„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 833-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/07/2013
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.017018
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
833-რს
12/07/2013
ვებგვერდი, 25/07/2013
450140000.05.001.017018
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-2 მუხლის:

    ა)  „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული პროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისთვის/მსმენელებისთვის ერთდროულად ხელმისაწვდომია;“;

   ბ) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

  „ქ1) მრჩეველი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი;“.

   2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. მაუწყებლობის სფეროში კომისიის ფუნქციებია:

  ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით;

  ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

   გ) სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

   დ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით;

   ე) სიხშირეების მინიჭება;

  ვ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

   ზ) კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

   თ) სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის განსაზღვრა;

  ი) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, აგრეთვე რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

  კ) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

   ლ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის, ქცევის კოდექსის, მიღება;

   მ) მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია;

  ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დადგენა შესაბამისი სამართლებრივი აქტით;

   ო) კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

   3. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

   „3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო საეთერო მაუწყებლობას ახორციელებს ერთ სატელევიზიო არხზე და 2013 წლის 1 ივლისისათვის მის მიერ რადიომაუწყებლობისთვის გამოყენებული სიხშირეებით ერთ რადიოარხზე.“.

 4. 24-ე−26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 24. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა

1. სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან – მეურვისგან.

2. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

3. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

4. მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა. მეურვის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს.

5. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ვაკანტური რჩება.

6. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.

7. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით.

8. სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისთვის მეურვეს ეძლევა ჰონორარი და აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები.

9. მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 1%-ს.

    მუხლი 25. მეურვეობის კანდიდატის შერჩევა საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ

1. მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

2. მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.

3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები.

4. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.

5. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია საპარლამენტო უმრავლესობას (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციებს), საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.

7. საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.

    მუხლი 26. მეურვის არჩევა

1. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად. აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები). საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმრავლესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები. საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. ერთ პარლამენტის წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

2. თუ საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, მეურვის 6 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება საპარლამენტო ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის საპარლამენტო ფრაქცია, რომელსაც ყველაზე ნაკლები წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა საპარლამენტო ფრაქციები მათში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ.

3. თუ უფლებამოსილება შეუწყდა მეურვეს, რომელიც წარდგენილი იყო საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ და ვაკანსიის გამოცხადების დროს საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, ახალი მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმით იყო არჩეული მეურვე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.

4. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს.

5. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.

6. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.

7. მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა.

8. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

9. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.“.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1628 - ვებგვერდი, 22 .11.2013წ.

 

   5. 27-ე–30-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

  

 

„მუხლი 27. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

   1. მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

   ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან გარდაცვლილად გამოაცხადებს – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

   ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;

  გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას;

   დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს მეურვის უფლებამოსილებას;

  ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;

   ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.

   3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 

   4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.

   5. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა სესიებს შორის პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

   6. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.

  7. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, თუ:

  ა) არ შესრულდა სამეურვეო საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მათ შესასრულებლად;

  ბ) არ შესრულდა ამ კანონის საფუძველზე მიღებული ბიუჯეტი და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის შესასრულებლად.

   8. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი. პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 1 წლის განმავლობაში.

 

   მუხლი 28. სამეურვეო საბჭოს სხდომა

   1. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მეურვეთა ხმების უმრავლესობით, თუ რაიმე საკითხის გადასაწყვეტად ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

   2. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, მეურვეთა არანაკლებ ერთი მესამედის, გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

   3. მეურვეს სამეურვეო საბჭოს მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე.

   4. სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

  5. გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ, დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. სამეურვეო საბჭო ვალდებულია მოუსმინოს  მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხები.

   6. სამეურვეო საბჭო და მისი თავმჯდომარე უფლებამოსილი არიან, საბჭოს სხდომაზე მოიწვიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი. ისინი ვალდებული არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივ მაუწყებელში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

   7. სამეურვეო საბჭოს ღია სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

    მუხლი 29. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

   1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს მეურვეთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით ირჩევს სამეურვეო საბჭო, შესაბამისად, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

   2. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ 2 ვადაზე მეტი ხნით.

  3. სამეურვეო საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი აირჩა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

  4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, წარმოადგენს საბჭოს, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

   5. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. თანამდებობიდან მისი ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს სამეურვეო საბჭოს სულ ცოტა 3 წევრს ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. სამეურვეო საბჭო ვალდებულია თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ სამეურვეო საბჭომ თანამდებობიდან არ გადააყენა საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე, დაუშვებელია თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

 

   მუხლი 30. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები და მეურვის უფლება-მოვალეობები

   1. სამეურვეო საბჭო:

   ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;

   ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში;

   გ) გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და ამტკიცებს მისი შესრულების ანგარიშს; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან გენერალური დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს ბიუჯეტში;

   დ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;

   ე) თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;

   ვ) განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;

   ზ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;

   თ) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1 წელზე ნაკლებია);

   ი) მიმართავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის შესახებ.

   2. მეურვე:

   ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მეურვის მოვალეობა;

   ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს სამეურვეო საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა;

  გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას.“.

   6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:

 

   „მუხლი 301. სამეურვეო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

  სამეურვეო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭოსთან არსებული ორგანიზაციული სამსახური, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ადგენს სამეურვეო საბჭო.“.

   7. 32-ე და 321 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

    „მუხლი 32. გენერალური დირექტორი

   1. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე დაინიშნა გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

  2. გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

  3. გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.

   4. გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.

   5. გენერალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.

   6. სამეურვეო საბჭო გენერალურ დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

  7. გენერალური დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებით და გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

         

  მუხლი 321. გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები

   1. გენერალური დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ:

   ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან გარდაცვლილად გამოაცხადებს – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

   ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;

  გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას;

  დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს გენერალური დირექტორის უფლებამოსილებას;

   ე) მას სამეურვეო საბჭო გამოუცხადებს უნდობლობას – უნდობლობის გამოცხადების დღიდან;

  ვ) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების სამეურვეო საბჭოში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;

   ზ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გენერალური დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.

  3. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს გენერალურ დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს მეურვეთა არანაკლებ ორი მესამედი.

   4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.

  5. თუ სამეურვეო საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა გენერალურ დირექტორს, დაუშვებელია მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში.“.

   8. 33-ე მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების პროექტების შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტში ცალ-ცალკე უნდა იყოს მოცემული ტელემაუწყებლობის, სამაუწყებლო არხების, რადიომაუწყებლობისა და მმართველობითი ხარჯები.“;

   ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების ამოქმედებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა.“.

   9. 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნული, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა წელიწადში ერთხელ ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტს.

   2. გენერალური დირექტორი კონკურსის წესით ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს, რომელიც რეგულარულად ატარებს საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა აუდიტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორი ანგარიშვალდებულია გენერალური დირექტორის წინაშე.“.

   10. 35-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

   „1. სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს ანგარიშს საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის საქმიანობის შესახებ.“.

   11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო

 

   მუხლი 351. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტატუსი

  1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო.

   2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე ვრცელდება ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

  მუხლი 352. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ტელერადიომაუწყებლობის არხები და სიხშირეები

   მიწისზედა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განცხადების საფუძველზე კომისია ანიჭებს მას 2013 წლის 1 ივლისისათვის მის მიერ გამოყენებულ სიხშირეებს. სიხშირეების გამოყენების წესი და პირობები განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით.

 

   მუხლი 353. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურა

  1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ორგანოები არიან:

   ა) მრჩეველთა საბჭო;

   ბ) დირექტორი.

   2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.

 

  მუხლი 354. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა და ანაზღაურება

   1. მრჩეველთა საბჭო შედგება 5 წევრისგან – მრჩევლისგან.

   2. მრჩევლის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

   3. მრჩეველს ეძლევა ჰონორარი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 1%-ს.

 

   მუხლი 355. მრჩევლობის კანდიდატთა შერჩევა და მრჩეველთა არჩევა

   1. მრჩევლის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.

  2. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მრჩევლის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტი კანდიდატურა არ იქნა წარდგენილი, კანდიდატურების წარდგენის ვადა 15 კალენდარული დღით გრძელდება, რის თაობაზედაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საჯაროდ განაცხადებს.

   3. მრჩევლობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

   4. მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით იქმნება 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. იმავე ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს მრჩევლობის კანდიდატების სიას. კანდიდატი ვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, ასევე მონაწილეობა მიიღოს დებატებში, რომლებიც გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე.

   5. საკონკურსო კომისია მრჩევლობის კანდიდატების სიის გამოქვეყნებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს კანდიდატებს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას. კანდიდატის წარდგენის შესახებ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონკურსო კომისიის არანაკლებ 3-მა წევრმა.

   6. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები, მათში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის პროპორციულად, ხოლო ორს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ასარჩევად. ფრაქციების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ ფრაქციების თავმჯდომარეები, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საბჭოს ის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. უმაღლესი საბჭოს  ერთ წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა.

  7. მრჩევლის 5 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის ფრაქცია, რომელსაც ყველაზე მეტი წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა ფრაქციები მათში შემავალ დეპუტატთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ.

   8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო კანდიდატურების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და დანარჩენი წევრების კვოტებით, თავდაპირველად აირჩევა კანდიდატი იმ დეპუტატების კვოტით, რომლებიც არ შედიან ფრაქციებში.

   9. თუ მრჩევლობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ უმაღლეს საბჭოს ახალ კანდიდატურებს.

  10. მრჩევლის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. 

   11. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დანარჩენი წევრების არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით.

   12. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ვერ დაკომპლექტდა 5 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.

 

   მუხლი 356. მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

   1. მრჩეველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

   ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან გარდაცვლილად გამოაცხადებს – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

   ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;

  გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს მრჩევლის უფლებამოსილებას;

   დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან  ვერ განახორციელებს მრჩევლის უფლებამოსილებას;

  ე) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;

   ვ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩეველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.

  3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩეველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  დადგენილებით, რომელიც მიიღება უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით.

  4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.

   5. პროცედურის ინიციატორმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთოს მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი.

   6. მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა დაემთხვა სესიებს შორის პერიოდს – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

   7. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე მრჩევლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.

  8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს, თუ:

  ა) არ შესრულდა მრჩეველთა საბჭოს მიერ ამ კანონის საფუძველზე და მის მოთხოვნათა გათვალისწინებით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტები და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მათ შესასრულებლად;

  ბ) არ შესრულდა ამ კანონის 359 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ბიუჯეტი და საბჭომ არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები მის შესასრულებლად.

   9. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო წინადადებით მიმართავს უმაღლეს საბჭოს, დასვას მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხი ამ კანონის 359 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

  10. მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. უნდობლობის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედი. უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში დაუშვებელია უნდობლობის საკითხის დასმა მომდევნო 1 წლის განმავლობაში.

 

   მუხლი 357. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა

   1. მრჩეველთა  საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე მრჩეველთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.

   2. მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით, მრჩეველთა არანაკლებ ერთი მესამედის, დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა.

   3. მრჩეველს მრჩეველთა საბჭოს მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოს სხდომამდე სულ ცოტა 3 სამუშაო დღით ადრე.

   4. მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მრჩეველს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

   5. დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ, დაესწრონ მრჩეველთა საბჭოს სხდომას. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია მოუსმინოს მათ და განიხილოს მათ მიერ დასმული საკითხები.

   6. მრჩეველთა საბჭო და მისი თავმჯდომარე უფლებამოსილი არიან, საბჭოს სხდომაზე მოიწვიონ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ნებისმიერი თანამშრომელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს აუდიტორი და დამოუკიდებელი აუდიტორი. ისინი ვალდებული არიან, დაესწრონ სხდომას და პასუხი გასცენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

   7. მრჩეველთა საბჭოს ღია სხდომაზე დასწრებისა და აზრის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

   მუხლი 358. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე

  1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს მრჩეველთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს მრჩეველთა საბჭო, შესაბამისად, თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

   2. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ 1 ვადაზე მეტი ხნით.

  3. მრჩეველთა საბჭოს ახალარჩეული თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი აირჩა თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 6 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

  4. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, წარმოადგენს საბჭოს, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს.

   5. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე. თანამდებობიდან მისი ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს მრჩეველთა საბჭოს სულ ცოტა 3 წევრს (ან 2 წევრს, თუ საბჭო 3 წევრისგან შედგება) ერთობლივი წერილობითი მოთხოვნით. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ მრჩეველთა საბჭომ თანამდებობიდან არ გადააყენა საბჭოს თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე, დაუშვებელია თანამდებობიდან მისი გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში.

 

   მუხლი 359. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები და მრჩევლის უფლება-მოვალეობები

   1. მრჩეველთა საბჭო:

  ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს;

  ბ) დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, ცვლილებები შეიტანოს დებულებაში;

   გ) დირექტორის წარდგინებით მსჯელობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტზე და, ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;

   დ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან დირექტორის წინადადებით, შეიმუშაოს პროექტი ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ და ის დასამტკიცებლად წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს;

   ე) ისმენს დირექტორის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს, კვარტალის დასრულებიდან 15 დღის ვადაში;

   ვ) თანხმობას აძლევს დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1%-ს;

   ზ) განსაზღვრავს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;

   თ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;

  ი) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, მათ შორის, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობებს, იმის გათვალისწინებით, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 1 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, გარდა საინჟინრო-ტექნიკური მუშაკებისა, რომელთა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს (გამონაკლისია ისეთი პროგრამების შესრულებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადაც 1  წელზე ნაკლებია);

  კ) ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს და ათანხმებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან.

   2. მრჩეველი:

   ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მრჩევლის მოვალეობა;

  ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს მრჩეველთა საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა;

 გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას.

 

   მუხლი 3510. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი

   1. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს მრჩეველთა საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე დაინიშნა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი დანიშვნის მომენტიდან. დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 3 წლის თავზე, იმ  თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

   2. დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, მრჩეველთა საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

   3. დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.

   4. დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე,  საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.

   5. დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში მრჩეველთა საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს დირექტორს.

   6. მრჩეველთა საბჭო დირექტორთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

   7. დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებით და დირექტორსა და მრჩეველთა საბჭოს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას, წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

  მუხლი 3511. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები

   1. დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ:

   ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან გარდაცვლილად გამოაცხადებს – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

   ბ) დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს;

  გ) ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას;

  დ) 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ ან ვერ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას;

   ე) მას მრჩეველთა საბჭო გამოუცხადებს უნდობლობას – უნდობლობის გამოცხადების დღიდან;

  ვ) საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების მრჩეველთა საბჭოში  ოფიციალურად წარდგენის (ჩაბარების) დღიდან;

   ზ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

  2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.

  3. მრჩეველთა საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.

   4. მრჩეველთა საბჭო ვალდებულია უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.

   5. თუ მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა დირექტორს, დაუშვებელია მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში.

 

   მუხლი 3512. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება

  1. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით. გამოყოფილი თანხა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ ჩაირიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ანგარიშზე.

  2. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე 1 თვით ადრე წარუდგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის პროექტს.

  3. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტების პროექტების შეჯერების საფუძველზე ამტკიცებს მომდევნო წლის ბიუჯეტს.

 

   მუხლი 3513. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ანგარიში

   1. მრჩეველთა საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 აპრილისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს და აქვეყნებს ანგარიშს გასული წლის საქმიანობის შესახებ.

  2. ანგარიში უნდა შეიცავდეს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭო და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უზრუნველყოფენ ანგარიშის საჯარო განხილვას. 

  4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლება აქვთ, გამოითხოვონ ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ.“.

   12. 36-ე მუხლის:

   ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზაციის საფუძველზე.“;

   ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. მაუწყებლობა, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.“.

   13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 40მუხლი:

 

   „მუხლი 401. ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის ტრანზიტი

  1. საზოგადოებრივ მაუწყებელს, სათემო მაუწყებელს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საერთო მაუწყებელს, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიისთვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის ქვეყნის მთელი ტერიტორია), აგრეთვე საერთო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე პირს, რომლის მაუწყებლობა ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ისთვის, უფლება აქვთ, მოსთხოვონ  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს, ასეთი მაუწყებლის სატელევიზიო არხი მომხმარებლისათვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში განათავსოს („სავალდებულო ტრანზიტი“). ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის სიგნალის ტრანზიტისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

  2. მაუწყებელს შეუძლია სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს წარუდგინოს მის იურიდიულ მისამართზე დაზღვეული წერილის გაგზავნით. წერილის ასლი წარედგინება კომისიას.

   3. მაუწყებელი ვალდებულია თავისი ხარჯით, ერთჯერადად მიაწოდოს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მაუწყებლის სიგნალის ქსელში გავრცელებისათვის აუცილებელი ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოს მაუწყებლის სიგნალის თანამგზავრამდე მიტანა. ტექნიკური საშუალებების ერთჯერადი მიწოდების ვალდებულება არ ვრცელდება მაუწყებელზე, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც ხორციელდება ამ მუხლის ამოქმედებისას. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ურთიერთვალდებულებები განისაზღვრება მხარეებს შორის დადებული ტრანზიტის ხელშეკრულებით. ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ტრანზიტის ხელშეკრულება ან ტრანზიტის განხორციელების სხვა სამართლებრივი საფუძველი განათავსოს თავის ვებგვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს. 

  4. ტექნიკური საშუალებების ტექნიკურ მონაცემებს ადგენს კომისია. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნა კომისიის მიერ დადგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლების მიერ ტექნიკური საშუალებების მიწოდებიდან 14 დღის ვადაში.

   5. სავალდებულო ტრანზიტის პირობები პერიოდულად გადაისინჯება.

  6. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებლის მაუწყებლობის ტრანზიტი, თუ მაუწყებელი დაარღვევს ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნულ კეთილსინდისიერების მოთხოვნას ან შეწყვეტს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთან ტრანზიტის ხელშეკრულებას ხელშეკრულების პირობების დარღვევით.

   7. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი თავისი სიგნალის ტრანზიტისათვის მაუწყებლის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან ანაზღაურების გადახდას ითხოვს, ასეთ მაუწყებელსა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს შორის იდება ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება. ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება განათავსოს თავის ვებგვერდზე და წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცეს ასეთი ხელშეკრულების ასლი ნებისმიერ პირს.

   8. ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მაუწყებელი და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად წარმართონ მოლაპარაკებები ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულების დასადებად. კეთილსინდისიერების მოთხოვნა არ ჩაითვლება შესრულებულად, თუ რომელიმე მხარე:

   ა) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე;

   ბ) აშკარად აჭიანურებს ფასიანი ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებებს;

  გ) ტრანზიტისთვის ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ან დაბალ საფასურს იმ საფასურთან შედარებით, რომელსაც იგივე მაუწყებელი სხვა ავტორიზებული პირებისგან ითხოვს. შეუსაბამობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ტრანზიტის საფასურსა და სხვა მაუწყებლების მიერ მოთხოვნილ საფასურს შორის განსხვავება 10%-ს აღემატება;

  დ) ითხოვს ფასიანი ტრანზიტის სხვა ისეთ პირობებს, რომლებიც მეორე მხარეს სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან შედარებით აშკარად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს;

   ე) მოითხოვს მეორე მხარისგან, არ დადოს გარიგება სამაუწყებლო ან ფასიანი ტრანზიტის ბაზრის სხვა სუბიექტებთან;

  ვ) დაუსაბუთებელ უარს აცხადებს ფასიანი ტრანზიტის პირობების შესახებ მეორე მხარის წინადადებების განხილვაზე;

   ზ) მესამე პირთან დებს ისეთ გარიგებას, რომლის ერთ-ერთი პირობაა ამ მხარის ვალდებულება, არ დადოს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულება სხვა პირთან.

   9. სავალდებულო ან ფასიანი ტრანზიტის შემთხვევაში  მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მაუწყებლობის ტრანზიტი უცვლელი სახით განახორციელოს.

  10. მაუწყებელს, რომლის მაუწყებლობის ტრანზიტიც სავალდებულო ან ფასიანი ტრანზიტის საფუძველზე ხორციელდება, შეუძლია მოითხოვოს საავტორო უფლებების დაცვა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

   11. რომელიმე მხარის მიერ ამ მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 ან/და მე-8 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია საჩივრით მიმართოს კომისიას.

   12. მხარეებს შეუძლიათ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ სასამართლოში და მოითხოვონ როგორც ვალდებულების შესრულება, ისე მიყენებული ზიანის ანაზღაურება.“.

   14. 41-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები:

   „დ1) ფიზიკური პირისათვის – ამ პირისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი დეკლარაცია;

  დ2) იურიდიული პირისათვის – ცნობა განცხადებული საწესდებო კაპიტალისა და მისი განაღდებული ნაწილის შესახებ, ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ, ინფორმაცია საწესდებო კაპიტალისა და აქტივების საკუთრებისა და წარმოშობის შესახებ, მნიშვნელოვანი წილის მფლობელ პარტნიორთა/აქციონერთა ქონებრივი დეკლარაცია;“.

   15. 55მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 551. პოლიტიკური დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში

  საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული არიან, არჩევნებს შორის პერიოდში ყოველკვირეულად განათავსონ თავიანთ ეთერში გადაცემები, რომელთა მიზანია ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური დისკუსიის გამართვა, და არადისკრიმინაციულად უზრუნველყონ ამ გადაცემებში საქართველოს პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების (ფრაქციების), აგრეთვე იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლობა, რომლებიც დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ.“.

   16. 63-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „8. აკრძალულია  საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით და ამ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

   9. ამ კანონით გათვალისწინებული, კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შესაბამისი არხით მაუწყებლობაზე, რომელიც ხორციელდება მხოლოდ სატელიტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით.“.

   17. 64-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.

   2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე ტელეშოპინგს დღე-ღამის განმავლობაში უნდა დაეთმოს არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო კომერციულ რეკლამას – არაუმეტეს 30 წუთისა. კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის საერთო მოცულობა 1 საათში არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს (6 წუთს). საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე სპორტულ რეპორტაჟში კომერციული რეკლამა განთავსდება მხოლოდ რეპორტაჟის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.“.

   18. 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 1 საათში არანაკლებ 60 წამისა და მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს საზოგადოებას სოციალური რეკლამის სახით მიაწოდონ ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურების შესახებ. ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

   ა) საარჩევნო უბნების მისამართები;

   ბ) არჩევნების თარიღი;

   გ) საარჩევნო საპროცედურო უფლებები და მოვალეობები.“.

   19. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

   „2. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომლებიც თავიანთ ეთერში განათავსებენ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 1 საათში არაუმეტეს 60 წამისა, განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამები.“.

   20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 661 მუხლი: 

„მუხლი 661. მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა

   1. აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

   2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მხოლოდ ტენდერის საფუძველზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით, შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ სოციალური რეკლამის განთავსებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

   3. საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად.“.

   21. 67-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ადმინისტრაციული ორგანო, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს წევრი ან საჯარო მოსამსახურე, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი ან თანამდებობის პირი, პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია ან ბლოკი და სხვა საარჩევნო სუბიექტი არ შეიძლება იყვნენ პროგრამის სპონსორები.“.

   22. 70-ე მუხლის:

   ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

  „21. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების მიხედვით.“;

   ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.“;

   გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების (მათი ოდენობისა და ინვესტორთა მითითებით) შესახებ.“;

   დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. კომისია ადგენს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასევე ინფორმაცია მაუწყებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. მაუწყებელი ვალდებულია ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას ანგარიშგების ფორმები.“;

   ე) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

  „41. კომისია ანგარიშგების ფორმების მიღებიდან 7 დღეში აქვეყნებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ, მაუწყებელთა მიერ შევსებულ ანგარიშგების ფორმებს.

  42. კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მაუწყებელში ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულებამ ან განხორციელებულმა შემოწირულებამ შვიდი ათას ლარზე მეტი შეადგინა.“.

   23. 71-ე მუხლის:

   ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია ის წერილობით გააფრთხილოს და განუსაზღვროს გონივრული ვადა, შესაბამისად, დარღვევის აღმოსაფხვრელად ან კომისიის გადაწყვეტილების შესასრულებლად.

   2. კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა.“;

   ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრების, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ლიცენზიის მოქმედების არამართლზომიერი შეჩერების ან ლიცენზიის არამართლზომიერი გაუქმების გამო. ანაზღაურების ოდენობას ადგენს სასამართლო.“.

   24. 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. კომისია საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს, აგრეთვე საეთერო მაუწყებლობის განმახორციელებელ კერძო ან/და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის, სალიცენზიო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების დროს შესაბამისად უნდა შეჩერდეს და განახლდეს კომისიის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადით მინიჭებული რადიოსიხშირეების გამოყენებაც.

   3. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში  მოიპოვებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.“.

     მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ არჩეულ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგადაც განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა ისე, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა ერთი მესამედის უფლებამოსილების ვადა იყოს 2 წელი, ერთი მესამედისა – 4 წელი და ერთი მესამედისა – 6 წელი.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კონკურსს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს ასარჩევად.

3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე . (ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/2/569 – ვებგვერდი, 15.04.2014წ.

31. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულია საბჭოს არანაკლებ 7 წევრისა. ახალარჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან მანამდე არსებული სამეურვეო საბჭოს წევრები ამ კანონის 21 მუხლით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრის სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში.

4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედების შემდეგ არჩეულ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ჩატარდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წილისყრა.

5. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს (წევრებს) უფლებამოსილება შეუწყდა (შეუწყდათ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს არჩევამდე, მისი (მათი) თანამდებობა ვაკანტური დარჩეს.

6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ერთ კანდიდატურას წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

7. ამ კანონის ამოქმედებიდან ახალი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭო არ არის უფლებამოსილი, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, გარდა სარეკომენდაციო გადაწყვეტილებისა.

საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1628 - ვებგვერდი, 22 .11.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2396 - ვებგვერდი, 06.05.2014წ. 

    მუხლი 21

1. საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის პროცესში ინსტიტუციური განვითარების უწყვეტობისა და ახალშექმნილი სამეურვეო საბჭოს საქმიანობაზე შიდა კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში იქმნება დროებითი ორგანო − საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო.

2. მონიტორინგის საბჭოს წევრს უფლებამოსილება უნარჩუნდება კანონით განსაზღვრული ვადით.

3. მონიტორინგის საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის, თანამდებობიდან გადადგომის, გარდაცვალების, მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის, აგრეთვე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. მონიტორინგის საბჭოს წევრი უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალური დირექტორის ყველა გადაწყვეტილება, აგრეთვე სამეურვეო საბჭოსთვის განსახილველად წარდგენილი ყველა დოკუმენტის (მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის პროექტის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის) ასლი.

5. მონიტორინგის საბჭო უფლებამოსილია:

ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ან/და გენერალურ დირექტორს წარუდგინოს რეკომენდაციები შესაბამისად საბჭოს ან/და დირექტორის საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად;

ბ) სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს რეკომენდაციები მისაღები ზომების თაობაზე, თუ გამოვლინდა ფინანსური დარღვევები;

გ) გენერალურ დირექტორს წარუდგინოს რეკომენდაციები, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციამ დაარღვია დაქირავებულთა შრომითი უფლებები;

დ) სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადება გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, თუ გამოვლინდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 321 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება;

ე) საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადება სამეურვეო საბჭოს წევრისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, თუ გამოვლინდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოება;

ვ) საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადება სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე, თუ გამოვლინდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება;

ზ) მოითხოვოს მონიტორინგის და სამეურვეო საბჭოების გაერთიანებულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა. მოსმენა უნდა გაიმართოს მოთხოვნიდან 2 თვის ვადაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესა და გენერალურ დირექტორთან შეთანხმებულ დროს;

თ) მოითხოვოს საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის გამართვა გასული წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სისტემაში გამოვლენილი იმ პრობლემების თაობაზე, რომლებზედაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ან გენერალურმა დირექტორმა სათანადო რეაგირება არ მოახდინა. საკომიტეტო მოსმენა უნდა გაიმართოს მოთხოვნიდან 2 თვის ვადაში.

6. მონიტორინგის საბჭო მორიგ სხდომაზე იკრიბება თვეში ერთხელ მაინც. მონიტორინგის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მონიტორინგის საბჭოს საქმიანობას უძღვება საბჭოს უხუცესი წევრი, რომელიც იწვევს საბჭოს მორიგ სხდომას, ხოლო საბჭოს არანაკლებ 3 წევრის მოთხოვნის შემთხვევაში − რიგგარეშე სხდომას. მონიტორინგის საბჭოს სხდომა იმართება სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუადრეს 5 დღისა. მონიტორინგის საბჭო უფლებამოსილია დაადგინოს საბჭოს საქმიანობის დამატებითი წესები და პროცედურები. მონიტორინგის საბჭოს შეკრებებისთვის საჭირო სამუშაო ოთახით, საოფისე ინვენტარით და ტექნიკური თანაშემწით უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაცია.

7. მონიტორინგის საბჭოს წევრს გაწეული სამსახურისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ენიშნება ყოველთვიური ჰონორარი სამეურვეო საბჭოს წევრის შრომის ანაზღაურების 80%-ის ოდენობით. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 2 მორიგ სხდომაზე მონიტორინგის საბჭოს წევრის დაუსწრებლობის შემთხვევაში შესაბამის თვეში მას ჰონორარი  უნახევრდება, ხოლო მე-3 და ყოველ მომდევნო მორიგ სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში საბჭოს წევრს შესაბამისი თვის ჰონორარი არ ეძლევა. მონიტორინგის საბჭოს სხდომაზე დასწრებას საბჭოს წევრი დასწრების აღრიცხვის ფურცელზე ხელმოწერით ადასტურებს.

8. მონიტორინგის საბჭოს უფლებამოსილება უწყდება მისი ბოლო წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

   მუხლი 3

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 25 ნოემბრიდან.

საქართველოს 2013 წლის   20 ნოემბრის კანონი №1628 - ვებგვერდი,  22 .11.2013წ.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივლისი 2013 წ.

N833-რს