დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1628-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/11/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 450140000.05.001.017201 |
|
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.017018) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 24-ე−26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა 1. სამეურვეო საბჭო შედგება 9 წევრისგან – მეურვისგან. 2. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წარდგინებით, ხოლო ერთს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით. 3. მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში. 4. მეურვის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 6 წლისა. მეურვის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს. 5. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ვაკანტური რჩება. 6. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით. 7. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება აირჩეს მეურვედ 1 ვადაზე მეტი ხნით. 8. სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისთვის მეურვეს ეძლევა ჰონორარი და აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები. 9. მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში. ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის 1%-ს. მუხლი 25. მეურვეობის კანდიდატის შერჩევა საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ 1. მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით. 2. მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების შესახებ, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. 3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობასთან, საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები. 4. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. 5. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. 6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან ამ კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია საპარლამენტო უმრავლესობას (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციებს), საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას. 7. საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით. მუხლი 26. მეურვის არჩევა 1. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები), სამს საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ასარჩევად. აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები). საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ უმრავლესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები. საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ ის პარლამენტის წევრები, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს მათ წარდგენაზე. ერთ პარლამენტის წევრს მხოლოდ ერთი პირის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებაზე შეუძლია ხელის მოწერა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 2. თუ საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, მეურვის 6 კანდიდატურის წარდგენის უფლება პროპორციულად ნაწილდება საპარლამენტო ფრაქციებს შორის, ფრაქციებში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით. თავდაპირველად კანდიდატურას წარადგენს ის საპარლამენტო ფრაქცია, რომელსაც ყველაზე ნაკლები წევრი ჰყავს, შემდეგ კი კანდიდატურებს წარადგენენ სხვა საპარლამენტო ფრაქციები მათში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობის მიხედვით, ნაკლებიდან მეტისკენ. 3. თუ უფლებამოსილება შეუწყდა მეურვეს, რომელიც წარდგენილი იყო საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ და ვაკანსიის გამოცხადების დროს საქართველოს პარლამენტში არ არსებობს უმრავლესობა, ახალი მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმით იყო არჩეული მეურვე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი. 4. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს. 5. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრების კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით. 6. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციები) 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს. 7. მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. 8. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის (საპარლამენტო უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში – საპარლამენტო ფრაქციების) და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით. 9. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.“.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ არჩეულ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგადაც განისაზღვრება სამეურვეო საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა ისე, რომ სამეურვეო საბჭოს წევრთა ერთი მესამედის უფლებამოსილების ვადა იყოს 2 წელი, ერთი მესამედისა – 4 წელი და ერთი მესამედისა – 6 წელი. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს კონკურსს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს ასარჩევად. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება იწყება საქართველოს პარლამენტის მიერ სამეურვეო საბჭოს არანაკლებ 7 წევრის არჩევისთანავე. 4. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ამოქმედების შემდეგ არჩეულ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შორის ჩატარდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წილისყრა. 5. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს (წევრებს) უფლებამოსილება შეუწყდა (შეუწყდათ) ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სამეურვეო საბჭოს არჩევამდე, მისი (მათი) თანამდებობა ვაკანტური დარჩეს. 6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ერთ კანდიდატურას წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად. 7. ამ კანონის ამოქმედებიდან ახალი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების დაწყებამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭო არ არის უფლებამოსილი, მიიღოს რაიმე გადაწყვეტილება, გარდა სარეკომენდაციო გადაწყვეტილებისა.“. 3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 25 ნოემბრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 20 ნოემბერი 2013 წ. N1628-რს |
დოკუმენტის კომენტარები