საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2932
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 20/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.001.362
  • Word
2932
05/08/2003
სსმ, 24, 20/08/2003
010.190.020.04.001.001.362
საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ.107) 128-ე, 1281 და 1282 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 128. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შექმნის დროებითი წესი

1. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის პირველივე არჩევნების შედეგების საფუძველზე ამ კანონის შესაბამისად საარჩევნო კომისიების შექმნამდე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება ამ კანონის მე-18 მუხლის, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე, 26-ე მუხლების, 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის და ამ მუხლის შესაბამისად. თუ ზემოთ აღნიშნული მუხლების რომელიმე დებულება განსხვავდება ამ მუხლის დებულებათაგან, მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი ნორმა.

2. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იქმნება 15 წევრის შემადგენლობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 5 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 წევრს ნიშნავენ ის პარტიები, რომლებიც 2003 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულნი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში რიგით მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადადის მეორეზე და ა.შ.) – 3 წევრს;

ბ) 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში რიგით მესამე საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადადის მეორეზე და ა.შ.) – 2 წევრს;

გ) 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ქ.თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში 4 საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადავა მეორეზე და ა.შ.), თუ მას ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად არა აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება – თითო წევრს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ორი ან მეტი პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს, ხოლო საარჩევნო ბლოკი მიიღებს კომისიის იმდენივე წევრის დანიშვნის უფლებას, რამდენიც ჰყავდა დანიშნული ბლოკში გაერთიანებულ იმ პარტიას, რომელსაც სხვაზე მეტი წევრი ჰყავდა კომისიაში დანიშნული. საარჩევნო ბლოკის მიერ ამ წევრის/წევრების დანიშვნის წესი განისაზღვრება საარჩევნო ბლოკის წესდებით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პარტიის/პარტიების და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდებათ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პარტიის/პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს.

8. ამ მუხლის მე-6–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში შექმნილ ვაკანტურ ადგილზე კომისიის თითო წევრის დანიშვნის უფლებით სარგებლობენ ქვემოთ ჩამოთვლილი ოპოზიციური პარტიები შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ქ.თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მე-5 საუკეთესო შედეგის მქონე პარტია/საარჩევნო ბლოკი (საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში კომისიის წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია, ხოლო თუ ის უარს განაცხადებს, ეს უფლება გადადის მეორეზე და ა.შ.);

ბ) პარტია, რომელიც აერთიანებს საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილის დადგენილების საფუძველზე განთავისუფლებულ და დევნილობიდან დაბრუნებულ, 1991-1992 წლების მოვლენების შედეგად დამხობილი ხელისუფლების მომხრეებს (თუ ასეთი პარტია რამდენიმე აღმოჩნდა, კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიას დაადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამართული წილისყრით);

გ) პარტია, რომელსაც 2003 წლის 1 ივლისისათვის საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ჰყავდა და ამ მუხლით დადგენილი სხვა კრიტერიუმით არა აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება (თუ ასეთი სუბიექტი რამდენიმეა, უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელსაც აღნიშნული დროისთვის უფრო მრავალრიცხოვანი ფრაქცია ჰყავდა);

დ) პარტია, რომელსაც 2003 წლის 1 ივლისისათვის საქართველოს პარლამენტში ჰყავდა წარმომადგენელი და ამ მუხლით დადგენილი სხვა კრიტერიუმით არა აქვს კომისიის წევრის დანიშვნის უფლება (თუ ასეთი სუბიექტი რამდენიმეა, უპირატესობა ენიჭება იმ პარტიას, რომელსაც აღნიშნული დროისთვის უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავდა პარლამენტში).

9. თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სუბიექტი რამდენიმეა და თუ მათ პარლამენტში თანაბარრიცხოვანი ფრაქციები ან თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები ჰყავთ, კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიას ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გამართული წილისყრით.

10. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული პარტიის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ პარტიასთან ან 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიასთან საარჩევნო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციის მომენტიდან უფლებამოსილება შეუწყდება ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული პარტიის მიერ დანიშნულ წევრს.

11. ამ მუხლით უფლებამოსილი სუბიექტები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნული პირების ამ კანონით დადგენილ საბუთებს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ ამ კანონის ამოქმედებიდან, ხოლო ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში – ვაკანსიის წარმოქმნიდან 5 დღის ვადაში.

12. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თავის პირველ სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით ირჩევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს.

13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს 10 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის ამ წევრის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტი.

14. თუ ამ მუხლით უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და კომისიის წევრის ეს ადგილი გაუქმდება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა განისაზღვრება დარჩენილი ადგილების რაოდენობით.

    მუხლი 1281. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის დროებითი წესი

1. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის პირველივე არჩევნების შედეგების საფუძველზე, ამ კანონის შესაბამისად საარჩევნო კომისიების შექმნამდე, საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება ამ კანონის მე-18 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 – მე-5 პუნქტების, 21-ე, 26-ე მუხლების და ამ მუხლის შესაბამისად. თუ ზემოთ აღნიშნული მუხლების რომელიმე დებულება განსხვავდება ამ მუხლის დებულებებისაგან, მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი ნორმა.

2. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისია იქმნება 15 წევრის შემადგენლობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარდგინებით, ხოლო ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგინების არარსებობის შემთხვევაში, მის გარეშე ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის ვადა იწურება ამ კანონის ამოქმედებიდან მე-14 დღეს.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის 9 წევრის დანიშვნის უფლება აქვთ ამ კანონის 128-ე მუხლის მე-5 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ პარტიებს (იმავე მუხლით განსაზღვრული რაოდენობითა და წესით).

6. ამ მუხლით უფლებამოსილი სუბიექტები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნული პირების ამ კანონით დადგენილ საბუთებს საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარუდგენენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველი შეკრებიდან 15 დღის ვადაში, ხოლო ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში – ვაკანსიის წარმოქმნიდან 5 დღის ვადაში.

7. საოლქო საარჩევნო კომისიები თავის პირველ სხდომაზე ირჩევენ კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის უფლებამონაცვლეს 10 დღის ვადაში ნიშნავს კომისიის ამ წევრის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტი.

9. თუ ამ მუხლით უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და კომისიის წევრის ეს ადგილი გაუქმდება. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა განისაზღვრება დარჩენილი ადგილების რაოდენობით.

    მუხლი 1282. საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნის დროებითი წესი

1. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის პირველივე არჩევნების შედეგების საფუძველზე, ამ კანონის შესაბამისად საარჩევნო კომისიების შექმნამდე, საუბნო საარჩევნო კომისიები იქმნება ამ კანონის მე-18 მუხლის, მე-20 მუხლის მე-4 – მე-5 პუნქტების, 21-ე, 26-ე მუხლების, 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 37-ე მუხლის და ამ მუხლის შესაბამისად. თუ ზემოთ აღნიშნული მუხლების რომელიმე დებულება განსხვავდება ამ მუხლის დებულებისაგან, მოქმედებს ამ მუხლით დადგენილი ნორმა.

2. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისია იქმნება არა უმეტეს 15 წევრის შემადგენლობით. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის 5 წევრს ნიშნავს 1281 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დანიშნული ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის ის წევრი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშვნისას მისი დამნიშვნელის მიერ მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრის დანიშვნის უფლება აქვთ ამ კანონის 128-ე მუხლის მე-5 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ პარტიებს (იმავე მუხლით განსაზღვრული რაოდენობითა და წესით).

6. ამ მუხლით უფლებამოსილი სუბიექტები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნული პირების ამ კანონით დადგენილ საბუთებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ ამ კანონის 37-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

7. საუბნო საარჩევნო კომისიები თავის პირველ სხდომაზე ირჩევენ კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს.

8. თუ ამ მუხლით უფლებამოსილმა სუბიექტმა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით არ დანიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, იგი დაკარგავს კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას და თუ ამის გამო კომისიაში ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობა დადგენილ მინიმუმამდე შეივსება ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული კომისიის წევრით/წევრებით.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 5 აგვისტო.

№2932-რს