საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1427
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 07/05/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.001.822
  • Word
1427
22/04/2005
სსმ, 21, 07/05/2005
010.210.010.04.001.001.822
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

2. მე-17 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო ადმინისტრაცია ასრულებს საარჩევნო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ამ კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრთა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა ასარჩევად საყოველთაო არჩევნების ჩატარებას, არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის მონაწილეთა მიერ თავიანთი კანონიერი უფლებების დაუბრკოლებლად განხორციელებას. საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემოკლებით – ცესკო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და ამ კომისიათა აპარატებისაგან, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“.

3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა

1. საარჩევნო კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

2. საარჩევნო კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები არიან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები.

3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს უფლება არა აქვს შევიდეს პარტიაში, ხოლო თუ იგი პარტიის წევრი იყო, ვალდებულია გავიდეს პარტიიდან.

4. საქართველოს ცენტრალური, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიების წევრები, მათი აპარატების თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებისა, არიან საჯარო მოხელეები. მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე და 64-ე მუხლებითა და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 – მე-9 პუნქტებით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს უფლება არა აქვს იყოს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან დაწესებულების მოსამსახურე.

5. ცენტრალური, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ამომრჩეველი, გარდა:

ა) პირისა, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიის ან სასამართლოს მიერ განთავისუფლდა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

გ) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;

დ) პირისა, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა) და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შემავალი დეპარტამენტების/სამმართველოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ზ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

თ) მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისა;

ი) პროკურატურის თანამშრომლებისა;

კ) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლებისა;

ლ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.

6. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ არჩევის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.“.

4. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 20. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადა

1. ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 6 წლით.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საარჩევნო უბანში ამ კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე.

3. საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.

4. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრება იმართება საერთო ან შუალედური არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-40 და არა უგვიანეს 35-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრება იმართება კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.

5. ერთი და იგივე პირი ცესკოს, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ/წევრად არ შეიძლება აირჩეს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში.“.

5. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები თანამდებობებიდან ვადამდე თავისუფლდებიან შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით:

ა) თანამდებობიდან გადადგომისას:

ა.ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის, ცესკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტს;

ა.ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება ცესკოს;

ა.გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას;

ა.დ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება წარედგინება ზემდგომ საარჩევნო კომისიას;

ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;

გ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

დ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი;

ე) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტში, 33-ე მუხლის მე-7 პუნქტში და 37-ე მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულ განცხადებებში, გადაწყვეტილებებსა და მათ დანართებში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

ვ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;

ზ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას ან თუ კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

თ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის აკრძალვისას ან ლიკვიდაციისას (თუ ლიკვიდაცია არ მოხდა ისეთ პარტიასთან გაერთიანების გამო, რომელსაც არ ჰქონდა კომისიის წევრის დანიშვნის უფლება; ამ შემთხვევაში ლიკვიდირებული პარტიის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება პარტია, რომელსაც იგი შეუერთდა), რომელმაც დანიშნა საარჩევნო კომისიის წევრი – პარტიის აკრძალვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, ხოლო პარტიის ლიკვიდაციისას – ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;

ი) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ მისი გამოწვევისას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

კ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;

ლ) საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.

2. ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს: საქართველოს პარლამენტი – 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია – 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, როგორც მოხდა მათი არჩევა.

4. თუ გადადგომის/უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადებში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

5. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 7 დღით ადრე.“.

6. 22-ე მუხლის:

ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

7. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არაა დადგენილი), მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“;

გ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 221 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 221. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა/წევრთა არჩევა

1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს (გარდა ცესკოს თავმჯდომარისა), თავმჯდომარის მოადგილეს/მდივანს, შესაბამისი ვაკანსიის წარმოქმნის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს შესაბამისი კომისია.

2. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა დასახელების უფლება აქვს:

ა) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის – კომისიის არანაკლებ 2 წევრს;

ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის – კომისიის თავმჯდომარეს;

გ) კომისიის მდივნობის კანდიდატის – კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

3. ერთი და იმავე კანდიდატის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

5. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

6. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არ ჰყავს არც მდივანი, კომისიის სხდომას იწვევს და თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.“.

8. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და სხვა წევრებს უფლებამოსილების მთელი დროის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ენიშნებათ ხელფასი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

9. 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი. დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების დღის 24 საათიდან, თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა.

4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და მდივნის განკარგულებები არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომის დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.“.

10. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. საარჩევნო კომისიის შემადგენლობა

ცესკო შედგება თავმჯდომარის და 6 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე, თავისი უფლებამოსილების პერიოდში, იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა, იმავდროულად იწვევს მისი წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 5 წევრისაგან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია არანაკლებ 5 და არა უმეტეს 9 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.“.

11. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და 6 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

2. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.

3. ცესკოს თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

4. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საზოგადოებაში სარგებლობს დადებითი რეპუტაციით, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღე.

6. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

7. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა.

8. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.

9. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს ცესკოში ასარჩევ თითო ვაკანსიაზე წარუდგენს არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატს. საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს. კანდიდატების შერჩევიდან/წარდგენიდან არა უგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს და ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატს.“.

12. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 28. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის არჩევა

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტში წარდგენიდან არა უგვიანეს 14 დღისა, საქართველოს პარლამენტი სახელობითი კენჭისყრით ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს/წევრებს. თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე ეყრება კენჭი. ცესკოს თავმჯდომარე/წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის 6 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე.

2. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს 3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

3. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ, კომისიის შემადგენლობის შვიდამდე შესავსებად, საქართველოს პარლამენტის უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტი ხელახლა წარუდგენს პარლამენტს იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიიღეს სიითი შემადგენლობის არანაკლებ უმრავლესობისა, ან არა უგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში.

5. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ცესკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის შესახებ წარედგინება ცესკოს მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ დადგენილებაში უნდა მიეთითოს ცესკოს თავმჯდომარედ/წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი. დადგენილებას უნდა დაერთოს ამ კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.“.

13. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;“;

ბ) „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;

ი) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიის ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;“;

გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს და განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმს;“;

დ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ კავშირს, ფონდს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;“;

ე) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) დადგენილებით განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების წესს და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის პირობებს.“.

14. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია, თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. საოლქო საარჩევნო კომისიას, არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე, უფლება აქვს დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი, მაგრამ არა უმეტეს ხუთი პირისა.“.

15. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის არჩევა

1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 10 დღისა. ამავე ვადაში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. იგივე წესი მოქმედებს საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა, ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

6. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;

ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.

7. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა; განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებულ საკონკურსო დოკუმენტაციას წარადგენენ ცესკოში.

9. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს 2 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

10. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს კანდიდატთა სიას.

11. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები; თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, კონკურსი დარჩენილ ვაკანსიაზე თავიდან ცხადდება.

12. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

13. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის განკარგულებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის დასახელება, რომლის თავმჯდომარედ/წევრადაც იგი აირჩა. გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

14. ცესკო აქვეყნებს არჩეულ კომისიის წევრთა სიას.“.

16. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული წესით.“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;“;

ბ.ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას, აგრეთვე რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას და განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;“;

ბ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ კავშირს/ფონდს;“;

ბ.დ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

„უ1) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას და ცესკოს წარუდგენს სერტიფიცირების კანდიდატებს;“.

17. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

18. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევისა).

2. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. ორ-ორ წევრს ნიშნავს საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველ სამ ადგილზე გასული პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა არჩევნებში ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და მის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორე პარტიაზე გადადის და ა.შ.).

4. თუ ამ მუხლით უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები), იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და თუ ამის გამო კომისიაში ამ კანონით დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შევსების უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე კანონით დადგენილი წესით. (გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის შემადგენლობის შევსების უფლება აქვს ცესკოს).“.

19. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნა/არჩევა

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.

2. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიის 3 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.

3. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 35-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – ცესკო, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა.

5. თუ არჩევნების დღემდე 45-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის კი არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიებისათვის მე-19 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში).

6. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიებისათვის – ცესკოს.

7. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, კომისიის ახალი წევრის არჩევის უფლება მისი შემადგენლობის შესავსებად ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს, შესაბამისად, საოლქო ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

9. კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) ინფორმაცია, რომელშიც აღინიშნება კომისიის წევრად დანიშნული/არჩეული პირის განათლება (უმაღლესი, საშუალო), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი, რომელშიც იგი რეგისტრირებულია ამომრჩევლად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);

ბ) მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.

10. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები, შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.“.

20. 38-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვას, საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;“.

21. 391 მუხლი ამოღებულ იქნეს.

22. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საერთო ან ხელახალი არჩევნების დროს რეგისტრირებულმა პარტიებმა/საარჩევნო ბლოკებმა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში შუალედური ან ხელახალი არჩევნების დროს, რომელთა ჩატარების ვადები არ ემთხვევა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ვადებს, პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნებში მონაწილეობისას საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გახსნან კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა.“.

23. 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს ჩანაწერთა წიგნში (დროის მითითებით). თუ კენჭისყრის დღეს კომისიის წევრთა რაოდენობა გასანაწილებელ ფუნქციებზე ერთით ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი შეიცვლება წილისყრით გამოვლენილი დამკვირვებლით. თუ ეს რაოდენობა ორით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, საარჩევნო ბიულეტენის მეორე ხელმოწერით დამოწმების ფუნქცია გადაეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში აღნიშნულ კომისიის წევრს. თუ ეს რაოდენობა სამით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, გადასატან საარჩევნო ყუთს წაიღებს კომისიის ერთი წევრი. თუ ეს რაოდენობა ოთხით ნაკლები აღმოჩნდა, ამის დამატებით, ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის წევრის ფუნქციას კომისიის მდივანი შეასრულებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველთა სიები შეიძლება გადანაწილდეს რეგისტრატორებს შორის. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ასევე კომისიის წევრის სხვა რომელიმე ფუნქციის შემსრულებელი გამოავლინოს წილისყრით საარჩევნო უბანში ყოფნის უფლების მქონე დამკვირვებლებიდან, მათივე სურვილით.“.

24. 97-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს ყოველ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარადგინოს თავის პარტიულ სიაში შეყვანილ პირთაგან პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი. გამონაკლისია საქართველოს პარლამენტის შუალედური და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში დანიშნული ხელახალი არჩევნები, რომელთა ჩატარების ვადები არ ემთხვევა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ვადებს, რომლის დროსაც კანდიდატად ამ კანონის 96-ე მუხლის მე-9–მე-13 პუნქტებით განსაზღვრული წესით შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი, რომელიც არ იყო პარტიულ სიაში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს პარლამენტის შუალედური და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში დანიშნული ხელახალი არჩევნების დროს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 41-ე დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის სახელით ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადება ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. განცხადებას უნდა ერთვოდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საბუთები, ხოლო „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მხარდამჭერთა სია ამავე ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.“.

25. მე-100 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყდება ამ სიით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. მისი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“.

26. 1071 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა და წინასწარი მონაცემებით საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების პარტიულ სიაში შეყვანილმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა ცესკოს უნდა წარუდგინონ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ არის ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი. თუკი პარლამენტის წევრად არჩეულმა პირმა ცესკოს ამ ვადაში არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან, პარლამენტი იღებს დადგენილებას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ, რის საფუძველზედაც ცესკო იღებს განკარგულებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ და ნიშნავს ხელახალ არჩევნებს ამ კანონის 106-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში, ხოლო თუ პირი პარლამენტის წევრად არჩეული იყო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით, ცესკო ამ კანონის 106-ე მუხლის მე-7 და 71 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს მის უფლებამონაცვლეს.“.

27. 1271, 128-ე, 1281, 1282, 1283, 1284, 1285, 1286, 1287, 1288, 1289, 12810, 12811, 12812 მუხლები ამოღებულ იქნეს.

28. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12813 და 12814 მუხლები:

     „მუხლი 12813. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების შექმნის ვადები

1. საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დაკომპლექტების წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, ამ კანონის IV თავში განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესითა და ვადებში იქმნება საარჩევნო კომისიები.

2. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის მიზნით 2005 წლის 10 მაისამდე განკარგულებით აცხადებს კონკურსს.

3. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატების შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით.

4. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

5. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.

6. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა.

7. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა, საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარის ერთ კანდიდატს და ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატს.

8. საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატების არჩევა ხორციელდება ამ კანონის 27-ე და 28-ე მუხლებით გათვალისწინებული წესითა და ვადებში.

9. არჩევიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება არჩეულ პირთა სია.

10. ცესკოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს წევრების არჩევიდან 10 დღის ვადაში.

11. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის მიზნით ცესკო მისი პირველი შეკრებიდან 10 დღის ვადაში გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

12. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით.

13. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები ცესკოს წარედგინება ცესკოს ახალი შემადგენლობის პირველი შეკრებიდან ერთი თვის ვადაში.

14. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 20 დღისა.

15. საოლქო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევიდან 10 დღის ვადაში.

16. ამ კანონის შესაბამისად და ამავე მუხლის ვადებში შექმნილი საქართველოს ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების პირველი შეკრებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდებათ ამ მუხლის ამოქმედებამდე არსებული შესაბამისი საარჩევნო კომისიების წევრებს. საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საქმეები გადააბარონ კომისიების ახალ შემადგენლობას.

    მუხლი 12814. 2005 წელს ჩასატარებელი შუალედური და ხელახალი არჩევნების დანიშვნის ვადა

საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დაკომპლექტების წესზე გადასვლასთან დაკავშირებით, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში 2005 წელს ჩასატარებელი შუალედური და ხელახალი არჩევნები გაიმართოს 2005 წლის ოქტომბერნოემბერში.“.

29. 129-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლებიც შეეხება საარჩევნო კომისიისა და მისი აპარატის შემადგენლობაში მხოლოდ იმ პირის დანიშვნის/არჩევის შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, ცესკოს აპარატის თამშრომლებისათვის და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის – 2006 წლის 1 ივლისიდან. თუ აღნიშნული ვადის გასვლამდე ცესკოს აპარატის თანამშრომლები და საოლქო კომისიის წევრები ვერ მიიღებენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატს, ამ ვადის გასვლისთანავე, მათ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით შეუწყდებათ უფლებამოსილება. ცესკომ დაადგინოს სერტიფიცირების წესი და 2006 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ცესკოს აპარატის თანამშრომლების და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების, ხოლო 2006 წლის 1 ივლისამდე – საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ კანონით დადგენილი სავალდებულო სერტიფიცირების მოთხოვნა არ ვრცელდება 2005 წელს არჩეულ ცესკოს წევრებზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 22 აპრილი.

№1427-Iს