„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1516
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 06/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.001.001.847
  • Word
1516
02/06/2005
სსმ, 26, 06/06/2005
320.110.000.05.001.001.847
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

    მუხლი

1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. კომისიის ანგარიში

1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.

2. კომისიის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც შეეხება მაუწყებლობის სფეროს, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) მაუწყებლობის სფეროში პრიორიტეტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ;

ბ) სამაუწყებლო ბაზრის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ;

გ) სიხშირეთა გეგმისა და თავისუფალი სიხშირეების შესახებ;

დ) გაცემული ლიცენზიების რაოდენობის შესახებ;

ე) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ვ) გამოყენებული სანქციების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;

ზ) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;

თ) კომისიის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;

ი) კომისიის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

კ) აუდიტის დასკვნას.

3. კომისია უზრუნველყოფს გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვას. ანგარიშის ძირითადი დასკვნები და საჯარო განხილვის შედეგები უნდა აისახოს მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში.“.

2. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია გადაწყვეტილებას ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ იღებს კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე.“;

ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:

„111. თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად მიღების მიზნით კონკურსში გამარჯვებული უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად.“.

4. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ხასიათის დარღვევის გამო გაფრთხილებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 2 ივნისი.

№1516I-ს