საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 22/11/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.04.001.003.064
  • Word
5500
22/11/2007
სსმ, 39, 22/11/2007
010.210.010.04.001.003.064
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ამ ამომრჩეველს უნდა ხმის მიცემა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მან არჩევნებამდე არა უგვიანეს 14 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა საერთო სიაში შეყვანის მოთხოვნით.“.

2. მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საარჩევნო ოლქებს ქმნის, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ადგენს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მორიგი არჩევნების წლის 1 ივნისამდე და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას ოლქების საზღვრების მითითებით.“.

3. მე-16 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის. პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. ეს საარჩევნო უბნები დამოუკიდებელი საარჩევნო ოლქია და მათ შედეგებს აჯამებს ცესკო.“.

4. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან (შემოკლებით – ცესკო), ამ კომისიის აპარატისაგან, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

5. საარჩევნო კომისიების შექმნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით.“.

5. მე-18 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) უფლება არა აქვს შევიდეს პარტიაში, ხოლო თუ იგი პარტიის წევრი იყო, ვალდებულია გავიდეს პარტიიდან.

4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, აპარატის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებისა, არიან საჯარო მოხელეები და მათზე ვრცელდება საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. ცენტრალური, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს მხოლოდ ამომრჩეველი, გარდა:

ა) პირისა, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (გარდა ცესკოს იმ წევრებისა, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პოლიტიკური გაერთიანებები, და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა);

ბ) პირისა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიის ან სასამართლოს მიერ განთავისუფლდა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

გ) პირისა, რომლის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;

დ) პირისა, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა) და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ე) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში შემავალი დეპარტამენტების/სამმართველოების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეებისა;

ზ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

თ) მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისა;

ი) პროკურატურის თანამშრომლებისა;

კ) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლებისა;

ლ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებისა.“.

6. მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება პარტიის მიერ ცესკოში დანიშნულ წევრებზე.“.

8. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცესკოს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას ცესკოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ცესკო, ხოლო ბიუჯეტს – პარლამენტი.“.

9. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის 2/3 მაინც. დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. ცესკოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების დღის 24 საათიდან, თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული. აკრძალულია დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა. ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან. ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

10. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა

1. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. თავმჯდომარესა და 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 5 წევრისაგან, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია – 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.“.

11. 27-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის/წევრის კანდიდატურების შერჩევის წესი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარისა და 5 წევრის კანდიდატურებს.“.

12. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი:

     „მუხლი 281. პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნის წესი

1. ცესკოს 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ მუხლით განსაზღვრული წესით.

2. ცესკოს თითო წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 7-ზე მეტია, თითო წევრს ნიშნავს 7 საუკეთესო შედეგის მქონე პარტია.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, იგი 7-მდე შეივსება მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად), რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებული იყვნენ საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყვნენ (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა. შ.), ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიღებული უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 3 პროცენტზე მეტი. თუ ამის შემდეგაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა რაოდენობა 7-მდე ვერ შეივსო, ამ პუნქტში აღნიშნულ ყველა პარტიას მათი შედეგების შესაბამისად უფლება აქვს დამატებით დანიშნოს კომისიის კიდევ თითო წევრი კომისიის აღნიშნული წევრების რაოდენობის 7-მდე შესავსებად.

5. პარტიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში მის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს უწყდება უფლებამოსილება და წევრთა რაოდენობის 7-მდე შესავსებად გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.

6. პარტიას უფლება აქვს გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. გამოწვევა დაუშვებელია არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოში ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.“.

13. 29-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;

2) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ სიებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის);“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„ზ“, „თ1“, „თ2“, „ლ“–„პ“ და „რ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება გამოცემიდან 3 დღის ვადაში.“.

14. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) აძლევს სათანადო მოწმობებს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;

ვ) აძლევს სათანადო მოწმობებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის);“.

15. 311 მუხლი ამოღებულ იქნეს.

16. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე ამოწმებს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებათა კანონიერებას, ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ცვლილების შესახებ და უგზავნის ცესკოს დასამტკიცებლად ან ცესკოში აყენებს მათი შედეგების გაუქმების საკითხს;

ვ) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაშია შეტანილი), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით, შეამოწმოს კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვ.), ხოლო დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის ცესკოს დასამტკიცებლად ან ცესკოში აყენებს უბნის შედეგების გაუქმების საკითხს). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იგი იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წინაშე საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და მის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

2) რეგისტრაციაში ატარებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატებს (პარლამენტის არჩევნებისათვის);“.

17. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) აძლევს სათანადო მოწმობებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს და მის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

ზ) აძლევს სათანადო მოწმობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილ კანდიდატებს;“.

18. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. 7 წევრს ამ კანონის 281 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.“.

19. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნა/არჩევა

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა პრეზიდენტის რიგგარეშე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ კომისიებში წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.

2. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.

3. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-60 და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა პრეზიდენტის რიგგარეშე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა; ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 39-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისა – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისა – ცესკო, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა.

5. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესს, პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.

6. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიებისათვის – ცესკოს.

7. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, კომისიის წევრის არჩევის უფლება მისი შემადგენლობის შესავსებად ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს შესაბამისად საოლქო ან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

8. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიები ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრება კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.

9. კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს:

ა) ინფორმაცია, რომელშიც აღინიშნება: კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის განათლება (უმაღლესი, საშუალო), სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); საარჩევნო ოლქი და საარჩევნო უბანი, რომელშიც იგი რეგისტრირებულია ამომრჩევლად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს);

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) ამ პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ იგი თანახმაა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

10. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.“.

20. 42-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო კომისია შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, არათანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა კანონით დადგენილი რაოდენობის 20 პროცენტის ნამდვილობას. თუ გაბათილდა მისი არანაკლებ 10 პროცენტისა, კომისია იმავე წესით დამატებით ამოწმებს მხარდამჭერთა იმავე რაოდენობას და ა. შ. თუ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე რეგისტრაციისათვის არის აუცილებელი, მხარდამჭერთა სია უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზები არ იქნა შევსებული ან მხარდამჭერთა სიები კვლავ წარმოდგენილი იქნა აუცილებელზე ნაკლები ნამდვილი ხელმოწერების ოდენობით, სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მხარდამჭერთა სიის შემოწმება ხდება ცესკოს მიერ დადგენილი წესით. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.“.

21. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“.

22. 46-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალდებულოა საარჩევნო სუბიექტისათვის. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ კანდიდატს შეუძლია ისარგებლოს მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდით, რისთვისაც შესაბამის საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს ამ საარჩევნო სუბიექტის წერილობითი თანხმობა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები და საინიციატივო ჯგუფები საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნიან ნებაყოფლობით.

3. საარჩევნო სუბიექტის მიერ მოზიდული ფულადი სახსრები უნდა ჩაირიცხოს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, რომელიც იხსნება საქართველოს ეროვნულ ან კომერციულ ბანკში ან მის სათანადო განყოფილებაში შესაბამის საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციიდან (პრეზიდენტის არჩევნების დროს რეგისტრირებული პარტიის მიერ განცხადების წარდგენიდან) 5 დღის ვადაში. ანგარიში იხსნება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.“.

23. 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება ამ კანონის 46-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5 პუნქტების, 47-ე მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების, ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევა, ისინი შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ ან ცესკომ უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის შევსება და დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით. თუ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ან ცესკო მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების შეჯამება ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად. საარჩევნო სუბიექტის მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის არასწორი მონაცემებით წარდგენისას მისი და საარჩევნო კამპანიის ფონდის განმკარგველი პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

24. 49-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამომრჩევლისათვის ყველა შესაძლო ფორმით, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, აგრეთვე საჯარო ადგილებში სათანადო ინფორმაციის განთავსებით, ამომრჩევლებისათვის ამომრჩევლის ბარათის გადაცემით კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა.“.

25. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.“.

26. 511 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისათვისაც საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, – შემაჯამებელი ოქმი შეიძლება დაიბეჭდოს შესაბამის ენაზედაც.“.

27. 512 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ჩანაწერთა წიგნი წარმოებს ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, – ჩანაწერთა წიგნი შეიძლება წარმოებდეს შესაბამის ენაზედაც.“.

28. 52-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს (სულ ცოტა ერთ წევრს ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ისინი შეირჩევიან პარტიების მიერ დანიშნული წევრებისგან წილისყრით. ამასთანავე, ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი დამნიშვნელი სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები.“;

ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.“.

29. 56-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრებს გადასცემს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას), სპეციალურ კონვერტებს და რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის წილისყრით გამოვლენილი 2 წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.“.

30. 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ცესკომ ბათილად ცნო, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;“.

31. 64-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს და განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.“.

32. 69-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს დამკვირვებელთა სია მათი ვინაობის (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი) მითითებით.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლის მოწმობაში ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა მითითებული უნდა იყოს, რომ მას დაკვირვების უფლება აქვს ნებისმიერი საარჩევნო ოლქის ნებისმიერ უბანში.“.

33. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს დანიშნოს ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და მის ქვემდებარე საარჩევნო კომისიებში.“.

34. 73-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასაარჩევნო აგიტაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით ამ კანონით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კენჭისყრის დღის წინა დღის 24 საათის შემდეგ აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიის და რადიოს ეთერის მეშვეობით.“;

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამხედრო ნაწილებში.“;

ე) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება მხოლოდ იმ გაზეთებზე, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“.

35. 731 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომში დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია.

3. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულია საკუთარ ეთერში განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომში დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მიზნებისათვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი კანდიდატები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.“;

გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. საარჩევნო სუბიექტებისათვის საარჩევნო საეთერო დროის თანაბრად განაწილებისა და ამ კანონით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების კონტროლის მიზნით მედიამონიტორინგის განხორციელებას უზრუნველყოფს ცესკო უშუალოდ ან მომსახურების შესყიდვით.“.

36. 75-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. სოფლის, თემის, დაბისა და ქალაქის საკრებულოებმა შეიძლება აკრძალონ საარჩევნო პლაკატების გაკვრა ცალკეულ შენობებზე მხოლოდ არქიტექტურისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთ შენობათა ჩამონათვალი ქვეყნდება არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 5 დღისა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან გამოყონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და კანონით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.“.

37. 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენებას საქმიანობისათვის, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;“.

38. 77-ე მუხლის:

ა) მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ამასთანავე, მოქალაქე, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. თუ სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, მან ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს საარჩევნო ადმინისტრაციას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“;

ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატებისა და ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო:

ა) სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა.ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები ანდა ამ კომისიებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

ა.ბ) მაჟორიტარ კანდიდატს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი ან გააუქმა მისი რეგისტრაცია;

ა.გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკომ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;

ა.დ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;

ბ) სარჩელი ცესკოს განკარგულების ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში განკარგულების გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სასამართლო სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მისი შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.“.

39. 79-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.“.

40. მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე არ ვრცელდება თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.“.

41. 84-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.“.

42. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 841 და 842 მუხლები:

     „მუხლი 841. პოლიტიკური პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ მან არ წარადგინა ან რეგისტრაციაში არ გატარდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

2. საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის 2/3 მაინც.

    მუხლი 842. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით არჩევნებამდე 25 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება ცესკოს შენობაში ცესკოს სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი ირჩევს წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის კუთვნილ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით დაიკავეს მეორე და მესამე ადგილები, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მათთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ხოლო თუ იგი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა. შ.

4. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით.

5. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პრეზიდენტობის კანდიდატების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეული იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით; ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მასზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი.

6. პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი კანდიდატები ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

7. რეგისტრირებულ პრეზიდენტობის კანდიდატების სიებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 დღისა.“.

43. 85-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის მომენტიდან თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, აქვთ პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის თანაბარი უფლებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ კანონით დადგენილი წესით.“.

44. 86-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.“;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცესკო კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.“.

45. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 87. არჩევნების მეორე ტური

1. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური ტარდება პირველი ტურიდან ორი კვირის თავზე.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.

4. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

5. მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.“.

46. 88-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელახალი არჩევნები ტარდება, თუ არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად არ აირჩა პრეზიდენტი.“.

47. 95-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.“;

ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკო სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

12. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკები და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.“;

გ) მე-20–22-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკის წევრი პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი ყველა საარჩევნო კომისიაში.

21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

22. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.“.

48. 952 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 952. პარტიის, საარჩევნო ბლოკის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი შემცველი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

დ) თუ იგი გავიდა ან გაირიცხა საარჩევნო ბლოკიდან ბლოკის მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ;

ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

ვ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

2. საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ საარჩევნო ბლოკი დაიშალა ან ბლოკიდან მისი წევრი პარტიის (პარტიების) გასვლის, გარიცხვის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა;

გ) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

დ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ბლოკის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.“.

49. 98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 98. პარტიული სიებისა და მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია

1. პარტიული სია და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), და მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილ შესაბამის კანდიდატებს, ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმუმზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკო ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს და მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს.

4. პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილია სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ;

ე) საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

ვ) დარღვეულია ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით ან/და 76-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

5. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

50. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 99. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით არჩევნებამდე 30 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება ცესკოს შენობაში ცესკოს სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ უფლება, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.

3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა. შ.

4. თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.

5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებებისა, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით.

6. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეული იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით; ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მასზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარული წესით წარდგენილ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მის წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.

8. პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომერს.

9. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცესკო, ხოლო მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, აქვეყნებენ საოლქო სარჩევნო კომისიები კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა.“.

51. მე-100 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება არა აქვს პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მისი კანდიდატურა მოიხსნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“.

52. 1071 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა, რომლებიც არჩევნების შედეგების მიხედვით გახდნენ პარლამენტის წევრები, ცესკოს უნდა წარუდგინონ ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, რომელშიც უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი არ არის ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი. თუკი პარლამენტის წევრად არჩეულმა პირმა ცესკოს ამ ვადაში არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, ცესკო ამ კანონით გათვალისწინებულ ვადებში და დადგენილი წესით განსაზღვრავს მის უფლებამონაცვლეს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლში აღნიშნული ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, სათანადო უფლების მქონე დაწესებულების მიერ, კომისიური წესით. ამ დაწესებულებას ყოველი საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ერთობლივად შეარჩევენ ცესკო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ნარკოლოგიური შემოწმების უფლების მინიჭება ფორმდება ცესკოს განკარგულებით.“.

53. 117-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 35-ე დღისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 38-ე დღისა. პარტია ვალდებულია 50000 მხარდამჭერის ხელმოწერა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 33-ე დღისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს.“;

გ) მე-7–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკო:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკო სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

11. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 28-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.“;

დ) მე-17–21-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს. ცესკო დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე: თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 26-ე დღეს.

18. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც ცესკოს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

19. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

20. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.“.

54. 123-ე მუხლის მე-2, მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და უნდა გაიყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი თანამიმდევრულად მიეკუთვნება პირველ რიგში იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მოაგროვეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5%-ზე მეტი, ხოლო შემდეგ იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც; ამ შემთხვევაში თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

31. თუ 10-ზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5% ან მეტი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 10 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“.

55. 12613 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროპორციული სისტემით გასანაწილებელი თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ 12-ზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 4% ან მეტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმები მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“.

56. 1295 მუხლი ამოღებულ იქნეს.

57. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1296 და 1297 მუხლები:

     „მუხლი 1296. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებისათვის გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიება

1. 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვების მიზნით პარტიას, საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს ცესკოს ამ კანონის 82-ე მუხლით დადგენილი წესით 2007 წლის 22 ნოემბრიდან.

2. ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებები ცესკოს წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არა უგვიანეს 2007 წლის 29 ნოემბრისა.

3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებისათვის ცესკომ უზრუნველყოს 1500 ამომრჩეველზე გათვლილი საარჩევნო უბნების შექმნა არა უგვიანეს 2007 წლის 1 დეკემბრისა და 2 დღის ვადაში გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია. სოფლებში, სადაც არ არსებობს დასახლების დაყოფა მისამართებად და ამომრჩეველთა სია შედგენილია ანბანის მიხედვით, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს უბნებში, სადაც ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობა არ აღემატება 2000-ს. ამ შემთხვევაში ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კაბინისა და ერთი სარეგისტრაციო მაგიდისა.

4. ცესკომ არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა დაადგინოს საარჩევნო უბნების საზღვრები და დადგენიდან 2 დღეში გამოაქვეყნოს სათანადო ინფორმაცია, მათ შორის, თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

5. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებისათვის ახლად შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომა უნდა გაიმართოს კენჭისყრამდე 29 დღით ადრე. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა. ამავე ვადაში უფლებამოსილმა საარჩევნო სუბიექტებმა საოლქო საარჩევნო კომისიებს უნდა წარუდგინონ განცხადებები შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დანიშვნის შესახებ.

6. ცესკო უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამ კანონით გათვალისწინებული საარჩევნო პროცედურების ჩატარების ვადების/ღონისძიებების განუსაზღვრელობის შემთხვევაში დადგენილებით განსაზღვროს ეს ვადები/ღონისძიებები.

7. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებისათვის სპეციალურ კონვერტში ერთდროულად თავსდება თითო საარჩევნო ბიულეტენი და პლებისციტის ბიულეტენი. საარჩევნო და პლებისციტის ბიულეტენები გაბათილდება, თუ ერთ კონვერტში ერთზე მეტი საარჩევნო ან პლებისციტის ბიულეტენია.

8. ამ კანონის 73-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებით დადგენილი ვადები აითვალოს არჩევნების დანიშვნის დღის მომდევნო დღიდან.

9. 2007 წელს არჩეული ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან აირჩევს ცესკო.

10. ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის არსებული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა მათი არჩევიდან 5 წელი.

11. იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იღებენ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შესაბამისად ნიშნავენ წევრებს ცესკოში, ცესკოში წევრის დანიშვნის უფლება უნარჩუნდებათ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში.

    მუხლი 1297. დამატებითი სიები 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემა შეიძლება მოხდეს დამატებითი სიების მეშვეობით.

2. პირს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის ტერიტორიაზე და არ არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, უფლება აქვს მოითხოვოს დამატებით სიაში შეყვანა კენჭისყრის დღეს. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი ვალდებულია წარადგინოს პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს ამ უბნის ტერიტორიაზე მისი რეგისტრაციის ფაქტს, და განცხადება სიაში შეყვანის შესახებ, რომელსაც უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.

3. ამომრჩევლის დამატებით სიაში შეყვანის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კომისიის წევრებთან კონსულტაციით.

4. დამატებით სიაში შეყვანილი ამომრჩეველი გადის ამ კანონით განსაზღვრულ ხმის მიცემის პროცედურას. ამასთანავე, აღნიშნულ ამომრჩეველს აგრეთვე მოეთხოვება სპეციალური კონვერტის (რომელშიც მის მიერ მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენი) დამატებით განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტში მოთავსება.

5. ამ კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული საარჩევნო ყუთის გახსნის პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები პირველ რიგში ითვლიან განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტებს. თუ განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტების რაოდენობა 15-ზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია წევრთა 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას ამ კონვერტების გახსნისა და მათში არსებული სპეციალური კონვერტების დანარჩენ სპეციალურ კონვერტებთან შერევისა და ერთად დათვლის თაობაზე. თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტები არ იხსნება, ილუქება და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად იგზავნება ცესკოში.

6. თუ დათვლის შედეგად განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტების რაოდენობა 15-ზე მეტი აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია წევრთა 2/3-ით იღებს გადაწყვეტილებას ამ კონვერტების გახსნისა და მათში არსებული სპეციალური კონვერტების ცალკე დათვლის თაობაზე, რომლის მონაცემებიც შეიტანება დამატებითი სიის შემაჯამებელ ოქმში. თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტები ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით იგზავნება ცესკოში.

7. ცესკომ 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის შემაჯამებელი ოქმების ფორმების დადგენისას გაითვალისწინოს ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისი მონაცემების შეტანა.“.

მუხლი 2

კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, მე-15 პუნქტისა და 44-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-15 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის პირველი მუხლის 44-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 22 ნოემბერი.

№5500–IIს