„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2208
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 20/12/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.002.019
  • Word
2208
09/12/2005
სსმ, 54, 20/12/2005
010.210.010.04.001.002.019
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა არჩევნების (კენჭისყრის) დღეს, გარდა:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც ამომრჩეველი არ იმყოფებოდა საქართველოში ამომრჩეველთა ერთიანი სიის გამოქვეყნების დღიდან კენჭისყრის დღემდე. მისი შეყვანა შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხდება სახელმწიფო საზღვრის არჩევნების (კენჭისყრის) დღეს გადმოკვეთის დადასტურებით და საქართველოს მოქალაქის პირადობისა და რეგისტრაციის მოწმობების საფუძველზე.“.

2. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებისათვის ქალაქ თბილისის საარჩევნო ოლქების შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონის XVII1 თავით.“.

3. 29-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს.“.

4. 109-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 111-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 112-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 115-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 118-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი:

„თავი XVII1

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნები

    მუხლი 1261. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნების ჩატარების ზოგადი წესები

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს (შემდგომში – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავის ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 1262. თბილისის საკრებულოს შემადგენლობა

თბილისის საკრებულო შედგება 37 წევრისაგან.

    მუხლი 1263. საარჩევნო სისტემა

1. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2. თბილისის საკრებულოს 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით მრავალმანდატიან ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო 12 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე 10 ოლქში ჩატარებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შეჯამების შედეგად.

    მუხლი 1264. საარჩევნო ხმის უფლება

თბილისის საკრებულოს არჩევნებში თითოეულ ამომრჩეველს აქვს 1 ხმის უფლება.

    მუხლი 1265. საარჩევნო ოლქები

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის იქმნება 10 მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი:

ა) მთაწმინდის;

ბ) ვაკის;

გ) საბურთალოს;

დ) კრწანისის;

ე) ისნის;

ვ) სამგორის;

ზ) ჩუღურეთის;

თ) დიდუბის;

ი) ნაძალადევის;

კ) გლდანის.

2. თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების პროპორციული წესით განაწილების უზრუნველყოფის მიზნით შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

    მუხლი 1266. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობის განსაზღვრა

1. შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მცხოვრებ ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად.

2. თითოეულ ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, ისე, რომ 5 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი იყოს 3-მანდატიანი, ხოლო 5 – 2-მანდატიანი.

3. მანდატების რაოდენობას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაზღვრავს არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

    მუხლი 1267. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და რეგისტრაცია

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, ამ მუხლით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.

2. პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს.

3. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს, იმ პირობით, რომ 1 სუბიექტად წარდგენილი უნდა იქნეს იმდენი კანდიდატი, რამდენი მანდატიცაა შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში.

4. მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს შესაბამისი ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო პარტიული სიების რეგისტრაციას – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

    მუხლი 1268. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტიული სიების წარდგენა

1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტიულ სიებს პარტია, საარჩევნო ბლოკი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარადგენს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა.

2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს 50 კანდიდატისაგან.

3. პარტიულ სიაში შეყვანილი უნდა იქნენ ის კანდიდატები, რომლებიც წარდგენილი არიან მაჟორიტარულ არჩევნებში. პარტიის პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ამ პარტიის წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ 1 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან თანამიმდევრობით.

5. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

თ) რეგისტრაციის ადგილი.

6. პარტიის პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

7. პარტიულ სიას უნდა ერთვოდეს თითოეული კანდიდატის 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (2 ცალად) შევსების თარიღის მითითებით. ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

    მუხლი 1269. თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა

1. თბილისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით ასარჩევ კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს.

2. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს წარადგინოს საარჩევნო უფლების მქონე პირი, თუ მას მხარს უჭერს შესაბამის ადგილობრივ ოლქში მცხოვრები არანაკლებ 200 ამომრჩევლისა. ამასთანავე, 1 სუბიექტად წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატი.

    მუხლი 12610. საარჩევნო ბიულეტენი

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას თითოეული ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქისათვის მზადდება 1 ბიულეტენი.

2. საარჩევნო ბიულეტენში მითითებული უნდა იყოს რიგითი ნომერი, შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატის სახელები და გვარები (პირველ ნახევარს შეადგენენ ძირითადი კანდიდატები, ხოლო მეორე ნახევარს – სარეზერვო კანდიდატები), აგრეთვე წარმდგენი პარტიის, საარჩევნო ბლოკის სახელწოდება.

3. მონაცემები კანდიდატების თაობაზე საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული რიგითობის შესაბამისად.

4. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მხოლოდ 1 რიგით ნომერს.

    მუხლი 12611. ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების შედეგების დადგენა

1. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისის საკრებულოს წევრების მაჟორიტარული არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო შესაბამის ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მცხოვრებ ამომრჩეველთა არანაკლებ 1/3-მა.

2. თბილისის საკრებულოს არჩევნებში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში 1 სუბიექტად მონაწილეობდნენ და მიიღეს სხვებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა.

    მუხლი 12612. არჩევნების მეორე ტური

1. თუ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ვერც ერთმა სუბიექტმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. არჩევნების მეორე ტური ტარდება საერთო არჩევნებიდან (პირველი ტურიდან) 2 კვირის თავზე.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 სუბიექტს.

4. არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ჩაითვლებიან 1 სუბიექტად მონაწილე ის კანდიდატები, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს.

    მუხლი 12613. პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი

1. პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარების შემდეგ, თუ გამარჯვებული სუბიექტი არანაკლებ 7 ადგილობრივ საარჩევნო ოლქში გამოვლინდა.

2. პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების მიზნით ჯამდება ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატთა მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობები.

3. პროპორციული სისტემით გასანაწილებელი თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა.

4. საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 12-ზე და გაიყოს ასეთი სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.

5. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამი 12-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმები მიიღეს.

6. თუ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 4% ან მეტი მიიღო 12 საარჩევნო სუბიექტზე მეტმა, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმები მიიღეს.

    მუხლი 12614. თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში ატარებს თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

    მუხლი 12615. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრს ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება, 2 კვირის ვადაში მის ადგილს იკავებს პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი სარეზერვო კანდიდატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი პარტიის, საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, ხოლო თუ ასეთიც არ არსებობს, მაშინ მანდატი უქმდება.

2. თუ უფლებამოსილება შეუწყდა თბილისის საკრებულოს წევრს, რომელიც არჩეულ იქნა პროპორციული წესით, მის ადგილს იკავებს შესაბამისი პარტიის, საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი.

3. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე ვალდებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეტყობინებიდან 10 დღის ვადაში თანხმობა განაცხადოს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს იკავებს რიგით მომდევნო კანდიდატი ამ მუხლის პირველი–მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით.“.

6. 12813 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ირჩევს მათი წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 20 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, წევრების არჩევა ხდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 9 დეკემბერი.

№2208–IIს