დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6256-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 450140000.05.001.016758 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.
2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;
ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მაუწყებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება;“;
ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა;“;
გ) „რ“−„ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამავე კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, მაუწყებლობა განახორციელოს განსაზღვრული პირობების დაცვით;
ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას, რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის;“;
დ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის დაწყება;“;
ე) „ჰ4 “ და „ჰ5 “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ4 ) სამაუწყებლო კონცეფცია – საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ან მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო მოდელს, შეიცავს პროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას;
ჰ5 ) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ;“;
ვ) „ჰ13 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ13 ) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს;“;
ზ) „ჰ15 “ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ16 “ ქვეპუნქტი:
„ჰ16 ) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო მაუწყებლობისა და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით.“.
3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;“;
გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;“;
დ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია.“.
4. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებელთა შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.“.
5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) ავტორიზებული მაუწყებლების შესახებ.“.
6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ლიცენზიის მფლობელის“ შეიცვალოს სიტყვით „მაუწყებლის“.
7. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლისათვის;
დ) ფლობს აქციებს ან წილს სხვა მაუწყებელში ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას;
ე) არის სხვა მაუწყებლის ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას.“.
8. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზაცია“.
9. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები
1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა, თუ მაუწყებლობა ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით (საეთერო მაუწყებლობა), ან თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.
3. მაუწყებლობა, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.“.
10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 361 და 362 მუხლები:
„მუხლი 361 . ლიცენზირების ორგანიზება
1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით:
ა) ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს;
ბ) აკონტროლებს სალიცენზიო პირობების დაცვას;
გ) ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და ანახლებს ლიცენზიის მოქმედებას, აუქმებს ლიცენზიას;
დ) ახორციელებს ლიცენზირების სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა და იმ მაუწყებლობისა, რომლისთვისაც ამ კანონით გათვალისწინებულია ავტორიზაცია.
მუხლი 362 . ავტორიზაციის ორგანიზება
მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) ახდენს ამავე კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;
ბ) აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას;
გ) ამავე კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას;
დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
11. 37-ე და 371 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი
1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
მუხლი 371 . შესაბამისობის დეკლარაცია
1. ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;
გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;
დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.
2. შესაბამისობის დეკლარაციას ლიცენზიის მფლობელი/ ავტორიზებული პირი კომისიას წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
12. 38-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახეები და სახეობები“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. 41-ე მუხლის:
ა) პირველი და 11 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე და სახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;“;
გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;“.
14. 43-ე მუხლის პირველი−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება:
ა) გასაცემი ლიცენზიის სახე და სახეობა;
ბ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა;
გ) პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;
დ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი;
ე) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი;
ვ) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები.
2. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და გამოქვეყნებიდან მომდევნო 1 თვის განმავლობაში სალიცენზიო განცხადებების მიღებას.
3. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც განიხილება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით იხსნება თანდართული დალუქული დოკუმენტაცია. დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში კომისია ლიცენზიის მაძიებლებს განუსაზღვრავს დამატებით 5 სამუშაო დღის ვადას დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. იკრძალება კომისიისთვის კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება.
4. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია მომდევნო 20 დღის ვადაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის.
5. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას. დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.“.
15. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი:
„მუხლი 451 . მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი
1. საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.
2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა (საერთო ან სპეციალიზებული), რომლის ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი;
დ) საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში –შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
ბ) შესაბამისობის დეკლარაცია.
4. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს მაუწყებლობის ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და დეკლარაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
5. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღის ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება.
6. ავტორიზებულ პირზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.
7. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან მას განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირება, იგი ვალდებულია ეს 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, მაუწყებლობის სახეობის, მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
8. მაუწყებლობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.
9. პირს უფლება აქვს, დაიწყოს მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.
10. ავტორიზებული პირი ვალდებულია:
ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
11. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:
ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;
ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
12. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელება კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე.
13. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის გაუქმებას თავად ავტორიზებული პირი ითხოვს. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.
14. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.“.
16. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები“.
17. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები
ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საავტორიზაციო ან/და სალიცენზიო განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.“.
18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:
„მუხლი 481 . ლიცენზიის გადაცემა
ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.“.
19. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. არქივი
მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. დავის შემთხვევაში დავასთან დაკავშირებული პროგრამები მის დასრულებამდე ინახება.“.
20. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა
მაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.“.
21. 511 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.“.
22. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.“.
23. 53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების, კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.“.
24. 54-ე და 55-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა
1. მაუწყებლები ვალდებული არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.
2. მაუწყებლები ვალდებული არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.
მუხლი 55. წინასაარჩევნო დებატები
1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.
2. საერთო მაუწყებელმა მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.“.
25. 56-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა ან რეკლამა განათავსოს ნებისმიერ დროს, კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.
26. 57-ე და 58-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა
მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა.
მუხლი 58. მთავარი მოვლენა
1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრავს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების ნუსხას.
2. მთავარი მოვლენების საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ენებზე) ექსკლუზიური მაუწყებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ/ავტორიზებულ მაუწყებლებს.
3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური საეთერო მაუწყებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც უფასოდ არის ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.“.
27. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალობა
1. მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) შესაბამისობის დეკლარაცია;
ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ;
გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;
დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;
ე) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;
ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;
ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;
თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.
2. მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.
3. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:
ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს;
ბ) პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში წილს ან აქციებს;
გ) საინფორმაციო სააგენტოში წილს ან აქციებს.
4. მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.“.
28. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე.“.
29. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება შესაბამისი რეკლამის დამკვეთს.“.
30. 64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საერთო ან სპეციალიზებული, ასევე სათემო მაუწყებლობის არხზე რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის. ამ კანონით დადგენილი წესით რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც, მაგრამ ისე, რომ შენარჩუნდეს პროგრამის ფასეულობა.“.
31. 65-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა.“.
32. 66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი, რომლებიც საკუთარ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.“.
33. 69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე გავლენის მოხდენა ან მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.“.
34. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 70. ანგარიშვალდებულება
1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.
2. მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.
3. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
4. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.
5. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო მაუწყებელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ კომისიისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად. მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული. კომისია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.“.
35. 71-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.
2. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება კანონით ისჯება.“.
36. 72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი
1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.
2. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.
3. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.
4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მაუწყებელს.
5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მაუწყებლისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
6. მაუწყებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
37. 75-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაუწყებლები (გარდა საზოგადოებრივი და საეთერო მაუწყებლებისა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.“.
38. 76-ე მუხლის 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 1441 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებენ მაუწყებლობას, რომლისთვისაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ავტორიზაცია, ვალდებული არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გაიარონ ავტორიზაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 22 მაისი.
№6256-Iს
დოკუმენტის კომენტარები