„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2094-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.017345
2094-IIს
07/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
450140000.05.001.017345
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-16 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესები, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვის დროს ეთერში გაშვებულ არჩევნებთან/რეფერენდუმთან/პლებისციტთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი;“.

2. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 66. წინასაარჩევნო რეკლამა

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში (არაუმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად გამოყონ დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

2. საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

3. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოს მის მიერ გავრცელებული ზემოაღნიშნული ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ჯამურ დროზე სულ ცოტა 3-ჯერ მეტი დრო, რომელშიც მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 51-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განათავსოს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

4. თუ პარტიებმა, რომლებიც საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ, გაერთიანებამდე გამოიყენეს უფასო საეთერო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო (გარდა ბლოკის პირველი ნომერი პარტიის უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობისა) უნდა გამოაკლდეს ბლოკისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისთვის, ბლოკის შექმნის შემდეგ გამოსაყოფი უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.

6. პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი პირის ვალდებულებაა. 

7.  ამ  მუხლის  მიზნებისათვის  კვალიფიციურ  საარჩევნო  სუბიექტად  მიიჩნევა  საქართველოს  ორგანული  კანონის  „საქართველოს  საარჩევნო  კოდექსი“  51-ე  მუხლით  განსაზღვრული  კვალიფიციური  საარჩევნო  სუბიექტი.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2014 წ.

N2094-IIს