მაუწყებლობის შესახებ

მაუწყებლობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 780
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 18/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 450.140.000.05.001.001.632
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
780
23/12/2004
სსმ, 5, 18/01/2005
450.140.000.05.001.001.632
მაუწყებლობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (02/06/2005 - 28/12/2005)

საქართველოს კანონი

მაუწყებლობის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, ლიცენზირების წესსა და პროცედურებს.

2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალეობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, ლიცენზიის მფლობელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადგილობრივი მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ლიცენზიით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;

ბ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორგანო;

გ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;

დ) გამოქვეყნება – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილი წესით;

ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ლიცენზიის მფლობელის საქმიანობა;

ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და ლიცენზიის მფლობელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება;

ზ) ევროპული წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“ ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი;

თ) ეროვნული მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;

ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა;

კ) თანამდებობის პირი – პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და ცალკეული დავალებების შესაბამისად კომისიაში ან საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ასრულებს განმკარგულებელ, ორგანიზაციულ-სამეურნეო, ადმინისტრაციულ ან სხვა ამგვარ ფუნქციებს;

ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა;

მ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი;

ნ) კომერციული რეკლამა – რეკლამა საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, რომელიც ემსახურება მეწარმის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, კომერციული იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

ო) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

პ) კომისიის რეგულირების სფერო – კავშირგაბმულობის, მაუწყებლობისა და ფოსტის სფერო, რომელშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან ამ კანონის მიხედვით საჭიროებს ნებართვას და ამ მომსახურების გაწევაზე ან საქმიანობაზე გაცემულია შესაბამისი ლიცენზია ან ნებართვა და რომელშიც კომისია ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სპეციალურ უფლებამოსილებებს;

ჟ) კომისიის წევრი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი;

რ) ლიცენზია – ამ კანონითა და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის მფლობელის უფლება, განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს მაუწყებლობა;

ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ტ) მაუწყებელი – ლიცენზიის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ტელე-ან რადიოპროგრამების გავრცელებას სახმელეთო გადამცემებით, საკაბელო ქსელის ან თანამგზავრის მეშვეობით, სადენით ან ჰაერით, კოდირებული ან არაკოდირებული ფორმით;

უ) მაუწყებლობის ტრანზიტი – მაუწყებლის მიერ სხვა მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემა. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილებების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება სხვა მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;

ფ) მაუწყებლობის ქსელებისა და საშუალებების და სიხშირეების შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით გამოყენება – პირის, ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ აღნიშნული ქსელებისა და საშუალებების და სიხშირეების გამოყენება შიდასაწარმოო საქმიანობისთვის ან/და ტექნოლოგიური პროცესების წარმართვისთვის, როცა მომხმარებელი არ იხდის სათანადო საფასურს უშუალოდ ამ ქსელებითა და საშუალებებით და სიხშირეებით გაწეული მომსახურებისთვის;

ქ) მეურვე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;

ღ) მთავარი მოვლენა – საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე კომისიის მიერ განსაზღვრული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენა, მიმდინარე საქართველოში და მსოფლიოში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ, რელიგიურ თუ სხვა სფეროში;

ყ) ოჯახის წევრი – „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;

შ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად;

ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიით ნებადართული მომსახურების ან საქმიანობის დაწყება;

ც) პროგრამა – პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული ტელერადიოპროდუქცია;

ძ) რეგულირება – ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა), მონიტორინგის, ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელება;

წ) რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;

ჭ) საარჩევნო კამპანია – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცედურა;

ხ) საეთერო მაუწყებლობა – სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა;

ჯ) საერთო მაუწყებლობა – არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

ჰ) საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში – საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის მიზანია პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება საზოგადოებისათვის;

1) სათემო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას;

2) საკაბელო მაუწყებლობა – საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობა;

3) სამაუწყებლო ბადე – მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს პროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს;

4) სამაუწყებლო კონცეფცია – ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო მოდელს, შეიცავს პროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას;

5) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია ლიცენზიის მფლობელის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა ოდენობამ;

6) საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება;

7) სოციალური რეკლამა – საზოგადოებრივი სიკეთის ხელშეწყობისა და საქველმოქმედო მიზნების მიღწევისაკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც კომერციული და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სამთავრობო დაწესებულების, აგრეთვე მათ მიერ გაწეული მომსახურების რეკლამას;

8) სპეციალიზებული მაუწყებლობა – 1 თემატიკის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა, პროგრამებით მაუწყებლობა;

9) სპონსორობა – პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;

10) ტელეშოპინგი – პროგრამა, რომელიც შეიცავს საფასურის სანაცვლოდ რაიმე უფლების, ვალდებულების, საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიყიდვის პირდაპირ შეთავაზებას;

11) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის, პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე მაუწყებლის მეშვეობით;

12) უხამსობა – ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება;

13) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიის მფლობელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს;

14) წინასაარჩევნო რეკლამა – რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევის ხელშეწყობას.

    მუხლი 3. კანონმდებლობა მაუწყებლობის სფეროში

1. მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს მოქალაქისათვის ან მეწარმე სუბიექტისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 4. სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმა და პრიორიტეტები მაუწყებლობის სფეროში

კომისია „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად, 2 წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს და აქვეყნებს სამაუწყებლო სიხშირეთა გეგმას ლიცენზიის მაძიებლებისათვის, ხოლო საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე – ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს.

თავი II. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება

    მუხლი 5. კომისია

1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.

2. კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. კომისია არ არის სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება) ან საჯარო სამართლის კორპორაცია. კომისიის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.

3. მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია:

ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით და მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება;

გ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით;

დ) სიხშირეების მინიჭება;

ე) ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა, აგრეთვე „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ზ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა;

თ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ და რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

ი) ლიცენზიის მფლობელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

კ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის მიღება;

ლ) კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

    მუხლი 6. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

1. კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

3. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს კომისიის აპარატის თანამშრომლები.

4. კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება – მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

5. კომისიის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულის ადგილზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული კომისიის წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 7. კომისიის სხდომა. ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრძანება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტი ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს გამჭვირვალეობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

3. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

4. კომისიის სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ორჯერ. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის არანაკლებ 2 წევრი.

5. კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

6. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

7. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით.

8. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

    მუხლი 8. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისია კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.

2. კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. კომისიის გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება კანონმდებლობით კომისიისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისთვის.

5. კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.

6. კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე.

7. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 9. კომისიის შემადგენლობა

1. კომისია შედგება 5 წევრისაგან.

2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

3. პირი არ შეიძლება დაინიშნოს კომისიის წევრად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

5. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი და უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება.

7. ყველას აქვს კომისიის წევრის კანდიდატურის დასახელების უფლება კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.

8. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

9. კანდიდატურების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში კანდიდატთა სია ქვეყნდება.

10. კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატურათა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას.

11. საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში – სესიის განახლებიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით აძლევს თანხმობას პრეზიდენტს კომისიის წევრის დანიშვნაზე.

12. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრისა. ამ მაჩვენებლის თანაბრობის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

13. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს, საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს, რომლებიც შეირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი მიიღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

14. საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ კანდიდატებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

15. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად.

16. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხს აგებს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვაზე და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვაზე.

    მუხლი 10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ათავისუფლებს კომისიის წევრს დაკავებული თანამდებობიდან და იწყებს ახალი კანდიდატურების შერჩევის პროცედურას, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ტუსაღობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, აგრეთვე მისი გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

2. პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა:

ა) ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

3. პროცედურის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.

4. ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

5. დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის განმავლობაში პარლამენტი კენჭს უყრის კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.

6. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან პარლამენტი არ ჩაატარებს კენჭისყრას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.

7. ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დაყენება დაუშვებელია.

8. კომისიის წევრის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

9. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

    მუხლი 11. კომისიის წევრისა და მისი აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

1. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

2. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. კომისიის აპარატის თანამშრომელი, გარდა დამხმარე მოსამსახურისა, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

5. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“– „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

6. კომისიის წევრი, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

    მუხლი 12. კომისიის ბიუჯეტი. სალიცენზიო გადასახდელი. ყოველწლიური რეგულირების საფასური

1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.

2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის სალიცენზიო გადასახდელი, რეგულირების ყოველწლიური საფასური, ამ კანონით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

3. სალიცენზიო გადასახდელი არის სიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისათვის და საერთაშორისო სატელეფონო კავშირის განსახორციელებლად კოდის დროებითი გამოყენებისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სალიცენზიო გადასახდელის 20% ირიცხება კომისიის ანგარიშზე და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. ამ თანხით იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები. სალიცენზიო გადასახდელის 80% გამოიყენება კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად და ირიცხება ამ მიზნით კომისიის მიერ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.

4. რეგულირების ყოველწლიური საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები. კომისია უფლებამოსილია რეგულირების ყოველწლიური საფასურის დაუხარჯავი ნაწილი ჩარიცხოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

5. რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაა არა უმეტეს 1 პროცენტი ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან, რომელშიც შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე). რეგულირების ყოველწლიური საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

6. რეგულირების ყოველწლიური საფასურის შესახებ კომისია იღებს ნორმატიულ აქტს.

     მუხლი 13. კომისიის ანგარიში

1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.

2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ;

გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ;

დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ;

ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

კ) აუდიტის დასკვნას.

3. კომისია უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას. ანგარიშის ძირითადი დასკვნები და საჯარო განხილვის შედეგები უნდა აისახოს მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.176

    მუხლი 14. საჩივრები

1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შექმნას საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტიანი შიდა მექანიზმი.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების ან ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

3. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

4. მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას დეკლარაციის შესახებ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების ან ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე.

6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს ლიცენზიის მფლობელის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.

თავი III. საზოგადოებრივი მაუწყებლობა

    მუხლი 15. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამართლებრივი სტატუსი

პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.

    მუხლი 16. შინაარსობრივი ვალდებულებები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს პროგრამების სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა; სახელისუფლებო, პოლიტიკური, რელიგიური და კომერციული გავლენისაგან თავისუფლება;

ბ) უზრუნველყოს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს შორის;

გ) უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ;

დ) საუკეთესო დროს გადასცეს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები, ხოლო საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას – აგრეთვე წინასაარჩევნო დებატები;

ე) პროგრამებში არ გამოხატოს თავისი აზრი;

ვ) ასახოს საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებათა პლურალიზმი;

ზ) ეთერის არანაკლებ 25% დაუთმოს დამოუკიდებელ პროგრამებს;

თ) პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება;

ი) ბავშვთა და მოზარდთა ინტერესების შესაბამისი პროპორციით განათავსოს საბავშვო პროგრამები;

კ) გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები;

ლ) ხელი შეუწყოს ქვეყნის თვითმყოფადობის, სულიერი ფასეულობებისა და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებას;

მ) სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობების ენაზე, უმცირესობების შესახებ და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები.

    მუხლი 17. საზოგადოებრივი მაუწყებლის სიხშირეები

1. საზოგადოებრივ მაუწყებელს განცხადების საფუძველზე კომისია ანიჭებს ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის მის მიერ გამოყენებულ სიხშირეებს, რომელთა გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლობა სიხშირეების გამოყენებით ხორციელდება 2 სატელევიზიო და 3 რადიოარხზე.

    მუხლი 18. დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება – ბათილი.

2. იკრძალება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო, მმართველობითი და ფინანსური დამოუკიდებლობის ხელყოფა ან მასზე ზეწოლის სხვაგვარად განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში 6 თვის ვადაში. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის განმავლობაში ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

    მუხლი 19. ისტორიული ღირებულების პროგრამების არქივი

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და შეინახოს ისტორიული ღირებულების მქონე თავისი პროგრამები.

    მუხლი 20. პროგრამული პრიორიტეტები

1. სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.

2. სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამული პრიორიტეტების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით და მათზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი.

    მუხლი 21. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა

საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და ითვალისწინებს მოქალაქეთა წინადადებებს საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით.

    მუხლი 22. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანოები არიან:

ა) სამეურვეო საბჭო;

ბ) გენერალური დირექტორი.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის საფუძველზე დამტკიცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით.

    მუხლი 23. მეურვის, გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი

1. მეურვეს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელისათვის;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომელიც ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომელიც ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომელიც ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას.

2. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

3. მეურვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ – „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

5. გენერალური დირექტორი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.

6. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს არა აქვს უფლება, ეკავოს თანამდებობა ან ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებელთან.

7. მეურვე, გენერალური დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განაცხადოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მისი ან მისი ოჯახის წევრის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

    მუხლი 24. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა

1. სამეურვეო საბჭო შედგება 9 მეურვისაგან.

2. მეურვის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

3. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

4. პირი არ შეიძლება დაინიშნოს მეურვედ ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

5. მეურვეს სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისათვის ეძლევა ჰონორარი და აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები.

    მუხლი 25. მეურვის კანდიდატურის შერჩევა

1. მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

2. მეურვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

3. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება.

4. ყველას აქვს მეურვის კანდიდატურის დასახელების უფლება კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში.

5. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

6. კანდიდატურების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში კანდიდატთა სია ქვეყნდება.

7. კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატურათა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას.

    მუხლი 26. მეურვის დანიშვნა

1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 30 დღის ვადაში, ხოლო საპარლამენტო არდადეგების შემთხვევაში – სესიის განახლებიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით აძლევს თანხმობას პრეზიდენტს მეურვის დანიშვნაზე.

2. მეურვის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრისა. ამ მაჩვენებლის თანაბრობის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

3. თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს, საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს, რომელებიც შეირჩევიან ამ კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით. მეურვის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი მიიღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. საქართველოს პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემდეგ კანდიდატებს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 27. მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ათავისუფლებს მეურვეს დაკავებული თანამდებობიდან და იწყებს ახალი კანდიდატურების შერჩევის პროცედურას, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ტუსაღობას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, აგრეთვე მისი გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

2. პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა:

ა) ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მეურვის უფლებამოსილების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

3. პროცედურის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.

4. ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

5. დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის განმავლობაში პარლამენტი კენჭს უყრის მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. მეურვის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.

6. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან პარლამენტი არ ჩაატარებს კენჭისყრას ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.

7. ერთი ფაქტის საფუძველზე მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დაყენება დაუშვებელია.

8. მეურვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

9. მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას მეურვის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

    მუხლი 28. სამეურვეო საბჭოს სხდომა

1. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

2. სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან წევრთა ერთი მესამედის, გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით.

3. მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ მეურვეს უნდა ეცნობოს სხდომამდე 3 სამუშაო დღით ადრე.

4. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით ან/და გენერალური დირექტორის ინიციატივით სხდომას შეიძლება დაესწროს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირი ან სხვა თანამშრომელი.

    მუხლი 29. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ მეურვეები პირველივე სხდომაზე, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს, წარმოადგენს საბჭოს გენერალურ დირექტორთან ურთიერთობაში.

3. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა მეურვეები საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ ახალ თავმჯდომარეს.

4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა 3 წლის ვადით. პირი არ შეიძლება აირჩეს თავმჯდომარედ ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

5. ახალარჩეული თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან.

    მუხლი 30. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები

სამეურვეო საბჭო:

ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;

ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას;

გ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და მისი შესრულების ანგარიშს;

დ) მოისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს;

ე) თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;

ვ) განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას.

    მუხლი 31. საზოგადოებრივი საბჭოები

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საზოგადოებრივი ინტერესებისა და მოთხოვნილებების წარმოდგენის, აგრეთვე ამ კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების განხორციელების უზრუნველსაყოფად იქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საზოგადოების უშუალო მონაწილეობით შეიმუშაონ რეკომენდაციები საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის.

2. საზოგადოებრივი საბჭოების რაოდენობა, ფორმირებისა და საქმიანობის წესი და ფუნქციები განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით.

    მუხლი 32. გენერალური დირექტორი

1. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით. გენერალური დირექტორის მეორე ვადით დანიშვნა შესაძლებელია ღია კონკურსის გარეშე.

2. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ღია კონკურსის ჩატარება და გენერალური დირექტორის დანიშვნა უნდა განხორციელდეს ვაკანსიის წარმოშობიდან 1 თვის ვადაში.

3. სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორთან აფორმებს ხელშეკრულებას.

4. გენერალური დირექტორი ამ კანონით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს და წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1475 - სსმ I, №23, 25.05.2005წ., მუხ.160

    მუხლი 321. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და პირობები

1. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია:

ა) ვადის ამოწურვა;

ბ) სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;

დ) პირადი განცხადება;

ე) გარდაცვალება.

2. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადებისა და ამ საფუძვლით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, თუ აღნიშნული საკითხის განხილვას წერილობით მოითხოვს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედი მაინც.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გენერალური დირექტორის ვადამდე გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი.

4. თუ სამეურვეო საბჭოს წევრთა ინიციატივას გენერალური დირექტორისათვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მხარს არ დაუჭერს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბჭოს წევრთა რაოდენობა, გენერალური დირექტორის მიმართ უნდობლობის საკითხის განხილვა მომდევნო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1475 - სსმ I, №23, 25.05.2005წ., მუხ.160

    მუხლი 33. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელი

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ქმნის საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელი და კანონმდებლობით განსაზღვრული ან/და ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. საზოგადოებრივი მაუწყებლობის გადასახდელის გადამხდელია ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოში აქვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი.

4. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელი ყოველთვიურად ირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშზე.

    მუხლი 34. აუდიტი

1. სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი არანაკლებ წელიწადში ერთხელ ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტს.

2. გენერალური დირექტორის მიერ დანიშნული საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა აუდიტს.

3. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს უფლება აქვთ დაავალონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს დამატებითი აუდიტის ჩატარება.

    მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს ანგარიში

1. სამეურვეო საბჭო არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.

2. ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ;

ბ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ;

გ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;

დ) დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;

ე) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

ვ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;

თ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;

ი) საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

კ) საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ლ) შიდა და გარე აუდიტების დასკვნებს.

3. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის შედეგები შეძლებისდაგვარად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებში.

4. პარლამენტის წევრს უფლება აქვს გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ.

თავი IV. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება

    მუხლი 36. ლიცენზირების ორგანიზება

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით:

ა) ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს;

ბ) აკონტროლებს სალიცენზიო პირობების დაცვას;

გ) ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და ანახლებს ლიცენზიის მოქმედებას, აუქმებს ლიცენზიას;

დ) ახორციელებს ლიცენზირების სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ამ კანონის 75-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა ისჯება კანონით.

    მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;

ბ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

გ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.

    მუხლი 38. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახეები

1. კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.

2. კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისათვის.

3. საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების, საკაბელო ქსელის ან სიხშირული სპექტრის გამოყენებით. იკრძალება სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემისა.

4. სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მისი მოქმედების შეჩერება და გაუქმება, აგრეთვე ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

5. ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა და მოდიფიცირება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

    მუხლი 39. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ვადა

მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

    მუხლი 40. საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონა

1. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად.

2. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

3. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიები ეროვნული და ადგილობრივი მაუწყებლობისათვის გაიცემა ცალ-ცალკე კონკურსის საფუძველზე.

    მუხლი 41. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემის წესი

1. კომისია გადაწყვეტილებას ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ იღებს კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;

ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი, იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების ჩატარებას და ზეგავლენას ახდენს სხვა ოპერატორის ქსელის ფუნქციონირებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივ გარემოზე;

ბ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; ფიზიკური პირისათვის – აგრეთვე პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

4. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად განცხადებას უნდა დაურთოს:

ა) განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;

ბ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

დ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილი წესით.

5. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებსა და ნებართვებს გასცემს მხოლოდ კომისია. სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების დაწესება და მოთხოვნა აკრძალულია (ერთი გაჩერების პრინციპი).

6. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.176

    მუხლი 42. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი

კომისია წარმოებაში არ მიიღებს:

ა) სალიცენზიო განცხადებას, თუ არასრულყოფილადაა წარდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;

ბ) სალიცენზიო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა;

გ) ახალ სალიცენზიო ან სანებართვო განცხადებას, თუ იგი წარადგინა ლიცენზიის მფლობელმა ამ კანონით გათვალისწინებული დარღვევისათვის მის მიმართ კომისიის მიერ სანქციის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში.

    მუხლი 43. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

1. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) გასაცემი ლიცენზიის ზუსტი დასახელება;

ბ) მაუწყებლობის სახე, სახეობა, მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

გ) პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;

დ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი;

ე) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი;

ვ) მოსამზადებელი სხდომისა და კონკურსის ჩატარების თარიღები.

2. კომისია კონკურსის ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 3 თვისა უზრუნველყოფს ინფორმაციის გამოქვეყნებას.

3. კონკურსის ჩატარების თარიღამდე არა უგვიანეს 2 თვისა კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და მათზე დართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის.

4. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისიამ უნდა გააფრთხილოს ლიცენზიის მაძიებელი და მისცეს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღე დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის.

5. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

6. კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.

7. კომისია დოკუმენტაციას აფასებს პროგრამირების ასპექტის მიხედვით.

8. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენისას მხედველობაში მიიღება:

ა) შემოთავაზებული პროგრამების მრავალფეროვნება და აუდიტორიის ინტერესებთან შესაბამისობა;

ბ) მომსახურების ზონის აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი სხვა მაუწყებელთა პროგრამების არსებობა.

9. პროგრამირების ასპექტის მიხედვით კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

10. კომისია იღებს და აქვეყნებს დეტალურად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.

11. თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში.

111. თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად.

12. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება კონკურსში მონაწილეობის უფლება.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.176

    მუხლი 44. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი

1. კომისია უარს ეტყვის ლიცენზიის მაძიებელს ლიცენზიის გაცემაზე, თუ ლიცენზიის მაძიებელმა კონკურსში ვერ გაიმარჯვა. ლიცენზიის გაცემაზე უარი ფორმდება კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ.

2. ლიცენზიის გაცემაზე კომისიის უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

    მუხლი 45. ლიცენზიის მოდიფიცირება

1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

2. კომისია ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონით დადგენილი წესით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში.

3. იკრძალება საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რაც გამოიწვევს ლიცენზიის სახის არსებით შეცვლას ან ლიცენზიის სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას. ამ შემთხვევაში უნდა გაიცეს ახალი ლიცენზია კანონით დადგენილი წესით.

თავი V. სათემო მაუწყებლობა

    მუხლი 46. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი

1. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი უნდა:

ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს;

ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება;

გ) უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქებას.

2. სათემო მაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია.

    მუხლი 47. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი

1. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად ტარდება კონკურსი ამ კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად.

2. სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისას კომისია მხედველობაში იღებს:

ა) რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს;

ბ) თემის სახეს და მრავალფეროვნებას;

გ) ლიცენზიის მაძიებლისათვის ლიცენზიის სამოქმედო ზონაში სხვა მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.

 თავი VI. სალიცენზიო პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები

    მუხლი 48. სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის გადაცემის დაუშვებლობა

1. სალიცენზიო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობითა და კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.

2. ლიცენზიის გასხვისება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა, დაგირავება, ლიცენზიით მინიჭებული უფლებების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა ან მემკვიდრეობით გადაცემა იკრძალება.

    მუხლი 49. არქივი

საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან შექმნან არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახონ პროგრამები. დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე.

    მუხლი 50. ქცევის კოდექსი

კომისია ლიცენზიის მფლობელებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ქცევის კოდექსს.

    მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა

საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყონ სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებელთა და მსმენელთა წინაშე ლიცენზიის მფლობელის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.

    მუხლი 52. ჯეროვანი სიზუსტე, შესწორება და უარყოფა

1. საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.

2. დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.

3. შესწორების ან უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ:

ა) შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა არ წარდგენილა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში;

ბ) საწყისი განცხადება ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს ან მომჩივანი არ არის განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული პირი;

გ) შესწორებას ან უარყოფას პირდაპირი კავშირი არ აქვს საწყის განცხადებასთან ან მისი ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის, ან თუ ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა ფაქტის შესწორება ან უარყოფა;

დ) შესწორება ან უარყოფა შეიცავს ცილისწამებას ან საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით ან 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით აკრძალულ მოწოდებას;

ე) შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს;

ვ) მომჩივანი ვერ ასაბუთებს თავის კანონიერ ინტერესს.

4. საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.

    მუხლი 53. განრიგი და კლასიფიკაცია

1. საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.

2. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების კატეგორიათა მისანიჭებელი კრიტერიუმები განისაზღვრება ქცევის კოდექსით.

    მუხლი 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა

1. საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.

2. საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლები ვალდებულნი არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

    მუხლი 55. წინასაარჩევნო დებატები

1. საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

2. საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

    მუხლი 56. პროგრამული შეზღუდვები

1. იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა.

2. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

3. იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.

4. იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

5. იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს.

6. საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა ან რეკლამა განათავსოს ნებისმიერ დროს, კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

    მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა

საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელებს, აგრეთვე საზოგადოებრივ და სათემო მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა.

    მუხლი 58. მთავარი მოვლენა

1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრავს და 5 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების ნუსხას.

2. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური მაუწყებლობა, თუ იგი ხელმისაწვდომი არ არის საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

    მუხლი 59. ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები

საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულნი არიან საუკეთესო დროს განათავსონ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყონ აუდიტორიის დროული ინფორმირება მათი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

თავი VII. მაუწყებლის საკუთრება

    მუხლი 60. მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვა

პირს უფლება აქვს დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად ფლობდეს არა უმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო და 1 საერთო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას თითო მომსახურების ზონაში.

    მუხლი 61. მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალეობა

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) საწარმოს პარტნიორების, აქციათა არანაკლებ 5%-ის მფლობელებისა და დირექტორების თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი;

ბ) იურიდიული პირის დამფუძნებლების, სხვა წევრების, შემომწირველებისა და გამგეობის შემადგენლობის თაობაზე, თუ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელია კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირი;

გ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის შესახებ;

დ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ე) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;

ვ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ზ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;

თ) საინფორმაციო სააგენტოს საწესდებო კაპიტალში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

ი) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მისი კაპიტალის წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:

ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის წილს ან აქციებს;

ბ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის წილს ან აქციებს;

გ) საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს.

    მუხლი 62. მაუწყებლის საკუთრების ცვლილებები

1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს კომისიას ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

2. კომისია იღებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოსაზრებათა პლურალიზმის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს ცვლილების შედეგად მაუწყებლის საკუთრების აკრძალული კონცენტრაციის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად.

თავი VIII. რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა

    მუხლი 63. ზოგადი დებულებანი

1. რეკლამასთან დაკავშირებით გამოიყენება „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. იკრძალება არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.

3. ლიცენზიის მფლობელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება რეკლამის დამკვეთს.

4. რეკლამა და ტელეშოპინგი იდენტიფიცირებული და პროგრამისაგან მკაფიოდ გამიჯნული უნდა იყოს.

5. იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში.

6. რეკლამაში, რომელიც გამიზნულია ბავშვებისათვის ან რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, არ უნდა შეილახოს მათი ინტერესები.

7. ტელეშოპინგი არ შეიძლება გამიზნული იყოს არასრულწლოვანთათვის.

    მუხლი 64. კომერციული რეკლამა და ტელეშოპინგი

1. საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხზე კომერციული რეკლამა ან ტელეშოპინგი არ შეიძლება განთავსდეს დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული პროგრამების დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროისა.

2. საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხზე ტელე-შოპინგს დღე-ღამის განმავლობაში ეთმობა არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო კომერციულ რეკლამას – არა უმეტეს 30 წუთისა. რეკლამისა და ტელეშოპინგის საერთო მოცულობა 1 საათში არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს (6 წუთს). საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხზე სპორტულ პროგრამაში რეკლამა განთავსდება მხოლოდ პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.

3. კერძო ან სათემო მაუწყებლობის არხზე რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის. ამ კანონით დადგენილი წესით რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც, მაგრამ ისე, რომ შენარჩუნდეს პროგრამის ფასეულობა.

4. იკრძალება ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:

ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;

ბ) რელიგიური ცერემონია;

გ) პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია;

დ) ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინასაარჩევნო დებატების პროგრამა ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია;

ე) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე ნაკლებია.

5. პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ.

6. რეკლამისათვის ან ტელეშოპინგისათვის განკუთვნილ წყვეტებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, გარდა ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარი პროგრამისა, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარი სპორტული ან მხატვრული წარმოდგენისა და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილი პროგრამისა.

7. ავტონომიური ნაწილებისაგან შემდგარ პროგრამაში, აგრეთვე ბუნებრივი ინტერვალებისაგან შემდგარ სპორტულ ან მხატვრულ წარმოდგენაში და ანალოგიურად ჩატარებული ღონისძიებისადმი მიძღვნილ პროგრამაში რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ბუნებრივი ინტერვალის დროს.

8. საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 45 წამით.

9. ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით.

10. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 45 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 45 წუთში ერთხელ.

11. ტელე- ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 15%-ს. ტელეშოპინგს, გარდა სპეციალიზებული ტელეშოპინგის არხისა, ეთმობა არა უმეტეს 15 წუთისა. ტელეშოპინგის საერთო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

12. დაფარვის სახით (მათ შორის, „მოძრავი სტრიქონის“ გამოყენებით) რეკლამირებისას ამ მუხლით განსაზღვრული, დროსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება. დაფარვის ზომა არ უნდა აღემატებოდეს კადრის ფართობის 7%-ს.

    მუხლი 65. სოციალური რეკლამა

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულნი არიან ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში არანაკლებ 60 წამისა და მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) საარჩევნო უბნების მისამართები;

ბ) არჩევნების თარიღი;

გ) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.

    მუხლი 66. წინასაარჩევნო რეკლამა

1. საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, აგრეთვე მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულნი არიან მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არა უმეტეს 90 წამისა განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებულნი არიან მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 1 საათში არა უმეტეს 60 წამისა განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.

    მუხლი 67. სპონსორობის დაუშვებლობა

1. ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან მოხელე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი, სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი.

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა ისეთი საქონლის წარმოება ან მომსახურების მიწოდება, რომლის რეკლამირებაც აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, არ შეიძლება იყოს პროგრამის სპონსორი.

    მუხლი 68. სპონსორის მიერ დაფინანსებული პროგრამის იდენტიფიცირება

სპონსორის მიერ ნაწილობრივ ან მთლიანად დაფინანსებულ პროგრამაში სპონსორზე ნათლად მიეთითება პროგრამის დასაწყისში ან/და დასასრულს.

    მუხლი 69. პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე სპონსორისა და რეკლამის მიმწოდებლის ზეგავლენის აკრძალვა

1. სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება გავლენა მოახდინოს მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე, ან ჩაერიოს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

2. იკრძალება შემდეგი სახის პროგრამების სპონსორობა:

ა) ახალი ამბების პროგრამები (გარდა სპორტული მიმოხილვისა და ამინდის პროგნოზისა, თუ ისინი ცალკე პროგრამის სახით გადაიცემა);

ბ) რეპორტაჟები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე;

გ) პროგრამები მომხმარებელთა უფლებების შესახებ, საარჩევნო ან საარჩევნო კამპანიასთან პირდაპირ დაკავშირებული პროგრამები.

თავი IX. ანგარიშვალდებულება და სანქციები

    მუხლი 70. ანგარიშვალდებულება

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნებთან.

2. ლიცენზიის მფლობელის და საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

3. ლიცენზიის მფლობელი არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

4. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს.

5. კომისიას უფლება აქვს ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

6. კომისიას უფლება აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, რომელთა დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

7. ლიცენზიის მფლობელმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.

    მუხლი 71. სანქციები

1. ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის, ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელი ან/და საზოგადოებრივი მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა:

ა) ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში;

ბ) ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ხასიათის დარღვევის გამო გაფრთხილებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

3. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების უფლება. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005წ., მუხ.176

    მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი

1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

2. ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

3. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს.

4. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ლიცენზიის მფლობელისათვის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

5. ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

    მუხლი 73. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება

1. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის აკრძალვას ლიცენზიის მოქმედების განახლებამდე.

2. კომისია განიხილავს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობების ან ქცევის კოდექსის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოფხვრამდე, მაგრამ ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან არა უმეტეს 3 თვისა.

4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება ლიცენზიის მფლობელს.

5. იმ დარღვევის აღმოფხვრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა ლიცენზიის მოქმედების შეჩერება, ლიცენზიის მოქმედება განახლდება კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

    მუხლი 74. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);

გ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში;

დ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას;

ე) ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის დაუწყებლობა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში.

2. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის გაუქმების უფლება.

3. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.

4. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ლიცენზიის მფლობელს წერილობით ეცნობება 7 სამუშაო დღის ვადაში.

თავი X. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა

    მუხლი 75. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა

1. საქმიანობაზე ლიცენზია არ არის საჭირო, თუ მაუწყებლობის ქსელები და საშუალებები და სიხშირეები გამოიყენება შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით არაკომერციული მიზნით.

2. ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სიხშირის გამოყენება შეიძლება მხოლოდ კომისიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე. ნებართვა გაიცემა „რადიოკავშირის საერთაშორისო რეგლამენტის“ შესაბამისად საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების ვადით – ლიცენზიის მფლობელზე. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად შეჩერდება და განახლდება კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადით გაცემული ნებართვაც.

თავი XI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 76. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედების დროისათვის დანიშნული კომისიის წევრები ინარჩუნებენ უფლებამოსილებას იმ ვადით, რომლითაც ისინი არიან დანიშნულნი. კომისიის დანარჩენი წევრები ინიშნებიან ამ კანონით დადგენილი წესით, ამ კანონის ამოქმედებისთანავე.

2. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში მიიღოს ქცევის კოდექსი.

3. კომისია არ არის უფლებამოსილი, ქცევის კოდექსის მიღებამდე გამოიყენოს ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სანქცია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე, 57-ე ან 59-ე მუხლის დარღვევისათვის.

4. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოს საკუთარი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

5. ამ კანონის ამოქმედებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნამდე მოხდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ რეორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლად. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა.

6. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ბალანსზე არსებული იმ ტექნიკური საშუალებების საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის საკუთრებაში გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფს მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ სატელევიზიო და რადიოპროგრამების გავრცელებას.

7. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის ყველა მფლობელის არადისკრიმინაციული, თანაბარი, პირდაპირი დაშვება მის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებისა და მომსახურების თითოეულ თავისუფალ ელემენტზე, ხარჯზე ორიენტირებული, არადისკრიმინაციული ტარიფით. მოცემული პირობების შეუსრულებლობის გამო წარმოქმნილ დავებს განიხილავს კომისია.

8. სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების თავდაპირველი შერჩევა მოხდეს ამ კანონის პროცედურების დაცვით. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში ცხადდება კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.

9. 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტისა და 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს შესაბამისად კომისიის წევრობის არანაკლებ 2 და სამეურვეო საბჭოს წევრობის არანაკლებ 2 კანდიდატურას თითო ვაკანტურ თანამდებობაზე.

91. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-13 პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 2005 წელს კომისიის წევრობისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცედურებზე. თუ ამ კანონის მე-9, 25-ე და 26-ე მუხლებისა და 76-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ვერ მოხერხდა კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების ყველა ვაკანტური თანამდებობის შევსება, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 50 დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები იმ კანდიდატთა სიიდან, რომლებიც დასახელდნენ და შემოტანილი ჰქონდათ განაცხადი ამ მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების შესაბამისად გამოცხადებულ კონკურსზე. ამასთანავე, შეიძლება წარდგენილი იქნეს ნებისმიერი კანდიდატი, გარდა იმ პირისა, რომელსაც პირველად წარდგენის დროს პარლამენტში კენჭისყრისას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ვიდრე მომხრე. ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატის დანიშვნაზე თანხმობა მიცემულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

10. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დანიშნულ სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგადაც განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა ისე, რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედის უფლებამოსილების ვადა იყოს 2 წელი, ერთი მესამედის – 4 წელი და ერთი მესამედისა – 6 წელი.

11. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ.

12. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში განახორციელოს გაცემული ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მაუწყებლების ვალდებულებებთან დაკავშირებით.

13. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში განახორციელოს იმ ლიცენზიების მოდიფიცირება, რომელთა სამოქმედო ზონა უფრო მცირეა, ვიდრე ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ კომისიის დადგენილებით განსაზღვრული სამოქმედო ზონები.

14. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა ლიცენზიის ისეთი მოდიფიცირების შესახებ, რომელიც იწვევს სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას, ძალაში შევიდეს ამ კანონის 76-ე მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შემდეგ.

15. ამ კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით, 65-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 66-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსებისა და ხანგრძლივობის ვალდებულებები კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიმართ ძალაში შევიდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ. ამ კანონსა და „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გამოიყენება ამ კანონის დებულებანი.

16. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონთან შესაბამისობა.

17. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდეს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მქონე, სახელმწიფო წილის მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო წილის პრივატიზება.

18. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს ტელერადიომაუწყებლობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიისა) რეორგანიზაცია კერძო სამართლის იურიდიულ პირებად, ხოლო შემდგომი 6 თვის განმავლობაში – საწესდებო კაპიტალში სახელმწიფო წილის პრივატიზება.

19. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის შესახებ.

20. ამ კანონის ამოქმედებიდან 2006 წლის 1 იანვრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

21. 2006 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულების არანაკლებ 0,15%-ის ოდენობით.

22. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტითა და 58-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოსახლეობის არანაკლებ 90%-იანი შეზღუდვის ნაცვლად მოქმედებს მოსახლეობის არანაკლებ 70%-იანი შეზღუდვა.

23. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში კომისიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადებები სათემო მაუწყებლობის განვითარების შესახებ.

საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1475 - სსმ I, №23, 25.05.2005წ., მუხ.160

    მუხლი 77. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 33-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებისა და 71-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ამოქმედდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასახდელის განაკვეთისა და მისი გადახდის წესის განმსაზღვრელი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლისთანავე.

3. ამ კანონის 71-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 23 დეკემბერი.

№780–რს

შეტანილი ცვლილებები :

1. საქართველოს 2005 წლის 20 მაისის კანონი №1475 - სსმ I, №23, 25.05.2005 ., მუხ .160

2. საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1516 - სსმ I, №26, 06.06.2005 ., მუხ .176

75. 17/09/2024 - საქართველოს კანონი - 4448-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/10/2024 74. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4418-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 73. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 4025-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 72. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3743-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 30/11/2023 71. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3618-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2023 70. 19/10/2023 - საქართველოს კანონი - 3597-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/11/2023 69. 03/07/2023 - საქართველოს კანონი - 3461-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 21/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 68. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3449-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/07/2023 67. 30/06/2023 - საქართველოს კანონი - 3448-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/07/2023 66. 22/02/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/1537 - ვებგვერდი, 27/02/2023 65. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2550-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 64. 22/12/2022 - საქართველოს კანონი - 2482-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 30/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 63. 22/12/2021 - საქართველოს კანონი - 1189-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2021 62. 16/11/2021 - საქართველოს კანონი - 1017-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2021 61. 07/09/2021 - საქართველოს კანონი - 930-VIმს-Xმპ - ვებგვერდი, 09/09/2021 60. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 881-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 59. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6832-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 58. 01/07/2020 - საქართველოს კანონი - 6705-რს - ვებგვერდი, 07/07/2020 57. 02/07/2020 - საქართველოს კანონი - 6727-რს - ვებგვერდი, 03/07/2020 56. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6345-IIს - ვებგვერდი, 15/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 55. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5921-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 54. 18/10/2019 - საქართველოს კანონი - 5203-Iს - ვებგვერდი, 21/10/2019 53. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5021-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 52. 03/05/2019 - საქართველოს კანონი - 4547-IIს - ვებგვერდი, 10/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 51. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4089-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 50. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3878-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 49. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3457-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 48. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2627-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 47. 21/02/2018 - საქართველოს კანონი - 1966-IIს - ვებგვერდი, 05/03/2018 46. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1928-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 45. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1262-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 44. 01/06/2017 - საქართველოს კანონი - 952-IIს - ვებგვერდი, 20/06/2017 43. 17/05/2017 - საქართველოს კანონი - 863-IIს - ვებგვერდი, 30/05/2017 42. 21/12/2016 - საქართველოს კანონი - 139-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 41. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5020-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4776-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 39. 27/10/2015 - საქართველოს კანონი - 4360-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 38. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3691-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3373-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 36. 19/02/2015 - საქართველოს კანონი - 3088-IIს - ვებგვერდი, 12/03/2015 35. 31/10/2014 - საქართველოს კანონი - 2759-Iს - ვებგვერდი, 18/11/2014 34. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2094-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 33. 07/03/2014 - საქართველოს კანონი - 2092-IIს - ვებგვერდი, 12/03/2014 32. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1592-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 31. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1628-რს - ვებგვერდი, 22/11/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 27/09/2013 - საქართველოს კანონი - 1362-რს - ვებგვერდი, 09/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1254-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 28. 12/07/2013 - საქართველოს კანონი - 833-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 26/12/2012 - საქართველოს კანონი - 156-რს - ვებგვერდი, 30/12/2012 26. 22/05/2012 - საქართველოს კანონი - 6256-Iს - ვებგვერდი, 06/06/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 08/05/2012 - საქართველოს კანონი - 6159-Iს - ვებგვერდი, 25/05/2012 24. 11/04/2012 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/468 - ვებგვერდი, 25/04/2012 23. 19/04/2011 - საქართველოს კანონი - 4546-Iს - ვებგვერდი, 110505013, 05/05/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4525-Iს - ვებგვერდი, 110502023, 02/05/2011 21. 26/02/2010 - საქართველოს კანონი - 2672 - სსმ, 8, 10/03/2010 20. 25/12/2009 - საქართველოს კანონი - 2471 - სსმ, 50, 31/12/2009 19. 10/11/2009 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/421,422 - სსმ, 82, 17/11/2009 18. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1969 - სსმ, 35, 19/11/2009 17. 22/09/2009 - საქართველოს კანონი - 1661 - სსმ, 28, 29/09/2009 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1555 - სსმ, 24, 13/08/2009 15. 31/07/2009 - საქართველოს კანონი - 1552 - სსმ, 24, 13/08/2009 14. 27/03/2009 - საქართველოს კანონი - 1130 - სსმ, 9, 13/04/2009 13. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 889 - სსმ, 40, 29/12/2008 12. 19/12/2008 - საქართველოს კანონი - 791 - სსმ, 40, 29/12/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 31/10/2008 - საქართველოს კანონი - 437 - სსმ, 31, 12/11/2008 10. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 215 - სსმ, 17, 28/07/2008 9. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 66 - სსმ, 12, 14/07/2008 8. 21/03/2008 - საქართველოს კანონი - 6011 - სსმ, 9, 04/04/2008 7. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4866 - სსმ, 21, 18/06/2007 6. 11/04/2007 - საქართველოს კანონი - 4611 - სსმ, 14, 18/04/2007 5. 02/03/2007 - საქართველოს კანონი - 4416 - სსმ, 7, 02/03/2007 4. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4319 - სსმ, 2, 04/01/2007 3. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2565 - სსმ, 4, 18/01/2006 2. 02/06/2005 - საქართველოს კანონი - 1516 - სსმ, 26, 06/06/2005 1. 20/05/2005 - საქართველოს კანონი - 1475 - სსმ, 23, 25/05/2005