„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3597-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 19/10/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.021080
3597-XIIIმს-Xმპ
19/10/2023
ვებგვერდი, 03/11/2023
450140000.05.001.021080
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. საჩივრები

1. მაუწყებელი ვალდებულია ქცევის კოდექსის საფუძველზე შექმნას მაუწყებლის თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

2. მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი მოიცავს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს და მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს.

3. მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ქცევის კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოში, რომელსაც ქმნის მაუწყებელი ან მაუწყებელთა გაერთიანება და რომელიც ფუნქციონირებს ქცევის კოდექსის შესაბამისად. მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები ან პოლიტიკური პარტიის წევრები. მათ არ უნდა ჰქონდეთ მიღებული მონაწილეობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში. მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო ორგანო დაკომპლექტებული უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით.

4. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ამ კანონის 552 მუხლის მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში.

5. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობებისა და ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას.

6. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

7. საჩივრის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საჩივრის განსახილველად მიღების ან საჩივარზე უარის თქმის შესახებ და დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის თაობაზე მომჩივანს.

8. მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

9. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ.

10. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.

11. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე.

12. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სარჩელი დაუშვებელია, თუ მოსარჩელემ დადგენილი წესით არ გამოიყენა იმავე საკითხზე კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა.“.

2. 56-ე მუხლის მე-4−მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 561 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და სათანადო საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სოციალიზაციას.

3. აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი პროგრამის ან რეკლამის, აგრეთვე ადამიანის/მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც უხამსობას შეიცავს. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

4. 59მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

2. ამ კანონის 52-ე, 54-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ კანონის 552 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ადამიანის უფლებების შელახვის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი რეაგირება ამ კანონის IX თავით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 ოქტომბერი 2023 წ.

N3597-XIIIმს-Xმპ