დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4525-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/04/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110502023, 02/05/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 450140000.05.001.016279 |
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“−„გ3“ ქვეპუნქტები:
„გ1) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს წევრი;
გ2) იდეალური მიზნებისათვის შექმნილი იურიდიული პირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ქონება, მათ შორის, მოგება, არ შეიძლება განაწილდეს მის წევრთა შორის;
გ3) ოფშორული ზონა − სახელმწიფო ან სახელმწიფოს ტერიტორია, რომელშიც დაცულია იურიდიული პირის საკუთრების, საქმიანობისა და მისი პარტნიორების/აქციონერების კონფიდენციალობა;“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. კომისია საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით ინტერნეტში ქმნის საკუთარ ვებგვერდს და სისტემატურად განაახლებს მასზე განთავსებულ ინფორმაციას; კომისიის გადაწყვეტილებები, მათ შორის, გადაწყვეტილებები კომისიის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე, კომისიის ვებგვერდზე განთავსდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაციები − მათი კომისიისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.“.
3. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.“.
4. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი
1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:
ა) ადმინისტრაციული ორგანო;
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;
გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.“.
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:
„მუხლი 371. შესაბამისობის დეკლარაცია
1. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სალიცენზიო განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;
გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;
დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.
2. შესაბამისობის დეკლარაციას ლიცენზიის მფლობელი კომისიას წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“.
6. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მისი მოქმედების შეჩერება და გაუქმება, აგრეთვე ტელე- ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.
7. 41-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“;
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) შესაბამისობის დეკლარაცია.“;
გ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;“;
დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში განისაზღვრება სალიცენზიო პირობებად.“.
8. 61-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შესაბამისობის დეკლარაცია;“;
ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.“;
გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.“.
9. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.“.
10. 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.“.
11. 76-ე მუხლის:
ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე.“;
ბ) 28-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 29-ე პუნქტი:
„29. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არა უგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 8 აპრილი.
№4525–Iს
დოკუმენტის კომენტარები