საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 26/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.001.056
  • Word
1380
25/04/2002
სსმ, 9, 26/04/2002
010.190.020.04.001.001.056
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 25, 22. 08. 2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტს სიტყვის „უზრუნველყოფს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და ხელმძღვანელობს“.

2. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს სიტყვის „მომარაგებას;“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით საარჩევნო ბიულეტენების დამზადებას;“.

3. 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო კამპანიის ფონდის მმართველი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების კანონიერება; აგრეთვე შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ფონდის ანგარიში და აცნობოს შემოწირულობის წყარო, ოდენობა და მიღების თარიღი.“.

4. 51-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. 56-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „დღის 12 საათამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „წინა დღის 14 საათამდე“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „13 საათის“ შეიცვალოს სიტყვებით „11 საათის“;

გ) მე-7 პუნქტში რიცხვი „20“ შეიცვალოს რიცხვით „19“, ხოლო რიცხვი „21“ – რიცხვით „20“.

6. 59-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებაში რიცხვი „50“ შეიცვალოს რიცხვით „10“; მესამე წინადადებაში სიტყვის „სუბიექტის“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „(სუბიექტების)“, ხოლო სიტყვის „მის“ შემდეგ – სიტყვა „(მათ)“.

7. 71-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია 24 საათის განმავლობაში გასცეს წარმომადგენელზე მოწმობა.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რასაც იგი ამ მუხლის მოთხოვნათა თანახმად აცნობებს შესაბამის საარჩევნო კომისიას.“.

8. 112-ე მუხლის მე-3 პუნქტში რიცხვი „30“ შეიცვალოს რიცხვით „49“.

9. 115-ე მუხლის მე-5 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს ქალაქ თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცეს თავისი უფლებები, გარდა ამ კანონის 118-ე და 120–126-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებისა.“.

10. 118-ე მუხლის მე-3 პუნქტში რიცხვი „30“ შეიცვალოს რიცხვით „49“, ხოლო რიცხვი „60“ – რიცხვით „98“.

11. 120-ე მუხლის მე-9–12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პროპორციული საარჩევნო სისტემით, პარტიული სიების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნებისათვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ მან უარი განაცხადა, – მომდევნოს და ა.შ. თუკი საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს პარლამენტის ბოლო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.

10. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითობა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულებისა, განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 99-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.

11. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ერთმანდატიანი და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით ჩასატარებელი არჩევნებისათვის საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატთა რიგითობა განისაზღვრება ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით, ხოლო სხვა პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ კანდიდატთა რიგითობა – ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით. მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში ერთი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ ყველა კანდიდატს ენიჭება ერთი და იგივე ნომერი (ეს ნომერი არაბული ციფრებით აღინიშნება), ხოლო ამ ნომრის მქონე კანდიდატების თანამიმდევრობა აღინიშნება ანბანის მიხედვით, იმ რიგითობით, როგორითაც ისინი წარადგინა პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა.

12. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია გაუქმდა მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.“.

12. 123-ე მუხლის მე-2 პუნქტს სიტყვის „გაიყოს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „იმ“, ხოლო სიტყვის „ჯამზე“ შემდეგ – სიტყვები „რომლებმაც მიიღეს არჩევნების მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა“.

13. 128-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი ტექსტი: „საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თავმჯდომარე ან/და მოადგილე აირჩევა კომისიის განკარგულებით, მისი შემადგენლობიდან, ამ კომისიის არანაკლებ 3 წევრის ერთობლივი წარდგინებით. თუ საოლქო საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც მოადგილე, თავმჯდომარის ან/და თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად კომისიის სხდომას იწვევს და უძღვება კომისიის მდივანი. თუკი საოლქო საარჩევნო კომისიაში 7 წევრზე ნაკლები აღმოჩნდება, დამატებით წევრებს მისი შემადგენლობის 7-მდე შესავსებად კომისიის მიერ განკარგულებით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლება აქვს მის დამნიშვნელ პარტიას/საარჩევნო ბლოკს. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც იგი დანიშნა/აირჩია, უფლება აქვს კომისიის ამ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან 15 დღის ვადაში დანიშნოს/აირჩიოს მისი უფლებამონაცვლე. განცხადება დანიშვნის/არჩევის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „2001 წლის“ და სიტყვები „2001 წლის 22 ოქტომბრის“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის“;

გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების, გამგებლების, მერების არჩევნებისას, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისას ამ კანონით გათვალისწინებული საარჩევნო პროცედურებისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) გარდა დასაშვებია ყოფილი სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტის გამოყენება, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.“.

14. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1281, 1282 და 1283 მუხლები:

     „მუხლი 1281

1. 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო თითო წევრის დანიშვნის უფლება აქვს 1999 წლის საპარლამენტო და 1998 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიას, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა ან გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყო დასახელებული (თუ რიგით პირველმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მომდევნოზე გადადის და ა.შ.), თუ ამ პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა ერთ ან მეორე ბოლო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების მონაწილეთა ხმების 4% მაინც მიიღო (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეს პროცენტი გამოიანგარიშება როგორც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საქართველოს რაიონებსა და იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტი ამ არჩევნების მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიმართ).

2. თუ ერთმა პარტიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება მიიღო როგორც საქართველოს პარლამენტის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესაბამისად, მას უფლება ეძლევა კომისიის წევრი დანიშნოს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაბამისად.

3. თუ არჩევნებისათვის ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდებიან ის პარტიები, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიიღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება, კომისიის ერთ წევრს ნიშნავს ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტია.

    მუხლი 1282

ამ კანონის 51-ე მუხლის მე-5-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება 2002 წლის სოფლის, თემისა და დაბის საკრებულოების არჩევნებზე. ამ არჩევნებისათვის შესაბამის წესს დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

    მუხლი 1283

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა კენჭისყრის დღემდე 25-ე დღე. შესაბამისად 5-5 დღე ემატება კანდიდატების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების ვადებს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 აპრილი.

№1380-IIს