალურ ჯგუფს და განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების ფარგლებსა და ვადას;

გ) განსაზღვრავს საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, კომისიის სხვა წევრთა, ბუღალტრისა და იურისტის ხელფასის ოდენობას;

დ) საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის წარმოქმნის შემთხვევაში იღებს წარდგინებას 7 დღის ვადაში და კომისიის ახალ წევრს ნიშნავს წარდგენის ვადის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა;

ე) წყვეტს საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების საარჩევნო ოლქისთვის მიკუთვნების საკითხს;

ვ) ადგენს და აქვეყნებს საარჩევნო ღონისძიებათა დაწყებისა და დამთავრების თარიღებს;

ზ) ადასტურებს, ცვლის ან/და აუქმებს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას;

თ) ბათილად ცნობს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში;

ი) ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას საარჩევნო უბანში;

კ) წყვეტს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ხელახლა დათვლისა და ამომრჩეველთა სიების შემოწმების საკითხს;

ლ) ნიშნავს არჩევნების მეორე ტურსა და ხელახალ არჩევნებს საარჩევნო ოლქში;

მ) ადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქების მიხედვით;

ნ) პარტიული სიით არჩეული პარლამენტის ან ქალაქ თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის გამოკლების შემთხვევაში ადგენს მის ადგილმონაცვლეს ამ კანონის შესაბამისად;

ო) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს (საარჩევნო ბლოკებს);

პ) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს;

ჟ) უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიების წევრთა და აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარების, ტრეინინგებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ორგანიზებასა და ჩატარებას, საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის მინიჭებას;

რ) გასცემს თანხმობას საქართველოს პრეზიდენტობისა და საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების, დაპატიმრებისა და ჩხრეკის თაობაზე;

ს) ადგენს არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას;

ტ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 30. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

1. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს და წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში;

ბ) გასცემს სათანადო მოწმობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე, პარტიული სიით წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატზე, პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატზე, არჩეულ საქართველოს პრეზიდენტზე, პარლამენტის წევრზე, პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეზე;

გ) საქართველოს პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცემს არჩეულ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

დ) იწვევს და უძღვება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ე) ანაწილებს ფულად სახსრებს საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის;

ვ) გასცემს სათანადო მოწმობას პარტიის (საარჩევნო ბლოკის) წარმომადგენელზე;

ზ) ხელს აწერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებებსა და განკარგულებებს;

თ) განკარგავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფულად სახსრებს;

ი) ანაწილებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემოსულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;

კ) ხელს აწერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციასა და კორესპონდენციას;

ლ) აძლევს დავალებებსა და მითითებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს;

მ) გამოსცემს ბრძანებებს;

ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრძანებით:

ა) ახორციელებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას და ადგილობრივი კავშირების (ასოციაციების), ფონდების, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციას;

ბ) ნიშნავს სპეციალური და სამუშაო ჯგუფების წევრებს;

გ) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლებს.

    მუხლი 31. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი

1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციული, სამართლებრივი და ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება და ფუნქციონირებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატი.

2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტით.

3. დაუშვებელია აპარატის შემადგენლობაში ისეთი პირის მიღება, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა დამხმარე და ტექნიკური პერსონალისა.

    მუხლი 32. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

1. საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება არანაკლებ 7 წევრის შემადგენლობით.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნიდან 2 კვირის ვადაში ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ერთ წევრს – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო რაიონში – ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – რაიონის საკრებულო, თითო წევრს ნიშნავს ის პარტია (საარჩევნო ბლოკი), რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 7%-იანი ბარიერი გადალახა.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, ხოლო რაიონში – ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილება და პარტიის (საარჩევნო ბლოკის) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრის არჩევის (დანიშვნის) შესახებ წარედგინება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს წარუდგენს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კოალიცია (ჯგუფი) ან შესაბამისი საარჩევნო ოლქიდან საქართველოს პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი.

5. თუ ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კოალიცია (ჯგუფი) ან შესაბამისი საარჩევნო ოლქიდან საქართველოს პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნიდან 1 კვირის ვადაში არ წარადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებს, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამ შემთხვევაში კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად.

6. თუ იმ პარტიების (საარჩევნო ბლოკების) რაოდენობა, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 7%-იანი ბარიერი გადალახეს, 3-ზე ნაკლები აღმოჩნდება, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს კომისიის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესავსებად ირჩევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

7. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ წევრის დანიშვნის (არჩევის) უფლების მქონე სუბიექტი 10 დღეში ნიშნავს (ირჩევს) კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 33. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა

1. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

2. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს ირჩევს კომისია თავის წევრთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კომისიის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების დაწყებიდან 5 დღის ვადაში.

3. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივნის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

4. კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან კომისიის მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისია 5 დღის ვადაში, ხოლო თუ დაწყებულია საარჩევნო პროცესი – 3 დღეში ირჩევს მის უფლებამონაცვლეს.

    მუხლი 34. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესრულებას და უზრუნველყოფს მათ ერთგვაროვან გამოყენებას;

ბ) პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს;

გ) პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას;

დ) წარმართავს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, ისმენს მათ ინფორმაციას;

ე) კონტროლს უწევს საუბნო საარჩევნო კომისიების უზრუნველყოფას შენობებით, ტრანსპორტითა და საკომუნიკაციო საშუალებებით, განიხილავს საარჩევნო ოლქში არჩევნების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სხვა საკითხებს;

ვ) წინასაარჩევნო კამპანიაში საარჩევნო სუბიექტებისათვის უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს;

ზ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის, მათ შორის, საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების სიების, მათი ბიოგრაფიული მონაცემებისა და წინასაარჩევნო პროგრამების ძირითადი დებულებების გამოცემასა და გავრცელებას;

თ) ხელს უწყობს საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების მოწყობაში;

ი) უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენებითა და სპეციალური კონვერტებით საუბნო საარჩევნო კომისიების მომარაგებას, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით საარჩევნო ბიულეტენების დამზადებას;

კ) აქვეყნებს საარჩევნო ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგებს;

ლ) ორგანიზებას უწევს განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას საარჩევნო ოლქში; მ) ორგანიზებას უწევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას საარჩევნო ოლქში;

ნ) ადგენს და აქვეყნებს ამომრჩეველთა სიებს;

ო) იღებს განკარგულებებს;

პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

2. საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით:

ა) ამ კანონით დადგენილი წესით ქმნის საარჩევნო ოლქებს, ქმნის საარჩევნო უბნებს ან/და აზუსტებს შექმნილი უბნების საზღვრებს რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა წინადადებების (წარდგინებების) გათვალისწინებით;

ბ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს;

გ) ადგენს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

დ) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების თაობაზე, მათ შორის, საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების შემოწმების შესახებ (საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების ხელახლა დათვლა, ამომრჩეველთა სიების შემოწმება და სხვა), და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის წარმოქმნის შემთხვევაში იღებს წარდგინებას 7 დღის ვადაში და კომისიის ახალ წევრს ნიშნავს წარდგენის ვადის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა;

ვ) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატებს;

ზ) ცვლილებები შეაქვს ამომრჩეველთა სიებში.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 35. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

1. საოლქო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს და წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

ბ) გასცემს სათანადო მოწმობას ოლქში რეგისტრირებულ მაჟორიტარ კანდიდატზე;

გ) გასცემს სათანადო მოწმობას საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებზე, ადგილობრივ დამკვირვებლებზე და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე;

დ) იწვევს და უძღვება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ე) ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებებს;

ვ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფულად სახსრებს;

ზ) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოსულ კორესპონდენციას;

თ) ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმებს და კომისიის სახელით გასულ დოკუმენტაციას;

ი) აძლევს დავალებებსა და მითითებებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს;

კ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს საარჩევნო დოკუმენტაციას ან/და აღნიშნულ ფუნქციას წერილობითი დავალებით აკისრებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ან კომისიის მდივანს;

ლ) გამოსცემს ბრძანებებს;

მ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბრძანებით:

ა) ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისიის ბუღალტერს, იურისტს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

ბ) ახორციელებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა ადგილობრივი საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას.

    მუხლი 36. საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

1. საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება 11 წევრის შემადგენლობით.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო 5 წევრს ნიშნავს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე 5 პარტია (საარჩევნო ბლოკი).

3. საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის წესს დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

    მუხლი 37. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა და სხვა წევრთა დანიშვნა (არჩევა)

1. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.

2. კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს ირჩევს კომისია თავის წევრთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კომისიის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების დაწყებიდან 5 დღის ვადაში.

3. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივნის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.

4. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ამ წევრის დანიშვნის (არჩევის) უფლების მქონე სუბიექტი 10 დღის ვადაში ნიშნავს (ირჩევს) კომისიის ახალ წევრს.

5. კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან კომისიის მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისია 5 დღის ვადაში, ხოლო თუ დაწყებულია საარჩევნო პროცესი – 3 დღეში ირჩევს მის უფლებამონაცვლეს.

    მუხლი 38. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საუბნო საარჩევნო კომისია:

ა) ამომრჩევლებს აცნობს ამომრჩეველთა სიებს, იღებს და იხილავს ამომრჩეველთა საჩივრებს სიებთან დაკავშირებით და ამ საჩივრებს დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

ბ) ამომრჩევლის მიერ მოთხოვნისას გასცემს მასზე ხმის მიცემის უფლების მოწმობას;

გ) უზრუნველყოფს კენჭისყრის შენობის, კაბინებისა და ოთახების, საარჩევნო ყუთების, საინფორმაციო სტენდების მომზადებას;

დ) ამომრჩევლებს აცნობებს კენჭისყრის დროსა და ადგილს, არიგებს ამომრჩევლის ბარათებს;

ე) პასუხისმგებელია კენჭისყრის ორგანიზებასა და კენჭისყრის შენობის მოწყობაზე;

ვ) ატარებს კენჭისყრას და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო უფლების განხორციელების უზრუნველყოფაზე;

ზ) იღებს განკარგულებებს;

თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს ამ კანონის შესაბამისად.

2. საუბნო საარჩევნო კომისია განკარგულებით:

ა) ადგენს საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასა და კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობას, აგრეთვე საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ოდენობას;

ბ) განიხილავს განცხადებებსა და საჩივრებს არჩევნების მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზების თაობაზე და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

    მუხლი 39. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

1. საუბნო საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობს და წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

ბ) ხელმძღვანელობს კენჭისყრის ამ კანონის შესაბამისად ჩატარებას და უზრუნველყოფს ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო უფლების სრულ და განუხრელ განხორციელებას;

გ) ორგანიზებას უწევს კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილებას;

დ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვაზე;

ე) ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებებს;

ვ) გამოსცემს ბრძანებებს.

თავი V

საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები

    მუხლი 40. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სათანადო დოკუმენტაციას.

    მუხლი 41. მხარდამჭერთა სიები

1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

3. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

დ) რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით);

ე) ხელმოწერის თარიღი;

ვ) ხელმოწერა.

4. ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი (საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.

5. ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივას მხარს უჭერს ამომრჩეველი.

    მუხლი 42. მხარდამჭერთა სიების შემოწმება

1. მხარდამჭერთა სიებს ამოწმებენ შესაბამისი საარჩევნო კომისიები.

2. საარჩევნო კომისია შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანმიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ მისი არანაკლებ 10 პროცენტი გაბათილდა, კომისია იმავე წესით, დამატებით ამოწმებს 20 პროცენტს. მისი არანაკლებ 10 პროცენტის გაბათილების შემთხვევაში მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (წელი, თვე და რიცხვი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;

ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ვ) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ) ხელმოწერა შესრულებულია მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და ამას წერილობით ადასტურებს ხელმომწერი პირი;

თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) მოწმობისა და პირადი ნომრები.

4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც არ არის დადასტურებული ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ პირის შესახებ მონაცემები.

5. მხარდამჭერთა სიის შემოწმება ხდება მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

6. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

7. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კომისიების წევრებს, ხოლო საჩივრის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება კენჭისყრამდე არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 2 დღისა.

თავი VI

არჩევნების დაფინანსება

    მუხლი 43. არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯები

არჩევნების მომზადება და ჩატარება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 44. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრები

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე.

3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

    მუხლი 45. არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განკარგვა

1. საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს კომისიის სახელით განკარგავენ და მათ მართლზომიერად გამოყენებაზე პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი.

2. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ნაერთ საფინანსო ანგარიშს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

5. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების გამოყენების მართლზომიერებას აკონტროლებს საქართველოს კონტროლის პალატა.

    მუხლი 46. საარჩევნო კამპანიის ფონდი

1. საარჩევნო კამპანიის ფონდი არის საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალებულოა ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის. სოფლისა და თემის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნიან ნებაყოფლობით.

3. საარჩევნო სუბიექტის მიერ მოზიდული ფულადი სახსრები უნდა ჩაირიცხოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ეროვნულ ან კომერციულ ბანკში ან მის შესაბამის განყოფილებაში შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში. ანგარიში იხსნება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.

4. საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნიდან 2 დღის ვადაში შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენს ბანკის მიერ გაცემულ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნის დამადასტურებელ დოკუმენტსა და ანგარიშის ნომერს, აგრეთვე აცნობებს საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის ვინაობასა და კოორდინატებს.

5. პარტიის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან მაჟორიტარი კანდიდატის პირადი ანგარიში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდისათვის ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა.

6. პარტიას საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის გახსნისას და ბანკთან ურთიერთობისას უფლება აქვს ისარგებლოს პარტიის ბეჭდით, ხოლო საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების შეთანხმებით – მასში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდით, რაც განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკის წესდებით.

7. საარჩევნო კამპანიის ფონდში მოზიდულ სახსრებად ითვლება როგორც საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა საქონელი და მომსახურება (საბაზრო ფასებით).

    მუხლი 47. საარჩევნო შემოწირულობები საარჩევნო კამპანიის ფონდში

1. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულობებად ითვლება მის ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდში საარჩევნო შემოწირულობების შემტანი იურიდიული პირი ვალდებულია მიუთითოს თავისი სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და პირადი ნომრები.

3. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე ფულადი სახსრების შეტანა. ანონიმური შემოწირულობები ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.

5. დაუშვებელია საარჩევნო კამპანიის ფონდში შემოწირულობების მიღება:

ა) სხვა სახელმწიფოსაგან;

ბ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან;

გ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;

დ) საერთაშორისო ორგანიზაციისა და მოძრაობისაგან;

ე) არასამეწარმეო იურიდიული პირის და რელიგიური ორგანიზაციისაგან;

ვ) საქართველოს სამეწარმეო იურიდიული პირისაგან, რომელშიც არის სახელმწიფოს წილი.

    მუხლი 48. საარჩევნო კამპანიის ფონდის განკარგვის წესი

1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ეფექტურად გამოყენებისა და განკარგვის მიზნით საარჩევნო სუბიექტი ნიშნავს (ირჩევს) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველსა და ბუღალტერს.

2. საარჩევნო კამპანიის ფონდს საარჩევნო სუბიექტის მითითებით განკარგავენ ფონდის მმართველი და ბუღალტერი. ისინი პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო კამპანიის ფონდის მიზნობრივ გამოყენებაზე.

3. საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის (არჩევის) წესი განისაზღვრება საარჩევნო ბლოკის წესდებით.

4. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების კანონიერება; აგრეთვე შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ფონდის ანგარიში და აცნობოს შემოწირულობის წყარო, ოდენობა და მიღების თარიღი.

5. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ყველა სახის ოპერაციას აფორმებს დოკუმენტურად. თუ რომელიმე ხარჯი ვერ ფორმდება, იგი უნდა გაფორმდეს ორმხრივი აქტით.

6. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომელებიც წინასწარი მონაცემებით მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების წყაროს მითითებით.

7. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, შესაბამისი მომავალი არჩევნების ჩათვლით ეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.

8. საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას და დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან დადასტურდება ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების, ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა, შესაბამისი საარჩევნო კომისია იხილავს და წყვეტს საკითხს ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად არჩევნების შედეგების შეჯამების თაობაზე.

9. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 20 დღისა დახუროს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიში. ანგარიშზე არსებული ნაშთი უბრუნდება შემტან პირებს შეტანილი ფულადი სახსრების პროპორციულად.

10. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს განკარგულებით.

11. ინფორმაცია საარჩევნო შემოწირულობების შესახებ არის ღია, საჯარო და ხელმისაწვდომი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდში არსებული ფულადი სახსრების ოდენობის, წყაროსა და ჩარიცხვის თარიღის შესახებ მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

თავი VII

კენჭისყრა

    მუხლი 49. კენჭისყრის დრო და ადგილი

1. კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის დღეს 7 საათიდან 20 საათამდე.

2. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის ჩატარების დროსა და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა მათთვის ამომრჩევლის ბარათის გადაცემით.

3. ხმის მიცემის დროს დაუშვებელია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეუძლებელია კენჭისყრის გაგრძელება და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

4. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

5. სამხედრო ნაწილებში, კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფ გემებზე და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრა დამთავრებულად გამოაცხადოს ნებისმიერ დროს, თუ ხმა მისცა ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა.

6. აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 50. კენჭისყრის შენობის მოწყობა

1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ.

2. საარჩევნო კომისიები არ უნდა იყოს განთავსებული იმავე შენობა-ნაგებობებში, რომლებშიც განთავსებულია სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ან/და პარტიები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა შენობა-ნაგებობა ან შეუძლებელია სხვა შენობა-ნაგებობაში კენჭისყრის ჩატარება ამ კანონის შესაბამისად. გამონაკლისი დაიშვება საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით.

3. კენჭისყრის შენობაში:

ა) ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილი უნდა იყოს კაბინები (ოთახები). როგორც წესი, ყოველ 400 ამომრჩეველზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთი ფარული კენჭისყრის კაბინა (ოთახი), ერთი სარეგისტრაციო მაგიდა და შესაბამისი რაოდენობის კალმისტარი;

ბ) გამოყოფილი უნდა იყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისათვის, საარჩევნო ბიულეტენების გაცემისა და დამოწმებისათვის;

გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;

დ) გამოკრული უნდა იყოს ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები და საარჩევნო ბიულეტენის შევსების ინსტრუქცია.

4. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას, როგორც საარჩევნო უბანში, ასევე ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში).

5. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და კენჭისყრის შენობის ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

    მუხლი 51. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი

1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს ოლქებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 საათისა საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს გადასცემენ საუბნო საარჩევნო კომისიებს.

3. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას დგება აქტი 2 ცალად, რომელშიც აღინიშნება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გამცემი და მიმღები საარჩევნო კომისიების დასახელება, მათი რაოდენობა, გადაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა სახეობა, ნომრები. აქტს ხელს აწერენ საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გამცემი და მიმღები პირები (აქტის თითო ცალი გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას).

4. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი ამომრჩევლების საერთო რაოდენობაზე 3%-ით მეტია.

5. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი რაოდენობის აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენი თანამიმდევრობით ინომრება და ას-ას ცალად იკინძება.

6. საარჩევნო ბიულეტენების ყოველ შეკვრას აქვს თავფურცელი, რომელზედაც დაბეჭდილია გრაფები საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრებისა და დასახელებების, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო ბიულეტენთა მიღების თარიღის აღნიშვნისა და საარჩევნო ბიულეტენთა გამცემი და მიმღები პირების ხელმოწერისათვის, აგრეთვე გრაფა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, როგორც წესი, მისი მოადგილის, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისა და იმ კომისიის წევრის ხელმოწერისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს შეკვრა.

7. საარჩევნო ბიულეტენზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) (ამოღებულია);

ბ) საარჩევნო უბნის ნომერი (ყუასა და თვით საარჩევნო ბიულეტენზე);

გ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;

დ) საარჩევნო სუბიექტის დასახელება და რიგითი ნომერი;

ე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამოწმების ადგილი;

ვ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ხელმოწერის ადგილი.

8. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას საარჩევნო ბიულეტენზე მისი დასახელების გასწვრივ დაისმება შტამპი – „საარჩევნო სუბიექტი მოხსნილია“.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 52. საარჩევნო უბნის გახსნა

1. კენჭისყრის დაწყებამდე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისაგან წილისყრით გამოავლენს:

ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორ და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გამცემ კომისიის წევრებს;

ბ) საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებზე ხელმომწერ კომისიის 2 წევრს;

გ) საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამმოწმებელ კომისიის წევრს;

დ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ კომისიის წევრს;

ე) გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის არანაკლებ 2 წევრს;

ვ) კენჭისყრის შენობაში ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელ კომისიის წევრს.

2. წილისყრის ჩატარების მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ფუნქციებს. ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს და კომისიის ბეჭდით დამოწმებულ ცარიელ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე გადასატან საარჩევნო ყუთში და ურევს მათ. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლია. ყუთიდან კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს.

3. წილისყრის შედეგად გამოვლენილი კომისიის წევრის ფუნქციის კომისიის სხვა წევრზე დროებით გადაცემა დაიშვება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თანხმობით.

4. წილისყრის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ძირითადი და დამატებითი სიების მიხედვით;

ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;

გ) ამოწმებს იმ პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი, რის შემდეგაც ხსნის მას;

დ) ამოწმებს და ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში.

6. ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები ილუქება და მათში საკონტროლო ფურცლები იყრება პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ. ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთების საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი. საკონტროლო ფურცელზე აღინიშნება შესაბამის საარჩევნო ყუთში მისი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები.

7. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გამცემ კომისიის წევრებს გადაეცემათ საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების თითო შეკვრა, რაც დასტურდება შეკვრის თავფურცელზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შეკვრის მიმღები კომისიის წევრების ხელმოწერით.

    მუხლი 53. საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტს გასცემს ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) წარდგენის შემთხვევაში.

2. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.

3. საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემისას ამომრჩეველთა სიაში შეიტანება საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი.

4. ხმის მიცემის უფლების მოწმობის წარდგენის საფუძველზე კენჭისყრაში მონაწილეობის შემთხვევაში ამომრჩეველთა დამატებით სიას თან უნდა დაერთოს ხმის მიცემის უფლების მოწმობა.

5. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენისა (ბიულეტენებისა) და სპეციალური კონვერტის მიღებას ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში ხელის მოწერით.

    მუხლი 54. კენჭისყრის ჩატარება

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

ა) მიღებული საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, სადაც მათ ხელმოწერით ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებზე ხელმომწერი კომისიის 2 წევრი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით – საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით დამმოწმებელი კომისიის წევრი. დაუშვებელია საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების წინასწარი დამოწმება საარჩევნო კომისიის ბეჭდით ან საარჩევნო კომისიის წევრთა ხელმოწერით;

ბ) ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში), ავსებს საარჩევნო ბიულეტენს და დებს სპეციალურ კონვერტში;

გ) ამომრჩეველი მიდის საარჩევნო ყუთთან და მასში აგდებს სპეციალურ კონვერტს. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ორი ან მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;

დ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი;

ე) კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.

3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში) მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) კანდიდატისა;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;

დ) დამკვირვებლისა.

4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, იგი ამის შესახებ აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, აბარებს გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ან სპეციალურ კონვერტს და იღებს ახალს. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ან სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე და ინახება ცალკე.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში) შესვლამდე მოსთხოვონ უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.

7. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. კენჭისყრის შენობაში ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი გადათვლის რიგში მდგომ ამომრჩევლებს და მათ რაოდენობასა და ბოლო ამომრჩევლის ვინაობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.

    მუხლი 55. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა

1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მასზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.

3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

4. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიას.

    მუხლი 56. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემა

1. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემა და ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარება დაიშვება, თუ ამომრჩეველი იმყოფება ძნელად მისადგომ ადგილებში, სამხედრო ნაწილში, საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, თავისუფლების აღკვეთის ადგილას, წინასწარ პატიმრობაში ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა.

2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის წინა დღის 14 საათამდე. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალში რეგისტრირებული იქნება ამომრჩევლის წერილობითი განცხადება ან ტელეფონით გაკეთებული ზეპირი განაცხადი, რის შესახებაც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა შესაბამისი ჩანაწერი უნდა გააკეთოს საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალში სატელეფონო ზარის ზუსტი დროის მითითებით და დაადასტუროს ხელმოწერით. სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალში იმ ტელეფონის ნომრის მითითება, რომლითაც ამომრჩეველმა გააკეთა ზეპირი განაცხადი;

ბ) ამომრჩეველთა ძირითად ან დამატებით სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერით.

3. კენჭისყრის დღის 11 საათის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიუთითებს ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებას და გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.

5. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი.

6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქშია, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მასზე გაიცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის პროცედურას ატარებს საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს ის სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო ან სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი.

7. გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით კენჭისყრა მთავრდება კენჭისყრის დღის 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა. დალუქული გადასატანი საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ, არა უგვიანეს კენჭისყრის დღის 20 საათისა, დაბრუნებულ უნდა იქნეს საუბნო საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 57. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისაგან ამ კანონით დადგენილი წესით წილისყრით ავლენს არანაკლებ 3 მთვლელს.

2. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ძირითადი, დამატებითი და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში.

3. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:

ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს, რომელთა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში. პაკეტის თავფურცელზე იწერება გამოუყენებელ ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს, რომელთა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში. პაკეტის თავფურცელზე იწერება გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა.

4. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა.

5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

6. სამხედრო ნაწილში გახსნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. საარჩევნო ყუთი, ამომრჩეველთა სია და დალუქული გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც შემდგომ პროცედურებს ასრულებს გადასატანი საარჩევნო ყუთისათვის დადგენილი წესით. ამ ორი საარჩევნო უბნის შედეგები ფორმდება ერთი ოქმით.

    მუხლი 58. საარჩევნო ყუთის გახსნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.

2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და იკავებენ ადგილს ისე, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული პროცედურის შემდეგ იხსნება ძირითადი საარჩევნო ყუთი. მთვლელები საარჩევნო ყუთიდან მაგიდაზე გადმოყრიან სპეციალურ კონვერტებს და ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას. ამის შემდეგ მთვლელები ხსნიან გადასატან საარჩევნო ყუთს, სპეციალურ კონვერტებს ყრიან მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს ურევენ ერთმანეთში.

    მუხლი 59. ხმის დათვლა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა.შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული;

გ) საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის გარეშე აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენები ბათილად მიიჩნევა;

დ) თუ სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, ყველა მათგანი ბათილად ითვლება, ზემოდან ეწერება „ბათილია“ და ცალკე იდება.

2. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ არის მიჩნეული. მთვლელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

3. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, რომელშიც იდო საარჩევნო ბიულეტენი, დამოწმებული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;

დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;

ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;

ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

4. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული პროცედურის შემდეგ დაითვლება დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენები, შემდეგ კი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები მათი სახეების მიხედვით და შეიკვრება ცალ-ცალკე.

6. ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენებზე იწერება „ბათილია“, რასაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ისინი ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.

7. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი შეკვრა იმგვარად იბეჭდება, რომ ბეჭდის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან საარჩევნო ბიულეტენის ამოღება ან ჩადება. შეკვრას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა და სახე.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პროცედურის შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობა და ეს საარჩევნო ბიულეტენები შესაბამისად იკვრება ცალ-ცალკე.

9. ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ეს შეკვრები, თავის მხრივ, იკვრება ცალკე დასტად. საარჩევნო ბიულეტენების დასტას უნდა ეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) მონაცემები (დასახელება, სახელი და გვარი) და მის (მათ) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე ამ დასტაში ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 60. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი

1. ხმის დათვლის შემდეგ კენჭისყრის შედეგები შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში.

2. საქართველოს პრეზიდენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების დროს დგება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ერთი ოქმი, გამონაკლისს წარმოადგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნები, რომლის დროსაც დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი, ხოლო საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს – 2 ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით.

3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო უბნის ნომერი და დასახელება;

ბ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა;

გ) ამომრჩეველთა რაოდენობა ძირითად სიაში;

დ) ამომრჩეველთა რაოდენობა დამატებით სიაში;

ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც ტოლია ამომრჩეველთა სიებში მათი ხელმოწერების რაოდენობისა, იმ ამომრჩეველთა გამოკლებით, რომლებზედაც გაიცა ხმის მიცემის უფლების მოწმობა;

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

ზ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

თ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

ი) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი დადგენელი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა და კონვერტთა რაოდენობა;

მ) თითოეული საარჩევნო სუბიექტის დასახელება (სახელი და გვარი) და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის 2 ცალი დალუქულ პაკეტებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

8. ოქმის თითო ცალი დაუყოვნებლივ გადაეცემა თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ან მის წარმომადგენელს, რასაც ისინი ადასტურებენ საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელის მოწერით.

    მუხლი 61. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევებზე

1. განცხადება (საჩივარი) საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, კენჭისყრის დღის 7 საათიდან 20 საათამდე.

2. განცხადებაში (საჩივარში) აღინიშნება:

ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. განცხადება (საჩივარი) კენჭისყრის პროცედურის დროს ჩადენილი დარღვევის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა გადაეცეს კენჭისყრის დასრულებამდე.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე (საჩივარზე) და აღმოფხვრას არსებული დარღვევა.

5. განცხადება (საჩივარი) ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ შედგენილი უნდა იქნეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე და მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) განცხადების (საჩივრის) შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის (მომჩივნის) სახელი, გვარი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ე) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

6. განცხადება (საჩივარი) ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას, არა უგვიანეს კენჭისყრის მომდევნო დღის 20 საათისა.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალი იხურება კომისიის მდივნისა და კომისიის წევრთა ხელმოწერით და მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის ჟურნალი და შემოსული განცხადებები (საჩივრები) ილუქება ცალ-ცალკე და იკვრება ერთ პაკეტად.

9. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის სხვა წევრები.

    მუხლი 62. განცხადებებისა და საჩივრების განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ განცხადებას (საჩივარს) განიხილავს კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა და თავის მოსაზრებას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს განცხადების (საჩივრის) მიღებიდან 3 დღის ვადაში.

3. ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურის დარღვევით შედგენილი და წარდგენილი განცხადება (საჩივარი) არ განიხილება.

    მუხლი 63. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ წარდგენილი ოქმების საფუძველზე კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-4 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და ადგენს ოლქში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა;

გ) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

დ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

ე) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

ვ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

ზ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილ დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობა;

თ) ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) თითოეული საარჩევნო სუბიექტის დასახელება და მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

2. ოქმს ხელს აწერს საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საოლქო საარჩევნო კომისიაში. ოქმი მოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

3. თუ საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

4. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების რაოდენობა სამით მეტია ამ ოქმში დასახელებულ საარჩევნო სუბიექტთა რაოდენობაზე. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების თითო ცალთან ერთად კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს 5 დღისა გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო მესამე ცალი გამოიკვრება საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას; ოქმის თითო ცალი დაუყოვნებლივ გადაეცემა ყველა საარჩევნო სუბიექტს ან მათ წარმომადგენლებს. ოქმის მიღება საარჩევნო სუბიექტმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა დაადასტუროს საოლქო საარჩევნო კომისიის ჟურნალში ხელის მოწერით.

    მუხლი 64. არჩევნების შედეგების შეჯამება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2. განცხადების (საჩივრის) ან/და საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას;

გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობას;

დ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენთა და კონვერტთა რაოდენობას;

ე) საარჩევნო სუბიქტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის შედეგებს ბათილად ცნობს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ამ კანონის მოთხოვნები.

5. კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა.

6. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ოქმის ერთი ცალი ინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებს. ოქმის ასლები გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.

7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

თავი VIII

საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას

    მუხლი 65. არჩევნების საჯაროობა

1. საქართველოში არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესი საჯაროა.

2. ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე საარჩევნო კომისიების, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კავშირებისა (ასოციაციებისა) და ფონდების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

3. საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ კენჭისყრის დღეს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობებში და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესს.

    მუხლი 66. საჯაროობა არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას

1. არჩევნების მომზადებისას და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კომისიები აქვეყნებენ ინფორმაციას:

ა) თავისი საქმიანობის შესახებ;

ბ) საარჩევნო ოლქებისა და უბნების შექმნის შესახებ;

გ) საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, ადგილსამყოფლისა და სამუშაო საათების შესახებ;

დ) საარჩევნო სუბიექტების შესახებ.

2. საარჩევნო კომისიები მათთვის განკუთვნილ შენობებში თვალსაჩინო ადგილას აკრავენ:

ა) ამომრჩეველთა სიებს და ამ სიებში უზუსტობების გასაჩივრების წესსა და ვადებს;

ბ) საარჩევნო სუბიექტების სიებს;

გ) საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებს (ასეთის წარდგენის შემთხვევაში), რომლებიც ჩამოიხსნება კენჭისყრის დღის წინა დღის 24 საათამდე;

დ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება მოცემული კომისიის საქმიანობას.

3. შესაბამისი საარჩევნო კომისიები პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ:

ა) არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიებს;

ბ) საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო პროგრამებსა და პლატფორმებს;

გ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს;

დ) არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

4. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისათვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შეიძლება დაწესდეს საფასური ასლების გადაღებისათვის საჭირო თანხის ოდენობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 67. საარჩევნო კომისიის სხდომის საჯაროობა. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები

1. საარჩევნო კომისიის სხდომა ღია და საჯაროა. ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს დაესწროს საარჩევნო კომისიის სხდომას. წესრიგის დარღვევისა და კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს წესრიგის დამრღვევი პირი გააძევოს სხდომიდან.

2. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს;

ე) დამკვირვებლებს.

    მუხლი 68. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

1. არჩევენებზე დაკვირვების უფლება აქვთ საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივ კავშირს (ასოციაციას), ფონდს, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციას.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი კავშირი (ასოციაცია), ფონდი, რომლის წესდება ან დებულება რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის მეშვეობით.

4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

დ) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ე) მოსამართლისა;

ვ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;

თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

ი) საარჩევნო კომისიის წევრისა.

5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებელი დოკუმენტი ითვალისწინებს არჩევნებზე მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებების დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – საერთაშორისო დამკვირვებლის მეშვეობით.

7. საერთაშორისო დამკვირვებელს შეიძლება თან ახლდეს თარჯიმანი, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებელთან ერთად გადის რეგისტრაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

    მუხლი 69. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს იმ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკვირვებას ახორციელებენ ქვეყნის მთელ ან რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

2. იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით დამკვირვებელი ორგანიზაცია შესაბამის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით და წარადგენს წესდების ნოტარიულად დამოწმებულ ასლს.

4. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ ბრძანებას გამოსცემს განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

5. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არა აქვს უფლება დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ აღნიშნული ორგანიზაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.

6. დამკვირვებელ ორგანიზაციას შესაბამისი საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს კენჭისყრამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა.

7. რეგისტრირებული ადგილობრივი ან საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა იმ დამკვირვებელთა სიას, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან რამდენიმე საარჩევნო ოლქის ან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, წარუდგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო იმ დამკვირვებელთა სიას, რომელნიც არჩევნებს დააკვირდებიან მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დამკვირვებელთა ვინაობის (სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი) მითითებით.

8. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლების მოწმობები.

9. დამკვირვებლის მოწმობაში მითითებული უნდა იყოს:

ა) დამკვირვებლის სახელი, გვარი;

ბ) წარმდგენი ადგილობრივი ან საერთაშორისო ორგანიზაციის სახელწოდება.

    მუხლი 70. დამკვირვებლის უფლებები

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში და დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს;

გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს თავისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემასა და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;

ვ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესს;

თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რაც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

მ) გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში;

ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.

2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

ე) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

    მუხლი 71. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილებანი

1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.

2. არჩევნებში მონაწილე პარტიებსა (საარჩევნო ბლოკებსა) და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს უფლება აქვთ ყველა საარჩევნო კომისიაში დანიშნონ თავისი წარმომადგენელი, ხოლო მაჟორიტარ კანდიდატებს უფლება აქვთ თავისი წარმომადგენელი დანიშნონ შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში.

3. საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია 24 საათის განმავლობაში გასცეს წარმომადგენელზე მოწმობა.

4. წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას თან ერთვის მისი თანხმობა წარმომადგენლად დანიშვნაზე. განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს პარტიის ან საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კანდიდატი, მითითებული უნდა იყოს:

ა) წამომადგენლის სახელი და გვარი;

ბ) წამომადგენლის დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი).

5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს საარჩევნო კომისიის სხდომებს, კენჭისყრის დღეს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში და ესწრებოდეს კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ყველა პროცედურას.

6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რასაც იგი ამ მუხლის მოთხოვნათა თანახმად აცნობებს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 72. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები

1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას კი – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა.

4. განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების რეგისტრაციის საკითხს და რეგისტრაციაში გატარებულ წარმომადგენელზე 2 დღის ვადაში გასცემს სათანადო მოწმობას.

5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

    მუხლი 73. წინასაარჩევნო აგიტაცია

1. წინასაარჩევნო აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით.

2. ამომრჩევლებს, საარჩევნო სუბიექტებსა და მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

3. კენჭისყრის დღეს იკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობასა და მისგან 100 მეტრის რადიუსში წინასაარჩევნო აგიტაცია და სააგიტაციო მასალის განთავსება და გავრცელება, ხოლო ამ ტერიტორიაზე ადრე გამოფენილი ყოველგვარი სააგიტაციო მასალა უნდა ჩამოიხსნას კენჭისყრის დღის წინა დღის 24 საათამდე.

4. არჩევნების მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის, ხელახალი კენჭისყრის ან ხელახალი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში წინასაარჩევნო აგიტაცია განახლდება მისი დანიშვნის დღიდან.

5. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:

ა) საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელ პირებს;

გ) მოსამართლეს;

დ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, პროკურატურისა და სახლმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებს;

ე) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელ პირებს;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს;

ზ) საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს;

თ) სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს.

6. წინასაარჩევნო აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები მოქალაქეებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები, შეკრებები და მანიფესტაციები) ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენებით ან სხვა ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისთვის ხელის შეშლა.

8. სამხედრო ნაწილის მეთაურები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის სამხედრო ნაწილის საზღვრებში უზრუნველყოფენ სამხედრო ნაწილებში მყოფ ამომრჩევლებთან შეხვედრების ჩატარების თანაბარ პირობებს.

9. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე საარჩევნო სუბიექტებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ პირადად ან ვინმეს მეშვეობით გადასცენ ამომრჩევლებს ფულადი სახსრები, საჩუქრები და სხვა მატერიალური ფასეულობანი, შეღავათიან ფასებში მიჰყიდონ საქონელი, უფასოდ მიაწოდონ ან გაავრცელონ ნებისმიერი საქონელი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა, აგრეთვე დააინტერესონ ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. სასამართლოს მიერ ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია.

10. აკრძალულია საარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

ა) საქართველოს პარლამენტი;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებები;

გ) სასამართლოები და პროკურატურის ორგანოები.

11. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს ორგანიზაცია ან პირი, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის ჩატარების თარიღი, გამოკითხულთა რაოდენობა, გამოკითხვის ჩატარების მეთოდი, კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების სტატისტიკური შეფასება.

    მუხლი 74. წინასაარჩევნო შეკრებები და მანიფესტაციები

1. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება რეგულირდება ამ კანონით.

2. წინასაარჩევნო პერიოდში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებისას, თუ ისინი ხელს შეუშლიან ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობას, ორგანიზატორები ვალდებულნი არიან შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობისა ორგანოებს წინასწარ, ორი დღით ადრე წერილობით აცნობონ აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ. ისინი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოებას.

3. დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის აკრძალვა და შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადგილი აქვს მოწოდებებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და დარღვევისაკენ, ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური და სოციალური შუღლის გაღვივებისაკენ, კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შეცვლისაკენ, აგრეთვე ომისა და ძალადობის პროპაგანდას.

4. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიქტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

5. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.

6. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისათვის წილისყრით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ჩატარების განრიგს. დაუშვებელია შენობა-ნაგებობების გადაცემისას საარჩევნო სუბიექტებისათვის არათანაბარი პირობების დადგენა.

7. კენჭისყრის დღის დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე იკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრებისა და სხვა ოფიციალური პირების გამოსვლები საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით, გარდა წინასაარჩევნო აგიტაციისათვის მათთვის გამოყოფილი უფასო საეთერო დროისა.

8. საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით ყოველდღიურად უსასყიდლოდ გამოყონ საეთერო დროის 3 საათი, რომელიც თანაბრად განაწილდება საარჩევნო სუბიექტებს შორის.

9. კერძო ტელერადიოკომპანიები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ადგენენ საეთერო დროის თანაბარ ფასს და საარჩევნო კომისიებს აწვდიან ინფორმაციას საეთერო დროის გამოყოფისა და განაწილების შესახებ.

10. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე იკრძალება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

    მუხლი 75. სააგიტაციო მასალა

1. საოლქო საარჩევნო კომისიები შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 15 დღისა უზრუნველყოფენ საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გავრცელებას. პარტიული სიების, საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიების, კანდიდატთა ბიოგრაფიული მონაცემებისა და საარჩევნო პროგრამების გავრცელება სავალდებულოა. ამ მასალის წარდგენისათვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში დაიბეჭდება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში არსებული ოფიციალური მონაცემები.

2. საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას.

3. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.

4. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შენობათა ჩამონათვალი ქვეყნდება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.

5. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები და ინფორმაცია მისი ტირაჟისა და გამოშვების თარიღის შესახებ. იკრძალება ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე.

6. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიას, რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია.

7. არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

    მუხლი 76. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

1. აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისათვის იმ ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, რომლებსაც სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში უკავიათ თანამდებობები, უფლება არა აქვთ წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენონ თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობა რომელიმე პარტიის (საარჩევნო ბლოკის), კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.

3. თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების სამუშაო დროის განმავლობაში ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენებას საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებების ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენებას ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

დ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენებას ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მოხელეების მიერ სამსახურებრივი (სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფინანსებულ) მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას.

4. რეგისტრირებულ კანდიდატს, რომელიც არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების თანამშრომელი, არა აქვს უფლება გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის უპირატესობა, კერძოდ:

ა) რეგისტრირებულ კანდიდატს, რომელზედაც არ ვრცელდება კანდიდატის სტატუსთან თანამდებობრივი შეუთავსებლობა, მაგრამ რომელიც არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირი ან მისი მოადგილე, უფლება აქვს წინასაარჩევნო აგიტაცია გასწიოს მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალ დროს. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც რეგისტრირებული კანდიდატი იყენებს წინასაარჩევნო აგიტაციისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი ტელერადიოკომპანიების მიერ გამოყოფილ უფასო საეთერო დროს;

ბ) საარჩევნო სუბიექტის მიერ ამ მუხლის დებულებების დარღვევა წარმოადგენს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

თავი IX

დავის განხილვა

    მუხლი 77. დავის განხილვის ვადა და წესი

1. საარჩევნო კომისიის ყველა გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება – სასამართლოში. სასამართლო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს იხილავს 3 დღის ვადაში, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებების შესახებ მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

3. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების კონსტიტუციურობის გასაჩივრებისა და სარჩელის განხილვის ვადები განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

4. (ამოღებულია).

5. საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, მისი გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. სასამართლო 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

6. შენობებში საუბნო საარჩევნო კომისიების განთავსების შესახებ განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში მისი გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. სასამართლო 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

7. შენობებში საოლქო საარჩევნო კომისიების განთავსების შესახებ განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, მისი გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. სასამართლო 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

8. საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრის არჩევის (დანიშვნის) შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

9. საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში წევრის არჩევის (დანიშვნის) შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

10. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატებისათვის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში მისი გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. სასამართლო 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

11. საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შემდეგი წესის დაცვით:

ა) პარტიების (საარჩევნო ბლოკების) და პარტიული სიით წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. იგი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

ბ) ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატისათვის საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საოლქო სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. იგი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

გ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. იგი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

12. საარჩევნო ბლოკის სახელწოდების მიკუთვნებასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება 2 დღის ვადაში გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს 3 დღის ვადაში. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

13. ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელთა რეგისტრაციის შესახებ განკარგულება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საოლქო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 3 დღის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციასთან დაკავშირებული განკარგულება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საოლქო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 3 დღის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

15. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიების შედგენასთან დაკავშირებული სარჩელი სიების შედგენიდან 5 დღის ვადაში წარედგინება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საოლქო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებაც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

16. ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი უნდა იქნეს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 20 დღისა.

17. ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც 3 დღის ვადაში განიხილავს მათ და იღებს შესაბამის განკარგულებას.

18. ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ამომრჩეველი საოლქო საარჩევნო კომისიას შეჰყავს ამომრჩეველთა შესაბამის სიაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების საფუძველზე შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა შესაბამის სიებში შეაქვს შესაბამისი ცვლილებები.

19. განმცხადებელს უფლება აქვს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში გაასაჩივროს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სარჩელის შეტანიდან 2 დღის ვადაში. იგი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს ამომრჩეველთა ძირითად სიაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

20. საარჩევნო ფონდის შექმნის, საარჩევნო შემოწირულობების მიღებისა და განკარგვის წესების დარღვევის შესახებ სარჩელი შეიტანება შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. ეს გადაწყვეტილება შეიძლება 3 დღის ვადაში გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. ამ კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევის კენჭისყრამდე დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს უუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია.

21. სარჩელი ამ კანონით დადგენილი წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევის შესახებ წარედგინება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 3 დღის ვადაში. ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევის კენჭისყრამდე დადასტურების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს უუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო მისი კენჭისყრის შემდეგ დადასტურების შემთხვევაში – ეკრძალება მომდევნო არჩევნებში მონაწილეობა.

22. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება მისი მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღის 18 საათისა შესაბამის რაიონულ სასამართლოში. სასამართლო სარჩელის მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღის 18 საათისა იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

23. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ საქართველოს ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. იგი 3 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც 3 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1268 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.16

განსაკუთრებული ნაწილი

კარი II

თავი X

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

    მუხლი 78. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ საქართველოს მოქალაქეები 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 79. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება

1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ეწყობა წინა არჩევნების ჩატარებიდან მე-5 წლის აპრილის მე-2 კვირა დღეს.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები არ ტარდება.

    მუხლი 80. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

    მუხლი 81. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერით.

    მუხლი 82. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი

1. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვთ შეაგროვონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი;

ვ) რეგისტრაციის ადგილი;

ზ) პარტიულობა;

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;

ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი დაბადების მოწმობის ასლი და სამი ფოტოსურათი.

5. განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.

    მუხლი 83. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

2. მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში უნდა იყოს არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის ხელმოწერა.

    მუხლი 84. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ სახელის, გვარის, დაბადების წლის, დაკავებული თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მითითებით.

4. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის დღემდე ნებისმიერ დროს მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს განკარგულებით.

    მუხლი 85. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიები

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში. მათ პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის თანაბარი უფლებები აქვთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები საარჩევნო კამპანიის დროს არ შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან ანდა გადაიყვანონ სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე მათი თანხმობის გარეშე.

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ პროკურატურის ორგანოების შეტყობინებაზე არ იქნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანხმობა. გამონაკლისს წარმოადგენს დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გასცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

    მუხლი 86. არჩევნების შედეგების შეჯამება

1. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის უმრავლესობამ.

2. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

3. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

4. თუ არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდა, ან ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, ან მეორე ტურში ვერ იქნა არჩეული საქართველოს პრეზიდენტი – ტარდება ხელახალი არჩევნები.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს.

6. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

თავი XI

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები

    მუხლი 87. არჩევნების მეორე ტური

1. არჩევნების მეორე ტური ტარდება, თუ საქართველოს პრეზიდენტობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი.

2. არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების მეორე ტური ტარდება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) 2 კვირის თავზე.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს.

4. მეორე ტური ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც.

5. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5-სა.

6. მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო.

    მუხლი 88. ხელახალი არჩევნები

1. საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები ტარდება, თუ:

ა) არჩევნები ჩატარებულად არ გამოცხადდა;

ბ) არჩევნები ჩატარდა, მაგრამ პირველ ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი კანდიდატი და მან ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა;

გ) არჩევნების მეორე ტურში არ აირჩა პრეზიდენტი.

2. ხელახალი არჩევნები იმართება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) 2 თვის ვადაში.

3. ხელახალ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

4. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

5. ხელახალი არჩევნების დროს არჩევნები ტარდება ამ კანონით დადგენილი წესით და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში.

    მუხლი 89. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები

1. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 45-ე დღისა.

2. თუ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, საქართველოს პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 48 საათისა.

3. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 72 საათისა ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

4. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მეშვეობით.

5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა.

6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერი არანაკლებ 50 000 ამომრჩევლის სია.

7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

8. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება ამ კანონით დადგენილი წესით.

კარი III

თავი XII

საქართველოს პარლამენტის არჩევნები

    მუხლი 90. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

    მუხლი 91. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა. პარლამენტის შემადგენლობა

1. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.

2. საქართველოს პარლამენტის 150 წევრი აირჩევა პარტიული სიებით, პროპორციული, ხოლო 85 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

    მუხლი 92. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წელი.

2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

    მუხლი 93. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და მაჟორიტარ კანდიდატს.

    მუხლი 94. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართვამდე დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდნენ (გადადგნენ) შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

ე) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები;

ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;

ზ) საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები და მათი მოადგილეები;

თ) რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;

კ) მოსამართლეები;

ლ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;

მ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

ნ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;

ო) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს წევრები;

პ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების, ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრები;

ჟ) თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარე და მოადგილეები;

რ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

თავი XIII

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

    მუხლი 95. პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს.

3. პარტია ვალდებულია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა წარუდგინოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ინიციატივის დამადასტურებელი სულ ცოტა 50 000 მხარდამჭერი ამომრჩევლის სია. გამონაკლისს წარმოადგენს პარტია, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისათვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

4. პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილ განცხადებასთან ერთად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინება პარტიის რეგისტრაციის მოწმობისა და წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლები.

5. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პარტიის:

ა) სახელწოდება (აბრევიატურა), რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) ვინაობა;

გ) წარმომადგენლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება (აბრევიატურა) არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას (აბრევიატურას);

ბ) იმ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას (აბრევიატურას), რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება კომისიისათვის უფრო ადრე იყო წარდგენილი;

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის (საარჩევნო ბლოკის) მიერ გამოყენებულ სახელწოდებას (აბრევიატურას), თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

7. იმ პარტიებს, რომლებმაც წარადგინეს მხარდამჭერთა სიები უფლება აქვთ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართონ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების ერთობლივი განცხადებით.

8. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილ სათანადო განცხადებას ხელს უნდა აწერდეს საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირი.

9. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება (აბრევიატურა), რომლითაც მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) ვინაობა;

გ) წარმომადგენლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ბლოკის სახელწოდება (აბრევიატურა) არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის (გარდა ამავე ბლოკის წევრი პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას (აბრევიატურას);

ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას (აბრევიატურას), რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება კომისიისათვის უფრო ადრე იყო წარდგენილი;

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას (აბრევიატურას), თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

11. განცხადებას უნდა ერთვოდეს საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი საარჩევნო ბლოკის წესდება.

12. საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

გ) პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების წესი;

დ) პარტიული სიის შედგენის წესი;

ე) ბლოკიდან პარტიის გასვლის წესი;

ვ) ბლოკში ახალი წევრის მიღების წესი;

ზ) ბლოკიდან პარტიის გარიცხვის წესი;

თ) პირი (პირები), რომელსაც აქვს ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;

ი) საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნისას ბლოკში შემავალი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;

კ) საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი.

13. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

14. ამ მუხლში აღნიშნული განცხადებებისა და სხვა საბუთების მიღებისთანავე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

15. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა იღებს გადაწყვეტილებას პარტიების ან/და საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის თაობაზე.

16. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში ბლოკის წარმომადგენელს არა უგვიანეს განკარგულების მიღების მომდევნო დღისა ეძლევა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების ასლი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს უარის თქმის მიზეზი.

17. თუ საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის შემდეგ ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია უქმდება.

18. ამ მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.

19. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 37 დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების სიას განცხადების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე საარჩევნო სუბიექტობის იმ კანდიდატთა სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაში გატარებაზე და უარის თქმის მიზეზებს.

    მუხლი 96. პარტიული სიების წარდგენა

1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია.

3. წარდგენილ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 235-ს.

4. პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.

5. დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც იმავდროულად არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები არიან, გარდა ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიებისა.

6. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

7. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები.

8. სია შედგენილი უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგად პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს ყოველი კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

დ) პროფესია;

ე) თანამდებობა (საქმიანობა);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“).

10. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების), ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების ხელმოწერებით.

11. პარტიული სია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარედგინება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა.

12. სიას თან უნდა ერთვოდეს:

ა) თითოეული პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (კანდიდატის საანკეტო მონაცემებისა და საქართველოს მოქალაქის პირადი და პირადობის მოწმობების (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომრების მითითებით);

ბ) კანდიდატის ორი ფოტოსურათი;

გ) კანდიდატის თანახმობა, კენჭი იყაროს მოცემული სიით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილია ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში – თანხმობა ამ ოლქში კენჭისყრაზეც, როგორც მისი წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის კანდიდატისა.

13. სააღრიცხვო ბარათებს პარტიის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

14. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.

    მუხლი 97. საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენა

1. პარლამენტის წევრობის კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:

ა) პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს;

გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ წარადგინონ თითოეულ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარადგინოს პარლამენტის წევრობის ერთი კანდიდატი.

4. ამომრჩეველთა 5-კაციანმა საინიციატივო ჯგუფმა საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისათვის კენჭისყრამდე არა უადრეს 40 და არა უგვიანეს 30 დღისა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

5. განცხადებას უნდა ერთვოდეს პარლამენტის წევრობის კანდიდატის 4 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, რომ იგი თანახმაა კენჭი იყაროს მოცემულ საარჩევნო ოლქში. სააღრიცხვო ბარათებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს წინასწარ გადასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. ერთ შევსებულ სააღრიცხვო ბარათს საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ უგზავნის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

6. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

გ) პარლამენტის წევრობის კანდიდატის სახელი და გვარი; დაბადების თარიღი; საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები; პროფესია (საქმიანობა), პარტიულობა (რომელიმე პარტიის წევრობის შემთხვევაში), საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია.

7. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა მხარდამჭერი ამომრჩევლების ხელმოწერათა შევსებული და გადანომრილი ბლანკები ამომრჩეველთა ჯგუფის განცხადებასთან ერთად, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს ხელმოწერების ბლანკებისა და ხელმომწერ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა, წარედგინება საოლქო საარჩევნო კომისიას. განცხადებას ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.

8. კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 000 ხელმოწერით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.

    მუხლი 98. პარტიული სიების, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პარტიული სიებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის საკითხი განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილია ამ კანონით გათვალისწინებული ყველა საბუთი.

2. საბუთების მიღებიდან 5 დღის ვადაში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები ამოწმებენ საბუთებს და განკარგულებით წყვეტენ პარტიული სიის, აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაციის საკითხს.

3. პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებულ კანდიდატს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან სასამართლო არჩევნებიდან მოხსნის, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, კერძოდ:

ა) არასწორი ან არასრულია მათში მოყვანილი მონაცემები;

ბ) არსებობს ან არსებობდა ერთი და იმავე პირის თანხმობა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად, ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატად, თვითმმართველობის არჩევნებში და პარლამენტის წევრობის კანდიდატად კენჭისყრაზე;

გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და თითოეულზე არსებობს კანდიდატის თანხმობა;

დ) პარტიულ სიაში შეყვნილი კანდიდატი იმავდროულად არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრი;

ე) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილია სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.

4. პარტიისა და პარტიული სიის რეგისტრაცია გაუქმდება, თუ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება.

    მუხლი 99. საარჩევნო სუბიექტების რიგითობის განსაზღვრა

1. საარჩევნო სუბიექტების რიგითობა დგინდება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

2. არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების, საარჩევნო ბლოკების შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებს, მისი ნომრით მონაწილეობის უფლება თანამიმდევრულად ენიჭებათ საარჩევნო ბლოკის სიაში დასახელებულ პარტიებს. თუ საარჩევნო ბლოკში შედიან პარტიები, რომლებიც ბოლო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობდნენ, საარჩევნო ბლოკის წესდებაში უნდა მიუთითონ ბლოკში შემავალი რომელი პარტიის უფლებით ისარგებლებენ რიგითი ნომრის მიკუთვნებისას. ამ შემთხვევაში რიგით მომდევნო პარტიები, საარჩევნო ბლოკები შესაბამისად გადაინაცვლებენ წინ.

3. პარტიების, საარჩევნო ბლოკების, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისა, რიგითობა დგინდება წილისყრით.

4. პარტიის, საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი პარტიები, საარჩევნო ბლოკები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ წილისყრით მიკუთვნებულ რიგით ნომერს.

5. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს ენიჭება იგივე რიგითი ნომერი, რაც მის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული, ხოლო დანარჩენ კანდიდატთა რიგითობა დგინდება წილისყრით.

6. წილისყრის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და მაჟორიტარ კანდიდატთა რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მასზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მას. წილნაყარი ნომერი ხდება კანდიდატის რიგითი ნომერი.

7. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშულებებით აქვეყნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში – აქვეყნებენ საოლქო საარჩევნო კომისიები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 12 დღისა.

    მუხლი 100. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყდება ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. მისი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე.

3. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

4. საარჩევნო კომისია ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ დაუყოვნებლივ აქვეყნებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

    მუხლი 101. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება.

    მუხლი 102. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ პროკურატურის ორგანოების შეტყობინებაზე არ იქნა საქართველს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანხმობა, გამონაკლისს წარმოადგენს დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას თანხობის გაცემის შესახებ იღებს განკარგულებით.

თავი XIV

საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება

    მუხლი 103. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში

1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით, ხოლო მაჟორიტრული სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.

3. ოქმების ორ-ორი ცალი დაუყოვნებლივ ეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო თითო ცალი გადაეცემა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, რომელიც ოქმის მიღებას საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

    მუხლი 104. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. განცხადების, საჩივრის ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას ან გადამოწმებას, საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების (სპეციალური კონვერტების) ხელახლა დათვლის შესახებ.

3. პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების თითო ცალი რჩება საოლქო საარჩევნო კომისიაში, თითო ცალი, საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების თითო ცალთან ერთად, კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს 5 დღისა გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ხოლო თითო ცალი – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც მის მიღებას საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებენ.

    მუხლი 105. არჩევნების შედეგების შეჯამება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე კენჭისყრის ჩატარებიდან (საერთო არჩევნებიდან) არა უგვიანეს 10 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და შეაქვს ოქმში.

2. ოქმის ერთი ცალი ინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

3. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გამართული არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც.

4. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობდა საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3 მაინც.

5. საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 1/3-ისა.

6. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 7%-ისა.

7. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 150-ზე და გაიყოს ასეთი პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

8. თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღო.

9. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

10. თუ კანდიდატი არჩეულია როგორც საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი არჩეულად ითვლება საარჩევნო ოლქიდან, ამოიღება პარტიული სიიდან და სიის დასაწყისისაკენ გადაინაცვლებენ მისი მომდევნო კანდიდატები.

11. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

12. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებს ბათილად ცნობს იმ საარჩევნო უბნებში, სადაც უხეშად დაირღვა ამ კანონის მოთხოვნები. აღნიშნულ საკითხს ცენტრალური საარჩევნო კომისია განიხილავს და განკარგულებას იღებს კენჭისყრიდან არა უგვიანეს 8 დღისა.

13. განცხადების, საჩივრის ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას ან გადამოწმებას, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების (სპეციალური კონვერტების) ხელახლა დათვლის შესახებ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.

14. საარჩევნო უბანში კენჭისყრის ბათილად ცნობისას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ უბანში ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ შემთხვევში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. თუ ამ შემთხვევაშიც გაბათილდა კენჭისყრის შედეგები, არჩევნების შედეგები ამ უბნის გაუთვალისწინებლად შეჯამდება.

15. განმეორებითი კეჭისყრა შეიძლება დაინიშნოს როგორც არჩევნების პირველი ტურის, ისე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა დაავალოს საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება პირველი ტურიდან (მეორე ტურიდან) 2 კვირის ვადაში.

16. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა სრული რაოდენობა ამ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10%-ზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში.

17. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე მოწყობილი არჩევნები ჩატარებულად გამოცხდდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 7%, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით საერთო არჩევნებიდან 2 კვირაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

18. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 2%. ხელახალ კენჭისყრში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

19. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

20. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

    მუხლი 106. არჩევნების მეორე ტური. ხელახალი არჩევნები ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში და საქართველოს პარლამენტის წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელშიც მონაწილეობს უკეთესი შედეგების მქონე ორი კანდიდატი. თუ ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა რამდენიმე კანდიდატს ან საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატს, მეორე ტურში გადის ყველა აღნიშნული კანდიდატი.

2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო.

3. თუ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1/3-მა და არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, აგრეთვე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, იმართება ხელახალი არჩევნები.

4. ხელახალი არჩევნების თარიღსა და საარჩევნო ღონისძიებათა ჩატარების ვადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განკარგულებით ნიშნავს კენჭისყრის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

5. ხელახალი არჩევნები ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში ტარდება წელიწადში ორჯერ მაის - ივნისში და ოქტომბერ - ნოემბერში. არჩევნები უნდა ჩატარდეს უახლოეს ვადაში.

6. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე ხელახალი არჩევნები გამოკლებული პარლამენტის წევრის ნაცვლად არ ტარდება.

7. თუ გამოკლებული პარლამენტის წევრი არჩეული იყო პარტიული სიით მის ადგილს ერთი თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან 15 დღის განმავლობაში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანდიდატი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს დაიკავებს მისი მომდენო კანდიდატი და ა.შ. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში ასარჩევი კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი უქმდება.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სათანადო დოკუმენტაციას წარუდგენს პარლამენტის სამანდატო კომისიას.

9. ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის კანდიდატურის წარდგენის უფლება ენიჭება პარტიასა და საარჩევნო ბლოკს (მიუხედავად იმისა, შეყვანილია თუ არა ეს კანდიდატი რეგისტრირებულ პარტიულ სიაში), აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

10. საქართველოს პარლამენტის მიერ დეპუტატთა უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს უჩერდებათ პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

11. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი შესაბამისი პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მისი ადგილმონაცვლეა, აგრეთვე ამ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ პირს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მისი პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის მომენტიდან.

    მუხლი 107. არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.

კარი IV

თავი XV

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები

    მუხლი 108. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების დანიშვნა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები არ ტარდება.

4. ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშულებებით არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

    მუხლი 109. საარჩევნო სისტემა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები სოფელში, თემში, დაბაში, ქალაქსა და იმ ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ტარდება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

3. ქალაქში, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 5 000-ზე მეტია და ქალაქში, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, გარდა ქალაქ თბილისისა და ფოთისა, გამგებელი, მერი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

    მუხლი 110. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად, გამგებლად, მერად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი, საქართველოში მუდმივად უცხოვრია 5 წელი მაინც და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია:

ა) შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩევნებისას;

ბ) შესაბამისი ქალაქის ტერიტორიაზე – გამგებლად, მერად არჩევნებისას.

2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს ორი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, გარდა რაიონის და ამავე რაიონში შემავალი სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საკრებულოსი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ არჩევნების დანიშვნის დღისათვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები და ნაოსნობაში მყოფ გემებზე მყოფი ამომრჩევლები.

4. ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 111. თანასწორი საარჩევნო უფლება

1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში ამომრჩეველს აქვს იმდენი ხმის უფლება, რამდენი წევრიცაა ასარჩევი შესაბამის საკრებულოში.

2. ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება.

3. გამგებლის, მერის არჩევნებში ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება.

    მუხლი 112. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

1. საკრებულო შედგება:

ა) 5 წევრისაგან, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 5 000-ს;

ბ) 7 წევრისაგან, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 5 000-დან 10 000-მდეა;

გ) 9 წევრისაგან, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 10 000-ს;

2. ქალაქების – ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საკრებულოები შედგება 15-15 წევრისაგან.

3. ქალაქ თბილისის საკრებულო შედგება 49 წევრისაგან.

4. საკრებულოში ასარჩევ წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით, არჩევნების წლის 1 იანვრის მდგომარეობით.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 113. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის უფლებამოსილების ვადები

1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

2. გამგებლის, მერის უფლებამოსილება იწყება არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.

    მუხლი 114. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ ამ კანონის 94-ე მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.

3. საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

თავი XVI

საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

    მუხლი 115. საარჩევნო ოლქები

1. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს ასარჩევად იქმნება მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები.

2. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გამგებლის, მერის ასარჩევად იქმნება საარჩევნო ოლქები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქალაქის ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად.

3. ქალაქების – ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საარჩევნო ოლქებს განკარგულებით ქმნის საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისია.

4. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქის საარჩევნო ოლქებს განკარგულებით ქმნიან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები.

5. ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოს არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს ქალაქ თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცეს თავისი უფლებები, გარდა ამ კანონის 118-ე და 120–126-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებისა.

6. საარჩევნო კომისიები არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ მათი საზღვრების მითითებით.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

თავი XVII

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება, არჩევნებში მონაწილე სუბიექტების რეგისტრაცია, კანდიდატთა წარდგენა და საარჩევნო ბიულეტენი

    მუხლი 116. საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

    მუხლი 117. პარტიების რეგისტრაცია

ის პარტიები, რომლებსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლებისა და მერების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციაში ტარდებიან ამ კანონის 95-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 118. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიული სიების წარდგენა

1. ქალაქ თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა.

2. ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს თითო პარტიული სია.

3. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 49-ზე ნაკლები და 98-ზე მეტი.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი.

5. პარტიული სიების შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება – „უმუშევარი“);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“);

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

თ) რეგისტრაციის ადგილი.

7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

8. პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი, მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) მისი შევსების თარიღის მითითებით, სადაც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან ერთად (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი) მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

9. ქალაქ თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის (საარჩევნო ბლოკის) წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 119. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა წარდგენა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის, გამგებლის, მერის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:

ა) ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს;

ბ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

გ) საარჩევნო ბლოკს.

2. პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისად სოფელში, თემში, დაბაში მცხოვრები არანაკლებ 10 ამომრჩეველი, ხოლო ქალაქში – არანაკლებ 100, იმ ქალაქში კი, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში – არანაკლებ 200 ამომრჩეველი.

3. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უადრეს 40 და არა უგვიანეს 30 დღისა და წარადგინონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში, მიეთითება – „უმუშევარი“);

ვ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

ზ) რეგისტრაციის ადგილი;

თ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება - „უპარტიო“).

5. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამ ჯგუფის წევრთა და წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი.

6. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი ორ ცალად, რომელშიც მის საანკეტო მონაცემებთან ერთად (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

7. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის წარდგენა ადგილობრივი თვითმმრთველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობისა და გამგებლობის, მერობის კანდიდატად, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრობისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად.

    მუხლი 120. პარტიული სიის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პარტიულ სიას მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო ოლქში წარდგენილ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია მათი წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, გამგებლობის, მერობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მათ გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.

5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება;

გ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია;

დ) ორი ფოტოსურათი.

6. პარტიული სია ან პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული:

ა) სახელი, გვარი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);

დ) რეგისტრაციის ადგილი;

ე) განცხადება კანდიდატის წარდგენის შესახებ, რომელიც დამოწმებულია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელთა ხელმოწერებით;

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“);

ზ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში მიეთითება – „უმუშევარი“);

თ) საქართველოში 5 წლის მანძილზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი;

ი) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე;

კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.

7. თუ წარდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, საარჩევნო კომისია პარტიულ სიას ან პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს რეგისტრაციაში არ ატარებს.

8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს რეგისტრაციაში არ ატარებს შესაბამისი საოლქო ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

9. პროპორციული საარჩევნო სისტემით, პარტიული სიების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნებისათვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ მან უარი განაცხადა, – მომდევნოს და ა.შ. თუკი საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.

10. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითობა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულებისა, განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 99-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.

11. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ერთმანდატიანი და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩასატარებელი არჩევნებისათვის საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატთა რიგითობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო სხვა პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატთა რიგითობა – ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ერთი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ ყველა კანდიდატს ენიჭება ერთი და იგივე ნომერი (ეს ნომერი არაბული ციფრებით აღინიშნება), ხოლო ამ ნომრის მქონე კანდიდატების თანამიმდევრობა აღინიშნება ანბანის მიხედვით, იმ რიგითობით, როგორითაც ისინი წარადგინა პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა.

12. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია გაუქმდა მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

13. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის თაობაზე ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ამავე ვადაში ქვეყნდება აგრეთვე იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 121. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ რეგისტრაციის შემდეგ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. კანდიდატს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ აცნობებს ამას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს დაუყოვნებლივ.

    მუხლი 122. საარჩევნო ბიულეტენი

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ პარტიების, საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) დადგენილი რიგითობის შესაბამისად.

3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ შესაბამის საკრებულოში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება – „საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი“, ხოლო პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს – შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება. მონაცემები კანდიდატების თაობაზე საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება მისი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული რიგითობის შესაბამისად.

4. გამგებლის, მერის არჩევნებისათვის ცალკე დგება საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც შეიტანება გამგებლად, მერად ასარჩევი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება – „საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი“, ხოლო პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს – შესაბამისი პარტიისა და საარჩევნო ბლოკის სახელწოდება.

5. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები, ამომრჩეველი შემოხაზავს მხოლოდ იმ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას.

6. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების თაობაზე, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს იმდენი კანდიდატის რიგით ნომერს, რამდენი წევრიცაა ასარჩევი შესაბამის საკრებულოში, ხოლო გამგებლის, მერის არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში – მხოლოდ იმ კანდიდატის რიგით ნომერს, რომელსაც აძლევს ხმას.

    მუხლი 123. საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების დადგენა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობდა შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა სულ ცოტა 1/3.

2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და გაიყოს იმ პარტიების (საარჩევნო ბლოკების) მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნების მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

3. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ პარტიებს (საარჩევნო ბლოკებს) შორის, რომლებმაც მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც. ამ შემთხვევაში თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს.

4. თუ ორი ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

6. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში ასარჩევ წევრთა რაოდენობის შესაბამისად არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებენ.

7. გამგებლის, მერის არჩევნებში საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვაზე მეტ ხმას მიიღებს.

8. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

9. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.

10. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად ჩაითვალა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტია.

11. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს.

12. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას;

გ) გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას;

დ) ნამდვილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

ე) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

ვ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას;

ზ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას.

13. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ არჩევნებში არჩეულად ჩაითლება გამგებლობის, მერობის ის კანდიდატი, რომელიც ხმათა მეტ რაოდენობას მიიღეებს.

14. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ცალთა რაოდენობა ოთხით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების რაოდენობას.

15. ოქმის პირველი ეგზემპლარი კენჭისყრის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ეგზავნება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მეორე ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მესამე გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას, დანარჩენი – პარტიების, საარჩევნო ბლოკების, მაჟორიტარი კანდიდატების წარმომადგენლებს.

16. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მეოთხე ცალი დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.

17. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრების, გამგებლის, მერის პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 124. განმეორებითი კენჭისყრა. ხელახალი არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები

1. თუ კენჭისყრა საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც საერთო არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატსა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატს შორის სხვაობა ნაკლებია ამ უბნის, ან გაბათილებული უბნების, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში იმართება ხელახალი არჩევნები.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე არჩევნები.

5. განმეორებითი კენჭისყრისას, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნებისას კენჭისყრა, ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების შეჯამება ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 125. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად, გამგებლად, მერად არჩეულთა რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულს წევრად, გამგებლად, მერად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

    მუხლი 126. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე

1. თუ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში 2 კვირის ვადაში მის ადგილს იკავებს მისი ადგილმონაცვლე:

ა) იმავე პარტიულ სიაში რიგით მიმდევნო კანდიდატი (ქალაქ თბილისის საკრებულოსათვის), თუ იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის მანდატი უქმდება;

ბ) საკრებულოს წევრად აურჩეველ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი (მაჟორიტარული სისტემით არჩეული საკრებულოსათვის), თუ იგი შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს იკავებს მისი მომდევნო კანდიდატი. ასეთი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში მანდატი უქმდება.

თავი XVIII

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 127

აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე და საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნებისათვის აუცილებელი პირობების შექმნამდე:

ა) 1992 წლის არჩევნების შედეგად აფხაზეთიდან არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის არიან საქართველოს პარლამენტის წევრები, უგრძელდებათ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. აფხაზეთში ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების ჩატარებისა და მათი უფლებამოსილების ცნობისთანავე უფლებამოსილებაგაგრძელებული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეწყდება;

ბ) თუ ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრი რეგისტრირებული იქნება პარლამენტის წევრობის კანდიდატად, მას უფლებამოსილება არ უგრძელდება.

    მუხლი 1271

„ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის კანონის საფუძველზე პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შესაბამის საკრებულოში მის ადგილს იკავებს იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი შესაბამისი საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1274 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.15

    მუხლი 128

1. ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა კოალიციებმა (ჯგუფებმა) საქართველოს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარმოადგინონ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სია.

2. საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომელნიც ამ კანონის ამოქმედებამდე იყვნენ დანიშნულნი (არჩეულნი), უნარჩუნდებათ კომისიის წევრის უფლებამოსილება ამ კანონის შესაბამისად კომისიების შექმნამდე. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თავმჯდომარე ან/და მოადგილე აირჩევა კომისიის განკარგულებით, მისი შემადგენლობიდან, ამ კომისიის არანაკლებ 3 წევრის ერთობლივი წარდგინებით. თუ საოლქო საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც მოადგილე, თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად კომისიის სხდომას იწვევს და უძღვება კომისიის მდივანი. თუკი საოლქო საარჩევნო კომისიაში 7 წევრზე ნაკლები აღმოჩნდება, დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 7-მდე შესავსებად კომისიის მიერ განკარგულებით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლება აქვს მის დამნიშვნელ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც იგი დანიშნა/აირჩია, უფლება აქვს კომისიის ამ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან 15 დღის ვადაში დანიშნოს/აირჩიოს მისი უფლებამონაცვლე. განცხადება დანიშვნის/არჩევის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.

3. 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების, გამგებლების, მერების, აგრეთვე 2002 წლის საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალ არჩევნებში საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის ან ხმის მიცემის უფლების მოწმობის საფუძველზე კენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენს გასცემს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საბუთის წარდგენისას:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მათ შორის, ყოფილი სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი);

ბ) სამხედრო ბილეთი ან მიწერის მოწმობა;

გ) პენსიონერის მოწმობა;

დ) ავტომანქანის მართვის მოწმობა;

ე) დევნილის მოწმობა;

ვ) შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული ცნობა.

31. 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების, გამგებლების, მერების არჩევნებისას, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისას ამ კანონით გათვალისწინებული საარჩევნო პროცედურებისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) გარდა დასაშვებია ყოფილი სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის გამოყენება, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.

4. თუ სოფელსა და თემში მცხოვრებ ამომრჩეველს არა აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საბუთი კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად, კენჭისყრამდე არა უგვინეს ორი დღისა მან განცხადებით უნდა მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას ამომრჩეველს ეძლევა ცნობა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. ამომრჩევლის მონაცემები კომისიის წევრს შეაქვს ამომრჩეველთა სიაში, ხოლო პირადობის მოწმობის ნომრის შესატანად გათვალისწინებულ სვეტში კეთდება ჩანაწერი „ცნობა №...“ და აღინიშნება ცნობის გაცემის თარიღი. საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისას განმცხადებელს მომდევნო დღეს ეძლევა გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც აღინიშნება უარის თქმის მიზეზი.

საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 1281

1. 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვს 1999 წლის საპარლამენტო და 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიას, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო დასახელებული (თუ რიგით პირველმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მომდევნოზე გადადის და ა.შ.), თუ ამ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა ერთ ან მეორე ბოლო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების მონაწილეთა ხმების 4% მაინც მიიღო (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეს პროცენტი გამოიანგარიშება როგორც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საქართველოს რაიონებსა და იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტი ამ არჩევნების მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიმართ).

2. თუ ერთმა პარტიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება მიიღო როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესაბამისად, მას უფლება ეძლევა კომისიის წევრი დანიშნოს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაბამისად.

3. თუ არჩევნებისათვის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდებიან ის პარტიები, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიიღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, კომისიის ერთ წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 1282

ამ კანონის 51-ე მუხლის მე-5-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება 2002 წლის სოფლის, თემისა და დაბის საკრებულოების არჩევნებზე. ამ არჩევნებისათვის შესაბამის წესს დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 1283

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა კენჭისყრის დღემდე 25-ე დღე. შესაბამისად 5-5 დღე ემატება კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების ვადებს.“.

საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

    მუხლი 129

1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.

2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ეხება საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში მხოლოდ იმ პირის არჩევის ან დანიშვნის შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, ამოქმედდეს 2002 წლის 31 აგვისტოდან.

3. 2001 წლის 21 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნები ჩატარდეს ამ კანონით დადგენილი წესითა და ვადებით. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 დღის ვადაში აღნიშნული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები შესაბამისობაში მოიყვანოს ამ კანონთან.

თავი XIX

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 130

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №31-33);

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წელი, №31-33);

გ) საქართველოს კანონი „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების _ საკრებულოების არჩევნების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, 1998 წელი, №27-28).

    მუხლი 131. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 2 აგვისტო.

№1047-რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2001 წლის 28 სექტემბრის ორგანული კანონი №1074 – სსმ I, №26, 01.10.2001 წ., მუხ.108

2. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1268 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.16

3. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1274 – სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.15

4. საქართველოს 2002 წლის 25 აპრილის ორგანული კანონი №1380 – სსმ I, №9, 26.04.2002 წ., მუხ.41

50. 27/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5636-რს - ვებგვერდი, 10/01/2012 49. 13/10/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5114-IIს - ვებგვერდი, 111031027, 31/10/2011 48. 07/12/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3885-IIს - სსმ, 72, 22/12/2010 47. 15/10/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3713-IIს - სსმ, 57, 25/10/2010 46. 27/04/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2996 - სსმ, 24, 10/05/2010 45. 09/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2704 - სსმ, 12, 24/03/2010 44. 12/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2786 - სსმ, 10, 16/03/2010 43. 12/01/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2528 - სსმ, 2, 12/01/2010 42. 28/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2525 - სსმ, 49, 30/12/2009 41. 22/10/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1889 - სსმ, 33, 09/11/2009 40. 22/10/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1880 - სსმ, 33, 09/11/2009 39. 10/08/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1610 - სსმ, 23, 10/08/2009 38. 19/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1279 - სსმ, 13, 02/07/2009 37. 12/06/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1182 - სსმ, 12, 29/06/2009 36. 26/12/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 883 - სსმ, 1, 15/01/2009 35. 01/11/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 479 - სსმ, 30, 07/11/2008 34. 15/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 231 - სსმ, 16, 26/07/2008 33. 21/03/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 6013 - სსმ, 5, 22/03/2008 32. 07/12/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5582 - სსმ, 43, 12/12/2007 31. 22/11/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5500 - სსმ, 39, 22/11/2007 30. 20/11/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5467 - სსმ, 40, 03/12/2007 29. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5250 - სსმ, 29, 27/07/2007 28. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5246 - სსმ, 29, 27/07/2007 27. 03/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5186 - სსმ, 28, 18/07/2007 26. 08/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4919 - სსმ, 22, 19/06/2007 25. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4219 - სსმ, 2, 04/01/2007 24. 14/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3990 - სსმ, 48, 22/12/2006 23. 24/07/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3489 - სსმ, 31, 28/07/2006 22. 23/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3400 - სსმ, 26, 14/07/2006 21. 06/06/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 3189 - სსმ, 21, 15/06/2006 20. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2441 - სსმ, 2, 09/01/2006 19. 23/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2414 - სსმ, 2, 09/01/2006 18. 16/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2263 - სსმ, 55, 27/12/2005 17. 09/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2208 - სსმ, 54, 20/12/2005 16. 23/06/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1735 - სსმ, 36, 11/07/2005 15. 22/04/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1427 - სსმ, 21, 07/05/2005 14. 24/01/2005 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/257,268 - სსმ, 2, 31/01/2005 13. 24/12/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 789 - სსმ, 5, 18/01/2005 12. 26/11/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 618 - სსმ, 35, 29/11/2004 11. 12/10/2004 - საქართველოს ორგანული კანონი - 488 - სსმ, 30, 18/10/2004 10. 16/09/2004 - საქართველოს კანონი - 420 - სსმ, 27, 05/10/2004 9. 26/12/2003 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/11/268 - სსმ, 50, 29/12/2003 8. 28/11/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 3124 - სსმ, 31, 29/11/2003 7. 14/08/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2965 - სსმ, 25, 25/08/2003 6. 12/08/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2934 - სსმ, 24, 20/08/2003 5. 05/08/2003 - საქართველოს ორგანული კანონი - 2932 - სსმ, 24, 20/08/2003 4. 25/04/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1380 - სსმ, 9, 26/04/2002 3. 12/02/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1274 - სსმ, 4, 05/03/2002 2. 12/02/2002 - საქართველოს ორგანული კანონი - 1268 - სსმ, 4, 05/03/2002 1. 28/09/2001 - საქართველოს ორგანული კანონი - 1074 - სსმ, 26, 01/10/2001