„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3448-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.020987
3448-XIმს-Xმპ
30/06/2023
ვებგვერდი, 18/07/2023
450140000.05.001.020987
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ს1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს1) მედიამომსახურება − მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება/განხორციელებული საქმიანობა − აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა;“;

ბ) „ს4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს4) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება − მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანი ან არსებითი ფუნქციონალი არის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების ორგანიზებას, კერძოდ, ჩვენებას, მონიშვნასა და თანამიმდევრობას, განსაზღვრავს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით;“;

გ) „ტ4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ4) სარედაქციო პასუხისმგებლობა − პროგრამების შერჩევასა და  ორგანიზებაზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელება მაუწყებლის მიერ პროგრამების ქრონოლოგიური განრიგის საშუალებით ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ პროგრამების კატალოგის საშუალებით, რაც აუცილებლად არ გულისხმობს მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ მიწოდებულ მომსახურებასთან დაკავშირებით;“;

დ) „ჰ16“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მედიამომსახურების სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია, აგრეთვე ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქმიანობის განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენა;“.

2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია უფლებამოსილია სახელმწიფო ან კომერციული/პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის დაცვის მიზნით გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.“.

3. მე-8 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კომისიის სამართლებრივი აქტი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის მიღება არ გამოიწვევს კომისიის სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხვაგვარად გადაწყვეტს.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ჯარიმა, რომელიც მაუწყებლის წლიური შემოსავლის 1%-ს და იმავდროულად 5 000 ლარს აღემატება, ან გადაწყვეტილება, რომელიც მაუწყებლის ავტორიზაციის შეჩერების/გაუქმების საკითხს ეხება, არ შეიძლება დაუყოვნებლივ აღსრულდეს. ასეთ დავასთან დაკავშირებით სასარჩელო წარმოების პროცესში სანქციის მოქმედება შეჩერდება.“.

4. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ან თუ სასამართლო ამ კომისიის წევრს უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან თუ აღნიშნული კომისიის წევრი თანამდებობიდან გადადგება ან გარდაიცვლება, საქართველოს პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2. თუ კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განაჩენს კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში გამოითხოვს და დაუყოვნებლივ ამზადებს შესაბამის დასკვნას.

3. თუ კომისიის წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში გამოითხოვს მის დამადასტურებელ საბუთებს, ამოწმებს მათ ნამდვილობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას.

4. კომისიის წევრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც მას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. აღნიშნული კომიტეტი ადგენს ამ განცხადების ნამდვილობას, იმ გარემოებას, რომელიც მას საფუძვლად დაედო, და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრს უფლება აქვს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 7 დღის ვადაში გამოითხოვოს და თავისი უფლებამოსილების განხორციელება გააგრძელოს.

5. კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი გამოითხოვს კომისიის წევრის გარდაცვალების შესახებ ცნობას და ამზადებს შესაბამის დასკვნას. კომისიის წევრის გარდაცვალებისას მისი უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება გარდაცვალების მომდევნო დღიდან.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს შეისწავლის და განიხილავს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. საქართველოს პარლამენტის ბიუროს კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დაუყოვნებლივ განიხილოს. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. კომისიის წევრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება, თუ შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრე პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ.

7. საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს უფლება აქვს, აღძრას კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა:

ა) კომისიის წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ბ) კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 15 დღეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 2 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული საფუძველი დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ. საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს პარლამენტი კენჭს უყრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. თუ კენჭისყრისას მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია, ან თუ საქართველოს პარლამენტი არ გამართავს კენჭისყრას ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.

9. ერთი ფაქტის საფუძველზე კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.

10. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

11. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების კონკრეტული საფუძვლის მითითებით კომისია დაუყოვნებლივ აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.“.

6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) კომისიის მომდევნო წლის საქმიანობის გეგმასა და გასული წლის საქმიანობის გეგმის შესრულების ანგარიშს.“.

7. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა (გარდა ამ კანონის 52-ე, 54-ე, 552, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმებისა), აგრეთვე სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. დაინტერესებული პირის მიერ ამ მუხლის მე-2 ან 21 პუნქტის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სარჩელი დაუშვებელია, თუ მოსარჩელემ დადგენილი წესით არ გამოიყენა იმავე საკითხზე კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა.“.

8. 38მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 381. მაუწყებლობის ენა/ენები

1. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები უნდა განათავსოს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მათ შორის, საუკეთესო დროს.

3. საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

9. 451 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ავტორიზაციის წესი“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სათემო მაუწყებლობის, კერძო მაუწყებლობის, საუნივერსიტეტო მაუწყებლობის ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.“;

გ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−14 პუნქტები:

„11. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირი კომისიას წარუდგენს ავტორიზაციის შეტყობინებას, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. პირი ავტორიზებულად მიიჩნევა და უფლება აქვს, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელება (მიწოდება) დაიწყოს კომისიისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენის დღიდან.

12. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის ავტორიზაციის შეტყობინების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ამოწმებს ავტორიზაციის შეტყობინების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას და, თუ აღნიშნული ავტორიზაციის შეტყობინება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არეგისტრირებს.

13. თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის წარდგენილი შეტყობინება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, კომისია ადგენს ხარვეზს და ამ პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადას. კომისია უფლებამოსილია დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადა მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 15 სამუშაო დღით გააგრძელოს.

14. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში კომისია მას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არეგისტრირებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კომისია ავტორიზაციის შეტყობინებას განუხილველად ტოვებს და აღნიშნულ პირს საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელების მოსალოდნელ შედეგებს განუმარტავს.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა თაობაზე, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5%-ს ან 5%-ზე მეტს ფლობენ;

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

დ) მომსახურების შესახებ მონაცემები, ხოლო თუ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება სხვა მომსახურების ნაწილია − აღნიშნული მომსახურების თაობაზე მონაცემები;

ე) უფლებამოსილი საკონტაქტო პირის მონაცემები;

ვ) მომსახურების აღწერა, მათ შორის, მონაცემები იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურება ამ კანონის მე-2 მუხლის „ს4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურებას მიეკუთვნება, მომსახურების გავრცელების საშუალება;

ზ) ინფორმაცია ამ კანონის პირველი მუხლის მე-7−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესახებ, რომელთა მიხედვითაც მომსახურებაზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება;

თ) ვებგვერდის მისამართი, აგრეთვე ინფორმაცია ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების (მიწოდების) მიზნით გამოყენებული საშუალებების შესახებ;

ი) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განხორციელების მსურველი პირის მიერ კომისიისთვის წარსადგენი ავტორიზაციის შეტყობინების ფორმის დამტკიცების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია.“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. პირს უფლება აქვს, მედიამომსახურების განხორციელება (მიწოდება) დაიწყოს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.“;

ვ) მე-12 პუნქტის:

ვ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაში/მის მიერ კომისიისთვის წარდგენილ ავტორიზაციის შეტყობინებაშია ასახული;“;

ვ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას მედიამომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ ავტორიზებული პირის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან, ხოლო ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ავტორიზაცია − ავტორიზებული პირის მიერ ავტორიზაციის შეჩერებისთვის მითითებული ვადის ამოწურვისთანავე ან ამ პირის მიერ კომისიისთვის ავტორიზაციის განახლების შესახებ ინფორმაციის წარდგენისთანავე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“.

10. 452 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განგრძობითად და პროგრესირებადად უზრუნველყოს საკუთარი პროგრამების კატალოგში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული პროგრამების კომისიის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად განთავსება.“.

11. 453 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია უფლებამოსილია შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დროებით არ დაუშვას საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მედიამომსახურების გავრცელება, თუ აღნიშნული მედიამომსახურების მიმწოდებელი აშკარად და უხეშად არღვევს ამ კანონის 56​1 და 56მუხლების მოთხოვნებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას და ამ პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა ბოლო 1 წლის განმავლობაში არანაკლებ ორჯერ ჩაიდინა.

3. კომისიამ მედიამომსახურების მიმწოდებელს წერილობით უნდა შეატყობინოს სავარაუდო დარღვევისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს კომისია იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა კვლავ განმეორდება. კომისიამ მედიამომსახურების მიმწოდებელს უნდა მისცეს შესაძლებლობა, კომისიის სხდომაზე როგორც წერილობით, ისე ზეპირად წარადგინოს საკუთარი მოსაზრება სავარაუდო დარღვევის შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. 454 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45​4. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები არასათანადო ვიდეორგოლის, პროგრამისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებასთან დაკავშირებით

ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რათა დაიცვას საზოგადოება აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით ისეთი ვიდეორგოლის, პროგრამის ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის გავრცელებისგან:

ა) რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას;

ბ) რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია ვიდეორგოლის, პროგრამის ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. ვიდეორგოლი, პროგრამა ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო;

გ) რომლის გავრცელება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის − ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდების, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელების, რასობრივი დისკრიმინაციის ან ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის − ნიშნებს.“.

13. 456 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომხმარებლისთვის გამჭვირვალე და მოსახერხებელი მექანიზმების შექმნა და ფუნქციონირება, რათა მომხმარებელმა შეატყობინოს ან მიანიშნოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელს მასალის ამ კანონის დარღვევით განთავსების შესახებ, აგრეთვე აღნიშნულ პლატფორმაზე არსებული რეიტინგის მეშვეობით შეაფასოს ეს მასალა;“.

14. 457 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების ადეკვატურობას აფასებს კომისია, მათ შორის, ამ მომსახურების მიმწოდებლის ზომის, მის მიერ შეთავაზებული მომსახურების ბუნებისა და მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით.“.

15. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 50. ქცევის კოდექსი

1. კომისია მედიამომსახურების მიმწოდებლებთან, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს მედიამომსახურების მიმწოდებლებსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს, საკუთარი ინიციატივით, ერთობლივად ან დამოუკიდებლად შეიმუშაონ მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას ქცევის წესები.“.

16. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 52​. ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება

1. მაუწყებელი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა პროგრამაში მოყვანილი (გადაცემული) ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომა.

2. დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანით (გადაცემით), აქვს პასუხის უფლება ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, საწყისი განცხადების გაკეთებიდან (მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან) 10 დღის ვადაში შესაბამის მაუწყებელს მოსთხოვოს, მისცეს მას შესაძლებლობა, თავად უზრუნველყოს საწყის განცხადებაში მოყვანილი არასწორი (მცდარი) ფაქტის შესწორება ან უარყოფა მაუწყებლის ეთერში თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით, საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც საწყისი განცხადება გაკეთდა.

4. მაუწყებელი უფლებამოსილია პირს უარი უთხრას პასუხის უფლებაზე, თუ:

ა) ფაქტის შესწორების ან უარყოფის მოთხოვნა საწყისი განცხადების გაკეთებიდან 10 დღის ვადაში არ ყოფილა წარდგენილი;

ბ) საწყისი განცხადება პირთა განუსაზღვრელ წრეს ეხება ან მომჩივანი განცხადებაში ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული არ არის;

გ) ფაქტის შესწორებას ან უარყოფას საწყის განცხადებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, ან ფაქტის შესწორების ან უარყოფის ზომა, ფორმა და შინაარსი სცდება საწყის განცხადებაში მოყვანილი ფაქტის თანაზომიერი საშუალებებითა და ფორმით შესწორებისთვის ან უარყოფისთვის აუცილებელ ფარგლებს, ან ხდება საწყის განცხადებაში გამოთქმული აზრის და არა მასში მოყვანილი ფაქტის შესწორება ან უარყოფა;

დ) ფაქტის შესწორება ან უარყოფა გამოიწვევს მაუწყებლისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრებას, შეიცავს ცილისწამებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს ან უხამსობას;

ე) ფაქტის შესწორება ან უარყოფა უსაფუძვლოდ ეხება მესამე პირს;

ვ) მომჩივანი თავის კანონიერ ინტერესს ვერ ასაბუთებს.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხის უფლება არსებობს მხოლოდ მაუწყებლის პროგრამაში არასწორი (მცდარი) ფაქტის მოყვანის (გადაცემის) შემთხვევაში და არ ვრცელდება მოსაზრების/შეხედულების გადაცემაზე.

6. პასუხის უფლებაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში.“.

17. 521 მუხლი ამოღებულ იქნეს.

18. 55მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია ისეთი პროგრამის ან რეკლამის გავრცელება, რომელიც ახდენს პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ადგილის ან ასაკის ნიშნის მიხედვით ძალადობის ან სიძულვილის წაქეზებას (სიძულვილის ენა), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტის გათვალისწინებით და არ არსებობს სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა. პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.“.

19. 56-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი სამაუწყებლო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, გონებრივ ან მორალურ განვითარებას.“.

20. 561 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ფსიქოლოგიურ ან მორალურ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.“.

21. 591 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 52-ე, 54-ე, 552, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, აგრეთვე ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე რეაგირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

2. ამ კანონის 52-ე, 54-ე, 552, 56-ე და 59-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების, ქცევის კოდექსით დადგენილი ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.“.

22. 63-ე მუხლის:

ა) 25 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2​5. აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ლახავს ადამიანის ღირსებას, ახდენს შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის ან ასაკის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციას ან/და ასეთი დისკრიმინაციის წახალისებას.“;

ბ) 27 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 28 პუნქტი:

„2​8. აკრძალულია ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც ახდენს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საშიში ქცევის წახალისებას.“.

23. 70-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მედიამომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული/გავრცელებული პროგრამის, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მის მიერ გავრცელებული პროგრამის, მომხმარებლის გენერირებული ვიდეორგოლისა და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კომისია ადგენს მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმასა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმას. მედიამომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ამ ანგარიშგების ფორმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ელექტრონულ ფორმაში ასახული უნდა იყოს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. მედიამომსახურების მიმწოდებელი, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარუდგინოს კომისიას შესაბამისი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა.“.

24. 71-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია დამრღვევს დარღვევის აღმოსაფხვრელად ან მისი პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს.“;       

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

25. 76-ე მუხლის:

ა) 37-ე და 38-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„37. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე მიიღოს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი. ამ აქტის მიღებამდე არ მოქმედებს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის და ამ კანონის 456 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებები ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისთვის.

38. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს სახელმძღვანელო მითითებები ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულებისგან გათავისუფლების მიზნით დაბალი შემოსავლის ან/და მცირერიცხოვანი აუდიტორიის მქონე აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის განსაზღვრის შესახებ. აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებამდე გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელზე ვრცელდება ევროპული წარმოების პროდუქციასთან დაკავშირებული ვალდებულება.“;

ბ) 39-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-40 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„40. კომისიამ 2024 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მედიამომსახურების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობისა და აღნიშნული პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირების წესი.“;

დ) 41-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ივნისი 2023 წ.

N3448-XIმს-Xმპ