საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 09/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.002.059
  • Word
2441
23/12/2005
სსმ, 2, 09/01/2006
010.210.010.04.001.002.059
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 1. კანონის მიზანი

ეს კანონი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ეს კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები და საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;“;

გ) „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის, მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულო;“.

4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.“.

5. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) განკარგულებით ამტკიცებს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებას საქართველოს პარლამენტის წევრის არჩევის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრთა არჩევის (გარდა ქალაქ თბილისისა) თაობაზე, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება შეცვლილი არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილებით;“.

6. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ სიებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს (პარლამენტის არჩევნებისთვის) და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს. პარლამენტის წევრისა და თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეს;“.

7. მე-60 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს დგება ერთი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს – 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით.“.

8. 63-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-4 დღისა აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.“.

9. XV, XVI და XVII თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XV. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები

    მუხლი 108. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დანიშვნა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 45 დღისა.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები არ ტარდება.

4. ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 3 დღისა.

5. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში 45 დღის ვადაში ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

    მუხლი 109. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე. საკრებულოს წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში.

2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ არჩევნების დანიშვნის დღისათვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები და ის ამომრჩევლები, რომლებიც არიან ნაოსნობაში მყოფ გემებზე.

4. ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 110. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილების ვადები

საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

    მუხლი 111. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ საქართველოს პარლამენტის წევრებს და ამ კანონის 94-ე მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებს (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წევრებისა).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.

3. საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი XVI. საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

    მუხლი 112. საარჩევნო ოლქები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს ქმნის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიები ახორციელებენ ამ კოდექსით საოლქო კომისიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

2. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ მათი საზღვრების მითითებით.

თავი XVII. მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნები

    მუხლი 113. საარჩევნო სისტემა

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

    მუხლი 114. საარჩევნო ხმის უფლება

მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

    მუხლი 115. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

1. მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომელიც შედის ამ რაიონის შემადგენლობაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.

2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულო შედგება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან. თვითმმართველი ქალაქი იყოფა ხუთ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად. თვითმმართველი ქალაქის 5 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქად დაყოფის შესახებ ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.

    მუხლი 116. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

    მუხლი 117. პარტიების რეგისტრაცია

ის პარტიები, რომლებსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო რეგისტრაციაში ტარდებიან ამ კანონის 95-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 118. პარტიული სიის წარდგენა

1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია.

3. წარდგენილ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 30-ს.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი.

5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით.

6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება – „უმუშევარი“);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“);

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

თ) რეგისტრაციის ადგილი.

7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

8. პარტიულ სიას თან უნდა ერთვოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი, მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, სადაც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

9. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.

    მუხლი 119. საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:

ა) ამომრჩეველთა არანაკლებ 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს;

ბ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

გ) საარჩევნო ბლოკს.

2. პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე მცხოვრები არანაკლებ 50 ამომრჩეველი.

3. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა და წარადგინონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში, მიეთითება – „უმუშევარი“);

ვ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

ზ) რეგისტრაციის ადგილი;

თ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“).

5. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამ ჯგუფის წევრთა და წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, ტელეფონის ნომერი.

6. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი ორ ცალად, რომელშიც მის საანკეტო მონაცემებთან ერთად (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

7. მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება ხდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

8. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.

    მუხლი 120. პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პარტიულ სიას მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია მათი წარდგენიდან არა უგვიანეს 5 დღისა.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მათ გადასცემენ კანდიდატის მოწმობებს.

5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მითითებით;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება;

გ) პარტიის/ბლოკის განცხადება;

დ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია;

ე) ორი ფოტოსურათი;

ვ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

6. პარტიული სია ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული:

ა) სახელი, გვარი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);

დ) რეგისტრაციის ადგილი;

ე) განცხადება კანდიდატის წარდგენის შესახებ, რომელიც დამოწმებულია პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელთა ხელმოწერებით;

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“);

ზ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი (უმუშევრობის შემთხვევაში მიეთითება – „უმუშევარი“);

თ) საქართველოში უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;

ი) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე;

კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს რეგისტრაციაში არ ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისია.

8. პარტია/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობა იმავე სიითი ნომრით, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე. რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა. თუ საპარლამენტო არჩევნებისათვის რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ენიჭება ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველ პარტიას, ხოლო თუ ეს უკანასკნელი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა.შ. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ იქნა გამოყენებული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ მან უარი განაცხადა, – მომდევნოს და ა.შ. თუკი საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.

9. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითობა, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულებისა, განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 99-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.

10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატთა რიგითობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო სხვა პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატთა რიგითობა – ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.

11. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია გაუქმდა მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის თაობაზე ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ამავე ვადაში ქვეყნდება აგრეთვე იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.

    მუხლი 121. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ რეგისტრაციის შემდეგ კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. კანდიდატს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა შეუძლია მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

3. ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს დაუყოვნებლივ.

    მუხლი 122. საარჩევნო ბიულეტენი

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ პარტიების/საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) დადგენილი რიგითობის შესაბამისად.

3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეაქვთ შესაბამის საკრებულოში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატის გვართან მიეთითება – „საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი“, ხოლო პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატის გვართან – შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება. მონაცემები კანდიდატის თაობაზე საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება მისი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული რიგითობის შესაბამისად.

4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს.

5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების თაობაზე, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 კანდიდატის რიგით ნომერს.

    მუხლი 123. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობდა შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა სულ ცოტა 1/3.

2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და გაიყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნების მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

3. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი თანამიმდევრულად მიეკუთვნებათ პირველ რიგში იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მოაგროვეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%-ზე მეტი, ხოლო შემდეგ იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც, ამ შემთხვევაში თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში ხმების მეტი რაოდენობა მიიღეს.

4. თუ 2 ან მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმას, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი არჩეულად ითვლება საარჩევნო ოლქიდან, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში ხდება მისი მომდევნო კანდიდატის წანაცვლება სიის დასაწყისისაკენ.

    მუხლი 124. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

2. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

    მუხლი 125. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.

2. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.

3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ამტკიცებს ოქმს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას;

გ) გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას;

დ) ნამდვილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

ე) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

ვ) დაუდგენელი ნიმუშის ბიულეტენების რაოდენობას;

ზ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების ცალთა რაოდენობა ოთხით უნდა აღემატებოდეს საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი პარტიების/საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების რაოდენობას.

6. ოქმის პირველი ეგზემპლარი კენჭისყრის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ეგზავნება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მეორე ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მესამე გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას, დანარჩენი – პარტიების, საარჩევნო ბლოკების, მაჟორიტარი კანდიდატების წარმომადგენლებს.

7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის მეოთხე ცალი დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.

8. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრების პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება – „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.

    მუხლი 126. განმეორებითი კენჭისყრა. ხელახალი არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები

1. თუ კენჭისყრა საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც საერთო არჩევნებიდან 2 კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატსა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატს შორის სხვაობა ნაკლებია ამ უბნის, ან გაბათილებული უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების არჩატარებულად გამოცხადების შემთხვევაში იმართება ხელახალი არჩევნები.

4. განმეორებითი კენჭისყრისას, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნებისას კენჭისყრა, ხმების დათვლა და არჩევნების შედეგების შეჯამება ხორციელდება ამ კანონით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 1261. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

    მუხლი 1262. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე

1. თუ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში 2 კვირის ვადაში მის ადგილს იკავებს მისი ადგილმონაცვლე:

ა) პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული წევრის გამოკლების შემთხვევაში – იმავე პარტიულ სიაში რიგით მიმდევნო კანდიდატი, თუ იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება;

ბ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული წევრის გამოკლების შემთხვევაში – შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით საკრებულოს წევრად აურჩეველ კანდიდატებს შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, თუ იგი შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სიიდან ამოიღება და ვაკანტურ ადგილს იკავებს მისი მომდევნო კანდიდატი. ასეთი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში მანდატი უქმდება.“.

10. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1291 მუხლი:

    „მუხლი 1291. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის არჩევნები და არჩევნებამდე გასატარებელი ღონისძიებები

1. 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ჩატარების თარიღს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნების თარიღი უნდა განისაზღვროს არჩევნებამდე 45 დღით ადრე.

2. 2006 წლის ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის განსაზღვრისა და შექმნის საკითხს წყვეტს ცესკო ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით.

3. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად 2006 წლის 1 მარტამდე შეიმუშაოს და განსახილველად წარმოადგინოს კანონპროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც გაითვალისწინებს საოლქო და ადგილობრივი საოლქო კომისიების შექმნის წესს, უფლებამოსილებებსა და ვადებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული საარჩევნო პროცედურების ვადებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 23 დეკემბერი.

№2441-რს