დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5114-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/10/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 111031027, 31/10/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.016025 |
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) დაემატოს შემდეგი შინაარსის 12918 მუხლი:
„მუხლი 12918. ამომრჩეველთა სიების დაზუსტება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის
1. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით იქმნება კომისია.
2. კომისიის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 21 წევრისა.
3. კომისიის შემადგენლობას პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი კომისიის დებულებით დადგენილი წესით.
5. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის მდივანს. კომისიის თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნეს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი წევრებისგან.
6. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
7. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედისა.
8. კომისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, კარდაკარ გადამოწმების პრინციპით.
9. კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას უზრუნველყოფს 2012 წლის 1 ივლისამდე. კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი სია არის ამომრჩეველთა ერთიანი სია.
10. სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან ითანამშრომლონ კომისიასთან ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად.
11. კომისიის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 13 ოქტომბერი.
№5114–IIს
დოკუმენტის კომენტარები