„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1362-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.017165
1362-რს
27/09/2013
ვებგვერდი, 09/10/2013
450140000.05.001.017165
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. კომისიის შემადგენლობა

     1. კომისია შედგება 5 წევრისაგან.

     2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

     3. პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის წევრად 2-ზე მეტი ვადით.

     4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

  5. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

   6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა − მმართველ თანამდებობაზე.

   7. ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კომისიის წევრის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

   8. თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

   9. კანდიდატურების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

   10. კანდიდატთა სიის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობას უთანხმებს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას. საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობა 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურას შეარჩევენ.

  11. საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის კანდიდატურების სიის შეთანხმების კონტრასიგნაციას ახდენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმებიდან 3 დღის ვადაში, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.  

  12. საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს პარლამენტი ირჩევს კომისიის წევრებს. თუ საქართველოს პარლამენტში კანდიდატურების განხილვის პერიოდი მთლიანად ან ნაწილობრივ ემთხვევა საპარლამენტო არდადეგებს, კომისიის წევრის არჩევის პროცესი, შესაბამისად, დაიწყება ან გაგრძელდება პარლამენტის მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან რიგგარეშე სესიაზე, რომლის მოწვევის საკითხს წყვეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

   13. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრის ხმებისა. ამ მაჩვენებლის თანაბრობის შემთხვევაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

   14. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს, ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყება და საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს, რომლებიც შეირჩევიან ამ მუხლით დადგენილი წესით. კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმების უმრავლესობას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.

  15. კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ 1-ზე მეტი ვადით.

   16. ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს, ხოლო თუ კომისიის თავმჯდომარე არჩეულ იქნა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რომელშიც დაიწყო იგი.

   17. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად.

   18. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვისათვის და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვისათვის.

   19. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

   20. კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის სულ ცოტა 2 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. კომისია ვალდებულია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში. თუ კომისიამ არ გადააყენა თანამდებობიდან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

   მუხლი 10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

  1. თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, ან თუ ის გადადგება თანამდებობიდან ან გარდაიცვლება, საქართველოს პარლამენტი აღნიშნული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას მოქმედებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლით საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის დადგენილი პროცედურები. კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი.

   3. საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა:

   ა) ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

   ბ) ზედიზედ 15 სამუშაო დღეზე ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.

  4. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.

  5. ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

   6. პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.

   7. თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია ან თუ საქართველოს პარლამენტი არ ჩაატარებს კენჭისყრას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.

  8. ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.

  9. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.“.

   2. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. კომისია არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.“.

   მუხლი 2

  1. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

  2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გაგრძელდეს ამ კანონის შესაბამისად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი წევრის არჩევამდე. აღნიშნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი წევრის არჩევის შემდეგ მოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი წესი. 

  მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 სექტემბერი 2013 წ.

N1362-რს