საერთო სასამართლოების შესახებ

საერთო სასამართლოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.050.000.04.001.003.778
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2257
04/12/2009
სსმ, 41, 08/12/2009
110.050.000.04.001.003.778
საერთო სასამართლოების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! მიმდინარეობს დოკუმენტის კონსოლიდაცია. ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას.

კონსოლიდირებული ვერსია (27/10/2015 - 21/12/2016)

საქართველოს ორგანული კანონი

საერთო სასამართლოების შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სასამართლო ხელისუფლება

1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები.

2. მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

3. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემასა და ორგანიზაციას, მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, ასევე მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

    მუხლი 2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა

1. საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა ერთიანია.

3. სამხედრო სასამართლოები შეიძლება შეიქმნას საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში. სამხედრო სასამართლოების შექმნის წესი და მათი კომპეტენცია განისაზღვრება კანონით.

4. საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.

    მუხლი 3. უფლების სასამართლო წესით დაცვა

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

    მუხლი 4. სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა

1. სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის.

2. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

3. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 5. გადაწყვეტილების გამოტანა საქართველოს სახელით

საქართველოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით.

    მუხლი 6. მართლმსაჯულებისა და სამართალწარმოების პრინციპები

1. მართლმსაჯულება ხორციელდება კანონისა და სასამართლოს წინაშე საქმეში მონაწილე ყველა პირის თანასწორობის საფუძველზე, აგრეთვე საქვეყნოობის, მოსამართლეთა შეუცვლელობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით.

2. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

    მუხლი 7. მოსამართლის დამოუკიდებლობა

1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. არავის არა აქვს უფლება, მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე.

2. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაუშვებელია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

4. თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება ნორმატიული აქტი, რომლის შემოწმებაც არ განეკუთვნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.

    მუხლი 8. სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა

1. სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, დაწესებულებას, საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ გაერთიანებას, თანამდებობის პირს, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს ეკრძალებათ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა.

2. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

    მუხლი 9. პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისათვის

მხარეების, საქმეში მონაწილე სხვა პირების, აგრეთვე სასამართლო სხდომაზე დამსწრე და სასამართლოში მყოფ სხვა პირთა ისეთი ქმედება, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობას გამოხატავს, იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    მუხლი 10. სამართალწარმოების ენა

სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. პირს, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის, მიეჩინება თარჯიმანი. თარჯიმნის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 11. გადაწყვეტილების მიღება

მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად, ხოლო მოსამართლეები – კოლეგიურად. სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმების უმრავლესობით. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №4952 - ვებგვერდი, 06.07.2011წ.

    მუხლი 13. საქმის განხილვის საქვეყნოობა

1. სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე.

2. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. სასამართლო გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში ცხადდება საქვეყნოდ.

4. ( ამოღებულია – 06.03.2013, №260).

5. სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს 2013 წლის 6 მარტის ორგანული კანონი №260 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.

    მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება

1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.

2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მათი მოთხოვნისთანავე.

3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო საეთერო მაუწყებლის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებაც.

4. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

5. თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა უნდა განხორციელდეს ნაფიცი მსაჯულების გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

6. თუ დაზარალებულის ან/და მოწმის უსაფრთხოების ინტერესები ამას მოითხოვს, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია აკრძალოს დაზარალებულის ან/და მოწმის გადაღება, მისი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელა.

7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

საქართველოს 2013 წლის 6 მარტის  ორგანული  კანონი №260 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. 

საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის  ორგანული  კანონი  №3696  - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

 

თავი II. საქართველოს უზენაესი სასამართლო

    მუხლი 14. საქართველოს უზენაესი სასამართლო

1. საქართველოს უზენაესი სასამართლო (შემდგომში – უზენაესი სასამართლო) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა.

2. უზენაესი სასამართლო დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 90-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 15. უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

2. უზენაეს სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) დიდი პალატა;

ე) პლენუმი;

ვ) სადისციპლინო პალატა;

ზ) საკვალიფიკაციო პალატა.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 16. უზენაესი სასამართლოს პალატა

1. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატებისა) არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.

2. უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა დიდი პალატისა) საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით.

3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ:

ა) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას;

ბ) საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას);

გ) (ამოღებულია).

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი №3620 - სსმ I, №52, 30.09.2010წ., მუხ.334

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, №73,23.12.2010წ., მუხ.439

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 17. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

1. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს.

2. დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, სხვა პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.

3. დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ შემადგენლობაში შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი იმავდროულად დიდი პალატის წევრები.

4. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

5. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის. საქმის საკასაციო წესით განმხილველი სასამართლო მოტივირებული განჩინებით საქმეს განსახილველად გადასცემს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას).

საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის ორგანული კანონი №3959 - სსმ I, №73,23.12.2010წ., მუხ.439

    მუხლი 18. უზენაესი სასამართლოს პლენუმი

1. უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან.

2. პლენუმი უფლებამოსილია:

ა) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა;

ბ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების (გარდა საკვალიფიკაციო პალატისა) შემადგენლობები და თავმჯდომარეები;

1) აირჩიოს საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობა და თავმჯდომარე;

გ) დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონკრეტული საქმის განხილვასთან და სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს წარდგინება ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე;

ე) (ამოღებულია - 01.11.2013, №1489);

ვ) საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს მთავრობას წარუდგინოს რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე;

ზ) მოისმინოს და შეაფასოს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთა ინფორმაციები, უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელების ანგარიშები, განიხილოს მათი საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებები;

თ) შექმნას უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნოს მისი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია;

ი) შექმნას უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, დაამტკიცოს მისი დებულება, შემადგენლობა და სწავლული მდივანი;

კ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით უზენაესი სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში განსაზღვროს უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი სარგოს ყოველთვიური დანამატის ოდენობა;

ლ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტი, მოხელეთა და სხვა მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები;

1) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცოს უზენაეს სასამართლოში სტაჟირების გავლის წეს ი და უზენაესი სასამართლოს აპარატის მო სამსახურეთა შეფასების წეს ;

მ) მოამზადოს და გამოაქვეყნოს ყოველწლიური ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ;

ნ) განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. პლენუმი ვალდებულია:

ა) დაიცვას და განამტკიცოს სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი და თანასწორუფლებიანი შტოს – სასამართლო ხელისუფლების – ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცება.

4. პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა.

5. პლენუმი მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. პლენუმის სხდომას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პლენუმის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით.

6. პლენუმის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი სპეციალისტები და სხვა პირები.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 19. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა

1. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან პლენუმს დასამტკიცებლად წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

2. სადისციპლინო პალატის წევრის გათავისუფლების უფლება აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს.

3. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სადისციპლინო პალატის წევრის კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, მის დამტკიცებამდე, არა უმეტეს 6 თვისა, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.

4. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საქმის განხილვას სადისციპლინო პალატაში კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოაშოროს პალატის ის წევრი, რომელსაც ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს სადისციპლინო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.

5. სადისციპლინო პალატის წევრი სრულყოფილად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

6. სადისციპლინო პალატა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე.

 

მუხლი 191. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა

1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამ კანონის 365 და 36მუხლებით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე.

2. საკვალიფიკაციო პალატას 3 წევრის შემადგენლობით, 2 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. საკვალიფიკაციო პალატის წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს ის მოსამართლე, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

3. საკვალიფიკაციო პალატის წევრთა კანდიდატურებს (მათ შორის, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარის კანდიდატურას) უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ასარჩევად უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგენს პლენუმის ნებისმიერი წევრი. თუ უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ორჯერ ვერ აირჩია წარდგენილი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საკვალიფიკაციო პალატის წევრის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან დანიშნოს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელი.

4. საკვალიფიკაციო პალატის წევრს ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს პლენუმის თანხმობით.

5. საკვალიფიკაციო პალატის წევრი ვალდებულია კონკრეტული საჩივრის განხილვის დროით ჩამოშორდეს საქმის განხილვას, თუ მას ამ საჩივართან დაკავშირებით აქვს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი. ამ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადით, უზენაესი სასამართლოს წევრთაგან ნიშნავს საკვალიფიკაციო პალატის წევრის მოვალეობის შემსრულებელს.

6. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი სრულად ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 20. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები

1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო პალატის თავმჯდომარეს ამ პალატის შემადგენლობიდან 3 წლის ვადით ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 მუხლით დადგენილი წესით. საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის 191 მუხლით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები.

3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 21. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას;

ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს;

გ) (ამოღებულია - 01.05.2013, №580);

დ) საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან;

ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეებსა და სხვა მუშაკებს;

[ვ) იღებს გადაწყვეტილებებს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

ზ) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე;

თ) მოსამართლის მიმართ აღძრავს დისციპლინურ დევნას და ახორციელებს სხვა დისციპლინურ უფლებამოსილებებს;

ი) წყვეტს მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკის საკითხებს;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. 

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

 

თავი III. სააპელაციო სასამართლო

    მუხლი 22. სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

    მუხლი 23. სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობა

1. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. სააპელაციო სასამართლოში იქმნება:

ა) სამოქალაქო საქმეთა პალატა;

ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;

გ) სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;

დ) საგამოძიებო კოლეგია.

3. სააპელაციო სასამართლოს პალატებსა და საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლეთა რაოდენობას და მათ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში.

5. სააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.

6. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.

7. სააპელაციო სასამართლოს, მისი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მისი უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 24. სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლო საპროცესო კანონით დადგენილი წესით, კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. გარკვეული კატეგორიის საქმეებზე შეიძლება დაწესდეს სააპელაციო საჩივრების ერთპიროვნული განხილვა საპროცესო კანონით დადგენილი წესით.

2. სააპელაციო სასამართლო აგრეთვე ახორციელებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

3. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 25. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას;

ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

[ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; უფარდებს მათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

გ) უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

დ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს ავალებს საქმის განხილვაში მონაწილეობას ამავე სასამართლოს სხვა პალატაში ან საგამოძიებო კოლეგიაში;

ე) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს სასამართლოში შემოსულ საქმეებსა და სხვა მასალებს;

ვ) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;

ზ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი № 3523 - სსმ I,  № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 26. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება

1. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) მონაწილეობს საქმეთა განხილვაში;

ბ) თავმჯდომარეობს სასამართლოს ერთ-ერთ პალატას ან საგამოძიებო კოლეგიას;

გ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ზედამხედველობას უწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს თავმჯდომარესთან შეაქვს წინადადებები შრომის შინაგანაწესის უხეშად დარღვევისა თუ სხვაგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სასამართლოს აპარატის მოხელეებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

დ) სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით, მართლმსაჯულების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

ე) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს სასამართლოს თავმჯდომარეს;

ვ) სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს მის მოვალეობას;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას ასრულებს სასამართლოს ერთ-ერთი პალატის ან საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე.

 

თავი IV. რაიონული (საქალაქო) სასამართლო

    მუხლი 27. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნა

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

2. რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში).

3. საქალაქო სასამართლო იქმნება თვითმმართველ ქალაქში. საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც (მუნიციპალიტეტებსაც).

    მუხლი 28. მოსამართლეთა რაოდენობა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო შედგება არანაკლებ 2 მოსამართლისაგან.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

    მუხლი 29. საქმეთა განხილვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო, რომელიც მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, – კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით.

2. მაგისტრატი მოსამართლე საქმეს განიხილავს ერთპიროვნულად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 30. მოსამართლეთა სპეციალიზაცია

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, ერთი განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. მოსამართლეთა სპეციალიზაცია ხორციელდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საქმეთა წარმოების განსაკუთრებული ინტენსიურობის მქონე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს მოსამართლეთა უფრო ვიწრო სპეციალიზაცია ან შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები (შემდგომში – სასამართლო კოლეგიები).

3. სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობას ადგენს და სასამართლო კოლეგიების შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. სასამართლო კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.

5. აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად, სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა ამავე სასამართლოს სხვა სპეციალიზებულ შემადგენლობაში (სასამართლო კოლეგიაში), ასევე მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება, ხოლო მაგისტრატ მოსამართლეს შეიძლება დაავალოს საქმის განხილვა მისი სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 31. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით.

    მუხლი 32. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი თავმჯდომარედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 5 წლისა.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) პირადად განიხილავს საქმეებს, თავმჯდომარეობს ერთ-ერთ სასამართლო კოლეგიას;

ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს მენეჯერსა და სასამართლოს აპარატის სხვა მოსამსახურეებს, შეუფარდებს მათ დისციპლინურ სახდელებს;

[ბ) წარმართავს და ზედამხედველობს სასამართლოს აპარატის მუშაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; უფარდებს მათ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

გ) კანონით დადგენილი წესით განსახილველად ანაწილებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეებს; 

დ) ორგანიზებას უწევს სასამართლოს მუშაობას;

ე) ამოღებულია ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო პრაქტიკის, მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განზოგადებას და განზოგადების მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

ზ) ახორციელებს ამ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას;

თ) შეისწავლის სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზებს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს;

ი) უზრუნველყოფს სასამართლოში წესრიგის დაცვას, უფლებამოსილია სასამართლო სხდომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაადგინოს სხდომის დაწყებამდე პროცესის მონაწილეებისა და დამსწრე პირების შემოწმება და სასამართლოს შენობაში ან სხდომის დარბაზში ცალკეული საგნის შეტანის აკრძალვა; ასევე უფლებამოსილია, დარბაზის ფართობიდან გამომდინარე, შეზღუდოს სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა რაოდენობა;

კ) სასამართლოში წესრიგის დარღვევის, სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის ან სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში უფლებამოსილია, წესრიგის დამრღვევის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებანი. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ აღნიშნულ საკითხზე განკარგულების მიღებისა და მისი გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით;

ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

3. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნამდე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (სასამართლო კოლეგიის) თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს ამავე სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მოსამართლეს მისთვის დაკისრებული თავმჯდომარის უფლებამოსილება.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I,  №46, 04.08.2010წ., მუხ.286

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 33. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორზე მეტი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას მისივე დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, – სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით – ერთ-ერთი სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისად ის მოსამართლე ან ის სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

2. სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე, ხოლო სასამართლოს თავმჯდომარის დავალების არარსებობისას – ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის უფრო მეტი გამოცდილება აქვს.

3. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც ორი მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ამ სასამართლოს მეორე მოსამართლე.

 

თავი V. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა), მოსამართლის დაწინაურება

    მუხლი 34. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს

1. მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.

2. მოსამართლედ არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) ნასამართლევი პირი, აგრეთვე პირი, რომელიც განთავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღარ არსებობს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც პირი განთავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან, ან იმავე მუხლის იმავე პუნქტის „გ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით.

3. მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.

4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. ამ გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება აგრეთვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი.

5. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება საქართველოს საერთო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 7 წლის გასვლამდე.

6. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი წევრები.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს  ორგანული  კანონი №2651  - ვებგვერდი, 12.08.2014წ.

    მუხლი 35. მოსამართლის თანამდებობის დაკავების წესი

1. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ჩაითვლება მოსამართლეობის კანდიდატად მას შემდეგ, რაც მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგენს განცხადებას. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისი რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლეობის კანდიდატი მოიწვევა სხდომაზე.

2. პირს, რომელიც იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში შეყვანის შემდეგ უარს განაცხადებს მოსამართლის თანამდებობის დაკავებაზე, უფლება არა აქვს, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგინოს განცხადება სიის დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამონაკლის შემთხვევაში განიხილავს ამ პირის კონკურსზე დაშვების საკითხს.

3. პირი, რომელიც გათავისუფლებულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მოსამართლის თანამდებობას იკავებს კონკურსის წესით. ეს პირი მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულ კონკურსში. კონკურსს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობისას. მოსამართლეობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის გამოცხადებისას. კონკურსი ტარდება მოსამართლეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ. კონკურსის ჩატარების პირობები და მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

4. მოსამართლეობის კანდიდატმა განცხადების წარდგენიდან 7 დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის თაობაზე.

5. თუ კონკურსის საფუძველზე ვერ შეირჩა მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან 3 თვის ვადაში აცხადებს ახალ კონკურსს ამ მუხლით დადგენილი წესით.

    მუხლი 36. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა (არჩევა)

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4 1. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის 44 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გაამწესოს თუ არა აღნიშნული მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.

42. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

43. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მიიღებს  მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებას, იგი ამ კანონის 36მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით აცხადებს კონკურსს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. მოსამართლეს, რომლის შესახებაც არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ, სამოსამართლო უფლებამოსილება შეუწყდება თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ კანონით დადგენილი წესით. ეს მოსამართლე მომდევნო 3 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

44. თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებული მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზნით, თანამდებობაზე მისი გამწესებიდან 1 წლის თავზე და 2 წლის თავზე, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წილისყრით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ მოსამართლე წევრს და ერთ არამოსამართლე წევრს (შემდგომ – შემფასებლები), რომლებმაც 1 თვის ვადაში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეაფასონ მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში. წილისყრის დასრულების შემდეგ შემფასებლების ვინაობა დაუყოვნებლივ ეცნობება შესაფასებელ მოსამართლეს. აღნიშნული ექვსი შეფასება სხვადასხვა შემფასებელმა უნდა განახორციელოს. შეფასების ყოველი პერიოდის ანგარიშებს შესაფასებელი მოსამართლე ეცნობა ამ კანონის 364 მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით. ეს ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე, 1 თვის განმავლობაში შესასწავლად გადაეცემათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.

45. მოსამართლე უფლებამოსილია ინტერესთა შეუთავსებლობის მოტივით, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს იმ შემფასებლის/ შემფასებლების აცილება, რომელმაც/რომლებმაც უნდა შეაფასოს/შეაფასონ მისი საქმიანობა შესაბამის პერიოდში, კერძოდ, თუ არსებობს გარემოება, რომელიც ამ შემფასებლის/შემფასებლების ობიექტურობაში, დამოუკიდებლობაში ან/და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის სერიოზულ საფუძველს იძლევა. შემფასებლის აცილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხმათა უმრავლესობით. კენჭისყრაში არ მონაწილეობს ის შემფასებელი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება. ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში შემფასებელი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მონაწილეობა არ მიიღოს შეფასებაში.

5. თუ მოსამართლის მონაწილეობით დაწყებული საქმის განხილვის დამთავრებამდე მან მიაღწია ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ასაკს ან გავიდა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მოსამართლის უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს აღნიშნულ საქმეზე ამ მოსამართლის ან იმ სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რომლის შემადგენლობაშიც ის არის. იმ ვადის განმავლობაში, რომლითაც მოსამართლეს გაუგრძელდა უფლებამოსილება, ის არ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) სასამართლოს თავმჯდომარედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარედ ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლად. თუ პირი, რომელსაც გაუგრძელდა მოსამართლის უფლებამოსილება, ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის დროისათვის სასამართლოს თავმჯდომარე, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებელია, მას, აღნიშნული ასაკის მიღწევის ან თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლის უფლებამოსილების გაგრძელების მიუხედავად, უწყდება შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის ან რომელიმე ასეთი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.

6. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.
საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2014 წლის  30 ოქტომბრის ორგანული  კანონი №2726  -  ვებგვერდი, 06.11.2014წ.
 

1. მოსამართლის საქმიანობის შეფასების მიზანია თანამდებობაზე უვადოდ გასამწესებლად ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლის შერჩევის გზით დამოუკიდებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების უზრუნველყოფა.

2. მოსამართლის საქმიანობა ფასდება ობიექტურად, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად.

3. მოსამართლეს  თანამდებობაზე მისი ყოფნის 3-წლიანი ვადის დაწყებისთანავე უნდა ეცნობოს შეფასების პროცედურისა და იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მისი ცალკეული კრიტერიუმებით შეფასებისას და მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
 
მოსამართლის საქმიანობა ფასდება ორი ძირითადი კრიტერიუმით – კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით. 
საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
 
1. კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
ა) პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
ბ) დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
გ) პიროვნული და პროფესიული ქცევა;
დ) პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია;
ე) ფინანსური ვალდებულება.
2. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია:
ა) სამართლის ნორმების ცოდნა;
ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია;
გ) წერის უნარი;
დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში;
ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა;
ზ) პროფესიული აქტივობა.
3. პიროვნული კეთილსინდისიერებისა და პროფესიული სინდისის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება პირის – როგორც მოსამართლისა და მოქალაქის – პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისი შეგნება, სიმართლისმოყვარეობა, გამჭვირვალობა, კორექტულობა და სიზუსტე სამსახურებრივი თუ სხვა მოვალეობების, ფინანსური თუ სხვა ვალდებულებების შესრულებისას (მაგალითად, ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას, ბანკის ან სხვა ვალის, კომუნალური ან სხვა გადასახადის გადახდისას, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ჯარიმის გადახდისას) და სხვა.
4. დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პრინციპულობა, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და ზეგავლენის მიმართ მედეგობა, პიროვნული სიმყარე და შეუვალობა, პოლიტიკური ან სხვა ნიშნით მიუკერძოებლობა, სამართლიანობა და სხვა.
5. პიროვნული და პროფესიული ქცევის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ სამოსამართლო ეთიკის დაცვა, მისი კორექტულობა კოლეგებთან და სხვა პირებთან ურთიერთობისას, მოსამართლის მაღალი წოდების შესაბამისი ქცევა და იმიჯი, თავდაჭერილობა, საკუთარი ემოციების მართვის უნარი, ქცევა მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მიმდინარეობისას, მხარედ მისი მონაწილეობით სასამართლოში წარმართული დავები, მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ბრალდებების არსებობა და სხვა.
6. პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა და საზოგადოებაში, იურიდიულ წრეებთან ურთიერთობის ხასიათი და ხარისხი და სხვა.
7. ფინანსური ვალდებულების მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ინფორმაცია მისი შემოსავლის წყაროს, აქტივების, საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული ქონების და ამ ქონებისა და შემოსავლის შესაბამისი ვალისა და ვალდებულების შესახებ. ფინანსური ვალდებულების შემოწმების მიზანია, შეფასდეს, არსებობს თუ არა საფუძველი მოსამართლის ქონებრივი ინტერესების მართლმსაჯულების ინტერესებთან დაპირისპირებისა, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოსამართლის მიუკერძოებლობას.
8. სამართლის ნორმების ცოდნის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონე. ამ მახასიათებლით მოსამართლის შეფასების მიზნით შემფასებელი ითვალისწინებს მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებზე გამოტანილ გადაწყვეტილებებში სამართლის ნორმების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, გამოყენების სისწორეს. აღნიშნული მახასიათებლით მოსამართლის შესაფასებლად შემფასებელი აგრეთვე გამოითხოვს მოსამართლის მიერ ჩაბარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებს და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასებას.
9. სამართლებრივი დასაბუთების უნარისა და კომპეტენციის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მის მიერ განხილულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა და დამაჯერებლობა, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარი და პროფესიული გამოცდილება.
10. წერის უნარის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი.
11. ზეპირი კომუნიკაციის უნარის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება გამართული მეტყველების უნარი, სხვისი აზრის მოთმინებით მოსმენის უნარი, ღიაობა, განსხვავებული აზრის  მოსმენის შესაძლებლობა და სხვა.
12. პროფესიული თვისებების, მათ შორის, სასამართლო დარბაზში ქცევის, მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება მისი პუნქტუალურობა, საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადება, ქცევა სასამართლო დარბაზში და სასამართლო სხდომის სათანადოდ წარმართვის უნარი, ქცევა მხარეებთან ურთიერთობისას, გულმოდგინება და შრომისმოყვარეობა, გადაწყვეტილების დაუხმარებლად მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მიზანდასახულობა, პროდუქტიულობა და სისწრაფე, საპროცესო ვადების დაცვა, მენეჯერული უნარ-ჩვევები და სხვა.
13. აკადემიური მიღწევებისა და პროფესიული წვრთნის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება სიახლეების მიმართ მისი ღიაობა, თვითგანვითარების უნარი, საოფისე კულტურა, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენის ინტერესი, პროფესიული წვრთნის პროგრამებში მონაწილეობა, შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და სხვა.
14. პროფესიული აქტივობის მახასიათებლით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება სამართლებრივი სისტემისა და მართლმსაჯულების საკითხებზე სხვადასხვა ფორმატის დისკუსიებში, შეხვედრებსა და სემინარებში მისი მონაწილეობა, საკუთარი პოზიციისა და შეხედულებების ღიად და თავისუფლად გამოხატვა, ინიციატივის გამოჩენის უნარი, იდეებისა და წინადადებების წამოყენება, სამეცნიერო და სხვა სახის პუბლიკაციები, დამსახურება იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე და სხვა.
საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

მუხლი 364. მოსამართლის საქმიანობის შეფასების პროცედურა

1. შემფასებლები მოსამართლის საქმიანობას აფასებენ პარალელურად, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. შემფასებლები ვალდებული არიან, ერთმანეთს არ გაუმჟღავნონ შეფასებისას მოპოვებული ინფორმაცია და შეფასების შედეგები.

2. შემფასებელი უფლებამოსილია შეფასებისათვის განკუთვნილ 1-თვიან ვადაში ნებისმიერ დროს განახორციელოს საჭირო ღონისძიებები კანონით დადგენილი კრიტერიუმებით მოსამართლის შესაფასებლად, მათ შორის, შეისწავლოს საქმეები, დაესწროს შესაფასებელი მოსამართლის მიერ წარმართულ სასამართლო სხდომებს, მოთხოვნისთანავე მიიღოს როგორც შეფასების პერიოდში, ისე შეფასების პერიოდის დაწყებამდე წარმართული სასამართლო სხდომების აუდიო-, ვიდეოჩანაწერები, ამ კანონით დადგენილი წესით მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, სამართლებრივი კონსულტაციისათვის მიმართოს იურიდიული წრეების წარმომადგენლებს, პირადად შეხვდეს შესაფასებელ მოსამართლეს და სხვა პირებს და დაუსვას კითხვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსაპოვებლად. შემფასებელმა შესაფასებელ მოსამართლეს არ უნდა დაუსვას ისეთი კითხვები, რომლებიც შინაარსობრივად შეიძლება კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის მოთხოვნას უტოლდებოდეს. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის მოძიება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ კანონით დადგენილი კრიტერიუმებით მოსამართლის შეფასებასთან. მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის. ინფორმაციის მოპოვების მეთოდი არ უნდა ხელყოფდეს შესაფასებელი მოსამართლის დამოუკიდებლობას.

3. შემფასებლებმა, რომლებიც აფასებენ მოსამართლის საქმიანობას შესაბამის პერიოდში, შეფასებისას პარალელურად და ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უნდა შეისწავლონ შესაფასებელი მოსამართლის მიერ განხილული არანაკლებ 5 ერთი და იგივე საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული, მათ შორის, არანაკლებ 2 საქმე, რომლებზე გამოტანილი შემაჯამებელი/საბოლოო გადაწყვეტილებები ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა/ნაწილობრივ გააუქმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესასწავლი საქმეები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლის მიზანია მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, ადამიანის უფლებების სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, ცოდნის დონის, მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებში შესაბამისი სამართლის ნორმების გამოყენების სისწორის, სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობისა და დამაჯერებლობის, მოსამართლის ანალიტიკური აზროვნების უნარის, აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარის შეფასება. საქმის/გადაწყვეტილების შესწავლისას აგრეთვე ფასდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაუქმებულ/ნაწილობრივ გაუქმებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული სამართლებრივი შეცდომების ხასიათი და სერიოზულობა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეთა შეფასების შედეგი არ შეიძლება გახდეს მოსამართლის მიერ ამ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გადასინჯვის ან/და მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი.

5. მოსამართლის შეფასების პროცედურის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომლის თანამშრომლებიც ტექნიკურ დახმარებას უწევენ შემფასებელს და ასრულებენ მის ცალკეულ დავალებებს  კონკრეტული კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად.

6. მოსამართლეს, რომლის საქმიანობაც ფასდება, უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით აცნობოს შემფასებლის მიერ უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების თაობაზე. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დაასკვნის, რომ შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, ის შეფასების ვალდებულებას წილისყრით დააკისრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრს ან განახორციელებს სხვა ღონისძიებებს დარღვევების აღმოფხვრისა და თავიდან აცილების მიზნით.

7. კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასებისას გაითვალისწინება ამ კანონის 36მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლები. ამ მახასიათებლების ანალიზისა და შეჯერების შედეგად შემფასებელი იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასკვნას:

ა) მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;

ბ) მოსამართლე აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს;

გ) მოსამართლე სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს.

8. კომპეტენტურობის კრიტერიუმით მოსამართლე ფასდება ქულების მეშვეობით, ამ კანონის 363 მუხლით განსაზღვრული კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თითოეული ამ მახასიათებლის მიხედვით მოსაპოვებელ ქულათა მაქსიმალური რაოდენობები ერთმანეთისაგან განსხვავდება და შემდეგნაირად განისაზღვრება:

ა) სამართლის ნორმების ცოდნა – 20 ქულა;

 ბ) სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია – 20 ქულა;

 გ) წერის უნარი – 20 ქულა;

დ) ზეპირი კომუნიკაციის უნარი – 15 ქულა;

ე) პროფესიული თვისებები, მათ შორის, ქცევა სასამართლო დარბაზში – 15 ქულა;

 ვ) აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა – 5 ქულა;

ზ) პროფესიული აქტივობა – 5 ქულა.

9. შეფასების თითოეული პერიოდის დასრულებისთანავე მოსამართლის შეფასების ანგარიშები დალუქული სახით გადაეცემა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ამ ანგარიშებში მოცემული შეფასების შედეგების გაანალიზების მიზნით შესაფასებელ მოსამართლეს უფლება აქვს, შეფასების თითოეული პერიოდის დასრულების შემდეგ თავისუფლად გაეცნოს ანგარიშებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას. მასალების გატანა დაუშვებელია. მოსამართლის მიერ ანგარიშების გაცნობის შემდეგ ისინი ილუქება და მის პირად საქმეს დაერთვება.

10. მოსამართლის შეფასების ანგარიში მოიცავს:

ა) დასკვნას, რომელშიც სათანადოდ არის აღწერილი და დასაბუთებული შეფასების ორივე კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით გამოვლენილი შედეგები;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ნიმუშის მიხედვით შევსებულ ფორმას, რომელშიც ასახულია კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასების შედეგად ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიღებული დასკვნა და კომპეტენტურობის კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა რაოდენობა;

გ) ყველა წერილობით დოკუმენტს და სხვა მასალას, რომლებზე დაყრდნობითაც შეფასდა მოსამართლის საქმიანობა შესაბამის პერიოდში.

11. მოსამართლის შეფასების თაობაზე მონაცემები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე კონფიდენციალურია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წევრს და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის არცერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება, გაამჟღავნოს შეფასების შედეგები.

12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აანალიზებს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში განხორციელებული მისი ყველა შეფასების შედეგებს. კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მიღებული შეფასებების შეჯერების მიზნით გამოიანგარიშება კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებით შეფასების სამივე პერიოდში განხორციელებული ექვსი შეფასებისას მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი, რის შემდეგაც განისაზღვრება ამ ჯამის პროცენტული სიდიდე კომპეტენტურობის კრიტერიუმისათვის განსაზღვრული ქულების შესაძლო მაქსიმალური რაოდენობის მიმართ. 

 13. თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას შემფასებელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლე არ აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ან/და კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ვერ აღწევს ქულათა მაქსიმალური რაოდენობის 70 პროცენტს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს სამართლებრივ აქტს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. ეს აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ კანონის 365 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით, მოსამართლისთვის მისი გადაცემიდან 1 კვირის ვადაში.

 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის უცვლელად დატოვების შესახებ;

ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარების შესახებ.

15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის 36მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის გაუქმების საფუძველი, თუ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა შეფასების საბოლოო შედეგზე და  არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

16. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლესთან  გასაუბრებას და იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-19 და მე-20 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლესთან გასაუბრების ჩატარების შედეგად მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის 365 მუხლით დადგენილი წესით.

 18. მოსამართლეს, რომელსაც უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე, უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ შეფასების შედეგები საჯარო არ გახდეს. ამ შემთხვევაში შეფასების შედეგები დალუქული სახით დაერთვება მოსამართლის პირად საქმეს და გაიხსნება მხოლოდ იმ კონკურსის დროს, რომელშიც იგი კანონით დადგენილი წესით  მიიღებს მონაწილეობას მოსამართლის თანამდებობის ხელახლა დასაკავებლად. 

19. თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას სამი ან სამზე მეტი შემფასებელი მიიჩნევს, რომ მოსამართლე აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს მოსამართლესთან გასაუბრებას და ისმენს მის მოსაზრებას შეფასების შედეგების შესახებ. მოსამართლეს უფლება აქვს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობითი ფორმითაც წარუდგინოს თავისი მოსაზრება შეფასების შედეგების თაობაზე, ასევე ზეპირად ან/და წერილობით წარუდგინოს თვითშეფასება, რაც გულისხმობს მოსამართლის 3-წლიანი საქმიანობის განმავლობაში, მოსამართლის აზრით, მისი ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი გადაწყვეტილების/გადაწყვეტილებების, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული შეცდომების ანალიზის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად უსმენს შემფასებლებს. 

20. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეფასების შედეგების ანალიზისა და მოსამართლესთან გასაუბრების საფუძველზე, ამ კანონის 36-ე მუხლის 4პუნქტით დადგენილი წესით მსჯელობს და სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე გამწესების შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება საქმეს. თუ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ზე ნაკლები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას 5 დღის ვადაში უნდა დაერთოს კენჭისყრაში მონაწილე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის დასაბუთება, თუ რის საფუძველზე დაუჭირა ან არ დაუჭირა მან მხარი მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების/გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, განსხვავებულ აზრთან ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დასაბუთებებთან ერთად გადაეცემა მოსამართლეს.

 21. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შემთხვევაში მოსამართლის შეფასების ანგარიშები საჯარო ინფორმაციაა და ნებისმიერ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს ისინი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით დადგენილი წესით.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
 
1. მოსამართლეს უფლება აქვს, თანამდებობაზე მისი უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, თუ მიაჩნია, რომ:
ა) შეფასებისას შემფასებელი/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (წევრები) მიკერძოებული იყო (იყვნენ);
ბ) შეფასებისას შემფასებლის/გასაუბრებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის (წევრების) მიდგომა დისკრიმინაციული იყო;
გ) შემფასებელმა გადაამეტა მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა შესაფასებელი მოსამართლის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას;
დ) ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შეფასებას, არსებითად მცდარია, რის დამადასტურებლადაც შესაფასებელმა მოსამართლემ  შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა;
ე) შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის  დარღვევით განხორციელდა, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საბოლოო შედეგზე.
2. საჩივარი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოსამართლისათვის გადაცემიდან 2 კვირის ვადაში შეიტანება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც მიღებულ საჩივარს თანდართულ მასალებთან ერთად 3 დღის ვადაში გადასცემს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას.
3. მოსამართლე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.
4. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
5. საჩივარი უნდა შეიცავდეს:
ა) საკვალიფიკაციო პალატის დასახელებას;
ბ) საჩივრის შემტანი პირის ვინაობას და მისამართს, მოწინააღმდეგე მხარის დასახელებას და მისამართს;
გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას, ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დასახელებას;
დ) მითითებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გასაჩივრების საფუძველზე, აგრეთვე იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს ამ საფუძვლის არსებობას;
ე) საჩივრისათვის დართული წერილობითი მასალების ნუსხას;
ვ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.
6. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. წარმომადგენლის მიერ შეტანილ საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ წარმომადგენელი უფლებამოსილია შეიტანოს საჩივარი.
7. საჩივრის მიღებიდან 5 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა ამოწმებს, შეტანილია თუ არა საჩივარი ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. თუ საჩივარი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა იღებს მას წარმოებაში. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს, საკვალიფიკაციო პალატა ავალებს საჩივრის შემტან პირს, გამოასწოროს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, ან დაირღვა საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი განუხილველი რჩება. საჩივრის დასაშვებობის საკითხს საკვალიფიკაციო პალატა ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
8. საჩივრის წარმოებაში მიღების შემდეგ საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გაეგზავნოს. საკვალიფიკაციო პალატას შეუძლია მოწინააღმდეგე მხარეს დაუნიშნოს ვადა საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.
9. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს განიხილავს წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით საკვალიფიკაციო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. საკვალიფიკაციო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას საკვალიფიკაციო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.
10. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში საჩივრის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ნიშნავს თავის წარმომადგენელს.
საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

  მუხლი 366. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. საჩივარი ზეპირი მოსმენით განიხილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის ღია სხდომაზე. საჩივრის განხილვისას მოსამართლის შეფასების ანგარიშები საჯაროა.

2. საკვალიფიკაციო პალატის სხდომას თავმჯდომარეობს საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საკვალიფიკაციო პალატის სხვა წევრი.

3. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე ხსნის სხდომას და აცხადებს განსახილველ საქმეს. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის მდივანი მოახსენებს სხდომას, თუ ვინ გამოცხადდა სხდომაზე განსახილველ საქმეზე მოწვეულ პირთაგან, ეცნობათ თუ არა გამოუცხადებელ პირებს სხდომის თაობაზე და რა ცნობები არსებობს მათი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. საკვალიფიკაციო პალატა ადგენს გამოცხადებულთა ვინაობას, აგრეთვე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას.

 4. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს მხარეებს და მათ წარმომადგენლებს მათ უფლება-მოვალეობებს. სხდომის თავმჯდომარე აცხადებს საკვალიფიკაციო პალატის შემადგენლობას, სხდომის მდივნის ვინაობას და განუმარტავს მხარეებს, რომ მათ შეუძლიათ განაცხადონ აცილება, თუ არსებობს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული აცილების საფუძველი.

5. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე ეკითხება მხარეებს, აქვთ თუ არა მათ შუამდგომლობა ან განცხადება, რომელიც სხდომამდე ვერ იქნა განცხადებული.

 6. პროცესის მონაწილეები ვალდებული არიან, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარის განკარგულებას. წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს სხდომის თავმჯდომარე გაფრთხილებას აძლევს.    

7. საქმის განხილვა იწყება საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარის მიერ საქმის შესახებ მოხსენებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს. სხდომის თავმჯდომარის მიერ საქმის შესახებ მოხსენების შემდეგ იგი სიტყვას აძლევს მხარეებს ახსნა-განმარტებისათვის.

 8. პირველად ახსნა-განმარტებას საჩივრის ავტორი/მისი წარმომადგენელი იძლევა. იგი, კერძოდ, განმარტავს, რას ითხოვს, რა გარემოებებს ემყარება ეს მოთხოვნა, რით ადასტურებს ის ამ გარემოებებს, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ამ მოთხოვნას, უარს ხომ არ ამბობს საჩივარზე და სხვა.

9. საჩივრის ავტორის/მისი წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ საკვალიფიკაციო პალატა ისმენს მოწინააღმდეგე მხარის/მისი წარმომადგენლის ახსნა-განმარტებებს იმის შესახებ, ხომ არ ცნობს ის საჩივარს და სხვა.

 10. თუ საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე მხოლოდ ერთი მხარე გამოცხადდა, საკვალიფიკაციო პალატა ახსნა-განმარტებას ამ მხარისაგან მიიღებს.

11. საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით თითოეულ მხარეს შეუძლია შეკითხვა დაუსვას მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს. თუ შეკითხვა სცილდება განხილვის საგანს და არ ემსახურება საქმის გარემოებების გამოკვლევასა და დადგენას, სხდომის თავმჯდომარეს მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა.

12. საკვალიფიკაციო პალატის წევრს უფლება აქვს, მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

13. პაექრობა შედგება მხარეებისა და მათი წარმომადგენლების სიტყვებისაგან. პირველად გამოდიან საჩივრის ავტორი და მისი წარმომადგენელი, ხოლო შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი.

14. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, საკვალიფიკაციო პალატის სხდომის თავმჯდომარე მხარეებს აძლევს საშუალებას, გამოვიდნენ რეპლიკებით.

 15. პაექრობის დასრულების შემდეგ საკვალიფიკაციო პალატა გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების მისაღებად, რის შესახებაც უცხადებს მხარეებს.

16. სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ საკვალიფიკაციო პალატის   სხდომის თავმჯდომარე აცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას და განმარტავს გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებს, რის შემდეგაც სხდომას დახურულად აცხადებს.

 17. საკვალიფიკაციო პალატის სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

18. საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. საკვალიფიკაციო პალატის წევრმა გადაწყვეტილების მიღებისას არ შეიძლება თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

19. საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებაში აღინიშნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების შინაარსი, მიღებული საჩივრის შინაარსი, საკვალიფიკაციო პალატაში საქმის განხილვის შედეგები, საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსი და დასაბუთება.

20. საკვალიფიკაციო პალატა იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე;

ბ) მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

 21. საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 36მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლის დადგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ, საკვალიფიკაციო პალატის აზრით, შესაბამისმა დარღვევამ გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე და გამოიწვია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არსებითად არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

 22. საკვალიფიკაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  წერილობით ფორმდება. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საკვალიფიკაციო პალატის წევრები. გადაწყვეტილების ასლი ეგზავნებათ მხარეებს.

 23. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

1. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ხელახლა მსჯელობს მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების საკითხზე და საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ამ კანონის 364 მუხლის მე-20 პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ.
2. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმეორებითი გადაწყვეტილება საჩივრდება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესებულად ჩაითვლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
 
4. მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის თანამდებობა ვაკანტურად ჩაითვლება და მის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შემდეგ, ხოლო უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის შესახებ განმეორებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
 
საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.
 
შემფასებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დაუშვებელია და იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 37. მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის წესი

ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში შესაძლებელია თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლე მისივე თანხმობით კონკურსის გარეშე დაინიშნოს ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე ქვემდგომი, შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 38. მოსამართლის ფიცი

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს წევრი უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, თუ იგი პირველად აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე ან მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევამდე შეწყვეტილი ჰქონდა მოსამართლის უფლებამოსილება, აგრეთვე სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე, რომელსაც პირველად ნიშნავენ თანამდებობაზე, ამ თანამდებობის დაკავებამდე საზეიმო ვითარებაში დებენ ფიცს.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს წევრები ფიცს დებენ საქართველოს პარლამენტის წინაშე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეები – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

3. მოსამართლის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 39. მოსამართლის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

მოსამართლის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისისა. მოსამართლე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

    მუხლი 40. მოსამართლის ხელშეუხებლობა

1. მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა – საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შესაბამისად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან საქართველოს პარლამენტს. თუ ისინი არ მისცემენ თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

    მუხლი 41. მოსამართლის დაწინაურება

1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შეიძლება დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოში, თუ იგი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა 2 წელი მაინც. მოსამართლის დაწინაურების კრიტერიუმებს შეიმუშავებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. მოსამართლე შეიძლება დაწინაურდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაზე ადრე, თუ მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამართლის განვითარებაში, ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში, აგრეთვე თუ მან სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გამოავლინა მაღალკვალიფიციური სამოსამართლო უნარ-ჩვევები.

3. დაწინაურების კრიტერიუმების მიხედვით მოსამართლის შეფასებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

 

თავი VI. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება (უფლებამოსილების შეწყვეტა), მოსამართლის პასუხისმგებლობა

    მუხლი 42. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება

1. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება ხდება იმპიჩმენტის წესით.

2. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

 3. უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილებას ვადაზე ადრე უწყვეტს საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით , ამ კანონის 43- მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით . საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით .

4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის ორგანული კანონი №192 – ვებგვერდი, 30.12.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 43. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;

გ) მოსამართლის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ზ) 65 წლის ასაკის მიღწევა;

თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;

[თ) კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

ი) გარდაცვალება;

კ) სასამართლოს ლიკვიდაცია, მოსამართლის თანამდებობის შემცირება;

ლ) სხვა სასამართლოში დანიშვნა (არჩევა);

მ) სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა;

ნ) უფლებამოსილების ვადის გასვლა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისათვის აუცილებელია სადისციპლინო კოლეგიის წარდგინების არსებობა.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, მოსამართლე გაათავისუფლოს თანამდებობიდან, თუ იგი ბოლო 12 თვის განმავლობაში 4 თვეზე მეტ ხანს ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას და არსებობს შესაბამისი სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც, იგი მომავალშიც ვერ შეძლებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19 . 04 .201 2 წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3397 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 44. მოსამართლის სხვა სასამართლო თანამდებობაზე გამწესება და თანამდებობიდან მისი გათავისუფლება სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს

1. სასამართლოს ლიკვიდაციის, აგრეთვე მოსამართლის თანამდებობის შემცირების შემთხვევაში მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ან მისთვის სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების არდაკისრების შემთხვევაში აღნიშნული მოსამართლე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება რეზერვში. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, იგი რეზერვში ირიცხება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

3. მოსამართლე, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და არ ამორიცხულა რეზერვიდან, რეზერვში ყოფნის პერიოდში იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობის თანამდებობრივ სარგოს. რეზერვში მყოფ მოსამართლეს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება რეზერვში ჩარიცხვიდან 3 წლის განმავლობაში. აღნიშნულ მოსამართლეს მისივე წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ნებისმიერ დროს დაეკისროს სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მოსამართლე რეზერვიდან ამორიცხულია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრების ვადით. თუ მოსამართლე თანამდებობაზე განსაზღვრული ვადით არის დანიშნული, მას სხვა სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

4. მოსამართლე ამოირიცხება რეზერვიდან თანამდებობრივი სარგოს მიღების პერიოდში მოსამართლის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ან პირადი განცხადების საფუძველზე.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 45. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან

1. მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლე ჩამოცილებულ უნდა იქნეს საქმეთა განხილვისაგან და სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

2. მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. მოსამართლის ჩამოცილება საქმეთა განხილვისაგან ავტომატურად იწვევს მის ჩამოცილებას სხვა თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მოსამართლის მიმართ ჩერდება ხელფასისა და სხვა მატერიალური შეღავათების გაცემა.

5. გამართლების შემთხვევაში მოსამართლეს მიუღებელი ხელფასი და სხვა მატერიალური შეღავათები სრულად აუნაზღაურდება.

    მუხლი 46. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

თავი VII. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

    მუხლი 47. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

1. სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზების, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ ამ კანონით დადგენილი წესით არჩეული წევრები. 

4. საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოადგენენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო ან საკვალიფიკაციო პალატის წევრი ან რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე. ასეთი წევრი ასევე არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს თანამდებობა მას თანამდებობრივად უკავია კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრთაგან სამზე მეტი არ შეიძლება იყოს კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

5. საქართველოს პარლამენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენის, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

6. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-8–მე-10 პუნქტებითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული კანდიდატი გამოვლინდება საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთანავე, ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.

8. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

9. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. მე-2 ტურში არჩევისთვის საკმარისია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა შემდეგი პირობების დაცვით:

ა) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული 1 წევრი მაინც, კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი;

ბ) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში არ აღმოჩნდა 2/3-ის უმრავლესობით არჩეული წევრი და მე-2 ტურშიც ვერავინ მიიღო 2/3-ის უმრავლესობის მხარდაჭერა, 1 ადგილი ვაკანტური დარჩება, ხოლო დანარჩენ ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.

10. თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, 2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მე-3 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს და არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის  მე-9 პუნქტით დადგენილი წესით.

11. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლის მე-5–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.

11 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. პირველ შემთხვევაში კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30-ე დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო მეორე შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში. კონკურსის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარმდგენი ორგანიზაცია და კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილ შესაბამის მოთხოვნებს. აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს არაუმეტეს 1 კანდიდატურისა.

12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს (დაინიშნოს) ზედიზედ ორჯერ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს (დაინიშნოს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა საქართველოს პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.

13. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

14. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია დაუწესოს დანამატები, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თავისი მოვალეობის შესრულებისათვის ეძლევა ანაზღაურება საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ, იწვევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას ან სხვა შემთხვევაში, თუ არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მოწვევის კანონით დადგენილი აუცილებლობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნითაც.

16. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

17. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

18. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების, აგრეთვე სასამართლოს ლიკვიდაციის და მოსამართლის თანამდებობის შემცირების დროს მოსამართლის უფლებამოსილების დაკისრების ან დაკისრებული უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხებზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. 

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19 . 04 .201 2 წ.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.
საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 48. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) მისი თანხმობით სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან არჩევა;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ე) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;

ზ) გარდაცვალება;

თ) წელიწადში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობა;

ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;

ლ) წევრად არჩევა ან დანიშვნა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ამ კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის  „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას – კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მოსამართლის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია მოსამართლის თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება (გადაყენება).

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3397 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

    მუხლი 49. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო:

ა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა);

ბ) განსაზღვრავს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას;

გ) განსაზღვრავს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა სპეციალიზაციას;

დ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივ სარგოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) აპარატების სტრუქტურასა და საშტატო რაოდენობას;

1) ადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს;

ე) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის წესს;

1) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში სტაჟირების გავლის წესს;

2) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოსამსახურეთა შეფასების წესს;

[ე 2 ) ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების აპარატების მოხელეთა შეფასების წესს;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

ვ) განიხილავს სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალებს;

ზ) კანონით გათვალისწინებული წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ ახორციელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას;

თ) ისმენს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ანგარიშს;

ი) იღებს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილი წესით მოსამართლის წახალისების შესახებ;

კ) შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის საკითხებზე;

1) თავისი არამოსამართლე წევრებისაგან, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ირჩევს 1 წევრს იურიდიული დახმარების საბჭოში წარსადგენად;

[კ 2 ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 2 წევრს;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატი.

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №4461 -ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.
საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის ორგანული კანონი №1789 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 50. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მის სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა უმრავლესობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სადისციპლინო საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

4. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს  საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა.

5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19 .04 .201 2 წ.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.   

   მუხლი 501. იურიდიული დახმარების საბჭოს წევრის არჩევის წესი

1. იურიდიული დახმარების საბჭოს 1 წევრს თავისი არამოსამართლე წევრებისაგან ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს სხდომაზე დამსწრე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს. კენჭისყრაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომლის ასარჩევადაც იმართება კენჭისყრა.

2. თუ კენჭისყრის შედეგად ვერ შეირჩა იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი, დასახელებულ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 1/3-ისა.

საქართველოს 2013 წლის  13  დეკემბრის ორგანული კანონი №1789 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

    მუხლი 51. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისგან 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.

2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი:

ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეებსა და აპარატის სხვა მოსამსახურეებს;

[ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;

ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19 .04 .201 2 წ.

საქართველოს 2013 წლის 1  მაისის   ორგანული  კანონი №5 80  – ვებგვერდი,  20 .05.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 52. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი რეგლამენტით დადგენილი წესით ქმნის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიას და ამტკიცებს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას.

2. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია იქმნება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არა უადრეს 10 დღისა და მისი შემადგენლობა არ შეიძლება გამოცხადდეს გამოცდის დამთავრებამდე.

    მუხლი 53. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს 25 წლის ასაკს მიღწეულ, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს.

2. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს, საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამას და გამოცდაში მონაწილეობის საფასურს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საკვალიფიკაციო საგამოცდო პროგრამა ითვალისწინებს გამოცდის ჩატარებას ტესტური მეთოდით. მისი წარმატებით ჩაბარების შემდეგ პირი აბარებს წერით გამოცდას. ტესტური მეთოდით გამოცდა და წერითი გამოცდა ტარდება შემდეგ საგნებში:

ა) საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი;

ბ) სისხლის სამართალი;

გ) სისხლის სამართლის პროცესი;

დ) სამოქალაქო სამართალი;

ე) სამოქალაქო სამართლის პროცესი;

ვ) ადმინისტრაციული სამართალი;

ზ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი;

თ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტები და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

4. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 7 წლის განმავლობაში არ ჩაირიცხა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან არ აირჩა მოსამართლის თანამდებობაზე.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

 

თავი VIII. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

    მუხლი 54. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

1. საქართველოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (შემდგომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი).

2. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. საერთო სასამართლოების დეპარტამენტში საქმიანობა ითვლება საჯარო სამსახურად.

5. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით.

6. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

[6. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სხვა თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

7. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე.

8. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.

[8. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს ამტკიცებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

9. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებიდან.

10. საერთო სასამართლოების დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში. ამასთანავე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჰქონდეს ანგარიში კომერციულ ბანკშიც.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2014 წლის 12  დეკემბრის ორგანული კანონი  №2943  - ვებგვერდი, 24.12.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 55. საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამოსილება

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი:

ა) განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით;

გ) უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით;

დ) ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას;

ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

 

თავი IX. სასამართლოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

    მუხლი 56. სასამართლოს აპარატი, სასამართლოს მენეჯერი

1. მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საერთო სასამართლოებში მოქმედებენ სასამართლოთა აპარატები.

2. სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

4. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების აპარატების სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

5. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები არიან სახელმწიფო მოსამსახურეები. სასამართლოს აპარატის მოხელე და დამხმარე მოსამსახურე სარგებლობენ ყველა იმ სოციალური გარანტიით, რომელიც აქვთ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მოხელესა და დამხმარე მოსამსახურეს.

[5. სასამართლოს აპარატის თანამშრომლები საჯარო მოსამსახურეები არიან. სასამართლოს აპარატის მოხელე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი სარგებლობენ ყველა სოციალური გარანტიით, რომლებიც აქვთ შესაბამისად საკანონმდებლო ხელისუფლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელესა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I,  №46, 04.08.2010წ., მუხ.286

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 57. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სასამართლოს აპარატის  თანამშრომელ ს თანამდებობაზე დანიშვნისას

1. სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე. ანაზღაურებად სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს .

[1. სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, იცის სამართალწარმოების ენა, აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე. ანაზღაურებად სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

3. სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად , გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;

გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

4 . პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გ ათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

5. პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება საერთო სასამართლოში.

6. სასამართლოს აპარატის მოხელეს, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

[6. სასამართლოს აპარატის მოხელეს, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, აგრეთვე სხვა მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს (სამსახურში იღებს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს (სამსახურიდან ითხოვს) სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის ორგანული კანონი №6092 – ვებგვერდი, 10.05.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 27  ოქტომბრის  ორგანული კანონი  №4389  - ვებგვერდი, 11.11.2015წ.

    მუხლი 58. მოსამართლის თანაშემწე და სასამართლო სხდომის მდივანი

1. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს, მათ საჩივრებსა და განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო სხდომაზე განსახილველად, მოიძიებს სათანადო სამართლებრივ ლიტერატურას და სასამართლო პრაქტიკის მასალებს, ადგენს სათანადო დოკუმენტების პროექტებს, მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სხვა მოვალეობებს.

2. სასამართლოში საქმეები იხილება სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობით.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

 

თავი X. სასამართლოს მანდატური

    მუხლი 59. სასამართლოს მანდატური, სასამართლოს მანდატურის სამსახური

1. საქართველოს საერთო სასამართლოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატების სტრუქტურებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სასამართლოს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა, სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობების დაცვა, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სასამართლოების მანდატურის სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

3. სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

4. სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლის ასაკიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი 50 წელია.

5. სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.

6. სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სასამართლოს მანდატურის სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

    მუხლი 60. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი

1. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისად სასამართლოს თავმჯდომარე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

2. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის 59-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.

3. სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სასამართლოს მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს სასამართლოს მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;

გ) სასამართლოს მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 61. სასამართლოს მანდატურის უფლება-მოვალეობანი

1. სასამართლოს მანდატური:

ა) უზრუნველყოფს მოსამართლეების, სასამართლო პროცესის მონაწილეებისა და მოწმეების უსაფრთხოებას;

ბ) ახორციელებს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წესრიგის დაცვას;

გ) ასრულებს სასამართლოს თავმჯდომარისა და სასამართლო სხდომის თავმჯდომარის, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

დ) იცავს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობებს;

ე) ამოწმებს სასამართლო პროცესის დაწყებისათვის სასამართლო სხდომის დარბაზის მზადყოფნას, მოსამართლის მითითებით უზრუნველყოფს სასამართლო სხდომის დარბაზში სისხლის სამართლის საქმისა და ნივთიერი მტკიცებულებების გადატანას და დაცვას;

ვ) აღკვეთს სასამართლოში, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამართალდარღვევას, ავლენს სამართალდამრღვევს, აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს ამის თაობაზე დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სასამართლოს მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უფლება აქვს:

ა) გამოიყენოს ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს პოლიციას.

    მუხლი 62. სასამართლოს მანდატურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შემთხვევები და წესი

1. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.

2. სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;

ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე და სასამართლოში მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;

გ) მისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.

3. სასამართლოს მანდატური უფლებამოსილია, იარაღი გამოიყენოს შემდეგ შემთხვევებში:

ა) შეიარაღებული თავდასხმის მოგერიებისას ან მისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

ბ) მოსამართლეზე, სასამართლო პროცესის მონაწილეზე, მოწმეზე ანდა სასამართლოში მყოფ პირზე შეიარაღებული თავდასხმისას.

4. სასამართლოს მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების დროს:

ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო იმისათვის, რომ შეასრულოს მისი მოთხოვნები, იმ შემთხვევის გარდა, როცა დაყოვნება გამოიწვევს სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნას ან სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;

ბ) ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და იარაღი გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;

გ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით შეატყობინოს ეს სასამართლოს თავმჯდომარეს (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს);

დ) ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

5. აკრძალულია ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. მათ მიმართ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მათ მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას ან შეიარაღებული თავდასხმისას.

 

თავი XI. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

    მუხლი 63. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია შედგება უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისაგან.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია იცავს და განამტკიცებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხელს უწყობს სასამართლოებისადმი ხალხის ნდობისა და რწმენის განმტკიცებას, მოსამართლეთა ავტორიტეტის ამაღლებას.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიას და რეგლამენტს, რომლებიც განსაზღვრავს მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

    მუხლი 64. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში, ამ კანონის 63-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, იქმნება ადმინისტრაციული კომიტეტი.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი შედგება 9 წევრისაგან. ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე; აქტები დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.

3. ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას და კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. 

    მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია:

ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს:

ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს;

ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს;

ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს;

ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს;

გ) ისმენს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ;

დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს იმ 3 მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც, ამ კანონის 47-ე მუხლის  მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი არიან, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს კანდიდატებს დანარჩენი 5 მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომლებიც უფლებამოსილი არ არიან, შეითავსონ რომელიმე ასეთი თანამდებობა. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის, სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობა, წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ იმ 3 წევრის თანამდებობაზე, რომლებსაც უფლება აქვთ, შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, წევრად არჩევის მსურველთა რაოდენობა სამზე ნაკლებია, ან კენჭისყრის შედეგად სამზე ნაკლებმა წევრმა დააგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, ვაკანტურ ადგილზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.

4. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე მეტმა კანდიდატმა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. 2 ან მეტი კანდიდატის მიერ  თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება მათგან საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა არანაკლებ 1/4-ს.

5. თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას  ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე ნაკლებმა კანდიდატმა, იმ კანდიდატებს, რომელთაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა 1/4-ზე ნაკლები.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.

საქართველოს 2014 წლის  1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ.

    მუხლი 66. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მუშაობის წესი

1. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. რიგგარეშე კონფერენცია მოიწვევა ადმინისტრაციული კომიტეტის ინიციატივით ან საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა 1/5-ის წერილობითი მოთხოვნით. რიგგარეშე კონფერენციის მოწვევა სავალდებულოა, როდესაც კანონის შესაბამისად არჩეული უნდა იქნეს (იქნენ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი (წევრები), საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრი (წევრები), ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი (წევრები). საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომის დღის წესრიგი ქვეყნდება უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, სხდომამდე არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

2. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომა ღიაა. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ნახევარზე მეტი. ამ კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

3. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ამ კანონით განსაზღვრული მისი სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება კონფერენციის რეგლამენტითა და აღნიშნული სტრუქტურული დანაყოფების დებულებებით.

საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №5 80 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ.

 

თავი XII . საერთო სასამართლოების დაფინანსება . მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

მუხლი 67. საერთო სასამართლოების დაფინანსება

1. საერთო სასამართლოების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისა (გარდა უზენაესი სასამართლოსი) და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წინადადებების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მოსაზრებები საერთო სასამართლოებისა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დაფინანსების ნაწილის პროექტის თაობაზე. უზენაესი სასამართლოს ორგანიზებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.

3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19 . 04 .201 2 წ.

    მუხლი 68. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა

1. მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით.

2. სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მას ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობები, დაიცვას მოსამართლისა და მისი ოჯახის უსაფრთხოება. თუ მოსამართლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მისი განცხადების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მოსამართლისა და მისი ოჯახის წევრების დაცვას.

3. მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად თვითმმართველ ქალაქში (მუნიციპალიტეტში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, სახელმწიფო უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართობით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს. გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეთა საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 

4. სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხული მოსამართლე ქვეყანაში გამოცხადებული მობილიზაციის ან ომის დროს, აგრეთვე სამხედრო შეკრებაზე გაწვევას არ ექვემდებარება.

5. მოსამართლედ გამწესება არ იწვევს პირის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრობის შეწყვეტას. პირი, რომელიც გამწესდა მოსამართლედ, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.

6. მოსამართლე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით.

7. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის , მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის , უზენაესი სასამართლოს წევრის , სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის , რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისა და საერთო სასამართლოს მოსამართლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სახელმწიფო ხელისუფლების შტოთა დადგენილი ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით .

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3523 - სსმ I,  №46, 04.08.2010წ., მუხ.286

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი № 4461 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 69. მოსამართლის შრომის ანაზღაურება

1. მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და დანამატისგან.

2. მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და მატერიალური შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დაუშვებელია მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

3. მოსამართლის (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) თანამდებობრივ სარგოზე დანამატს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

4. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატის ოდენობას განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

    მუხლი 70. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესი

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეს (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა), რომელიც მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

    მუხლი 71. დახმარება მოსამართლის დაღუპვის, დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად აღიარების შემთხვევაში

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას, მოსამართლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 25 000 ლარის ოდენობით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, რაც უკავშირდება მისი სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას, მოსამართლეს სხეულის დაზიანებისას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვაგვარი გაუარესებისას, რის შედეგადაც იგი აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირად, ან დასახიჩრებისას ეძლევა ერთდროული კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით.

3. მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრს (წევრებს) ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

    მუხლი 72. მოსამართლის დაზღვევა

1. მოსამართლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების დაზღვევა ხორციელდება უზენაესი სასამართლოს ბიუჯეტიდან, ხოლო სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეებისა – საერთო სასამართლოების ბიუჯეტიდან.

2. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება უზენაეს სასამართლოსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით ან ვაუჩერის საშუალებით. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეების სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით ან ვაუჩერის საშუალებით.

 

თავი XIII. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი, სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები

    მუხლი 73. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელი

უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელია საქართველოს მართლმსაჯულების სასახლე ქალაქ თბილისში.

    მუხლი 74. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოები და მათი დამტკიცების წესი

1. სასამართლო ხელისუფლების სიმბოლოებია მოსამართლის თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნები, რომლებსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

2. მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

3. მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

საქართველოს 2013 წლის 1 ნოემბრის  ორგანული  კანონი №1489  - ვებგვერდი, 13.11.2013წ.

    მუხლი 75. სასამართლოს ბეჭედი

სასამართლოს ბეჭედზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და სასამართლოს დასახელება.

 

თავი XIV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 76. მოსამართლის სოციალური დაცვა

ამ კანონის 70-ე მუხლი გავრცელდეს 1999 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

    მუხლი 77. მოსამართლის კომპენსაციის გაანგარიშება

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა პირადი განცხადების საფუძველზე 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე და დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით იმ ვადით, რა ვადითაც მას უნდა განეხორციელებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, უნარჩუნდება ეს კომპენსაცია ხელფასის სრული ოდენობით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ კომპენსაცია გაიანგარიშება ამ კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

2. მოსამართლეს (გარდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით, თუ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის:

ა) 46-ე–49-ე მუხლებისა და 85-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე;

ბ) საფუძველზე გაიარა სავალდებულო საკვალიფიკაციო ატესტაცია და სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებდა რაიონულ (საქალაქო), საოლქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში იმ ვადის ფარგლებში, რომლითაც იგი დანიშნული იყო რაიონის (ქალაქის), თბილისის საქალაქო, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოში;

გ) 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“, „ო“ ან „ჟ“ ქვეპუნქტის, ასევე 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;

დ) 852 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 1999 წლის 15 მაისიდან გაუგრძელდა უფლებამოსილება.

    მუხლი 78. საზედამხედველო საჩივრების განხილვა

საქართველოს საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებზე 1999 წლის 15 მაისამდე წარდგენილ საზედამხედველო საჩივრებს, რომლებზედაც საზედამხედველო წარმოება დამთავრებული არ არის, აგრეთვე საზედამხედველო პროტესტებს და საზედამხედველო პალატის შუამდგომლობებს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა. განსაკუთრებით რთული საქმეები და ის საქმეები, რომლებიც განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და პრეზიდიუმის მიერ, განიხილება სამოქალაქო საქმეთა პალატის იმ წევრთა სრული შემადგენლობით, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ საქმის განხილვაში. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატაში საქმეთა განხილვაში მონაწილეებზე.

     მუხლი 79. საერთო სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს საერთო სასამართლოს მოსამართლ ისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლისათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის დადგენა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის 1 ქვეპუნქტისა და 68-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი № 3523 - სსმ I,  № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის ორგანული კანონი № 4461 - ვებგვერდი, 01.04.2011წ.

    მუხლი 79 1 . სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის შემოსაღებად გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა და საერთო სასამართლოების აპარატების სტრუქტურაში სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის გათვალისწინება.

2. სასამართლოს მენეჯერის თანამდებობის შემოღებამდე სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელობას ახორციელებს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარე.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი № 3523 - სსმ I,  № 46 , 04 .0 8 .20 10 წ., მუხ. 286

    მუხლი 792 . სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა მოხელის შერჩევის ახალი წესის ამოქმედებამდე

1. ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს აპარატის მოხელის შერჩევის წესის შესაბამისად ანაზღაურებადი სტაჟიორების დანიშვნამდე სასამართლოს აპარატის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. მოსამართლის თანაშემწედ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და, როგორც წესი, გავლილი აქვს სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვს მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად, ადვოკატად ან სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ანდა ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.

3. სასამართლო სხდომის მდივანი ინიშნება იმ პირთაგან, რომლებსაც, როგორც წესი, გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ან აქვთ სასამართლო სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება .

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 793 . საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები

1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს მთავრობამ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის;

) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ათვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზრუნველყოს:

ა) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცება;

ბ) საერთო სასამართლოების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №552 9 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

 

თავი XV. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 80. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ 1997 წლის 13 ივნისის საქართველოს ორგანული კანონი (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75);

ბ) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ 1999 წლის 12 მაისის საქართველოს ორგანული კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62);

გ) „საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 37);

დ) „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ. 146).

საქართველოს პრეზიდენტი                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

2257–IIს

 
36. 20/09/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5006-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 35. 18/09/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4963-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 34. 01/05/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4526-IIს - ვებგვერდი, 02/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 33. 14/12/2018 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/2/767,1272 - ვებგვერდი, 20/12/2018 32. 06/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3903-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 31. 30/11/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3796-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 30. 31/10/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3623-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 29. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3262-რს - ვებგვერდი, 10/08/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 04/05/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2267-IIს - ვებგვერდი, 21/05/2018 27. 20/04/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2194-IIს - ვებგვერდი, 26/04/2018 26. 07/03/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2034-IIს - ვებგვერდი, 29/03/2018 25. 16/06/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1052-IIს - ვებგვერდი, 27/06/2017 24. 16/06/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1050-IIს - ვებგვერდი, 22/06/2017 23. 15/02/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/1/659 - ვებგვერდი, 21/02/2017 22. 08/02/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 255-IIს - ვებგვერდი, 13/02/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 21/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 169-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 20. 27/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4389-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 19. 12/06/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3696-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 18. 20/03/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3397-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 17. 12/12/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2943-Iს - ვებგვერდი, 24/12/2014 16. 30/10/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2726-Iს - ვებგვერდი, 06/11/2014 15. 01/08/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2647-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 01/08/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2651-რს - ვებგვერდი, 12/08/2014 13. 13/12/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1789-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 12. 01/11/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1489-Iს - ვებგვერდი, 13/11/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 01/05/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 580-IIს - ვებგვერდი, 20/05/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 06/03/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 260-IIს - ვებგვერდი, 20/03/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 28/12/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 192-რს - ვებგვერდი, 30/12/2012 8. 26/04/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6092-Iს - ვებგვერდი, 10/05/2012 7. 27/03/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 5920-Iს - ვებგვერდი, 19/04/2012 6. 20/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5529-რს - ვებგვერდი, 111228087, 28/12/2011 5. 24/06/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4952-რს - ვებგვერდი, 110706017, 06/07/2011 4. 22/03/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4461-Iს - ვებგვერდი, 110401015, 01/04/2011 3. 10/12/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3959-IIს - სსმ, 73, 23/12/2010 2. 24/09/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3620 - სსმ, 52, 30/09/2010 1. 21/07/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3523 - სსმ, 46, 04/08/2010
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.