„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3743-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 450140000.05.001.101999
3743-XIIIმს-Xმპ
16/11/2023
ვებგვერდი, 30/11/2023
450140000.05.001.101999
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით, კანონიერებისა და გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ კანდიდატურების შესარჩევად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისია მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარდგენილი კანდიდატების ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას. თუ საკონკურსო კომისია დაადგენს, რომ ამ კანონით განსაზღვრულ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს 3-ზე ნაკლები კანდიდატი აკმაყოფილებს, ცხადდება ახალი კონკურსი და იგი ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით. თუ საკონკურსო კომისია დაადგენს, რომ ამ კანონით განსაზღვრულ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს არანაკლებ 3 კანდიდატისა,  იგი აღნიშნულ კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს. საკონკურსო კომისია კანდიდატების განაცხადებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, ამ კანონით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კანდიდატურების შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას წარსადგენი კანდიდატების შესახებ. საქართველოს მთავრობა ამ კანონით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კანდიდატურების შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 3 კანდიდატურისა.“.

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული საფუძველი დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ. საქართველოს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში. კომისიას, იმ კომისიის წევრს, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, უფლება აქვს, წერილობით ან/და ზეპირად − პლენარულ სხდომაზე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს საკუთარი პოზიცია. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა. თუ კენჭისყრისას მიღებული ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია, ან თუ საქართველოს პარლამენტი არ გამართავს კენჭისყრას ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 ნოემბერი 2023 წ.

N3743-XIIIმს-Xმპ