დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 789 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/12/2004 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 18/01/2005 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.190.020.04.001.001.637 |
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) 73-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. არჩევნების დღემდე 50-ე დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების დამტკიცებამდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელნი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან დაიცვან შემდეგი პირობები:
ა) წინასაარჩევნო დებატებისა და წინასაარჩევნო რეკლამისთვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და ცესკოს გადასცენ ინფორმაცია: რა რიცხვიდან რა რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო; ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი; საეთერო დროის ტარიფი;
ბ) ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი არ უნდა დაეთმოს;
გ) დღიური ფასიანი საეთერო დრო თანაბრად უნდა განაწილდეს საარჩევნო სუბიექტებს შორის;
დ) დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის ერთნაირი უნდა იყოს;
ე) პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;
ვ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ უნდა დაუშვან წინასაარჩევნო სააგიტაციო გამოსვლა და პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.“.
2. მე-16 – მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. გაზეთს უფლება აქვს ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით, წინასაარჩევნო რეკლამისთვის უფასო ფართობი გამოუყოს საარჩევნო სუბიექტს.
17. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფარ-თობი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, აგრეთვე საზოგადოებრივ მაუწყებელს და გაზეთს უფლება აქვთ ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.
18. თუ საარჩევნო სუბიექტი გამოიყენებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66-ე მუხლში და ამ მუხლის მე-16 პუნქტში აღნიშნულ უფასო დროს, ფართობს, იგი ვალდებულია ეს ასახოს საარჩევნო ფონდის ანგარიშში მაუწყებლის, გაზეთის მხრიდან შემოწირულობის სახით, იმ ოდენობით, რაც ღირს შესაბამისი დროის, ფართობის ფასიანი გამოყენება.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 დეკემბერი.
№789-რს
დოკუმენტის კომენტარები