საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/1/257,268

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/1/257,268
დოკუმენტის ნომერი 1/1/257,268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 24/01/2005
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 31/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
1/1/257,268
24/01/2005
სსმ, 2, 31/01/2005
000000000.00.000.000000
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/1/257,268
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/1/257,268

2005 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

ამონარიდი

საქართველოს საკონსტიტუციო  სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

I. მიღებულ იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და (1) შეწყდეს სამართალწარმოება საქართველოს მოქალაქის ირაკლი კოტეტიშვილის 268-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე და, შესაბამისად, ნაწილობრივ – ი. კოტეტიშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდეს საქმეც ,,საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, (2) დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის გურამ სანაძის 257-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს ორგანული კანონის – ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი, (3) საქართველოს ორგანული კანონის – ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობილი მე-12 პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;

II. მოქალაქე ირაკლი კოტეტიშვილის 268-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოების შეწყვეტასა და განხილულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით განახლდეს მოქმედება საქართველოს ორგანული კანონის – ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ იმ ნაწილებისა (მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის გამოკლებით), რომელთა მოქმედებაც შეჩერებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის №1/11/268 საოქმო ჩანაწერით – ამოქმედდეს (1) მე-9 მუხლის (ა) მე-7 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩეველს საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ვერსიაში მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა ,,არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 23-ე დღისა”, (ბ) მე-8 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია ,,არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა” და (გ) მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თაობაზე შესაბამისი რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება ,,არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას”, (2) მე-10 მუხლის (ა) პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩევლებმა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვანად სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ ,,არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა” და (ბ) მე-6 პუნქტის პირველი წინადადება იმ ნაწილში, რომლითაც ამ (მე-10) მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს ,,კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა”;

III. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;

IV. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

V. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

VI. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)

ვახტანგ გვარამია

იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)

ნიკოლოზ შაშკინი